ნაწარმოებები


კონკურსი- “ლექსების გამოფენა/ასი სიტყვა“. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: განთიადელი
ჟანრი: პოეზია
14 იანვარი, 2018


დედას (7 წლის შემდეგ)

წარმართების მაღალ ქურუმს ჰგავდი,
ხელთ კვერთხივით გეპყრა შობის კვერი.
შორს მივლიდა ტკივილი და დარდი,
როცა უტკბეს მელოდიად ჟღერდა:
თან წაყვესო სატკივარი ამის
მაღლით ქარებს, წყლის დინებას დაღმით.
და ღმერთივით ედებოდა ზეცას
სამგზის თქული ამ სიყტვების მადლი.

დრომ წაიღო უზრუნველი ყოფა,
უ-შენ-კვეროდ ფერი მისდის შობას.

        ***
როცა აქ იყავ
მხოლოდ ორი კაბა გებადა:
ლხინის - ფრადი, თალხი - ჭირისა.
ახლა ღარიბი აღარა ხარ,
რადგანაც გხურავს სეზონურად გარდამავალი
და ფერთა გამით უმდიდრესი
მიწის საბანი.

        ***
დრო უშენობის კურნავს იარას,
გაიშვიათდი.
როცა მოდიხარ
შენი სახე სიზმრეთში მზეობს.
ვხვდები, ირღვევა ამ სამყაროს
რაღაც კანონი,
რადგან ერთად ვართ ჩვენს ეზოში
მე - ცოცხალი. შენ - გარდაცვ;ლილი.
უხილავ ტბად დგას სითბო შენი,
მე დავლივლივებ.
ვფიქრობ: ჯანდაბას ყველა კანონი!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები