ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კეპლერ 452ბ
ჟანრი: პროზა
4 თებერვალი, 2018


* * *

როგორი მძიმეა მოხუცი სხეული, ყოველი სახსარის ხმა რომ გესმის ყურში და სხვის ხმებს კი ვეღარ არჩევ, ადამიანების ყვირილს უყურებ და ხვდები რა არარაობანი არიან, უკვე შენი სიყრუე ყელში რომ ამოსვლიათ და შეიძლება, ერთხელ მაინც შენც გიფიქრია ასე, მოხუცისთვის ხმამაღალი საუბრის დროს და როგორ გაწვება სულზე, სხეულზე ლოდებად! გნახულობენ ვალდებულების გამო ადამიანები, ნაცნობები, უცნობები და გიყურებენ, როგორც ზედმეტ ბარგს, რომელიც მალე დაასვენებთ! შენ იცი, რომ სიკვდილის პირას მყოფი, უძლური ადამიანის დაღარულ სახეზე, მის ცხოვრებას ვეღარ წაიკითხავენ. თითქოს უფრო მსუბუქი, უფრო გამოცდილი, უფრო ამაღლებული, ფრთებშესხმული ხარ, მაგრამ ქათამივით ფრენას მოკლებული, რადგან ძალა აღარ შეგწევს იცხოვრო და არსებობ, ყველას უბადრუკი ჰგონიხარ და მარტო შენ იცი, რომ არ ყოფილხარ ამაზე მცოდნე და ცინიკური არასდროს და რომ არ იცოდი რა იყო ადამიანის საცოდაობა.

ეს სიბერე არ ყოფილა, ეს ახალგაზრდობა იყო, გონებას მოკლებული და შეცდომებით გადაჭედილი, როგორც ვარსკვლავებით მოჭედილი ცა... მე გამოვტოვე, დრო… დრო შეყვარების, დრო თავდაკარგვის, დრო შეღამების. გამოვტოვე ახალგზარდობა, სიჭაბუკე, ხანში შეულობაც. ჩვენ გამოვტოვეთ ერთად ყოფნა, სიახლოვე, გამოთხოვება.
სიკვდილი სხეულზე მომეხვია, ყელში მიჭერს და სუნთქვის მოკრეფა უფრო და უფრო რთულდება. ამბობენ სიკვდილის წინ ელვასავით ჩაგივლის მთელი ცხოვრებაო, მაგრამ, რაც უფრო ხანგრძლივია ყელზე შემოხვეული სიკვდილის თმენა, მით უფრო დიდხანს დავდივარ ჩემს მოგონებებში, რამდენჯერმე გავივლი ერთიდაიმავე ადგილს და უფრო მეტად და მეტად მაწვება გულზე დარდი, არგანხორციელებული მოვლენები და ხელიდან გამოგლეჯილი მოგონებები.

ეს ცხოვრების რიტმი აღარაა, ეს ვიღაცის ცხოვრებაც აღარაა, ეს არავის სხეული, არავისი, რადგან მე ასეთს ვერ ვიხსენებ საკუთარ თავს და მოგონებები, რომლებიც მაცოცხლებენ, თავისი სიბრიყვეებით, თეთრი და შავი კლავიშებით და სურნელით, შენი დამათრობელი სურნელით მიმოფანტული სიზმრებით!.. მასაზრდოებს...

მე ვიცი, რომ შეიძლება იყოთ ერთ სხეულში ორნი და შეიძლება ოყო უსხეულო მეგზური ამქვეყნიურობისა. იყურები უკან, რადგან წინ გახედვა ყოველთვის საშიში იყო სიკვდილის შიშის გამო და ნებისმიერი მხდალი შეცდომა გჭამს, შიგნიდან გფატრავს, როგორც ლეშს ჭია, ნელნელა და მთელი მონდომებით და მერე დიდი ძალისხმევა გჭირდება მოიკრიბო, რომ თავი დააღწიო უსუსურობას და სიზმარს უხმო, შთააგონო იმ აზრებით რაც უფრო მეტად მოგწონს, რასაც უფრო მეტად ინატრებდი, ან რაც უბრალოდ არ მოხდა.
მე არ ვარ მკვდარი, მე არ ვარ ლეში და არც თქვენი სხეული მჭირდება! მე ისტორია ვარ და ნუ, ნუ გგონია თავს ვიწონებდე... მაგრამ, ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს და... ამ დროს, ჩვენ ყველანი ისტორიები ვართ, ნებისმიერ ასაკში... ჩვენ ვარსებობთ და შეცდომებს ვატარებთ სიბერემდე, თანამგზავრად!

იმდენი ფიქრია, სუნთქვა ჭირს, სუნთქვა…  ეს ფიქრები ბუნებრივი აირივით ზემოთ არ ისწრაფიან, ეს ფიქრები მარტოსული და მძიმეა, ცხოვრება მხოლოდ ლოდის ტარებაა და ამ ლოდის ტარებისათვის დასჯა. ვუხმობ სიზმრებს და... ფეხქვეშ ფიჭვის დატეხვის ხმა მესმის ნაბიჯების დროს, არ ვიცი მოგონებაა თუ მიმასვენებენ უკვე…
მე გხედავ შენ იქ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები