ფორუმი


"რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ურაკპარაკის ფორუმი >> კონკურსები >> "ლიტბუნიობის" რიგით მეოთხე კონკურსი პროზაში

1 2 3 4
ავტორი შეტყობინება

ნ-ი-კ-ი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 18 მარტი, 2013 07:13:47
მაკა ექიმის შვილები                                      #33




იმ დღეს ეკ¬ლესიაში ვაპირე¬ბდი წასვლას, მახსოვს, შეპ¬ირე¬ბული სანთლე¬ბი მსურდა ამენთო. გზად ბაბულიას გავუარე ქალაქში, გაუხარდა რომ დამინახა, ერთ ჩემს მეგ¬ობარს გაგაცნობო, მითხრა, შენი „ნატალის“ შეს¬ახებ რაღაც შენიშვნა ჰქონია და შენთან შეხ¬ვედრა მთხოვაო. მივედით და გავეცანი, კარგი კაცი აღმოჩნდა. თქვენი შენ¬იშვნე¬ბის მოსასმენად მომიყვანა ბაბულიამ-თქო,_ვუთხარი, გაეღიმა. ჰო, კი შენიშვნაც მქონდა ერთი, მაგრამ მაგ უმნიშვნელოს თქმას ის სჯ¬ობია, ერთი საინტ¬ე-რესო ამბავი მოგიყვეთ, თუ მოინდომე¬ბთ კარგი მოთხრობა გამოგივაო, მითხრა: ფოთში ცხოვრობდა ერთი ძალიან კარგი კაცი, ოჯახიც შესანიშნავი ჰქონდა, მაგრამ მისი მეუ¬ღლე მეო¬რე ბა¬ვშვზე მშობი¬არობას გადაჰყვა თან და დარჩა ის კაცი ორი პაწია ბავშვით ქვრივად. რამდენ¬იმე წლის შემდგომ მან ისევ შეირთო ცოლი, სოხუმიდან ლტოლვილი ექიმი. სულ რაღაც ორი-სამი თვის შემდგომ ის კაცი ავარიაში დაიღუპა. ქალს, რა თქმა უნდა, შე¬ეძლო მაშინვე მოეშ¬ორე¬ბინა ბავშვი, დაღუპული მეუღლის ოჯახი დაე¬ტო¬ვე¬ბინა და კვლავ თავისი მშვიდი ცხოვრე¬ბით ეცხოვრა. ბევრმა ჩასძახა კიდეც იმ კაცის შვილე¬ბს რად უნდა მიაკვდე, ვინც შენს გვერდით აღარ არისო. მაგრამ მას არ მიუტო¬ვე¬ბია პატა¬რე¬ბი, მალე ვაჟიშვილი შე-ეძინა, ახლა კი თავისი ქმრის პატარა ბავშვს ზრდის. სანამ თხრობას დაასრულე¬ბდა, გაკვირვე¬ბული და გაოცე¬ბული ვუსმენდი. ასეთი ამბ¬ე¬ბი შეი¬ძლე¬ბა მარტო წიგნში წაიკითხო, ანდა ტე¬ლევიზორში ნახო, ამიტომაც იყო, რომ ვკითხე: ის, რაც ახლა მიამბ¬ეთ გაგონილი გაქვთ სადმე თუ მოგონილი-მეთქი“? მან ეს მომიგო:
_მე თქვენ ნამდვილი ამბავი გიამბ¬ეთ, ოღონდ პირადად იმ ექიმს მე არ ვიცნობ. მათი ოჯახის ისტორია მისი მეზ¬ობ¬ლე¬ბისაგან მომისმენია. აქვე ცხოვრობს თევზის მაღაზიის “ოკეანის“ თავზე. თუ მოისურვე¬ბთ, თავადაც შეგიძლიათ გაეცნოთ მათ ოჯახს. თქვენთვისაც უკე¬თესია, გაგონილს ყოველთვის საკუთარი თვალით ნანახი სჯ¬ობს. _ გვითხრა და დაგვემ¬შვიდობა. ჩვენც წრფ¬ელი მადლობა გადავუხადეთ იმისათვის, რომ ამ მე¬ტად საინტ¬ე¬რესო ოჯახის ამბავი მოგვითხრო და მაკა ექიმის შვილე¬ბის სანახავად გავეშ¬ურეთ. კითხვა კითხვით მივაგენით და კარზე დავაკაკუნეთ. კარი შუახნის შავგრემანმა მამაკაცმა რომ გაგვიღო, ცოტა არ იყოს შევ-ცბით კიდეც.
_ მაკა ექიმის ნახვა გვსურდა, _ გავამხილეთ.
_ დიახ, მობრძანდით _ შეგ¬ვიპატიჟა, მე ძმა ვარო მისი. წინ კი სწორედ მასავით შავგრემანი ახალგაზრდა სიმპათიური ქალი შემ¬ოგვე¬გე¬ბა. მთელი მისი არსე¬ბა პუნქტუალურ, დინჯ და სერიოზულ ექიმს განასახიე¬რე¬ბდა. პაწია, მისაღებ ოთახში კე¬დელთან მიდგმულ საბავშვო საწოლზე, დედისა და ბიძის ბა¬ვშვობის ნათელ სურათს, წლინახევრის ბიჭუნას ეძინა. კე¬დელ¬ზე გაკრული სურათიდან კი ღმერთივით ნათელსახიანი მამაკაცი დაგვყურე¬ბდა თბილი, მომღიმარე თვალე¬ბით. ჩემს წინ მაგიდასთან მიდგმულ სკამზე ძალზედ მიმზიდველი გარეგ¬ნობის, სავსე მთვარესავით პირბადრი და ბა¬მბასავით თეთრი, ხუთიოდე წლის გოგონა დასკუპე-ბულიყო და დაუპატი¬ჟე¬ბ¬ელ სტუ¬მრე¬ბს დაუმალავი ცნობი¬სმოყვარე¬ობით გვათვალიე¬რე¬ბდა. მაკა ექიმს ჩვენი მოულოდნელი ვიზიტის მიზეზი მოვახსე¬ნეთ. ამ ქალის უსაზღვრო სერ¬იოზულობის მიღმა გაუმხე¬ლელი სითბო, სიყვარული და თავდადე¬ბა იკითხე¬ბოდა. ძალზედ გაკვირვე¬ბით ვუმზერდი, მაგრამ ამ ძვირფასი ადამიანის თვისე¬ბ¬ე¬ბს მისი გარეგნული იერ¬სახე არ ამჟღავნე¬ბდა. მშრალად გვიამბო საკუთარი ბი¬ოგრაფია, ჩვენს სტუ¬მრობას შინაგანად განიცდიდა. ვიგრძენი და ხმაშიც ამოვიცანი მცირეო¬დენი მღელ¬ვარე¬ბა. უფროსი ქალიშვილი ნინო უკვე მოსწავლეა, სკოლიდან ჯერ არ დაბრ¬უნე¬ბულა. ისიც ამ პატარა გოგოსავით პირთეთრი და საყვარელი ბავშვი იქნე¬ბა, ალბათ, _ გავიფი¬ქრე. ნინოზე რომ ვსაუბრ¬ობდით პატარა მარიამი სკამიდან ადგა და მაკა ექიმს კალთაში ჩაუჯდა.
_ დედიკო, შენ ხომ შემპირდი, რომ მამიკოზე არაფ¬ერს მოყვე¬ბოდი! _ შე¬ეკითხა იგი დედას, პაწია ხე¬ლე¬ბი კისერ¬ზე მოხვია და ლამაზი თმე¬ბით დამშვე¬ნე¬ბული თავი მის ნიკაპქვეშ დამალა.
_ რატომ არ გინდა, რომ დედიკომ მამიკოზე მოგვიყვეს რაიმე? _ ვკითხე ახლა მე.
_ იმიტომ, რომ, როცა მამიკოს იხსე¬ნე¬ბს, დედიკო ტირის ხოლმე. მე კი არ მინდა რომ ჩემმა დედიკომ იტიროს,_მტკ¬იცედ მომიგო მან და ისე თბილად ჩაეკრა მკერდში თავის დედად მიჩნეულს, რომ მათმა სიყვარულმა მეყ¬სეულად რაფ¬აელის „მადონე-ბის“ დედ¬ობრივად მოალერ¬სე და მზრუნველი გამოხედვა მომაგონა.
_ თქვენს თავდადე¬ბა¬ზე აქ მოსვლამდეც გვიამბ¬ეს, ვუთხარი მე ქალბ¬ატონ მაკას._უქმროდ სამი უმწეო ბავშვის გაზრდა რამ გადაგაწყვე¬ტინათ, რომელმა გადაგძალათ მე¬ტად - მეუღლის სიყვარულმა თუ პატა¬რე¬ბისადმი თავდადე¬ბამ? _ ცოტა არ იყოს უხერხული გამოვიდა ჩემი კითხვა, მაგრამ მისი პიროვნე¬ბა ისეთი რთული ჩანდა და ისეთი ღრმა, რამდენ¬იმე წუთიანი ნაცნობ¬ობითა და გასაუბ¬რე¬ბით, ძნელი იყო მისი სულის ამოკითხვა და გაშიფვრა.
_ მეუ¬ღლე ისე მალე დამეღუპა, რომ ერ¬თმანეთსაც არ ვიყავით ხეირიანად შეჩ-ვეულნი, მაგრამ ნინომ და მარიამმა ისე მიმიღეს და ისე შემ¬იყვარეს, სულგაცლილი უნდა ვყოფილიყავი, რომ მათთვის ხელ¬მეო¬რედ ნაპოვნი დედის ხატ¬ე¬ბა კვლავ ხელიდან წამეგ¬ლიჯა. ახლა ჩვენ ისე ძალიან გვიყვარს ერ¬თმანეთი, რომ რამდენ¬იმე წუთით მათი სადმე გაშვე¬ბაც კი მიჭირს.
_ მაგრამ მათ, ამ პატა¬რე¬ბს შეუძლიათ კი თქვენი დაკარგული ქალური ბედ¬ნიე¬რე-ბის ანაზღაურე¬ბა? _ ისევ კორეს¬პონდე¬ნტის ცნობი¬სმოყვარე¬ობით ჩავეძ¬იე.
_ მე ამ ბა¬ვშვე¬ბის დედა ვარ და ეხლა ესაა ჩემი ყველ¬აზე დიდი ბედ¬ნიე¬რე-ბა,_შეუვალი თავდაჯ¬ე¬რე¬ბით მომიგო მან: ჩვენმა სტუ¬მრობამ პატარა ვიტალი მამის სეხნიად დაბა¬დე¬ბული ეტყ¬ობა ნაადრევად გააღვიძა და ჭირვეულად ატირდა. ბიძია მიხეილმა ხელში აიყვანა პატარა და შე¬ეცადა დაემ¬შვიდე¬ბინა, მაგრამ ამაოდ. ამ შიდა ოჯახურ დრამაში ჩვენი მონაწილე¬ობა სრულიად უშინაარსო და უაზრო სახეს მიიღე¬ბდა, მივხვდით, დავემ¬შვიდობ¬ეთ ჩვენი სტუ¬მრობით აფო¬რიაქე¬ბულ მასპინძლე¬ბს და დავტო¬ვეთ მაკა ექიმის ერთოთახიანი, სისადავით, უბრ¬ალოე¬ბითა და სიყვარულით სავსე პაწია, მაგრამ უზარმაზარი ნუგეშით და იმედით, თეთრი ფრთქიალა ანგელ¬ოზე¬ბით სავსე ოჯახი. დარწმუნე¬ბული ვარ ღმერთისაგან მიჩენილი ის მფა¬რველი ანგელ¬ოზე¬ბი მათ ოჯახს არასოდეს მიატო¬ვე¬ბ¬ენ.

XXX

თუ მოინდომებ, კარგი მოთხრობა გამოგივაო,_მითხრა იმ კაცმა და როცა მაკა ექიმის ოჯახი გავიცანი, თვალით ნანახმა და ყურით გაგონილმა თავისი ნაყოფი გამოისხა, მთელმა  ღამის ფიქრმა და ემოციამ ხელ-ფეხი შეისხა, ნათხრობი ფუ¬რცელ-ზე სანთლის ნამწვივით ჩამოიღვენთა და მე შევ¬ძელი გონე¬ბაში აღმედგინა ის მტკ-ივნეული დღე¬ე¬ბი, რომლე¬ბიც ამ ოჯახის ისტორიაში ვატ¬ერლოოს ნახატივით ჩარჩა:
_ მოამზადეთ მშობი¬არე რეზუს დადე¬ბითი სისხლის გადასასხმელად, უხმეთ ანეს¬თეზიოლოგს, იქნებ როგორმე დაუკავშირედთ ბატონ პე¬ტ¬რე ლომაიას, _ ფოთის სამშობიარო სახლის სამეანო განყოფი¬ლე¬ბის გამგე ქალბ¬ატონი მაყვალა ამაღლობ¬ელი სამშობიაროს მთავარ ექიმს იხმობდა, რადგან ღამის სამ საათზე მიყვანილი მშობი¬არე სამეანო პათოლოგიით, როგორც გასინჯვამ უჩვენა, სასწრაფოდ, მეო¬რედ საკეისრო გაკვეთას საჭიროე¬ბდა. რამდენ¬იმე წუთის შემდგომ სამშობიარო სახლის მთავარი ექიმი სამეანო განყოფი¬ლე¬ბის გამგესთან ერთად საოპერაციაო იარაღე¬ბს არჩევდა. თითქმის თენ¬დე¬ბოდა საოპერაციო ბლოკი რომ დატო¬ვეს. მშობი¬არე ცირამუას ნარკოზიდან გამოსვლის შემდგომ მშვიდობით გადარჩენასთან ერთად მეო¬რე ქალიშვილის შე¬ძენას მიულოცეს და კმაყოფი¬ლე¬ბმა და გულდაიმე¬დე¬ბუ¬ლე¬ბმა იმით, რომ ბავშვისა და დედის გადასარჩენად მთავარი ბრძოლა უკან მოიტო¬ვეს, მელ¬ოგინე მორიგე ექიმს ჩააბა¬რეს, რათა იმ ორსაათიანი ნერვიული და გონე¬ბრივი დაძაბუ-ლობისგან განტვ¬ირთულიყვნენ. ქვემოთ, მოსაცდელში, ღამესთან და დარდიან ფიქრთან შეჭ¬იდე¬ბული, ტა¬ნბრ¬გე და ახოვანი, სახის რბილი და თბილი ნაკვთე¬ბით გამორჩეული, მოგრძო პირსახის მამაკაცი, მძიმედ სცემდა ბოლთას.
_ გილოცავთ მეუღლის გადარჩენასა და ქალიშვილის შე¬ძენას, ღმერთს ქვეყნის სასახელოდ ეჩ¬უქე¬ბინოს თქვენთვის, _ ვე¬სტ¬იბიულში გასულმა საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა ხელი ჩამოართვა მძიმე ლოდინით დატა¬ნჯულ მამას, _ ჭალადიდელ ვიტალი უფლისაშვილს, შეგიძლიათ მშვიდად დაბრ¬უნდეთ სახლში თქვენს მომლოდინე პატარასთან, თქვენი მეუ¬ღლე თავს კარგად გრძნობს, _ ვიტალის სახე დაუმშვიდდა, თითქოს ბე¬ჭე¬ბშიც გაიშალა, დარდისაგან დაჩიავე¬ბული გული კვლავ სიხარულმა და იმედმა აუვსო. გულში მალულად მაინც გაჰკენწლა უკმარისობის გრძნობამ,_ნანატრ ვაჟიშვილს ელოდა, მაგრამ სიხარულმა მაინც პირთამდის აავსო და გააბ¬აბანა, რაკი ყველ¬აფ¬ერი მშვიდობით დამთავრდა, რაკი ორთავენი, მისთვის ასრერიგად ძვირფასნი, ცოცხალნი და დანუგე¬შე¬ბულნი არიან, მათი ოჯახის მომავალს თითქოსდა უკვე ბედ¬ნიერი პირი უჩანდა, მაგრამ მშობი-არობიდან სამი დღის შემ¬დეგ ვიტალი უფლისაშვილის მეუ¬ღლეს ნაწლავე¬ბის ატონია და საშვილოსნოდან სისხლდენა განუვითარდა. იმ ღამით ფოთის სამშობიარო სახლის საოპერაციო ბლოკში სასწრაფოდ შეი¬კრიბა ქალაქის გინეკოლოგთა კონსილიუმი, რამდენ¬იმე საათის მანძილზე დაზაფრულ გინეკოლოგთა მთელი არმია თითქოსდა ერთ მსახვრალ მუშტად შეკრული იბრძოდა მელ¬ოგინე ცირამუას საწოლის თავზე შემ¬ომჯდარი სიკვდილის აჩრდილის წინააღმდეგ, ისეთ¬ივე შეუ-პოვრობითა და გააფრ¬თე¬ბით, როგორითაც იგი იბრძოდა ამ ბა¬მბასავით თეთრი და ღაწვმშვენ¬იერი ქალის სიცოცხლის წარსატყ¬ვევნად. მელ¬ოგინე იმ ღამესაც გადარჩა სიკვდილს, ოღონდ ქალისათვის აგრერიგად მძიმე დანაკლისით, დღეის შემ¬დეგ მისი არსე¬ბა ვეღ¬არასოდეს იგრძნობდა მის სხეულში აფა¬რთხალე¬ბულ პაწიასა და დედ-ობის სიხარულს. ის მწარე და დამტა¬ნჯ¬ველი ღამე ნერ¬ვიულობით, ზაფრით, მათ წინ უსასო დედის სიცოცხლის გადარჩენის სურვილით შეპ¬ყრობილნი, ეშმასთან და ყველა ავსულთან ბრძოლის ჟინით დამუხტულნი, არაქათგაცლილნი, ილაჯგ¬აწყვე-ტილნი, იდაყვე¬ბამდის სისხლში მოსვრილნი, მაგრამ მაინც მისი სიცოცხლისა და მომავლის უკუნეთ შორეთში იმედის ვარსკვლავის მაძე¬ბარნი დაიშალნენ სამშობიარო ბლოკიდან. რაც შე¬ეძლოთ და რისი გაკე¬თე¬ბაც შეი¬ძლე¬ბოდა მისი სიცოცხლის გადასარჩენად ყველ¬აფ¬ერი გააკე¬თეს. მთელი ღამის მანძილზე სკალპერით, დანით, სულით და გულით, დაძაბულნი და აკანკალე¬ბულნი, ცოდნით, გამოცდილე¬ბით შეი¬არაღე¬ბულნი, საკუთარი სისხლიც არ დანანე¬ბიათ, თანხვდენილი ჯგ¬უფის მქონეთაგან ყველამ დაუნანე¬ბლად გაიღო, შუბლ¬ზე მწარედ ოფლდასხმულნი, მოხერ¬ხე¬ბუ¬ლობით და შეუ¬პოვრობით ებრ¬ძოდნენ ეშმას, მთელი მათი მცდელ¬ობის მიუხედავად თითქოსდა დაამარცხეს კიდეც, მაგრამ ბედ¬ისწერის განჩინე¬ბის შეცვლა მაინც ვერ მოახერ¬ხეს. ნაწლავე¬ბის მწვავე დაბლა განუვითარდა, რის გამოც მელ¬ოგინე ქალაქის ცე¬ნტრალური საავადმყოფოს ქირურგიულ განყოფი-ლე¬ბაში იქნა გადაყვანილი. იმ ბედდანავსული ერთი კვირის მანძილზე, ტკ¬ივილე-ბისაგან და სისხლდენისაგან ილაჯგ¬აწყვე¬ტილმა ქალმა რიგით მეს¬ამე ქირურგიული ოპერაცია გადაიტანა, მაგრამ სიცოცხლისათვის ბრძოლაში დაღლილმა გამარჯ¬ვე¬ბა ვეღარ იზეიმა. მშობი¬არობიდან ერთი თვის შემდგომ ვიტალი უფლისაშვილის მეუ-ღლე გარდაიცვალა.

XXX

იმ ერთი თვის ჯოჯო¬ხეთურმა გადარჩენა_არ გადარჩენის დარდით დაღალულმა მტა¬ნჯ¬ველმა თეთრმა ღამე¬ე¬ბმა თითქმის გაანახევრა ვიტალი, ხოლო, როცა საავადმყოფოს მორიგე ექთნისგან მეუღლის გარდაცვალე¬ბის ამბავი შე¬იტყო და იმ უაზრობით გამოშიგნულ ნაცრისფ¬ერ ბინდში, სამყარო რომ დაიფ¬იფქა მის თვალწინ, მაშინ იგრძნო ვიტალიმ შხამიანი გველივით როგორ უკბინა რაღაც ტკივილმა გულის კოვზთან. უკბინა და სადღაც ქვევით ტანში გასრიალდა. „რად მიკბინაო“, _ ისიც არ უფიქრია, სხვა დიდ სულიერ ტკივილს ებრძოდა, თითქოს სამუდამოდ დაიცალა ყველ¬აფრისაგან მისი არსე¬ბა. ვაჟკაცობა და მხნე¬ობაც კი ვეღარ იმყოფინა თავის შეს-აკავე¬ბლად, დაგუბულმა სულის ტკივილმა ერთად მოხსნა ყველა იარას პირი და გადმოვიდა. დიდხანს იარა იმ ნაცრისფ¬ერ ბინდში გარე სამყაროსაგან გამოთიშულმა, დაღუპული მეუღლის ხატ¬ე¬ბა განუწყვე¬ტლივ თვალწინ ედგა, არ შორდე¬ბოდა. დიდხანს ვერ შე¬ეგუა იმაზე ფიქრს, რომ მის გვერდით აღარ იყო, სამუდამოდ წავიდა და გაქრა, რადგან ღამით სიზმრად ხედავდა; გაღიმე¬ბულს, ბედ¬ნიერს, მასთან მოალერ¬სეს, ხელით ეძე¬ბდა საწოლში მეუღლის აჩრდილს და როცა ნათელი გონე¬ბით კვლავ შეი¬ცნობდა, რომ ეს ყველ¬აფ¬ერი მხოლოდ სიზმარი იყო ტკბილი და მტა¬ნჯ-ველი, გულის კოვზთან კვლავ იგრძნობდა სრიალა გველის ნაკბ¬ენს, მაგრამ იმ ტკივილს ყურადღე¬ბას მაინც არ აქცევდა. ფეხ¬ზე წამომდგარი კვლავ მის ირგვლივ ატომის სოკოსავით დაბუჩქულ ნაცრისფ¬ერ ბინდს შე¬ე¬რეოდა და კვლავ აგრძე¬ლე¬ბდა სიცოცხლეს მალე დაღამე¬ბის მოლოდინში. მისი სიკვდილით თვალნათლივ შეიგრძნო, თუ რაც წაართვეს. ნახევარ არსე¬ბად ქცეული განუწყვე¬ტლივ მის აჩრდილს დასდევდა ფეხ¬დაფ¬ეხ. ხანდისხან საკუთარი პატა¬რე¬ბის ცქერა თუ გამოიყვანდა მძიმე აგონიიდან. ენ¬ატ¬რე¬ბოდა მისი სითბო და მისი ნუგეში, მის თბილ ღიმილსა და ტკბილ სიტყვას ვეღარსად პოულობდა. მონატ¬რე¬ბის მწვავე გრძნობა სულს უხუთავდა, საკუთარი პაწიე¬ბის ცქერა გაახსე¬ნე¬ბდა მხოლოდ, რომ მათ, დედის დამკარგვე¬ლე¬ბს, მამის შველა სჭირდე¬ბოდათ. პაწია ობ¬ლე¬ბი გასაზრდელად ვიტალის დედამ წაიყვანა სოფ¬ელ ჭალადიდში. თავისი ერთოთახიანი ბინის კარი გამოკე¬ტა ქვრივად რჩენილმა და ისიც დედასთან გადაბარგდა. სკოლიდან დაბრ¬უნე-ბული იხსე¬ნე¬ბდა როგორ უვლიდა შვილე¬ბს და თავადაც ცდილობდა ისე¬ვე მიხმარე-ბოდა ტვ¬ირთმძიმე მოხუცე¬ბულს პაწიე¬ბს მოვლაში, როგორადაც, იქ, ქალაქში ეშ¬ვე-ლე¬ბოდა მეუ¬ღლეს. იგონე¬ბდა, როგორ ბა¬ნდნენ, როგორ უვლიდნენ, აჭმევ¬დნენ და ათამაშე¬ბდ¬ნენ. მაშინ კვლავ ეხ¬მარე¬ბო¬დნენ ტვ¬ირთმძიმე მოხუცე¬ბულს პაწიე¬ბის მოვლაში, ღამით საწოლში ეულად მწოლი კვლავ დაე¬ძე¬ბდა მის ნატ¬იფ თითე¬ბს, ჰაეროვანსა და მისი წყურვილით სავსეს: ძილ-ღვიძილში მყოფი კვლავ ხელით დაე-ძე¬ბდა მის სხეულს, ბა¬მბასავით თეთრსა და ფაფუკს. ეს¬ოდენ სასურველს, ძვირფასსა და მონატ¬რე¬ბულს, მაგრამ მხოლოდ ცივი საბანი ხვდე¬ბოდა ხელთ და თვალს ცრემ-ლე¬ბი დაუნამავდა. ცოცხალს ვერ პოულობდა თორე, შინაგანად გრძნობდა რომ სული მისი_მისი ჭირის მოზიარე და თანამგრძნობი,_ნისლივით ადგა თავს მფა-რველი ანგელოზივით და არ სცილდე¬ბოდა. ხოლო მაშინ, როცა პატარა მარიამმა, დედის ნათელი სახით მზირალმა, ფეხისა და ენის ადგმა ისწავლა, კვლავ ნახა სიზმრად თავისი ციური მეუ¬ღლე. „მაპატ¬იეთო, რომ ჩემდა უნე¬ბურად ასრერიგად დაგტა¬ნჯ¬ეთო ორთავე. მეც¬ოდე¬ბაო დედ¬აშენი წლე¬ბითა და ორი პაწია ბავშვით დღედაჩაგრული. ვიცი, დღედაღამ ჩემ¬ზე რომ ფი¬ქრობ, მე გენ¬ატ¬რე¬ბი, მაგრამ ქალს, რომელსაც მალე გაგირიგე¬ბ¬ენ, უარი არ უთხრაო, ჩვენი შვილე¬ბის დედად ღირსეული ქალი აგირჩიეო. ვიცი, ობლ¬ობით არ დაჩაგრავს ჩვენს პატა¬რე¬ბს, ამიტომაც საცოლედ ჩვენს პატა¬რე¬ბს რომ შეი¬ყვარე¬ბს ისეთი ადამიანი მოგიძე¬ბ¬ნეო“. გაღვიძე¬ბულს ყოველთვის უჭირდა სიზმრის ცხადისაგან გამორჩევა. ახლაც, კარგა ხანს იწვა და ფი¬ქრობდა, ცხადი ნახა თუ სიზმარი. მის გარდა სხვა ქალი არც თავად სურდა, მაგრამ თვითონაც ეც¬ოდე¬ბოდა დედა შრომით და ჯაფით ჯა¬ნგატ¬ეხილი, დასვე¬ნე¬ბისა და ბედ¬ნიე¬რე¬ბის მაგიერ მუხთალმა ბედმა კვლავ მძიმე ჭაპანით რომ დააბორკილა. უბ¬ედ¬ურე¬ბის ბედი თითქოს მასთან თამაშით ირთობდა თავს. ამ სიზმრიდან ცოტა ხანს იქით ის ქალი, ვისი შერთვაც მისი მეუღლის გრძნეულმა სულმა გადაუწყვიტა, მართლაც გამოჩნდა. სოხუმელი ლტოლვილი, პროფ¬ესიით ექიმი, თითქმის მისი კბილა_მაკა გაბუნია თავის კეთ¬ილისმსურველთა რჩევითა და გარიგე¬ბით შეირთო. თავდაპირველად ერ¬თადერთი, რისთვისაც მისგან გახიზნულმა სიხარულმა კვლავ მოძე¬ბნა ის იყო, რომ მის ოჯახში, მის პატა¬რე¬ბთან კვლავ დედა-ქალი დატრ¬იალდე¬ბოდა; მისი მეხ¬სიე¬რე¬ბა ნელ¬ინელ დე¬ფო¬რმირდე¬ბოდა. ივიწყე¬ბდა ძველს და ეჩ¬ვეოდა ახალს. უსაზღვროდ თავშეკ¬ავე¬ბულ მაკას არ შე¬ეძლო მისთვის დაღუპული მეუღლის ხსოვნა გაეღ¬ვიძე¬ბინა, რადგან ხასიათიც და გარეგ¬ნობითაც სულ სხვადასხვანაირე¬ბი იყვნენ, მაგრამ მის არსე¬ბაში უწონად სულიერ სიმტკ¬იცეს ჭვრე¬ტდა ვიტალი, რომელიც მის დარდისაგან გამდნარ სულს ასრერიგად სჭირდე-ბოდა. მეო¬რე დიდი სიხარული მაშინ ეწვია, როცა შე¬იტყო, რომ მისი ახალი ცხოვრე-ბის უღლის გამწევი მისგან ორსულად ქმნილიყო და სადაცაა პაწია უფლისაშვილის სულად ქმნასაც იხილავდნენ. მაგრამ იმათ, მისი ბედ¬ისწერის ულმობ¬ელ ანგელ¬ოზე-ბს, რატომღაც შურდათ  მისი ხილული ბედ¬ნიე¬რე¬ბისა. თითქოსდა აძლევ¬დნენ და ნაჩუქარს იქვე, ზედ¬ვე ართმევ¬დნენ. მაკასთან ქორწინე¬ბიდან ხუთი თვეც არ გასულიყო, თავისი მანქანით მიმავალს, გულის კოვზთან კვლავ მწარედ რომ უკბინა მასზედ მიჩენილმა ავმა დემონმა. აზრდაბინდულმა მართვის უნარი დაკარგა და მაღალი სიჩქარით მიმავალი მანქანა გზისპირას მდგომ ხეს შეასკდა...
სამი თვის ფეხ¬მძიმე ახლად დაქორწინე¬ბულმა ქვრივმა ყველ¬აფ¬ერი იფიქრა იმ დღეს, მაგრამ “ვაი, დაღუპულს, აწი რაღა მეშ¬ვე¬ლე¬ბაო“. ეს არ უფიქრია, მან იცოდა, თუ რაც უნდა ექნა! იმ პატა¬რე¬ბს, თითქოსდა თვალს და ხელსშუა ნაპოვნმა და გამქრალმა მეუ¬ღლემ რომ დაუტოვა, დედა სჭირდე¬ბოდათ და შეუდგა გზას, ეკლიანსა და გოლგოთისაკენ მძიმედ მიმავალს, ოღონდ ნათელი მომავლის იმედ-ისკენ მომზირალს.


