ფორუმი


ურაკპარაკის ფორუმი >> კონკურსები >> "ლიტბუნიობის" რიგით მეოთხე კონკურსი პროზაში

1 2 3 4
ავტორი შეტყობინება

ნ-ი-კ-ი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 14 დეკემბერი, 2012 12:36:03
"ლიტბუნიობის" რიგით მეოთხე კონკურსი


ლიტერატურული საიტი "ურაკპარაკი" სავაჭრო კომპლექს "კიდობანი"-ს თანადგომით აწყობს ლიტერატურულ კონკურსს პროზაში

კონკურსის ფინალური ეტაპი ემთხვევა გაზაფხულის ბუნიობას და  ჩატარდება 2013 წლის 20 მარტს.
კონკურსში გამარჯვებული აირჩევა საკონკურსოდ წარდგენილი ნაწარმოებებიდან, რომლებიც არ ყოფილა გამოქვეყნებული რაიმე ფორმით (ინტერნეტ სივრცეში ან ბეჭდური სახით).

საკონკურსო პრემიების ოდენობა:
ერთი პირველი პრემია – 2400 ლარი ( 1200 ლარი წინა კონკურსიდა გადმოსული )
ერთი მეორე პრემია      – 800 ლარი
ორი მესამე პრემია        – 500 ლარი თითოეულს

საკონკურსოდ ნაწარმოებები მიიღება  2013 წლის 15 თებერვლის ჩათვლით მხოლოდ ელექტრონული სახით ელ–ფოსტაზე:  urakparaki@gmail.com 

კონკურსზე ნაწარმოების გამოგზავნა ნიშნავს, რომ თქვენ გაეცანით და ეთანხმებით კონკურსის წესებს.


კონკურსის მიმდინარეობა და წესები:

კონკურსი იყოფა ეტაპებად:

I –  კონკურსის ორგანიზატორების მიერ შემოსული ნაწარმოებები  გადაირჩევა ჟიურისთვის გადასაცემად.
II – 2013 წლის 15 თებერვალს გამოცხადდება კონკურსის ჟიურის ვინაობა, რომელიც
        გადარჩეული ნაწარმოებებიდან ამოარჩევს 7 საუკეთესო ნაწარმოებს.
        კონკურსის ჟიური შედგება 5 წევრისგან.
III – 7 საუკეთესო ნაწარმოებიდან გამოვლინდება გამარჯვებულები
IV – გამოცხადდება კონკურსის შედეგები  და დაჯილდოვდებიან ლაურეატები

კონკურსის წესები და მოთხოვნები:

კონკურსის მონაწილეები საკონკურსოდ გამოყოფილ ელექტრონულ ფოსტაზე  აგზავნიან გამოუქვეყნებელ საკონკურსო ნაწარმოებს, მონაწილის გვარ-სახელს ( ან ფსევდონიმს ) და საკონტაქტო ინფორმაციას.
თითოეული მონაწილისგან მიიღება ერთი ნაწარმოები.

ნაწარმოებების თემატიკა არ არის შეზღუდული

ნაწარმოების მიღების დადასტურება ავტორს გაეგზავნება ელექტრონულ ფოსტაზე.
მიღების დადასტურების გარეშე ითვლება, რომ ნაწარმოები არ არის კონკურსზე შემოსული. ასეთ შემთხვევაში გთხოვთ დააზუსტოთ იმავე მაილზე, ან ურაკპარაკის ადმინისტრაციასთან.
საიტზე  urakparaki.com. მენიუში აირჩიეთ პუნქტი "მოგვწერეთ" და წერილში მიუთითეთ თქვენი ელ ფოსტა, სახელი( ფსევდონიმი ) და საკონტაქტო ნომერი.

ნაწარმოები მიიღება მხოლოდ ელექტრონული სახით, მხოლოდ word –ის ფაილით, იუნიკოდში ან აკადნუსხურში ჩაწერილი.
ნაწარმოების ზომები შეზღუდულია  5 000 ასონიშნიდან 40 000 ასონიშნამდე ( მიახლოებით 3 გვერდიდან 20 გვერდამდე )

თუ კონკურსის მიმდინარეობისას, ან მისი დამთავრების შემდეგ აღმოჩნდება, რომ საკონკურსოდ გამოგზავნილი ნაწარმოები კონკურსამდე, ან კონკურსის მიმდინარეობისას სადმე, რაიმე სახით იყო გამოქვეყნებული,
ავტორი 2 წლით დაკარგავს კონკურსში მონაწილეობის უფლებას.
თუ მსგავსი ფაქტი აღმოჩნდა ჟიურის საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, ნაწარმოები მოიხსნება კონკურსიდან.
კონკურსის ორგანიზატორები უფლებას იტოვებენ საიტზე გამოქვეყნდეს ასეთი ნაწარმოების ავტორი, წესის დარღვევის ფაქტის მითითებით.

ნებისმიერ ეტაპზე კონკურსში მონაწილე ნაწარმოებების ავტორები უცნობია ყველასთვის, გარდა კონკურსის ორგანიზატორისა.

16 თებერვლის ჩათვლით, კონკურსის ნებისმიერ მონაწილეს შეუძლია უკან გაითხოვოს თავისი ნაწარმოები.
ასეთ შემთხვევაში ნაწარმოები არ მიიღებს კონკურსში მონაწილეობას და არ გამოქვეყნდება.

გამარჯვებული ნაწარმოებები გამოქვეყნდება ლიტერატურულ ჟურნალ "ლიტერატურული პალიტრის" მაისისა და ივნისის ნომრებში.
კონკურსის ორგანიზატორებთან შეთანხმების გარეშე ავტორს ეკრძალება გამარჯვებული ნაწარმოებების გამოქვეყნება სხვა ბეჭდურ გამოცემებში კონკურსის დასრულებიდან 3 თვის განმავლობაში.
კონკურსის დასრულების შემდეგ:
ა) ავტორების წერილობით ( ელექტრონულ ფოსტაზე ) დადასტურებული სურვილის შემთხვევაში,  ერთად გამოქვეყნდება ყველა ის ნაწარმოები, რომელმაც მიიღო ჟიურის შეფასებები.
ბ) ავტორების წერილობითი ( ელექტრონულ ფოსტაზე ) მოთხოვნის შემთხვევაში, გამოქვეყნდება ნაწარმოები, რომელიც კონკურსიდან მოიხსნა ავტორის სურვილით, ან ვერ გადავიდა რომელიმე ეტაპზე.
გ) ფინალურ შვიდეულში გასული ნაწერები აუცილებლად გამოქვეყნდება ურაკპარაკის ფორუმზე.


კონკურსის დასრულების შემდეგ, მეტი გამჭვირვალეობის მიზნით, გამოქვეყნდება ჟიურის ყველა წევრის ყველა შეფასება, ჟიურის წევრთა სახელების მითითების გარეშე.
თუკი ჟიურის რომელიმე წევრი ვერ აღმოაჩენს თავისი შეფასების იდენტური შეფასებების ჩამონათვალს, ამის შესახებ მან საჯაროდ უნდა განაცხადოს კონკურსის გამომცხადებელ საიტზე შესაბამის თემაში.

ნაწარმოებების შეფასება ხდება 10 ქულიანი სისტემით.

ჟიურის თითოეული წევრი დამოუკიდებელია თავის არჩევანში.
დასაშვებია ჟიურის წევრის შეფასების კორექტირება შემდეგ შემთხვევაში:
თუკი ჟიურის რომელიმე წევრის შეფასება სხვა ოთხი წევრის შეფასების საშუალო ქულისგან განსხვავდება 5 ან მეტი ერთეულით.
დაბალი შეფასების შემთხვევაში ამ წევრის შეფასებად მიიღება სხვა 4 წევრის შეფასებებიდან ყველაზე დაბალ შეფასებას გამოკლებული ერთი ქულა
ხოლო მაღალი შეფასების შემთხვევაში ამ წევრის შეფასებად მიიღება სხვა 4 წევრის შეფასებებიდან ყველაზე მაღალ შეფასებას დამატებული ერთი ქულა

გამარჯვებული ნაწარმოების გამოვლენის კრიტერიუმები:
1) მეორე ეტაპზე გადარჩეული ჯამურად უმაღლესქულიანი ნაწარმოებებიდან ჟიური 10 ბალიანი შეფასების სისტემით შეარჩევს 7 უმაღლესქულიან ნაწარმოებს.
    ჯამურად ერთნაირი ქულების აღმოჩენის შემთხვევაში, ნებისმიერ ეტაპზე, გარდა პირველი ადგილის გამოვლენისა, უპირატესობა ენიჭება ჯამის შემადგენელ ქულებში მაღალი    ქულების რაოდენობას.ერთნაირი ქულების არსებობისას გათვალისწინებული იქნება წინა ტურის შედეგები .
2) მესამე ეტაპზე 7 საუკეთესო ნაწარმოებიდან გამარჯვებულთა გამოსავლენად ჟიურის თითოეულ წევრს უფლება ეძლევა დაწეროს:
    ერთი 10 ქულა, სამი 9 ქულა და ოთხი 8 ქულა. 7 და უფრო დაბალი ქულები - რაოდენობის შეუზღუდავად.

3) პირველ ადგილზე გასული ნაწარმოები უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:
    უნდა ქონდეს მიღებული მინიმუმ ორი 10 ქულიანი შეფასება და საბოლოო ჯამური ქულა არ იყოს 46-ზე ნაკლები.
4) იმ შემთხვევაში, თუ პირველი ადგილის კანდიდატი გახდა ორი თანაბარ ქულიანი ნაწარმოები, პირველი ადგილი დადგინდება ჟიურის მიერ ამ ორი ნაწარმოებისათვის კენჭისყრის    გზით.
5) თუ ვერცერთი ნაწარმოები ვერ დააკმაყოფილებს პირველი ადგილის კრიტერიუმებს, პრემია არ გაიცემა და საპრიზო ფონდი დაემატება “ლიტბუნიობის” მომდევნო პროზის კონკურსის პირველი ადგილის საპრიზო ფონდს.

6) მეორე ადგილზე ნაწარმოებები გადის ჯამური ქულების მაქსიმალური რაოდენობით. ამასთან, მეორე ადგილზე გასასვლელად, ნაწარმოებს გადასალახი აქვს მინიმუმ 35 ქულიანი ბარიერი (ქულათა ნებისმიერი კომბინაციით).
7) იმ შემთხვევაში, თუ მეორე ადგილის კრიტერიუმი ვერ დააკმაყოფილა ვერცერთმა ან მხოლოდ ერთმა ნაწარმოებმა ,
    გაუცემელი საპრიზო ფონდი დაემატება “ლიტბუნიობის” მომდევნო პოეზიის კონკურსის პირველი და მეორე ადგილების საპრიზო ფონდს.

8) მესამე პრემია მიენიჭებათ შეზღუდვების გარეშე ჯამური ქულების მიხედვით.

ნ-ი-კ-ი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 14 დეკემბერი, 2012 12:37:14
შეცდომა გასწორდა
პირველი პრემია არის 2400 ლარი და არა 1200 როგორც მანამდე ეწერა.

გისურვებთ წარმატებებს

ნ-ი-კ-ი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 16 თებერვალი, 2013 00:34:44
"ლიტბუნიობის" რიგით მე-4  კონკურსის ჟიური 
( სიის რიგითობა მოცემულია მათგან მიღებული თანხმობის რიგითობის მიხედვით )


ბატონი რამაზ იოსელიანი 

ბატონი გურამ დოჩანაშვილი

ქალბატონი მანანა კვაჭანტირაძე

ქალბატონი ნინო თარხნიშვილი

ბატონი თამაზ ვასაძე

ნ-ი-კ-ი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 21 თებერვალი, 2013 00:42:29
გარდა გაცხადებული პრიზებისა, კონკურსზე გაიცემა დამატებითი პრიზები

ქალბატონმა ნინო დარბაისელმა დააწესა პრიზი
ფინალში გასული ნაწარმოებიდან ერთერთს გადაეცემა ლიტერატურის მუზეუმის მიერ, 2012 წელს გამოცემული, გრიგოლ  რობაქიძის თხზულებათა სრული უზარმაზარი  ხუთტომეული:
პოეზია, პროზა, დრამატურგია, , ესეისტიკა, პუბლიცისტიკა, ეპისტოლური მემკვიდრეობა...   

შესანიშნავი პრიზია ლიტერატურის მოყვარულთათვის





ნ-ი-კ-ი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 21 თებერვალი, 2013 00:51:57
კიდევ ერთი პრიზი
ასევე შესანიშნავი

დაწესებულია ბატონ მიშა რატიანის მიერ

სავაჭრო კომპლექს "ქარვასლის" პავილიონ "პიაცა იტალია"-ში, საკუთარი სურვილით შერჩეული 200 ლარის ღირებულების საქონელი
გადაეცემა მე-2 ადგილზე გასული ნაწარმოების ავტორს


ნ-ი-კ-ი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 21 თებერვალი, 2013 00:54:24
იმედია პრიზების რაოდენობა გაიზრდება და გამრავალფეროვნდება
პრიზის დაწესების მსურველებმა მოიწერეთ საკონკურსო ელექტრონულ ფოსტაზე  urakparaki@gmail.com


ნ-ი-კ-ი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 21 თებერვალი, 2013 01:03:26




ნ-ი-კ-ი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 13 მარტი, 2013 02:14:59
საინტერესო ინფორმაცია ალმანახ "კრიტიკის" რედაქციისგან:


ლიტერატურულ-ანალიტიკურ ალმანახ "კრიტიკის 2013 წლის N8-ში მკითხველი გაეცნობა
ჟიურის წევრთა მოსაზრებებს 2013 წლის ლიტერატურულ კონკურს "ლიტბუნიობაში" წარმოდგენილ ნაწარმოებებზე.

                                                                                                                    ალმანახ "კრიტიკის" რედაქცია

ნ-ი-კ-ი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 13 მარტი, 2013 02:15:23
გარდა ამისა, გამარჯვებული ნაწარმოებები  ( თანაც ალბათ ფინალურ ეტაპზე გადასული ყველა  ) გამოქვეყნდება  ლიტერატურულ ჟურნალ "ლიტერატურული პალიტრის" მაისისა და ივნისის ნომრებში

ნ-ი-კ-ი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 18 მარტი, 2013 06:36:59
მოთხრობების ავტორებს და აგრეთვე მათ მეგობრებს. ან სხვა პიროვნებებს, რომელთათვისაც ცნობილია ავტორის ვინაობა
გთხოვთ თავი შეიკავოთ მათი დასახელებისგან, რათა ეს არ გახდეს მოთხრობის კონკურსიდან მოხსნის მიზეზი

ნ-ი-კ-ი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 18 მარტი, 2013 06:38:58
პატარა  დიდი კაცი                                       #01
ნამდვილი ამბავი



          კვირა დილა იყო.იანვრის თბილი,სასიამოვნო დილა.მიუხედავად დასვენების დღისა მაინც სამსახურში ვიყავი და ოპერატორი გოგონას არყოფნის გამო ტელეფონთან ვმორიგეობდი. ლიმონიანი ჩაი გავიმზადე, სავარძელში მოვკალათდი და ტელევიზორის ყურებას შევუდექი. ეხლა მაინც დავისვენებ-თქო გავიფიქრე.
        როგორც კი პირველი ყლუპი მოვსვი ტელეფონმაც დარეკა.
-გისმენთ, - ვპასუხობ უდარდელად.
-ექსპრეს ფოსტაა? - მეკითხებიან რუსულად.
-დიახ, ექსპრეს ფოსტაა, - ვპასუხობ ქართულად.
- რატომ არ ჩაბარდა წერილი № ... - მეკითხება უკმეხი ქალის ხმა რუსულად.
- მისამართს თუ მეტყვით უკეთესია, - ვპასუხობ ქართულად, რამეთუ ადგილობრივი მგონია ზარი.
- გეკითხებით მე თქვენ და მიპასუხეთ რუსულად, მიტევს ქალი იმპერიალისტურად.
- მისამართი მითხარით, - ცოცხალი თავით არ გადავდივარ რუსულზე.
- ოხ,ეს დებილი ერი, არაფრით არ სწორდებაო, მომაძახა ქალმა და ყურმილი დამიგდო.
ჩაის სმის ხალისი დავკარგე. უაზროდ მივჩერებოდი ტელევიზორს. არ მახსოვს რა დრო გავიდა ტელეფონმა კვლავ რომ დარეკა.
-გისმენთ, ვპასუხობ კვლავ ქართუალად.
-მოგესალმებით მოსკოვიდან ,,ექსპრეს ფოსტის“ განყოფილების უფროსი, გაისმა ყურმილში ახლა უკვე მამაკაცის იგივე ცივი ხმა.
-ძალიან კარგი, გისმენთ ბატონო, - გადავდივარ მეც რუსულზე.
-რა კარგია რუსული რომ გცოდნიათ,ჩვენ კი გვეგონა,რომ თბილისში უკვე ყველამ დაივიწყეთ მეორე მშობლიური ენა.
-მადლობა თქვენს მთავროაბს ბრძნული პოლიტიკის გამო, ეგ ერთი და მეორეც როცა ზრდილობიანად გვექცევიან ჩვენ კიდევ ბევრი რამ ვიცით და გვეხერხება. ხომ არ დაგავიწყდათ,რომ  70 წლის  მანძილზე აქაც და მანდაც ქართველი იყო მასპინძელი. -ჟაკანი ტყვიასავით დავახალე თავხედ უცხოელს.
-ჩვენ გვაინტერესებს,რატომ არ ჩაბარდა წერილი № ... ისევ თავისას უებრავს რუსი.
-ნომერი არ მინდა, იქნებ მისამართი მითხრათ,უფრო სრაფად მოვალ აზრზე.
-სოხუმის წერილზე გეკითხებით.
-ააა, სოხუმის წერილი, ეგ ხომ ჩემს წინ მაგიდაზე დევს,შევძახე გახარებულმა.
-მანდ რა უნდა, რატომ აქამდე არ ჩაბარდა?
-და როგორ უნდა ჩაბარებულიყო თქვენი აზრით, - აღმომხდა გაკვირვებულს.
-რას ქვია როგორ,როგორც სხვა წერილებს აბარებთ ისე,- ხმას უწევს რუსი.
-აფხაზეთი თქვენ წაგვართვით,შიგ ჯარები ჩააყენეთ და ეხლა წერილის ჩაბარებასა გვთხოვთ. მოკლედ აქ ომია,ომში კი ისვრიან და ფოსტა ვერ მოძრაობს.
        ბოლო სიტყვის დამთავრება ძლივს მოვასწარი,რომ ყურმილში წყვეტილი ზუმერის ხმა გაისმა. ფუი შენი, ესენი ნასვამები არიან,- გავიფიქრე ჩემთვის და ყურმილი განერვიულებულმა ადგილზე დავდე. რა სიბნელეა ამათ განყოფილებებში თურმე, თავი გადავაქნიე და სავარძლის  საზურგეზე გადავწექი. როგორ იყვნენ ესენი ნახევარი მსოფლიოს მპყრობელები, საოცარია პირდაპირ, წავედი ფიქრებში, თან გაციებულ ჩაის ვწრუპავ.
    როგორც კი ჩაის სმას მოვრჩი კვლავ დარეკა ტელეფონმა. მოსკოვის ფოსტის დირექტორი ჩვენსას ეძებდა.
-დირექტორი ისვენებს,- ვპასუხობ მშვიდად.
-რას ქვია ისვენებს?!
-დიდი ბოდიში თქვენ რომ ვერ გაგენთავისუფლათ,- მივუგე მოსწრებულად.
-ვინ არის მის მაგივრად იმას დაუძახეთ.
-ეხლა აქ უფროსიც მე ვარ და უმცროსიც.
-შენ ვინ ხარ?
-ფოსტალიონი გახლავართ, ყველაზე პატარა კაცი ამ ქალაქში, ყველა კითხვაზე მე გაგცემთ კომპეტენტურ პასუხს.
-ფოსტალიონმა რა პასუხი უნდა გამცეეთ ნეტავ, დამცინავად გადაიხარხარა დირექტორმა.
-და ვითომ ისეთი რა გაქვთ დამთავრებული თავს რომ მამეტებთ.
-ვერ გავიგე
-რომელი უმაღლესი სასწავლებელი  გაქვთ დამთავრებული?
-რა თქვენი საქმეა.
-აი,  მე კი არ დავმალავ და ვიტყვი, რომ პოლიტექნიკური ინსტირუტის მანქანათმშენებლობის  ფაკულტეტი მაქვს დამთავრებული წითელ დიპლომზე, მერე კი ასპირანტურაც მივაყოლე.
-ეგ თუ ყველაფერი სიმართლეა, ფოსტალიონად რაღატომ მუშაობ?!- ეჭვიანი კილოთი მკითხა რუსმა.
-ოჯახს დასჭირდა და იმიტომ, თუმცა ჯობია საქმეზე ვისაუბროთ.
-სოხუმის წერილის ბედი მაინტერესებს, როდის ჩაბარდება ადრესატს. თუ არის საერთოდ შანსი მისი გადაგზავნისა, თვალსა და ხელს შუა შეიცვალა დირექტორი.
-კი, როგორ არა, ერთი შანსი ყოველთვის არის, ხომ იცით,ვპასუხობ რიხიანად.
-აბა, აბა, მოდის ხალისზე დირექტორი.
-ეხლა ჩვენი პარტიზანები დავალებაზე გადიან და ბომბებთან ერთად ამ წერილსაც გავატანთ.
    აქაც წყვეტილი ზუმერის ხმა მომესმა ყურმილში. კიდევ კარგი ამან  მაინც არ შემომაგინა მათთვის პოპულარული სახალხო ენით, ეტყობა ჩემს განათლებასა  სცა პატივი.
    შუადღისთვის უკვე ქართველმა დამირეკა აფხაზეთიდან.
-გისმენთ.
-სოხუმის წერილის თაობაზე გირეკავთ, ბატონო!
-გისმენთ
-მოსკოვს შეეშალა  და ჩვენი წერილი სოჭის ნაცვლად თქვენთან გამოგზავნა.
-სოჭიც ჩვენი იყო ერთ დროს.
-იქნებ არ გაანადგუროთ წერილი და მოგვაწოდოთ რამენაირად, ბიჭები ნარდის ჩემპიონატზე მიდიან და ვიზაჩარტყმული პასპორტებია შიგ.
-დღემდე არც კი ვიცოდი სოხუმში ნარდს თუ თამაშობდნენ, შევიცხადე გაკვირვებულმა. აქამდე მეგონა თქვენ მხოლოდ ფეხბურთის თამაში იცოდით ქართველი ბიჭების მოჭრილი თავებით.
    ჩემს ამ სიტყვებს ხანგრძლივი, უხერხული პაუზა მოყვა. სიჩუმე რომ დამერღვია ტონი შევარბილე.
-თუმცა თქვენს წერილს მაინც არაფერი ემუქრება და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს გზავნილი დროულად მოვიდეს თქვენამდე.
-ვახ, მართლა?! ჯიგარი ხარ, მომესმა აფხაზეთიდან.
-კი,კი, ჩვენ უნდა შევძლოთ და დავივიწყოთ წარსული. ჯობია სუფთა ფურცლიდან დავიწყოთ ყველაფერი.
-დიდი მადლობა, გაიხარე.
    ასე პირზეკოცნით დავშორდით მე და ქართველი აფხაზი ერთმანეთს. რომ მეგონა მეტი ზარი აღარ იქნებოდა, სწორედ, მაშინ დარეკა ტელეფონმა.
-ალო, კვლავ სოხუმის წერილზე გაწუხებთ,-მომესმა ტელეფონში ასე ნანატრი, სასიამოვნო მანდილოსნის ხმა.
-ყურადღებით გისმენთ ქალბატონო.
-არ გაანადგუროთ ეგ წერილი და დროზე გადაგზავნეთ სოხუმში, თორემ მაგ შეცდომის გამო სამსახურიდან მაგდებენ,- დაიწყო ტირილი  ქალმა. იყო დრო ზაფხულობით სულ თქვენთან ვისვენებდი და ზღაპრულ დროსაც ვატარებდი.
-დაწყნარდი დაიკო, დაწყნარდი. რახან მასე სერიოზულადაა საქმე ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს დაწყევლილი გზავნილი დროულად ჩაბარდეს ადრესატს, თუნდაც მხოლოდ იმისთვის, რომ  თქვენ რაიმე უსიამოვნება არ შეგემთხვათ. ერთი თქვენს დირექტორს დამაკავშირეთ.
-რატომ?-დაიბნა ქალი.
-მაინტერესებს, როგორ ბედავს თქვენს განაწყენებას. მე  თქვენ თავს არავის დავაჩაგვრინებ. შემაერთეთ ერთი დირექტორთან, შემაერთეთ.
-კი, მაგრამ თქვენ ვინ ბრძანდებით, მოვიდა ხასიათზე ქალი,-ალბათ დირექტორი ხომ?!
-არა, მე ერთი უბრალო ფოსტალიონი ვარ, ყველაზე პატარა კაცი ამ ქალაქში.
-მერე შეძლებთ თქვენ ჩემს დაცვას?- კვლავ შეეცვალა ქალს ხმა.
-თქვენი გულისთვის მე მზად ვარ თვით ეშმაკსაც კი შევებრძოლო და  დავამარცხო კიდეც.
-კარგით, მაშინ გისურვებთ წარმატებას და ცოტა ხანში დაგირეკავთ. ნახვამდის.
      ორიოდე წუთში მართლაც მოხდა სასწაული და თვით გენერალურმა დირექტორმა დარეკა.
-გარიგებას გთავაზობთ, ბატონო დირექტორო
-რა გარიგებას?
-თუ გინდათ, რო ეს გზავნილი უკვალოდ არ გაქრეს და ორ-სამ დღეში ჩაბარდეს ადრესატს ამ საქმეში დამნაშავე არცერთი პირი არ უნდა დაისაჯოს, უფრო კონკრეტულად, ის ქალაბტონი, რომლის გაგდებასაც აპირებთ, უნდა შეიწყალოთ და პრემიაც კი გამოუწეროთ.
-შენ, ეი, ფოსტალიონო, ნამეტანი თავზე ხომ არ წახვედი, ხომ არ გინდა შენი თავიც გავაგდებინო მანდედან?!
-ჩემი გაგდება რომ მასე ადვილი არ არის
-ვითომ რატომ ფოსტალიონო, როგორ გინდა წერილის გაქრობა, ამიხსენი ერთი.
-თქვენი ტომარა, რომელმაც სოხუმის წერილი მოიტანა გუშინ დილით შემოვიდა და შიგ ყაზახეთის ტომრის ჩამონათვალი იდო. აქედან გამომდინარე  მე თქვენი ტომრიდან ნებისმიერი გზავნილის გაქრობა შემიძლია, ისე რომ ამის შესახებ ვერავინ ვერაფერს ვერც გაიგებს და ვერც დამიმტკიცებს. იმასაც გეტყვით, რომ შაბათ-კვირაობით მარტო ვმუშაობ, რის წყალობითაც მოქმედების სრული თავისუფლება მაქვს. უბრალოდ ვიტყვი, რომ ტომარაში ესა და ეს გზავნილი არ იდო და მორჩა.
-ხოო, ეგ ძალიან ცუდია,-აღმოხდა რუსს მწარედ.
-მაგრამ ამას არ ვიზამ, იმიტომ რომ აფხაზები ჩენი ძმები არიან, იმიტომ რომ პროფესიონალი ვარ და არ მინდა ჩემი ცუდი საქციელის გამო მანდ ჩემი კოლეგები დაისაჯონ და უბრალოდ ამას არ გავაკეთებ,იმიტომ რომ კანონმორჩილი და ღვთისმოშიში კაცი ვარ.
-ჭკვიანი კაცი ყოფილხარ, შვებით ამოისუნთქა დირექტორმა. გეტყობა საქმე გესმის და ღირსეული  მოწინააღმდეგე ხარ, მაგრამ ნამეტანი ბევრს ხომ არ იღებ შენს თავზე, რატომ გავიწყდება, რომ ყველაზე პატარა კაცი ხარ მაგ ქალაქში და ე. ი. მთელ მსოფლიოში.
-თქვენ ალაბთ არ იცით, ბატონო გენერალურო დირექტორო, რომ ყველა დიდი საქმე პატარა კაცის ხელით კეთდება და ფუჭდება კიდეც.
-რა ხართ ეს ქართველები,მოკლედ მაგრები ხართ,- გადაიხარხარა დირექტორმა. აი, ახლა კი ნამდბილად მომხიბლეთ და საბოლოოდ დავრწმუნდი თქვენს განსწავლულობაში. ნებისმიერი დირექტორი ინატრებდა თქვენნაირ თანამშრომელს.
-მე სხვანაირი ინფორმაცია მაქვს ბატონო მაგის თაობაზე. ჩემი დაკვირვებით ჭკვიანი კაცი არავის უნდა, თუმცა მოდით საქმეზე გადავიდეთ.
-კარგი, კარგი ქართველო, თანახმა ვარ. სანამ მე დირექტორი ვარ, მას ვერავინ შეეხება.
-პრემია, ერთი თვის ხელფასის ოდენობით
-რას ამბობ, პრემია რაში?
-მაგ ქალბატონს უყვარს საქართველო და ქართველი,თუნდაც მარტო ამისთვის. თქვენ გიყვართ საქართველო?
-დიახ,მიყვარს.
-მერე ჩვენთვის ერთი თვის ხელფასი არ გემეტებათ?!
-კარგი, ჯანდაბას, ოღონს ეგ წერილი ჩააბარეთ და ორივე თხოვნას შეგისრულებთ.
-დიდი მადლობა.
-იცი ეხლა რაზე ვფიქრობ, - გამიშინაურდა დირექტორი.
-აბა მე რა ვიცი, თქვენსას რას გაიგებს კაცი.
-ყველაზე პატარა კაცი რომ ეგეთი ხარ, წარმომიდგენია ყველაზე დიდი კაცი როგორიღა იქნება.
-აკი გყავდათ ერთი მასეთი მანდ, მთელს მსოფლიოს რომ აზანზარებდა.
-კარგი, მოვილაპარაკეთ, მაგრამ სამი დღე ვითომ დიდი დრო არ არის? ჩვენ სამ დღეში მსოფლიო ნებისმიერ წერტილში ვაბარებთ გზავნილებს.
-ეეე, ჩვენც სამ დღეში ვაბარებთ ამერიკას , მაგრამ თქვენი წყალობით ქართველი ისე დაშორდა აფხაზს, რომ ათეული წლები დაგვჭირდება მათ დასაახლოვებლად, თუკი საერთოდ მოხერხდა ეს.
-ხვალ თქვენს დირექტორს ხომ არ დაველეპარაკო?
-სამი დღის მერე აფხაზეთში დარეკეთ და თუ დავალება შესრულებული არ დაგხვდათ, სადაც გინდათ იქ  დარეკეთ.
-კარგი, გასაგებია, სიტყვა სიტყვაა, ქართველო.
-პრემია არ დაგავიწყდეთ, აბტონო გენერალურო დირექტორო.
-კარგი, კარგი.
    ამდენ ქაქანში მოსაღამოვდა კიდეც. უკვე სახლში წასვლას ვაპირებდი კვლავ ტელეფონმა რომ  დარეკა.
-გისმენთ.
-ისევ მე გაწუხებთ სოხუმიდან,-მესმის იგივე ქართული ხმა, როგორ არის ჩვენი საქმე.
-ორ-სამ დღეში ეს გზავნილი თქვენთან იქნება.
    აქაც თბილი საუბრის შემდეგ დავშორდით ერთმანეთს, უბრალოდ ვთხოვე, როცა მიიღებდა წერილს დაერეკა ჩემთვის და ეცნობებინა, რომ დავწყნარებულიყავი.
    როგორც იქნა სახლში წავედი. რთული, გრძელი და ნერვიული კვირა დღე გამოდგა. არანარი მუშაობა ისე არ მღლიდა, როგორც ეს დაძაბული საუბრები. ყელი და ნერვები ისე მქონდა ჩახლეჩილი თითქოს მთელი დღე მიტინგზე გამოვდიოდი.
    აქვე მინდა  გითხრათ, რომ მომდევნო სამი დღე არანაკლებ რთული და დაძაბული გამოდგა, მაგრამ სიამაყით აღვნიშნავ, რომ მიცემული პირობა პირნათლად შევასრულე. სამი დღის თავზე შუამავალთა მეშვეობით შემატყობინეს, რომ გზავნილი ადრესატს ჩაბარდა.
    მომდევნო კვირა დღეს უკვე ოპერატორი გოგონა უჯდა ტელეფონს, მე კი ჩემს ჩვეულ პოზაში ჩაის ვწრუპავდი ტელეფონამ რომ დარეკა.
-სხვაგან მოხვდით,- ცივად უპასუხა ოპერატორმა და ყურმილი დადო.
-ვინ იყო?-ვიკითხე ჩაფიქრებულმა.
-ვიღაც პატარა კაცი მინდაო,- ალბათ შაყირობენ.
-ეხლა რომ დარეკავს, მე ავიღებ.
    მართლაც ორიოდ წუთში კვლავ დარეკა ტელეფონმა.
-ალოო, ვუპასუხე ხაზგასმული გაპრანჭვით.
-კავკასიელ ჯიგიტს ვესაუბრები?-მომესმა ნაცნობი ხმა.
-დიახ, დიახ, მე გახლავართ,მაგრამ ჯიგიტი თუ  ვიყავი ნამდვილად არ ვიცოდი. აბა როგორ არის საქმეები.
-თქვენი წყალობით დიდებულად.
-ასეთები ვართ ქართველები, ჩვენ აქ შეიძლება ერთმანეთი დავჭამოთ, მაგრამ უცხოელებისთვის თავს გავწირავთ და რაოდენ საწყენია, რომ რუსმა ხალხმა ჩვენი ეს თვისება ვერ შენიშნა და დააფასა.
-ნამდვილად გეთანხმებით. ვინ არ ჩამოდიოდა მოსკოვში,მაგრამ ქართველები მაინც გამორჩეულები იყავით.
-ილაპარაკეთ რა ქალბატონო, რა კარგ რამეებს ამბობთ.
-დიახ და თქვენ თქვენი სქციელით ის ძველი დრო გამახსენეთ. ერთი ხანობა თითქოს მეც დავიჯერე რომ  გადაგვარდაო ქართველი, მაგრამ გენები თურმე დიდებული რამეა. ქართველი ქართველია, რაც არ უნდა დისტანციაზე იყოს იგი.
-პრემია თუ მოგცეს ქალბატონო?- ვკითხე ბოლოს.
კი შემპირდნენ, მაგრამ რაში და რატომ?
-შვილები თუ გყავთ?
-შვილიშვილებიც
-ხოდა ჩემი სახელით კანფეტები უყიდეთ.
-კარგი, კარგი.
-სასმელებიდან რომელი გიყვართ?
-შამპანიური
-იყიდეთ ერთი ბოთლი შამპანიური და მეგობრობის სადღეგრძელო დალიეთ, იმ მეგობრობისა და სიყვარულისა, რომელიც გაუკეთებელს გაგაკეთებინებს. სიძულვილს რომ დაამარცხებს და სიყვარულს გაამარჯვებინებს.
    აი, ასეთი იყო ჩემი მოსკოვთან ასე მოულოდნელი ერთკვირიანი გადაძახილი. დიდის გულისტკივილით მინდა გითხრათ, რომ აფხაზეთიდან არავის დაურეკავს.

P.S.  ეს შემთხვევა ათი წლის წინ მოხდა,რაც მე მაშინვე ფურცელზე გადავიტანე და შევინახე. ამ რამდენიმე დღის წინ იგივე იანვრის თვეში მაკულატურას რომ ვაბარებდი სახტად დავრჩი ერთ-ერთი შეკვრის პირველ გაყვითლებულ ფურცელზე ,,პატარა დიდი კაცი“ რომ ამოკითხე. კიდევ კარგი მიმღებმა ქალმა დაიგვიანა,უმალ გავხსენი შეკვრა და თაბახის ფურცლები ამოვიღე. გადაკითხვაც კი მოვასწარი. მინდა გითხრათ, რომ ცხოვრების რთული დინებისდა გამო ეს შემთხვევა საერთოდაც დავიწყებული, მეხსიერების ყველაზე შორეულ თაროზე მქონდა შემოდებული. როგორც კი კითხვა დავასრულე სინდისის იგივე ქენჯნა ვიგრძენი,რაც მაშინ იმ პატარა ოპერაციას რომ ვატარებდი, რას იტყოდნენ ამაზე ჩვენი დაღუპული გმირი ბიჭეები. კვლავ განმმიახლდა ის გაორებული გრძნობა რაც მაშნ მქონდა.
    არ ვიცი, არ ვიცი, ეს ისეთი სიტუაციაა, სადაც ბოლომდე ვერაფერში იქნები დარწმუნებული.
    და მაინც, ჩემის აზრით სიკეთის კეთება სჯობს ბოროტებას, რამეთუ პირველი გახალისებს, მეორე გამძიმებს, ერთი გაბედნიერებს, მეორე გაუბედურებს. ჩვენ სიკეთე ვქნათ და სხვა თუ არა ღმერთი ხომ მაინც დაინახავს.

ნ-ი-კ-ი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 18 მარტი, 2013 06:39:49
მტრედები სიცოცხლის გადასარჩენად                        #02


-დედა, უნდა გავისეირნო, საღამოს მოვალ, მანამ ნუ დამელოდები. – ვთქვი და სწრაფი ნაბიჯით წავედი კარისკენ, ვიცოდი დედაჩემი ამას გააპროტესტებდა და მინდოდა სახლის დატოვება მომესწრო.
-კი მაგრამ, ნინი, ჯერ არც გისადილია. – გავიგე დედაჩემის ხმა, უკვე სადარბაზოს კიბეებზე ჩავრბოდი.
-რომ მოვალ მერე შევჭამ.
-ნინი!.. ნინი!..
  როგორც იქნა სახლს მოვშორდი.
  უკვე მესამე თვეა ყოველ დღე ამას ვაკეთებ. სახლიდან მივდივარ. მინდა მარტო ვიყო. ახლა აგვისტოა. მე ჩემი სკოლის ეზოში შევედი და გალავანთან ჩამოვჯექი. ისევ დავიწყე იმის გახსენება რაც მოხდა. და ისევ მომადგა თვალზე ცრემლი.
  აქ, ამ ადგილას, სადაც ახლა მე ვიჯექი, ჩემი საუკეთესო მეგობარი იჯდა ხოლმე და მელოდებოდა, როდის დამიმთავრდებოდა გაკვეთილები. მას გოგა ერქვა და მე ის ძალიან მიყვრდა. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ფიქრობდა შეყვარებულები ვიყავით, ის ჩემთვის მეგობარზე მეტი არასოდეს ყოფილა. სხვების აზრს დიდ ყურადღებას არც ვაქცევდით, უბრალოდ ერთად ყოფნა მოგვწონდა და გვახალისებდა. ხასიათითაც ძალიან ვგავდით ერთმანეთს, პრინციპები და შეხედულებებიც აბსოლუტურად იდენტური გვქონდა. ერთადერთი, რაც განგვასხვავებდა ის იყო, რომ ის ბიჭი იყო, მე კი – გოგო.    ყველგან ერთად დავდიოდით, მეგობრულ შეკრებებზე, ექსკურსიებზე, ლაშქრობებზე. ფოტო არ მქონდა კადრში ისიც რომ არ ყოფილიყო (ამ ფაქტზე ხშირად ვხალისობდით). ყველაფერი იდეალურად იყო... მის შემხედვარეს სხვა ბიჭისკენ არც გამიხედავს, არც ის ეძებდა მეგობარ გოგონას. უბრალოდ მეგობრები ვიყავით, - უზომოდ ბედნიერი მეგობრები.
  აი, ისევ ავტირდი. სამი თვის განმავლობაში, ყოველდღე ვტიროდი. სინდისი არ მასვენებდა. ვიტანჯებოდი. რომ შემძლებოდა, მე მას პატიებას ვთხოვდი და ალბათ ისიც დაუფიქრებლად მაპატიებდა. ეს კი ყველაზე მეტად მტკენდა გულს. თავი ხელებში ჩავრგე და ავსლუკუნდი.
  ასე იმიტომ ვიტანჯებოდი, რომ ვიცოდი გოგა ჩემი მიზეზით მოკვდა, მომხდარი ჩემი ბრალი იყო და ამას საკუთარ თავს ვერასდროს ვაპატიებდი. არასდროს მესმოდა ადამიანების, რომლებიც ამბობდნენ, რომ სინდისი და დანაშაულის გრძნობა მთელი ცხოვრების განმავლობაში სტანჯავდათ. ახლა კი ვხვდებოდი, რომ ეს მართლაც ასეა. ვიცოდი, დანაშაულის გრძნობა მხოლოდ სიცოცხლესთან ერთად თუ დამტოვებდა და მინდოდა კიდეც, რომ ეს ,,განშორება” მალე მომხდარიყო.
  ბარბაცით წამოვდექი და სკოლაში შევედი, წელიწადის ამ დროს, აქ მხოლოდ დარაჯი და კარისკაცი იყო. ემზადებოდნენ მასწავლებლების მისაღებად. არც დავფიქრებულვარ, ისე მივიწევდი ბოლო სართულისკენ. მხოლოდ აქედან შეიძლებოდა სკოლის სახურავზე ასვლა, ისიც ვიცოდი იქ რა მინდოდა და სულაც არ მაშინებდა ჩემი განზრახვა...
  როგორც იქნა სახურავზე ავაღწიე, ისევ ბანცალით მივედი მის კიდესთან და ხელები გავშალე, არ ვიცი რატომ, მაგრამ საეჭვოდ გამახსენდა სცენა კინოფილმიდან ,,ტიტანიკი”, კიდევ უფრო მომენატრა გოგა და გადავწყვიტე... მაგრამ მერე ჩემი მშობლები? ისინი შეძლებენ უჩემოდ სიცოცხლეს, ბევრს იდარდებენ, მაგრამ... მე ხომ მათი ერთადერთი შვილი არ ვიყავი? ძალიან ბევრჯერ გავუხარებივარ ჩემი დის არსებობას, ახლა კი ამ სიხარულმა პიკს მიაღწია. ჩემი მშობლები ამას გადაიტანენ, მე კი სხვა არავის მიმართ არ ვიყავი ვალდებული. მაგრამ, მერე გოგა? მას ხომ უნდოდა, რომ მეცოცხლა? სწორედ ჩემი სიცოცხლის გადასარჩენად გაწირა თავი იმ საბედისწერო დღეს და მე ახლა ასე ტყუილად როგორ მოვისპობდი ცხოვრებას? მაგრამ ეს უკვე აღარ იყო ცხოვრება... ეს იყო მომენტი, როდესაც უბრალოდ ვერ კვდები... უბრალოდ ვერ...
-მანდ დგომა კარგია? – უეცრად ვიღაცის ხმა გავიგე, თან თვალები გავახილე და ქვემოთ სივრცე რომ დავინახე ძალიან შემეშინდა. ნამდვილად გამომიჭირეს... ხმა კაცს ეკუთვნოდა. იქნებ თავი დამანებოს?
-შენს ასაკში რომ ვიყავი მეც მომწონდა მსგავსი საქციელი, ერთგვარი ადრენალინია, თუმცა სახურავზე არასდროს ვმდგარვარ, სიმაღლის მეშინოდა. – ბოლო სიტყვები ისეთი დანანებით თქვა...
-თუ ასე არასდროს მდგარხართ რა იცით, რომ კარგია? – ხმაში ოდნავი აგრესია შემეპარა, ნერვებს მიშლიდა ის ფაქტი, რომ ჩემი ცხოვრების საბედისწერო მომენტში ვიღაც მურმანის ეკალივითYგაეჩხირა.
-შენი საქციელიდან გამომდინარე ვამბობ, უკვე თითქმის სამი თვეა აქ ყოველდღე მოდიხარ და საათების განმავლობაში ასე გაშეშებული დგახარ სახურავზე. ალბათ მოგწონს, გიჟს არ გავხარ... – არ ვიცი რატომ, მაგრამ ამ კაცთან გამოლაპარაკება მომინდა და ცოტა ხნით კიდეს მოვშორდი, იმაში კი დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩემს ,,კუთვნილ ადგილს” მალე დავიბრუნდებოდი. ჯერ ამ კაცს გავისტუმრებდი აქედან. მოვბრუნდი და ,,მურმანის ეკალი” შევათვალიერე.
  ეს იყო საკმაოდ მოხუცებული კაცი, მსხვილი ტანით და სქელი ჭაღარა ულვაშით, რომელსაც არაჩვეულებრივად უხდებოდა მისი შავი ტანსაცმელი. ხელში პურის ნაჭრებით სავსე პარკი ეჭირა, მეორეში კი – წყლით სავსე  ბოთლი. ისეთი სათნო გარეგნობა ჰქონდა, გამიკვირდა კიდეც, ნეტა აქ რას აკეთებდა?
-თქვენ საიდან იცით, რომ აქ ყოველდღე მოვდივარ? – ვკითხე და ჩამოვჯექი.
-აქ მარტო შენ არ მოდიხარ, - თქვა მან და პარკში წყალი ჩაასხა, ნეტა რას აკეთებდა? – აქ მე დღეში სამჯერ ამოვდივარ, რომ მტრედებს ვაჭამო.
ამ პასუხის მოსმენაზე თავი ვეღარ შევიკავე და სიცილი ამივარდა. ყველაფერს ველოდი ამის გარდა. კაცი გაოცდა და ცოტა რომ დავწყნარდი შემდეგ მკითხა:
-რატომ გაგეცინა? – ხმაში ცოტა სიბრაზეც შეერია.
-ნუთუ მტრედები მარტო ამ სკოლის სახურავზე მოფრინავენ?
-არა, მარტო აქ არ მოფრინავენ. მე ამ სკოლის ახალი დარაჯი ვარ, ამიტომ იძულებული ვარ აქ ვაჭამო მტრედებს, ეზოში არ მოფრინავენ, იმდენი ბავშვი დარბის...
-გასაგებია... – გავჩუმდი, მაგრამ კიდევ რაღაც უნდა მეთქვა. – მაპატიეთ... თქვენი დაცინვა არც მიფიქრია.
-არაუშავს. – ისეთი ინტონაციით თქვა, რომ საუბრისთვის წერტილის დასმა იგრძნობოდა. შემდეგ ხელი პარკში ჩაყო, დარბილებული პური ამოიღო და საურავზე დაყარა.
  გარემო შევათვალიერე, მაგრამ აქ არცერთი მტრედი არ იყო. კაციც ჩემსავით ჩამოჯდა და სტვენა დაიწყო, ნუთუ მტრედებს უხმობდა? გადავწყვიტე, რომ ეს ადამიანი მანდამაინც ჯანმრთელი არ უნდა ყოფილიყო და წამოვდექი, რომ იქაურობდა დამეტოვებინა, ამ დროს კი უჩვეულო სანახაობის მომსწრე გავხდი, სტვენის ხმაზე მტრედები გუნდ-გუნდად მოფრინდნენ და პურის ნამცეცების კენკვა დაიწყეს. ამ მშვენიერმა სანახაობამ ისე დამატყვევა, რომ გაუაზრებლად დავუბრუნდი ჩემს ადგილს.
-თქვენ მტრედები ძალიან გიყვართ. – იმის მაგივრად, რომ მეკითხა, უბრალოდ დასკვნა გამოვიტანე.
-მიყვარს. ახლა მხოლოდ ისინი დამრჩნენ. – რაც არ უნდა გასაკვირი ყოფილიყო, კაცს თვალზე ცრემლები მოადგა და არც უცდია ისინი შეეკავებინა, ან ჩემგან დაემალა.
-რაღაც ცუდი გაგახსენეთ... ბოდიში...
-იმას ვერ გამახსენებ რაც ისედაც მახსოვს, მახსოვს და გულში ვინახავ. არავინ მყავს, რომ გავუზიარო... – ცრემლები ახლა უკვე ღაპა-ღუპით მოდიოდნენ მისი თვალებიდან. ახლაღა შევამჩნიე, რომ მოხუცს ცისფერი თვალები ჰქონდა.
-შეგიძლიათ მე მომიყვეთ. – არ ვიცი რატომ მომინდა მისი ამბის გაგება.
-შენ ძალიან პატარა ხარ. ამას ვერ გაიგებ. ალბათ არც კი იცი რა არის ტკივილი. – ეს სიტყვები ჩემთვის საშინლად გამაღიზიანებელი იყო, თავი ვეღარ შევიკავე და ავყვირდი.
-მართლა ასე ფიქრობთ?! ნუთუ გოგონიათ, რადგან ჯერ სრულწლოვანი არ ვარ არ ვიცი რა არის ტკივილი... ძალიან ცდებით! თუ არ გინდათ ნურაფერს მიამბობთ. ეს თქვენთვის დიდად მაინც არაფერს შეცვლის, მტანჯველი ამბის დავიწყება სხვისთვის გაზიარებით არ ხდება. დამიჯერეთ...
-შენს ასაკში რა სატკივარი უნდა გქონდეს? – კაცმა ტირილი შეწყვიტა და თავისი დიდი ცისფერი თვალებით შემომხედა. ახლაღა მივხვდი, რატომ ამბობენ, რომ მოხუცები პატარა ბავშვებს გვანან. ახლა ეს ადამიანი ნამდვილად გავდა პატარა, ატირებულ ბავშვს და მე ძალიან მომინდა, რომ ის დამემშვიდებინა.
-მოდი ასე მოვიქცეთ, ჯერ მე მოგიყვებით ჩემს სატკივარზე, რაც თქვენი აზრით არარეალურია, შემდეგ კი თქვენ მიამბეთ თქვენი ისტორია. შევთანხმდით?
-შევთანხმდით. – ისე სწრაფად მიპასუხა, ცოტა არ იყოს დავიბენი, მაგრამ ჩემი ისტორიის მოყოლა მაინც დავიწყე.
-მე მყავდა მეგობარი, რომელიც ჩემთვის ძალიან ძვირფასი იყო და რომელიც ძალიან მიყვარდა... მას გოგა ერქვა... – ახლა ვიგრძენი როგორ გამიჭირდა ლაპარაკი, მაგრამ არ გავჩერებულვარ. რას ვკარგავდი? უბრალოდ ხმამაღლა ვიტყოდი იმას, რაზეც უკვე დიდი ხანია ვფიქრობ. – გოგა ჩემთვის მხოლოდ და მხოლოდ მეგობარი იყო. მეგონა ისიც ამ თვალით მიყურებდა, მაგრამ გასული სასწავლო წლის ბოლოს, სკოლის კარნავალზე მითხრა, რომ შევუყვარდი... – გაგრძელება ძალიან გამიჭირდა, მაგრამ თავს ძალას ვატანდი. – მე მისმა ნათქვამმა ძალიან გამაბრაზა, ათასი საზიზღრობა ვუთხარი და ვთხოვე აღარ დამლაპარაკებოდა. – გავაცნობიერე, რომ ისტერიკულად ვტიროდი. – კარნავალიდან გამოვიქეცი, მამაჩემს მანქანის გასაღები მოვპარე და მისი მანქანით გავიქეცი. ვერ ვაცნობიერებდი რას ვაკეთებდი, შემდეგ კი ხიდს შევასკდი და გონება დავკარგე. როცა გავიღვიძე საავადმყოფოში მითხრეს, რომ მანქანიდან გოგამ გადმომიყვანა... თურმე თვითონ ტაქსით დამედევნა... ალბათ იცოდა, რომ საშინელება მოხდებოდა, მე ხომ მანქანას კარგად ვერ ვმართავდი... – ტირილი უკვე ლაპარაკში მიშლიდა ხელს, მაგრამ ვეღარც ვჩერდებოდი. – შეჯახებისას საწვავის ავზი დაზიანდა, ეს ალბათ გოგამ შენიშნა და რომ გადავერჩინე ხიდიდან წყალში გადამაგო... თვითონ კი ვერ მოასწრო გადმოხტომა... მე წყლიდან გამვლელებმა ამომიყვანეს...  – სუნთქვა მეკვროდა, თავს ვეღარ ვიმშვიდებდი, მაგრამ მაინც უნდა მეთქვა ბოლო სიტყვები... – ამას საკუთარ თავს არასოდეს ვაპატიებ!
  საუბარი რომ დავამთავრე, რამდენიმე წუთის განმავლობაში მხოლოდ ჩემი ტირილი ისმოდა. მოხუცი არაფერს ამბობდა. უბრალოდ მტრედებს უყურებდა და დუმდა.
-მას შემდეგ აქ ყოველდღე მოვდივარ და ვცდილობ ბოლო მოვუღო ამ ტანჯვას, მაგრამ ისეთი უბადრუკი ვარ, რომ ამას ვერ ვახერხებ. – უკვე აღარ ვტიროდი, თითქოს ცრემლი გამიშრა. მოხუცს შევხედე, მისი დუმილი უკვე მაღიზიანებდა, ნუტუ ყველაფერი ამ იდიოტური დუმილისთვის ვუამბე?
-მაპატიე! –მითხრა მან.
-რა?.. – ვერ გავიგე რატომ მიხდიდა ბოდიშს.
-ვერ წარმომედგინა, რომ ასეთი რამ გტანჯავდა, ამიტომ გითხარი სატკივარი არ გაქვს მეთქი. მაპატიე.
-კარგი, მიპატიებია... თქვენც უნდა მიამბოთ რაღაც. – შევახსენე.
-ეს ამბავი ოცი წლის წინ მოხდა, მე და ჩემს ცოლს დიდი ხნის ნანატრი ვაჟი შეგვეძინა. მას ყურადღებას არ ვაკლებდით, როგორც იტყვიან, ბავშვზე მზე და მთვარე ამოგვდიოდა. ერთ დღეს ჩემი ცოლი სახლიდან გავიდა და ბავშვი მოსავლელად მე დამიტოვა. ამ დროს პატარა ოთო სამი წლის იყო. ფეხზე ძვლივს დადიოდა. – მოხუცს ოდნავ გაეღიმა, შემდეგ კი სახე დაემანჭა, ალბათ ტკივილისგან. – იმ საშინელ დღეს, ჩემი ბიჭი აივნიდან გადავარდა. ეს ჩემი ბრალი იყო... სულ ერთი წუთით დავტოვე... სულ ერთი წუთით... ოთახში რომ შევედი აივნის კარი ღია იყო, მოაჯირზე კი თეთრი მტრედი იჯდა. ჩემი ბიჭი იმიტომ გადავარდა, რომ მტრედის დაჭერა უნდოდა... მე კი იქ არ ვიყავი.
  მე ვაკვირდებოდი მოხუცის გამომეტყველებას, ის არ ტიროდა. არ ვიცოდი მისთვის რა უნდა მეთქვა, ნეტავ საერთოდ არ მეთხოვა ამ ისტორიის მოყოლა. მივხვდი რატომ დუმდა მოხუცი მე რომ მომისმინა. ახლა მეც ზუსტად ასე ვდუმდი.
-თქვენ მტრედები გიყვართ? – ეს უკვე კითხვა იყო და არა დასკვნა.
-მე მტრედები მიყვარს. – მისმა პასუხმა ძალიან გამაოცა.
-არ ფიქრობთ რომ თქვენი ბიჭის სიკვდილი სწორედ იმ თეთრი მტრედის ბრალი იყო?
-ვფიქრობდი, მაგრამ ასე არაა. ზოგჯერ ცხოვრებაში ხდება ისეთი რაღაც, რაც ტკივილს გვაყენებს, მაგრამ ეს არავის ბრალი არაა. სხვისი დადანაშაულება სიხარულს არ მოგიტანს. არც საკუთარი თავის შეძულება გაგათავისუფლებს ტკივილისაგან. არ უნდა ადანაშაულებდე მომხდარში საკუთარ თავს. არ უნდა გძულდეს...
-თქვენ ფიქრობთ რომ საკუთარი თავი მძულს? – რომ ვერ წარმოვიდგენდი ისეთ დასკვნამდე მივედი.
-ვფიქრობ კი არა, - დარწმუნებული ვარ! ეს გრძნობა მეც მტანჯავდა. ძალიან დიდი ხნის მანძილზე ვთვლიდი, რომ იმ დღეს ოთახიდან რომ არ გავსულიყავი, ახლა ცემი ბიჭი... –მოხუცი ცოტა ხნით გაჩუმდა, შემდეგ კი საუბარი იმავე ტონით განაგრძო. - მაგრამ ეს ბედისწერაა და შენ მას თავიდან ვერ აიცილებ. ეს შეიძლებოდა სხვა დროს და სხვა ადგილას მომხდარიყო, მაგრამ შენ აუცილებლად დაკარგავდი შენს მეგობარს, მეც დავკარგავდი ჩემს შვილს.
-თქვენ რასაც ამბობთ სრული აბსურდია. ეს იმას ნიშნავს, რომ ყველაფერი ბედისწერაზეა დამოკიდებული და ჩვენ აღარ უნდა ვიბრძოლოთ სიცოცხლისთვის? აღარ უნდა ვეძიოთ ბედნიერება?
-არა შვილო, არა. უნდა ვიბრძოლოთ იმისთვის, რაც შეიძლება მოხდეს და არა იმის გამოსასწორებლად, რაც უკვე მოხდა და აღარ გამოსწორდება. რა აზრი აქვს დამნაშავის ძებნას? მისი დასჯით გოგას, ან ოთოს არ კიდევ უამრავ ბედისწერის უნებლიე მსხვერპლს რამე ეშველება? - არ ეშველება! და შენც თავს დაიღუპავ, ერთხელაც იქნება და შეძლებ მაგის გაკეთებას... დაასრულებ იმ საქმეს, რამაც აქ მოგიყვანა და ამით შენს ოჯახსაც დაღუპავ. მომისმინე, გოგამ იმისთვის გადაგარჩინა, რომ გეცოცხლა და მის მსხვერპლს ახლა ასე ტყუილად ნუ გათელავ ფეხქვეშ. მე ხომ ვაპატიე მტრედებს? შენც უნდა აპატიო საკუთარ თავს!
-მე უნდა... – მოხუცის ნათქვამმა ხმა ჩამაგდებინა. რაღაც უცნაური გრძნობა დამეუფლა. – მე უნდა წავიდე!
  არც გამიაზრებია, ისე მივვარდი მოხუცს და ჩავეხუტე. ის გაშეშდა, ხმა არ ამოუღია. მე მისი ლაპარაკი აღარც მჭირდებოდა, ჩემთვის ისიც საკმარისი იყო, რაც თქვა. ახლა უკვე მე უნდა მეთქვა მისთვის რაღაც მნიშვნელოვანი:
-დიდი მადლობა... – ამოვილაპარაკე და სახურავიდან გავიქეცი.



  ვერც გავაცნობიერე როგორ მივედი სახლში. კარი დედამ გამიღო.
-ნინი, უკვე დაბრუნდი?
-ჰო დედა, მაგრამ ისევ მივდივარ. ჩემი საფულე მინდა.
-რა? რას ნიშნავს მიდიხარ? ვერსადაც ვერ წახვალ!
-დედა, დედა, დამშვიდდი ყველაფერი რიგზეა, მე მალე მოვალ! – ჩემს ოთახში შევედი და საფულე ავიღე.
-ნინი, შენ ვერც კი წარმოიდგენ როგორ მეშინია... – დედა ატირდა და გასასვლელ კართან დადგა.
-რისი დედიკო? გეფიცები დავბრუნდები და აღარასოდეს აღარ წავალ, მაგრამ გთხოვ, ახლა არ დამაკავო.
  დედაჩემი კარს მოშორდა და მეც გიჟივით დავტოვე შენობა.
  ფულით, რომელიც საფულეში მქონდა წითელი ვარდები ვიყიდე და ტაქსი გავაჩერე.
  სულ რამდენიმე წუთში იმ ხიდზე ვიდექი, სადაც მამაჩემის მანქანა აფეთქდა. ხიდთან მივედი და ყვავილები მდინარეში გადავყარე. ვუყურებდი როგორ ღელავდა მტკვარი და როგორ მიჰქონდა ჩემი ვარდები. გოგა მდინარეში არ მომკვდარა, ამ ჟესტით მე ის გოგონა დავასამარე, რომელიც მდინარიდან ცოცხალმკვდარი ამოიყვანეს და ამის შემდეგ ყოველდღე ცდილობდა თავი მოეკლა. დღეიდან ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა... მე ყველაფერს შევცვლიდი... ვიცოცხლებდი და გოგას გავახარებდი. ის იმდენად კეთილი იყო, რომ მისი სული სადღაც აუცილებლად განაგრძობდა არსებოდას. მე კი ყველაფერს გავაკეთებდი, რომ წლების შემდეგ, დრო რომ დადგებოდა მასთან დამსახურებულად მივსულიყავი...
  ჩემი თვალებიდან კვლავ ჩამოცურდნენ ცრემლები, ოღონდ ამჯერად არა სასოწარკვეთილების, არამედ – სიხარულის. ამ ცრემლებმა მიმახვედრეს, რომ მე საკუთარ თავს ვაპატიე...



(იმ დღის შემდეგ მოხუცი აღარ მინახავს. უბრალოდ, გადამარჩინა და გაქრა...)

ნ-ი-კ-ი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 18 მარტი, 2013 06:41:23
ვალიკოს პარალელური რეალობა                        #03



რომ არა გაჭირვება, სოფელში გაქცევას არავის ანახებდა. დარჩებოდა დედაქალაქში, იხეტიალებდა დილიდან საღამომდე ქუჩებში, თვალსაც დაალევინებდა წყალს და წარმოსახვასაც, თავის გამოგონილ სამყაროში ბედნიერად იცხოვრებდა, მაგრამ მუხთალია წუთისოფელი, – ღმერთმა გულიანად გადაიხარხარა ვალიკოს საათივით აწყობილ გეგმებზე და მშობლიური სოფლისკენ კუდი ამოაძუებინა.
მოსვენება აღარ ჰქონდა საწყალ კაცს, დილიდან საღამომდე ხან ძროხების ბღავილი ურღვევდა სულიერ სიმშვიდეს, ხან კი – ცოლის. გოჭების და მეზობლის ბავშვების ჭყვიტინზე ხომ ნუღარ იტყვით, თავის ქალა ეხდებოდა და მხოლოდ მაშინ ეხურებოდა, ტყისკენ რომ გაირეკავდა საქონელს და სადმე ხის ქვეშ რომ ჩამოჯდებოდა. აქ კი იცოცხლეთ, ისე ფეხმორთხმით იცოდა დაბრძანება, შორიდან რომ შეგეხედათ, ინდური ღმერთი ან ძლევამოსილი  ხელმწიფე გეგონებოდათ. სკიპტრა და გვირგვინი არ ამშვენებდა, არც სამეფო მოსასხამი უფარავდა ნაკერებდადებულ, გახუნებულ პერანგს, თორემ აღარაფერი უკლდა მეფობამდე.
სამფლობელო კი ისეთი იყო, თვალს ვერ მოწყვეტდა კაცი: მთელი თვალსაწიერი, ერთი ბოლოდან მეორემდე, მწვანედ ღაღანებდა, სამეფო კარის მუსიკოსების მაგიერ საძოვარზე გამოსული საქონლის ხმაშეწყობილი ბღავილი ისმოდა და ლანგრებზე დახვავებული, სხვადასხვა ნუგბარით ხელდამშვენებული მხევლების ნაცვლად მაყვლის ან  ასკილის საკრეფად ტყეში წამოსული სოფლის დედაკაცები თუ ჩაუვლიდნენ კალათებით. ისინიც სალამს მიუგდებდნენ, რაღაცას ჩაიბუზღუნებდნენ და თუ დაინახავდნენ, რომ მათმა უმნიშვნელო არსებობამ არც კი მიიქცია ვალიკოს მაღალი ყურადღება, ქოქოლას მიაყრიდნენ, გულიანად მიაწყევლიდნენ და ნაბიჯის აჩქარებით გაეცლებოდნენ ხოლმე.
მაგრამ ვინ დააცდიდა სამეფოს მართვას, მზეთუნახავზე დაქორწინებას და ოქროსქოჩრიანი უფლისწულის გაკეთებას, – გავასქელი ზინა, ამქვეყნიური სამეფოს დედოფალი და მთელი უბნის წიოკით ამკლები მისი ძვირფასი მეუღლე ტყისკენ მომავალი რომელიმე მწყემსის ან ბატების საძებნელად წამოსული პატარა ბიჭის პირით შემოუთვლიდა, სახლში დროზე მოეთრიოს, მანდ არ მომიყვანოს, თორემ ვაი მისი ბრალიო; მაინც მაგისი გასათოხნია ყანა, ვერ ეღირსება, ეგეც მე გავაკეთო, ისეც მთელი ჯალაბობა ჩემ კისერზე ჰკიდიაო; ის დღე დაიწვას, მაგას რომ გამაყოლეს, მამაჩემს მუთაქები ლენინის თავებით ჰქონდა სავსეო.
სამეფო შიკრიკები შორიდანვე დიდი სიამოვნებით და კრეჭა–ღმეჭით მოახსენებდნენ ვალიკოს დედოფლის შემონათვალს, ერთი სიტყვა არ გამორჩებოდათ და ვიდრე მისი უდიდებულესობის რისხვას დაიმსახურებდნენ, კუდამოძუებული გარბოდნენ საპირისპირო მიმართულებით; – ხუმრობა ხომ არაა, ხელმწიფისთვის იმის თქმა, მტერი ემზადება შენ გამოგონილ სამეფოზე თავდასასხმელად და ოჯახის საქმეებში ჩათრევას ისევ ტრაკის წამოწევა და ნებით ჩარევა გირჩევნიაო.
ვალიკო იძულებული გამოერკვოდა თავისი მეფური ზმანებებიდან, უკვე შორს გაქცეულ დესპანს გულში შეუკურთხებდა შემაძრწუნებელი ამბის მოტანისთვის და უხალისოდ წალასლასდებოდა შინისკენ, თითქოს საკუთარ ოჯახში კი არა, გილიოტინაზე მიდიოდა თავისი ფეხით.
კეთილი იყო ვალიკო, უზომოდ კეთილი. ამ სიკეთემ დამართა, ასეთ დღეში რომ იყო.  მისი ზინა ყოველ შარაზე შემხვედრთან  გულს რომ იცლიდა, ასეთი და ისეთი ოჯახიშვილი ვარ, ამდენი ჰქონდა მამაჩემს და სახლი კი არა, სასახლე ედგაო; ისეთი გოგო ვიყავი, სოფლის ყველა ბიჭს ვუყვარდიო, – ტყუილია ეს ამბავი, არ დაიჯეროთ. ერთი ჩვეულებრივი კიკინებიანი და ეზოში ფეხშიშველა მორბენალი გოგო იყო. არც დიდი სიმდიდრე არ გააჩნდა მამამის თეიმურაზს და მზითევსაც თითქმის ვერ გამოატანდა. ამის გამო იყო, რომ როცა ზინას გათხოვების ასაკი მოუვიდა, საფიქრალში ჩავარდა კაცი და თითქოს–და ღმერთმა გამოუგზავნაო, მეზობელი სოფლიდან ქალიშვილის ხელის სათხოვრად მისულ ვალიკოს აწ უკვე ცხონებულ მშობლებს, გიორგისა და ნაზიკოს თავისი ზინა ეზოში დაახვედრა, კაკლის ქვეშ მჯდარი და ხელსაქმით დაკავებული. თან იმდენი აქო და ადიდა ქალიშვილი, სტუმრები გაფართოებული თვალებით მისჩერებოდნენ ენაგაკრეფილ მასპინძელს, თავმოყვარეობა რომ დავიწყებოდა და ასე მონდომებით ცდილობდა მოეშორებინა თავიდან საყვარელი ასული. 
თავის მხრივ გიორგისა და ნაზიკოსაც თავიანთი გაჭირვებოდათ, – უკვე მთელი სოფლის საჭორაო იყო გამხდარი მათი ვაჟიშვილისა და ფრიად საეჭვო რეპუტაციის მქონე, ქალაქში გაზრდილი მარინას ხშირ–ხშირი შეხვედრები. ბოროტი ხმები იმასაც ამბობდნენ, ასე რომ მოფერიანდა ეს გაჩხიკული გოგო, იქნება და რამდენიმე თვეში წეროც დაფრინდეს მაგათ ეზოშიო.
მოკლედ ვალიკოს სიკეთემ დამართა ყველაფერი: ჯერ იყო და მარინას მოწერილ სასიყვარულო წერილს უარით ვერ უპასუხა, გული როგორ ვატკინოო და მერე კიდევ, როცა მისი რომანი ასე ძალიან გახმაურდა და მშობლებმა დაჟინებით მოსთხოვეს დაოჯახება წესიერ გოგოზე, ხათრი ვეღარ გაუტეხა, დიდი ყოყმანის და ნერვიულობის მერე დათანხმდა.
სამართლიანობა მოითხოვს, ითქვას, რომ ვალიკოს მშობლების და ნათესავების მოლოდინი გამართლდა. დიდი ხელმარჯვე და მონდომებული პატარძალი გამოდგა ზინა. პირველ ხანებში მაზლის ცოლი ვერ დაასწრებდა მარდად წამოხტომას და მამამთილისთვის დოქით წყლის მირბენინებას,  კეცზე ცხელი ხაჭაპურების დაკვრას და სტუმრის ღირსეულად დახვედრა–გასტუმრებას, სარეცხის წყაროზე გასავლებად წაღებას თუ პატარა მაზლიშვილების ტაშტში გულიანად გასაპნვა–გახეხვას. ყველგან ზინა იყო, ყველაფერს ზინა აკეთებდა,  აქეთ ზინა, იქით ზინა, დაღლა არ იცოდა და დასასვენებლად ბუხართან სამფეხაზე ჩამოჯდომა ზინამ. მამამთილის მოზომილ შექებაზე ხომ საერთოდ წითლდებოდა და გვერდით ოთახში გარბოდა დარცხვენილი.
ოღონდ ეს მხოლოდ პირველ ხანობას ხდებოდა ასე. ერთ მშვენიერ ღამეს როდესაც აღმოაჩინა, რომ განსაზღვრულ დროს ქმრისთვის ცოლობის გაწევა შეეძლო, უარის თქმა არ უწევდა რიგი მიზეზების გამო, გულმა რეჩხი უყო და  ადრიან დილით დიდი მორიდებით  მიადგა სოფლის იმედსა და ძეობის პირველ მახარობელ, ამ საქმეში ჭიპმოჭრილსა და გამოცდილ ჭიპის მომჭრელ თეკლეს.
ოთახიდან რომ გამოვიდნენ და მომლოდინე თვალებით შემხედვარე ზინას რომ შეხედა, თეკლე–ქალმა გულიანად გადაიხარხარა და შენ კი ჩაქრი, ეგ რა თვალებით მიყურებ, კიდევ ერთი–ორი თვე მოიცადე და გამოჩნდება, გულთმისანი კი არა ვარო, – მიუგო.
ერთი–ორი თვეც გავიდა. ზინამ თავი სამშვიდობოს რომ დაიგულა, საყვარელი ვარდის ბუჩქები რომ გააკაფინა ვალიკოს, მაგათ სუნზე გულს მაზიდებსო, მერე დაიწყო, რაც დაიწყო. თითქოს ცხვრის ტყავში იყოო გახვეული, მგელმა ხახა გამოაჩინა: ჯერ მაზლსა და მაზლისცოლს გადაწვდა, უმცროსი შვილი შენა ხარ და აქ რას წამომსხდომიან, ქვეყანა დიდია და თავიანთი გზა მონახონო, მხარ–თეძოზე უყვართ მარტო კოტრიალი, ყველაფერი ჩემი გასაკეთებელიაო; – წარამარა ქმარს უკიჟინებდა მთელი ოჯახის გასაგონად. 
მაზლსა და მაზლისცოლზე რომ მოამთავრებდა ჩივილს, დედამთილ–მამამთილს მიადგებოდა ზინა. დედაშენი კარტოფილის გათლაშიც კი არ მეხმარება, მამაშენი კიდევ ტალახიანი ფეხებით ბოსლიდან პირდაპირ სახლში შემოდისო. ამხელა მუცლით მაგათ შვილიშვილს დავატარებ და იოტისოდენა პატივსაც კი არა მცემენო. ღმერთო, რა დავაშავე, ამ გაღლეტილების ოჯახში რომ გამამწესე შენ სამსახურად, ამათ მარტო  მოჯამაგირედ და მსახურად ვუნდივარო. – ჭერს ხდიდა თავიანთ საძინებელ ოთახს ზინა და თავზე ბალიშმიფარებულ ქმარს გემრიელ მუჯლუგუნს უთავაზებდა ხოლმე.
რა ექნათ საწყალ გიორგისა და ნაზიკოს, იქით გაგულისებულ შვილსა და რძალს ამშვიდებდნენ, აქეთ კიდევ – ერთმანეთს, მუცლადაა, ჭირვეულობს და გაუვლისო. დუმილითა და იობის მოთმინებით იტანდნენ რძლის სხეულში ჩაბუდებული ეშმაკის დაცხრომას და იმავე სხეულში ჩასახლებული ნანატრი მემკვიდრის დაბადებას. იქნებ–და რამე შეიცვალოს, დაწყნარდეს, დაჭკვიანდეს და ყურადღებას რომ ბავშვზე გადაიტანს, ჩვენკენ გული მოიბრუნოსო. 
მაგრამ გაჩნდა თუ არა გვარისა და ჯიშ–ჯილაგის გამგრძელებელი, ბაბუის სეხნია პატარა გიორგი, ჩვილის ხმის გაგონებასთან ერთად რძალმა კიდევ უფრო მეტად აიმაღლა ხმა და ერთპიროვნული მბრძანებელი გახდა ოჯახში.
ამის გამო იყო და კიდევ იმის გამოც, ვალიკოს რომ თავისი მეფური სიზმრების თუ ოცნებების ხმამაღლა მოყოლა რომ უყვარდა მეზობლებთან ქალაქიდან დაბრუნებულს, სოფელმა მეფე და დედოფალი შეარქვა ახალგაზრდა ცოლ–ქმარს.
ვალიკოს მშობლებმა, სიბერეში მაინც ხომ დავიმსახურეთ სიმშვიდე და სიტკბოო, ბოლო დღეებსაც ხომ არ ჩავამწარებინებთ ამ აფთარსაო და ერთ მშვენიერ და მზით გაჩახჩახებულ დღეს, მთელი სოფელი რომ ურაკპარაკზე შეყრილიყო და ძვლებს მნათობს აფიცხებდა, ვალიკოს პატარა ოჯახი ქუჩაში გამორეკეს, ერთ დიდ ბოხჩაში გამოკრული მთელი მათი ავლა–დიდება გადმოუგდეს და კარები მოუჯახუნეს.
ასე დაადგა ჩვენი მეფე–დედოფალი თავიანთი აღნავლებული უფლისწულითა და მცირე ბარგით დედაქალაქისკენ მიმავალ გზას. ფეხები უკან რჩებოდათ და ნაბიჯი ერეოდათ. ზინაც რაღაც გაურკვევობაში იყო და მისი დუმილის უჩვეულო ტონალობას ხომ სახლტად დაეტოვებინა ამ სურათის შემყურე ხალხი. თავდახრილებსა და შერცხვენილებს ხმაგაკმენდილი და სუნთქვაშეკრული მთელი სოფელი მიაცილებდა მზერით. მხოლოდ მარინას დასთამაშებდა სახეზე იქედნური ღიმილი, – დიდი შურისძიებისთვის ხელს აღარაფერი უშლიდა და მონდომებით არწევდა უკვე საკმაოდ წამოჩიტულ ბავშვს კალთაში. წინ ბუნდოვანი მომავალი იყო.
მაგრამ ზინა რის ზინა იყო, სულით რომ დაცემულიყო და ფარ–ხმალი დაეყარა. ქალაქშიც გამოიჩინა მისთვის ჩვეული მარიფათი და ჯერ კიდევ ქორწილში ნათესავების ნაჩუქარი ფულით, რომელიც ამდენი დროის განმავლობაში საგულდაგულოდ გადანახული ჰქონდა, ნახევრად სარდაფში მდებარე ბინა იქირავა ერთი ქვაწვია ქვრივისაგან, თუმცა ბინაც არ ეთქმოდა, ბნელი და ნესტიანი ოთახი იყო, ორი სკამით, მაგიდით, ორი საწოლითა და კედელზე ოდნავ დახრილად დაკიდებული გაბზარული სარკით.
ორი დღე მოანდომა ზინამ იატაკში ჩამჯდარი ლაქების მოხეხვას, ფანჯრების პერანგის ნაფლეთით მოპრიალებას, მტვრის სქელი ფენის მოსპობას და მთელი  ამ დღეებში დაგროვილი შხამის ზღაპრული დრაკონივით ქმარზე ამოფრქვევას.
ზღაპარსა და დრაკონზე გამახსენდა, სწორედ ამ პერიოდში მიეძალა ჩვენი ვალიკო ზღაპრების კითხვას. დიასახლისისგან, რომელიც ზინას ყოველ წამოკივლებაზე უარესად იწყებდა კივილს, ერთხელ თავისი გიორგის მისაძინებლად ზღაპრების წიგნი ითხოვა, როცა ცოლი სამსახურის საძებნელად გაიგულა.
,,ჭინჭრაქათი“ დაიწყეს, მერე ,,წიქარა“ მიაყოლეს, ,,ხუთკუნჭულა,“ ,,ასფურცელა.“ კითხულობდა ვალიკო მარცვალ–მარცვალ სკოლიდან როგორღაც დამახსოვრებულ ასოებს და უჩვეულოდ ლამაზ სამყაროში იძირებოდა. ვერც კი შეამჩნია, გიორგის როდის ჩაეძინა, მხოლოდ მაშინ გამოფხიზლდა, ზინა რომ წამოადგა თავზე და ერთი გემოზე დასჭყივლა, ადე, შე მიწადასაყრელო, აეთრიე, მე სამსახურს ვეძებ და შენ კიდევ მახათს იყრიო, იქაო.
ის დღე იყო და ის დღე. როგორც კი ცოლს სამსახურში გაიგულებდა, შემოისვამდა პატარა გიორგის გვერდზე და ზღაპრების წიგნს გადაშლიდა ხოლმე. კაციშვილი ვერ გაარკვევდა, ბავშვს უკითხავდა თუ თავს ირთობდა. სუნთქვა უხშირდებოდა, როცა რომელიმე უფლისწული მზეთუნახავს თვალს მოკრავდა; მოლოდინის განცდა უმძაფრდებოდა და უფრო გულმოდგინედ აგრძელებდა კითხვას, მაგრამ როგორც კი უფლისწული ან მისი რჩეული განსაცდელში ვარდებოდა, ხმა ეცვლებოდა, ნერვიული და მთრთოლვარე უხდებოდა. ხანდახან კითხვის პროცესში ისე შეყვირებდა ხოლმე, რომ ზღაპრის ახლად მოსმენადაწყებულზე ჩაძინებულ ბავშვს შეახტუნებდა და გიორგიც, პირს დააღებდა, რაც ძალი და ღონე ჰქონდა, გაჰკიოდა. მაშინ კი საბოლოოდ ფხიზლდებოდა ვალიკო, გამოდიოდა ამ უჩვეულო სამყაროდან და შვილის მოფერება–დამშვიდებას უნდებოდა.
ყველაზე სასიამოვნოდ მოსასმენი მაშინ იყო მისი წაკითხული ზღაპრები, როცა ბოლო აბზაცებს მიადგებოდა. ბედნიერი დასასრული მის ხმას უჩვეულო ჟღერადობას სძენდა, თავის კანტურითა და თითქოს წამღერება–წაღიღინებით ამბობდა ,,ჭირი იქა, ლხინი აქას“.
ქალაქში ცხოვრების მთელი თოთხმეტი წლის მანძლზე, შეშის გამოზოგვით ანთებისგან დატრიალებულ სიცივეზე, ხშირ შემთხვევაში შიმშილზე, ცოლისა თუ ოთახის პატრონის მიერ მოწყობილ სცენებზე, ამდენი დამცირებისა თუ შეურაცხყოფის ატანაზე მეტად ვალიკოს ზღაპრებიდან მიწაზე დაბრუნება უჭირდა. როგორც კი საბოლოოდ გამოფხიზლდებოდა, თვალს გაუსწორებდა თავის არამეფურ, უფრო მეტიც, – მათხოვრულ ყოფას, მზერას მოავლებდა ჩამოხეულშპალერიან, ბნელ ოთახს, ძალიან ითრგუნებოდა და ლოგინზე მიყუჟული უფრო და უფრო პატარავდებოდა, მუხლებში ჩარგავდა თავს და საათობით გაშეშებული საწოლის გადასაფარებელზე გამოსახულ ერთმანეთის გადამკვეთ ფერად ხაზებს აშტერდებოდა, როგორც პატიმარი ციხის გისოსებს.
ზინა კი დილიდან საღამომდე წელებზე ფეხს იდგამდა, თონეში იყო ჩაყუდებული და პურს აცხობდა. ცოტას ნამდვილად არ უხდიდნენ, მაგრამ ცალკე ოთახის ქირა, ცალკე სურსათ–სანოვაგე, ოჯახის სხვადასხვა ხარჯი და უკან აღარაფერი რჩებოდა ერთი შეხედვით. ოღონდ ეს მხოლოდ  თვალის ერთი შევლებით, თორემ ზინა კისერზე დაკიდებულ ქისაში მონდომებით აგროვებდა წითელ თუმნიანებს. ძალიან მოკრძალებულ ვახშამს მიუსხდებოდნენ ხოლმე საღამოობით და მაშინაც უქნარა ქმრისთვის ლუკმის დაყვედრებას და ყბების ენერგიულად ქნევას ერთმანეთს უთავსებდა დედა–დიასახლისი.
განა ვალიკოს არ უნდოდა მუშაობა, ყელში ჰქონდა ამოსული ცოლის გაუთავებელი საყვედურები, მაგრამ ხელი არ ემართებოდა რატომღაც. როგორც კი ვინმეს მიადგებოდა ვედრებით სავსე თვალებით, კითხვაზე, რა იცი, რა გეხერხებაო, მხრებს რომ აიჩეჩავდა, მაშინვე ხელმოცარულს უკან აბრუნებდნენ. მხოლოდ ერთხელ, ზინას ხვეწნა–მუდარით საკოლმეურნეო ბაზრის გუშაგად დანიშნეს, მაგრამ სამუშაოს დაწყებიდან ერთი კვირის თავზე, გამთენიისას, მძინარეს თავს რომ წამოადგა შესამოწმებლად მოსული ბაზრის დირექტორი, ბევრი არც აციეს, არც აცხელეს და სახლში გაისტუმრეს. ცოლმა შავი დღე აყარა, სულ უქნარა და მუქთახორა უძახა, მაგრამ, მეორეს მხრივ, როდესაც გაიაზრა, რომ ბავშვი მის დაბრუნებამდე უპატრონოდ არ იქნებოდა, ბედსაც შეეგუა და მის კმაყოფაზე მყოფ ქმარსაც.
გიორგი რომ სკოლაში მიიყვანეს, არც მერე შეუწყვეტია კითხვა ვალიკოს. უცხოური ზღაპრების რამდენიმე კრებულიც გადაიკითხა. ახლა უფრო ფრთაგაშლილი ნავარდობდა თავის გამოგონილ სამყაროში, ხელს არავინ უშლიდა კითხვასა და ოცნებაში, ოღონდ ეგ იყო, უფრო და უფრო უჭირდა უკან გამოღწევა. წიგნებში რომ შეიკეტავდა კარს, გამოსაბრუნებლად უკვე ლაბირინთების გამოვლა ჭირდებოდა, ლაბირინთის გამოსასვლელში კი სამუშაოდან დაბრუნებული დაღლილ–დაქანცული და გამწარებული ზინა აესვეტებოდა მინოტავრის სახით.
მინოტავრი მითოლოგიის ყდამოხეული წიგნიდან დაიმახსოვრა, თორემ სოფელში ხომ ვერ მოისმენდა  ლაბირინთის ცნობილ მითს. მაგრამ ეს მითები დიდად არ ეპიტნავა, უფრო სწორად ასეთი სიკეთის მატარებელ ქრისტიან კაცს მიუღებლად მიაჩნდა ამდენი აღვირახსნილობა, ამდენი სიბილწე და ინტრიგა, პარნასის ღმერთები თუ გმირები რომ სჩადიოდნენ. მე ღმერთი ერთი ვიცი, წმინდა სამება, ჩვენი მფარველი და შემწე, ამდენი და ესეთი უნამუსოები, ეს რა უბედურებააო. ბევრი რომ არ გავაგრძელო, მალე ბერძნული მითების კრებული განაწყენებული და უკმაყოფილო სახით სამუდამოდ დაუბრუნა დიასახლისს და რაკი ყველა ზღაპრის კრებული ასგზის გადაკითხულ–გადამღერებული ჰქონდა, მრავალფეროვნებისთვის ერთი–ორი სხვა წიგნი წამოიღო.
პირველად ვიღაც რუსის ნაცოდვილარი სქელტანიანი წიგნი მოუვარდა ხელში, მაგრამ მხოლოდ იქამდე შეძლო  წაკითხვა, ეს უნამუსო და სინდისგარეცხილი სტუდენტი, რომელიც რაღაც აბდა–უბდას ფიქრობდა და მსჯელობდა, საბრალო და დაუცველ დედაბერს  თავს რომ დაესხა და ასე ცივსისხლიანად გამოასალმა სიცოცხლეს. ცხარე ცრემლით გამოიტირა ბებერი მევახშე და წიგნი კიდევ უფრო მოღუშული სახით დაუბრუნა პატრონს.
მერე ერთი დეტექტივი შერჩა ხელში. არც ეს წიგნი იყო იმ ლამაზ სამყაროსთან ოდნავ ახლოსაც კი, რომელშიც ბოლო ორი–სამი წელი მოგზაურობდა. თითქოს მთელი ქვეყანა შეშლილიყო, აღარაფერი წმინდა აღარ არსებობდა და სულები ჯოჯოხეთის მეუფისთვის მიეყიდათ. ყველა დანაშაულს ჩადიოდა და ეს გამომძიებლები კი ისე ცივსისხლიანად იჭერდნენ დამნაშავეებს, მათი საკნის კარის გამოკეტვისას ხელიც კი არ უკანკალდებოდათ.
ეს იყო და ეს. ხალხური ზღაპრების გარდა სხვა აღარაფერი გადაუშლია ცხოვრებაში. ამ სასტიკი წიგნების უარყოფასთან ერთად უარყო ის სამყარო, მათში რომ იყო აღწერილი, მოძალადე და მატყუარა პერსონაჟები, ხანდახან ღამით რომ ესიზმრებოდნენ და ოფლად დაღვრილი, შეშინებული და აკანკალებული რომ იღვიძებდა.
გაღვიძებაზე გამახსენდა, ასეთ დროს მძინარე ზინას მიეხუტებოდა და ზინაც რის ქალი იქნებოდა, ძილდამფრთხალზე ასეთი შანსი გაეშვა ხელიდან, მუცელზე თითებით მიუხუტუნებდა ან ხელს მოუფათურებდა ერთ–ორ ადგილას ურჩხულებისგან დევნილ მეფეს, რომელსაც ხორცი და ადამიანური ბუნება ასეთ წუთებში თავს ახსენებდა და სასოწარკვეთილი დევნილიც დედოფლის სასიყვარულო სარეცელზე ჰპოვებდა შვებას, სიზმრებში ვერდამარცხებული ბოროტი არსებების ჯავრს მის მკლავებზე მისვენებული მზეთუნახავის დამარცხება–ალერსით იყრიდა.
ამის გამო იყო, ზინა რომ ინახავდა და ზურგს უკან კარს არ უჯახუნებდა. სხვა სამყაროში გაჭედილ და ცოლ–ქმრულ მოვალეობებდავიწყებულ ვალიკოს იშვიათად მაინც თავის მკერდზე მიხუტებულს რომ დაიგულებდა, დრაკონის ფრთებს შლიდა და იმდენი ხნით შემოხვევდა, ვალიკო ნახევარი ზღაპრების წიგნის გადაკითხვას რომ მოასწრებდა ამ დროში.
ძილგატეხილი ღამეების მერე  ზინა უცნაურად იქცეოდა საუზმობისას: პურის ყველაზე დიდ ნაჭერს ვალიკოს დაუდებდა თეფშზე და ჩაისაც იმ დიდ ჭიქაში უსხამდა, საიდანაც ჩვეულებრივ თვითონ სვამდა. მაგრამ რად გინდა, საღამოზე შინ დაბრუნებული ისევ ზნეშეცვლილი ალქაჯი ხდებოდა.
ვალიკო თანდათან შეეჩვია ქალაქში ცხოვრებას. ადრე თუ თვეობით იჯდა სახლში, აუცილებლობის გარეშე ცხვირს არ ყოფდა გარეთ თავიანთი სოროდან, ნამდვილ ადამიანებთან ურთიერთობას უფრთხოდა და თავს არიდებდა, ახლა თითქოს ჩვილი ბავშვიაო, აიდგა ფეხი და ნელ–ნელა დაიწყო კიდეც თბილისის ქუჩებში ხეტიალი.
რამდენიმე თვის განმავლობაში  თავისი ნახევრადსარდაფიდან თუ მხოლოდ გამვლელ–გამომვლელთა ფეხებს ხედავდა და ეგონა, რომ გარემომცველ სამყაროს მისი არსებობა ფეხებზე ეკიდა, ახლა თანდათან რწმუნდებოდა, რომ ეს ასე არ იყო, ისიც რაღაც დიდის და მნიშვნელოვანის ნაწილი იყო. ჰოდა, ნელ–ნელა უყვარდებოდა ხალხის ნაკადთან შერწყმა, თავაწეული და სახეანთებული სეირნობდა. ავიწყდებოდა ყველა და ყველაფერი, გონს რამდენიმე ქუჩის მოშორებით ეგებოდა, რის შემდეგაც ნაბიჯაჩქარებული შინისკენ გაუტევდა ხოლმე.
მერე ნელ–ნელა უფრო შორსაც დაიწყო სიარული. ნახევარ ქალაქს გაივლიდა ჩაფიქრებული. ადრე თუ მისი ოცნების არეალი წარმოსახვითი სამყარო იყო, ადამიანებს, ჯადოსნურ არსებებს თუ თვითონ ასხამდა ხორცს, სრა–სასახლეებს აგურ–აგურ თუ თავისი ყოვლისშემძლე ხელით აშენებდა, ახლა დიდი ძალდატანება აღარ ჭირდებოდა მის ფანტაზიას, ირგვლივ ყველაფერი რეალური იყო და არც თუ ისე ცუდად და საშიშად გამოიყურებოდა. ტროტუარზე მდგომი ყვავილების გამყიდველი ფერმკრთალი გოგონა ვარდებით მორთულ ფაიტონში მჯდომი მზეთუნახავი ხდებოდა, ფეხსაცმლის მწმენდავი პატარა ბიჭი მის დანახვაზე იჩოქებდა და თაყვანისმცემელთა ბრბოდ იქცეოდა, მთელი დღე წინ და უკან სიარულით  დაღლილი უბნის რწმუნებული კი გზაზე გამოჩენისთანავე მის დამცველად და იმედად, ათასკაციან არმიად გადაიქცეოდა ხოლმე.
დადიოდა ასე გაღიმებული და სახეგაბადრული ჩვენი ვალიკო ქალაქის ქუჩებში და მის–და უნებურად გამვლელ–გამომვლელთა ყურადღებას იქცევდა. ზოგი ჩერდებოდა, ინტრესით გააყოლებდა თვალს მთელი დიდებულებით, ამაყად თავაწეულ,  ძველმანებში გამოწყობილ მოსეირნე ახალგაზრდა კაცს, ხელს ჩაიქნევდა და გზას აგრძელებდა, ზოგი კი მოურიდებლად იწყებდა სიცილს და ძმა–ბიჭებს თვალის ჩაკვრით მისკენ მიანიშნებდა ხოლმე. ვალიკო კი ამდენ მასზე მიშტერებულ ადამიანს ვერ ამჩნევდა, მისეირნობდა და ტკბებოდა ბედნიერების იმ რამდენიმე საათით, რომელიც ცოლის სახლში დაბრუნებისთანავე დასრულდებოდა.
კიდევ ექვსი–შვიდი წელი გავიდა და ქვეყანაც აირია. ცოლის შეშინებული ლაპარაკიდან იმდენი კი გაიგო, რომ ომი იყო, ფრთხილად უნდა ყოფილიყო, ამდენი აღარ  უნდა ეწანწალა გარეთ. ერთი–ორჯერ თვითონაც მოკრა თვალი ვალიკომ, უწვერული ბიჭები ავტომატებით და დროშებით ხელში რომ დარბოდნენ წინ და უკან. სინდისი დავიწყებოდა ხალხს და თითქოს პირი შეუკრავთო, ყველა ერთად შეშლილიყო.
დაბნეული იყო ჩვენი ვალიკო, ძალიან დაბნეული და შეშფოთებული, მაგრამ ცოლის გაფრთხილების მიუხედავად, ჩვეულებას ვერ ღალატობდა და რამდენიმესაათიანი შეუსვენებელი კითხვის მერე ისევ სასეირნოდ გადიოდა, თვალები და წარმოსახვა ჰქონდა დასარწყულებელი.
ერთი ასეთი სეირნობის შემდეგაც ოინი მოუწყო ბედისწერამ. ამაყად რომ მიაბიჯებდა ქუჩაში, მოულოდნელად წინ ოთხი ავტომატიანი, წვერგაბურძგნული და შავსათვალეებიანი ბიჭი აესვეტა. ერთი ახედ–დახედეს და იქვე მდებარე იტალიურ ეზოში შეათრიეს. კედელს ააკრეს, ყველა ჯიბე ამოუბრუნეს და რომ ვერაფერი უნახეს, სულ იარაღის კონდახებით დაუბეგვეს გვერდები და თავ–პირი.
დასისხლიანებული და პერანგჩამოფლეთილი გამოლასლასდა ქუჩაში ვალიკო, მაგრამ ყურადღება არავის მიუქცევია, მზერაგაყინული გამვლელები მის დანახვაზე ნაბიჯს უფრო უჩქარებდნენ და მახლობელ ეზოებში უჩინარდებოდნენ.
რის ვაი–ვაგლახით მიაღწია სახლამდე. გიორგი სკოლიდან ახალი დაბრუნებული იყო. უკვე გარდატეხის ასაკში გადამდგარი მისი შემხედვარე ბიჭი ადგილზე გაშეშდა, გაფითრდა და საკუთარი უსუსურობის გრძნობის გამო იყო თუ სიმწრისგან, მუშტები მომუჭა და უხმოდ ატირდა. მერე თითქოს გამოფხიზლდაო, მოიაზრა და მამას ტაშტით წყალი მოუტანა, თავისი ხელით ჩამობანა სახიდან შემხმარი სისხლი და საწოლზე გადააწვინა.  სწრაფად და ჩუმად მოქმედებდა, ერთი სიტყვაც არ უთქვამს, მაგრამ სკამზე ჩამომჯდარმა იქვე, მაგიდის ფეხზე მიყუდებული თავისი ჩანთა რომ დაინახა, თითქოს ის იყოო ყველა ბოროტების სათავე, ჯავრის ამოყრა მოუნდაო, ისეთი ძალით ამოცხო წიხლი, რომ წიგნები და რვეულები მთელ ოთახში მოიფანტა.
შინ დაბრუნებულმა ზინამ ქმრის დასიებულ და ჩალურჯებულ სახეს რომ მოკრა თვალი, ერთი წამოიკივლა და მივარდა, ხელზე დაეჯაჯგურა, თითქოს ღრმა ძილიდან უპირებსო გამოღვიძებას და რყევა დაუწყო. მაგრამ ვალიკო გაშეშებული იწვა და არც კი კვნესოდა, არა-თუ ხმას იღებდა. მიშტერებოდა ჭერზე ერთ წერტილს და  თვალსაც კი არ ახამხამებდა თითქმის.
ეს იყო და ეს.  შინიდან ფეხი აღარ გაუდგამს ზინას. სამუშაო ჭირსაც წაუღიაო და რაც აქამდე დააკლო პატივი და მოფერება ქმარს, ამ დღეებში აანაზღაურა ლამის, –თან ყვებოდა, ეფერებოდა, ცივ–ცივ საფენებს ადებდა შეშუპებულ ადგილებზე და ჩუმ–ჩუმად ტიროდა.
თვენახევრიანმა მზრუნველობამ თავისი შედეგი გამოიღო და დადუმებულმა ვალიკომ თვალშიც გამოიხედა და თანდათან ენაც ამოიდგა. ჯერ ჯოხით და მერე უჯოხოდ დაიწყო სიარული. მაგრამ რად გინდა, საფიქრალი და სანერვიულო მოემატა ოჯახს: რაღაც აბდა–უბდას ლაპარაკობდა და ვერაფერს უგებდნენ.  მზეთუნახავის გასათავისუფლებლად რომ მივდიოდი, ცხრა დევი დამესხა თავს, მუგუზალივით ელვარე თვალები ჰქონდათ, ერთიანად ბანჯგვლიანები იყვნენ და ეშმაკებივით ხარხარებდნენო; ცხრა დღე და ღამე მაწამეს, მაგრამ ვერ გამტეხეს, ხერხი ვიხმარე და გამოვეპარეო; ცხრა ზღვა რომ გადმოვცურე და მეცხრე მთაც რომ გადმოვლახე, მოვაღწიე ჩემ ციხე–სიმაგრემდეო; ცოტაც მოითმინე, წითელქუდა და მოვდივარ, ეგ ვაშლი არ მოკბიჩოო; გალავნის დაცვა გააძლიერეთ და ქუდზე კაცი იხმეთ, უნდა შევებრძოლო და ჩემი სამეფოდან უნდა გავდევნო მტრები, მერე მეფის ასული უნდა გავათავისუფლოო. სავარცხელს გადავაგდებ და დევები აფეთქდებიანო. – ხან დალაგებულად ყვებოდა ამბებს, ხან კი სხვადასხვა ზღაპრებს ერთმანეთში ურევდა.
ზინამ ჯერ ერთ ნაცნობ მკითხავს მიმართა დახმარების სათხოვნელად, მაგრამ ამ ამბიდან რომ არაფერი გამოვიდა, მეზობელ სტომატოლოგს გაასინჯა. ექიმი, მე მტკივან კბილებს ვმკურნალობ, ნაღრძობ ტვინს კი არაო, არაფრის დიდებით არ იღებდა, მაგრამ ქალის დაჟინებულმა მუდარამ გაჭრა, შენი ჭირიმე, სადა მაქვს ნასწავლი პროფესორის ფული, საჭმელს ვეღარ ვყიდულობო და მანაც დაუსვა უცებ დიაგნოზი, პაციენტის გასინჯვის გარეშე და ერთი თვალის შევლებით: სუფთა ჰაერზე სეირნობა და სიმშვიდე უშველისო.
საღამოს დედა–შვილმა იმის განსჯა დაიწყო, რა ეშველათ ჭკუაზე გადამცდარი ვალიკოსთვის. ბევრი იმსჯელეს თუ ცოტა, იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ სოფელში უნდა დაბრუნებულიყვნენ, ამ სისხლითა და დენთის სუნით მოწამლულ ჰაერზე აღარც ავადმყოფს დაედგომებოდა და აღარც ჯანმრთელს.
მაინც ძალიან ყოყმანობდნენ, ვაითუ ვალიკოს დედ–მამას ჯერ კიდევ არ განელებოდა რისხვა და ქუჩაში აღმოჩენილიყვნენ ისევ. ბოლოს ზინამ თავი იმით დაიმშვიდა, ვინ იცის, უკვე შენი ჭირიც წაიღეს, ათი წელი მაინც იქნება, რაც მათზე აღარაფერი მსმენია, ადრე მხვდებოდა ჩვენსოფლელი ქალი და ის მიყვებოდა  მათ ამბებს და ახლა კი აღარაფერი ვიცი მათზეო. საბოლოო გადაწყვეტილება მიიღეს და დაბრუნება გადაწყვიტეს.
დილიდანვე შეკრა ზინამ ბარგი, დიასახლისს ანგარიში გაუსწორა თავისი გამოთვლებით, ბოლო ერთი თვის ქირა მოაკლო და ქვრივის წყევლა–კრულვის ფონზე აჩქარებით გაუყვა მთელი ოჯახი სადგურისკენ მიმავალ გზას, რომ მათი რაიონისკენ მიმავალი საღამოს მატარებლისთვის მიესწროთ.
ბოლო თოთხმეტი წლის განმავლობაში, ვიდრე ვალიკოს ოჯახი ქალაქში ცხოვრობდა, მშობლებს, ნათესავებს და მათ ამბებს მოწყვეტილი,  სოფელში ბევრი რამ მომხდარიყო. საწყალ გიორგი ბაბუას მაინც ბევრი ენერვიულა, რომ შვილი ასე ღვთის ანაბარად გააგდო ქუჩაში ცოლ–შვილით და არაფერი ისმოდა მისგან. არც მკვდრებისა იცოდა რამე, არც ცოცხლებისა. შვილისგან წერილის ექვსწლიანი ამაო ლოდინის შემდეგ თვითონ გამგზავრებულიყო მათი ამბების შესატყობად აღზევანს. ცოლ–შვილს დიდი პატივით დაეკრძალა მოხუცი სოფლის სასაფლაოზე. ვალიკოს უფროსი ძმის, დათოს ოჯახი მის დაბრუნებამდე ერთი წლით ადრე გადახვეწილიყო სხვა ათასობით ქართული ოჯახივით რუსეთში იღბლისა და ბედნიერი ცხოვრების საძებრად. ცხოვრობდა ნაზიკო ბებია მარინასა და მის უკვე  ტანსა და საულვაშეზე ღინღლაყრილ გიორგისთან ერთად.
ვალიკოზე დაბოღმილ მარინას, თითქოს გიორგი ბაბუას დაღუპვას ელოდაო, მოქმედება დაუწყია. დიასახლისივით დატრიალებულა გასვენების დღეებში, გამწარებულ ოჯახს გვერდში ამოდგომია, ხუთი დღის განმავლობაში სამძიმარზე მომსვლელ–წამსვლელისთვის პატივისცემა და ყურადღება არ მოუკლია. სამზადისში მიუღია აქტიური მონაწილეობა, ქვაბებიც უხეხია, ცოცხიც დაუკავებია ხელში და  თავისი კულინარიული ნიჭით ხომ ყველა გაუოცებია.  გასვენების დღეს კი მის მოთქმასა და ტირილს ისეთი თანაგრძნობა გამოუწვევია, როგორ ყვარებია მიცვალებულიო, რომ ნაზიკო ბებიას დაუტირებია ქმრისთვის, ნეტაა მარინე გვეთხოვაა ჩვენი შვილისთვიიიის, როგორ გავაუბედურეეთ და ის ეშმაკის კერძი როგორ ვუთხოვეეეთ, ისე სად გადაგვიკარგა შვილიიიი, რომ დღეს არ დაგტირიიის და ბოლო გზაზე არ მიგაცილეეებს, ჩემო გზაზე თვალდარჩენილო ქმაროო–ო.
ორმოცზეც უყოჩაღია მარინას და წლისთავზეც,  არც შუალედებში მოუკლია ნაზიკოსთვის ყურადღება, სანუგეშებლად და ორი წვეთი ცრემლის დასაღვრელად არაერთხელ გაყოლია ქმრის საფლავზე. ერთ–ერთი ასეთი შემთხვევის დროს კი მოხუცის მკლავებში თავჩარგულს წაუტირებია, ვალიკოს მეტი კაცი არ მინახავს, ტყუილია, რასაც სოფელში ჩემზე ჭორაობენ, მისი და თქვენი ოჯახის სიყვარულით ჩემ ბავშვსაც ცხონებულის სახელი ამიტომ დავარქვიო.
ერთ მშვენიერ დღეს ნაზიკოს დათოსთვის გამოუცხადებია, მარინე ჩვენთან გადმომყავს საცხოვრებლად, როგორც ჩემი დაკარგული ბიჭის ქვრივი და ჩემი ქმრის სეხნია, ჩემი შვილიშვილის დედაო. ბევრი უკამათიათ ოჯახში. შვილს უთქვამს, ეგ კახპა ამ სახლის ზღურბლს ვერ გადმოაბიჯებს, ისიც ეყოფა, ცხონებულ მამას გასვენებაზე მაგისთვის რომ არ მეცალაო, მაგრამ ჯიუტ ნაზიკოს მაინც თავისი გაუტანია. დათოც ბედს შეგუებია და პირში წყალი ჩაუგუბებია.  ასე დასახლებულა მარინა ვალიკოს მშობლიურ სახლში.
ზურგს უკან მოჩიფჩიფე სოფლის დედაკაცებისთვის ყურადღება არასოდეს მიუქცევია მარინას, არც ქუჩაში გამოფენილი კაცები გამოულანძღავს, მის დანახვაზე  ხმადაბალ სტვენას რომ იწყებდნენ და მოურიდებლად რომ ათვალიერებდნენ ხოლმე მუშტრის თვალით. მოითმინა და მოიგო. მოგვიანებით სოფელში ასეთი გამოთქმაც გავრცელდა, ,,მოთმინებითა მისითა, ბოზი პატარძლად მოირთაო.“
ვალიკოს ოჯახის დაბრუნების დროს პატარა აურზაური ნამდვილად მოხდა. ნაზიკო ბებია ტირილით ჩაეხვია დაკარგულ და უკან დაბრუნებულ ცხვარს, მის ბატკანსაც, მაგრამ რძლის დანახვაზე მაინც შეკრა კოპები, თუმცა ხმა არ ამოუღია.  ზინამ და მარინამ ერთმანეთის ლანძღვა დაიწყეს უშვერი სიტყვებით, მაგრამ უკვე ოჯახში პატივით და დედა–დიასახლისის უფლებით მოსარგებლე მოხუცის მკაცრ მზერაზე ორივე გაჩუმდა, მხოლოდ თვალებით აგრძელებდნენ ბრძოლას და ცხადი გახდა, რომ ქალების ასეთი მტრული გამოხედვა არავის  უქადდა რაიმე კარგს.
ნაზიკო ბებიას სახელდახელო განკარგულებით ვალიკოს ოჯახი სახლის პირველ სართულზე მდებარე იმ ორ ოთახში დასახლდა, სადაც რუსეთში გადასახლებამდე ვალიკოს ძმა დათო ცხოვრობდა ცოლ–შვილით. მარინა და მისი გიორგი მეორე სართულზე, ბევრად უფრო კეთილმოწყობილ ოთახში რჩებოდნენ ნაზიკოს ოთახის მეზობლად. მიწის ნაკვეთიც ორად გაიყო, ბოსელიც, ეზოც. სიმბოლურ საზღვარს ეზოში სარეცხის თოკი წარმოადგენდა, ბაღში – ერთრიგად ჩარგული ვაშლის ხეები და ბოსლის გაყოფაც არ გაჭირვებიათ, – მეორე მხრიდანაც დაუყენეს კარი, საიდანაც, ერთი კვირაც არ გასულა, რომ ზინამ უბეში გამოკრულ ქისაში დიდი ხნის ნაგროვები ფულით ორი მაკე ძროხა იყიდა და ამაყად შერეკა ბოსელში. მთელ ამ მოზომვით სამუშაოებს ნაზიკო ხელმძღვანელობდა და ყველას გასაკვირად, რძლებიც მდუმარედ ემორჩილებოდნენ მის გადაწყვეტილებებს.
ვალიკო კი სრული გულგრილობით აკვირდებოდა მთელ ამ პროცესს, თითქოს ვერც ამჩნევდა, რა ხდებოდა მის ირგვლივ. თავის ზღაპრულ სამყაროში ჩაღრმავებულიყო და ორღობეში ჩავლილ და მოთვალთვალე მეზობლის დედაკაცებში თავისი დაკარგული მზეთუნახავის ამოცნობას ცდილობდა. ინტერესით აკვირდებოდა მარინას გიორგისაც, მაგრამ ვერაფერი გაეგო და დიდად არც თავს იკლავდა იმაზე ფიქრით, ვინ იყო ეს ბიჭი, გამჭოლი მზერით რომ მისჩერებოდა.
ზინას გიორგიმ რამდენჯერმე სცადა მასზე თვეებით უფროს, სეხნია ნახევარძმასთან გამოლაპარაკება, პირველ ხანებში უხაროდა კიდეც, რომ ასე მოულოდნელად, თითქოს ღმერთმა გამოუგზავნაო, დედმამიშვილი გამოუჩნდა, თან თავისი კბილა, მაგრამ როცა სრულიად გულგრილ დამოკიდებულებას გადააწყდა, ხელი ჩაიქნია და მოეშვა. ისე აუვლიდნენ ხოლმე ერთმანეთს გვერდს, თითქოს ვერც კი ამჩნევდნენ ერთი–მეორის არსებობას, მაგრამ ზინას გიორგი ამ დუმილს გულში მტკივნეულად განიცდიდა, მამისგან გამოყოლილი სიკეთე და მიამიტობა არ აძლევდა ძმაზე ცუდის გაფიქრების უფლებას, მარინას გიორგი კი ყოველ ამ ჩამოთრეულების დანახვაზე, მათი ხმის, ნაბიჯების გაგონებაზე უფრო და უფრო მეტად იღუშებოდა და კაცმა არ იცის, რას იხვევდა გულის ბნელ კუნჭულებში.
ვალიკოს ჯანმრთელობაც თითქოს სულ უფრო და უფრო უმჯობესდებოდა. აშკარად უხდებოდა მშობლიური სოფლის სუფთა ჰაერი. ხანდახან ზინას დაესაქმებოდა კიდეც, როცა პირი ამქვეყნისკენ ჰქონდა, როცა გამოგონილი სამეფოს ხელმწიფე არ იყო და ასეთ დროს ხან ძროხებს გაირეკავდა საძოვარზე, ხან კი ახალგამოჩეკილ  წიწილებს ყარაულობდა, კაჭკაჭებს რომ არ მოეტაცათ. იშვიათად ხვნა–თესვაშიც მონაწილეობდა.
უკვე ხშირად შეხვდებოდით ვალიკოს სოფლის ბირჟაზე, უსაქმურ თანასოფლელებთან ჩამომდგარსა და ზღაპრულ ქვეყანაზე მოლაპარაკეს. მეფეს გაუმარჯოს, მეფესაო და ახსნევინებდნენ გუდის პირს. ისიც ხალისით ყვებოდა ქალაქის ამბებს. მსმენელებს კი უჭირდათ რეალობისა და მისი ფანტაზიის ნაყოფის ერთმანეთისგან გამიჯვნა, მაინც მოჩვენებითი ინტერესით აყოლებდნენ მეფის ასულ მზეთუნახავზე, რომელიც ყვავილებს ჩუქნიდა გამვლელებს, ცხრა დევზე, ამ მეფის ასულისკენ მიმავალს გზა რომ გადაუკეტეს და აწამეს, თუმცა ამ უკანასკნელ ამბავს კი უხალისოდ და ცოტა მოღუშული ყვებოდა ხოლმე. მაინც ალაპარაკებდნენ, რომ მეტი საჭორაო მისცემოდათ, მის არყოფნაში ენა გულიანად მოეფხანათ და ეს არეული წუთისოფელი ვალიკოს ამბებზე გულის გადაყოლებით ცოტა მაინც გაეხალისებინათ.
ეს სოფელიც, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა, ჭორიკანა და ამავე დროს გულჩათხრობილი, უსაქმური და ამასთანავე გამრჯე ხალხით იყო დასახლებული. თითქოს მეტი სალაპარაკო და საქილიკო არაფერი ჰქონდათ, სადაც თუნდაც ორ ადამიანს დაინახავდით, ძნელი მისახვედრი არაა, თუ ვისზე ექნებოდათ გაჩაღებული სჯა–ბაასი და სიცილ–კისკისი. დღე ერთი იყო და სოფელში ვალიკოს ან მისი უკვე დიდი ოჯახის რომელიმე წევრის ხსენება – ათასი.
შარაზე ჩავლილი მწყემსი აივანზე გადმომდგარ თანასოფლელს ახალი დღის გათენებას ამ სიტყვებით ახარებდა: ისეთი დილა გაგთენებოდეს, ვალიკოს რომ ყოველღამ ესიზმრებაო! თანამოსაუბრე კი ომახიანად გადმოსძახებდა მწყემსს: გაიხარე და ღმერთმა ისეთი ბარაქა მოგცეს, ისე გიმრავლოს ცხენ–ძროხა, ვალიკოს თავლებში რომ არიან ათასობითაო. ორივე გადაიხარხარებდა და ახლა სხვა მხრიდან ისმოდა: თალიკო, თალიკო, შენი ჭირიმე, შენი გოგილო გამეგზავნოს, ბავშვს ვერ ვაძინებ და ვალიკო მომიყვანოს, ზღაპარს მაინც მოუყვება ბავშვს და დაეძინება, ღმერთს ეგ მაინც მეტი არაფრისთვის უქნიაო; სუფრის თამადა მშვიდობის ან სამშობლოს სადღეგრძელოზე მოღუშული თანამეინახეების შემხედვარე, მათ გასამხნეველად და გასახალისებლად მოულოდნელად დაურთავდა, ისე ტკბილად და ბედნიერად გვეცხოვროს, ისეთ აყვავებულ ქვეყანაში, ვალიკოს თავისი ტვინის უჯრედებში რომ გაუშენებიაო. მთელი სუფრა უცებ გამხიარულდებოდა და ვიღას ახსოვდა წინა საღამოს მოსმენილი ცუდი ამბები; ერთი მეზობელი მეორეს ნაღვლიანს და მოღუშულს რომ დაინახავდა, გადასძახებდა, რა კოპები შეგიკრია ვალიკოს და მარინეს გიორგისავითაო; უშნოდ გაცინებულ ან უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდნილი თანასოფლელის დანახვაზე ერთი მოერეს ეტყოდა, ამას შეხედე, რა ვალიკოს და ზინას გიორგისავით გადმოუყრია ღოჯებიო ან ერთი ამას უყურე, რა ვალიკოს და ზინას გიორგისავით მოუხერხებელიაო. სოფლის გასასვლელში მდგომი უსაქმურები მეზობელ სოფელში მიმავალ მეგობარს თუ დაინახავდნენ, ისეთი დრო გეტარებინოს, თითქოს ვალიკოს მარინეს შესწოლიხარ საბნის ქვეშაო; ქალები თავიანთ ცელქ ბიჭებს მიაწყევლიდნენ, რა იქნება, ვალიკოს ზინასნაირი ცოლი შეგხვდეს, ჩვენი ჯავრი ამოიყაროსო; ვინმეს ძაღლი თუ მოუკვდებოდა და ბირჟაზე ახალი ლეკვის გამოკითხვას დაიწყებდა, ვალიკოსთან მიდი, ეზოში ორი ისეთი ქოფაკი დაუდის, ერთს მაინც დაგითმობსო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.
ასეთი ლაზღანდარობით კლავდა სოფელი დროს, რაკი მეტი სასიამოვნო და კარგი არაფერი ისმოდა არსაიდან. მისდიოდა ოჯახს ეს მოარული ხმები, ქალები იწყევლებოდნენ, ნაზიკო ბებია ჩიფჩიფებდა, ვალიკო ვერც კი ხვდებოდა, რომ მასა და მისიანებზე იყო ლაპარაკი, ბიჭები კი იღუშებოდნენ და გულში იგროვებდნენ ამდენ დაცინვასა და შეურაცხყოფას.
ერთხელ, ადრიან გაზაფხულზე, მარინა ეზოში სარეცხს ფენდა. ნაზიკო ბებია ახალჩამოსვენებული, ბრმა ტყვიით მოკლული თანასოფლელის სამძიმარზე იყო გვერდით უბანში გადასული, ბიჭები კი სკოლის მერხებს უსხდნენ. ზინა წყაროზე იყო თეთრეულის გასავლებად. მის კონტროლირებად ტერიტორიაზე კუნძზე მიმჯდარი ვალიკო მზეს ეფიცხებოდა და ძვლებს ითბობდა. ყურადღებასაც კი არ აქცევდა მისი მოთვალთვალე ქალის გამომწვევ გამოხედვას. მარინა ხან ზურგით მიტრიალდა მისკენ და წინ გადაიხარა, ხან პირდაპირ თვალებში ყურებით ისე გადმოიწია წინ, რომ კინაღამ მადისაღმძვრელი ძუძუები გადმოუცვივდა მოღეღილი პერანგიდან. მისჩერებოდა ვალიკო და რეაქცია არა ჰქონდა, თითქოს არაფერი ხდებაო. ქალმა ვეღარ მოითმინა, ჯერ მიმოიხედა, თვალსაწიერზე რომ ვერავინ დალანდა, ვალიკო, ბიჭო, მოდი აქაო,–დაუძახა.  კაცი ზლაზვნით წამოიწია და მისკენ წავიდა. ცოტა მოშორებით გაჩერდა და ინტერესით მიაჩერდა. ნუ გეშინია, არ შეგჭამ, ახლოს მოიწიეო,–ქალმა. მიუახლოვდა. სარეცხის თოკს მიღმა მდგარი მარინას ცხელი სუნთქვა სახეზე სასიამოვნოდ ელამუნებოდა. ქალმა უყურა, უყურა გაშეშებულ და უმოქმედო ვალიკოს, მერე ხელი გამოართვა და ნაზად მოეფერა. კაცმა გაიღიმა და ჯერ შენი მესამე დავალება არ შემისრულებია, დევები ისევ ცოცხლები დაიარებიანო, – მიუგო და თავი დახარა დარცხვენილმა. რა დროს დევებია, კაცო, სურვილით ვიწვი, ბიჭი ხომ ისევ ისეთ ჯანზე გყავსო და მარცხენა ხელი შარვალზე ამოუსვა. ვალიკოში მამაკაცმა დაიწყო გაღვიძება, მაგრამ ამ დროს, სრულიად მოულოდნელად, ჭიშკარი ზინამ შემოაღო. მხარზე შემოდებული, გავლებული თეთრეულით სავსე ტაშტი განზე მოისროლა და მათკენ გამოვარდა კივილით. ვალიკო დაფეთდა, იმდენს კი მიხვდა, რომ რაღაც საშინელება უნდა მომხდარიყო და ეზოდან გავარდა, თავქუდმოგლეჯილი გაიქცა ტყისკენ.
ქალები ძუ ვეფხვებივით ეკვეთნენ ერთმანეთს. თმებში წაავლეს ერთი–მეორეს ხელები და სიმბოლური საზღვრის აქეთ–იქიდან დიდი წეწვა–გლეჯა ატყდა. მალე სარეცხი თოკი, გასაშრობად გაფენილი ზეწრების სიმძიმისგან ისედაც ჩაწეული, რომელსაც ხან ერთი ქალი გადაეკიდებოდა და ხან – მეორე, ჩაწყდა. წონასწორობა ვეღარ შეიკავეს და მიწაზე გაგორდნენ. ფრჩხილები და კბილები ჩართეს ბრძოლაში. მიწაზე კოტრიალობდნენ და ხან ზინა მოექცეოდა ზემოდან, ხან – მისი მეტოქე.
ხმაურსა და წივილ–კივილზე ეზოში შემოცვენილ მეზობლებს ასეთი სანახაობა გადაეშალათ თვალწინ: ძირს ჩამოყრილ, უკვე ჭუჭყიან ზეწრებში გახვეული ორი თმაგაწეწლილი ქალი ერთმანეთს სახეს ახოკავდა და ფრჩხილებითა და კბილებით ერთი–მეორის ყელისკენ იწევდა. რის ვაივაგლახით გააშველეს და ორივე თავთავიანთ ოთახებში შერეკეს.
ამ შემთხვევის შემდეგ ზინამ ვალიკოს კონტროლი დაუწყო. მეზობელთანაც კი არ გადადიოდა მის გარეშე. როგორც იტყვიან, კაბის კალთაზე გამოიბა. ტყეშიც კი არ გაარეკინებდა ძროხებს, თუ მარინა სახლიდან გასული ეგულებოდა, – ვაი–თუ ჩემ ქმარს ტყეში დაუხვდესო.
აქამდე თუ ფარული ბრძოლა მიმდინარეობდა მეტოქეებს შორის, ახლა მოქმედებაზე გადავიდნენ და აღარ ერიდებოდნენ ერთმანეთის ხმამაღლა წყევლასა და მეზობლებთან გაკიცხვას. მოკლედ სოფელს გახალისების კიდევ ერთი საბაბი მიეცა. აღარც დაჩაჩანაკებული დედამთილის ჩუმ დაცაცხანებას აქცევდნენ დიდ ყურადღებას, ქვეყანას ესმის, ოჯახს თავს ნუ ჭრითო. მის სიტყვებს ყურად როგორ იღებდნენ, როცა მოხუცს ცალი ფეხი უკვე სამარეში ჰქონდა და მართლაც, რძლების მორიგი  გაშველების დროს წნევამ დაარტყა და სული უფალს მიაბარა.
ცხოვრება კი გრძელდებოდა. აქამდე საზღვრის უკანონო გადაკვეთას თუ არ ჰქონდა ადგილი, მოხუცი დედამთლის გადანაწილებულ კარ–მიდამოს თუ ჩუმად პატრონობდნენ, თავ–თავიანთ კუთვნილს ჯერდებოდნენ, მისი სიკვდილის შემდეგ უკვე ერთმანეთს ყოველ გოჯ მიწის ნაკვეთსა თუ ყოველ ხის ნერგზე ედავებოდნენ.
მარინა ბედს შეეგუა, რომ ვალიკოს ვეღარ გადაიბირებდა და მთელი ცხოვრება ცოცხალი და არშემდგარი ქმრის ქვრივი უნდა ყოფილიყო. თანდათან ბოროტდებოდა ყველასა და ყველაფერზე. მისი ერთადერთი ნუგეში კოპებშეკრული შვილი იყო, რომელიც დედაზე მეტად ვერ იტანდა შემოხიზნულებს. ქალიც ცეცხლზე ნავთს ასხამდა, უამბობდა გიორგის ტყუილ–მართალს, ვალიკოსა და მისი ოჯახის წინააღმდეგ ამხედრებდა.
მიამიტი და უტვინო გოგო ვიყავი, კეთილის და ბოროტის გარჩევა არ შემეძლოო. მამაშენი მომიჯდებოდა გვერდზე და თავზე ხელს მისვამდაო. რა ვიცოდი, რომ გულში ცუდი განზრახვა ედოო. ერთ დღესაც შემაცდინა და მარტო მიმაგდოო. მუცელი რომ წამომეზარდა, მამაჩემმა თმებით მათრია და მკლავდაო. მეზობლებმა გამოსტაცეს ჩემი თავი ხელიდანო. მას შემდეგ აღარ მელაპარაკება, გული არც შენმა დაბადებამ მოულბო და მეც ამიტომ გავხდი იძულებული, შენ თავზე ჭერი მომეძებნა და ნაზიკოს კერას შემოვკედლებოდიო. როგორი იმედი მქონდა, რომ ჩემი სიკვდილის მერე შენი კუთხე გექნებოდა და შენ ადგილს იპოვიდი ცხოვრებაშიო. ახლა კი ესენი გაგვრეკავენ აქედანაც და წასასვლელი აღარსად გვექნებაო. – მიუჯდებოდა შვილს გვერდზე, გულში ჩაიკრავდა და შუბლს ცრემლებით ულბობდა. მეზიზღებიან, ეგ დებილი მამაჩემი არააო! – სულ უფრო ხშირად წამოვარდებოდა ხოლმე გიორგი და გარეთ გარბოდა. მარინა გაიღიმებდა, წინასწარ ზეიმობდა გულში გამარჯვებას და ხალისიანად იწყებდა ოთახში ფუსფუსს.
ერთ საღამოს, ვალიკოს ოჯახი რომ რამდენიმე თვის დაბრუნებული იყო სოფელში და ნელ–ნელა წელშიც იმართებოდა, ისეთი ამბავი მოხდა, სოფელს რომ პირში წყალი ჩააგუბებინა და თავიც კი გააქნევინა სინანულით.
მარინას გიორგი სახლში შეზარხოშებული ბრუნდებოდა, ორღობეში ასევე შინისკენ მიმავალი მეზობლის რძალი რომ შენიშნა. წამოეწია და ხალისიანად გაუბა ლაპარაკი. ახალგაზრდა ქალმა როცა შეამჩნია, რომ ბიჭი ნასვამი იყო, დიდად არ ესიამოვნა, ნაბიჯს აუჩქარა და ზრდილობისთვის თუ მიუგდებდა პასუხს, თან გაფაციცებით აქეთ–იქეთ იყურებოდა, თითქოს მშველელს ეძებდა და თან ის აფიქრებდა, ხალხი ხომ არ უყურებდათ. გიორგიმ ლაპარაკ–ლაპარაკში ხელ–კავის გამოდება დაუპირა, თუ წელზე ხელის შემოხვევა, რომ სახეში სილაც მოხვდა. გაფითრდა, გაცეცხლდა და ერთი გემოზე შეუკურთხა, შე ბოზო, შენი ასე და ისეო.
ყველას მოკრძალებული და თავდაჭერილი რომ ეგონა მეზობლის რძალი, პირიქით აღმოჩნდა, ისეთი ხურდა დაუბრუნა, ადგილზე გააშეშა და სახეზე მკვდრის ფერი დაედო ბიჭს. დედაშენის და გონებაჩლუნგი მამაშენის ნაბიჭვარი მე ბოზს როგორ მეუბნები, დედაშენივით კაცებს არ ვიცვლი და სადაც შენი შესაფერისი გეგულება, იმას გაებღლაძუნეო.
გამწარდა გიორგი, სისხლი თავში აუვარდა, ხმა ვეღარ ამოიღო. ერთხანს თვალი გააყოლა ნაბიჯაჩქარებულ ქალს, მერე კი გამობრუნდა და ალალბედად გაუტია, თვითონაც არ იცოდა, საით. ფეხები ერეოდა ერთმანეთში და სასმელი უფრო და უფრო ეკიდებოდა. გამწარებული იყო ყველაზე, არ იცოდა, რა ეღონა და პასუხი ვისთვის მოეთხოვა. ერთდროულად საკუთარი თავიც ეზიზღებოდა, დედაც და მთელი სოფელიც.
სად იყო და სად არა, გზაზე ჩვენი ვალიკოც გამოჩნდა. მოდიოდა ბედნიერი სახით და ქვეყანაზე არაფერი აღელვებდა. ერთმანეთს რომ მიუახლოვდნენ, ისე გულიანად შესცინა, რომ ბიჭს მოთმინების ფიალა აევსო, მთელი ამ დროის განმავლობაში ნაგროვებმა ბოღმამ ამოხეთქა და თავი ვეღარ შეიკავა. მივარდა ვალიკოს, გულიანად ურტყა და სულ თავ–პირი დაუსისხლიანა, ყველა უბედურების სათავეს უძახდა, გულიანად აგინებდა, შენი დებილი და გიჟი დედაო.
ხმაურსა და ვალიკოს ყვირილზე ხალხი გამოეფინა ქუჩაში. მიცვივდნენ და მამა გამოტაცეს ხელიდან შვილს. გიორგი შინისკენ გავარდა, ვალიკოს კი არაფრის თავი ჰქონდა, მხოლოდ ხმამაღლა კვნესოდა და ისევ დევებზე ბოდავდა რაღაცებს, ოღონდ ამჯერად მისი საცოდაობის შემყურე თანასოფლელებს აღარ ეცინებოდათ, მხოლოდ თავებს იქნევდნენ სინანულით. ორი კაცი მხრებში ამოუდგა და სახლამდე მიაცილეს.
ზინას გიორგიმ, როცა დასისხლიანებული მამა დაინახა, გამოვარდა ეზოში და ვინ გააკეთა ეს, როგორ გაბედა, თუ კაცია გამოვიდესო, – ყვიროდა. ვალიკოს სახლში მომცილებლები დუმდნენ, არაფერს ამბობდნენ, მაგრამ ამ დროს მეორე სართულის აივანზე მარინას გიორგი გადმოდგა, გულიანად გადაიხარხარა და აქა ვარ, აბა მითხარი, რა გინდაო, – გადმოსძახა.
დიდი გაწევ–გამოწევა ატყდა. ზინას და მარინას კივილი ცას წვდებოდა, ბიჭებს წინ ეფარებოდნენ, არ უშვებდნენ ერთმანეთისკენ, თან გულიანად იწყევლებოდნენ. ვალიკოს მომცილებლებიც არ აკლებდნენ მცდელობას, რომ მოჩხუბარი მხარეები დაეშოშმინებინათ. 
თითქმის ორი საათის განმავლობაში დიდი აყალ–მაყალი იყო ეზოში, ლამის მთელი სოფელი შემოიკრიბეს ხმაურით. ბოლოს და ბოლოს დაცხრნენ და ქალებმა შვილები ოთახებში შეირეკეს. ყველას ავისმომასწავლებელი გრძნობა დაეუფლა; ხვდებოდნენ, რომ ასე ვეღარ გაგრძელდებოდა და რაღაც უბედურება უნდა დატრიალებულიყო.
მთელი კვირის განმავლობაში სიმშვიდე იყო, თითქოს ჩაიარა ყველაფერმა და ზინას გიორგი აღარ აპირებსო შურისძიებას, ავისმომასწავლებელი მოლოდინი გაქრა სოფელში. ახლა მხოლოდ იმაზე ლაპარაკობდნენ, ვალიკო როგორი დაბეჟილი იყო და როგორი საცოდავი სანახავი. აღარავის ეკერა დამცინავი ღიმილი პირზე, როდესაც მას ახსენებდნენ, უფრო სინანულით გააქნევდნენ ხოლმე თავს.
მაგრამ მოსახდენი მაინც ხდება. ადვილი როდია შეურაცხყოფის და ტკივილის დავიწყება. ეშმაკი რომ შეუჩნდება ადამიანს, გინდა ძმა იყოს, გინდა მშობელი, ხელს მაინც ააწევინებს და გამოუსწორებელ საქციელს ჩაადენინებს. როგორც ხე – ფესვებს, კაცის ჭკუა–გონება მოგონებებს ეჭიდება და როგორც იმავე ხის ჩრდილს არ შეუძლია საკუთარი ფესვების დავიწყება, მათ გადაყურებს ზემოდან, ადამიანიც მოგონებებში იქექება, ახსოვს წარსული წყენა და ხის მერქანივით უხდება გული, როდესაც მოწინააღმდეგეს ხედავს.
ზინას გიორგი ტყეში იყო ძროხების მოსარეკად წასული, ძმას რომ გადაეყარა. მარინას გიორგის მოზრდილი მუხა წამოექცია და ტოტებს ასხიპავდა, თან ხალისიანად ღიღინებდა. მხარზე ჯოხგადებული ბიჭი რომ დაინახა, უფრო მეტად მოუმატა ხმას და უფრო შემართებით დაიწყო ცულის ქნევა. გამომწვევი მუქარა იგრძნობოდა მის ყოველ მოძრაობასა და გამოხედვაში. ზინას გიორგიმ ვეღარ მოითმინა და ძმისკენ გავარდა. მარინას გიორგიც დასახვედრად მოემზადა და ცული იქვე ახლოს მიაგდო.
მოსისხლე მტრებივით ეკვეთნენ ერთმანეთს ძმები, გამეტებით იქნევდნენ მუშტებს და წიხლებს. ძირს გორაობდნენ, ხან ერთი მოექცეოდა ზემოდან, ხან – მეორე. მთლიანად შემოეხათ უკვე გასისხლიანებული პერანგები. კაციშვილი არ ჩანდა, რომ გაეშველებინა ან საშველად ვინმესთვის დაეძახებინა. უსაზღვრო იყო მათი სისასტიკე და ალბათ ისე გულიანად არც იომებდნენ მტრის წინააღმდეგ, როგორც ახლა ამტვრევდნენ ერთმანეთს თავ–პირს.
ზინას გიორგიმ იმარჯვა და ძმას ზემოდან მოექცა. ვინმეს რომ ენახა, ალბათ ვერც დაიჯერებდა, რომ ეს ქალაქელი მოუხერხებელი ბიჭი ასეთი მოჩხუბარი იქნებოდა. რამდენჯერმე ზედიზედ დაარტყა ქვეშ მოქცეულ ძმას, მთლიანად შეუღება სახე სისხლით. მარინას გიორგის უკვე თითქმის სულ გამოეცალა ძალა, მალე ალბათ გონებასაც დაკარგავდა, რომ უცბად იქვე, ერთი ხელის გაწვდენაზე მიგდებულ თავის ცულს მოკრა თვალი. დანარჩენი ერთ წამში მოხდა: თავგაპობილი ზინას გიორგი გვერდზე უსულოდ გადავარდა.
ერთ ხანს გაუნძრევლად და თვალდახუჭული ეგდო მარინას გიორგიც მიწაზე. მერე ნელ–ნელა წამოიწია და თავი ხელებში ჩარგო. გვერდით გახედვისაც კი ეშინოდა. არავინ იცის, რამდენ ხანს იყო ასე, ან მის გულში რა ხდებოდა ამ დროს. მხოლოდ მხრები უცახცახებდა. ბოლოს წამოდგა, ფეხათრევით და მხრებში მოხრილმა გაიარა ორასიოდე მეტრი, შემდეგ ნაბიჯს მოუკლო და გაჩერდა. ერთი გაიხედა მშობლიური სოფლისკენ და უკან ტყისკენ გავარდა.
ზინას გიორგი შუაღამისას იპოვეს, როცა მთელი სოფელი ჭრაქებითა და ჩირაღდნებით ხელში ტყეს ჩხრეკდა დაკარგული ძმების საძებრად.
დიდი საცოდაობა ტრიალებდა სოფლის თავზე. უკლებლივ ყველა ტიროდა. აქეთ ზინას ასულიერებდნენ, იქით – მარინას. მხოლოდ ვალიკო ვერ ხვდებოდა ვერაფერს. გაფართოებული თვალებით აკვირდებოდა თანასოფლელებს, დღე და ღამე მის ეზოში რომ ტრიალებდნენ და ტირილით დასიებულ თვალებს ხელისგულებით  უფრო რომ ისრესდნენ. პანაშვიდის ღამეს კი მოულოდნელად გიორგი მოიკითხა, სად არის, ძილის წინ ზღაპარი უნდა წავუკითხოო.
ამის თქმა იყო და არგაგონილი ვაი–უშველებელი ატყდა. ყველაზე გულქვა და ათასჭირნახული ბერიკაცებიც ბოლო ხმაზე ატირდნენ. ვალიკო დაიძაბა, ყურადღებით მოათვალიერა მის ირგვლივ შეგროვილი ხალხი. თითქოს რაღაცას მიხვდა, მეხსიერება დაუბრუნდაო და სად არის გიორგიო, – დაიძახა. მერე ოთახებში სირბილს მოყვა, ვიდრე ცხონებული ნაზიკო ბებიას ოთახში დიდ ტახტზე  არ იპოვა წაბლის კუბოში ჩასვენებული და არაადამიანური ღრიალით გადაემხო ზედ.
დიდი პატივით დაკრძალა სოფელმა გიორგი. თურმე ვერც კი აცნობიერებდნენ, როგორ უყვარდათ ეს კეთილი და უბოროტო ბიჭი, ასეთი ტკივილი რომ დაატეხა თავზე ყველას. ამის შემდეგ იყო, ვალიკოს ოჯახზე ქილიკი რომ აღარავის გაუბედავს. ეგ კი არა, მათ ხსენებასაც კი გაურბოდნენ, თითქოს მათი სახელების წარმოთქმით რაღაც დიდი დანაშაულის თანამონაწილეები ხდებოდნენ.
გიორგის დაკრძალვიდან ერთი კვირაც არ იყო გასული, მარინა რომ დაინახეს ერთი პატარა ჩანთით ხელში სოფლიდან მიმავალ გზაზე დამდგარი. ამის შემდეგ მისთვის თვალიც არ მოუკრავს არავის, არც რამე სმენიათ მასზე. მარინას გიორგიზე ხმა დაირხა, ვიღაცას ომში უნახავსო, მაგრამ ვერც ის ვიღაც მოიძიეს, რომ დაწვრილებით გამოეკითხათ და ვერც ის გაიგეს, რა ბედი ეწია, მართლა იბრძოდა თუ არა და ცოცხალი თუ გადაურჩა საერთოდ ომს. ზინა კი არსებობას აგრძელებდა, დილიდან საღამომდე ცრემლებით ალტობდა შვილის სურათებს და ვალიკოს უვლიდა. თითქოს მხოლოდ იმიტომ რჩებოდა ცოცხალი, რომ უპატრონოდ არ დაეგდო საცოდავი ქმარი.
ვალიკოზე კი აბა რა გითხრათ, დადიოდა ქუჩა–ქუჩა და უფრო და უფრო გაუგებრად ლუღლუღებდა რაღაცებს, მაგრამ მის ნაბოდვარზე უკვე აღარავის ეცინებოდა, პირიქით, როგორც კეთროვანს, ისე ეცლებოდნენ გზიდან. მისი უმეტყველო ღიმილი ყველასთვის სახეში შემოლაწუნების ტოლფასი იყო, ყველას გულში დანაშაულის გრძნობას უღვიძებდა.
ადრე თუ ხანდახან მაინც გამოაღწევდა ხოლმე თავისი გამოგონილი სამყაროდან, გიორგის სიკვდილით მიღებული ტრავმის შემდეგ სამუდამოდ შეიკეტა კარი და მეტად აღარც გამოუხედავს უკან. აღარაფერი ესაქმებოდა იქ, სადაც კეთილი ფერიების არსებობის აღარავის სწამდა.
დევების დამარცხების შემდეგ ბევრი იარა თუ ცოტა იარა ვალიკომ, ერთ სასახლეს მიადგა, სადაც ოქროსნაწნავიანი მზეთუნახავი ელოდებოდა...

ჭირი იქა, ლხინი აქა,
შხამით სავსე ბროლის ჭიქა,
შეიშალა სამყარო და
სადღაც თოფმაც დაიჭექა.
ომიც იყო, ლხინიც იყო,
ზღაპარ იყო, ზღაპარ იყო,
თუ რამ არი ბოროტება,
სიზმარივით გამქრალიყოს.

ნ-ი-კ-ი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 18 მარტი, 2013 06:42:09
#4

ნ-ი-კ-ი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 18 მარტი, 2013 06:44:28
ციყვი ბორბალში                                        #05


ამბობენ, ადამმა და ევამ შიში ჯერ კიდევ იმ დროს შეიცნეს, როცა სამოთხის ბაღში უსაქმოდ დაეხეტებოდნენ და აკრძალული ხილის გასინჯვის სურვილს საკუთარ არსში თრგუნავდნენო.
სხვანი იტყვიან, შიში მიწიერია და საწყისი იმ პირველ ემბრიონში დევს, საიდანაც ადამიანი იშვაო.
ასეა თუ ისე, შიში საშინელი გრძნობაა - ძარღვებს ავიწროვებს, წნევას უწევს, ტვინის ხვეულებში იკირება და ადამიანს სხვა რამეზე ფიქრის საშუალებას არ აძლევს, ბოჭავს და იპყრობს.
მერაბ სულაშვილი უკვე კარგად იყო შეზარხოშებული, როცა ცოლმა დაურეკა, მაკარონა დაიჭირესო. კაცს თავისი მეგობარი არ შესცოდებია, ამაზე არც უფიქრია. საპროცესო გარიგებაზე წავა, დავიღუპე, ნაღდად ჩამიშვებსო, გაივლო გულში და სხეულში საშინელი შიში შეუჯდა.
ამბობენ, ალექსანდრე მაკედონელი მებრძოლებს თავისი რჩეული სპისათვის ასე არჩევდაო: მიუშვებდა ლომს და მეომარს აკვირდებოდა, რა დაემართებოდა - გაფითრდებოდა თუ გაწითლდებოდა... მერაბ სულაშვილს ალექსანდრეს რჩეულ ჯარში არ მიიღებდნენ - ის გაფითრდა, ღაჟღაჟა ლოყებიდან სისხლი დაეწრიტა, ნაცრისფერი დაედო და მთლად გამოფხიზლდა. ჰო, შიში, თურმე, აფხიზლებს კიდეც ადამიანს...
"დამიჭერენ, ციხეში გამჭედავენ, დამენძრა!.."
ჯერ შინ წასვლა დააპირა, მაგრამ უცებ გადაიფიქრა:
"სახლში დამადგებიან... გამთენიისას ლოგინიდან ამაგდებენ... დავიღუპე!.."
რამდენჯერმე ადგა, ისევ დაჯდა, წრიალებდა, ვერ გადაეწყვიტა, რა ექნა. ბოლოს წასვლა არჩია. მეგობრებს არ დამშვიდობებია, როგორც ჩვენში იტყვიან, სუფრიდან გაიპარა.
რესტორნიდან გარეთ გამოსულს ცივმა ნიავმა დაარტყა და ესიამოვნა. ქუჩაში უფრო უსაფრთხოდ იგრძნო თავი.
როგორც წესი, ნასვამი საჭესთან არ ჯდებოდა: მთვრალი მძღოლების მომსახურების სამსახურს ურეკავდა. მართალია, ხარჯი იყო, მაგრამ უხიფათოდ, შარის გარეშე მიჰყავდათ სახლში ის და მისი "ბმვ".
ამჯერად კი სხვაგვარად მოიქცა: მანქანაში ჩაჯდა, დაქოქა, ოდნავ დაძრა, გაჩერდა, ჩააქრო, ისევ დაქოქა.
შიში, თურმე, ადამიანს გონებასაც ურევს.
ბოლოს "ბმვ" მიატოვა და ფეხით გაუყვა ქუჩას. მობილურით მომძებნიანო, გაიფიქრა, ჯერ გადაგდება დაუპირა, შემდეგ გათიშა და ისევ ჯიბეში ჩაიდო.
"სად წავიდე? სახლში არ შეიძლება - იქნებ სადარბაზოში უკვე ჩამისაფრდნენ კიდეც და მელიან," - ფიქრობდა.

ერთი მარტოხელა დედის ძმა ჰყავდა, ბერა ჭელიძე, მეტსახელად ბებერო - კაცი, რომელმაც ნახევარი ცხოვრება ციხეში გალია, ნახევარი კი - ძებნილი იყო. მერაბ სულაშვილს არ უყვარდა მასთან ურთიერთობა,  არ მოსწონდა მისი ძველბიჭური მენტალობა - ცხოვრების ფილოსოფია, მისი უცნაური დამრიგებლური ტონი, იმგვარი, ძველი ჯიბგირი ახალბედას რომ ასწავლის. თანაც ბებერო თავის დისშვილს წამდაუწუმ ფულსა და "ვინდოუსის" გადაყენებას სთხოვდა, მაგრამ ახლა, როცა გაუჭირდა, ყველაზე სანდოდ ის მიიჩნია. ტაქსი გააჩერა და ხუდადოვზე წამიყვანეო, მთრთოლვარე ხმით უთხრა მძღოლს.

მერაბ სულაშვილი ერთხანს გამომცემლობა "ხიბლის" კომპიუტერულ ცენტრში მუშაობდა დიზაინერად. შემდეგ, როცა გამომცემლობა გაკოტრდა და დაიხურა, საკუთარი ბიზნესი წამოიწყო: ყაზბეგის გამზირზე პატარა ფართი იქირავა, ქსეროქსის აპარატი, ფერადი პრინტერი და ორი კომპიუტერი დადგა და ორი თანამშრომელი აიყვანა. "ასლების გადაღება, ფოტოების ბეჭდვა, დიზაინი, კომპიუტერული მომსახურება", - მოკრძალებული ასოებით ეწერა ოფისის აბრაზე.
მერაბი და მაკარონა - შმაგი მაისურაძე თანაკლასელები იყვნენ. დიდი მეგობრობა არ ჰქონიათ - მაკარონა სხვა სტილის იყო, უფრო თავხედი, შარის მოყვარული და ძველი ბიჭების ამფსონი. მათი საქმიანი ურთიერთობა ამ ორი წლის წინ დაიწყო:
ერთ დღეს, როცა  მერაბ სულაშვილი მონიტორს მისჩერებოდა და კალენდრის დიზაინზე მუშაობდა, მაკარონა ასლების გადასაღებად ოფისში შევიდა.
ამ დროს სულაშვილის ბიზნესი უკვე სულს ღაფავდა. ოფისის ქირისა და ხელფასებს იქით მეპატრონეს მცირედი თანხაღა რჩებოდა, რაც მისი მოთხოვნების მინიმუმსაც არ ყოფნიდა და დიდ საგონებელში იყო ჩავარდნილი.
თანაკლასელებმა ერთმანეთი მოიკითხეს, საერთო ნაცნობები გაიხსენეს და დაშორდნენ.
ერთი კვირის თავზე მაკარონა ისევ გამოჩნდა, მაგრამ ამ ჯერზე - უკვე საქმიანი წინადადებით:
- მერაბ, - თვალები მოჭუტა, - ერთი საშარო, მაგრამ ფულიანი საქმეა. გარისკავ?
- რა საქმე, აბა, მითხარი!
- მიკიბ-მოკიბვას არ დავიწყებ და პირდაპირ გეტყვი: დღგ-ს ანგარიშფაქტურების დამზადებაზეა ლაპარაკი.
- ყალბი?
- ყალბი, აბა, სახელმწიფო შეკვეთას შენ ვინ მოგცემს?! ტექნიკა გაქვს, საქმე იცი. შენგან მარტო დამზადება იქნება საჭირო. გასაღებით მე გავასაღებ, დანარჩენს მე მივხედავ.
- მაგარი შარი არ არი?
- შარია, მაგრამ, ყველაფერს ჩემს თავზე ვიღებ. ფირმას მე დავარეგისტრირებ, ოპერაციებს შევასრულებ, კლიენტებთან მე გამოვჩნდები, შენ კი მარტო ჩემთან გექნება საქმე. მიცნობ და იცი, ბოზი რო არ ვარ და კაცურად მიცხოვრია. მოკლედ, ორმოცდაათ ლარს მიიღებ თითო ფაქტურაზე. თვეში ალბათ ასამდე დაგვჭირდება.
მერაბ სულაშვილმა გონებაში ორმოცდაათი ასზე გაამრავლა და მაგარი ფულიაო, გაიფიქრა. ერთხანს ხმას არ იღებდა. შემდეგ, დავფიქრდები, შარიაო, თქვა და, ვითომ საქმისთვის - მონიტორს მიუბრუნდა.
- აბა, იფიქრე, ხვალ გნახავ, - უთხრა მაკარონამ, წავიდა და დატოვა საგონებელში ჩავარდნილი კაცი.
იმ საღამოს მერაბ სულაშვილი შინ რომ დაბრუნდა, ცოლს, ირინეს მოუყვა ყველაფერი. ქალმაც გაამრავლა ორმოცდაათი ასზე, თვალები გაუფართოვდა, აღტაცების დამალვა არც უცდია და ღმერთმა გამოგვიგზავნა ეგ კაციო, ხმამაღლა თქვა.
- რო დამიჭირონ? - შეშინებული სახით შეხედა ცოლს.
- დაგიჭირონ არა, ერთი... ვინც ცხოვრობს, ყველა რისკავს, ვინც არ რისკავს, არის შენსავით.
- მაკარონას სიტყვა გარანტია არ არი, რო გაუჭირდება ჩამიშვებს.
- ვინ გითხრა, რომ გარანტიაა? გარანტირებული არაფერი არ არის! გახვალ გარეთ, მოგხვდება აგური თავში და აღარ ხარ. უნდა გარისკო... თუ ცხოვრობ, უნდა იცხოვრო! ახლა რა, ციხეში არა ვართ? აბა, რა არი? ტანზე არ გვაცვია, თეატრში არ ვყოფილვარ ორი წელია და რესტორანში ერთხელ არ დაგიპატიჟებივარ. შენ რომ მანქანა გყავს, საპოჟნიკები აღარ დადიან ეგეთით. ბავშვი რომ არ გვიჩნდება, მკურნალობის ფული ხომ გვინდა?!
მერაბ სულაშვილი მთელი ღამე ბორგავდა, ჩასთვლემდა თუ არა, მაშინვე ეღვიძებოდა. ძალიან გაიწელა ის ღამე. დილით სამსახურში წასვლამდე ცოლმა ერთხელ კიდევ დამოძღვრა და იმ დღეს მის უნიათო, ძაღლურ ცხოვრებას დაესვა წერტილი.
საქმე რთული არ იყო. თავიდან შაბლონის გაკეთებაზე და ქაღალდის შოვნაზე იწვალა ცოტა, თორემ შემდეგ ყველაფერი იოლად წავიდა. ნომრების შეცვლაღა უწევდა, ეგ იყო და ეგ. მაკარონა კი ყოველდღე ზრდიდა შეკვეთას.
ძალიან მალე სახლი გაარემონტა, ახალი მანქანა იყიდა და კვირა არ გავიდოდა, მეგობრები რესტორანში არ დაეპატიჟებინა. ერთი შეხედვით, ლაღი ცხოვრებით ცხოვრობდა, მაგრამ ციხის შიში მისი ტვინის ნაოჭებში მუდმივად თვლემდა. ახლა კი, როცა მაკარონას დაჭერის ამბავი გაიგო, შიშმა გაიღვიძა და თავის ქალას შიგნიდან დაუწყო მუშტების ცემა.

ღამის თერთმეტი საათი იქნებოდა, ბიძასთან რომ მივიდა. აქეთ-იქით აცეცებდა თვალებს, ზარს თითი რომ მიაჭირა, თან უკან იყურებოდა და ერთი სული ჰქონდა, როდის გაუღებდნენ კარს.
ბებერომ მის სახეზე ფორიაქი მაშინვე შენიშნა და, სანამ ბინაში შეუძღვებოდა, ჰკითხა:
- მოხდა, ბიჭო, რამე?
- მოხდა.
- არა უშავს, დაიკიდე... ყველაფერი კარგად იქნება, - გული გაუკეთა ბებერომ და კონიაკის ბოთლი და ჭიქები გამოალაგა კარადიდან.
მერაბ სულაშვილმა რამდენჯერაც წამოიწყო ამბის თხრობა, ბიძამ იმდენჯერ გააწყვეტინა.
- მოიცა, ჯერ დალიე, დადინჯდი და მერე...
მესამე ჭიქა რომ შესვეს, ბებერომ თავისი გამხდარი ხელი მხარზე მოუთათუნა დისწულს:
- აბა, ახლა დაიწყე...
ამბავი რომ დაამთავრა, მერაბი ბიძას ისე მიაშტერდა, როგორც პაციენტი ექიმს დიაგნოზის დასმისას.
- რა იცი, რო ჩაგიშვებს? ბოზია? რამდენჯერ მითქვამს, ბოზებთან არ უნდა დაიჭირო, ბიჭო, საქმე! თუმცა, ახლა ისეთი დროა, ვერ გაიგებ, ვინ ვინ არის. ბოზების დრო დადგა, ეგენი გრიმიტობენ: ქურდებიც თვითონ არიან, ადვოკატებიც და პროკურორებიც, - ჭლექიანივით ჩაახველა, ქაჩალი თავი მოიფხანა და გააგრძელა, - ცემას ვერ გაუძლებს, ალბათ, ჩაგიშვებს, - თქვა, ადგა, კარადიდან წიგნი გადმოიღო, რამდენიმე გვერდი გადაფურცლა, ბოლოს იპოვა, რაც უნდოდა და დაიწყო:
- ორას მეათე მუხლია, ალბათ, ხუთ წელს მოგცემენ. ამას დაემატება სახელმწიფო რომ აზარალე და მოკლედ - კაი დიდი სროკია.
- ციხეზე საშინელებებს ყვებიან, არ ჩავჯდები...
- ჰო, მაგარი ბოზურია. რომელი ქურდი შენა ხარ? საპროცესო უნდა იჩალიჩო.
- ციხეში არ ჩავჯდები!..
- ვა, როგორც შენ იტყვი, რაღა!.. მაშინ უნდა გაიქცე. პასპორტი გაქვს?
- პასპორტი როგორ არა მაქვს?
- ვის სახელზე?
- ჩემსაზე.
- აუ, დამაქლიავებ, ბიჭო! ამხელა ფულს აკეთებდი და ცხრაასი დოლარი ვერ გაიმეტე?!. ამ ორი წლის წინ სომხური პასპორტი ცხრაასი დოლარი ღირდა, აზერბაიჯანული კი - რვაასი. ზნაჩიტ, საქართველოდან ვერ გახვალ.
- ესე იგი, მაგრად დამენძრა? - მთლად დაკარგა ფერი მერაბმა.
- ბიჭო, რამდენჯერ მითქვამს შენთვის, რომ სამი რამისთვის არ უნდა დაიშუროს კაცმა ფული: პასპორტისთვის, იარაღისთვის და პრეზერვატივისთვის. ესენი კაცს ყოველთვის ჯიბეში უნდა ედოს - ვერ გაიგებ, როდის რომელი დაგჭირდება.
- ესე იგი, მაგრად დამენძრა?
- თუ უკვე ჩაგიშვა, დღეს და ხვალ სადარბაზოსთან დაგელოდებიან. ზეგ ოთარასთან, გამოქლიავებულ ბიძაშენთან დაგიწყებენ ძებნას, შემდეგ - შენს სოფლელ მამიდასთან. მოკლედ, ორი-სამი დღე ჩემთან შეგიძლია დარჩე. მერე უნდა წახვიდე, ისეთ ვინმესთან უნდა წახვიდე, ვისთანაც ბოლო ერთი წელი არ დაგირეკავს, მეილი არ გაგიგზავნია, სკაიპით არ გილაპარაკია, ოდნოებში და ფეისბუქზე მეგობრებში არ გყავს და ვისი არსებობაც შენმა ბოზმა მეზობლებმა და ნათესავებმა არ იციან.
- სად წავიდე? -უფრო საკუთარ თავს ჰკითხა, ვიდრე ბიძას.
- სად უნდა წახვიდე? რა ვიცი, აბა. მაყუთი გაქვს?
- ორი ათას ლარამდე სახლში მაქვს და ერთი ხუთი ათასი - ბანკში,  - მერაბმა იცრუა, ბანკში ოცდაათი ათასი ჰქონდა.
- შენს სახელზეა, თუ ირინკასი?
- ჩემზე.
- გამაგიჟებ, ბიჭო! ასეთ საქმეს ქაჩავ და ბანკში ფული რამ შეგატანინა?! ჩათვალე, რო, რაც ბანკშია, შენი არ არი, ვერ გამოიტან, ადგილზევე აგიყვანენ, - ბებერომ თავი გააქნია, სიგარეტი საფერფლის კიდეს მიაჭყლიტა და გააგრძელა, - მანქანა შენზეა?
- არა, ცოლზე.
-ხვალ ირინკას ტექპასპორტს წავუღებ, წერილიც გამატანე, ფული რო მომცეს. ორი ათასი ერთი-ორი თვე, ალბათ, გეყოფა. იქნებ, მერე მანქანაც გაყიდოს და როგორმე მოგაშველოთ.

მეორე დღეს ბებერომ ათასი ლარი მიუტანა.
- შენმა ირინკამ ბრძანა, მთელი ფული რო გავატანო, მეც ხო მინდა ცხოვრებაო.
- ოჰ, შენი... - ამოიხრიალა მერაბ სულაშვილმა. მის სხეულში შიში და ბრაზი ერთმანეთს შეეზილა და გაფითრდა.
"სად წავიდე? სად დავიმალო? ვის შევეხიზნო? ვინ მიმიღებს?" - ეს კითხვა აწვალებდა.
მისი გონების ფსკერიდან ამოდიოდნენ დიდი ხნის წინ მივიწყებული ადამიანები და სხვადასხვა ჯგუფებად ხარისხდებოდნენ.
ასე ყოფილა: ლხინის დროს რომ გული მიგიწევს, გაჭირვებაში ხშირად იმ კაცს ვერ დაეყრდნობი და უცებ მერაბ სულაშვილი მიხვდა, რომ ადამიანები ორად იყოფიან - ჭირის კაცებად და ლხინის კაცებად. და რადგან ადამიანთა ურთიერთობები მაინც ვაჭრულია, გონებაში ცალკე დაალაგა ხალხი, ვისთვისაც მადლი უქნია, მაგრამ ვერც ერთ მათგანში ვერ იპოვა ის, ვისაც ციხისა არ შეეშინდებოდა, მას შეიხიზნებდა და დამალავდა.
მესამე დღეს დილით თავგზააბნეულმა და ფიქრით დაღლილმა ბიძას უთხრა:
- წავედი, ბებერო.
- მოიფიქრე, სად მიდიხარ?
- კი, მოვიფიქრე.
- არ მეტყვი? - ირონიულად ჩაიცინა ბებერომ და ქაჩალი თავი მოიფხანა, -არა, ნუ მეტყვი, ზედმეტი გრუზია. გუშინ, გასული რომ ვიყავი, ინტერნეტ-კაფეში შევიარე და მეილი გაგიხსენი.
ბებერომ დისშვილს ქაღალდი მისცა და დამრიგებლური ტონით გააგრძელა:
- ამ მეილიდან მომწერ. ქვემოთა ჩემია და გარანტირებულად დაცულია, ჩემი კომპიუტერიდან ერთხელაც კი არ შევსულვარ.
მერაბი ადგა, თავი გაიმამაცა, როგორც შეძლო, მხნე იერი მიიღო  და ბიძას ხელი ჩამოართვა.
- მადლობა, კარგად.
- ჰო, ბიჭო, ქუჩაში აქეთ-იქით ყურებას ნუ დაიწყებ, ადამიანებს ზედმეტად ნუ დააკვირდები და, რაც მთავარია, შიში მოიშორე. განა, მარტო ცხოველები, ადამიანებიც გრძნობენ, კაცს რო ეშინია.
სადარბაზოდან გამოვიდა. უჩვეულოდ კაშკაშა და ხალხმრავალი მოეჩვენა ქუჩა.  თუმცა მალევე დარწმუნდა, რომ არავინ უყურებდა და ცოტა დაწყნარდა. დადიანის ქუჩამდე ფეხით ჩავიდა და შუქნიშანთან უკვე ვეღარ გადაწყვიტა, მარჯვნივ წასულიყო, თუ მარცხნივ. გაჩერებაზე ჩამოჯდა და გაირინდა.

წარსულის მონიტორზე ირეოდნენ ლანდები და მათ შორის იყო ელენე ჭყონია. ახლა, როცა შიშსა და სასოწარკვეთილებას დაეტყვევებინა, ქალი მისი გონების სიღრმიდან ზედაპირზე ამოსულიყო და ყველაზე მგრძნობიარე სიმებისთვის ჩაეჭიდა ხელი. 
"ის რომ მომეყვანა, იქნებ სულ სხვანაირად წასულიყო ჩემი ცხოვრება", - ფიქრობდა.
ასე ყოფილა - ადამიანს როცა უჭირს, წარსულის რევიზიას იწყებს, თურმე.

ამ შვიდი წლის წინ გამომცემლობა ,,ხიბლის” კომპიუტერულ ცენტრში ახალი ოპერატორი - ელენე ჭყონია მიიღეს და მერაბ სულაშვილის ზანტი გონებაც მაშინვე აფორიაქდა. ამ ქალში დაინახა ის, რაც მას აკლდა: თავისუფლება და იუმორი. როცა მერაბმა გაიგო, რომ ქალი განათხოვარი იყო, ეწყინა: ახლობლები არ მოუწონებდნენ მასთან ურთიერთობას. მაინც დაუახლოვდა - რამდენიმე თვე ხვდებოდნენ ერთმანეთს და დაქორწინებასაც აპირებდნენ,  რომ მერაბ სულაშვილის თვალსაწიერში გამოჩნდა სხვა ქალი - ირინე მოდებაძე, მისი ახალი მეზობელი. ის იმ ქალთა კატეგორიას მიეკუთვნებოდა, რომლებიც მამაკაცს სიყვარულის აბლაბუდაში უცებ აბამენ, ფიქრის საშუალებას არ აძლევენ  და სანამ კაცი გონს მოვა, მისი სახლის დიასახლისები ხდებიან.
მერაბს ელენესთვის ეს ამბავი თვითონ არ უთქვამს. შვებულებიდან რომ დაბრუნდა, მობუზული, გალახული ბავშვივით შევიდა ოფისში. თვალებში ვერ უყურებდა ყოფილს. თანამშრომლებმა, ალბათ, ქალური გამოჯავრების გამო, ოვაციებით მიულოცეს გაბედნიერება და მერაბი ამ დროს დაპატარავდა, გაილია, დადნა.
შესვენებაზე ელენემ დერეფანში დაიმარტოხელა.
- არაფერს მეტყვი? - უთხრა ქალმა.
კაცი ერთხანს ხმას არ იღებდა, საკუთარ ფეხებს მისჩერებოდა.
- ნუ, ეგრე მოხდა... - ამის თქმაღა მოახერხა.
- კარგად... კარგი იყო შენთან... - თქვა ქალმა და ამის შემდეგ სამსახურში აღარ გამოჩენილა.
მერაბ სულაშვილს სიტყვებისთვის - "კარგი იყო შენთან” მაშინ მაინცდამაინც დიდი მნიშვნელობა არ მიუცია. ახლა კი, როცა არ იცოდა, სად წასულიყო, ვის შეხიზნებოდა, ეს სიტყვები ამოიწია მისი მეხსიერებიდან და იმედის ზარივით დაიწყო რეკვა. - მასთან რომ მივიდე, იქნებ მიმიღოს, - ფიქრობდა და რაც დრო გადიოდა, უფრო უმყარდებოდა ეს აზრი. მისთვის მაშინ რომ გეკითხათ, რატომ ამ ქალთან და არა სხვაგანო, დაუფიქრებლად გიპასუხებდათ, რომ ელენე ექვსი წელია, არ ენახა, მეილი არ გაუგზავნია, სოციალურ ქსელებში არ ყავს დამეგობრებული, მობილურით, წლებია, არ დაურეკავს და კონსპირაციის ყველა წესს აკმაყოფილებს. თუმცა მერაბის ეს პასუხი მთლად გულახდილი არ იქნებოდა. ამ გადაწყვეტილების მიღებისას მის ქვეცნობიერში დამალული გრძნობა მონატრებისა უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე კონსპირაცია.
ზანტად ადგა, ტაქსი გააჩერა. ხილიანზე წამიყვანეო, უთხრა მძღოლს, სავარძლის საზურგეს კეფა მიადო და კვლავ დაწყებული ფიქრი გააგრძელა: "პირდაპირ ბინაში ვერ მიადგება, არ ივარგებს - შეიძლება ყვირილი ატეხოს, ან სულაც შეიძლება, კაცი ჰყავდეს და შარში გაეხვიოს. სჯობს, დაბლა ეზოში დაელოდოს, ან სამსახურიდან დაბრუნებულს ნახავს, ან, სულაც, მაღაზიაში რომ ჩამოვა საყიდლებზე... მოკლედ, შემთხვევითი შეხვედრა უნდა გაითამაშოს". ამ ფიქრიდან ჯერ გამოსული არ იყო, რომ ხილიანის ქუჩაზე მივიდნენ.
მანქანიდან გადმოვიდა და ელენეს კორპუსის შემოგარენი ფრთხილად, დაკვირვებით შეათვალიერა. შემდეგ მზერა მეოთხე სართულს შეავლო და ცისფერ ფარდებზე შეაჩერა.
,,მაშინაც ცისფერი ფარდები ჰქონდა და კედლებიც ცისფერი იყო", - გაიფიქრა,
მცირე დროით სადარბაზოს წინ მოჰყვა ბოლთის ცემას, მაგრამ შემდეგ, სახლის წინ ტრიალი სახიფათო ეჩვენა, გაჩერებასთან მყუდრო ადგილი მოძებნა და ჩამოჯდა. აქედან მაღაზიაში ჩამოსულსაც შენიშნავდა და სამსახურიდან დაბრუნებულსაც.
ძალიან გაიწელა დრო, ელენე არ ჩანდა და როცა შებინდდა და მის ფანჯრებში სინათლე აინთო, იმედი მიეცა, ახლა თუ არა, დილაზე მაინც ვნახავო, გაიფიქრა. ცდილობდა, მზერით ფარდებს მიღმა შეეღწია. ძალიან გაიწელა დრო და გვიან, შუაღამისასღა ჩაქრა სინათლე. მჯდომარეს ჩასთვლიმა, მაგრამ ეს არ იყო ძილი, ეს იყო კოშმარული თვალის მოტყუება.
შემოდგომის პირი იყო და გამთენიისას სიცივემ გამოაფხიზლა. ადგა, დაბუჟებული ფეხები დაისრისა, წელში გაიმართა, ფანჯრებს თვალი შეავლო, ტანსაცმელი გაისწორა. პირის დასაბანად წყალს დაუწყო ძებნა და, როცა იქვე მდგომი მანქანის სარკეში ჩაიხედა, ძალიან არ მოეწონა თავი: წვერი წამოზრდოდა, თვალები შეშუპებოდა, მოეჩვენა, რომ შუბლზე ლაქები გასჩენოდა. თვითონ არ მოსწონდა საკუთარი თავი, სხვას ვის მოეწონებოდა? - ერთი პირობა იფიქრა, გასცლოდა იქაურობას, წასულიყო სადმე სხვაგან ან სულაც პოლიციას ჩაბარებოდა, მაგრამ ბოლოს მოერია თავს, რაღაც მანძილი გაიარა, გაიზმორა და ცოტა მხნეობა იგრძნო.
ათის ნახევარი იქნებოდა, ელენე რომ გამოჩნდა. გაშლილი, მხრებზე დაყრილი თმა ჰქონდა, მუქი ლურჯი ქვედაკაბა და პიჯაკი ეცვა - ალბათ, რომელიღაც ოფისის უნიფორმა. უკეთესად გამოიყურებოდა თუ უარესად, მერაბი ამას ვერ გეტყოდათ, მაგრამ ელენე აშკარად გამოცვლილი მოეჩვენა.
ამ ქალის თავისებურება ის იყო, რომ ემოციის დამალვა არ შეეძლო, უფრო სწორედ, არ ცდილობდა და ეს იყო მისი ხიბლიცა და ნაკლიც.
გულდახურულ ადამიანებს ასეთები არ უყვართ, აშინებთ მათი სიმსუბუქე და გახსნილობა.
მერაბი რომ დაინახა, ქალი შეკრთა. მის სახეზე ემოციები წამიერად იცვლებოდა, ბოლოს გაიღიმა, რამდენიმე ნაბიჯით მიუახლოვდა და გაჩერდა.
- რას გავხარ? - პირგასაპარსი, ტანსაცმელი დაჭმუჭნული... რა არი, სახლიდან გამოგაგდეს? - თქვა, შებრუნდა და გზა სწრაფი ნაბიჯით გააგრძელა.
მისმა სიტყვებმა მერაბი დააბნია, უნდოდა დაეძახა ან გაჰყოლოდა, მაგრამ ვერც ერთი მოახერხა და ვერც მეორე. როცა გადაწყვეტილება მიიღო, ქალი უკვე ავტობუსში ადიოდა.
- საღამოს სახლში ხომ დაბრუნდება, დაველოდები, - ჯიუტად თქვა და გაწუწული ძაღლივით აბუზული გაუყვა ქუჩას.
შუადღეს გადასცდა და მერაბს ჯერ კიდევ ვერ გადაეწყვიტა, ელენესთვის რა ეთქვა. ორ ვერსიაზე ფიქრობდა: პირველი იყო, რომ გულწრფელად, ყოველგვარი შელამაზების გარეშე, მოეყოლა თავისი ამბავი და დახმარება ეთხოვა. მეორე, რომლსაც თითქოს უფრო ამჯობინებდა, შემდეგში მდგომარეობდა: ქალისთვის ეთქვა, რომ ცოლს გაეყარა, სახლიდან წამოვიდა და მასთან ცხოვრება სურდა. ამ ორივე ვარიანტს ჰქონდა თავისი ზადი: პირველ შემთხვევაში, თუმცა დარწმუნებული იყო, რომ ქალი პოლიციაში არ დაასმენდა და, ალბათ, დაეხმარებოდა კიდევაც, მაგრამ თავს ძალიან დამცირებულად იგრძნობდა და სიამაყე არ აძლევდა ამ ნაბიჯის გადადგმის საშუალებას. რაც შეეხება მეორე ვარიანტს, მერაბი ფიქრობდა, რომ ქალი, უბრალოდ, არ დაუჯერებდა და ამიტომაც დიდ საგონებელში იყო ჩავარდნილი.

მერაბთან შეხვედრის ელდამ როგორც კი გადაუარა, ელენე მაშინვე მიხვდა, რომ ამ კაცს რაღაც ძალიან უჭირდა. მას ძველი, გამომცემლობა "ხიბლში" ერთად მუშაობისდროინდელი ამბავი გაახსენდა: მერაბმა მაშინ ფირებზე სამასგვერდიანი წიგნი ფერდაშლის შკალის გარეშე ამობეჭდა, რის გამოც დირექტორმა ძალიან უსაყვედურა და ხელფასიდან ფულიც დაუქვითა. ზუსტად ასეთი სახე გაუხდა - ფერდაკარგული, შემცბარი და არეული.
- თავის თავს არა ჰგავს, რაღაც ძალიან უჭირს... მაწყენინა, ცუდი კაცია, მე რა შუაში ვარ, Uუჭირს და უჭირდეს!.. - ფიქრობდა ელენე, მაგრამ, როცა მეხსიერების სიღრმიდან ამოცურდა მასთან გატარებული წუთები და ქალს უნებლიედ ცხვირში შეუღიტინა მისი სხეულის სუნმა, აზრი შეეცვალა: - რაც უნდა იყოს, ამდენი ხნის ურთიერთობა გვქონდა... ცუდად მოვიქეცი, მეკითხა მაინც, რა უნდოდა?

მერაბმა ის დღე ელენეს კორპუსის სიახლოვეს ხეტიალში გაატარა. სამხრობას გადაცილებული იქნებოდა, შიმშილი რომ იგრძნო. ხაჭაპური იყიდა, დაჯდა, რამდენჯერმე ხარბად ჩაკბიჩა და, როცა თავი ასწია, დაინახა, რომ მის წინ ელენე იდგა. მოულოდნელობისგან ლუკმა ყელში გაეჩხირა, უხერხულობისგან გაწითლდა, ხველება აუტყდა. შეშინდა, ქალი არ წავიდესო, სასწრაფოდ რაღაც უნდა ეთქვა, მაგრამ რა - ჯერ ვერ გადაეწყვიტა, ახველებდა და გაუგებარ სიტყვებს ბლუკუნებდა.
- ჩემთან ავიდეთ და იქ მომიყევი, - უთხრა ელენემ, ზურგი შეაქცია და სწრაფი ნაბიჯით შევიდა სადარბაზოში. კუდი არ ჰქონდა მერაბს, თორემ ააქიცინებდა... ძაღლივით გაჰყვა უკან.
- აბა, ისეთი რა გაგიჭირდა, რომ ჩემთან მოხვედი, სახლიდან გამოგაგდეს? - ჰკითხა ქალმა, როგორც კი ბინაში შევიდნენ.
მერაბმა გადაწყვიტა, ქალის თამაშს აჰყოლოდა. "დაე, ისე იყოს, როგორც მას ჰგონია", - გაიფიქრა. შეკითხვაზე პასუხი არ გაუცია, ხმაამოუღებლად ჩაჯდა სავარძელში და ქალის ვარაუდებზე მხოლოდ თავს იქნევდა.
- გამოგაგდო ცოლმა და ჩემს იქით წასასვლელი აღარსად გაქვს, ასეა, თუ მოგენატრე?
მერაბმა ისევ თავი დაუქნია.
- რა თავს იქნევ, თქვი, - გაიცინა ქალმა.
- მომენატრე, - მთრთოლვარე ხმით წამოილუღლუღა და შეეცადა თვალებში შეეხედა, მაგრამ ვერ შეძლო.
ქალმა გადაიკისკისა:
- ისევ ისეთი ხარ, როგორიც იყავი - დაბნეული და მორიდებული. ეტყობა, კარგად ვერ იმუშავა ცოლმა.
მერაბმა ღრმად ამოისუნთქა. - მეშველა, დამტოვებს... თავისთან დამტოვებს, - გაიფიქრა და კიდევ ერთხელ შეეცადა, თვალებში შეეხედა.
- შენი ოფლის სუნს ნეტა თუ შეეზილა იმ ძროხის სუნი, - აგრძელებდა ქალი და მერაბიც მორჩილი ბავშვივით ისმენდა საყვედურებს.
ბოლოს ელენე მიუახლოვდა, თავი კისერთან მიუტანა და ისე მძლავრად შეიყნოსა ჰაერი, რომ მისმა ნესტოებმა სტვენის ხმა გამოსცა. მერე თვალდახუჭული გაირინდა და სახეზე სიამოვნება გამოესახა.
მერაბს უნდოდა წელზე მოეხვია ხელი, მაგრამ ვერ შეძლო, იქნებ ქალს ეს არ უნდაო, გაიფიქრა და დამწყები მეძავივით იდგა ასე გახევებული.
ელენემ მოულოდნელად მხარზე ხელი ჰკრა, ნაბიჯი უკან გადადგა და დაიწყო:
- იცი, სულაშვილო, ქალისთვის რა მწარეა, როცა ამცირებენ, როცა გულს უკლავენ? დღესაც გველის სისინივით მესმის იმ წაკლა ხატიას სიტყვები: "გაბედნიერებას გისურვებ, მერაბჩიკ!" იცი, რა გულისმომკვლელი იყო? შენ რომ გილოცავდა, თან მე მიყურებდა, ტკბებოდა ჩემი არეული, შეშლილი სახის ცქერით. არ შეგეძლო, შენ თვითონ კაცურად გეთქვა? მაგრამ ვერ შეძელი, ეგ შენი სტილი არ არის! ახლაც არ მეუბნები, ჩემგან რას მოითხოვ და გინდა, რომ მე ამოვიცნო. არა,  შენს მაგივრად არ ვილაპარაკებ. თქვი, რა გინდა?!
მერაბი, აქამდე რომ ეგონა, ყველაფერი რბილად და კარგად მიდისო, დაიბნა, მოიბუზა, მზერა ელენეს მუხლებს მიაპყრო. ვერ გადაეწყვიტა, რა ეთქვა.
- რაღაც რომ ძალიან გიჭირს, ვხვდები, მაგრამ ჩემგან რა გინდა ან რა შემიძლია, რატომ არ ამბობ?
ელენე დაჯდა, კაცს დაჟინებით მისჩერებოდა, უნდოდა, მისი მზერა დაეჭირა, მაგრამ მერაბს თავი დაბლა დაეხარა და ჯიუტად არ იღებდა ხმას.
- აბა, ჩემო ბიჭო, გისმენ, - ხმა დაურბილდა ქალს.
მერაბი ერთხანს რაღაც გაურკვეველ სიტყვებს ბლუკუნებდა, შემდეგ, როცა ტყუილს თავი ვერ მოაბა, თავისი გასაჭირი, რაც შეეძლო, მოკლედ მოყვა.
- ბრავო, მერაბჩიკ! - გამხიარულდა ელენე, - ჩემს გარდა, სანდო ვერავინ ნახე? მერე არ გეშინია, რომ ჩაგიშვა?
მერაბი მოიბუზა, დაპატარავდა, ბეჭები სავარძლის საზურგეს მოაშორა და თავი ხელებში ჩარგო.
- რა კარგად მიცნობ, სულაშვილო, და რა კარგად გიცნობ, - აგრძელებდა ელენე, - იცი ჩემი ბუნება... იცი, რომ არ ჩაგიშვებ... იცი, რომ გაჭირვებაში არ მიგატოვებ.
ამ სიტყვების თქმა იყო და მერაბს გულზე მოეშვა, მაგრამ პოზა არ შეუცვლია.
ელენე კი ისევ აგრძელებდა:
- რომ შეგიყვარდე და ცოლს გაგყარო, არ გეშინია? თუმცა ცოლიც ხომ ფეხებზე გკიდია... შენ ხომ, საკუთარი თავის გარდა, არავინ გიყვარს!
ელენე ცდილობდა, რამე ისეთი ეთქვა, რაც მის თავმოყვარეობაზე იმოქმედებდა, რათა კაცს თავი აეწია, შეპასუხებოდა, მაგრამ მერაბი ჯიუტად დუმდა და ელენეს წამიერად მოეჩვენა, რომ ის ტიროდა.
-კარგი, რაც იყო, იყო... მოდი, შევრიგდეთ, - უთხრა და თავზე ხელი გადაუსვა.- შენ რა, ტირი? ვაი, საცოდავი ბიჭი, ისედაც დაიჩაგრა და ჩემი ჩხუბიღა უნდა? აბა, შენი თვალები მაჩვენე, - ელენემ ხელები მის ხელებს წაავლო და შეეცადა, სახიდან მოეშორებინა. მერაბს იმ დროს მართლაც წასკდა ცრემლები, თავი ასწია და სველი უპეები  გამოაჩინა.
- ვაი, ტირის ჩემი ბიჭი. როგორ უჭირს, რა დღეშია...
ქალმა, რათა კაცისთვის  ცრემლები მოეწმინდა და კიდევ რაღაცათა და რაღაცათა გამო, მისი  თავი მკერდში ჩაიხუტა. მერაბმა ძუძუებში ჩარგო სახე და ბავშვივით აზლუქუნდა.

სულაშვილმა სახლში ჩაიბუდა და ქუჩაში  ცხვირს  აღარ ჰყოფდა. ოთხ კედელს შორის თავს უფრო დაცულად გრძნობდა და არ სურდა, იმ ნერვულ-სტრესულ მდგომარეობაში დაბრუნება, რომელიც ადამიანებთან შეხვედრისას ეუფლებოდა. ქალის ერთგულებაში მთლად დარწმუნებული არ იყო და მისადმი რაღაც ეჭვი კვლავ გააჩნდა, მაგრამ გარეთ გასვლის შიში ისე სტანჯავდა, რომ ამ ეჭვს ბევრად აღემატებოდა. ამიტომ არჩია, ელენეს ბოლომდე მინდობოდა. ერთი კვირის შემდეგ ქალს თავისი ელექტრონული ფოსტის მისამართი და პაროლი გაანდო და სთხოვა, წერილები ამოებეჭდა და მიეტანა. თან გააფრთხილა, რომ კონსპირაციის მიზნით, არამც და არამც, სამსახურის კომპიუტერით არ ესარგებლა.
ელენესთვის რომ გეკითხათ, ვერ გეტყოდათ, რა მოსწონდა ამ უნიათო, შეშინებულ კაცში. უნდა ვივარაუდოთ, რომ ქალს მერაბი, გარდა ქალური ვნებისა, დედურ გრძნობასაც აღუძრავდა. ამიტომ იყო, რომ ამ ორ ადამიანს შორის განსაკუთრებული ურთიერთობა ჩამოყალიბდა, რომელიც არც შეყვარებულ ქალ-ვაჟთა სტანდარტულ ჩარჩოებში ჯდებოდა და ვერც ჩვეულებრივ სექსუალურ გატაცებას ვერ დაარქმევდით.

პირველი წერილი, რომელიც ელენემ მოიტანა, ბებეროსგან იყო:

15 სექტემბერი
"გამაგრდი, ბიჭო, მაკარონას ამბავი გავიკითხე და მითხრეს, ჯიგარია, შანსი არ არის, რომ კაცი გააფუჭოსო."

მერაბი ამ წერილმა გამოაცოცხლა, იმედი მიეცა, მთელი საღამო ელენეს სიყვარულს ეფიცებოდა, გარშემო უტრიალებდა და ცდილობდა, რაც შეიძლება მალე ჩაეწვინა საწოლში. დილით ელენესთვის რომ გეკითხათ, გეტყოდათ, რომ მერაბი ლოგინში ასეთი მაგარი არასოდეს ყოფილა.

17 სექტემბერი. პირველი წერილი ირინესგან:
"სად ხარ, მერაბ? მომენატრე."

ეს წერილი ელენეს მერაბისთვის არ უჩვენებია.
"სად ხარ, რა შეკითხვაა? რა, მერაბმა უნდა მიწეროს სად არის, სადაც იმალება? რა სულელი ქალია, უნდა შეაცდინოს ბიჭი", - გაიფიქრა და როცა შინ დაბრუნდა და მერაბის შეკითხვით მომზირალ თვალებს წააწყდა, დაასწრო:
-არა, ჩემო ბიჭო, წერილი არ ყოფილა. ალბათ, ისეთი არაფერი მოხდა, თორემ მოგწერდნენ. გული მიგრძნობს, რომ გადარჩები და ისევ წახვალ, მიმატოვებ... როგორ მინდა, რომ სულ პაბეგში იყო და ჩემთან იმალებოდე, - თქვა, ხელები კისერზე მოხვია, ტუჩები ყელთან მიუტანა და ჰაერი ცხვირით ღრმად შეისუნთქა:
- მაგიჟებს შენი სუნი, ვგრძნობ, რომ მალე მიმატოვებ და ძალიან, ძალიან მომენატრები.

1 ოქტომბერი. მეორე წერილი ირინესგან:
"შვიდში სასამართლოა, მაკარონა ყველაფერს თავისთავზე იღებს, სახლში დაბრუნდი. მომენატრე"

"სულელი ქალი, ჯერ სასამართლო არ ყოფილა და რა იცის, რომ ყველაფერს თავის თავზე იღებს".
ელენემ ეს წერილი ამობეჭდა და ჩანთაში ჩაიდო. ვერ გადაეწყვიტა, მიეცა კაცისთვის თუ არა,  მერყეობდა, ცუდ ხასიათზე იყო, ბოლოს მაინც მისცა. 

2 ოქტომბერი.  მეორე წერილი ბებეროსგან:
"შენი ირინკა ვერ დავითანხმე მანქანის გაყიდვაზე, რომ ფული მოგაშველოთ."

"ხარბი ქალი, მანქანა თავისთვის უნდა! სულ არ ედარდება, კაცი როგორ არის..."
ეს წერილი ელენემ სიხარულით მიუტანა მერაბს. ჭკვიანი ქალი იყო, როდესაც კაცი კითხულობდა და მიმიკა ეცვლებოდა, მას თავისი აზრი არ გამოუთქვამს.

8 ოქტომბერი. მესამე წერილი ბებეროსგან:
"პასპორტს ვაჩალიჩებდი, მაგრამ, მგონი, აღარ დაგჭირდება. მაკარონა სასამართლოზე კაცურად იდგა. 14-შია მეორე დანიშნული. ძალიან დიდი შანსია, გადარჩე."

14 ოქტომბერი. მესამე წერილი ირინესგან:
"მეორე სასამართლო იყო. მაკარონამ არ ჩაგიშვა, ყველაფერი თავის თავზე აიღო. სახლში დაბრუნდი, დებილო!"

"რა თავხედი ქალია, როგორ იქნება მერაბი ამის ხელში," - გაიფიქრა ელენემ და ალბათ, ამ წერილსაც არ მიიტანდა, რომ არა სიტყვა "დებილო".
მერაბმა წერილი წაიკითხა, ძალიან ღრმად ამოისუნთქა და მთელი შიში და სადარდებელი ამოაყოლა.
"გადავრჩი, ღმერთმა მიშველა, თავისუფალი ვარ!" - გაიფიქრა, სავარძლიდან სიხარულით წამოხტა, გამარჯვებულის ყიჟინა დასცა და ამ დროს მისი თვალები ელენეს თვალებს შეეჯახა. ქალი იღიმებოდა, მაგრამ ეს იყო მოწყენილი ღიმილი, ხოლო მისი მზერა სევდიანი - ისეთი, როგორიც შეყვარებულებს განშორებისას აქვთ ხოლმე. მერაბმა აღტაცება დათრგუნა, სავარძელზე მძიმედ დაეცა და შუბლი შეიკრა.
"გადავრჩი, მაგრამ ახლა რა ვქნა?" - გაიფიქრა და  ელენეს შეხედა, მაგრამ ქალის მზერას ვერ გაუძლო, თავი დახარა და ამოიოხრა.
ელენეს გაეცინა.
- ნუ ოხრავ, მერაბჩიკ. შენ ჩემს წინაშე ვალდებული არ ხარ, დაბრუნდი შენს ცოლთან, - თქვა, ადგა და მისი პერანგის გაუთოვება დაიწყო.
- ლამაზად უნდა გამოიყურებოდე, რომ იმ ქალბატონმა არ თქვას, ვინ ოხერთან იყო, რომ არ უვლიდაო.
ქალმა ისევ გაიცინა.
- ეჰ, მერაბჩიკ, მერაბჩიკ, გილოცავ გადარჩენას!
მერაბი ადგა, ხელები წელზე შემოაჭდო და თავისკენ მიიზიდა. ქალმა სახე მოარიდა.
- რა არის, ჩემო ბიჭო, გამოთხოვებისა იყოს?
ის ღამე მერაბი ელენესთან დარჩა. არ გაანაწყენა და უცებ არ წავიდა, მით უმეტეს, გადაწყვეტილი არ ჰქონდა, როგორ გაეგრძელებინა ცხოვრება. მის წინაშე უკვე მეორედ დადგა დილემა: ან ირინე, ან ელენე. პირველად ეს საკითხი მყისიერად გადაწყვიტა და ახსოვს, რომ ცოტა ინანა კიდეც. ახლა სურდა, წასულიყო, შორს ყოფილიყო ერთისგანაც და მეორისგანაც და ეფიქრა.

დილის ათი საათი იქნებოდა, ბებეროს რომ მიადგა. სიფრთხილეს თავი არ სტკივაო და წინასწარ არ დაურეკა.
- შამო, ბიჭო, - ყურებამდე გაიბადრა ბებერო.
მთელი დღე მასლაათსა და კონიაკის წრუპვაში გაატარეს.
- ადვოკატი ამბობს, პროკურატურასთან ვაჭრობა მიდის, ექვს თვეს გვპირდებიანო და კიდევ ორმოცდაათი ათას ლარს გვთხოვენ საპროცესო გარიგებისთვისაო, - თქვა ბებერომ და თვალები მოჭუტა, - ხო იცი, კაცურში მაგისი ნახევარი შენი გადასახდელია. რას იზამ?
მერაბმა ამხელა შიშის შემდეგ ისეთი შვება იგრძნო, რომ ორმოცდაათის ნახევარს გადაიხდიდა კი არა, ბოლო პერანგსაც გაიხდიდა.
- რა უნდა ვქნა და გადავიხდი, ბებერო, - თქვა მხიარულად და ჭიქა აწია, - მოდი, ვინც გაჭირვებაში გვერდში დაგვდგომია, იმ ხალხს გაუმარჯოს!
ბებერომ გაიცინა:
- მგონი, კაცდები.
- ბებერო, - სასმელი მოეკიდა მერაბს, - შენ ჩემი ბიძაც ხარ და ძმაც... უნდა გითხრა, დიდ საფიქრალში ვარ ჩავარდნილი, არ ვიცი, რა ვქნა და შენი მელოტი თავის იმედი მაქვს, ვიცი, რომ კარგად მირჩევ.
ბებერომ თავი მოიფხანა:
- მიდი, მიაწე, თქვი...
- ეს ხანი ქალთან ვიცხოვრე...
მერაბი გაგრძელებას აპირებდა, რომ ბებერომ შეაწყვეტინა.
- გეტყობა, შე ჩემა. კაი მოვლილი ხარ. ჩემ თვალს ეგენი არ გამოეპარება. ეგეთები ბევრი გამომიცდია. იცხოვრე და შეგიყვარდა, არა?
გადაიხარხარა და გააგრძელა:
- "ტულუნიდან" სულ ცხრა კაცია გაქცეული, მათ შორის ერთი მე ვარ. პაბეგი ავწიე და შენსავით ქალს შევეხიზნე. დღესაც მახსოვს. რა ქალი იყო, იცი? ლენა ერქვა. რა ტუჩები, რა ძუძუები... ვალერა სოხუმსკი გამოვიდა სვიაზზე და საქმეზე გაყოლა მთხოვა. უარი ვერ ვუთხარი, ავტორიტეტობდა. სუფთა გასაფუჭებელი საქმე იყო. შტერი ვიყავი და მაინც გავყევი. ის ქალი დღესაც გულში მიზის. იმის შემდეგ კიდევ ცხრა წელი ვიჯექი... ცხრა ძალიან ბევრია, მაშინ გავმელოტდი. რო გამოვედი, ქალი გაბრადიაგებული დამხვდა. - ბებერომ ხელი თავზე დაირტყა და გააგრძელა. - შენა ეხლა ეიფორიაში ხარ, ხო იცი, ეიფორია რაც არის - შენს რამსებზე ვერა ხარ. უცებ არაფერი გადაწყვიტო. ცოლს არ გაეყარო. თუ გინდა სიმართლე იცოდე, გეტყვი: ქალი ქალია - დიდი ბედენა არ არის.

მერაბი რამდენიმე დღე ბებეროსთან დარჩა და სახლში მერეღა მივიდა. ირინე სიხარულით ჩამოეკიდა ყელზე და საყვედურებით აავსო: რა იყო, სად იყავი ისეთში, რომ მეილი ვერ წაიკითხე და ერთი წერილი ვერ გამომიგზავნე? გავწყდი ქალი ნერვებზეო.
იმ ღამეს ლოგინში მერაბს ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს მათ შორის ელენე იწვა და დიდი არაფერი ღამე გამოუვიდათ.
სამიოდე დღეში დარწმუნდა, რომ ამ ქალთან ცხოვრება ძნელი იყო, ერთ კვირაში კი შეუძლებლად მოეჩვენა. ამგვარ დამოკიდებულებას ირინეც უწყობდა ხელს. მეორე დღესვე რაღაც წვრილმანზე იჩხუბეს, ხოლო კონფლიქტმა კულმინაციას მაშინ მიაღწია, როცა ირინემ გაიგო, რომ მერაბი მაკარონას ოჯახისთვის ოცდახუთი ათასი ლარის მიცემას აპირებდა.
- შეიშალე ჭკუიდან, თუ რა არის? უფულო გინდ ციხეში ყოფილხარ და გინდ გარეთ, რა მნიშვნელობა აქვს? - დაიწყო ირინემ და აღარ გაჩერდა.
"ჩიტი ნარზე იჯდა და აქშას ელოდაო".
- მორჩა, შენთან ცხოვრება შეუძლებელია, - თქვა მერაბმა და სახლიდან წამოვიდა.
შენნაირი დებილი გინდ მყოლია, გინდ არაო, დაადევნა უკან ირინემ.

მერაბი ელენესთან არ წასულა, საცხოვრებლად ბებეროსთან გადავიდა და მეორე დღეს მასთან ერთად შეხვდა მაკარონას ადვოკატს. ადვოკატი, ვითომ დიდი რამის მაქნისი იყო, თავის ქებას მოყვა:
- თქვენი მეგობარია, არა? რაც შეიძლებოდა მაქსიმუმი გავაკეთე. ერთი თვეა, უკვე ზის, ხუთ თვეს კიდევ იჯდება, ორმოცდაათი ათასს გადაიხდის და თავისუფალია. მერწმუნეთ, რომ ორმოცდაათი მიზერია იმასთან, რა დანაშაულიც მაგას აქვს. ახლა მთავარია, მისმა ცოლმა არ გაიგიჟოს თავი და ბოლომდე მომყვეს.
მასთან სასაუბროდ დიდხანს არ დარჩენილან, ყველაფერი გასაგები იყო და მაკარონას ცოლის სანახავად წავიდნენ.
ორმოცდაათი ათასიო, აწუწუნდა თამრიკო, ბინას თუ გავყიდით, თორემ, სხვა რა ვქნათ, მაგის ნახევარი რომ ყოფილიყო, კიდევ შევძლებდითო.
თამრიკო მაკარონას ანტიპოდი იყო: ზედმეტად წყნარი და ბრიყვი ქალის შთაბეჭდილებას ტოვებდა და მერაბი მიხვდა, რომ ქალმა მისი და მაკარონას საქმიანი ურთიერთობის შესახებ არაფერი იცოდა.
-ნუ გეშინიათ, ქალბატონო თამრიკო, ყველაფერი კარგად იქნება. თუ ნახევრის გადახდას შეძლებთ, მეორე ნახევარში ჩვენ შეგეხიდებით, - ანუგეშა და ქალსაც თვალები სიხარულით გაუფართოვდა.

მერაბი ერთხელ კიდევ შეხვდა ირინეს, მაგრამ საუბარი ამჯერადაც არ გამოუვიდათ:
- წადი, წადი, მაგრამ სახლიდან ვერაფერს წაიღებ! მანქანაც დატოვე, მერაბ სულაშვილო, თორემ ციხეში გაგჭედავ, შე თაღლითო, კრიმინალო, შენა!
მის სიტყვებზე კაცს შიში შეუჩნდა და ძარღვებში სისხლი გაეყინა. ნაღდად ჩამიშვებს, არ დამინდობსო, გაიფიქრა.
-გახსოვდეს, რომ შენ ჩემი საქმეების თანამონაწილე ხარ, -კბილებში გამოსცრა, ჯიბიდან მანქანის ტექპასპორტი და გასაღები ამოიღო, მაგიდაზე დააგდო და ზურგი შეაქცია.
იმავე დღეს ელენესთან გადაბარგდა. ქალმა, არ იცოდა, სიხარულით რა ეკეთებინა. სადღაც, გულის სიღრმეში, კი იმედოვნებდა, რომ დაუბრუნდებოდა, მაგრამ ეს ყველაფერი ასე მალე თუ მოხდებოდა, ვერც კი იფიქრებდა. არ უკითხავს, ცოლთან რა ლაპარაკი ჰქონდა, რატომ დაშორდა. იცოდა, რომ მერაბს ირინეზე საუბარი არ სიამოვნებდა და მოერიდა.

გადიოდა დღეები და კვირები. ქალისა და მამაკაცის ურთიერთობები თანდათან  ტიპიურ მოსაწყენ ხასიათს იღებდა.
მერაბმა სცადა, ბიზნესი ფეხზე წამოეყენებინა: მომსახურების ფასები დასწია, გახუნებული აბრა გამოცვალა, მაგრამ ამ მცდელობას არავითარი შედეგი არ მოჰყოლია - ქირის ფულს ძლივს გამოდიოდა. ერთ დღესაც მიხვდა, რომ ოფისი უნდა დაეკეტა და ასეც მოიქცა. სახლში გადაბარგდა და ოთხკედელშუა მოსაწყენ და დამამცირებელ ცხოვრებას შეუდგა.
თავიდან ელენეს მოსწონდა კიდეც, კაცი მასზე რომ იყო დამოკიდებული, მაგრამ შემდეგ თანდათან აზრი შეეცვალა და რამდენჯერმე წაიწუწუნა კიდეც.
ერთ კვირა დღეს იმერული ესკიზები გადიოდა საპატრიარქოს ტელეარხზე.
"-აბა, ბავშვებო, რა სარგებლობა მოაქვს მამალს?
- ჩინჩლავს, მასწავლებელო..."
ელენემ გადაიკისკისა და ფილმის პერსონაჟებს გამოაჯავრა:
"- აბა, ბავშვებო, რა სარგებლობა მოაქვს მერაბ სულაშვილს?
- ჩინჩლავს, მასწავლებელო."
ქალმა კვლავ გადაიკისკისა. მერაბს გულზე მოხვდა. არ დაბოღმილა, მაგრამ ეწყინა და მასში უმუშევრად დარჩენილი კაცის კომპლექსმა იჩინა თავი.

სანამ მაკარონა ციხიდან არ გამოვიდა,  მერაბ სულაშვილი ბოლომდე მაინც ვერ დაწყნარდა. შიშს მის სხეულში ფესვები იმდენად ჰქონდა გამდგარი, რომ ასე იოლად ვერ ამოითხრებოდა. განსაკუთრებით მაშინ შემოაწვებოდა ხოლმე ეს გრძნობა, როცა ელენე სამსახურში იყო და ის ოთხკედელშუა მარტო რჩებოდა. 
მაკარონაც მალე გამოვიდა, ერთი-ორი დღე ოჯახში გაატარა, შემდეგ რესტორანში ციხიდან გამოსვლის აღსანიშნავი სუფრა გაშალა და მერაბიც დაპატიჟა. იმ საღამოს საქმეზე არ ულაპარაკიათ, მეორე დღეს შეხვდნენ ერთმანეთს.
- კაცურად დამიდექი გვერდზე, - მადლობა გადაუხადა მაკარონამ.
- რისი ვალდებულიც ვიყავი, ის გავაკეთე. შენ მოიქეცი კაცურად, ძმაო, - გაეცინა მერაბს, - ალბათ, გაწამეს მაგ კეთილძაღლებმა.
- აუ!.. ნუ იკითხავ, მაგარი ბეზპრიდელია... ორი კვირა ფეხზე ვერ ვდგებოდი. მე მაგათი...
მერაბმა თავი გააქნია და შეეცადა, თანაგრძნობა გამოეხატა.
- ეგ არაფერი, რაც იყო, იყო... ახლა როგორ ვიცხოვროთ, ძმაო? გავიგე, ოჯახი გამოგიცვლია, კანტორა დაგიკეტავს... ამ ექვს თვეში მაგდენი როგორ მოასწარი? რამე ახალი წამოიწყე?
- არა, რა ახალი? ვარ ქალის ხარჯზე და თავი მეზიზღება.
- ეჰ, მეც ვალები მადევს კისერზე და არ ვიცი, რა ვქნა. ძველ საქმესაც ვერ გავაგრძელებთ. ვიღას რაში სჭირდება ჩვენი ქაღალდები? ახლა, თურმე, ანგარიშფაქტურებს ელექტრონულად უგზავნიან ერთმანეთს.
მერაბი ამ საუბრისთვის კარგა ხანია, მზად იყო და გეგმაც ჰქონდა დალაგებული:
- რა ვიცი, შეიძლებოდა, შმაგი, მაგრამ კლიენტები თუ დაგრჩა, საქმე ეგ არი.
- ბიჭო, კაცი არ ჩამიშვია და ძველი კლიენტების მეტი რა არის?
- მაშინ პრობლემაც არ ყოფილა.
- როგორ?
- ყალბი პირადობის მოწმობა გვინდა. ვინმეს ნაღდი სახელითა და გვარით, პირადი ნომრითა და მისამართით. მაგის გაკეთებას კი არაფერი უნდა - ერთი პრინტერი, ლამინირების აპარატი და დანარჩენი მე ვიცი.
- მერე, მერე, - თვალები გაუფართოვდა მაკარონას.
- ვაფუძნებთ შპს-ს. დამფუძნებელი იქნება დირექტორიც. ვდგებით დღგ-ს გადამხდელად და მერე კლიენტებია საჭირო, რო ჩათვლები გავუკეთოთ. ეგ არის და ეგ. ყოველი თვის ბოლოს შემოსავლების სამსახურში შეგვაქვს წერილი, რომ დღგ-ს გადასახადი გადაგვივადონ. ბანკში ფულს არ ვაჩერებთ და ვწელავთ დროს, სანამ ანგარიშს არ დაგვიყადაღებენ. მთავარია, კლიენტებმა არ ჩაგვიშვან, თორემ უფრო დახვეწილი სქემაა, ვიდრე ყალბი ანგარიშფაქტურები. ჩვენ ოფიციალურად არსად გამოვჩნდებით.
მაკარონა თავიდან ვერ გაერკვა, მაგრამ მერაბმა რომ კარგად აუხსნა, აღტაცება ვერ დამალა:
- ექვს თვეში, ძმაო, რამდენი რამე მოგისწრია, ქალი გამოგიცვლია და საქმეზეც გიფიქრია, ყოჩაღ, მაგარი ხარ! - შეაქო მეგობარი ჩვეული ირონიით.
მერაბი სახლში დაბრუნდა და თავისი ჩანაფიქრი ელენეს გაანდო. ქალი გაირინდა, თავი მაღლა ასწია, ჭერს მიაშტერდა, შემდეგ დაძაბულობა სახიდან მოიშორა, მერაბს ჯიქურ შეხედა და თქვა:
- რა ვიცი, მერაბჩიკ, მაკარონა სანდოა. ჩემი ხელფასი პურის ფულად ძლივს გვყოფნის. შვიდი თვეა, ერთად ვცხოვრობთ და არ ვორსულდები, ექიმის ფულია საჭირო, კიდევ უამრავი რამ გვჭირდება, მაგრამ მე ვერაფერს გირჩევ, შენ თვითონ უნდა გადაწყვიტო.
ამ სიტყვებმა სულაშვილს ირინე გაახსენა და გულში ირონიულად ჩაეცინა.

მერაბი და მაკარონა საქმეს გეგმის მიხედვით მიჰყვებოდნენ. ყალბი პირადობის მოწმობა დაამზადეს, ფირმა დააფუძნეს. ძველი კლიენტები მონახეს და მათ ანგარიშზე ფულმა იწყო შემოდინება. მერაბსაც განწყობა გამოეცვალა, გარეგნულად უფრო ლაღი და თავისუფალი გახდა, თუმცა, ციხის შიში მისი ტვინის ხვეულებში ღრმად იყო ჩაბუდებული და მაშინ ამოიწეოდა ხოლმე, როცა მარტო რჩებოდა, ამიტომ სულ იმას ცდილობდა, ვიღაც გვერდში ჰყოლოდა. ძველ ამფსონებს დაუკავშირდა და თითქმის ყოველ საღამოს რესტორანში ატარებდა დროს.
ერთ დღესაც ბიძას ეწვია. ბებერომ ჩვევას არ უღალატა, კონიაკი დაასხა, სადღეგრძელო თქვა, მოტვლეპილ თავზე ხელი მოისვა და თვალებმოჭუტულმა გამომცდელად შეხედა:
- ჩემთან უსაქმოდ არ მოხვიდოდი, ძალიან "დელავოი ვიდი" გაქვს.
მერაბს გაეცინა.
-ჰო, ბებერო, სომხური პასპორტი მინდა, რო მიჩალიჩო.
ბებერომ გადაიხარხარა.
- მაკარონა გამოვიდა და ძველი საქმე დაიწყეთ, არა? ეგრეც ვიცოდი.
- საიდან იცოდი?
- მაგას რა ცოდნა უნდა, შვილო, ამ ხნის კაცი ვარ, რა არ მინახავს და რა არ გამომიცდია... წამალს ხო მაგარი ლომკა აქვს, მაგრამ ერთ თვეში რბილდება, ორ-სამ თვეში ქრება. აი, ფულს მიჩვეული კაცი, ფულს რო დაკარგავს, ლომკა ეგ არი. ეგრე მალე არ გადადის, პირიქით, დღითიდღე უფრო ძლიერდება.
- ალბათ, - თავი დაუქნია მერაბმა.
დაღამებამდე კონიაკი წრუპეს და მერაბი იძულებული იყო, ბიძის მენტორული საუბრისთვის ესმინა, რომელიც უკვე მაინც და მაინც თავს აღარ აბეზრებდა. გამომშვიდობებისას ბებერომ ჩვევას არ უღალატა და უკან დაადევნა:
- ყალბი პასპორტი, იარაღი და პრეზერვატივი ყოველთვის ჯიბეში უნდა გედოს, ბიჭო! წინასწარ ვერ გაიგებ, როდის რომელი დაგჭირდება...

ნ-ი-კ-ი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 18 მარტი, 2013 06:45:14
დიალოგი  საქართველოს  სულთან                              #06


    -გამარჯობა  გიორგი!
    -გაგიმარჯოს  ვინ  ხარ?
      -ამას  მალე  გაიგებ.
      -დამენახვე  ვინ  ხარ  და  გამაგებინე  რა  გინდა.
      -დროს  ხომ  არ  გართმევ?
      -კი  მართმევ.
      -დრო  ყველაზე  დიდი  რესურსია  არა?
      -ხო  მასეა.
      -ეს  ფრაზა  2  წლის  წინ  ეკონომიკის  სახელმძღვანელოში  ხომ  არ  ამოიკითხე?
      -დავუშვათ  იქ  ამოვიკითხე  რა  მერე?
      -არაფერი,  არაფერი.  გეთანხმები,  დრო  მართლაც  საოცარია.  კლდეც  კი  იშლება  დროთა  განმავლო- ბაში. ვარსკვლავებიც  კი  წყვეტენ  ნათებას.  დროს  ვერც  წინ  გადაახვევ  და  ვერც  უკან.  ბავშვობას  კი  არა  გასულ  წუთს  ან  სულაც  გასულ  წამსაც  კი  ვერ  დააბრუნებ  უკან  ისევე  როგორც  ნათქვამ  სიტყვას  და  ისევე  როგორც  თოფიდან  გავარდნილ  ტყვიას.  თუმცა  მეცნიერებას  რას  გაუგებ  შეიძლება  ეს  უკანასკნელი  დააბრუნონ  ან  გზაზე  მაინც  შეაჩერონ.  მაგრამ  არ  ჯობდა  ამ  დაზეპირებული  სიტყვის  ”რესურსის”  მაგივრად  გეთქვა  ”დრო  ყველაზე  დიდი  სიმდიდრეა”  ან  ”დრო  ყველაზე  ძვირად  ფასობს”?
      -რას  და  როგორ  ვიტყვი  ეს  ჩემი  საქმეა.  შენ  კი  მოვალე  ხარ  ამიხსნა  ბოლოსდაბოლოს  ვინ  ხარ  და  რა  გინდა.
      -შენ  თვითონ  ვინ  ხარ?
      -მგონი  უკვე  იცი  ჩემი  სახელი.
      -გიორგი  რომ  გქვია  და  ფეხის  ზომა  42  გაქვს  ეს  მშვენივრად  ვიცი.  ეხლა  ის  მითხარი  ვინ  ხარ,  რას  წარმოადგენ,  რა  გინდა  ცხოვრებისგან,  რას  ითხოვ  მისგან  და  რას  სთავაზობ  მას  მაგიერს,  რა  მიზნები  და  რა  ამოცანები  გაქვს?  რა  გტკივა  და  რა  გახარებს?
    -ჯერ  მხოლოდ  20  წლის  ვარ.  ამისდამიუხედავად  წარმატებებიც  მინახავს  და  მარცხიც. სიხარულიც  და  იმედგაცრუებაც.  ჩემი  მიზანი?  კარგი  ოჯახი  და  კარგი  სამსახური,  ჩემ...
    -დაიცა,  დაიცა,  ”კარგი  ოჯახი  და  კარგი  სამსახური”  ისევ  დაზეპირებული  და  დაშტამპული  სიტყვები.  ასეთი  მინიმალისტი  ხარ  ბიჭო?
    -არ  დამიმთავრებია  მინდა  ისე  ვიცხოვრო,  რომ  ჩემს  ქელეხში  შესანდობარს  რომ  დალევენ  გულში  არ  გამლანძღონ  ეს  რა  შენდობის  ღირსი  იყოვო.
    -მაგას  ცოტა  არავუშავრა,  მაგრამ  დაზუსტება  აკლია, ყველას  ვინც  კი  რამეს  წარმოადგენს  მაქებარიც  ჰყავს  და  მაძაგებელიც.  მთავარი  მათი  რაოდენობა  კი  არაა  მთავარი  ისაა  თუ  ვინაა  მაქებარი  და  ვინ  მაძაგებელი.  კარგი  ეს  მიზანი  ასე  თუ  ისე  გადავაგორეთ  ოცნება  რაღაა  შენი?
    -პირადი  ოცნებებიც  მაქვს  მაგრამ  მაგრამ  ამაზე  ჯერჯერობით  თავს  შევიკავებ.  ისე  კი  მინდა  ჩემი  სამშობლო  ვნახო  გაერთიანებული.  თუ  ოცნებაა  ოცნება  იყოს  და  მოდი  გაერთიანებულში  ტაო-კლარჯეთს  და  ყველა  მიტაცებულ  ტერიტორიას  ვიგულისხმებ.  მინდა  რომ  ამ  გაერთიანებულ  საქართველოში  აღარავინ  კვდებოდეს  შიმშილით,  უწამლობით,  აღარავინ  იტანჯებოდეს  უსამართლოდ  ციხეში  ან  ნემსის  ქურდობაზე  არ  ჰქონდეს  მისჯილი  პედოფილისთვის  გათვალისწინებული  წლები.  14  წლის  ბიჭებზე  აღარ  ძალადობდნენ  ციხეში.  ხალხი  აღარ  გარბოდეს  საზღვარგარეთ,  თავის  შვილის  პირველ  სიტყვებს  სკაიპით  არ  ისმენდეს,  მონიტორზე  დამაგრებული  ვებკამერით  არ  ადავნებდეს  თვალს  იმას  თუ  როგორ  დგამს  პირველ  ნაბიჯებს  მისი  შვილი.  მშობელი  შვილის  გაზრდაზე  კი  არა  აღზრდაზე  ფიქრობდეს.  ყოველღამე  იმაზე  დარდით  კი  არ  იტკიებდეს  თავს  დღეს  კარგი,  გვქონდა  რაღაც  ხვალ  რაღა  ვაჭამო  ბავშვებს  ნეტავ  თუ  მასესხებს  მავანი  და  მავანი  ორიოდე  კვირით  ფულსო,  არამედ  ეს  პრობლემა  უკვე  მოგვარებული  ჰქონდეს  და  იმაზე  ფიქრობდეს  თუ  როგორ  ვაჟკაცს/მანდილოსანს  აჩუქებენ  სამშობლოს.  შინ  მისული  გადაღლილი  დედა  დასაწოლად  კი  არ  მიდიოდეს,  იმისი  თავი,  დრო  და  რაც  მთავარია  სურვილი  ჰქონდეს  რომ  შვილს  სიკეთესა  და  სიყვარულზე,  ვაჯკაცობასა  და  თავდადებაზე,  ღმერთსა  და  სამშობლოზე,  ღირსებასა  და  ადამიანობაზე,  სულგრძელობასა  და  სულიერ  სილამაზეზე  ელაპარაკოს. ჩემი  სამშობლო  მინდა  ვნახო  უსამართლობის,  უნამუსობის,  მოსმენებისა  და  დასმენების  გარეშე,  ღირსებააყრის,  ცინიზმისა  და  სიღატაკის  გარეშე,  ფსევდოლიბერალიზმისა  და  ფსევდოპატრიოტობის  გარეშე,  გაიძვერობისა  და  გაუტანლობის  გარეშე,  უიმედობის,  შიშისა  და  ღალატის  გარეშე,  ტერორის,  რეკეტის,  ძალადობისა  და  თვალში  ნაცრის  შემყრელების  გარეშე,  ნარკომანიის  და  ყოველგვარი  სექსუალური  გადახრილობის  გარეშე.  მინდა  რომ  მშვიდობის  მტრედები  დაფრინავდეს  ცად, ფერეიდნელების  ნაწილი  მაინც  დაბრუნებულიყოს  სამშობლოში,  პირველკლასელებს  გოგებაშვილის  დედაენით  ასწავლიდნენ  ისევ,  თითოეულ  ოჯახსი  3  პატარა  მაინც  იზრდებოდეს,  ბავშვს  12-13  წლის  ასაკში  არ  გაეგოს  შოკოლადისა  და  ნაყინის  გემო,  აღარასდროს  ეტიროთ  ქართველ  დედებს.  და  კიდევ  როგორც  ერთი  კარგი,  მაგრამ  მივიწყებული  მომღერალი  იტყოდა:
მე  ისეთი  საქართველო  მინდა
სადაც  ღირსებას  არავინ  მართმევს,
სადაც  ფეხით  არ  თელავენ  მანდილს
და  ყვავები  არ  ჭამენ  მართვეს.
    -აფსუს!  ნუთუ  ის  დრო  დადგა  რომ  უკვე  ოცნებად  აქვს  კაცს  გადაქცეული,  რომ  მისი  მოძმე  უწამლობით,  უპურობით  და  სიმართლის  ძიებაში  არ  კვდებოდეს?  ეჰ!  სირცხვილი  თქვენ  ქართველებს,  ასეთი  ელემენტარულიც  რომ  საოცნებოდ  აქციეთ,  ერთ  დონეზე  რომ  განიხილავთ  დედაენის  სწვალებას  და  ფერეიდნელების  დაბრუნებას.
    -მე,  მე  ხომ  გითხარი  20  წლის  ვარ  მეთქი  ჯერ  და  მე  რაღათ  მარცხვენ?  მე  რაღა  შუაში  ვარ?
    -შენც  შუაში  ხარ  შენც.  ნუ  გაურბიხარ  შენ  წილ  პასუხისმგებლობას.
    -რა  უნდა  ვქნა?
    -მაგასაც  გაიგებ  თუკი  მოისურვებ,  ახლა  კი  ის  მითხარი  რა  წარმატება-წარუმატებლობაზე  ლაპარაკობდი  წეღან?
    -ბაღში  დავდიოდი,  როდესაც  აღმზრდელმა  დედაჩემს  უთხრა  50  წელია  ვასწავლი  და  ჯერ  ასეთი  ნიჭიერი  ბავშვი  არ  მინახავსო.  II  კლასში  ადგილობრივმა  ტელევიზიამ  ჩემზე  40  წუთიანი  ფილმი  გადაიღო  და  ორჯერ  უჩვენა  სახელწოდებით  ”პატარა  ვუნდერკინდი.” 10  პირველი  ხარისხის  დიპლომი მაქვს  აღებული  მოსწავლეთა  სასწავლო  რესპუბლიკურ  კონფერენციაზე  შემოქმედებით  სექციაში-ეს  საქართველოს  რეკორდია.  გავიმარჯვე  კიდევ  რამდენიმე  ლიტერატურულ  კონკურსში  და  ისტორიის  ტურში,  სკოლა  ოქროს  მედალზე  დავამთავრე.
    -კარგი,  კარგი  წარუმატებლობას  რაღას  ეძახი?
    გადაცემა ”ეტალონში”  ფინალშიც  კი  ვერ  გავაღწიე.  ეროვნული  გამოცდების  შედეგად  იმ  სასწავლებელში  მოვხვდი  რომელიც  მეორე  ადგილზე  მეწერა  და  მხოლოდ  30%იანი  გრანტი  მოვიპოვე. დაფინანსება  ვერც  მეორე  წელს  გავაუმჯობესე.  ლიტერატურულ  კონკურსთა  უმეტესობაში  ხშირად  კი  ვარ  ხოლმე  პრიზიორი,  მაგრამ  I  ადგილი  თითქმის  ყოველთვის  სხვისი  საკუთრება  ხდება.
    -თუ  რამეს  არ  მიმალავ  შენ  ჯერ  არც  გამარჯვების  გემო  შეგიცვნია  და  არც  მარცხის.  ეგ  რიხით  ჩამოთვლილი  ”წარმატებები”  და  ”წარუმატებლობები”  ილუზიაა  მხოლოდ.  იტალიელი  ბიჭუნა-რობერტინო  ლორეტი  გაიხსენე  ცაზე  გაკაშკაშებას  და  №1  მომღერლობას  რომ  უწინასწარმეტყველებდნენ  რა  გამოვიდა?  არაფერი.  რითი  ამაყობ  15  წლის  წინანდელით?  იმით  რომ  სკოლამდელ  ასაკში  სამჯერ  შვიდი  იცოდი? ან  მარცხს  რას  ეძახი  იმას  რომ  სრული  დაფინანსება  ვერ  მოიპოვე?  ედისონი  სკოლიდან  გონებაჩლუნგობის  გამო  გარიცხეს,  აინშტეინს  მათემატიკაში  ორიანი  ეწერა,  ლიანა  ისაკაძე  დაკვრა  დაუწუნეს,    კარუზოს  ხმა,  კალაძეს  ფეხბურთი...
    -კი  მაგრამ  მე  ხომ  არ  ვარ  აინშტაინი?
    -აინშტაინი  1  იყო  და  რანაირად  იქნები  ის?  ბალახის  ნამსაც  კი  არ  აქვს  ზუსტი  ანალოგი. 2 ატომიც  კი  არ  არის  ერთნაირი.  შენ  ვერც  აინშტაინი  იქნები  და  ვერც  ჰიუგო,  შენ  შენ  უნდა  იყო.
    -მე  ახლაც  მე  ვარ.
    -შენ  ახლაც  შენ  ხარ?  კარგი  ერთი  ნუ  მაცინებ. მნიშვნელოვანი  გადაწყვეტილების  მიღება  თუ  შეგიძლია  დამოუკიდებლად?
    -კი,  რატომაც  არა?
    -იმ  შემთხვევაში  თუ  შენი  გადაწყვეტილება  მართებულად  მიგაჩნია  დაუპირისოირდები  ოჯახს?
    -შევეცდები  გადავარწმუნო  ოჯახის  წევრები.
    -თავს  ნუ  იტყუებ,  ათიდან  ცხრა  შემთხვევაში  ამაო  იქნება  შენი  ცდა.  საზოგადოებასთან  თუ  გაბედავ  დაპირისპირებას.
    -კი.
    -მატყუებ.  მე  არ  მიგულისხმია  15-20 კაცი.  მთელ  ქვეყნიერებას  თუ  დაუპირისპირდები?  მზად  ხარ  მარტო  დარჩე  შენს  აზრთან  მთელი  დედამიწის  ზურგზე?
    -არა.
    -რატომ?
    -ეს  შეუძლებელია.  ეს  არ  ძალუძს  უბრალო  მოკვდავს.
  -ჯოყოლა  ბრალიანი  იყო?
  -ჯოყოლა  ლიტერატურული  გმირია.  რაც  წიგნში  და  ფილმში  ხდება  ის  არ  ამართლებს  ცხოვრებაში.
  -ეხლა  ფანტასტიკოს  მწერლადაც  შერაცხე  ვაჟა.  თუ  ასე  კარგად  სწავლობდი,  რომ  ოქროთი  დაფერილი  მედალი  აიღე,  მაშინ  ისიც  უნდა  იცოდე,  რომ  ვაჟამ  თავის  დროზე  სკოლის  დირექტორი  და  მამასახლისიც  სცემა  უნამუსობის  გამო.  უნდა  იცოდე  თუ  რა  სიღარიბეში  უხდებოდა  მას  ცხოვრება  და  რა  მძიმე  ვითარებაში  ჩავარდებოდა  უსამსახუროდ  დარჩენილი.  მას  ვიშვიში  არ  დაუწყია  სამსახურიდან  რომ  დამითხოვონ  რიღათი  მოვამზადო  შვილი  უნარებშიო.
    -მასეთები  საუკუნეებში  ერთი  იბადებიან.
    -რა  იცი  მერე  იქნებ  შენ  ხარ  ის  ერთი?  მამაზეციერს  შუბლზე  არ  დაუწერია  ლუკასთვის_”შენ  უნდა  იყო  ვაჟა-ფშაველა  და  ისეთი  პოემები  უნდა  დაწერო,  რომ  მთელს  მსოფლიოში  ამაღლდე”-ო.  არც  პატარა  ჯორდანო  ბრუნოსთვის  უწინასწარმეტყველებია  მიზნის  გულისთვის  ნაკვერჩხლებად  ქცევა.  3  წლის  ნელსონ  მანდელა  ვერ  წარმოიდგენდა,  რომ  29  წელი  ციხეში  გაატარებდა  და  ბოლოს  მაინც  მიაღწევდა  ნანატრ  მიზანს.  იქნებ  გგონია  რომ  5  წლის  ექვთიმე  ფიქრობდა  როგორ  შევინახო  განძი  გრამი  ოქროს  დაუკარგავადო?  როდესაც  ჟანა-დარკი  თვეების  იყო  მას  მხოლოდ  დედის  რძე  სურდა  და  არ  აინტერესებდა  იჩაგრებოდა  თუ  არა  მისი  სამშობლო  ვინმესგან.  არც  ის  ფრანგი  იყო  თუ  მოზამბიკელი. ჩვილობაში  ალექსანდრე  მაკედონელი  ქვეშ  იფსამდა,  მას  წარმოდგენაც  კი  არ  ჰქონდა,  რომ  23  საუკუნის  შემდეგაც  კი  არა  მხოლოდ  მისი,  არამედ  მისი  ცხენის  სახელიც  კი  ემახსოვრებოდა  დიდსა  თუ  პატარას  მთელ  დედამიწაზე.  გეთანხმები  თანდაყოლილი  ნიჭიც  აუცილებელია,  მაგრამ  თუ  ის  ნიჭი,  ის  შესაძლებლობები  ვერ  აღმოაჩინე  საკუთარ  თავში  და  არ  ისწავლე  მათი  გამოყენება,  ჩათვალე  რომ  დაღუპული  ხარ.  თუ  რამეს  გადაწყვეტ,  ისე  მტკიცედ  უნდა  დადგე,  რომ  ცხელ  თონეში  ჩაგდებულიც  იძახდე  მაინც  ბრუნავსო.  დაისახე  რამე  მიზნად?  გზად  ქვა  დაგხვდა  წარწერით  აქეთ  მხარეს  თუ  წახვალ  წამებით  მოკვდებიო?  ფეხს  აუჩქარე  მსგავს  სიტუაციაში.  ეს,  რა  თქმა  უნდა  იმას  არ  ნიშნავს,  რომ  თუ  რაღაც  დროის  გასვლის  შემდეგ  შენი  გადაწყვეტილების  ჭეშმარიტებაში  შეგეპარა  ეჭვი  მაინც  ჯიუტად  გააგრძელო  გზა.  გზის  შეცვლა  მაშინაა  სამარცხვინო  თუ  სიმართლიდან  უხვევ,  თუ  შიში  გაიძულებს,  თუ  რაიმე  მატერიალური  მოგხიბლავს.  თორემ  თუ  შენ  ჭეშმარიტება  სადღაც  მოსახვევში  შენიშნე,  შეუხვიე.  ამ  შემთხვევაში  ქების  ღირსი  იქნები  მხოლოდ  და  არა  ძაგების.  მოსმენით  ყველას  მოუსმინე.  თვით  ყველაზე  დიდი  რეგვენიც  კი  ცხოვრებაში  ერთხელ  სწორს  ამბობს.  დაფიქრდი,  იქნებ  შენ  ხარ  ის  იღბლიანი  რომელსაც  იმ  ერთხელ  ნათქვამის  მოსმენა  უნდა  მოუწიოს.  იცხოვრე  ისე  როგორც  შენ  მიგაჩნია  სწორედ  და  არა  ისე  როგორც  შენს  აბეზარ  მეზობელს.  ან  თუნდაც  ისე  როგორც  შენს  სისხლსა  და  ხორცს,  რომელიც  მზადაა  ნებისმიერ  წუთს  მოკვდეს  შენი  გულისათვის.  მაშ  ჭეშმარიტად  სიკეთე  სურს,  კარგი  უნდა,  მაგრამ  შესაძლოა  მისი  აზრით  კარგი  შენთვის  დამღუპველი  აღმოჩნდეს. მარიტას  ბებიას  კარგი  უნდოდა  შვილიშვილისთვის  როდესაც  შეძლებულ  შეთეს  მიათხოვა, მაგრამ  როგორი  კარგიც  გამოუვიდა  თავადაც  უწყი. არასდროს  იფიქრო  იმაზე  რას  იტყვის  შენზე  ხალხი, მაგრამ  ყოველთვის  დაფიქრდი  იმაზე  თუ  რას  იტყვის  შენი  სინდისი  შენს  საქციელზე.  სამ  რამესთან  უნდა  იყო  ცხოვრებაში  მართალი: სინდისთან, სამშობლოსთან  და  უფალთან.  ეს  სამი  ერთში  შეგვიძლია  დავიყვანოთ,  რადგან  ისინი  ერთმანეთს  არ  გამორიცხავენ.  პირიქით.  უერთმანეთოდ  ყოფნაა  წარმოუდგენელი.  როგორ  შეიძლება  მართალი  იყო  სინდისთან  თუ  წიწოლა  ხარ  ან  ორჯონიკიძე?  როგორ  შეიძლება  მართალი  იყო  უფალთან  თუ  მთელ  ცხოვრებას  გარყვნილებაში  გაატარებ? კაცურად  უნდა  იცხოვრო  არა  იმიტომ  რომ  ვიღაც თავად  უღირსმა ჩინოვნიკმა  ღირებულებადაკარგული  ღირსების  ორდენი  დაგკიდოს,  არამედ  იმიტომ,  რომ  საკუთარმა  სინდისმა  დაგადგას  თავზე  დაფნის  გვირგვინი.
    გარისკე  ბევრჯერ.  თუ  ასჯერ  წააგებ  ასმეერთედ  ჯეკპოტს  მოხსნი. იმედია,  იმდენს  მაინც  ხვდები,  რომ  კაზინოში  არ  გეპატიჟები.  თუ  ათასჯერ  დაეცი  ათასმეერთედ  ისე  აღდგები,  რომ  ვერარა  ძალა  ვეღარ  წაგაბარბაცებს.  რა  გსურს  დიდი  ადამიანობა  თუ  დიდება?  ორივე  ერთად  თითქმის  წარმოუდგენელია.  რომელი  გინდა  იყო  ყრუ  ბეთჰოვენი  თუ  რომელიმე  დაბოღმილი  მილიარდელი?  გესმის  ახლა  რასაც  გეუბნები?
    -კი,  შესანიშნავად.
    -მასეთი  პასუხი  გამცა  ათასობით  და  ათი  ათასობით  სხვამ  შენამდე.  შედეგს  კი  ვერ  ვხედავ  მინდა  ერის  წიაღში  ახალი  ილია  ვიპოვო  და  გამოვაწრთო,  მაგრამ  როგორც  ვატყობ  ამაოდ  ვირჯები.
    -მერე  მე  რატომ  შემარჩიე?  რა  მცხია  წმინდა  ილია  მართლის?
    -ორივე  კახეთიდან  ხართ,  ორივე  ბავშობაში  დაობლდით  დედით.  შენხელობისას  მასაც  აწუხებდა  სამშობლოზე  ფიქრი.  შენზე  სულ  რამდენიმე  წლით  იყო  დიდი  როდესაც  ”კაცია  ადამიანი,” ”აჩრდილი” და ”მგზავრის  წერილები”  დაწერა.  10%  იყავი  მხოლოდ  იმის  და  წინ  წავა  საქართველო.
    -ეგ  ძალიან  ბევრია.  შეუძლებელს  მთხოვ.
    -მთელი  საკაცობრიო  სიბრძნე  შევისწავლე.  ინტუიცია  კი  მაინც  მღალატობს.  ვერ  ვარჩევ  სწორედ  ადამიანებს.  შენ  ახლა  ჯარის  კაცი  ხარ  და  რატომ  არ  ოცნებობ  გენერლობაზე?
    -შენი  შემოთავაზება  გენერლობა  კი  არა  გენერალ-სიმუსობაა.  არ  შემიძლია  მე  ეგ  რადგან  საკუთარ  თავზე  მაღლა  ვერ  ავხტები.  ილიას  10%?  ვაჟას  და  გარიბალდის  მიმდევარი?  არა!  უფრო  სწორედ  ვერა!.  სურვილი  კი  მაქვს,  მაგრამ  შესაძლებლობა  არ  მომდევს.  ოცნების  კოშკები  ცამდე  შემიძლია  ავაწვდინო,  მაგრამ  ნამდვილი  კოშკების  ასაგებად  არ  მაქვს  საკმარისი  დუღაბი.
    -3%  იყავი  შენს  მიერ  ჩამოთვლილი  ნებისმიერი  ადამიანისა  და  თავს  დაგანებებ.
    -3%?  გპირდები  რომ  შევეცდები  ყველანაირად.  მაგრამ  უნდა  დამეხმარო,  უნდა  გზა  მიჩვენო  მითხარი,  მასწავლე,  დამარიგე,  რა  ვქნა,  რა  გავაკეთო?
    -მე  უკვე  გითხარი,  რომ  შენ  შენ  უნდა  იყო.  თვით  ილიასაც  ღვაწლში  უნდა  მიბაძო  და  არ  იყო  მისი  უბრალო,  მქრქალი  ანარეკლი.  სჯობს  უბრალო  გუთნისდედა  იყო  ვიდრე  ვიღაცის,  მნიშვნელობა  არა  აქვს  ვისი  ბრმა  თაყვანისმცემელი,  ბრმა  მიმბაძველი  და  ბრმადმოეწმუნე. 
    -მასეთი  არც  ვარ  და  არც  მინდა  რომ  ვიყო.
    -ძალიან  კარგი,  მაგრამ  მოდი  მაინც  ვნახოთ.  რით  აიხსნება,  რომ  დედამიწას  აქვს  მიზიდულობის  ძალა?
    -მაგას  რა  კითხვა  უნდა,  ყოველი  ნივთი  ძირს  ვარდება  რასაც  ხელს  გაუშვებ.
    -მართალი  ხარ!  ბევრი  იტყოდა  იმიტომ  რომ  ნიუტონმა  დაამტკიცაო.  ეს  პასუხი  კი  მცდარია.  ახლა  კი  მივუბრუნდეთ  დაწყებულ  საუბარს. თუ  გსურს  იყო  ღირსეული  ადამიანი  მაშინ:  ნუ  იტყვი  კახაბერიაო  მასზე  ვინც  არ  ჰგავს  კახაბერს.  თუ  დაქცეული  საქმე  ნახე,  არ  სთქვა,  რომ  ეს  შენ  არ  გეხება.  ოთარაანთ  ქვრივის  გიორგივით  უნდა შეება  შენზე  დიდ კუპრაანთ  თედოს  და  დაჩაგრულს  დაუბრუნო კუთვნილი  ღილები. მჩაგვრელს  პასუხი  მოსთხოვე  ჩაგრული  კი  ანუგეშე  და  ფეხზე  წამოაყენე.  ჭირში  მყოფი  და  ბედისაგან  მიგდებული  გაიხადე  ძმად. მიდი  ტანჯულთან  და  მოსწმინდე  ტანჯვის  ცრემლი.  ქურდი  და  მამაძაღლი  კი  ამხილე,  სწორედ  გაიგე  ეს  დარიგება  მხილება  განკითხვაში  არ  აგერიოს,  არ  გადაიქცე  პავლიკ  მოროზოვად  ან  თუნდაც  სხვის  დამბიზღებლად,  უმალ  ენა  მოიჭერეი  მანამ  ენატანიატ  და  თქვენი  თაობის  ჟარგონზე  რომ  ვთქვათ  ”ნასედკად”  იქცევი.  სიმართლე  სილასავით  გაულაწუნე  მაღალ  სკამზე  წამოსკუპებულ  უზნეოს.
    -ეს  ხომ  ტანჯვაა?
    -დიახ  ტანჯვაა  და  მზად  უნდა  იყო  ამისათვის.  სიკვდილი  ძნელი  არაა.  წამებით  სიკვდილსაც  აქვს  დასასრული.  შენი  სიკვდილით  უმთავრესად  შენს  თავს  კი  არა  შენ  ახლობელს  აზარალებ,  მას  სტკენ  გულს,  ამიტომ  მზად  შენი  მოკვდინებისთვის  კი  არა  შენი  ახლობლის  მკვლელობისთვისაც  უნდა  იყო. სააკაძეზე  რომ  არაფერი  ვთქვათ  კიდევ  რამდენ  მეფეს  გაუწირია  თავისი  პირმშო?  თუ  ბრძოლაში  ჩაებმები  მაშინ  აღარ  უნდა  გაგიკვირდეს  თუ  ბინძური  მეთოდებით  სატრფოს  ჩამოგაცლიან.  თუ  მოღალატედ  და  უცხო  ქვეყნის  აგენტად  შეგრაცხავენ,  არ  უნდა  გაგიკვირდეს  თუ  დაქირავებულმა  ურნალისტებმა  კვერცხის  სროლა  დაგიწყეს  და  ის  დაგაბრალეს  რასაც  შენ  ებრძვი. შესაძლოა  ქვეყნიდან  გაგაქციონ.  მოკლან  შენი  უახლოესი  თანამებრძოლი  და  შენ  დაგაბრალონ. აგიწიოკონ  ოჯახი, კარცერში  ჩაგსვან,  ცემასა  და  შიმშილში  ამოგხადონ  სული. საფლავიც  კი  არ  გაღირსონ.  არაკაცები  არამხოლოდ  შენს  ფიზიკურ  ლიკვიდაციას  შეეცდებიან,  შენი  სახელის  ლაფში  ამოსვრასაც  მოინდომებენ.  შეიძლება  მოგკლან  და  მერე  მამათმავლობაც  კი  დაგწამონ  და  ხმა  გაავრცელონ  საყვარელმა  მოკლა  ეჭვიანობის  ნიადაგზეო.
    -ეს  ხომ  უკვე  გოლგოთაა?  ეს  ხომ  გზაა  წიწამურის?
    -ამ  გზაზე  მიმავალი  ქრისტე  3  დღეში  მკვდრეთით  აღსდგა  შემდეგ  კი  ფიზიკურად  ამაღლდა  ზეცად.  რაც  არ  უნდა  მოიმოქმედო  შენ  ცოდვილი  ხარ  მაინც,  რაც  არ  უნდა  მადლი  სთესო  შენ  ყოველდღე  ზრდი  შენი  ცოდვების  რიცხვს.  შენ  არ  ხარ  ქრისტე.  შენ  ვერ  ამაღლდები  ფიზიკურად,  მაგრამ    შენ  მაინც  შეგიძლია  უკვდავების  მოპოვება,  უკვდავების  ხალხის  გულებში.  შენ  ფიქრობ,  რომ  ძნელი  ეკლის  გვირგვინის  ტარება  და  არც  აპირებ  მას,  მე  კი  გეტყვი,  რომ  ძნელი  კი  არა  ძალიან  ძნელია,  მაგრამ  არ  უნდა  აარიდო  მას  თავი.
    -ფიქრობ,  რომ  შევძლებ?  მე  მეშინია.
    -ეგ  სრულიად  ბუნებრივია,  ადამიანური.  ნოდარ  დუმბაძის  არ  იყოს  მაშინ  ხარ  დასაფასებელი  თუ  გეშინია  და  სძლევ  შიშს,  თორემ  თუ  არაფრის  გეშინია  ესეიგი  ფიქრობ,  რომ  ადვილ  საქმეს  აკეთებ. ადვილი  საქმის  კეთება  კი  ყველას  შეუძლია. ვისაც  ეშინია  და  მაინც  იმას  აკეთებს  რასაც  ღირსება  კარნახობს  ის  უფრო  მეტად  მამაცია. რა  უთხრა  ვან  დაანმა  მგელ  ლარსენს?  მე  შისისგან  მუხლები  მიკანკალებს  და  მაინც  აქ  ვდგავარ,  შენ  არაფერი  გაშინებს  და  სწორედ  ამიტომ  ვარ  შენზე  მამაციო. პეტრემ  შიშის  გამო  სამჯერ  უარყო  ქრისტე,  მაგრამ  შემდგომ  მისი  მოძღვრების  გულისთვის  ჯვარზე  გაეკრა.  იცი  რა  სთხოვა  ჯალათებს  სიკვდილის  წინ?  არც  ვინმე  ახლობელთან  შეხვედრა  და  არც  რაიმე  ძვირფასი  კერძი.  მისი  სურვილი  მხოლოდ  ის  იყო,  რომ  ჯვარზე  უკუღმა  გაეკრათ.  არ  ვარ  მე  იმის  ღირსი  იესოსავით  აღვესრულოო.  ძნელია  შიშის  დაძლევა,  მაგრამ  კიდევ  უფრო  ძნელია  ჩაკლული  სულის  ტარება.
    -მადლობელი  ვარ  შენი.  გავიგე  რაც  გინდოდა,  მაგრამ  ის  მაინც  არ  გითქვამს  თუ  ვინ  ხარ.
    -ვერ  მიხვდი?  ან  რა  საჭიროა  ამის  ცოდნა?  რა  მნიშვნელობა  აქვს  შენთვის  მე  თავად  ღმერთი  ვიქნები,  ანგელოზი,  უდაბნოში  გასული  ბრძენი  თუ  რიგითი  მოკვდავი?  თუ  ჩემი  დარიგება  მისაღებია  შენთვის,  გააკაეთე  ის  რაც  გითხარი.  დღეიდან  დაიწყე  ყველაფერი.  ამ  წუთიდან  შეუდექი  საქმეს  თორემ  ხომ  იცი  ”დრო  ყველაზე  დიდი  რესურსია!”  შენ  და  კიდევ  მრავალმა  შენისთანამ  უნდა  უშველოს  ჩვენს  ჩაგრულ  სახელმწიფოს.  შენ  და  შენისთანებმა  უნდა  მოამტვრიოთ  წაგრძელებული  ხელები  ყველა  მჩაგვრელს,  ჯერ  ქვეყნის  შიგნით  და  მერე  მის  გარეთ,  რადგან  შინაური  მტერი  ასჯერ  უფრო  სახიფათოა  ვიდრე  გარეული.  თუ  ხედავთ,  რომ  ხსნა  მეორე  ნაპირზე  გასვლაშია,  ხიდს  კი  ვერ  აკეთებთ,  მაშინ  გადახტით  ყველანი  მდინარეში.  თქვენი  გვამებით  ამოავსეთ  ის  რათა  თქვენმა  შვილებმა  მაინც  შეძლონ  გასვლა  აღქმულ  ნაპირზე.  ნუ  იფიქრებთ,  რომ  თქვენი  ცხედრები  აყროლდება.  არა,  ნელსაცხებლით  შეამკობენ  თქვენზე  გამავალნი.  მანამ  საქართველო  იარსებებს  იცოცხლებთ  თქვენც. ზოგი  ადამიანის  ცხოვრებასი  დგება  მომენტი,  როდესაც  იძულებულია  სიკვდილის  ცელს  დაუწვეს,  რათა  თავისი  არსებობა  გაამართლოს.  ამას  ბევრი  გაურბოდა,  მაგრამ  ბევრიც  ოცნებობდა.    რა  გირჩევნია  სიცოხლეში  სავარძელში  ჯდომა,  ხელქვეითების  ლაქუცი  და  ერთ  ადგილას  ენის  ამოსმა,  რომლებიც  პირს  უკან  დაიწყებენ  შენს  ლანძღვას  თუ  სიკვდილი  და  მის  შემდეგ  ხალხის  უანგარო  სიყვარული?  სიკვდილს  პირობითად  ვახსენებ,  არაა  აუცილებელი  თევდორე  მღვდელი  იყო,  არაგველი  გლეხი  ან  იოთამ  ზენდგენიძე.  მათი  ხსოვნა  სამარადჟამოა  ჩემთვის  მაგრამ  ვფიქრობ  რომ  მთელი  ცხოვრების  მანძილზე  მოღვაწეობა  უფრო  რთული  და  საპასუხისმგებლოა.  ექვთიმე  თაყაიშვილობა  და  გრიგოლ  ხანძთელობა  უფრო  რთულად  მიმაჩნია  ვიდრე  ერთხელ  თავის  გაწირვა.  თუმცა  ვისაც  კი  ოდესმე  თავი  გაუწირავს  უკლებლივ  ყველა  გმირია  ჩემთვის.  არც  სიმდიდრე  და  სიკეთე  გამორიცხავს  ერთმანეთს.  თუ  ფულს  პატიოსანი  გზით  იშოვი,  ისე  რომ  არც  ერთ  შენი  ქვეყნის  თანამემამულეს  არ  წაართმევ  პირდაპირ  თუ  ირიბად  რამეს  და  პირიქით  ისევ  მათ  მოახმარ,  დაეხმარები  გაჭირვებულებს,  ააგებ  ტაძრებს  მაშინ  ხალხი  გულწრფელად  შეგიყვარებს  და  სამართლიანიც  იქნება  ეს  სიყვარული.  განა  რამდენ  ხანს  აპირებ  სიცოცხლეს  80  წელი  იქნებ  100  ან  სულაც  120?  სამყარო  რამდენიმე  მილიარდ  წელს  ითვლის  და  ეს  შენი  წელთა  სხვაობა  წვეთია  შეუმჩნეველი  უზარმაზარ  ოკეანეში.  თუ  ლენინივით  მავზოლეუმში  არ  ჩაგდეს  დროთა  განმავლობაში  შენც  მტვრად  იქცევი.  ჭიები  ერთნაირი  რუდუნებით  ხრავენ  ღატაკისა  და  მილიარდელის  ძვლებს.  არ  გიჯობს,  რომ  ერთხელ  ნაშობი  ერთხელ  მოკვდე  და  სიკვდილის  წინ  არ  გაენდო  შენს  თავს  4  ფიცრისთვის  მიცხოვრიაო.
      -გასაგებია  რასაც  ამბობ,  მაგრამ  მე  20  წლის  სტუდენტს  რა  მევალება,  რა  უნდა  გავაკეთო?
        -ბიჭო  რა  გააწყალე  გული  ამ  შენი  წლოვანებით.  ერეკლე  მეფე  15  წლის  იყო  პირველად  რომ  ყოფა  უტირა  ლეკებს.
      -ის  მეფე  იყო.
      -ანანურელი  ულამაზოები?  13-14  წლის  კომბლიანი  ბიჭები  იხვეწებოდნენ  გვაომეო.  შენ  რა  გააკეთე  4  წლის  წინ  ტელევიზორის  ყურებისა  და  რუსის  ჯარის  დედის  გინების  გარდა?  რატომ  მოხალისედ  არ  ჩაეწერე?  რატომ  არ  სცადე?
      -მანამ  სურვილი  მქონდა  ისეთ  ზღაპრებს  გვასმენინებდნენ,  რომ  თითქოს  რეზერვიც  კი  არ  იყო  საჭირო  და  ჯარის  1  ქვედანაყოფი  რამდენიმე  საათში  აღადგენდა  კონსტიტუციურ  წეს-წყობილებას.  მერე  კი  მივხვდი,  რომ  მე  კი  არა  სხვა  დარჩენილი  3,5  მილიონი  ქართველიც  რომ  წავსულიყავით  განურჩევლად  ასაკისა  და  სქესისა  აზრი  აღარ  ჰქონდა  ატომურ  სახელმწიფოსთან  ომს.
      -იქამდე  არ  იცოდი  ხომ  რა  დრაკონი  მეზობელიც  გყავდათ  თქვე  ფრაერებო?  მართალი  ხარ  სააკაძეც  რომ  წამოგეყენებინათ  მაინც  ვერას  გახდებოდით.  ყველაზე  დიდს  რასაც  თქვენ  მიაღწევდით  ეს  იქნებოდა  გაზრდილი  მსხვერპლი  მტრის  ბანაკში.  მაგრამ  ამაზე  ადრევე  უნდა  გეფიქრათ  თქვე  ქარაფშუტა  ბედოვლათებო!  ისე  რამ  გამოგატვინათ,  დამშეული  მყრალი  დათვისთვის  სადგისი  რა  ჯანდაბამ  შეგარჭმევინათ?  მართალები  იყავით?  მასე  სოჭის  საქართველოა  ისტორიულად  მაგრამ...
      -მოდი  ცოტა  ხნით  თავი  გავანებოთ  ომსა  და  დავიდარაბას,  სხვა  რამეშიც  შეგიძლია  ასახელო  ქვეყანა  ისე  რომ  წვეთი  სისხლი  არ  დაღვარო,  აბა  თუ  იცი  მოცარტში  როდის  აღმოაჩინეს  გენია?
      -ვიცი.  მამამისიც  წერდა  რაღაც  მუსიკებს.  ერთხელ  მან  ნოტები  თავის  5  წლის  ბიჭუნას  გაატანა  მღვდელთან.  პატარა  ვოლფ  განგმა  გზაში  დაკარგა  ნოტები  და  თავად  დაწერა  მაგიერი.  მღვდელი  მიხვდა  რაღაცას-ეს  მამაშენის  დაწერილი  არ  არის,  მითხარი  ვისია  სინამდვილეშიო.  ბიჭუნამ  ტირილი  დაიწტო  და  სიმართლე  აღიარა.
    -გცოდნია.  შენ  ისიც  გეცოდინება,  რომ  ჯონ  სტიუარდ  მილი  7  წლის  ასაკში  კითხულობდა  ჰომეროსს  ორიგინალში,  ისიც  რომ  ტატომ  ”შემოღამება  მთაწმინდაზე”  16  წლისამ  დაწერა,  ხოლო  გალაკტიონი  17  წლის  იყო  ”რაც  უფრო  შორს  ხარ”  რომ  მოათავა.
    -აკი  წეღან  მითხარი  3  წლის  ნელსონ  მანდელა  არ  დარდობდა  შავკანიანების  ბედზეო.  ახლა  კი  მიცხადებ  ბავშვობიდან  უნდა  დაგეწყო  მოღვაწეობაო.
    -სიტყვებით  მეთამაშები.  როდესაც  5  წლის  მოცარტმა  მამას  აჯობა  ეს  სულაც  არ  ნიშნავდა  იმას,  რომ  ძალიან  მალე  მსოფლიოში  დაიქუხებდა  მისი  სახელი.  მან  ეს  თავადაც  არ  იცოდა.  ტირილი  დაიწყოო  რომ  თქვი,  იმიტომ  ატირდა,  რომ  ეგონა  რაღაც  უარგისი  დავწერეო.  სამაგიეროდ  შენხელობისას  უკვე  აცნობიერებდა  თუ  ვინ  იყო.  სწორედ  შენხელა  ბიჭებმა  და  გოგონებმა  იხსნეს  ქართული  ენა  1978ში.  როგორ  ფიქრობ  მაშინ  ფოტოაპარატი  და  ვიდეოკამერა  ჯერ  არ  იყო  გამოგონილი?  ვერ  დააფიქსირებდნენ  მათ  სახეებს?  ან  სტუდენტობაში  აგენტი  არ  ეყოლებოდათ  გაშვებული? მათი  მამებიც  ხომ  მუშაობდნენ?  რატომ  მაშინ  არ  თქვა  ვინმემ  ეხლა  რომ  გავიდე  მიტინგზე  მამაჩემს  მოხსნიან,  დედაჩემს  დააქვეითებენ  და  მე  სწავლის  გაგრძელებას  ვეღარ  შევძლებო?  იქნებ  ფიქრობ,  რომ  მაშინ  საფრთხე  არ  არსებობდა?  არსებობდა  და  მერე  როგორი.  ეხლა  რეზინის  ტყვიების  გეშინიათ  თქვენ  და  მაშინ  ნამდვილ  ტყვიებს  არ  შეუშინდნენ  თქვენხელები.  ახალგაზრდობა  წარმოადგენდა  ეროვნული  მოძრაობის  ხერხემალს.  9  აპრილს  ალესილი  ნიჩბებით  გაუსწორდნენ  იქ  მყოფებს,  თქვენ  კი  დუბინკებს  უფრთხით.  თუ  თქვენს  წინაპარს  ვერ  აშინებდა  და  ვერ  აჩერებდა  ერთადერთი  სარჩოს  ვაზის  აჩეხვა, აკვნის  ხმლის  გამოცდა  ჰაერში  აგდებულ  აკვნის  ბავშვებზე.  ექვსჯერ  ვაზგაჩეხილი  გლეხი  მეშვიდედ  ყრიდა  ვაზს,  ათ  შვილმოკლული  დედა  მეთერთმეტეს  აჩენდა. თუკი  100 000  წინაპარი  ერთ  დღეს  მოისრა  სარწმუნოებისა  და  პრინციპის  გულისთვის,  თქვენ  რაღა  ღმერთი  გაგიწყრათ?  ასე  რამ  დაგაკნინათ? რამ  გაგასაცოდავათ?  რა  ჯანდაბამ  დაგამგვანათ  მიწაზე  მღოღავ  ჭიაყელებს  მზისთვის  შეხედვისა  რომ  ეშინიათ?  იქნებ  მხოლოდ  სახელიღა  გაქვთ  ქართველების  და  სინამდვილეში  ისეთივე  ქართველები  ხართ  როგორ  ბერძნებსაც  ახლა  ვუყურებთ?  თუკი  თემურ-ლენგს  აწყევლინეთ  თავბედი,  თუკი  შაჰ-აბსს  კახეთში  დააკარგვინეთ  არმიის  ნახევარი.  ეხლა  ეხლა  რაღამ  დაგასნოვუნათ,  რატომ  დუმხართ  ასე?  რა  გევალება?  ისწავლე  რაც  შეგიძლია  კარგად,  წაიკითხე  ბევრი,  წერე,  იბრძოლე  სიმართლისთვის.  ახალ  ეროვნულ  მოძრაობას  ჩაუდექი  სათავეში  ზვიადი  შენზე  6  წლით  პატარა  იყო  ”გორგასლიანი”  რომ  ჩამოაყალიბა.  3  წლის  მერე  კი  მან  და  მისმა  ამხანაგებმა  პროკლამაციები  დამოუკიდებლობის  მოთხოვნით  უშიშროების  საბჭოს  შენობის  კედელზე  გააკრეს.  იცი  ეს  რას  ნიშნავდა?  სილის  გაწვნას,  სახეში  შეფურთხებას  იმ  დროისათვის  ყველაზე  მძლავრი  და  ყველაზე  ბოროტი  იმპერიისათვის.  თუ  ამდენი  არ  შეგიძლია  2  ამხანაგს,  3  ამხანაგს  მაინც  უთხარი  ის  რასაც  ფიქრობ,  ის  რაც  მე  გითხარი.  უთხარი  რომ  დედასამშობლო  შველას  ითხოვს.  ნუ  იტყვი,  რომ  ეს  შენ  არ  გეხება.  დიახაც  გეხება.  უკვე  გითარი  რომ  უნდა  ისწავლო,  მაგრამ  თუ  შენ  ცოდნას  შენს  ქვეყანას  არ  მოახმარ  მაშ  რაღა  აზრი  ექნება  მას?  ფიქრობ  რომ  ოჯახის  კეთილდღეობას  მოახმარ?  შვილებზე  ხომ  გარეული  ბატებიც  ზრუნავენ?  ადამიანი  რომ  ხარ  და  მეტ  უფლებებზე  გაქვს  პრეტენზია,  იმასაც  ხომ  უნდა  ფიქრობდე,  რომ  მოვალეობაც  მეტი  გაკისრია?  ჩვენ  ორივს  გვინდა  ბნელის  განათება.  ამისათვის  მეც  უნდა  დავიწვა,  შენც  უნდა  დაიწვა  და  სხვასაც  უნდა  ვაიძულოთ  დაწვა.
”სოფელი  იმად  არა  ღირს, 
კაცი  ნატრობდეს  ჟამს  გრძელსა,
თუ  ფუჭი  მისი  სიცოცხლე 
ვერარას  არგებს  მამულსა!”
ქაჯებს  ჰყავთ  ისევ  ნესტანი  და  რამე  უშველეთ.  თუ  მართლა  გაქვთ  პრეტენზია,  რომ  ძველი  კოლხებისა  და  ძველი  ლაზები  შთამომავლები  ხართ, დაამტკიცეთ  რომ  ხართ  ნამდვილი  იბერიელები,  ერთი  ადგილი  ასწიეთ,  ხელი  გაატოკეთ  და  დაიხსენით,  თორემ  მაშინ  აღმოჩნდება, რომ  თქვენ  კოლხთა    კი  არა  წუნკალი  ძაღლის  წკმუტუნა  ლეკვები  ყოფილხართ.  წუნკალი  ძაღლები  კი  როგორც  იცი  ქუჩაში  შიმშილსა  და  უბედურებაში  ასრულებენ  სიცოცხლეს.
    -წეღან  გკითხე  და  არ  გიპასუხია  რა  გტკივა  მეთქი,  ამჟამად  თუ  გტკივა  რაღაც  ან  საერთოდ  თუ  გტკიებია  ოდესმე  რაიმე?
    -რას  გულისხმობ?
    -რას  და  გაკაწრული  ფეხი  თუ  გტკიებია.  დაფიქრდი  ცოტას  და  თავად  მიხვდები.
    -ალბათ  გული  იგულისხმე.  ამჟამად  არ  მაწუხებს,  თორემ  ტკივილით  კი  მტკიებია.
    -სხვა?
    -სხვა  რაღა?
    -რა  სხვა?  საქართველო  არ  გტკიებია  არასდროს?
    -საქართველო?
    -ხო,  ხო,  საქართველო,  საქართველო.  თავის  ტკივილისას  გამაყუჩებელს  დალევ  და  დაგიამდება.  კიბოც  რომ  გქონდეს  მორფს  გაიკეთებ,  მოკვდები,  მაგრამ  ტკივილები  დაგიცხრება.  გულის  ტკივილი  უფრო  ძნელია,  მის  გაყუჩებას  უფრო  დიდი  დრო  უნდა,  მაგრამ  ის  ტკივილიც  ცხრება.  ყველაზე  ხანგძლივი  კი  მამულის  ტკივილია  ჭეშმარიტ  ადამიანში.  ვინ  უნდა  გატკინოს  გული  მშობელმა  იმ  ქვეყნად  წასვლით?  ასეა  ცხოვრება  შვილმა  უნდა  მიაყაროს  მამას  მიწა.  იქნებ  სატფოს  სიკვდილს  გადაჰყავხარ  ჭკუიდან?  ძალიან  ძნელია!  ძალიან!  ყოველთვის  არა,  მაგრამ  ზოგჯერ  შეიძლება  სხვა  გამოჩნდეს  მის  მაგიერ,  სხვა  შეიყვარო,  სხვაზე  აგითრთოლდეს  გული.  მიგატოვა?  შეიძლება  მერე  თქვა  კარგია  თავის  დროზე  რომ  დავშორდით,  არ  ვყოფილვართ  ერთმანეთის  შესაფერისებიო.  შვილმა  დაგწყვიტა  გული?  ეს  კიდევ  უფრო  მეტი  სატანჯავია  ვიდრე  წინა  2,  მაგრამ  ღმერთი  მოწყალეა  მეორე  შვილს  ან  შვილიშვილს  მაინც  გაჩუქებს,  შეიძლება  მის  მაგივრად  დიშვილი  ან  ძმიშვილიც  მოგევლინოს.  არ  ამართლებს  შვილი  შენს  იმედებს?  ყოველ  მშობელს  სურს  იმაზე  უკეთესი  შვილი  ჰყავდეს  ვიდრე  რეალურად  ჰყავს ”ხომ  ლამაზია  ეს  ჩემი  ცოლი,  მაგრამ  მე  უფრო  ლამაზი  მინდა”-ს  ვარიანტი.  სამშობლოს  ტკივილს  კი  დროც  კი  ვერ  წამლობს!  მას  არ  ჰყავს  შემცვლელი. ”როგორც  უფალი  სამშობლოც  ერთია  ქვეყანაზედა.”  სამშობლოს  ტკივილის  წამალი  ქმედებაა  მხოლოდ.  აქტიური,  დაუღალავი  მუხლჩაუხრელი  შრომა.  საჭიროების  მიხედვით  სისხლის  და  საჭიროების  მიხედვით  ოფლის  ღვრა.  ცრემლი  მხოლოდ  შვებას  გგვრის,  მორჩენით  კი  არ  არჩენს.  ამას  შენ  გეუბნები  და  არა  იმას  ვიზედაც  ილია  იტყოდა  მამულის  ხსენებაზე  მხოლოდ  თავისი  ნეხვწაყრილი  მიწა  აგონდებაო.
    -მძიმე  დღეში  რომ  ვართ,  ამას  თავადაც  ვხვდები,  მაგრამ  ნუთუ  ხსნა,  შვება,  იმედი  არსაიდან  ჩანს? როდის  გვეშველება?
    -ცოტა  უხერხული  ხომ  არ  არის  შენგან  ამ  კითხვის  დასმა?  კაცმა  რომელმაც  ნახე  თუ  რას  უშვრებოდნენ  შენზე  პატარებს  ციხეში  და  მხოლოდ  მხოლდ  ფეისბუქზე  ”აღშფოთდი”?
    -შენც  კარგად  იცი,  რომ  რაიონში  ვარ  ახლა  აქციები  კი  თბილისში  იყო.
    -ბიჭო,  ბიჭო  რამ  სიშორეზე  ყოფილა.  12  ლარი  დაგენანა  წასვლა-წამოსვლის  ფული?  თუ  იფიქრე  სხვისა  ჭირი  ღობეს  ჩხირიო?  რაკი  შენს  გარდერობის  ზედა  თაროზე  მოოქროვილი  მედალი  ინახება  წესით  გაგონილი  უნდა  გქონდეს  მარტინ  ნიმიოლერის  სახელი,  ყოველშემთხვევაში  მისი  1  ცნობილი  ფრაზის  შინაარსი  მაინც  უნდა  იცოდე.
    -ხო  ვიცი.  ხო  ვიცი  გერმანიაში  ჯერ  კომუნისტებს  მიადგნენ  და  ხმა  არ  ამომიღია  რაკი  კომუნისტი  არ  ვყოფილვარო,  მერე  ებრაელებზე  გადავიდნენ  მაშინაც  გავშუმდი  რაკი  არ  ვყოფილვარ  ებრაელიო,  მერე  ბოშებს  და  პროფკავშირში  გაერთიანებულებს  გადასწვდნენ  ყველგან  გავჩუმდი  და  როდესაც  ჩემამდე  მოვიდნენ  კაციშვილი  აღარ  დარჩა  ჩემი  დამცველიო.
    -მერე  შე  შე  დალოცვილო  აქ  რომ  ესე  მეჭიკჭიკები  რატომ  არ  ასრულებ  პრაქტიკულად?  განა  შენ  იგივე  საფრთხის  წინაშე  არ  დგახარ?  ბიზნესმენები  დაატერორეს  და  გაჩუმდი  ბიზნესმენი  არ  ვარო,  დევნილები  დედაქალაქიდან  სოფლად,  მეცხვარეების  დროებით  სადგომებში    გაასახლეს  და  ხმა  გაიკმინდე  არ  ვარო  დევნილი,  ასეულობით  ახალგაზრდას  სცემეს,  ათეულობით  პირდაპირ  ქუჩაში  ჩაცხრილეს  და  კიდევ  დადუმდი  ჩემი  ნათესავი  არ  იყო  არც  ერთიო. ბულდოზერით  ეკლესია  დაანგრიეს  მე  რააო,  პატიმრების  ყოფა  ნახე  და  კვლავ  არ  უღალატე  ტრადიციას.  შენი  პროტესტი  საძმაკაცოში  გინებას  არ  გასცდენია.  ერთხელ  მაინც  თუ  დაფიქრებულხარ  რომ  შესაძლოა  შენი  სახლი  დაენგრიათ  ავარიაულიაო, შენ  მოეკალი  ”სამართალდამცავს”  ხელებაწეული,  ან  შემთხვევით  გაგვარდნოდა  თოფი  და  ვიღაც  ციხეში  ცოცხით  მოგდგომოდა.  გიფიქრია  კი  ამაზე?
    -კი  ბევრჯერ.
    იცინის,  რაღაც  არ  გეტყობა.
    -იმ  დროს  მე  მოწაფე  ვიყავი  და  რა  მეკეთებინა?  თანაც  იმ  ადამიანებს  რომელთაც  პირველ  რიგში  უნდა  გამოეხატათ  პროტესტი  ერთმანეთის ჭამის  და  ჩუმ-ჩუმად  მაყუთის  კეთების  მეტი  არაფერი  გაუკეთებიათ.
    -მართალი  ხარ,  მოწაფე  იყავი  და  იმ  შენი  მოწაფეობის  დროს  მართლაც  რომ  შეგშვენოდა  ფეისბუქური  პროტესტი,  მაგრამ  ახლა  სხვა  სიმაღლეზე  უნდა  იდგე  ცოტა.  შენ  სტუდენტობა  პროექტორიან  აუდიტორიაში  პირველ  მერხზე  ჯდომა  და  ყურდაცქვეტილი  ლექციების  მოსმენა  ხომ  არ  გგონია?  ან  დედაქალაქში  რისთვის  იცხოვრე  2  წელი,  დიდი  სახლები  რომ  გენახა?  დიდ  ქალაქებში  სტუდენტობის  მიერ  წარმოიშვებოდა  ხოლმე  უმრავლეს  შემთხვევაში  საპროტესტო  მუხტი  უსამართლობის  წინააღმდეგ.  შენ  კი  ზიხარ  სახლში  ფეხი-ფეხზე  გადადებული  ხან  ჩლუნგუვიზიების  ყურებაში  ფლანგავ  დროს (რომელიც  ყველაზე  დიდი  რესურსია)  და  ხანაც  ტოლსტოის,  რემარკის  ან  გამსახურდიას  შემოქმედების  გაცნობით  იქცევ  თავს.  ძალიან  კარგია  ლიტერატურა,  მაგრამ  მაქვს  გონივრული  ეჭვი,  რომ  მათაც  ისე  ეცნობი  როგორ  ნიმიოლერს  თორემ  გაითვალისწინებდი  კოწიას  ერთ  შეგონებას  ”ქალის  გულისა  და  ფულის  მოსახვეჭად  სამი  რამეა  საჭირო: სითამამე,  სითამამე  და  კიდევ  სითამამე.  მოკრძალება  უნდილი  ადამიანების  საქმეა.”  არ  მინდა  დავიჯერო  რომ  შენ  ეს  უკანასკნელი  ხარ.  ერთ  რჩევას  მოგცემდი  გაბედე.  ერთხელ  გაბედე  და  მერე  უკვე  ყველაფერი  გაადვილდება.  სხვამ  თუ  არა,  მე  მაინც  ხომ  ვიცოდი,  მე  მაინც  ხომ  ვხედავდი  თუ  რას  ფიქრობდი  და  რას  განიცდიდი  იმაზე  რაც  წეღან  ჩამოვთვალე.  წეღან  ჩემი  მოსაზრება  გაგაცანი,  ახლა  კი  გკითხავ  რომელი  უფრო  ძნელია  შიშის  დაძლევა  თუ  ჩაკლული  სული?
    -ჩაკლული  სული!  უდავოდ.  საოცარი  საძაგლობაა  როდესაც  გულის  კარნახის  წინააღმდეგ  მიდიხარ  და  როდესა  იცი,  რომ  ის  გული  მართალია,  მაგრამ  სულ  რომ  გავჩუმებულიყავი,  სანაცნობო  წრეშიც  რომ  რომ  არ  დამეფიქსირებინა  ჩემი  პოზიცია,  შეიძლება  რაღაც  უბედურება  დამმართნოდა.
    -ეგ  ბუნებრივია  და  კარგია,  რომ  ხვდები  ამას,  კარგი  რომ  ასე  ფიქრობ.
    -ეხლა  რა  გამოდის  საშველი  აღარ  არის?
    -არა,  არც  მასეა  საქმე.  ეხლა  2012  წლის სექტემბერში  ბევრად  უკეთაა  საქმე  ვიდრე  იყო  1  წლის  წინ.  ყოველშემთხვევაში  იმედი  მაინც  გაჩნდა,  იმედი  რომ  რაღაც  შეიცვლება. არის  რამდენიმე  ადამიანი  საქართველოში  რომელთაც  დიდი  ამაგი  აქვთ  გაწეული  ქვეყნისათვის.  ვფიქრობ  რამდენიმე  მათგანს  კიდევ  შეუძლია  იგივეს  გაკეთება  მომავალშიც.  მართალია  1  უკვე  მოხუცდა  მაგრამ  მას  კიდევ  შეუძლია  ერის  დამოძღვრა, დღეს  უკვე საბედნიეროდ ვეღარ  იტყვი  ილიას  სიტყვებს:
”მაგრამ  მამულო  ჩემი  ტანჯვა  მხოლოდ  ის  არის,
ის  არის  მხოლოდ  სამწუხარო  და  სავალალო
რომ  შენს  მიწაზედ  ამდენ  ხალხში  კაცი  არ  არის,
რომ  ფიქრი  ვანდო,  გრძნობა  ჩემი  გავუზიარო!”
მაგრამ  თქვენ  ერთეულების  იმედზე  არ  უნდა  დარჩეთ,  ხომ  იცი,  თუ  მთელმა  ერმა  გამარჯვება  არ  მოინდომა  იქ  მაკედონელიც  კი  ვერას  გახდება. მანამ  სანამ  თითოეული  ქართველი  არ  გაითავისებს,  რომ  სამშობლოს  მოვლა,  გაფრთხილება,  დაცვა  და  პატრონობა  სჭირდება;  მანამ  სანამ  თითოეული  ქართველი  საღამოობით  არ  ჰკითხავს  თავის  თავს  თუ  რა  არგო  სხვას;  მანამ  სანამ  ერი  რეალურად  და  არა  წარმოსახვით  არ  შემობრუნდება  დედაეკლესიისკენ,  მანამ  სანამ  არ  მოსჭრით  ძირში  ნარკომანიის  დამპალ  ხეს;  მანამ  სანამ  არ  დაივიწყებთ  სიზარმაცეს,  მუქთახორობას,  უკოდო  ამპარტავნობას,  ერის  ნახევარზე  მეტი  გააგრძელებთ  ორჯონიკიძეობას,  ლუარსაბობას  და  თეიმურაზ  ხევისთაობას,  მანამ  სანამ  შეგინებული  დარჩება  ქართველი  ქალის  მანდილი  და  რაც  მთავარია  მანამ  სანამ  ქართველი  დედა  კვლავ  აკვანში  არ  გაზრდის  პირმშოს, არ  მოიშლის  მუცლად  მყოფი  ყრმის  მოკვლას,  იავნანის  ტკბილ  ხმაზე  არ  დააძინებს  და  არ  ეტყვის:
”მას  დედის  ძუძუ  ტკბილი
შხამადაც  შერგებია,
მამულისთვის  სიკვდილი
ვისაც  დანანებია”-ო
იქამდე  არაფერი  გეშველებათ! ეს  უკანასკნელია  ყველაფრის  თავი  და  თავი.  თუკი  წინათ  დედები  უკაზმავდნენ  ომში  მიმავალ  ვაჟებს  ცხენებს,  თუკი  მაშინ  იცოდა  ახალგაზრდამ,  რომ  პირველი  დედა  შეარცხვენდა  სახლში  ნაადრევად  მიბრუნებულს,  თუკი  9  ძმა  ხერხეულიძის  დედა  თავადაც  ომში  იყო  და  როდესაც  1  შვილი  უსოლოდ  ეცემოდა  დროშას  მეორეს  აძლევდა,  დღეს  პირველი  დედა  უბიძგებს  შვილს  ლაჩრობისკენ  და  ქვეშაფსიობიკენ.  წინათ  ბავშვისთვის  დედა  მასზე  მზრუნველთან  და  გულმხურვალე  მლოცველთან  ასოცირდებოდა  ახლა  კი  ბევრი  შიშველს  ხედავს  ეკრანზე  საკუთარ  დედიკოს,  რა  მაგალითი  უნდა  აიღოს  მისგან?  მანამ  გმირი,  მართლა  გმირი  არ  გახდება  და  მას  ”სულელის”  იარლიყი  არ  მოეცლება  რა  უნდა  გეშველოთ?  ხო,  ხო,  კინაღამ  გამომრჩა,  მანამ  ის  კაცი  გეყვარებათ  რომლის  ბრძანებითაც  ორჯონიკიძემ  თბილისი  აიღო,  რომელმაც  არად  ჩააგდო  იმავე  ორჯონიკიძის  მიერ  საინგილოს  გაჩუქება,  რომელმაც  დაარიგა  ავტონომიები,  რომლის  რეპრესიებსაც  შეეწირნენ:  ჯავახიშვილი,  მაზნიაშვილი,  ტაბიძე,  კოტეტიშვილი,  მიქელაძე,  დიმიტრი  შევარდნაძე  და  სხვა  მრავალი  მანამდეც  არ  გეშველებათ  არაფერი!  და  კიდევ,  ძალიან  კარგი  თუ  ისეთი  ადამიანი  გამოხვალ,  რომ  საუკუნეების  შემდეგაც  კი  მადლიერებით  მოგიხსენიებდეს  ერი,  მაგრამ  ყველა  ვერც  ცოტნე  დადიანი  გახდება  და  ვერც  ვაჟა-ფშაველა,  ზოგს  ამის  გამბედაობა  არ  ეყოფა,  ზოგს  ნიჭი,  ზოგსაც  ეპოქა  უმტყუვნებს.  ბოლოს  და  ბოლოს  დიდი  ადამიანი  იმიტომაა  დიდი,  რომ  გამორჩეულია  სხვებისგან,  მაგრამ  შენ  შენი  ვალი  ღვთისა  და  ერის  წინაშე  მაინც  პირნათლად  უნდა  მოიხადო.  აი  საქართველოს  მანამ  არ  ეშველება  მანამ  თითოეული  ქართველი  მასწავლებელი  არ  შეეცდება,  რომ  თავის  საგანი  შეასწავლოს  და  შეაყვაროს  ყმაწვილებს,  მანამ  ვაჭარი  სასწორის  დაყენებას  არ  მოიშლის,  მანამ  მლესავი  თუ  შემდუღებელი  მაქსიმალურ  დონემდე  არ  დახვეწს  თავის  ხელობას. რომ  იცოდე  ისიც  გმირობაა  როდესაც  იცი,  რომ  არავინ  დაგიდგამს  ძეგლს,  არავინ  დაწერს  შენზე  ლექსებსა  და  სიმღერებს,  არ  შეიქმნება  არაკები  შენს  შესახებ,  არ  მოუთხრობენ  ბავშვებს  შენზე  ისტორიის  სახელმძღვანელოში  და  მიუხედავდ  ამისა  თუ  მაინც  ერთგულად  ასრულებ  შენს  სამუშაოს.  ბოლოსდაბოლოს  სანამ  შენს  ეზოში  შემოპარულ  გველგესლას  არ  გაუჭეჭყავ  თავს  იქამდე  ვერ  მოკლავ  ბასილისკოს.  გველეშაპთან  გწადია  შერკინება?  12  თავიანი  ბაყბაყდევის  დამარცხება  გსურს?  ჯერ  12  ჭია  უნდა  გაჭყლიტო.  საქართველოს  გაერთიანება  გწადიათ?  ჯერ  საკუთარ  თავებში  დასძლიეთ  სიზარმაცე,  უპატიოსნობა  და  უსამართლობა. თუკი  ყველამ  პატიოსნად  შეასრულა  მასზე  დაკისრებული  მოვალეობა,  მნიშვნელობა  არ  აქვს  კიბოს  წამალს  იგონებს  თუ  ჩურჩხელებისთვის  ასხამს  ძაფზე  ნიგოზს. თუკი  ყველა  ზემოთთქმული  შესრულდა,  მაშინ  საქართველო  საოცარი  სისწრაფით  ამოფრინდება  იმ  ჭაობიდან  რომელშიც  ამჟამადაა  ჩაფლული  და  თუ  არა  მაშინ  უფრო  ღრმად  ჩაეფლობა  და  საბოლოო  ჯამში  აღესრულება  კიდეც.  სისხლისგან  დაიცლება  არწივი  და  მერე  ვეღარც  ექიმი  უშველის  ვეღარც  ექიმბაში.  ერთი  სული  აქვთ  შიდა  და  გარე  მტრებს  საქართველოს  საფლავზე  რომ  გამართონ  როკვა  და  ბუქნა.  ეს  არ  დაუშვათ!
    -მგონი  ვხვდები  ვინც  ხარ,  შენ  ხორცშესხმული  ზნეობა  ხარ,  ანგელოზი  ხარ  უფლისგან  მოვლენილი, სული  ხარ  საქართველოსი  უკვდავი.
    -მართალი  ხარ!  ჩემში  გაერთიანებულია  3  რამ:  ღმერთი,  სამშობლო  და  ადამიანი.  ვინ  ხარ  შენ  უსამშობლოდ?  არარაობა  და  მტვრის  ნაწილაკი. სამშობლოში  ვგულისხმობ  ენასაც  ”რა  ენა  წახდეს,  ერიც  დაეცეს,” ”მშობლიური  ენის  სიწმინდის  დაცვა  ისეთივე  წმინდათა  წმინდა  ვალია,  როგორც  ხმლით  დაცვა  საკუთარი  სამშობლოსი.” ზოსიმემ  ღმერთების  ენა  უწოდა  ქართულს,  თქვენ  კი  რას  აკეთებთ?  რატომ  ანაგვიანებთ?  თუ  ”შკაფი”  ბარბარიზმია  მაშ  ”ვიქენდი”  რაღატომა  ქართული? ან  ღმერთის  გარეშე  რაღაა  ცხოვრება,  ვინ  ხარ  შენ  უღმრთოდ?  ადამიანი  რომელსაც  არ  აქვს  რწმენა,  რომელიც  განსაცდელის  ჟამს  სასოწარკვეთაში  ვარდება  რადგან  არ  სწამს  და  შესაბამისად  არც  აქვს  უფლის  იმედი.  უკვდავება  შემიძლია,  მაგრამ  მსხვერპლს  მოვითხოვ.  სხვა  შემთხვევაში  მე  მოვკვდები  და  გავიხრწნები  ჭია-ღუა  დამესევა.  უკვდავი,  უკვდავი,  როგორ  უნდა  ვიყო  უკვდვი  თქვენს  ხელში?  მაინც  რატომ  ფიქრობ  რომ  უკვდავი  ვარ  8-9  საუკუნის  წინ  რომ  ძლიერები  იყავით?  თუ  მასეა  4-5  ათასი  წლის  წინ  თქვენზე  უფრო  მაგარი  იყო  ბაბილონი  და  ეგვიპტე  რომელიღაა  ეხლა?  ძველი  ეგვიპტელები  კი  კიდევ  არიან,  მაგრამ  რა?  თავს  ვერ  დავდებ,  მაგრამ  რამდენადაც  ვიცი,  ძველი,  ნამდვილი  ეგვიპტელი  მგონი  არც  ერთ  პროვინციას  ან  თუნდაც  რაიონს  არ  უნდა  მართავდეს. თქვენც  ასე  მოგივათ  ამ  უცხოეთში  გაქცევების,  კონტრაცეფციებისა  და  აბორტების  გადამკიდე.  ქართველები  საქართველოში  სამუზეუმე  ექსპონანტებად  იქცევით  თუ  დროზე  არ  გაატოკეთ  თავი  და  ხელი!  ამის  სანაცვლოდ  კი  რას  აკეთებთ?  დგახართ  და  შეჰყურებთ  ცას  პირდაღებულები,  დორბლი  ჩამოგდით  ტუჩზე,  ასლოკინებთ  და  უკნიდან  გაზებს  უშვებთ.  აი  ეს  არის  თქვენი  ”საამაყო”  ქართველობა.  უყურებთ  დარღვეულ  ტაძარს,  გუმბათს  დაქცეულს  და  იკრიჭებით  ჯამბაზივით.  თუმცა  რა  გასაკვირია  დედაწულიანად  ხართ  დარღვეულები  თავად  მთელი  ქართველობა  და  რაღას  იფიქრებთ  ტაძარძე?  ვიღაც  ხარ  შე  მამაცხონებულო,  თუ  იმის  თავი  არ  გაქვს,  რომ  დაწერო  ახალი  ვეფხისტყაოსანი,  ააგო  ახალი  ბაგრატი  და  სვეტიცხოველი, ოშკი  და  გელათი,  იმას  მაინც  გაუფრთხილდი  რაც  გაქვს,  ის  მაინც  დაიცავი  რაც  მამაშენმა,  იმის  პაპამ  და  კიდევ  იმის  დიდმა  პაპამ  შენამდე  მოიტანეს  სისხლითა  და  ოფლით.  საარაკო  სითამამითა  და  დროული  თავშეკავებით.  მაგრამ  არა,  თქვენ  ეს  არ  გინდათ,  არ  გაინტერესებთ.  თქვენთვის  ყინწვისის  ანგელოზზე  უფრო  ღირებული  ნახევარი  კილოგრამი  ღორის  ქონია.  პირად  საქმეში  გაუმაძღრობას  იჩენთ,  რასაც  არანაირი  კავშირი  არ  აქვს  ჯანსაღ  ამბიციასთან,  ართმევთ  და  აგლეჯთ  ყველას  ყველაფერს  ვისთანაც  გაგივათ. ზოგჯერ  იმისთანა  სიხარბეს  იჩენთ  მაკე  ღორს  რომ  შერცხვებოდა  ჯოგჯერ  კი  ერთიბეწვაზე  ისე  კმაყოფილდებით  როგორც  გამაძღარი  სახედარი. ვინ  ხართ  თქვენ?  მტვერწაყრილები  და თავდახრილები.  ყელამდე  ხართ  ჩაფლული  ნეხვში  და  სუნის  ჩასახშობად  ცხვირსახოცის  აფარებაც  კი  გეზარებათ!  დიახ,  დიახ  თქვენ  ბედნიერი  ერის  შვილები  ხართ,  თავწახრილები,  ცუღლუტები,  ფლიდები, ყრუები  და  ცრუები,  მტრის  არ  მცნობები  და  მოყვრის  მგმობები,  გამოსერიალებული  იდოტები... განდიდება  კი  გიყვართ,  საკუთარ  თავებს  დაუდგით  ძეგლი  პლაჟზე.  ასე  ამრეზით  ნუ  მიყურებ.  რასაც  თქვენ  აგერ  უკვე  21-ე  წელი  ასე  მორჩილებით  ითმენთ:  ეროვნული  ხელისუფლების  დამხობასა  და  პრეზიდენტის  მკვლელობას,  მხედრიონს,  ტერიტორიების  გაყიდვა  გაჩუქებას,  ნეობოლშევიზმს XXI  საუკუნეში... მართლა  კვერცხის  გარდა  ვინ  ჩაიკმენდავდა  ამდენ  ხანს  ხმას? ვისი  ბრალია  აფხაზეთი  რომ  აღარაა  საქართველოში?  რუსების?  არა  ბატონო  რუსების  კი  არა  ქართველების.  იქ  რომ  ზოგი  სისხლით  იცლებოდა,  თბილისის  რესტორნებიდან  ღრიანცელის  ხმა  გამოდიოდა.  ვისი  ბრალია  კრწანისის  მარცხი?  სპარსელების?  არა?  იმ  სომეხის  ელჩი  რომ  გააპარა?  არა  მაშ  ვისი?  ვისი  და  იმ  20 000  ჩანჩურასი  უკანასკნელ  გზაზე  რომ  მიაცილებდა  ერეკლეს.  ვისი  ბრალია  თეიმურაზის  დაქცევა?  დროის  გამოცვლის?  ჯაყოსი?  არა,  არა  და  არა!  თეიმურაზის  დაქცევა  თავად  თეიმურაზის  ბრალია!  თქვენი  დღევანდელი  ყოფაც  თქვენი  ბრალია  მხოლოდ!  სურვილები  და  ოცნებები  გაქვთ  დიდი  მათ  განსახორციელებლად  კი  არაფერს  აკეთებთ.  წეღან  თქვი  ტაო-კლარჯეტი  მინდაო. ბებიათქვენისამ  თუ  ხელი  არ  გაატოკეთ  თურქეთი  ლანგარზე  დადებულს  მოგართმევთ.  თან  200-250  მილიარდსაც  მოაყოლებს  საკომპენსაციოდ-ბოდიში  ამდენი  ხანი  რომ  ვერ  გიბრუნებდითო. შინაურებთან  გაქვთ  დიდი  ენა.  გარეთ  მხდალები  ხართ  და  შინ  ძლიერები.  კიდევ  ერთი  საოცარი  თვისება  გაქვთ  ყველაფერს  იღებთ  უცხოეთიდან  რაც  კი  ცუდია.  კარგს  კი  ახლოსაც  არ  ატარებთ.  ევროპაში  ნორმა  პიდარასტობაო  და  თქვენც  ნერგავთ  იმავე  ევროპაში  რომ  სიზუსტეცაა  ნორმა  ის  გავიწყდებათ.  ისიც  გავიწყდებათ,  რომ  იქ  ევროპაში  ლუდს  არ  აწყალებენ  და  მანგარინს  კარაქად  არ  ყიდიან. გავიწყდებათ  ისიც  რომ  იქ  არავის  დავიწყებია  სიტყვა  ეკოლოგია,  რომ  იქ  მიმავალი  მანქანიდან  ნაგავს  არ  ყრიან.  გავიწყდებათ  ისიც  რომ  გერმანიაში  ეტლში  მჯომი  კაცის  მათხოვრად  გახდომა  ძმებ  გრიმებსაც  რომ  არ  მოსვლიათ  თავში.  გადასახადებს  იღებთ  დასავლეთიდან  და  ივიწყებთ  დასავლურ  ხელფასს. გადაგვარების  მოსურნეებო  აკაკის  ”ღამურა”  მაინც  წაიკითხეთ.  სარკე  თუ  არ  გაქვთ  მყრალ  გუბეში  მაინც  ჩაიხედეთ,  რომ  დაინახოთ  რას  გავხართ. მამული  შეგინებული, ენა  შეგინებული,  სარწმუნოება  შეგინებული-აი  თქვენი  მონაგარი  რა  არა?  რამდენი  საქართველოს  ისტორიული  ფართობი  და  რეალური?  მოსახლეობა?  ენაზე  უკვე  ვთქვი,  სარწმუნოება?  ეკლესიაში  მოკლე  კაბებით  სიარული  და  მარხვაში  სამარხო  შოკოლადის,  ნამცხვრის,  კარაქის,  ნიგვზიანის  და  თაფლის  ჭამა  გგონიათ  მარტო  რელიგიურად  ცხოვრება?  თუ  ფიქრობთ  რომ  მაშინ  ხართ  ჭეშმარიტი  მართლმადიდებლები  როდესაც  ფეიბუქზე  პატრიარქის  გვერდი  გაქვთ  ”დალაიქებული”  და  კედლის  სურათებში  ხატები  გილაგიათ?  სამშობლოს  სიყვარულს  კი  განსხავებული  სასმისის  ბოლომდე  ბოლომდე  ღიპში  გადაძახებით  აღნიშნავთ,  ან  მაისურით  მე-გული  საქართველო.  ასე  რა  ჯანდაბამ  აგიბათ  თვალები,  ხრამის  პირას  ბუქსაობთ  და  ვერ  ამჩნევთ. მთავარი  უბედურება  კი  ისაა,  რომ  მაგ  უბედურებას  ვერ  ხედავთ,  ვერ  ამჩნევთ,  საკუთარ  გადაგვარებასა  და  დეგრადირებას.  უფრო  პატარაც  ყოფილა  საქართველო,  უფრო  დიდი  შიმშილიც  გამოუვლია,  მაგრამ  მაშინ  სწუხდით  და  ბრძოლას  განაგრძობდით  ახლა  კი,  ახლა  კი  ოლიმპიური  სიმშვიდით  ეგებებით  ყველაფერს.  იქნებ ფიქრობთ, ჩემს  შემდეგ  ქვა  ქვაზეც  ნუღა  დარჩენილაო  ცდებით  რადგან  განადგურება  თქვენს  შემდგომ  თაობას  კი  არა  თქვენ  გემუქრებათ,  თქვენი  შემდგომი  თაობა  უბრალოდ  აღარ  იარსებებს.  სამშობლოს  გიბახებენ, ღირსებას  გიუპატიურებენ  და  თქვენ  ყოველივე  ამას  ღიმილით  ხვდებით... თუ  ასე  ბედოვლათურად  გააგრძელეთ  ცხოვრება  შენ  და  შენისთანებმა,  თუ  კვლავაც  ცხვირსახოცებივით  აჩუქეთ  მიწები  მეზობლებს,  თუ  კვლავ  მუცელში  ჩაიკალით  პატარები,  აღვირახსნილობა  დემოკრატიად  მიიღეთ,  პიდარასტობა  თანამედროვე  კულტურის  მაჩვენებლად, ქალის  უფლებებით  გააგრძელეთ  სპეკულაცია  და  ამ  დროს  დაკარგეთ  მანდილოსნისადმი  ყოველგვარი  პატივისცემა  და  მოწიწება. თუ  დიდიან  პატარიანად  ყველამ  იქურდეთ  და  იმამაძაღლეთ, თუ  კვლავ  გააგრძელეთ  მოზარდი  გოგონების  ზომბირება-შენი  სხეული  შენ  გეკუთვნის  და  რატომ  უნდა  იყო  ქორწილამდე  ქალიშვილი  ეს  ხომ  მაგარი  გოიმობააო,  თუ  სტუმარ-მასპინძელი  კვლავ  ისე  გაიგეთ-აჰა  ძმაო  სახლიც,  კარიც,  ცოლიც  და  შვილიც  შენ,  მე  წავალ  ჯანდაბაშიო,  თუ  რეალურად  არ  შეებრძოლეთ  ნარკომანიას  და ნარკოტიკებით  დატვირთული  ტრაილერის  გარდა  კვლავ  ვიღაც  ”ნარკუშა”  დააკავეთ  3  გრამ  ჰეროინზე,  თუ  არ  დაიწყეთ  ბრძოლა,  რომ  თქვენი  თავი  თქვენადვე  გეყუდნოდეთ... მაშინ  50 წლის  შემდეგ  კაცი  აღარ  იქნება  ჩემს  საფლავზე  ამომსვლელი  და  შენდობის  მთქმელი.  შენდობის  მთქმელი.  შე-ნდო-ბის  მთქმე-ლი-ი-იიიი!!! ექოსავით  განმეორდა  ხმა  რამდენჯერმე  და  შემდეგ  ნელ-ნელა  მიწყდა.


    წამის  უსწრაფესად  ჩემი  სტუმარი  ჰაერში  გაუჩინარდა  და  საიდანღაც  ჩამესმა  ხამ  ”მზიანი  ღამეა,  მალე  გათენდება!”  ეს  იყო  ჩემი  პირველი  გასაუბრება  იდუმალ  ხმასთან,  სულთან,  საქართველოს  სულთან.  თავიდან  მხოლოდ  ხმა  ჩამესმოდა  მხოლოდ  უკანასკენელ  წუთს  ინება  რომ  მეხილა  მისი  სახება.  ახლა  ვიხსენებ  და  ვერ  აღმიდგენია  თუ  როგორ  გამოიყურებოდა.  ხან  ცხენზე  ამხედრებულ  მახვილმოღერებულ  ახოვან  მხედრად  მახსენდება.  ხან  დაბალ,  ტანსრულ,  კუშტსახიან  და  ულვაშიანად.  ხან  თითქოს  ფაფანაკი  ახურავს  თავზე. ხან  მახვილი  უჭირავს,  ხან  კალამი  ხან  კი  კირითხუროს  ქაფჩა.  ზოგჯერ  თოხი  უკავია  ზოგჯერ  ცელი. ზოგჯერ  კი  საერთოდ  ქალია  და  ხელთ  ვაზის  ჯვარი  უპყრია.  გონებას  ვძაბავ,  მაგრამ  ყოველივე  ეს  ხატება  ერთმანეთში  ირევა.  მაინც  რომლის  სახე  ჰქონდა?  ალბათ  ყველასი  ერთად.  ბოლოსდაბოლოს  ის  ხომ  არ  ყოფილა  ადამიანი?  ის  ხომ  სული  იყო?  სულს  კი  როგორც  ამბობენ  იმაზე  მეტი  შეუძლია  ვიდრე  ჩვენ.  მეღირსება  კი  ოდესმე  იმავე  არსებასთან  შეხვედრა?  ან  თუ  მეღირსა,  წარვსდგები  კი  პირნათლად  მის  წინაშე?  შესრულებული  მექნება  რაიმე  მისი  დარიგებებიდან  თუ  დარჩება  მისი  ლაპარაკი  ხმად  მღაღადებლისად? გათენდება  ბოლოსდაბოლოს  თუ  სამუდამო  წყვდიადი  დაისადგურებს?  სძლევს  კი  ერთხელ  და  სამუდამოდ  დავითი  გოლიათს?  სურვილი  მაქვს,  მაგრამ  სურვილი,  რომ  არ  კმარა  ეს  კარგად  ვიცი.  ძალაც  მინდა  რომ  ეს  სურვილი  ავასრულო.  ძალა  კი  ისევ  ჩემი  გამოსამუშავებელია.  ჩემი  და  ყველასი  დიდისა  თუ  პატარისა  განსაკუთრებით  კი  ახალგაზრდობის!!!

ნ-ი-კ-ი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 18 მარტი, 2013 06:47:38
ვალი                                                    #08




შუადღისას გადის,  ძირს გაზეთს შლის, მერე ძველ კაბას, ოთხად მოკეცილს, სათუთად აფენს ზედ და ზის საღამოს 7-8 საათამდე პურის საცხობთან. გვერდით იდებს მზესუმზირის ჩანთას, პატარა ჭიქითა და მოდიდო ჭიქით. ეს პატარა ჭიქა პაპისეულააო, არაყს გადაკრამდა ხოლმე ცხონებული ერთი თვალის დახამხამებაზეო და სახეს იგრე დაჭყანამდა, რომ მუცლები ხელებით გვეჭირა მე და ჩემ და - ძმასო, ეტყვის ხოლმე შვილიშვილებს. აბა, როგო, მერი ბაბოო, და ესეც უკბილო პირს მოწკურავს, ნიკაპს ცხვირთან მიიტანს და ნახევრად დახუჭული თვალებით უყურებს სიცილისაგან გადაბჟირებულ ბავშვებს.
ქაღალდის პარკებს ისეთი მოწადინებით აკეთებს, თითქოსდა ერთჯერადი არ იყოს.  ჯერ წაიკითხავს ხოლმე ღიმილით პატარა შვილიშვილის მიერ ჩაწიკწიკებული ასოებით დაწერილ საშინაო დავალებებს და აფსუსი არაა ახლა ამის სხვისთვის მიცემაო, იმას ჩანთის ქვეშ ამოსდებს და ისევ გაზეთებს გადასწვდება.
მერის დასახლებაში ყველა იცნობს. სოფლიდან შვილმა ჩამოიყვანა რამდენიმე წლის წინ, ჩემს ცოლს ბავშვების გაზრდაში დაეხმარები, რაღა დროს შენი მიწაზე მუშაობააო. მერე კიდე, ბავშვები ხომ წამოიზარდნენ, მე აღარ ვჭირდები, რამდენიმე კაპიკს გავაკეთებ 'სემიჩკითაო' და ყოველდღე, ზამთარ - ზაფხულ საცხობთან ზის მერი.
რას ყიდის, და რა მოგება აქვს, არც თვითონ იცის და არც არავინ. ახლად დაშუშულ მზესუმზირას გაიტანს ხოლმე ყვავილებიანი ნაჭრის ჩანთით, რასაც გაყიდის, ხო გაყიდის, და რასაც არა და შვილიშვილები აკნატუნებენ დაძინებამდე.

***

შვილი საფრანგეთში წაუვიდა 2 წლის წინათ , მანქანას აკვრია ქვევიდან თურმე და ისე გადაუკვეთია საზღვრები.
ბევრმა იცის გიორგის ოჯახის შესახებ, წლები იყო ვერც გიორგი და ვერც მისი ცოლი მაია, ვერანაირ სამუშაოს ვერ შოულობდნენ. სამ ბავშვს ან როგორ ზრდიან ეგ საცოდავებიო, იტყოდნენ ხოლმე მეზობლები და თითო თეფშით რაღაცას აწვდიდნენ. ერთმანეთის ნაცვამ ტანსაცმელში კი დაიზარდნენ, როგორც იქნა, მაგრამ მარტო ჩაცმა ხომ არ არი, ბავშვებს  საჭმელი უნდათ და სასმელიო, იტყოდა ხოლმე მერი.
სანამ სოფელში ცხოვრობდა, ავტობუსის ნაცნობ მძღოლს გამოატანდა ხოლმე ვედროებით ხილსა და ბოსტნეულს, კვერცხსა და ერთ დედალს და გიორგი ისე, როგორც თოვლის პაპას ბავშვები, ელოდებოდა ამ ავტობუსს ორ კვირაში ერთხელ.

ბანკიდან სესხი აიღო გიორგიმ და ბინა ჩადო სესხის გარანტად. ბილეთი იყიდა. ცოტა თანხა თვითონ აიღო და ცოტაც მაიამ ჩუმად ჩაუდო ქურთუკის ჯიბეში, იქ რომ გაუჭირდეს, ვინ რა უნდა მისცესო და ღამის მატარებელზე,  ცივი ნოემბრის ერთ ღამეს, ბათუმამდე გააცილა. ბათუმიდან თურქეთში გადასულა, მერე თურქეთიდან სად და როგორ, ზუსტად არ იციან, ეგ ტელეფონზე სალაპარაკო არ არიო და საფრანგეთის ერთ პატარა სოფელში დასახლებულა ჩასვლისთანავე.
დილით ადრე ძროხებს ვწველიო, კიდე კაი, სოფელში გავიზარდე და შემიძლიაო. შუადღისას მიწას ვამუშავებო, ისეთ მცენარეებსა და ბუჩქებს ვუვლი, საქართველოში რომ არ არისო. ნეტა  შეგეძლოს და გამოაგზავნო, აქ დავრგავდიო, ერთხელ უთხრა დედამისმა, და სად დარგავდი, კორპუსის ეზოში ხომ არაო, შვილიშვილმა სიცილით გაახსენა, რომ სოფელში აღარ ჰქონდათ სახლი.

წარმოშობით კეხვიდან იყვნენ, სანამ რუსები შევიდოდნენ და იქ მცხოვრებლებს გამოყრიდნენ, მანამდე თვითონ წამოვიდნენ. მდინარე ლიახვის პირას იდგა გიორგის პაპის მიერ აშენებული პატარა სახლი. ლიახვში პატარა გოგო -ბიჭები ბანაობდნენ, თევზაობდნენ, ქვებზე ირუჯებოდნენ, მდინარის წყალს ეზიდებოდნენ სარეცხისთვის სოფლელები და ბაღ-ბოსტანსაც ლიახვის წყლით რწყავდნენ.
მამა რომ დაეღუპა,გიორგი უკვე თბილისში ცხოვრობდა.  დედამისთან თვეში ერთხელაც ვერ ახერხებდა ჩასვლას. კაცის საქმე იმდენიაო, -  შემოუთვლიდა ხოლმე ავტობუსის მძღოლის პირით დედამისი, -  და იქნება ერთი დღე გამონახო და ჩამოხვიდეო, მაგრამ ეს ერთი დღე მოვიდა მაშინ, როცა ის ნახევრად მონგრეული სახლი მეზობელს მიჰყიდეს და მცირე ავეჯი ჩამოიტანეს თბილისში. მერი სულ სოფელს მისტიროდა, ხან ჩუმად, ხან კი ხმამაღლა, მერე კი ნახევრად მადლიერი იყო, კიდევ კარგი,  გავყიდე ჩვენი სახლი, თორემ თავს ცოცხლად დავიმარხავდი, რუსის ფეხი რომ დამენახა ჩემ კარ-მიდამოშიო, თუმცა ჩემების საფლავები ასე უპატრონოდ რომ არის მიყრილები, გული ტკივილისგან მეწურებაო.

***

გიორგი თვეში ერთხელ ფულს საფრანგეთიდან ცოლს უგზავნიდა. რასაც აიღებდა, არაფერს ხარჯავდა. კვირაში ორჯერ ურეკავდა და კითხულობდა ოჯახს, დღეები და კვირეები ერთმანეთს მიჰყვებოდა, ბავშვები იზრდებოდნენ, მერი კი თავისას არ იშლიდა, რაღაც რომ არ ვაკეთო, არ შემიძლიაო, და ზამთარ -ზაფხულ პურის საცხობთან იჯდა მზესუმზირის ჩანთით. ყურთ რომ დააკლდა და კარგად არ ესმოდა გიორგის ხმა ტელეფონიდან, ეხვეწებოდა - ერთი წერილის დაწერას რა უნდა, შე მამაცხონებულო, გამაატა ვინმესაო, ან გამოტანება რაღად გინდა, ფოსტა ხო მუშაობსო. გიორგი ყველა წერილში ერთი და იმავეს სთხოვდა, ჩემს თავს გაფიცებ, დაანებე თავი მზესუმზირის გაყიდვას, ხომ ხედავ რომ აღარ გვიჭირსო. ერთი წელიც და ბანკის ვალს სულ მოვიშორებთ და მერე რასაც გამოგიგზავნით, სახარჯოდ გეყოფათ და დაგრჩებათ კიდეცო. მერი, წერილის კითხვის დროს, ღაპა-ღუპით ჩამოსულ ცრემლებს ჩითის ხალათის კალთით მოიწმენდდა ხოლმე, თან აქეთ-იქით გაიხედებოდა, ვინმემ ხომ არ დამინახაო, მით უმეტეს მაშინ, გარეთ თუ იჯდა და ეეჰჰოოო, იმხელაზე ამოიხრებდა, გეგონებოდა, მთელი ქვეყნის დარდი მას დააქვს გულითო. აბა, ეს რა ცხოვრებაა, შვილი მენატრება და ვერ ვხედავო, შესჩივლებდა ხოლმე საცხობში მომუშავე ცალთვალა მაყვალას, ან თვითონ ნეტა როგოაა იქ, იმასაც ხო ენატრება თავისი შვილები, წლები რომ გადის და ვერა ნახულობსო. მაყვალაც, მესმის შენი განა არაო, ჩემი შვილი აქვე, საგარეჯოში ცხოვრობს და იმასთან ვერ მივდივარ, დასვენების დღე რომ არა მაქვს, შენი კიდე სადღაც საზღვრებგარეთ მაინც არისო.

***

გარეთ ყინავდა. თებერვლის 8 იყო.
- უუჰ, რა სუსხია, გარეთ როგორ ხართ? _ თეთრებში გამოწყობილი ქალი, მერის წინ შეჩერდა მზესუმზირის საყიდლად.
- ჰო, შვილო, ისევ ისეთი სიცივეებია, როგორც იანვარში, იმიტომ რომ პირველი ცამეტი დღე ნასესხები აქვს თებერვალს იანვრისგან, - ჩქარ-ჩქარა ჩაუყარა პირსავსე 2 ჭიქა მზესუმზირა ქალს და ზედმეტი ნახევარი ჭიქაც მიაყოლა მადლობასთან ერთად. ქალმა ლარიანი მიაწოდა და იყოს ხურდა არ მინდაო, სწრაფადვე გატრიალდა. მეორე დღეს ეს ქალი ისევ მივიდა მერისთან და მერი პატარა ბავშვივით აწითლდა.
-თქვენი ფული არ მინდა, გუშინაც უხერხულად ჩამაგდეთ და გამომართვით აი, რამდენიმე ჭიქა 'სემიჩკა' შვილო…
- მზესუმზირისთვის არ მოვსულვარ, რაღაც უნდა გკითხოთ,_ შეაწყვეტინა ქალმა.
- ვერ გავიგონე?_ წელი ძლივს აზიდა მერიმ და რაც შეიძლება ახლოს დაუდგა ქალს.
- აი, აქვე ამ საცხობის უკან მაღაზია რომაა, ჩემია და დამლაგებელს ვეძებ, დღეში ერთი საათი, იქნებ ვინმე იცოდეთ, აქ სამუშაოს რომ ეძებდეს?
- უჰ, მე თუ ამიყვანთ, ძალიან დამავალებთ, შვილო, ძლივს ამოილუღლუღა მერიმ და ქალმაც, სიამოვნებითო, გაუღიმა და მაღაზიაში დაიბარა მეორე დღესვე.

მერი, სანამ მაღაზია გაიხსნებოდა, დილის 8 საათზე იქ იყო. მტვრების დაწმენდას დახლებიდან, მაცივრებიდან და იატაკის გამოგვა- გამოწმენდას ერთ საათზე მეტს კი ანდომებდა , მაგრამ კარგად თუ არ დავალაგე და დავაკრიალე აქაურობა, ისე არ შემიძლიაო, ეტყოდა ხოლმე გამყიდველებს, სიამაყით. უხაროდა სამსახურში მისვლა ყოველდღე, გამყიდველები სულ ღიმილითა და მოკითხვებით ხვდებოდნენ მერის და ხელსაც წააშველებდნენ ხოლმე, სადაც ვერა სწვდებოდა. ხელფასს ხომ იღებდა, დღეში 5 ლარს, მაგრამ პრემიაც დაუნიშნეს.  მაღაზიის პატრონი თვეში ერთხელ შეირბენდა ხოლმე მაღაზიაში, დახედავდა იქაურობას, მერე მერის დაიბარებდა  თავის ოთახში და პრემიის სახით 150 ლარს აძლევდა. თან მადლობას უხდიდა, ასე კარგად რომ მუშაობთ თქვენს ასაკშიო და თან სთხოვდა, გამყიდველებთან ნურაფერს იტყვით ამ პრემიაზეო.

ამდენი ფული მე ცხოვრებაში არ მინახიაო, გახარებული რძალთან მიარბენინებდა ხელფასსაც და პრემიასაც ყოველთვე. რძალი უარს ეუბნებოდა, ეგ ფული შენი მონაგარია და შენთვის მოიხმარეო, მაგრამ ერთ რამეს გთხოვ, ხომ გაქვს ახლა შემოსავალი, მზესუმზირის გაყიდვას მოეშვიო. მერიმაც, რისთვის ვაწყენინო ჩემს შვილსა და რძალსო, და დაურიგა ბოლო ჩანთა მზესუმზირა ეზოს ბავშვებს…


***

- გამოვგზავნე 8 თვისა გუშინ, რამდენიმე დღეში მანდ იქნება, მეგი.
- 8 თვის რად გინდოდა, გიო, შენ გამოგეყენებინა მანდ ეგ თანხა,  არ სჯობდა?
- აქ რა უნდა გავაკეთო, მეგი, საქმეს ხომ არ დავიწყებ საფრანგეთში? არალეგალურად მამუშავებს ეს ფერმერი, და მეც არ ვიცი, როდემდე ვიქნები აქ,. დაბალ ანაზღაურებაზე ვყავარ და მაინც ამბობს, მიჭირს შენი შენახვა და ფულის მოცემაო. ამიტომ მირჩევია 8 თვის წინასწარ მოგცე ახლა,  რადგან მერე შეიძლება გამოსაგზავნი არაფერი მქონდეს.
- შენ როგორც გინდა, გიო. დედაშენი ისე კმაყოფილია მაღაზიაში მუშაობით, ყველასთან კარგადაა და ერთი საათი რაც იქ არის, ხელ-ფეხს არ აჩერებს! ამდენი ენერგია მოხუც ქალს საიდან აქვს, ბევრ ახალგაზრდას შეშურდება, რა!
- მანდ სითბოში მაინც არის, მეგი. გარეთ რომ იჯდა, საცხობში შედიოდა ხოლმე მორიდებით, ცოტა გავთბებიო...შენ რომ არა, ვერ დავარწმუნებდით, რომ აზრი არ ჰქონდა მის გარეთ დგომას და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა, რომ დაასაქმე შენს მაღაზიაში.
- არ  გრცხვენია, გიო, ნეტა ადრევე გამეკეთებინა ეგ,  თუმცა შენი 'პრემიის' გარეშე არა მგონია დაენებებინა თავი მზესუმზირისთვის...
- მე ორი წელიც და ალბათ ჩამოვალ, ძალიან ძნელი ყოფილა ოჯახისგან მოწყვეტა, მაგრამ რა ვქნა. ისე მომენატრებიან ხოლმე ბავშვები, ვერც კი წარმომიდგენია, ამ ორ წელს როგორ გავიტან აქ. თუმცა მეტი გზა როცა არ მაქვს, გავიტან ალბათ.

***

გიორგისგან არაფერი ისმოდა,  ორი თვე ხდებოდა, რომ არც დაერეკა, არც მოეწერა, არც ფული გამოეგზავნა. მერი ძველ წერილებს კითხულობდა, ისევ და ისევ, და რა ვქნა, თვითონ იყოს კარგად და თუ უნდა სულ ნუ მოუწერიაო, ეუბნებოდა თავის თავს.
მერე წერილი მოუვიდათ და შეატყობინეს, რომ გიორგი აყვანილი იყო არალეგალურად სხვა ქვეყანაში ყოფნის გამო და დეპორტაციას უპირებდნენ.
ჰოდა, ჩამოვიდა გიორგი, ჩამოვიდა გიორგი უფრო ადრე, ვიდრე ელოდნენ და გიორგი სულ სხვანაირი იყო: გამხდარი, დაბერებული, დაღლილი, გარუჯული, ხელებდაკოჟრილი, ფრჩხილებგაზრდილი, თმაგაზრდილი, ძველტანსაცმლიანი, ერთზურგჩანთიანი და სიტყვაგამშრალი. იცინოდა, უცინოდა შვილებს, დედას, ცოლს, კედლებს, ძველ ჩამოხეულ შპალერს, მოლაყლაყებულ სკამებს, გასამაგრებელ მაგიდას, ნახევრად ჩამოგდებულ ფანჯრებს, შუშაჩამტვრეულ კარს,  დედის დაკერებულ ჩითის ხალათს, შვილების გაცვეთილ ფეხსაცმელებს და აბა, როგორ ხართო, ერთი და იმავეს კითხულობდა და თითქოს არ ესმის, რას ეუბნებიან ან ბავშვები, ან ცოლი და ან დედაო, იდგა და თვალებაჭრელებული ხან ერთს შეხედავდა და გაუცინებდა და ხან მეორეს და ისევ იგივეს კითხულობდა, აბა, როგორ ხართო?
ბავშვებიც, გაუცხოებულები, ხან თვალს არიდებდნენ, ხან უხერხულად უღიმოდნენ და, რა ვიცი, ვართო, დიდებივით პასუხობდნენ. წელში ამოხრილი მერი, წელამდე ძლივს სწვდებოდა შვილს და ვეღარ ვიშლები, ცხვირს ლამის მიწაზე ვაფჩენო, ებოდიშებოდა და ხელებს უკოცნიდა გიორგის. 
ცოლი ეუბნებოდა, თუმცა, ძლივს ამოვისუნთქეთ და აღარ გვიჭირსო, მაგრამ უშენოდ ერთი წელი კი არა, ალბათ, ერთი თვეც ვეღარ გავძლებდითო. უმეტესი ვალი  დავფარეთ ბანკიდან, მარტო 1000 ლარამდე დაგვრჩა და რამეს ვიზამთ მეც და შენც და მოვიშორებთო, ანუგეშებდა.

***

თვის ბოლოს დაუძახეს მერის, მეგი გიბარებსო. მერი, როგორც მოსწავლე სკოლის დირექტორთან, ისე მოკრძალებით შევიდა მეგის ოთახში და მაგიდასთან დადგა მორიდებით.
- ერთი სათხოვარი მაქვს, შვილო, მეგი,- ძლივს დაიმორჩილა ხმა და ენა, - ჩემი შვილი, გიორგი, უკვე ჩამოვიდა საზღვარგარეთიდან და იქ ვერ მოასწრო მთლიანად ფულის შეგროვება ბანკის ვალის გადასახდელად  და ბანკი სახლს ჩამოგვართმევს, დროულად თუ არ დავფარეთ ვალი.ჰოდა, ძალიან კი მერიდება, მაგრამ, იქნებ 2 თვის პრემიაცა და ხელფასიც ერთად მომცეთ, თუ  არის ამისი საშუალება, შვილო? _ ძლივს ჩაამთავრა სათხოვარი და ხელები ხალათის ჯიბეში ჩაილაგა და მომუჭა.
- როგორ არ შემიძლია,- თეთრი, დიდი ჩანთა გახსნა მეგიმ და ამოიღო ტკიცინა ფული, - აი, 900 ლარი მქონია აქ და სიკეთით მოიხმარეთ, მერი დეიდა.

აცრმლებულმა მერიმ ხელზე ხელი ჩაავლო მეგის, მერე ეს ხელი პირთან მიიტანა და აკოცა ერთხელ, ორჯერ, სამჯერ და ღმერთმა დაგლოცოთ და უფრო მეტის საშუალება მოგცეთო, ხელს ედუდუნა.მე ისეთი დავალებული ვარ თქვენთანო, რომ 20 წლისაც რომ ვიყო და კიდევ 50 წელი მქონდეს დარჩენილი, მაინც ვერ გადაგიხდით, ვიციო...

მერი როგორც კი სახლში შევიდა, კარს უკან მიდგმული დედისეულა სკივრი გახსნა, ამოიღო  ქმრის ნაყიდი თიხის ყულაბა, გადმოყარა ხურდებიც, ქაღალდის ფულებიც და დაუთვლელად გიორგის გაუტანა.
-მე ვალზე ძალიან არაფერი მეჯავრება, შვილო... აი, გამომართვი ეს ფული, ადრინდელ დაგროვებულს დღეს კიდე დავამატე ჩემი ხელფას-პრემიიდან და გაისტუმრე იმ ოხერი ბანკის ვალი, სახლი არ დავკარგოთ!

***

ბანკში რიგში მეოთხე იდგა გიორგი, პატარა ლურჯქუდიანი ბიჭი და ბიჭის დედა მასზე წინ იდგნენ.  ბიჭი იქნებოდა ან ხუთის ან ექვსის და ჩვენი რიგი ჰა, როდის მოვაო, ყოველ წუთს ერთი და იმავეს კითხულობდა, უკმაყოფილოდ.
- შენ , აბა, თუ გახსოვს ის გამოცანა, მე გუშინ რომ გასწავლე?_ დედა ყველანაირად ცდილობდა შვილის გონების გადატანას სხვა რამეზე.
- არა, არ მახსოვს!_ თავი ჯიუტად გაიქნია ბიჭმა.
- აბა, მაშინ ის ანდაზა მითხარი, დღეს დილით ბებომ რომ გასწავლა, მე რომ მაბრაზებდი?
- ეგ, მახსოვს, მაგრამ არ გეტყვი.
- არ გახსოვს და იმიტომ.
- ვაჰ,მახსოვს, ერბო-კვერცხზე! - ბიჭმა ხმისაწევით თქვა და უკმაყოფილომ მუჯლუგუნი გაჰკრა დედას გვერდიდან.
- აბა, მაშინ მე მითხარი?_ გიორგი ჩაიცუცქა ბავშვის უკან და გაუღიმა.
ბავშვი გაწითლდა, თავი ჩაღუნა და ჩქარ- ჩქარა თქვა:
- შვილმა დედისათვის ხელისგულზე ერბო კვერცხიც რომ მოიწვას, მის ვალს მაინც ვერ გადაიხდისო! _ და ორივე ხელისგული გაფშეკილთითებიანი გიორგისკენ მიატრიალა.
- აი, კარგი ბიჭი ხარ შენ! - დედამ გამოშვერილი ხელები დაუჭირა და აკოცა ხელისგულებზე.

მერე მის უკან გრძელთმიან ჩაცუცქულ კაცს ღიმილით გახედა და მისი აცრემლებული თვალების დანახვაზე, ვერაა კარგად ალბათ, ეს კაცი, რა უცნაურად მისჩერებია ჩემს შვილსო, გაიფიქრა და ბიჭი გვერდიდან მიიხუტა მთელი ტანით. მერე ჩაიცუცქა და ხმამაღლა უთხრა : აი, ახლა, ჩვენი რიგი მოვა ზუსტად ერთ წუთში, მათე , და მერე, სანამ შენ დაითვლი ოცამდე, ჩვენ უკვე  პარკში საცურაოებზე ვიქნებითო.

***

მერი ბებიას ყველა სცნობს უბანში, ზოგი სახელით, ზოგიც ისე.
ყველაზე გემრიელი მზესუმზირა თქვენ გაქვთო, ეტყვიან ხოლმე და ახარებენ. იცის, რომ ბავშვებსაც და დიდებსაც გაფცქვნილი მზუსუმზირის გულების პოვნა უხარიათ შავ მზესუმზირებში, ჰოდა, ესეც თითო- ოროლას დაარჩევს ხოლმე და ხელით ურევს ჩანთაში, რომ ყველას შეხვდეს თითო გული მაინც.

რა კარგია, რომ გამოხვედი ისევ, დამლაპარაკებელი არავინ მყავდაო, მალ- მალე ეტყვის ხოლმე ცალთვალა მაყვალაც და როგორც კი დროს მოიხელთებს, ფქვილიან ხელებს წინსაფარზე ჩამოიკრავს ხოლმე და მერის გვერდით უჯდება სულის მოსათქმელად.

ხან რაზე ლაპარაკობენ და ხან - რაზე. მერის ურჩევია თვითონ ილაპარაკოს, რადგან ცალი ყურით სულ აღარ მეყურებაო, ეტყვის ხოლმე მორიდებით და მალ-მალე მაღაზიისკენ გაიხედავს და იძახის, აი, პრემია რომ არ მოეხსნათ ჩემთვის და არ გასჭირვებოდათ, მარტო იქ მუშაობაზე კარგი არაფერი იყოო.
მერე რა, როცა იქნება, ხო ამუშავდება ისევო, ხმამაღლა ჩასძახებს ხოლმე გვერდიდან მაყვალა, ან კიდე, შენი შვილი იპოვის კარგ სამუშაოს და აქ კი აღარ დაგსვამსო? შვილი  მოვალეა დედა რომ შეინახოს და შეგინახავს კიდეცო!

ნ-ი-კ-ი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 18 მარტი, 2013 06:48:43
ლიტერატურის თავგადასავალი                          #09
                                                             
       
  დაღლილ -დაუძლურებულ ადამიანს  დასვენება და მკურნალობა სჭირდება. გამოძინება კი დასვენების საუკეთესო საშუალებაა...
  თუმცა  სანამ კაცი დაღლა–დასვენებამდე მივა, ლოგიკური და ვფიქრობ, აუცილებელიც კია, რომ დაიბადოს...
      ჩემი დაბადების ეტაპი ძველ საბერძნეთს უკავშირდება, რადგან იქ დავიბადე...  დაბადება ოდნავადაც კი არ მახსოვს, აღწერა–გადმოცემას  რომ თავი დავანებოთ, რასაც ვერ ვიტყვი აღზრდაზე.
დავიბადე ჩვეულებრივად, როგორც ადამიანები იბადებიან ხოლმე. ბავშვობა ანტიკურ საბერძნეთში გავატარე, აღმზრდელად და მასწავლებლად  კი პლატონი და არისტოტელე მომევლინნენ.
    პლატონი ხშირად მატარებდა საბერძნეთის კუთხე-კუნჭულებში ხელიხელჩაკიდებული და მაინც მინდა ვთქვა, რომ გარდა იმ დიდი სიყვარულისა, რომელსაც ის ჩემდამი იჩენდა,  არც კრიტიკის გამომჟღავნებას თაკილობდა. ხშირად მიჩნდებოდა სურვილი, რომ რაიმესთვის მიმებაძა, მეცელქა და მეთამაშა. მიბაძვა ზოგჯერ იყო გონიერი, ზოგჯერ კი უგუნური და ზედაპირულიც, რის გამოც პლატონი კრიტიკის ქარცეცხლში მატარებდა და საყვედურებით დახუნძლული ვბრუნდებოდი სახლში. მაგრამ ვიცოდი და მჯეროდა, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ ჩემს სასიკეთოდ კეთდებოდა და მეც ბავშური მორჩილებით ვეთაყვანებოდი მას.
  პლატონის გარდაცვალების შემდეგ  ჩემი მეურვეობა არისტოტელემ თავის თავზე აიღო. ის საკმაოდ ლოიალური ადამიანი გახლდათ. ჩემს ყოველგვარ ახირებას, ყველა ქმედებას, რომელსაც კი ჩავდიოდი, გასაოცარი სერიოზულობითა და ინტერესით უდგებოდა. როცა კი მეგონა, რომ ვიცელქე ან რაიმე დავაშავე და ამის გამო დამტუქსავს-მეთქი,  ის სიყვარულით მეპყრობოდა, მხარსაც კი უჭერდა  ჩემს სიანცეს. უფრო მეტიც,  ხელსაც კი მიწყობდა და ერთად ვთამაშობდით.
    როცა კი საბაღე ასაკის გავხდი, ისე, რომ არაფერი მკითხეს, თავი მიკრეს  თანატოლებთან სათამაშოდ ბაღში, სადაც გაუთავებლად მაზეპირებინებდნენ ლექსებსა და სიმღერებს როლანდზე და ვარდის რომანზე, იზოლდასა და მატყუარა რენა მელაზე... თავდაპირველად ეს ფაქტი არც თუ ძალიან მხიბლავდა,  გახარებაზე რომ არაფერი ვთქვათ. თუმცა შემდგომში, როგორც  აღმოჩნდა, ამ პერიოდმა სასიკეთო კვალიც კი დამიტოვა ცხოვრებაში. მაშინ გავიცანი ფრანჩესკო პეტრარკა. იგი აღფრთოვანებით მიყვებოდა თავის სიყვარულზე – რაულაზე. ამ ამბების  მოსმენის შემდეგ გული ტკივილითა და ნაღველით მევსებოდა. მეც მინდოდა ასეთ მიჯნურად ყოფნა, მინდოდა გამეგო და გამომეცადა, თუ რა იყო სიყვარული. კიდევ მახსენდება ერთი ჩემი ჯგუფელი, რომელსაც, თუ სწორად მახსოვს,  ჯოვანი ბოკაჩო ერქვა, თუმცა შეიძლება ვცდებოდე კიდეც. მართალია,  ისიც მიყვებოდა ხოლმე საინტერესო ამბებს სიყვარულზე და რეალურ ცხოვრებაზე, მაგრამ მე ჯერ პატარა ვიყავი ამისთვის და საკმაოდ მიჭირდა მისი გაგება. ერთხელ რაღაც „დეკამერონზე“ მესაუბრა, მაგრამ ამან მხოლოდ შიშისა და პროტესტის გრძნობა გამიჩინა, მე ხომ შუშანიკისა და აბოს ცხოვრებაზე ვიზდებოდი, ქრისტიანად დაბადებული  ადამიანი კი, ძნელად თუ შევეგუებოდი ასეთ ისტორიებს.
      “სადაც არის ბედი შენი იქ მიგიყვანს ფეხი შენიო“, ნათქვამია, და ჩემა ბედმა, მართალია,  დააგვიანა,  მაგრამ მაინც მოვიდა. ბაღის პერიოდში ჩვენს ჯგუფს დაუნიშნეს შესანიშნავი ხელმძღვანელი, არაჩვეულებრივად განათლებული და საოცარი პიროვნება.... ეს გახლდათ დანტე ალიგიერი, მან თავი  მასწავლებლობის გარდა იმით დამამახსოვრა, რომ შემზარავი ისტორია მოგვიყვა ჯოჯოხეთზე და გვითხრა, რომ თუ კარგად არ მოვიქცეოდით, იქ მოხვედრა არ აგვცდებოდა. აი,  ამან კი მართლა შემაშინა და ორკვირიან უძილო ღამეებს დაუდო საფუძველი... მისი მასწავლებლად დანიშვნა, ალბათ,  ჩემთვის სულერთი იქნებოდა, რომ არა ერთი შემთხვევა... რომ არა მისი ქალიშვილი ბეატრიჩე, ის ვერასდროს მოინადირებდა ჩემს გულს „ღვთაებრივი კომედიით“ დაშინების შემდეგ.
  იმას ვერ ვიტყვი, რომ დავინახე და მაშინვე შემიყვარდა-მეთქი, მაგრამ არც ბევრჯერ ნახვა დამჭირვებია  გრძნობის ასაღორძინებლად და გასაღვივებლად. ეს იყო ის ბავშვური სიყვარული, რომელიც პლატონური უფრო იყო, ვიდრე მიწიერი.  ერთმანეთს ვუყურებდით, ვიცინოდით და თავი უბედნიერეს ადამიანად მიმაჩნდა, მაგრამ მხოლოდ მიმაჩნდა...
    ადამიანის ადამიანად ჩამოყალიბებაში დიდი როლი ენიჭება მის გარემოცვას. მაშინ, როდესაც სიყვარულისგან გულგატეხილი ინგლისში გავემგზავრე, ეს იყო სასკოლო პერიოდი, იქ მომიწია ერთ უცნაურ მეზობელთან შეხვედრა და ცხოვრება, თუმცა ცოტა ხანს. მიუხედავად იმისა, რომ ის  კარჩაკეტილი და  იდუმალებით მოცული ადამიანი იყო,  მაინც მოვახერხე და მივიპყარი მისი ყურადღება. ეს კი კინაღამ სანანებელი გამიხდა. მაგრამ უკვე გვიანი იყო.  თუმცა საბოლოოდ  უდიდესი მადლობელი დავრჩი მისი. ეს  ადამიანი კი  გახლდათ სერ უილიამ შექსპირი. საკმაო ხანი დამჭირდა მასთან  საერთო ენის გამონახვისთვის და ურთიერთობისთვის საფუძველი რომ ჩამეყარა. ეს იმიტომ, რომ ასაკით პატარა ვიყავი და ხელს უფრო ვუშლიდი,  ვიდრე ვეხმარებოდი. ის კი ჩემს ასაკშიც, ალბათ, უკვე დიდი იყო. მისი დამსახურებაა, რომ ცხოვრებაში პირველად შევისუნთქე სცენის მაცოცხლებელი მტვერი. ალბათ,  მიხვდით ხომ?.. მან პირველმა და პირველად თეატრში წამიყვანა. თავიდან არ მომწონდა, ისეთ სპექტაკლებს მაჩვენებდა,  რომ გული ამოვარდნილი მქონდა. მართალია,  ამ სპექტაკლებს შემეცნებამდე და ინტელქტის განვითარებამდე უნდა მივეყვანე, მაგრამ მხოლოდ გულგახეტილი  და გაოგნებული ვტიროდი. ჯერ იყო და „რომეო და ჯულიეტა“ მაჩვენა,  თავს ძლივს ვიკავებდი, რომ არ მექვითინა, შემდეგ იყო „ჰამლეტი“, „მეფე ლირზე“ რომ არაფერი ვთქვა... ის-ის იყო ცხოვრებაზე ხელის ჩაქნევას ვაპირებდი და ქვეყნად ბედნიერი ადამიანი თუ არსებობდა, უკვე აღარც კი მჯეროდა.
  რომ არა ჯორჯ ბერნარდ შოუ, ალბათ,  ჩემი ეს ნაწერი ცრემლებით იქნებოდა დასველებული და შეუძლებელი იქნებოდა მისი წაკითხვა. შოუმ მასწავლა სიცილი და სიცილითვე სიმართლის თქმა, მაშინ,  როდესაც სიმართლე მწარე იყო და თქმა  კი მიჭირდა, მის ნასწავლ იუმორის  ხერხს მივმართავდი  სიტუაციიდან თავის დასაძვრენად და საკმაოდ კარგადაც გამომდიოდა...
      ამის შემდეგ მოდის ჩემი ცხოვრებისეული აღორძინების ხანა. ეს იყო სკოლის  დამამთავრებელი პერიოდი. სირცხვილია, რომ ვთქვა: უსწავლელი კაცი ვარ-მეთქი.  მე ხომ თვით ნიკოლა ბუალო მასწავლიდა თავის ასისტენტ ჟან ბატისტ მოლიერთან და სულხან-საბა ორბელიანთან ერთად. ეს იყო საოცრება; შევისწავლე ანტიკურობიდან მოყოლებული ყველაფერი აწმყომდე.  ვისწავლე მართვა გონებისა, როგორც რაციოსი, მაგრამ  სენტიმენტალიზმს ვერაფერი მოვუხერხე. სწორედ აქ იყო  კიდევ ერთი სასიყვარულო კრახი, რომელმაც კინაღამ ცხოვრება დამინგრია. ეს იყო ქალი, რომელსაც საუნივერსიტეტო გამოცდებამდე ვხვდებოდი. იმის მაგივრად რომ მესწავლა და სკოლის მერე სახლში წავსულიყავი, სიხარულით მასთან გავრბოდი. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, სულ ტყუილად მქონდა იმის იმედი, რომ ჩემს ცალმხრივ გრძნობას პასუხი გაეცემოდა. მან მიმატოვა, მაგრამ როგორ მიმატოვებდა, როცა არც კი ყოფილა ჩემთან. ალბათ, დაგაინტერესათ, ვინ იყო ეს ქალი? გსურთ გაგება? ეს იყო... მადამ ევა ბოვარი. რას ვიზამ,  დრო მიდის და შუშდება იარები, მისგან მოყენებული ჭრილობები კი უნივერსიტეტში ჩარიცხვამ მომირჩინა...
  ჩემთან ერთად პირველ კურსზე ჩაირიცხა ერთი არაჩვეულებრივი ახალგაზრდა, სახელად  ჩარლზ დიკენსი, რომლის შრომისმოყვარეობითა და ოჯახისადმი თავგამოდებული ერთგულებით გაოგნებული ვიყავი, შექსპირისა არ იყოს, ისიც კარჩაკეტილ ცხოვრებას ეწეოდა. უნივერსიტეტში არ გამომივიდა მასთან დაახლოება , მაგრამ მაშინ, როცა მან უსახსრობის გამო სწავლა შეწყვიტა და კლერკად დაიწყო მუშაობა, ჩვენი გზებიც გადაიკვეთა...
ერთხელ არასასიამოვნო ფაქტი შემემთხვა: საღამო ხანს მიყვარდა ლონდონის ქუჩებში სეირნობა და  ლამპიონით განათებული ხედების ცქერა.ზოგჯერ მუზაც კი მომაწვებოდა და უკანმოუხედავად სახლში გავრბოდი, აზრი რომ არ გამწყვეტოდა და სასწრაფოდ ჩამეწერა. სწორედ ამგვარი მორიგი  გაქცევისას ჩავირბინე ლედი ჰოლენდის სალონის წინ, სადაც ჩემდა ჭირად,  ქალისა და მამაკაცის არასასიამოვნო საუბარს შევესწარი. გულმა არ მომითმინა და ქალის დასახმარებლად გავწიე, თუმცა აქეთ დასახმარებელი  ვის უნდა დავხმარებოდი. ახლა ვფიქრობ და გული მწყდება, რატომ მაშინ არ გამახსენდა ანდაზა:“არამკითხე მოამბეო...“ რომ გამხსენებოდა, ხომ არ მექნებოდა ლავიწის ძვლის ორმაგი მოტეხილობა? რა თქმა უნდა, არა. „რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო“ - ეს ანდაზაც თუ მართალი იყო, ნამდვილად  არ მეგონა,  სანამ საკუთარ თავზე არ გამოვცადე. ვიფიქრე: მოკამათეებს ერთმანეთს დავაშორებ, დავაშოშმინებ და ყველაფერი კარგად ჩაივლის, თან სადღაც გულის სიღრმეში საკუთარი მკლავის იმედიც მქონდა, აბა იმას რას წარმოვიდგენდი,  ის კოჭლი კაცი თუ მოკრივე იქნებოდა. მისული არ ვიყავი,  შორიდან შევძახე ომახიანად: გაეცალე ქალბატონს, თორემ ჩემთან გექნება საქმე-მეთქი. ახლა ვფიქრობ, რა მაყვირებდა ნეტავი? როგორც აღმოჩნდა, ის კაცი უკვე ტოვებდა ამ ქალბატონს, თანაც სამუდამოდ , მაგრამ ჩემი ჩარევა ვერ აიტანა და საკმაოდ არათავაზიანად ,,მითავაზა“ რამდენიმე მუშტი,  რამაც გონება დამაკარგვინა. საწყალს ისე შემოველახე,  თვითონვე გადამიყვანა ადგილობრივ ჰოსპიტალში  და მკურნალობის ხარჯებიც თავად  დამიფარა. ეს ყმაწვილი კი, როგორც გაირკვა,  ბატონი  ლორდ ჯორჯ გორდონ ბაირონი აღმოჩნდა, რომელიც იმ საღამოს მადამ კაროლინა  ლემას ესაუბრებოდა. ამ შეურაცხყოფამ მაფიქრებინა სარჩელის შეტანა მის წინააღმდეგ და ამაში სხვა ვინ დამეხმარებოდა, თუ არა ჩემი ნაცნობი ჩარლზ დიკენსი? ეს ფაქტი გახდა ჩვენი დაახლოების მთავარი მიზეზი.
              უნივერსიტეტი იყო ადგილი, სადაც შევძელი  უსაზღვრო განათლება მიმეღო. იქ ხომ ვოლტერ დიდრო მიტარებდა ლექციებს. აქ ვისწავლე „სუფთა ფილოსოფია“ და „წმინდა ლიტერატურა“. სწორედ ამან განაპირობა ჩემი ინტერესის გააქტიურება საერო საკითხებისადმი.
  მოგეხსენებათ, მოხდა საფრანგეთის რევოლუცია, რომელშიც მეც კი ვიღებდი მონაწილეობას. სხვების მსგავსად, მეც ველოდი ხსნას თუ არა, სასიკეთო ცვლილებებს მაინც, თუმცა  მხოლოდ ტკივილი და კაეშანი დამიტოვა, გამიცრუვდა იმედები. ერთი პირობა ვიფიქრე, წარსული ხომ არ სჯობდა ამისთანა აწმყოს. დავკარგე მომავლის რწმენა. ამ ტკივილებისგან თავის დასახსნელად რაიმე უნდა მეღონა, უნდა გამოვსულიყავი ამ უკუნითი სიბნელიდან. ხსნამაც არ დააყოვნა და გვირაბის ბოლოს გამოჩნდა სინათლე.  ეს სინათლე იყო სკოლის ძმადნაფიცი კოლრიჯი, რომელთან ერთადაც ერთხელ ბუნების წიაღში გადავწყვიტე განმარტოება. ჩვენთან ერთად სხვაც ბევრი  წამოვიდა. მათ შორის გამოვყოფდი ვოლტერ სკოტს და ბალზაკს. აქ დავსახლდით ტბის პირას და დავიწყეთ ცხოვრება გუშინდელი დღით. ერთ დღესაც, როდესაც ღრმად თუ არა, ნორმარული ძილით მაინც მეძინა და ძველ ტრამვებსა და გულისტკივილს ვიშუშებდი და გაცხარებული ბრძოლა მქონდა ქარის წისქვილებთან,  ვიღაცამ ისეთი ძალით შემაჯანჯღარა, მღვიძარე რომ ვყოფილიყავი, უსათუოდ შიშისგან ჩამეძინებოდა. წამოვხტი, წინ მდგომ ლანდს ხელი სახელოში წავავლე და ის–ის იყო გამეტებით უნდა დამერტყა, რომ  ხელში მომღიმარი, მშვიდი და საშუალო სიმაღლის მამაკაცის სახე შემრჩა. თვალზე ბურუსმა რომ გადამიარა და დაკვირვებისა და აღქმის უნარი დამიბრუნდა, თვალწინ ნიკოლა გოგოლი მედგა. ისე კეთილად მიღიმოდა,  ხმა ვერ ამოვიღე და  აქეთ ვიგრძენი თავი დამნაშავედ რომ მძინარე დავხვდი. ისე მძინებია და ალბათ, იმდენ ხანს, რომ ვერც კი გავიგე, როდის მოსულიყო. მისი მოსვლა გარემოსაც კი დასტყობოდა, ყველაფერი სულ სხვანაირი იყო, ეს არ იყო ის ადგილი, სადაც დავიძინე და არც ის ადგილი, სადაც გაღვიძებას ვგეგმავდი. ეს გარემო იყო რაღაც ამოუხსნელი და შეუცნობელი. გარშემო აღარც ჩიტების ჟღურტული და აღარც ბაყაყების ყიყინი  ისმოდა. არ დამხვდა ისეთი რამ, რასაც მომავალი არ ექნებოდა. პირიქით, აქ ყველაფერი რეალური და სიცოცხლისუნარიანი იყო...
  ამ დღიდან დავიწყე მომავლის იმედით ცხოვრება. დღესაც აქ ვარ, ასოებისა და სიტყვების გარემოცვაში. ერთი შეხედვით, უსასრულო თალხი დასდებია ცემს სამყოფელს. თუმცა თეთრისა და შავის კონტრასტი ახალ აზრებს კვეთს და ნება შენია... ამ სიშავისა და სითეთრის საოცარ ოკეანეში გადაეშვები და აღმოაჩენ ახალ სამყაროს _ ბროწეულის ყვავილივით ალაკრულს თუ ჩალისა და ფორთოხლის ნაზავს... თუ დარჩები მარადიულ ბურუსში. 

ნ-ი-კ-ი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 18 მარტი, 2013 06:49:43
მუხათგვერდის  სასაფლაო                              #10


1
      შუახნის კაცმა ტაქსი გააჩერა, სარკმელთან დაიხარა და მძღოლს ჰკითხა:
      - მუხათგვერდზე ამიყვანთ?
      მკვირცხლად ჩაჯდა, ეგრევე ღვედი შეიკრა. მხნედ, შემართულად გამოიყურებოდა, მხოლოდ ჩაწითლებულ თვალებზე ეტყობოდა, რომ უძილარი იყო. დილიდან ბევრი საქმე ჰქონდა დაგეგმილი და კარგი დასვენება სჭირდებოდა, მაგრამ მთელი ღამე ვერა და ვერ დაიძინა. თბილ, ფუმფულა ლოგინში რომ ჩაწვა, მგზავრობით დაღლილს ეგონა მკვდარივით დაეძინებოდა.  ჩასთვლიმა კიდეც, თუმცა მალე სრულად გამოფხიზლდა.  თანდათან კანი ისე წამოუხურდა, თითქოს ცხელ ქვიშაში იწვა, მთელი სხეული დაეძაბა, დაეძაგრა.  ნაშუაღამევს საბოლოოდ გაიცნობიერა, რომ ღამეს თეთრად გაათევდა და ამას შერიგებული ფიქრებს მინებდა. თვალდახუჭული იწვა, მაგრამ თითქოს ნათლად ხედავდა იმას, რასაც ფიქრობდა და რაც უმეტესად ხუთსაათიანი ფრენისას ნაფიქრის გაგრძელება იყო. გამთენიისას  დღის გეგმა შეცვალა, თავდაპირველად  სასაფლაოზე ასვლა გადაწყვიტა. როგორღაც მყისიერად გაუჩნდა და უცბად გაუმყარდა ასეთი აზრი. პარასკევი დგებოდა, პარასკეობით კი მიცვალებულებს არავინ აკითხავს, მაგრამ შაბათამდე ვერ მოიცდიდა, დღესვე უნდა გაეკეთებინა ეს. მერე რა რომ პარასკევია, კიდევ უკეთესი თუ სასაფლაოზე არავინ იქნება, ასე უფრო განმარტოვდება მონატრებულ ძმასთან, გაუზიარებს თავის გულისტკივილს, უფრო მოეფერება მის საფლავს.  ამის გაფიქრებისთანავე თვალწინ წარმოუდგა ქალაქის მხარეს მიქცეული, საფლავებით გადაძეძგილი  ფერდობი მუხათგვერდისა; ფერდობი, რომელიც განიერ ხევს გადაღმა მდებარე  საცხოვრებელ მასივებს ზემოდან გადმოჰყურებდა და მრავალსართულიანი რუხი კორპუსების წყებას შორს სცილდებოდა. წარმოუდგა ის ადგილი, სადაც ორი წლის წინ ვახტანგი მიწას მიაბარეს.
    ახლაც ტაქსიში მჯდომარე ცდილობდა წარმოდგენით მოეხილა იქაურობა და ხან დაკრძალვის ღრუბლიან,  ბურუსიან დღეს იხსენებდა, ხან  კიდევ  მეორმოცე  დღეს,

                                              2
ასევე მოქურუხებულს და ცუდამინდიანს,  როდესაც  ახლობლები  კიდევ  ერთხელ 
ამოვიდნენ სასაფლაოზე.  მერე საზღვარგარეთ სამუშაოდ წასული ძმას ვერ ამოაკითხავდა და თუმცა მას აქეთ ორ წელსაც არ გაევლო, ეს დრო საკმარისი გამომდგარიყო იმისთვის, რომ იმ  მწუხარე,  ცრემლიან დღეებს ბუნდოვნება შეჰპარვოდა. კაცს თვითონაც უკვირდა, რომ ყველაფერს, რის გაცოცხლებასაც მისი გონისთვალი ახლა ჯიუტად ცდილობდა, სიცხადე აკლდა, თითქოს მაშინდელი ბურუსი მიჰფენოდა. 
    ფიქრში წასულს ძრავის ხმა და მანქანში შემოღწეული ქალაქის ხმაური დროდადრო ყრუდ ჩაესმოდა. ზოგჯერ რომელიმე შენობის ფასადზე მოატარებდა მზერას. უეცრად წინ მიმავალი მანქანები მკვეთრად გაჩერდნენ, ტაქსის მძღოლმაც იმარჯვა და მუხრუჭს ღრჭიალი გაადენინა. ძნელი სათქმელია, მძღოლი მგზავრის განწყობას გრძნობდა თუ სიტყვაძვირი გახლდათ საერთოდ, აქამდე ხმა არ ამოუღია, ახლაც მხოლოდ ჩაიდუდუნა რაღაც, უფრო მიმიკით გამოხატა უკმაყოფილება.
    კაცი კვლავ თავის ფიქრებს მიუბრუნდა, ოღონდ ეგ იყო, მალე გაფაციცებაც შეეტყო. “აქ ერთი წუთით შემიჩერეთ”, თქვა ცოტაც რომ გაიარეს და შუშა ჩასწია.
გვერდით, განიერ ტროტუარს იქით აღმართული ოთხსართულიანი სახლი ყურადღებით შეათვალიერა. პირველი სართული მაღაზიებს ეკავა, მაღაზიებს ერთმანეთისგან პატარა თაღი ყოფდა, ზევით კი ბინები იყო. ეს სახლი მისი ძმის პროექტით იყო აშენებული, ვახტანგი სწორედ ამ პროექტს თვლიდა თავის ნამუშევრებში ყველაზე წარმატებულად, მაგრამ სახლის ფასადი თვალში საცემად შეეცვალათ შუშის ვიტრინებით და დაშენებული, წითელი მეტალოკრამიტის სახურავიანი ნახევარმანსარდით. აივნებიც შეცვლილი იყო. კაცმა კიდევ ერთხელ მოატარა მზერა მთელ სახლზე და სანამ მძღოლი ჰკითხავდა, ვინმეს ხომ არ ველოდებითო, ხელით ანიშნა - დაიძარიო. 
      სანამ დიღმის გზაზე მიქროდნენ, იმაზე ფიქრობდა, ვახტანგი ცოცხალი რომ იყოს, თავისი პროექტის შეცვლას როგორ შეხვდებოდაო. იგი ალბათ პირში სიგარეტგაჩრილი დადგებოდა იქ, სადაც თვითონ მანქანიდან იყურებოდა, და შუბლზე ნაოჭებდაჩენილი რაღაც წუნს აუცილებლად მოუძებნიდა სიახლეს. იმასაც იტყოდა: თუ

                                            3
ფასადს უცვლიდნენ და დაშენებასაც აპირებდნენ, - მე, პროექტის ავტორს, რად არ
შემითანხმესო.  მუხათგვერდისკენ რომ გადაუხვიეს,  გამომეტყველება  ნაღვლიანი
გაუხდა, მაგრამ ამ დროს ცარგვალი გაიხსნა და ღრუბლებს თავდაღწეულმა გვიანი
ნოემბრის მზემ Dგამოდარების ნიშნად ოქროსფერი სხივები დააღვარა წინ გადაშლილ უკაცრიელ, პირქუშ ზეგანს და მზის ნათელი კაცსაც აერეკლა ოდნავ მოჭუტულ თვალებში. შორს ცადაწვდილ მთასავით აღმართულიყო მუქ-ლურჯი ღრუბლის კედელი, რომლის ფონზე მოთეთრო ფთილები პარაშუტებივით ეკიდნენ მუხათგვერდის თავზე.Aმიხვეულ-მოხვეული, ალაგ-ალაგ დამტვრეული, ორმოებგაჩენილი გზა  ზევით-ზევით მიიწევდა. კაცი აზრგაფანტული მზერით გაჰყურებდა აქა-იქ საქონელშეფენილ, გახუნებულბალახიან გორებს, დახრამულ ღრანტეებს, მოყვითალო თიხნარებს. ცარიელGგზაზე საკმაოდ ჩქარა მიდიოდნენ, მაგრამ კაცს  მანძილი მაინც ეშორა და მოუთმენლობა შეეტყო. ბოლოს სასაფლაოს მისადგომიც გამოჩნდა და გაიფიქრა, ტაქსს მოვაცდევინებ და უკანაც გამოვყვებიო, მაგრამ ეს აზრი იქვე შეცვალა. მომლოდინე ტაქსი უნებურად ააჩქარებდა, მას კი უნდოდა მშვიდად ყოფილიყო და იმდენ ხანს დარჩენილიყო ძმის საფლავზე, რამდენსაც გული მოსთხოვდა.           
      მანქანიდან გადმოსულმა გარშემო მიმოიხედა და რუსეთთან ომში დაღუპულთა მემორიალის დანახვაზე იქით გასწია. გადმოცემით იცოდა ამ მემორიალის შესახებ, ისიც იცოდა, რომ საძმო საფლავზე ახლო ნაცნობის შვილიც განისვენებდა. საფლავებს ჩამოურა, ყველასთან რამდენიმე წამს ჩერდებოდა თავდახრილი, გვარებს კითხულობდა. ნაცნობის საფლავთან მეტხანს დაყოვნდა,  სანთელი აანთო, ჭიქა ღვინო წაუქცია. Mმემორიალის გარშემო ცოტა ხანს იტრიალა, მერე თავი აიღო, შორეთს გახედა და უცებ მცხეთის ჯვარს მოჰკრა თვალი. ზუსტად მის პირდაპირ, მთების კალთებს შორის, სიღრმეში, საოცარი სიმკვეთრით ჩანდა მონასტერი. გაუკვირდა, რადგან არ ეგონა ამ სიმაღლეზე თუ იმყოფებოდა. გულს მოეფონა, იდგა გაშეშებული და მონუსხულივით უმზერდა ზემოდან გოროზად დაშვებული მთის კიდეზე კოხტად წამომართულ მონასტერს.  მერე გამოერკვა და ძმის საფლავისკენ გაუყვა.
      სასაფლაოს შესასვლელთან რამდენიმე მანქანა იდგა. პარასკეობითაც ყოფილა ხალხიო, - გაიფიქრა.  გზაგასაყართან  წამიერი  შეყოვნების შემდეგ  ხელმარცხნივ

                                              4
გადაუხვია და იმ ადგილამდე მიატანა, საიდანაც სასაფლაოს აღმოსავლეთი ფერდობი დიდ სიგრძეზე ჩანდა. დასაწყისში ფერდობი თითქოს ორ იარუსად გაყოფილიყო და ქვედა ნაწილი ჩამოდაბლებული თვითმფრინავიდან დანახულ მჭიდრო დასახლებას ჰგავდა.  ისევ შედგა და თვალსაწიერზე გააყოლა მზერა ფერდობს, სადაც პატარა მართკუთხედებად დანაწილებული უთვალავი საფლავი მიჯროდა ერთმანეთს.
      “ნახევარი ქალაქი აქაა”, - გაიფიქრა.   
      თითქოს ნაცნობიც იყო აქაურობა და უცნობიც. ბევრი რამ შეცვლილი ეჩვენა. მაშინ თითქოს ხრიოკი და უდაბური იყო სასაფლაო. ფოთლებისგან განძარცვული, ტოტებგაბარჯღული დაბალი ხეები ჩარჩენოდა მეხსიერებაში, მაგრამAამდენი ნაძვი და კიპარისი არ მოხვედრია თვალში. მწუხარებით მოცულს ეტყობა მცენარეული საფარისთვის არ მიუქცევია ყურადღება. ოდნავ დაბნეულმა კვლავ ხელმარცხნივ გადაუხვია, კვლავაც ფართო გზას  დაბლა ჩაუყვა. მთლად დარწმუნებული არ იყო, რომ სწორად მოდიოდა და გვერდით განლაგებულ საფლავებს აკვირდებოდა. ნელა გადაადგილდებოდა, რადგან საცაა ხელმარჯვნივ უნდა შესულიყო ქვიან ბილიკზე. ეს ზუსტად ახსოვდა და ახლა ცდილობდა გამოეცნო ის ადგილი. კიდევ ჩაიდაბლა, შედგა და აღმართს ახედა, მზერით გაზომა მანძილი გზამდე. სადღაც აქ შევიდნენ მაშინ. ჰო, ამ ადგილას... საფლავების რიგთაშორისი აქ შედარებით განიერი იყო და შეუხვია. ბოლოს და ბოლოს ზუსტად თუ არ მიადგებოდა ძმის საფლავს, ახლოს მაინც იქნებოდა და მოძებნა არ გაუჭირდებოდა. დაახლოებით ხუთი თუ ექვსი საფლავის მერე უნდა ყოფილიყო. ერთ-ერთი მიამსგავსა ვახტანგის საფლავს, მაგრამ იქ ქალი აღმოჩნდა დაკრძალული. მიმოიხედა. ოდნავ წინ წაინაცვლა და ხევის ძირისკენ გაიხედა. დაბლა საფლავები იყო მაშინაც, თითქმის ბოლომდე იყო ათვისებული, მაგრამ გვერდზე არავინ ემარხა, ხევის გაყოლებაზე ცარიელი იყო ადგილები, ახლა კი სულ შევსებულიყო. ეს ალბათ გასაკვირი არ იყო, ორი წლის განმავლობაში მილიონნახევრიან ქალაქში უამრავი ადამიანი გარდაიცვლებოდა. კაცი იდგა და გაჰყურებდა ქვის დაბალი ღობით შემოკავებული სასაფლაოების შორს წასულ,  უსწორმასწორო რიგ-მწკრივებს და საფლავების ასეთი სიმრავლე თითქოს თავგზას უბნევდა. მაგრამ ასე სულ რამდენიმე  წუთი  დაჰყო, მერე  გარშემო შემოჯარული

                                          5
საფლავების  თვალიერება  დაიწყო.  მათ  შორის  ზოგან  ისეთი სივიწროვე  იყო, 
გან-გან უწევდა გადაადგილება, ზოგჯერ იძულებული ხდებოდა ღობეზე შეებიჯებინა ფეხი. უყურებდა საფლავის ქვებს, მათზე გამოსახულ პორტრეტებს, კითხულობდა წარწერებს, როცა ბავშვის ან ახალგაზრდის საფლავი შეხვდებოდა, გულში სიბრალულის გრძნობა გაუვლიდა. ასზე მეტი სამარხი შემოიარა და ფარული ეჭვი, რომ იქ არ ეძებდა ძმის საფლავს, სადაც უნდა ეძებნა, აშკარა გაუხდა. გადაწყვიტა უკან გამოსულიყო და მეტი დაკვირვებით დაეთვალიერებინა იქაურობა. იქნებ თავიდანვე არასწორად გადმოუხვია? აღმართს ააყოლა მზერა. შეეცადა მეხსიერება დაეძაბა და რაიმე სანიშნო გაეხსენებინა, მაგრამ ამაოდ. გადმოსახვევთან ხე იდგა, ესეც ბუნდოვნად ახსოვდა, ყოველგვარი დეტალების გარეშე. ხე შეიძლება გზის სხვა განშტოებასთანაც იდგეს. ჩქარი ნაბიჯით ამოუყვა მაღლა, გზაზე გამოვიდა.
    მეხსიერების სიღრმე კონკრეტულობაშია.  ადამიანი კი უმეტესად ზოგად სურათს,
პირველ შთაბეჭდილებასაა მინდობილი. აჰა,  უზარმაზარ ტერიტორიაზე გადაშლილ  სასაფლაოზე ათეულათასობით ადამიანი მარხია აქ და ყველა სამარხი ერთმანეთს ჰგავს. გზაზე რაიმე დეტალებისთვის უნდა მიექცია ყურადღება და გონებაში მყარად ჩაებეჭდა, მაშინ არ გაუჭირდებოდა მიგნება. თუმცა არა უშავს, დღეს გააკეთებს ამას. კაცს არ ეეჭვებოდა, რომ რაც უნდა ეწვალა, ძმის საფლავს მაინც მოძებნიდა და სამომავლოდ უკვე ისე დაიხსომებდა, წლების შემდეგაც პირდაპირ მიადგებოდა.
    გამოცდენილი ნამდვილად არ იყო, ალბათ იჩქარა დაბლა ჩასვლა. წინ განაგრძო სიარული. აჰა, კიდევ ერთი ჩასასვლელი, მაგრამ აქ ხე არ იდგა. მცირედი ორჭოფობის შემდეგ ისევ დაიძრა იმ აზრით, შემდგომ გადასახვევზე ვნახავ ხე თუ დგასო. იქ ხე მართლაც იდგა, მაგრამ მანძილი ედიდა, თითქოს მაშინ ამდენი არ გამოუვლიათ. მერე მოაგონდა ტაქსშიც რომ სიშორის განცდა ეუფლებოდა და გადაწყვიტა ჩაეხვია.
ამჯერად იმდენზე არ ჩასულა, უფრო ადრე შევიდა რიგთაშორისში, ზემოდ დაიწყო თვალიერება, რათა აღმართებზე არ დასჭირვებოდა ღოღიალი. სამი-ოთხი სასაფლაოს სიგანეზე ეძებდა და დაბლა-დაბლა ეშვებოდა. ვახტანგის საფლავი მუქი ნაცრისფერი გრანიტით იყო მოპირკეთებული, მასალა დაკრძალვის მეორე დღესვე თვითონ შეარჩია ძმისშვილთან ერთად, რათა ხელოსნებს  ორმოცისთვის  დაესრულებინათ

                                            6
დაგება. ეს კარგად ახსოვდა, მით უმეტეს ახსოვდა  ორმოცზე  რძლის  საყვედურით
ნათქვამი სიტყვები - შავი ფერისა მერჩიაო. ჰო, ახსოვდა რანაირად და რაფრად იყო  მოპირკეთებული და განსხვავებულებს გვერდს უვლიდა, თუმცა ეს დიდად არ უიოლებდა საქმეს, რადგან საფლავების აბსოლუტური უმრავლესობა სწორედ ნაცრისფერი იყო. 
    ნახევარი საათის შემდეგ ფერდობს აღმა რომ ახედა, გზამდე მანძილი დიდი ეჩვენა, ნამეტანი ჩამოსულიყო დაბლა. მეორე იმდენი და ხევის ძირამდე დაეშვებოდა. მაშინ გაცილებით მაღლა იყვნენ. იქნებ უფრო ღრმად უნდა შესულიყო? რაც მეტს ფიქრობდა, მით მეტად ეუფლებოდა დამაბნეველი გაურკვევლობა. აღმა-აღმა ძებნა ძნელი იყო, ამიტომ გამოსვლა და თავიდან ორიენტირება არჩია. გზამდე არ ამოსულა, ისევ იქ შეუხვია, ოღონდ ახლა ოცდაათიოდე მეტრით მეტი შევიდა და კვლავ იმედგაცრუებული დარჩა.
    მოღლა შეეტყო, ნაბიჯი შეანელა, სვენებ-სვენებით მოატანა გზამდე. ისღა დარჩენოდა, უკან წამოსულიყო იმ ჩასახვევამდე, რომელიც გამოტოვა და რომელიც
იმ ორი ჩასახვევებისგან მხოლოდ იმით განსხვავდებოდა, რომ აქ ხე არ იდგა. კაცი
გზისპირს დააშტერდა. შეიძლებოდა ხე ზამთარში თოვლს გადაეტეხა და აეჩეხათ ან  ხერხით მოეჭრათ. მაგრამ ასეთ შემთვევაში ხის ძირი მაინც დარჩებოდა, აქ კი მსგავსი არაფერი ჩანდა, ამიტომ ცდას აზრი არ ჰქონდა.
    ისევ პირველ ჩასახვევს დაუბრუნდა. ერთგვარი მოუთმენლობით განაგრძო ძებნა.
გაცილებით მეტი ფართობი მოჩხრიკა უშედეგოდ. აი, საკვირველი ამბავი! ასეთ რამეს არ მოელოდა და ბრაზი მოაწვა თანდათან. შეიძლებოდა იმ ადგილს, სადაც ძმა მიწას მიაბარა, სამი-ოთხი საფლავით აცდენოდა, მაგრამ საერთოდ რომ ვერ მიეგნო, ასეთი გაუგონარი რამ როგორ უნდა მომხდარიყო?! 
    შეეცადა სიმშვიდე დაებრუნებინა. უცებ დარეკვა ეაზრა, ძმისშვილის ნომერი აკრიფა, მაგრამ ტელეფონი გამორთული აღმოჩნდა. ყოყმანის შემდეგ ცოლს დაურეკა. არ უნდოდა მისთვის ეთქვა, ასეთი საციგნო ამბავი რომ დაემართა, მაგრამ მაინც დაურეკა.
    - მე მგონი, დაბლა ჩასახვევთან ხე არ იდგა, - უთხრა ცოლმა.
                                            7
    - როგორ არ იდგა, კარგად მახსოვს, რომ იდგა!
    - მე ხით არ დამიმახსოვრებია.
    - აბა, რით?
    - რით და... თვითონ ჩასასვლელით.
    - ჩასასვლელი ყველა ერთმანეთს ჰგავს.
    - მე ზუსტად მახსოვს ჩასასვლელი, სხვაში არ შემეშლება.
    კაცმა ტელეფონი გათიშა. წუთსაც არ გაევლო, ცოლმა დაურეკა.
    - ბევრი ნაძვი ერთად რომ დგას, შექუჩებულად, ის ადგილი გაიარე?
    - არ მახსოვს ასეთი.
    - თუ ვერ პოულობ, წამოდი, კაცო, არ გაიცივო თავი. ხვალ ნიკა წაგყვება, - უთხრა ძმისშვილზე, - ან მე წამოვალ.   
    - არა, დღეს უნდა ვნახო!
    ცოტა ხანში ისევ გაისმა ზარი ცოლისგან.
    - შენ რომელ სექტორში ეძებ?
    ამ შეკითხვამ კაცი შეაცბუნა. სექტორი არ იცოდა, თვალით დაიმახსოვრა და ეგ
იყო. საერთოდ არ იცოდა, დაყოფილი თუ იყო სასაფლაო და თუ იყო, რა პრინციპით.
არადა, ლოგიკურად ამოდენა ტერიტორია მართლაც  უნდა  ყოფილიყო  დაყოფილ-
დანომრილი და შესაბამისი ფირნიშებიც გაკეთებული, თუმცა წარწერა რომ შეხვედროდა სადმე,  ყურადღებას მიაქცევდა უსათუოდ. Aარა, არანაირი მაჩვენებელი არ იყო, თორემ უნებურად მაინც მოხვდებოდა თვალში. არათუ სასაფლაო, ქალაქის ბევრი ქუჩა არაა დანომრილ-დამისამართებული. სექტორის ნომერი ცოლსაც არ სცოდნოდა.
    - აბა, რას რეკავ! - ხმაში გაღიზიანება შეეტყო კაცს.
    თავისი ბავშვობა გაახსენდა, ის დღე, როდესაც პირველად ჩასვეს მატარებელში და უკვე თბილისში დამკვიდრებულ უფროს ძმასთან მარტო გამოუშვეს. მერამდენედ უხსნიდნენ, როგორ მოქცეულიყო, თუ ვახტანგი რაიმე მიზეზით მატარებელს არ დახვდებოდა. ამეორებინებდნენ მისამართს, რომელიც იმდენად მყარად ჰქონდა დამახსოვრებული, რომ მთელი ცხოვრება არ დავიწყებია. ვახტანგი  მაშინ  ვაჟაზე

                                              8
ცხოვრობდა, ერთოთახიან ბინაში. “მეორე კვარტალი, მეხუთე კორპუსი, მესამე სადარბაზო, სამოცდამეთერთმეტე ბინა”, კიდევ ერთხელ გაიმეორა ფიქრში და სახეზე ღიმილმა გადაურბინა.
    იმ ჩასასვლელისკენ მიდიოდა, სადაც ხე არ იდგა, თან გზისპირს აკვირდებოდა, მართლაც არ იყოს სექტორის მაჩვენებელიო.  მოშორებით შემხვედრად მომავალი
ნაჯახიანი კაცი დაინახა, ალბათ სასაფლაოს მუშა იყო. ნაბიჯს აუჩქარა, ისე ჩაუხვია საფლავებისკენ, თითქოს საჩოთირო რამეს სჩადიოდა და მოწმეს გაერიდა. შინაგანად თითქმის არ სჯეროდა საფლავის მიგნების, მაგრამ საკუთარ თავს არ უტყდებოდა. ისეთი შეგრძნება სდევდა, რომ რაღაცას სწორად არ აკეთებდა, მაგრამ ვერ გარკვეულიყო. რაიმე უნდა შეეცვალა, მაგრამ რა? ესღა მოისაზრა - თავდადაღმართზე შეიძლება უნებურად ფეხი ამიჩქარდეს და გამომრჩესო, ამიტომ არჩია აღმა ეცადა ძებნა. ასეც მოიქცა, სულ დაბლიდან ამოუყვა ნელა-ნელა. რაღაც სიმაღლეზე ამოსულს ხანდახან მცირეოდენი ჩადაბლებაც უწევდა, რადგან პარალელური საფლავებიც სხვადასხვა ჰორიზონტზე იყო და ეს აღმა-დაღმა ღოღიალი უფრო ღლიდა. ციცაბოებზე ღობეებს იშველიებდა, იშვიათად პატარა კიბეებიც ხვდებოდა და თითქოს ძალა ემატებოდა.  ზოგ საფლავთან უფრო ყოვნდებოდა, ხან ძვირფასი საფლავის ქვა იქცევდა მის ყურადღებას, ან ბიუსტი, ხან კიდევ მეუღლეთა შეწყვილებული სურათები.  თარიღების მიხედვით ზოგჯერ გულში ანგარიშობდა  გარდაცვლილთა ასაკს. ინტერესით წაიკითხა რამდენიმე ეპიტაფია. ისეთ წვრილმანსაც აქცევდა ყურადღებას, როგორიც არის მაგალითად სანთლის ნამწვები, დამჭკნარი ყვავილები ან ჩიტების სკორე დიდი ხნის მოუკითხავ საფლავზე. მთელი ეს მონაკვეთი ასე შემოიარა და ამ გარჯის შედეგი მხოლოდ ის იყო, რომ ერთი ნაცნობის საფლავს წააწყდა და მისი უკვე წაშლილი სახე ხელახლა ამოუტივტივდა მეხსიერებაში. “გელა გორგოძე”, კურსელი, ძალიან კარგი ბიჭი, ვისაც სწავლის დამთავრების შემდეგ არ შეხვედრია. კუტიკარი შეაღო,  ბოთლს დასწვდა და მცირედი სინანულის შეგრძნებით ღვინო მოასხურა.
    მუხლებდაღლილი გზისპირას კიბეზე ჩამოჯდა. უკან მომავალი ნაჯახიანი მუშა გაშტერებით მოაჩერდა. კაცმა ზურგი აქცია და სიგარეტი გააბოლა. საკუთარ თავზე

                                            9
ბრაზი დაიოკა და ნელ-ნელა მოგონებებს მიეცა. ბავშვობისდროინდელმა ეპიზოდებმა ჩაიციმციმეს და ბედნიერ დროში დააბრუნეს. სულ პატარა რომ იყო, ვახტანგი კისერზე შემოისვამდა და ისე დაატარებდა, ანებივრებდა ბევრად უფროსი ძმა. მშვილდ-ისარს და რაგატკას უკეთებდა. სამბორბლიანი ველოსიპედი რომ უყიდა, აბა იმ დღეს რა დაავიწყებდა!  ზაფხულში ღელეზე საბანაოდ დაჰყავდა. ერთხელ, სტუდენტობისას, სოფელში  ჩამოსულმა ვახტანგმა სათიბად რომ წაიყვანა, იმ ამბავსაც მისწვდა. ვახტანგი მაშინ ბოლო კურსზე იყო, თვითონ კი ჯერაც დაწყებით სკოლაში დადიოდა. ცოტაოდენი ბალახი იყო ძროხებისთვის მოსათიბი, ჰოდა ცელი გამოიტანა ვახტანგმა საბძლიდან, პირი მოუსინჯა, მერე სალესი ქვა გაუსვ-გამოუსვა. ეზოს უკან ალაგეზე გადავიდნენ ძმები, სიმინდის ყანის კუთხეში მუხლამდე მოსული ნედლი ბალახი მოძებნეს და საქმეს შეუდგნენ. ეხალისებოდა სოფელმონატრებულ ვახტანგს თიბვა, ლაღად იქნევდა ცელს. თვითონ უკან მიჰყვებოდა უფროს ძმას და მოთიბულ ბალახს ბღუჯა-ბღუჯად ტომარაში ტენიდა. მეორე ტომრის ავსებისას ვახტანგს მოწევა მოუნდა და ცოტაოდენი შეისვენა.  რაღაც ეშმაკად ცელი თვითონ აიღო, უფროსი ძმის წინაშე თავის მოწონება მოუნდა, მთელი ძალით გამოიქნია და კოლბოხიდან ასხლეტილი ცელი ფეხში მოარტყა, წვივი დაუსერა. ეს რა ქნა! რატომ მიწა არ გაუსკდა! ვახტანგმა  შეჰყვირა, მერე პერანგი შემოიხია და ჭრილობა ისე შეიხვია, ერთი არ დაუკვნესია. მომხდარი თვითონ დაიბრალა და მამის რისხვასაც გადაარჩინა. სანამ ჭრილობა შეუხორცდებოდა, ბევრი იწვალა ვახტანგმა, ჩაუმწარდა ის არდადეგები, მაგრამ საყვედურიც არ დასცდენია ძმისადმი და არც არასდროს გაუმხელია სიმართლე. აი, ასეთი ძმობა  იცოდა!
  Eეჰჰ!
    როგორ უნდოდა სანთელი დაენთო, ღვინო დაეპკურებინა, ხელი გადაესვა ძმის საფლავისთვის, მოჰფერებოდა!
  Mმაინც როგორ მოხდა, რომ ამდენ ხანს საფლავს ვერ მიაგნო?! Oორ არასრულ წელიწადში  როგორ დაავიწყდა ადგილი, სადაც ორჯერ იყო ნამყოფი.Oორჯერ კი არა სამჯერაც, დაკრძალვის წინა დღესაც ხომ იყო ამოსული მესაფლავეების სანახავად?!  მაშინ მესაფლავეებს რაც ელაპარაკა, დაწვრილებით ახსოვდა. მაღალი

                                            10
კაცი იყო ვახტანგი და საჭიროდ ჩათვალა მესაფლავეები გაეფრთხილებინა, საფლავი პატარა არ გამოგივიდეთო.  მაშ, სამჯერ ნამყოფ ადგილს რაფერ ვერ მიაგნო?! საკვირველია, აბა რა არის?! ხდება ხანდახან - ნივთი, რომელსაც ეძებ, ცხვირწინ გიდევს და ვერ პოულობ. ეტყობა ასეთი რამე დაემართა. ალბათ იქ მეტი გულმოდგინებით უნდა ეძებნა, სადაც პირველად მივიდა. დრო კიდევ არის და, თუმცა                                           
დაიღალა, ხელი არ  უნდა ჩაიქნიოს. Nნებისყოფას  თანდათან  იკრებდა და  ძებნის
თავიდან დაწყების ჟინით ივსებოდა. სიგარეტის ნამწვი საფეხურს დაასრისა და მტკიცე გადაწყვეტილებით წამოდგა. სასაფლაოს შემოსასვლელს დაუბრუნდა. მანქანები წასულიყვნენ, მხოლოდ შორიახლო, ქვის საამქროს წინ  მდგომარე მანქანაში იდგა ჯიპი. მძღოლი შიგ იჯდა, მეტი გარშემო არავინ ჩანდა. ერთ მხრივ კაცს სიამოვნებდა, რომ ახლომახლო არავინ იყო და მის ბოდიალს არავინ ხედავდა, სამსაათიან უშედეგო სიარულს სხვა სახელი ვერ მოუძებნა, - მეორეს მხრივ უზარმაზარ სასაფლაოზე გამეფებული უკაცრიელობა რაღაცნაირ ბუნდ და დამთრგუნველ განცდას აღუძრავდა. ხელახლა გამოემართა მარცხენა მხარეს თვალსაწიერზე გადაჭიმული სასაფლაოსკენ. დასაფლავების დღის მკრთალი ხილვები მოაცილებდა. აი, აქ გაჩერდა დიდი ავტობუსი, ხოლო მიკროავტობუსები და მსუბუქი მანქანები წინ განლაგდნენ. დაახლოებით აქამდე აღწევდა კოლონა. საწესჩვეულებოს ფურგონი, რომელშიც ვახტანგი ესვენა, კიდევ წავიდა ოციოდე მეტრი და სადღაც აქ გაჩერდა. მერე ფეხით მიასვენებდნენ... მძიმე იყო ცხედარი და ერთხელ თუ ორჯერ თვითონაც შეუდგა მხარი კუბოს. ჰო, ასე იყო, ოღონდ ახლა ზუსტად ვერ იტყოდა რამდენი გაიარეს ფეხით. სავარაუდოდ, ორმოცდაათიდან ოთხმოც მეტრომდე, არა უმეტეს. გამოდის, რომ იმ ხესთან ჩაუხვიეს, სადაც დაბლა ეშვებოდა ქვიანი ფართო ბილიკი, რადგან სხვა გადასახვევი ახლომახლო არ იყო. ესე იგი სწორად ჩამოუხვია. ფერდობის ამ მონაკვეთზე ალბათ ათასამდე მიცვალებული განისვენებდა, მაგრამ ძმის საფლავის მიგნება მაინც არ უნდა გაძნელებოდა ასე.                           
    ამჯერადაც ქვემოდან ამოუყვა. ნახევარი საათის შემდეგ ერთხელ უკვე დათვალიერებულ საფლავებამდე ამოვიდა, თუმცა ზოგ მათგანზე ვერ იტყოდა, ნანახი ჰქონდა თუ არა. რასაკვირველია, ასეთ სიმრავლეში ყველა ვერ დაიმახსოვრა, თუმცა

                                              11
შესაძლოა მათი ერთი ნაწილი გამორჩა კიდეც. ამის დაშვება საფლავების რთულ ლაბირინთში ბუნებრივი ეჩვენებოდა. ამასთანავე ასეთი დაშვება აწყობდა, რადგან ისიც, რასაც ეძებდა, გამორჩენილთა შორის უნდა ყოფილიყო და საცაა უნდა წასწყდომოდა. იმ ადგილამდე რომ ამოაღწია, სადაც ძმის საფლავი უფრო ეგულებოდა, მოუთმენლობა დაიოკა, ფართიფურთს თავი ანება და  მეტი სიდინჯით
დაიწყო თვალიერება. თავდაპირველად მზერით შემოსაზღვრავდა საფლავების რაღაც ჯგუფს და მერე ჩამოუვლიდა. ეჩვენებოდა, რომ ასეთი დაყოფა ძებნას უადვილებდა. თანაც ყოველი ახალი ჯგუფის მონიშნვა, იმედის ახალ იმპულსს აძლევდა. Aასე გრძელდებოდა მანამ, სანამ საკმაოდ მაღლა არ ამოვიდა. როდესაც გაიცნობიერა, რომ გზამდე ბევრი არ დარჩენოდა, ერთბაშად იმედგაცრუება იგრძნო და შეჩერდა, დაბნეულად მიიხედა უკან. სად არის ვახტანგი? სადაა მისი საფლავი? თითქოს სიკვდილმა კი არ წაართვა საყვარელი ძმა ორი წლის წინ, არამედ ახლა დაკარგა. დამაბნეველი გაურკვევლობა გონებას ურევდა. ანგარიშმიუცემლად შეხედა კიდევ რამდენიმე საფლავს და ბილიკზე გამოვიდა. მუხლები დაღლოდა, წვივზე კუნთი თუ ძარღვი დასჭიმოდა. Oოციოდე ნაბიჯის შემდეგ ჩამოსაჯდომად მოხერხებული ადგილი დაინახა და დაფერხდა. Aახლა უფრო იგრძნო დაქანცულობა. წუხანდელმა უძილობამაც შეახსენა თავი, მოითენთა. ცოლს რომ არ დაერეკა, სიგრილის მიუხედავად ჩასთვლემდა კიდეც. უპასუხო ზარის შემდეგ ცოლმა ისევ დაურეკა. კაცმა უკმაყოფილო სახით დახედა  ტელეფონს.
    - ჰო?
    - მიაგენი? სადა ხარ კაცო ამდენ ხანს?
    - მალე მოვალ.
    - მთელი დღე დაიკარგა. რამდენი რამე...
    კაცმა ტელეფონი გათიშა და ჯიბეში ჩაიდო. სახეზე უკმაყოფილება აღბეჭდოდა. ცოლის პრეტენზიული გამომეტყველება წარმოუდგა თვალწინ, მერე რძალი გაახსენდა, ვახტანგის მეუღლე. რძლებს არცთუ დალაგებული ურთიერთობა ჰქონდათ, რაც ძმებს შორისაც აჩენდა პატარ-პატარა ბზარებს. სულის სიღრმეში დალექილი არასასიამოვნო მოგონებები ხელახლა წამოეშალა.  რაღაც  ამდაგვარი  დაემართა

                                              12
მაშინაც, როდესაც ძმის ახალგათხრილ სამარეს ჩასცქეროდა. ძმასთან განშორების ჟამს ასეთი აზრები რატომ უნდა მოსვლოდა თავში?! - მტკივნეულად განიცდიდა ამას.
მიჩქმალულმა განცდამ სამშობლოში რამდენიმე დღით დაბრუნებულს ისევ შეახსენა თავი.…
    ვახტანგი, მისი უფროსი ძმა...
    რაღაც აკლდა გულს... ჰო, აკლდა, მაგრამ თვითონ?..  რატომ ვერ შეძლეს ძმებმა ბოლომდე შეენარჩუნებინათ ბავშვობისდროინდელი სიყვარული, ის ხალასი გრძნობა, ადრეული წლებიდან რომ მოჰყვებოდათ?!  თვითონ ყოველთვის იდგა კი იმ ძმობის სიმაღლეზე?!.
    საფლავსაც რომ ვერ მიაგნო?!.
    ეჰ, საფლავის ნახვაც რას უშველიდა? გვიანი იყო სინანული, უკვე ვერაფერს გამოასწორებდა!
    უცებ მკვეთრად დაიკლო სინათლემ. იმავდროულად რომელიღაც ფრინველი აჩხავლდა. კაცი გამოერკვა. დაბლა დაქანებილი მზე მთებს იქით ჩასულიყო. სასაფლაოზე ზამთრისპირის ბინდი იწყებდა დაშვებას.  რამოდენა დრო გასულა!  სწრაფად უნდა გაცლოდა აქაურობას, ფუცხუნით წამოდგა და გასასვლელისკენ გაემართა. ქვის საამქროსთან ის ერთი მანქანაც არ იდგა.  წინ მრუმედ გაწოლილი გზაც ცარიელი იყო. უფრო აუჩქარა ნაბიჯს.   
    შორს, ხეობის გაღმა, საცხოვრებელ მასივებში თეთრი და ყვითელი სინათლეები ციმციმებდნენ აქა-იქ.
    “ნახევარი ქალაქი იქაა...” 

ნ-ი-კ-ი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 18 მარტი, 2013 06:50:41
ბილეთი №13                                                    #11
                                      ( მოტაცება კახურად ) 
                                     
                                                                                                                                                          შემოდგომის სევდაშეპარული თბილისური  საღამო იყო.გზის გასაყართან იცდიდა ზამთარი და თავს გვახსენებდა, გულუხვი დროის მეუფე კი დაფარული ღიმილით გულს იმაგრებდა .  როგორც გარემოს,  მეც ამინდის ხასიათი მეცვა…  თან  მთელი დღე გადატვირთული გრაფიკით მომიწია მუშაობამ  და ცოტა გადაღლილობაც  მემჩნეოდა.  სწრაფი ნაბიჯით შევედი ორთაჭალის სადგურში. დავიგვიანე, ვიფიქრე  გულში და  პირველივე სალაროსთან გავჩერდი...
-უკაცრავად, კახეთისკენ რა გადის?
-ბოლო ავტობუსი თელავამდე... თხუთმეტ წუთში გავა- მიპასუხა მოლარემ.  (თელავი არ მაწყობდა, მაგრამ  ვიფიქრე, იქიდან რამე იქნებოდა, ან ტაქსით გავაგრძელებდი გზას.  მოკლედ,  ყოველ მიზეზ გარეშე უნდა ჩავსულიყავი,  კახეთში  გადაუდებელი საქმე მქონდა ).
_კარგი, ქალბატონო, ერთი ბილეთი თუ შეიძლება.
_აი, ინებეთ,- მითხრა და  თან სათვალის ზემოდან შემათვალიერა შემოდგომის სიუხვით გულდაუწყვეტელმა ქალბატონმა.  ბილეთი გამოვართვი, ისე, სხვათაშორის, დავხედე და  გაკვირვება ვერ დავმალე, რაღა მაინცდამაინც  მეცამეტე ბილეთი?! როგორც ვხედავ, ავტობუსი ცარიელია,- ვთქვი გაოცებულმა და მოლარეს მივაჩერდი.
-რა ვქნა, გენაცვალე, ახლა გავყიდე მეთორმეტე ბილეთი...  იქნებ ბედნიერება მოგიტანოთო...  რა იცი რა ხდებაო...  გამიღიმა ჩემი ბედისგამრიგემ  და ცხვირწინ მომიხურა ფანჯარა. 
რა მექნა, ბედს დავემორჩილე, ავედი ავტობუსში, რომელიც ის იყო, უკვე გადიოდა. ჩემი ადგილის მოძებნა არ გამჭირვებია. ჩემი თანამგზავრის წყალობით, ანუ ბილეთი  №12-ის  მფლობელი გახლდათ მაღალი, სიმპათიური, შავტუხა, ტიპიური კახელი. სხვა გზა არ  მქონდა, მივუჯექი გვერდზე.  ბილეთის გაცვლა არც მიფიქრია,  ანდა ვისთვის უნდა გამეცვალა ადგილი,  ავტობუსში ჩვენს მეტი არავინ იყო.
ეს ამბავი გასული საუკუნის ოთხმოციან წლებში მოხდა. მოგეხსენებათ, მაშინ არც  მობილური ტელეფონები იყო და არც სხვა რაიმე გასართობი, რომ დრო გამეყვანა.  ჩემს თანამგზავრს სახე გაუბრწყინდა და სასაუბროდ მოემზადა. ყველაფერი დაწვრილებით მომიყვა- ვინ იყო და სად მიდიოდა... (რომ წარმოშობით  კახელი იყო  ( რაშიც არ შევმცდარვარ),  გლდანში ცხოვრობდა, თელავში მიდიოდა  დეიდასთან, დეიდაშვილის დაბადების დღეზე...  ( ერთი პირობა ვიფიქრე  სხვა ადგილას გადავჯდები-მეთქი,მაგრამ მე ისეთი ბედი მაქვს, ვინმე  უარესი აუცილებლად გამიბურღავდა ტვინს).
სიმართლე გითხრათ მისი ამბავი საერთოდ არ მაინტერესებდა,  ჩემS თავში ჩავიკეტე და მშვენივრად მოვახერხე შემომავალი ინფორმაციის დაბლოკვა, ის იყო უკვე სოფლებს ბინდი შეეპარა,  გარეთ აღარაფერი ჩანდა და მეც დავიღალე სოფლების თვალიერებით,  ჩემი თანამგზავრი  იმ ეტაპზე იყო რასაც გაგება და სიყვარული ჰქვია, იფიქრა ალბათ მუნჯიაო და ხმა რომ ამოვიღე ძალიან გაეხარდა.
-ინდემაგრე შე დალოცვილო შენა!!!  ლაპარაკი გცოდნიაო...
ახლა ჩემი ჯერი იყო, დრო ხომ უნდა გამეყვანა, დავიწყე ლაპარაკი და აღარ გავჩუმებულვარ. ისე რომ ვთქვა დიდი გულისყურით კი მისმენდა.  ასე მივაღწიეთ როგორც იქნა ქ. თელავს.  როგორც წესი ავტოსადგურში შევედით, მაშინვე ტაქსის ძებნა დავიწყე....    მაგრამ  ისეთი ასტროლოგიური ციფრი დაგვისახელეს, ფეხით წავსულიყავი სჯობდა. არც არაფერი აღარ იქნებაო, დამამშვიდეს ადგილობრივმა მძღოლებმა ,,ასეთ  დროი, იშვიათია  იყოი  ვინმე იქეთ წამსვლელიო...’’ 
ჩემმა შავტუხამ რომელიც გვერდიდან არ მომშორებია, შეწუხებულმა შემომთავაზა: ,,  ეგრე ხო ვერ მიგატოვებ, ამდენი ვილაპარაკე, წამოდი ჩემი დეიდაშვილი აქვე ახლოსა ცხოვრობს მანქანას ვეთხოვები და მე წაგიყვანო.’’  არჩევანი არ მქონდა და დავთანხმდი.
სადღაც ათი, თერთმეტის ნახევარი იქნებოდა, მე ცოტა მოშორებით გავჩერდი სანამ ის დეიდას ელაპარაკებოდა...  ჩემდა ბედად  მისი დეიდაშვილი სახლში არ აღმოჩნდა, ,,აქვეა გენაცვათ გასული, ახლავე მოვა, შემოდი ქა!  სახლში დაელოდეთ... არა გცხვენიათ, გარეთ რასაი დგახართო…’’  შესულები არ ვიყავით  თამადამ ( რომელიც კახური სიკეთით იყო გაჯერებული ) შემოსწრებულებს გაუმარჯოსო  დაიძახა  და  ყანწიც მოითხოვა, ეტყობოდა  უკვე კარგად შეზარხოშებული იყო.  კახელები ფეხზე ადგნენ და დიდი სიყვარულით შესვეს ჩვენი შემოსწრების სადღეგრძელო...  ისე  მშიოდა ბევრი პატიჟი არ დამჭირვებია, მე და შავტუხა  დიდი მონდომებით შევუდექით სუფრის შეფასებას...  ამდროს ვიღაცამ იხუმრა რა იყოთ, მტრის ოჯახში ხომ არ ხართო!?  მასპინძელი გადაგვერია მიირთვით გენაცვალე, ამაი ვინაი კითხავს,  ეგ მე ვიციო… თან ღვინო ჩამომისხეს… უარი ვთქვი არა, არ ვსვამ  საერთოდ თქო და ვიცი, ვიცი ღვინო რა საკადრისია კონიაკი გაუხსენითო, ეგ როგორ შეგვეშალაო...  ჩვენი მოსიყვარულე  მასპინძელი  ნამეტანი ყურადრებას გვაქცევდა.  ახლა კონიაკი ჩამომისხეს და  რომ არ დამელია უკვე აღარ გამოდიოდა, მოკლედ გახურდა ქეიფიი...  სად იყო სად არა მუზიკანტებიც გვეწვივნენ ჩემი შავტუხა კარგ  ხასიათზე იყო უკვე ორი ყანწის წყალობით და ხელიც გაშალა, აბა ტაში, ტაშიო  და გადმომიცეკვა კიდევაც.  მაშინ კი  ავდექი, ვიფიქრე გარეთ გავსულიყავი, სანამ კიდე შეიძლებოდა რამე მომეფიქრა... ჩემი ადგომა და სამი კარგა მოსული ქალბატონი  გამომყვა თან, ვიფიქრე აუხსნი სიტუაციას თქო და დავიწყე იცით რა ... ვიცით გენაცვალე,  ,, იგეთი ოჯახია ჩიტის რძეი  არ მოგაკლებენო ...  მეც ეგრე გავყე  ჩემ ქმარსა და დღეს სამი შვილი გვყავ, მაშაა,’’ მითხრა მეორემ რომელიც გასასვლელ კარებს სიგანეში ფარავდა.  აქ ძალით არაფერი გამოვიდოდა, ახლა ხერხით უნდა მეჯობნა, დავბრუნდი სუფრასთან და  რახან არავის ვიცნობდი ისევ,, იმაი’’ მიუჯექი გვერდზე.  ანდა კახურად რომ ვთქოო, ,,იმაი კი ვიცნობდიი რო’’ ჩემი ოქრო ჩემთანო დაიძახა სასმლით გათამამებულმა, ასე ვთქვათ სასიძომ და ტაშიც დასცხო...  მერწმუნეთ იქ იუბილარი აღარავის ახსოვდა ისეთი ამბავი ატყდა...  აღარ ვიცოდი რა მექნა და ისევ ჩემი შავტუხას  შებმა დავიწყე...  ახლა სახლში წამიყვანე და ხვალ ჩემი ფეხით გეახლები თქო...  ერთი გაიცინა დღევანდელი კვერცხი გერჩივნოს  არ გაგიგონიაოო?  კაცოო ახლა კი მართლა გავბრაზდი რა კვერცხი, რა ქათამი მე აღარ მეკითხებით?!  არც კი გიცნობ... ვინ ხარ  თქო?!
მე ძაან კარგად გიცნობ, მთელი  გზა  გულისყურით გისმენდიო, ყველა შენი აზრი მომეწონაო და ა.შ....  ახლა შევთავაზე მოდი გავიპაროთ თქო და ძალიან ბევრი იცინა,  აბა მითხარი ამაზე კაი ადგილაი სად წავალთო...  (გულში გამეცინა ეგეც შენა, კონიაკს რო უჭახუნებდი აბა რა გეგონა თქო)      ცოტა ყურადღება როგორც კი მოდუნდა ავდექი შუმჩნევლად  და ჩუმად გაპარვას ვაპირებდი, მივედი კარებთან  და ის იყო  გასლას ვაპირებ რომ  უკანიდან მესმის...
-რათა  შვილო?! რათი გვიწუნებ?  ქორწილს გვიშლი, აბა, აბა, რა იციან ამ ახალგაზრდებმაო...  ისე სწრაფად ლაპარაკობდა სიტყვის თქმა არ მაცალა  ისე შემომაბრუნა სუფრასთან.  მგონი იმ ქალს ყველაზე მეტად უნდოდა ჩვენი დაქორწინება.  ღმერთს ვევედრებოდი  ოღონდ ახლა სახლში წამიყვანა  და  სხვა დროს    კონიაკს სათოფეზეც არ გავეკარები თქო  (კონიაკზე იმიტო ვამახვილებ ყურადღებას, რომ  ერთი ჭიქა კონიაკი დავლიე ისიც ზრდილობის გულისთვის, სხვა დანაშაული მათ წინაშე არ მქონია.)  თამადა გააქტიურდა გადარეკეთ და დედამისს შეატყობინეთ პატარძალი მოგვყავს,  სუფრა გაშალოსო...  თან თადარიგი დაიჭირა, ახლა აქედან  ყველა  მივდივართ თბილისშიო...
-ვაიმეე,  ძლივს ჩამოვედი ახლა ისევ თბილისში,  რას მერჩით, რა გინდათ... ისევ ის სამი მოსული ქალბატონი დამიდგა გვერდზე და  სირბილით მიმიყვანეს მანქანამდე, თან ერთმანეთს ელაპარაკებოდნენ თავი ფეხით  მოგვყვებაოოო. ,,მუზიკანტები’’ ერთ  მანქანაში ჩასხდნენ,  რომელიც  ჩვენი მანქანის  გვერდზე იდგა  და რაც ძალი-ღონე ქონდათ  გაჰყვიროდნენ  ამ ოჯახში მტრედი ბუდეს იკეთებსო...   
რა მტრედი?!    რის თბილისი?  ძლივს ჩამოვაღწიე თელავამდის..  არ მინდა გათხოვება,  ხალხნოოოოო!!!!  ვყვირივარ მაგრამ ვინ გისმენს.  ის იყო ყველანაირი იმედი გადამეწურა  და ვიფიქრე რაც იქნება-იქნება  თქო,  რომ  ჩვენი მანქანის მძღოლი სამართალდამცავი გამოდგა  და დაიძახა,      მე მგონი აქ სხვანაირადაა  საქმე,  მითხარი შვილო, შენხელა შვილი მყავ, მენდე და ხელსაც ვერავინ  ვერ გახლებსო...  მომისმინა, მერე თავში ხელი შემოიკრა  ,,რასა  შვრებით ჯო  მაჭერინებთო!!!  ამ ხნის კაცი ვარ და  ამისთანა რამეი  არ შავსწრობივარო,  ემ ბალღს ხელს ვერავინ ვერ ახლებს პირობა მივეციო’’...  უი გაგახარა ღმერთმა ძლივს ერთი    ნორმალური კაცი არ გამოჩნდაა, ვიფიქრე გულში.  აბა  მითხარი ვინა ხარ? სად მიდიხარ? და მე მიგიყვანო... 
დავემშვიდობე ჩემ საოცრებას და  ვთხოვე აღარ დამნახვებოდა თვალით,  რაც მერე ვინანე,  რადგან ცოტახანს  მიყვარდა  კიდეც.  ასე  დამთავრდა ,,მოტაცება  კახურად’’  ანუ ბედნიერი ბილეთი №13. 
საოცრად ლამაზი ქალაქია თელავი, თქვენც თუ მოხვდებით  (  არა, ასეთ სიტუაციას არ ვგულისხმობ ) არ ინანებთ, განცვიფრდებით, კახელების სტუმართმოყვარეობით,  სიალალით, და განსაკუთრებული იუმორით. ვფიქრობ სიტყვებით ვერ გადმოსცემ  იმ განცდას, რაც მისი ნახვისას დაგეუფლებათ, განსაკუთრებით წლის ამ პერიოდში,  აი ასე…  ამ ალალად მდიდარ სამფლობელოში სიყვარული სუფევდა.  საღამოს  თბილი ნიავი სასიამოვნოდ გვეფერებოდა და შემოდგომის სურნელით გვაბრუებდა. ( რა გასაკვირია კაცს ცოლის მოყვანა მოსდომებოდააა  )
ლხინი  იქა    ლხინი  აქა.
1 2 3 4

ურაკპარაკის ფორუმი >> კონკურსები >> "ლიტბუნიობის" რიგით მეოთხე კონკურსი პროზაში


ამჟამად ფორუმზე იმყოფება 0 სტუმარი და 0 წევრი