XXX

მელ¬ოგინე ცირამუას დაღუპვიდან უკვე ოთხი წელი გასულიყო. მაყვალა ამაღლობ¬ელმა კვლავ რომ მიიღო პათოლოგიური მშობი¬არე. ვადაგადაცილე¬ბული ორსულობა სასწრაფო საკეისრო ჩარევას ითხოვდა. მშობი¬არე მაკა გაბუნიას ისტორია კი საშვილოსნოზე ფიბრო-მიომური კვანძე¬ბის არსე¬ბ¬ობას იტყ¬ობი¬ნე¬ბოდა. იმ ღამით ისევ მიატო¬ვე¬ბი¬ნეს ძილი საავადმყოფოს მთავარ ექიმს_პე¬ტ¬რე ლომაიას, მაყვალა ექიმს მორიგე ექთანმა მოაგონა ვიტალი უფლისაშვილის ოჯახში დატრ¬იალე¬ბული ტრ¬აგედია. მისი მეუღლის დაღუპვის ამბავი თუ გახსოვთო? _ ჰკითხა, როგორ არ ახსოვდა მაყვალა ექიმს. თვით სიკვდილამდისაც ეხ¬სომე¬ბოდა, ალბათ, იმ ბა-მბასავით თეთრი ქალის მავედ¬რე¬ბ¬ელი თვალე¬ბი, სიცოცხლისა და ბედ¬ნიე¬რე¬ბის წყურვილით სავსე უხმოდ რომ შესთხოვდა თავთან მდგომ თეთ¬რხალათიანე¬ბს გადარჩენას. ვიტალის დაღუპვის ამბავი არ სცოდნოდა მაყვალა ექიმს, გული დაეწვა. ორჯ¬ერადი ობლ¬ობით დაჩაგრულანო პატა¬რე¬ბი,_გაიფიქრა, მშობი¬არე საოპერაციო მაგიდაზე მოათავსეს, ნარკოზში შეი¬ყვანეს და საკეისრო კვეთას შეუ¬დგნენ. მორიგე ექთანს ხელში მაკას მარცხენა ხელი ეჭირა და გულისცემას უკონტრ¬ოლე¬ბდა.
_რა მძიმე ბედით დაუჩაგრავსო არსთა გამრიგეს ამ კაცის ოჯახი, გაივლო გულში მაყვალა ექიმმა. ფეხ¬მძიმედ მყოფმა ამდენ ნერ¬ვიულობას და გლოვას ნე¬ტა როგორ გაუძლო. საშიშია ნერვიული სისტ¬ემის სტ¬რესული მდგომარე¬ობა არ განუვითარდეს და შოკში არ აღმოჩნდეს, თითქოს ამის გაფი¬ქრე¬ბას ელოდაო, ექთანმა შიშნარევი ხმით დაიჩურჩულა: „მაყვალა ექიმო, მშობი¬არეს პულსაცია ეკ¬არგე¬ბა“! „ვიტალი უფლისაშვილის პატა¬რე¬ბს ერთი დედა ჩვენთან დაეღუპათ, ახლა მეო¬რე აღმოჩნდა შოკში. იმ უსასო პატა¬რე¬ბს კი ამ ქალის სიცოცხლე სჭირდე¬ბათ... სიცოცხლე, სიცოცხლე, სიცოცხლე სჭირდე¬ბათ!“ უროსავით დატრიალდა ეს სიტყ¬ვე¬ბი მაყვალა ექიმის თავში. მშობი¬არეს სასწრაფოდ გაუკე¬თეს ფი¬ლტ¬ვე¬ბის ხელოვნული ვე-ნტილაცია ზე¬რე¬ლე ნარკოზითა და სპირტში გატა¬რე¬ბული ჟანგბადით, მაგრამ უშე-დეგოდ. გული თითქმის გაჩერდა. პე¬ტ¬რე ექიმის ხე¬ლე¬ბში საკეისრო კვეთით ამოყვანილი პატარა ჭყაოდა. პე¬ტ¬რე ექიმს მშობიარის გულის ცემისათვის არ ეცალა, გახსნილი საშვილოსნო ფიბრო-მიომურ სიმსივნესთან ერთად სასწრაფო ამოჭრას ითხოვდა, მშობიარის სიცოცხლის გადარჩენა მთლიანად მაყვალა ექიმის ხელში აღმოჩნდა. მას კი, ვაჟკაცური სულის პატრონს, მამაკაცური გაბ¬ედ¬ულე¬ბა და უშიშროე¬ბა სჩვეოდა,
_ამ ქალის სიცოცხლე უნდა შევინარჩუნოთ, შევინარჩუნოთ... შევინარჩუნოთ! _ კვლავ რეკ¬დნენ გონე¬ბაში მძიმედ ზარე¬ბი და მაშინ მაკას გადასარჩენად მან გადადგა ნაბ¬იჯი, რომლისგანაც, ალბათ, სხვა დროს თავს შეი¬კავე¬ბდა.
_ვენაში ინექციის შეყვანით თანხვდენილი ჯგ¬უფის სისხლის პირდაპირი გადასხმა და მეო¬რე მკლავში წვეთოვანი, ვისაც გაქვთ თანხვდენილი სისხლი დაუყოვნე¬ბლივ მიეცით!_გასცა განკარგულე¬ბა მან და თავად მწოლიარის სახისაკენ ხელოვნური სუნთქვის ჩასატა¬რე¬ბლად დაიხარა.






XXX
ზეს¬კნელ-ქვეს¬კნელის გზაგამყოფთან მდგარი, ნე¬ტარ ბურუსში მყოფის სული თავისი სხეულიდან ზეა¬მაღლე¬ბულიყო, ვითარცა ღრუბ¬ელთა ქალღმერთი ნე¬ფ¬ე¬ლე და უჩვეულოს რასმეს ხედავდა: თითქოსდა დაბრ¬უნე¬ბულიყო ის ლტო¬ლვილობის შავბ¬ნელი ხანა, როცა მტრისაგან ოკუპირე¬ბული სოხუმი სხვა ჩარჩენილ მცხოვრე¬ბ-ლე¬ბთან ერთად დატოვა ქალაქის საავადმყოფოს მედ¬პერსონალის ბოლო ნაკადმა და ეახლა გემში მსხდომთ შიდა საქართველ¬ოსაკენ აეღოთ გეზი, მხოლოდ ერთი რამ უკვირდა მაკას: აქეთ-იქით მის მკლავე¬ბს ორი შეშ¬ინე¬ბული პატარა გოგო ჩაბღ¬აუჭე-ბოდა, კალთაში კი ახალდაბა¬დე¬ბულ ჩვილსა ხედავდა, მასავით შავგრემანს და გაკვირვე¬ბული ფი¬ქრობდა, საიდან გამიჩნდაო ქალწულსა და უქმროს ერ¬თბაშად სამი ბავშვი, ანდა ეს პატარა ბიჭი საიდან მოვიდაო ნე¬ტა? და როცა თვალსაწიერ¬ზე აღარ ჩანდა უკვე ნაპირი, აღარც ძველი და ჯერ არც ახალი, საშინელი გრიგალი ამოვარდა, ელავდა და ქუხდა ცაზე, გრგვინავდა და ავად ღმუოდა ზღვა, მთე¬ბის სიმსხოდ მოწოლილმა ტა¬ლღე¬ბმა გემი აატო¬რტმანა და შუაზე გახეთქა, შიშით გაგიჟე¬ბული გემის მგზავრე¬ბი ერ¬თიმეო¬რეს შველას და ღმერთს გადარჩენას ეხ¬ვე¬წე¬ბო¬დნენ, ხოლო ის ისევ იჯდა შიშისაგან ერთიანად გაშე¬შე¬ბული, კივილი სურდა და ხმა კი დაჰკარგვოდა. პატა¬რე¬ბი ცრემლიანი თვალე¬ბით ახლა თითქმის ზედ აეკ¬ვრნენ, მან კი პატარა ბიჭი გულში მაგრად ჩაიკრა და შეიგრძნო, რომ გემი თავის მგზავრე¬ბიანად უკვე აღარსად იყო, ზღვის უფსკრულში ჩანთქმულიყო, ის კი რაღაც ძალით და თავისი პატა¬რე¬ბით ზღვის ზედ¬აპირზე მარტო¬დმარტოდ დარჩენილიყო და როცა გემი ჩაიძირა,_ქარიშხალიც ჩადგა, ზღვა დაწყნარდა, ცაც გადაისარკა, ის კი იჯდა თითქოსდა სავარძელში უჩვეულოდ მსუბუქსა და უჩინარში, ხოლო ზღვის ზედაპირი იატაკივით მტკ¬იცედ ქცეულიყო მის ფერხთა ქვეშ და როცა შიშდაყუჩე-ბულმა თვალი ჰაერს და ზღვის ზედაპირს დააკვირვა, თავის წინ თეთრად მოსილი მამაკაცის ხატ¬ე¬ბა იხილა, დიდე¬ბული სახის მქონისა და  აღნაგობისა, თეთრი მთა-წვერით მოსილი თბილი შუქით დარწყული თვალე¬ბით რომ უმზერდა: „იმას, რაც შენს ირგვლივ ხდე¬ბა, ნუ გაიკვირვე¬ბო“_უთხრა, ეს ბა¬ვშვე¬ბი შენ რომ გეკვრიან შენი შვილე¬ბი არიან, შენთვის ჩამიბა¬რე¬ბია. ეს პატარა ბიჭიც ჩემი ნაჩუქარია. იმ ხალხს, ვინც იმ გემ¬ზე შენთან ერთად მგზავრობდა ყველას დანთქავს დავიწყე¬ბის უსახური ოკეა¬ნე, შენ კი გადარჩე¬ბი შენი სიკეთისათვის, ამ პატა¬რე¬ბის ბედ¬ნიე¬რე¬ბისათვის შენ გადარჩე¬ბი და მე ყოველთვის შენთან ვიქნე¬ბი, რადგანაც თქვენ უფლისა ხართ შვილე¬ბი, ჩემგან რჩეულნი!“ უთხრა და ისე¬ვე უჩვეულოდ გაქრა, როგორც გამოჩნდა. გაკვირვე¬ბულმა და შე¬შფო¬თე¬ბულმა ქალმა სიზმარშიაც დახუჭა თვალი და როცა გაახილა მის თავს ზემოთ თეთრხალათიანი ექ¬იმე¬ბის სახე¬ე¬ბი დაინახა.
_ გილოცავთ, _ თავზე გადაუსვა ხელი პე¬ტ¬რე ექიმმა, _ ვაჟიშვილის შე¬ძენას, თავისი დედის მოამაგედ გამოზრდილიყოს! _ დაულოცა ჩვილი და დაღლილი ღიმილით გაუღიმა.
_ გმადლობთ, ექიმო! _ ძლივძლივობით ამოთქვა სიტყ¬ვე¬ბი მაკამ, _მე იგი უკვე რახანია კალთაში მიზის.

ნ-ი-კ-ი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 18 მარტი, 2013 07:14:48
პილოსოფიური  დისკუსია ჩემს მესთან                      #34


                                                                      I

მე: კიდევ არ მეშვება ის დამპალი! აღარ ვიცი, რა ვქნა. ვიცოდე მაინც, რა უნდა 
  ჩემი მე:  თუ ძმა ხარ, მოეშვი ამ სისულელეებს, დავიღალე უკვე! თუ გინდა, დაუბრუნდეთ ჩვენს თემას, თუ არა და...
    მე: დავუბრუნდეთ, მაგრამ გვაცლის ის წყეული?- როგორცკი საინტერესო საკითხს მივადგებით მაშინვე  გამომიტყვრება ხოლმე ან თვითონ  ან მისი მოგზავნილები. გუშინ ცხოვრების რაობაზე რომ საუბრობდით, ზუსტად იმ დროს მოვიდნენ თელასიდან და დენი გამომირთეს- დავალიანება გაქვსო. დავალიანება სხვებსაც აქვთ, მაგრამ არ უთიშავენ...
  ჩემი მე: მერე, ის რა შუაშია?
  მე: შუაშიცაა და თავშიც, მან გაათიშინა სწორედ! მას ყველგან მიუწვდება ტავისი ბინძური ხელი. არ გახსოვს, ამასწინათ ბაზრიდან დამპალი მწვანილი რო გამომატანეს ეს სწორედ იმან დაარიგა გამყიდველები...
  ჩემი მე: გაჩუმდი ,  გეყოპა-მეთქი!
  მე: კარგი, კარგი, ნუ ფხუკიანობ! მე გეკითხებოდი, რაარის ცხოვრება, რატომ ვიბადებით და რატომ ვკვდებით- მეტქი?
  ჩემი მე: დიახ დიახ. აი რა გითხრა- ეს კითხვები ადამიანებს  უხსოვარი დროიდან აწუხებთ, მაგრამ  პასუხი დღემდე ვერ უპოვიათ და შენ გინდა, რომ ახლა...
  მე: რომ გითხრა, მე ვიპოვე-მეტქი, მაშინ რას იტყოდი?
  ჩემი მე: ოჰო, ეს საინტერესოა!  აბა, გისმენ, ჭკუის კოლოფო!
  მე: ძალიან გთხოვ, ირონიის გარეშე! თუ არ გაინტერესებს, არ გეტყვი!
  ჩემი მე: ახლა შენც პხუკიანობ, გისმენ თქვი!
  მე: ჩვენ არც ვიბადებით და არც ვლვდებით-  მოვდივართ დაუსაბამო წარსულიდან და მივდივართ დაუსრულებელ მომავალში, ანუ ვმოგზაურობთ ორ მარადისობაში ამ ჟამად ვიმყოფებით ორი მარადისობის მიჯნაზე ანუ წარსულსა და მომავალს შორის გადებულ ხიდზე, რომელსაც  ადამიანები ცხოვრებას ვეძახით ეს ხიდი ზოგისათვის ძალზე მოკლეა, ზოგისათვის კი- მეტისმეტად  გრძელი
ჩემი მე: შენ მიჯნა ხსენე, მაშინ რომელ უსასრულობაზეა ლაპარაკი? მიჯნა ერთი რაღაცის დასასრულს და მეორის დასაწყისს გულისხმობს ესეიგი რაც მთავრდება, ის აუცილებლად სადღაც იქყება, ხოლო რაც იწყება ის  აუცილებლად სადმე მთავრდება, ასე არაა?
                                         
                                                ჩანართი                               

  ამ დროს ქუჩიდან გასროლის მაგვარი ხმა მოისმა. შეძრწუნებული მე საჩქაროდ საჩქაროდ პანჯრებს ხურავს, ფარდებს უშვებს და კარს ორმაგი საკეტით კეტავს მერე ტელეფონტან მიდის და აკანკალებული ხელით ნომერს კრეფს: ალო, საპატრულო  სამსახურია?! სასწრაპოდ გამოეშურეტ დასახელებულ მისამართზე! რაშია საქმე? იმ არამზადამ მკვლელები მომიგზავნა!  ვიინ? - ძალიან კარგად, იცით,- ვინც! რაო, რა ბრაძანეთ?! ბოდიში მოიხადეთ, მე  გიჟი არა ვარ! ააა თქვენც გადაგიბირათ არა?! უხხხ თქვენი დედა!...
    აღელვებული მე ყურმილს აპარატზე ახეთქებს და ნერვიულად მოყვება ბოლთის ცემას ბოლოს ძალა გამოლეული გაუხდელად გაიშოტება ლოგინზე.
                                                          II

  მე.. აკი გეუბნებოდი, დროის შერჩება იცის-მეთქი! შენს საინტერესოდ დასვი საკითხი, პასუხიც მქონდა, მაგრამ ვინ გაცალა?- სწორედ მაშინ მომიგზავნა ყაჩაღები!
  ჩემი მე..რეებს ჩმახავ, შე უბედურო, შენა?! რა ყაჩაღები რისი მკვლელები?- ქუჩაში ავტომობილს საბურავი გაუსკდა, ეგ იყო და ეგ. გააღე ფანჯრები, სუფთა ჰაერი არ გინდა? მთელი ღამე ჩახუთულ ოთახში გეძინა. აი, ასე! ახლა მიპასუხე დასმულ კითხვაზე.
  მე.. გიპასუხებ.. ჩვენ წარსულიდან მოვდივართ აწმყოში, აწმყოდან- მომავალში და კვლავ წარსულიდან ვუბრუნდებით აწმყოს და ასე დაუსრულებლად, ანუ ჩვენ ვტრიალებთ თავზარდამცემად დიდ წრეში.
  ჩემი მე.. რაღაც ვერ გავიგე კარგად!...
  მე.. აგიხსნი.. შენ რომ ახლა ადგე და სულ ერთი მიმართულებით იარო, გარკვეული დროის მერე საწყის წერტილში დაბრუნდები. ეს ჯერ კიდევ მეთექვსმეტე საუკუნის დასაწყისში დაამტკიცა მაგელანის ექსპედიციამ ამას, თუ არ ვცდები ოთხოწელი დასჭირდა, ჩვენს შემთხვევაში კი...
  ჩემი მე.. შენ დროს და სივრცეს ერთმანეთში ურევ, ძალიან ხომ არ შეტოპე?!
  მე.. დრო, სივრცე და მატერია ამ შემთხვევაში განუყოფელია. ეს არის სამება.
  ჩემი მე.. ეს უკვე მკრეხელობაა! თუ ასე გააგრძელებ, ჯობია, შევწყვიტოთ.
  მე..მკრეხელობა რა შუაშია? მე ღმერთს როდი უარვყოფ, უბრალოდ შევადარე. ყური მიგდე დედამიწა ხომ უსაზღვრო სამყაროს უმცირეს მოდელს წარმოადგენს.
  ჩემი მე.. დავუშვათ.
  მე.. დავუშვათ კი არა, ასეა! დედამიწა მოძრაობს როგორც საკუთარი ღერძის ისე- მზის გარშემო...
  ჩემი მე.. ოჰო, აღმოაჩინა ამერიკა!
  მე.. დამაცადე! ხოლო მზე თავისი პლანეტებიანად გალაქტიკის გარშემო ბრუნავს, გალაქტიკა- მეტაგალაქტიკის გარშემო და ასე შემდეგ.  კაცმა არ იცის, სად არის ცენტრი.
  ჩემი მე.. მაშინ ხომ შეიძლება, ოდესღაც კიდევ ვიმყოფებოდით აწმყოში და ვინ იცის- არაერთხელ. ასევე შესაძლებელია, მომავალშიც არაერთხელ დაუბრუნდეთ აწმყოს.
  მე: აბსოლუტურად გეთანხმები!
  ჩემი მე: მაშინ იბადება კითხვა რამდენჯერ ვიყავით და რამდენჯერ მოვალთ აწმყოში, ანუ როდის დაიწყო და როდის დასრულდება ჩვენი მოგზაურობა, როგორც შენ უწოდებ, ამ თავზარდამცემად დიდ წრეში?
  მე: როდის?... რამდენჯერ?... როდის?... როდემდე?... ო, მართლაც, რა თავზარდამცემია ეს ყველაფერი! ო, შემეშვი, გევედრები! ტრიალებს ყველაფერი, ყველაფერი მოძრაობს და მერე რა საშინელი სისწრაფით! ღმერთო ჩემო! გააჩერეთ!
  ჩემი მე: კარგი, კარგი,  შევწყვიტოთ
                                                         
                                                        ჩანართი 
 
  ზარი კარებზე მე გონს მოდის ფრთხილად უახლოვდება კარს: ვინ არის?
  გარედან:გაზის მრიცხველი უნდა შევამოწმოთ.
  მე: ვიცი, ვიცი, რა მრიცხველიც უნდა შეამოწმოთ! იმან გამოგგზავნათ! ამას წინათაც ვითომ მრიცხველს ამოწმებდით და კოსტიუმი დამიმალეთ, მერე შემთხვევით ლეიბის ქვეშ ვიპოვე! მე თქვენ კარს არ გაგიღებთ, წადით აქედან!
  გარედან: ეს გიჯი ხომ არაა?!
  მეზობელი ქალი არც მთლად მაგის უმაგისობაა, ბატონო ჩემო. ამ ბოლო დროს სულ აუშვა თხები მაგ უბედურმა, ყველას რაღაცა დაგვაბრალა ახლოს არავის იკარებს, რაგაღ სისულელე აუკვიატებია... ადრე ფილოსოფოსი ყოფილა, ვიღაცას მაგის ნაშრომი მიუთვისებია თურმე და მას მერეა ასე. ასე ამბობენ ჩემო ბატონო.
  იგივე ხმა გარედან: არავი არ ყავს?
  მეზობელი ქალი:მარტო ხელაა.
  იგივე ხმა:სხვა გზა არაა, უნდა გადაუჭრა- ორი თვისა აქვს გადასახდელი.

                                                    ჩანართი


  მე ერთხანს ნერვიულად სცემს ბოლთას, ბოლოს, დაღლილი, გაუხდელად ლოგინზე იშოტება.

                                                      III

  ჩემი მე: დაწყნარდი? რა ვქნათ, გავაგრძელოთ, თუ...
  მე: შენი ლოგიკით ისევ უსასრულობისკენ მივდივართ.
  ჩემი მე: კიდევ გეუბნები:უსასრულო და დაუსაბამო არ არის რა.
  მე: მაშ რა იყო მანამდე და რა იქნება მერე?
  ჩემი მე: ეგ არავინ იცის.
  მე: მაშინ სადღაა ჭეშმარიტება?
  ჩემი მე: არცოდნაში.
  მე:გამოდის, რომ ღმერთი არცოდნა ყოფილა.
  ჩემი მე:დიახ სწორედაც ადამიანებს არცოდნის და უხილავის შიში აქვთ და არა- სიყვარული. ადამიანები ვერ იტანენ თავისზე აღმატებულს. როგორც კი იხილეს ხორცშესხმული ღმერთი, მაშინვე ჯვარზე გააკრეს. ეს იმიტომ, რომ ქრისტე მატზე ძლიერი, ბრძენი და სათნო იყო.
  მე: მაშასადამე  ყველაფრის შემოქმედი, დასაბამიც და დასასრუ
ლიც ღმერტია. კარგი, და, ვინ ან რამ შექმნა თვით ღმერთი?
  ჩემი მე: კარგი და ვინ ან რამ შექმნა თვით ღმერთი?როდის შეიქმნა ან როდემდე იქნება?
  მე: ღმერთი თავისთავადია.
ჩემი მე: აჰა, ისევ უსასრულობა!
  მე: რა გინდა, კაცო რას შემომიჩნდი?! რას გადამაყოლე ამ შენს "უსასრულობას?!" მგონი შენც გადაგიბირა იმ ნაძირალამ პირი შეჰკარით ხომ?! მე თქვენ გიჩვენებთ სეირს.

                                            ჩანართი


  გააფთრებული მე:მაგიდიდან საფერფლეს იღებს და თავისმეს ესვრის. კედლის დიდი სარკე სრიალით იმსხვრევა მერე ჩრდილებს დაუწყებს ძებნას ისვრის, რაც ხელში ხვდება ბოლოს ერთი საზარლად შეჰყვირა: "გააჩერეეეთ!" და იატაკზე გულაღმა გაიშხლართა.
  ერთი კვირის შემდეგ პატრულმა და მეზობლებმა დაკეტილი კარი შეამტვრიეს.
 
          "დიაგნოზი- ტვინში უეცარი სისხლის ჩაქცევა."

ნ-ი-კ-ი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 18 მარტი, 2013 07:15:24
ანხელინა მერსია ფლო                                            #35



ანხელინა მერსია ფლო ზღვისპირა ქალაქს ესტუმრა  სიყვარულის საძებნელად.
უყვარდა ზღვა, მზეზე გარუჯვა და ყავა.
ყავის მოხარშვას ვერავის ანდობდა.  დილის ჰაერით გაკრიალებულ, ქოთნის ყვავილებით მორთულ კაფეშიც  კი,  თავად  დასტრიალებდა  სპილენძის ოდნავ შემურულ, ხისტარიან  ყავადანს.
თავდაპირველად კაფეს მეპატრონემ, ახალგაზრდა,  ულვაშიანმა და  გრილი ოდეკოლონით  მუდმივად დანამულმა ახალგაზრდა მამაკაცმა სასტიკად გააპროტესტა ანხელინა მერსია ფლოს დახლს იქით  შესვლა და  გაცხელებულ ქვიშასთან ტრიალი, მაგრამ როცა ანხელინა  ქვიშაზე არანაკლებ ცხელი  გავით შემთხვევით  გაეხახუნა,  ახალგაზრდა მამაკაცი ძირგახვრეტილ ნავს დაემსგავსა: ვნებამ წყალივით ამოხეთქა ქვევიდან, მთლიანად აავსო და სანამ ჩაიძირებოდა, ამოიბუყბუყა:
-როცა გნებავთ, მაშინ მობრძანდით  ყავის მოსადუღებლად  მადამ.  თუნდაც დღეში ათჯერ.
-მხოლოდ ორჯერ:  დილის შვიდ საათზე და საღამოს ხუთ საათზე.- მშვენივრად ისარგებლა  ახალგაზრდა მამაკაცის  ბუყბუყით  ანხელინა მერსია ფლომ და  საბოლოოდ გაუშვა  ფსკერისკენ: გემის პატარა ალამივით გაწითლებულ ყურის ბიბილოსთან  ჩაუკისკისა.
მერე ყავა  ფინჯანში  ჩამოასხა, ფინჯანი  სინზე ფრთხილად დადო და  მაგიდისკენაც  ფრთხილად წავიდა.  გასასვლელი  ვიწრო იყო  და ანხელინას გავის რიტმული რხევისგან დახლზე ჩამოდებული ჭიქებიც  და თეფშებიც რიტმულად აწკარუნდნენ.
-ბუ-ბბბ, - ბუყბუყიც  კი ვეღარ შეძლო კაფეს მეპატრონემ.
ანხელინა მერსია ფლომ  სინი მაგიდაზე დადო და რკინისრიკულიან სკამზე ფრთხილადვე ჩამოდო  გავის პაწაწინა  ნაწილი.
-ყავას რაიმეს ხომ არ მიაყოლებდით? -  იქვე,  ფსკერიდან  ნაფოტივით  ამოტივტივდა  კაფეს მეპატრონე.
-სიამოვნებით, - წამწამები ააფარფატა  ანხელინა მერსია ფლომ  და სუფრის ყვავილს წითელლაქწასმული  ფრჩხილით კონტური შემოავლო.
ახალგაზრდა მამაკაცის მზერა  მაგიდაზე გადმოზნექილ,  გამზეურებული ბალიშივით აფუებულ მკერდს შეასკდა,  დარეტიანებული მწერივით დაეცა ანხელინას  თითს და  კიდევ ერთხელ დარეტიანდა:
ანხელინას წვრილი,  გრძელი თითები ისე უპრიალებდა, თითქოს მასზე კანი კი არა,  ატმისყვავილისფერი ჩინური ატლასი იყო  გადაკრული. 
-ერთი ნაყინი,  შოკოლადით და ნუშით, - ტუჩის კუთხეზე ღიმილი დაისკუპა ანხელინამ. 
-ახლავე,  - ამოიბუყბუყა  ახალგაზრდა მამაკაცმა  და სანამ  ანხელინას ჭიამაიასავით ფრთებაშლილი ზედა ტუჩი ისევ ფსკერისკენ დაუშვებდა, დახლისკენ  წაბარბაცდა.
-სიზმარში  ვარ, - გაიფიქრა  როცა  ნაყინის ბურთულებს ალაგებდა  გამჭვირვალე მინის  სანაყინეში, - ან უარესი, ცხადში.
რა თქმა უნდა,  ცხადში იყო:  არა, ლამაზი ქალი როგორ არ ენახა,  ბოლოს და ბოლოს,  ზღვისპირა ქალაქში ცხოვრობდა, მაგრამ  ასეთი მადისაღმძვრელი და  კოკლოზინა?!
ღმერთმანი,  საოცარი  იყო! 
”თვალები აქვს  მინერალი - აკვამარინი, აკვარელის სისველით სასვე, წამწამები, როგორც ხაზები, ტუჩი  კეთილშობილი წითელი მარჯნის ფრთებაშლილი ჭიამაია, ჭორფლი აქა-იქ - მხიარული კალიებივით მოხტუნავე  სერდოლიკის წვრილი კრისტალი”...
ახალგაზრდა მამაკაცმა შეატყო, რომ  ოდესღაც    ნახევრადძვირფასი მინერალებით გატაცებას    შესამჩნევი კვალი დაემჩნია მისი გონებისთვის და შეეცადა,  ანხელინა მერსია ფლოს აღწერა  მინერალების გარეშე  გაეგრძელებინა:
”სავსე გულ-მკერდი და  თეძოები ბამბის  ჰაეროვანი  ნაყინივით  გადმობურცვია  ძვალწვრილ სხეულზე.
ლაზურიტისფერი... ჰმ, ისევ მინერალი”,  -  გაიფიქრა,  თავი უაზროდ გადააქნია და  როგორც იქნა აღწერა  დაასრულა, - ”წითელკანტიანი კაბის  ვერცხლისფერი ღილებიც კი ვნებიანად უწკრიალებს.
და კანი”...  -
ახალგაზრდა მამაკაცის სხეულმა თავისით დაიწყო  ჟრიალი.       
*
ანხელინა მერსია ფლოს კანი დაბადებიდან  ახლადმოხარშული ვარდისფერი  კარამელივით  უკრიალებდა.  ისედაც, კარამელის  სუნი ასდიოდა :  დილით - ახალგაწურული მწვანე  ლიმონისა,  საღამოს - თითებსშუა  ჩასრესილი პიტნის ფოთლების. 
დღის დანარჩენ დროს  ანხელინა მერსია ფლოს  სურნელი განწყობის მიხედვით იცვლებოდა: თუ ბედნიერი იყო - მარწყვის, ჟოლოსა თუ  დამსკდარი  ბროწეულის სუნი ტრიალებდა მის ირგვლივ,  თუ  მოწყენილი,  იის,  მსხლის,  კომშის ფოთლების...
მერე, დიდობაში, სხვა  სურნელებიც შეეპარა  მის გაფუებულ  სხეულს - თოვლში გამშრალი გახამებული თეთრეულის,  ზღვის მომლაშო ბრიზის, ახლადგამომცხვარი  დარიჩინიანი ფუნთუშებისა... 
-ანხელინა, მოდი ჩემთან,  - ეტყოდა -ხოლმე  ბებია ფლორისტინა,  როცა  საღამოს,  ვაშლის ღვეზელითა და  შოკოლადის  პუდინგით დანაყრებულს,  გული  ნეკერჩხლის წითელი ფოთოლივით უკრთოდა.
ანხელინა მხიარულად მირბოდა  ბებიასთან    და  მკერდზე ეხუტებოდა.  ბებიას მკერდზე მიხუტება ანხელინას ძალიან უყვარდა. აქ თავს მშვიდად და მყუდროდ გრძნობდა. 
-შენ ხომ ხე ხარ,  არა? - ეკითხებოდა,  დანაოჭებულ სახეზე უსვამდა ხელს და ზედ გულთან პატარა ეჟვანივით ურხევდა კისკისს.
-კი, ხე ვარ, ჩემო კარამელო, - პასუხობდა ბებია ფლორისტინა. ამ დროს ხმა ისეთი ჰქონდა, თითქოს ვიღაც გამომხმარ, გამოფიტულ ხეზე აკაკუნებდა.
-და მოხუცი ხე ხარ, არა? - ისევ ეკითხებოდა ანხელინა მერსია ფლო.
-კი, მოხუცი ხე ვარ, - იმავე  ხმით პასუხობდა ბებია ფლორისტინაც.
-ჰოდა, იცი?  მე ძალიან, ძალიან  მიყვარს შენ  ფუღუროში ყოფნა, ბებია ფლორისტინა, - ეუბნებოდა ანხელინა და  უფრო მეტად ეკვროდა. 
ანხელინა მერსია ფლო მიამიტი, პატარა გოგონა იყო და  სჯეროდა, რომ 
ბებია ფლორისტინას  გულ-მკერდი  სხვა არაფერი იყო, თუ არა თბილხავსიანი, მყუდრო ფუღურო.
ფუღურო მარტო ანხელინა მერსია ფლოს  იტევდა და  ბაბუაწვერასავით მსუბუქ  ბალიშებს  ახვედრებდა.  ბალიშებს  შორეული  სუნი ასდიოდა: დილის  სინედლის,  რძისა  და  სისუფთავის.
ანხელინა მერსია ფლო  თავს  მშვიდად    გრძნობდა: ერთმანეთში შერეული  სიზმარ-ცხადისა აღარ  ეშინოდა.
ბებია ფლორისტინა ანხელინას  წითურ, ბურბურა  თმაში გრძელ, მაგრამ თხელ ცხვირს ჰყოფდა და  მის სურნელს ღრმად  ისუნთქავდა. 
-როგორ  მშველის  ეს პიტნის სურნელი, ჩემ  გოგოს რომ დაჰყვება,  - ფიქრობდა  ბებია ფლორისტინა.
კმაყოფილი იყო.  ერთი რომ,  ანხელინა მერსია ფლო ჰყავდა და მეორეც: პიტნის კანფეტებში  გროშიც  არ ეხარჯებოდა.
-რომ გავიზრდები, ისევ ამ ფუღუროში ვიცხოვრებ, - ფიქრობდა  ანხელინა მერსია ფლო.  პატარა იყო და მიამიტი.
მერეც, როცა მკერდზე  ორი პაწაწინა  მოყავისფრო  წერტილი ჩიტის ჭორფლიანი კვერცხის  ნაჭუჭივით დაებზარა და  იქ  ღუნღულა ბარტყებივით  აუფუსფუსდნენ    კრიალა კარამელის  ვარდისფერი  ძუძუები,  ფუმფულა ტანზე კი თეძოები, გავა ამოუღუვდა და წელი გამოეკვეთა,  ისევ  მიამიტ ანხელინა მერსია ფლოდ  დარჩა. 
მაგალითად,  ვერ გაეგო,ბიჭების დანახვაზე  რატომ უფრთხიალებდა  კაბის  გულისპირთან  უკვე დაფრთიანებული ორი ღაბუა ჩიტი  ან  ჭიპის ქვემოთ ასეთი სისწრაფით რატომ  უსკდებოდა  ათასი კვირტი ერთად.
არ ესმოდა  ალუბლის კურკაზე  ვერდატეული ადამიანების,  თვითონ და  ბებია ფლორისტინა  ხომ  მშვენივრად ეტეოდნენ  სწორედაც რომ  ალუბლის კურკაზე  და ბურთივით ატრიალებდნენ ფეხისწვერებით.
აშინებდა  კამკამა თვალების  ამღვრეულ გუბეებად გადაქცევა. ეს გუბეები  მზეზე კი არ შრებოდნენ, უფრო და უფრო დიდდებოდნენ,  ღრმავდებოდნენ.  ჯერ ფეხებს უფარავდნენ, მერე ტანს, სახეს,  წითური  თმის თითოეულ ღერს...
-რატომ ხდება ასე? - რამდენჯერმე  ჰკითხა ბებია ფლორისტინას.
ბებია ფლორისტინამ შეხედა, ფიქრის  ვეებერთელა,  თივთიკის გორგალი დაუგორდა.
”თავად გამოხსნის”, - გაიფიქრა ბებია ფლორისტინამ და სამზარეულოში გავიდა. 
ანხელინაც  დასდევდა და  დასდევდა ამ  გორგალს  კნუტივით,  ძაფის წვერს ეძებდა გამოსახსნელად.
ბებია ფლორისტინა კი სამზარეულოში  ფუსფუსებდა.  იქ საქმე ჰქონდა:  ტაფაზე შაქარს წვავდა და  ყალიბში  ასხამდა.
ჯერ  სამზარეულო ივსებოდა  ჯოხზე შესკუპებული  წითელი  მამალოებით, მერე  უბანი, მერე ქუჩა, მერე  ქალაქი...  მამალოები  ძალიან  ჰგავდნენ ნამდვილს და რადგან ჰგავდნენ,  ყიოდნენ კიდეც.
შეიძლება ითქვას, რომ ქალაქს რატუშის საათის რეკვა  კი არა,  ბებია ფლორისტინას შაქრის მამალოების ყივილი  აღვიძებდა.
-საქმეები კარგად მიდის, - ამბობდა ბებია ფლორისტინა. - ჩემს გოგოს  არაფერი გაუჭირდება.  შემიძლია მშვიდად მოვკვდე.
ანხელინა შეძლებისდაგვარად ეხმარებოდა ბებიას, შაქრის მამალოების  ჯოხებს  ლენტებს უკეთებდა, დანარჩენ დროს  კი    ეზოში იჯდა.  მღეროდა. ჭიპის ქვევით  კვირტების დასკდომის ხმას აყურადებდა  და  წითელ  აგურს  ქვას უხახუნებდა.
აგურიდან  პატარა გულები იჩეკებოდნენ  და  ბეღურებივით  მიხტოდნენ  ეზოდან. 
-ანხელინაა! - ფანჯრიდან  ეძახდა-ხოლმე  ბებია ფლორისტინა, -  ამოდი სახლში  ჩემო პიტნის კარამელო,  ჩემო გულის წვეთებო,  სასწრაფო საქმე მაქვს.
- ახლავე ბებიაა, - ჩაიკისკისებდა ანხელინა. კარგად იცოდა, რა საქმეც ჰქონდა ბებიას. 
ბებიას  მსუყე  ვახშმისგან  ისევ  გული უფრიალებდა  და ანხელინას ბურბურა თმაში ჰყოფდა ცხვირს პიტნის სურნელის მორიგი ულუფისთვის, თან ხმაურით აცემინებდა: ანხელინას  თმაში ჩარჩენილი  აგურის ფხვნილი  ბურნუთივით ეყრებოდა ნესტოებში.
-ესეც კარგია, მშველის, - წამოიძახებდა-ხოლმე  ცემინებებს შორის.   
საერთოდ კი,  ანხელინას არსებობა  შველოდა ბებია ფლორისტინას.
სწორედ  ანხელინამ -  კისკისა, მიამიტმა გოგომ  გადაატანინა  დარდი. 
ბებია ფლორისტინას დარდი  კი დაუსრულებელ, გაუთენებელ ღამეს ჰგავდა. ის  მაშინ დაიწყო, როცა ანხელინა მერსია ფლომ  პირველად  გაახილა თვალი, ხოლო დედამისმა,  ბებია ფლორისტინას  შვილმა,  მერსიამ სამუდამოდ  დახუჭა. 
კისკისა იყო  მერსია და  ისეთი მიამიტი, თვალდახუჭულსაც კი  სინედლის სუნი ასდიოდა...
ჩვილი ანხელინა რომ არა,  ბებია ფლორისტინა  ალბათ  წითელი მამალოების ფერმას კი არ გამართავდა სამზარეულოში,  არამედ  ივნისის დიდი  წყალმოვარდნისას ცუდი სიზმარივით  გაჰყვებოდა  მდინარეს.  მაგრამ  ბებია ფლორისტინას ძალიან  უნდოდა,  სიკვდილამდე  კიდევ ერთხელ ენახა  შვილი.
ეს  სურვილი ანხელინამ აუსრულა - დედას  სარკეში არეკლილივით დაემსგავსა. 
ბებია ფლორისტინა მშვიდად გარდაიცვალა.
იმ დღიდან ანხელინა  სამზარეულოში შევიდა და  ბებიის დაწყებული საქმე გააგრძელა:  შაქარს  ტაფაზე ყრიდა,  მერე  გამდნარს ძახველის კამკამა  წითელ წვეთებს  აპკურებდა  და  ყალიბებში ასხამდა. 
და ასეთი მამალოებიც გამოსდიოდა: აქა-იქ  სიმჭვირვალეშეპარული კამკამა წითელი.
მერე და მერე, როცა  ანხელინას სხეულს  მწიფობის ასაკის ქალის  ვარსკვლავთცვენის სეზონი  დაუდგა,  ანხელინას მიერ ჩამოსხმულ  შაქრის მამალოებს თითქოს მისი  სუნი და გემო გადაედო - გემო იყო კონიაკით დანამული  ბისკვიტისა,  ლიქიორივით მოტკბო,  ნუშივით მომწარო,  ლიმონივით გრილი...
ამ გემო-სურნელით გაბრუებულ ქალაქის  მამაკაცებს  ერთი სული ჰქონდათ,  ანხელინას სხეულში ბოლომდე ჩაყურყუმელავებულიყვნენ. 
მართალია, ეს ამბავი ანხელინას ძალიან ართობდა და აკისკისებდა, მაგრამ  რაღაც სხვა უნდოდა, მაგალითად:  ათასობით  ლილისფერი პეპლის აფრენა ერთდროულად.
ეს ერთხელ ნახა,  ბავშვობაში,  როცა  მხიარულად დადიოდა ქალაქის მოკირწყლულ ქუჩებში და მამალოებს ჰყიდდა.
მაშინ  ერთ  სახლთან  შეჩერდა,  რატომღაც მის ფანჯარაში ფეხისწვერებზე აიწია და  ფანჯარაში შეიჭყიტა.
ახსოვს, ეგონა, რომ  ტელესკოპში იჭყიტებოდა,  რომელშიც უამრავი ფერადი მინის ნამსხვრევი ტრიალებდა და მზედაკრულივით ბრწყინავდა,  ახსოვს, გაიფიქრა, რომ  ხანდახან  საწოლები უხეშად  კი არ ჭრიალებენ,  ზაფხულის ღამის  ჭრიჭინებივით ჭრიჭინებენ.
მაშინ  გადააწყდა  სახლს, რომელსაც  ათასობით ლილისფერი პეპელა ორთქლივით ასდიოდა. 
ახსოვს შეგრძნება, სხვა დროს არგანცდილი სიხარულის, ბედნიერების,  სხეულში რომ ჩაელექა ლილისფრად.
ამ  ლილისფერის აშლა უნდოდა ანხელინა მერსია ფლოს. 

ერთ  საღამოს  ფოსტიდან სახლში ბრუნდებოდა,  შაქრის მამალოების მორიგი შეკვრა  გაუგზავნა  თავშესაფრის  ბავშვებს. 
უთოვლო ზამთარი იდგა, მაგრამ  ანხელინას  ლურჯ პალტოს  მასზე ამოქარგული,  სირმაშერეული,  თეთრი წინწკლები  ფანტელებივით ათოვდა.
ანხელინა მერსია ფლო  ბეწვეულის  მაღაზიის გაჩახჩახებულ  ვიტრინასთან შეჩერდა, რომ  თავზე ხუტკმელის მარცვალივით პატარა და წითელი ბერეტი გაესწორებინა. 
-მოგწონთ? -  ვიტრინაში გამოდებული ბეწვეულის  შეთვალიერება  ვერც კი მოასწრო, ისე  სწრაფად  ამოიზარდა მის გვერდით  მაღაზიის მეპატრონე. 
- სოკოს ჰგავს, -გაიფიქრა ანხელინამ მაღაზიის მეპატრონეზე, მერე  ტუჩის კუთხეზე ღიმილი შეისკუპა და  ყურთან გაუწკარუნა:
-დიახ,  მაგრამ არ მიყვარს, როცა ცხოველებს კლავენ, ძალიან არ მიყვარს.
-რა მშვენიერი ხმა გაქვთ,  -  ბეწვეულის მეპატრონემ ცხვირი ააცმაცუნა, ვერ მიხვდა, საიდან მოვარდა მისი საყვარელი  ახლადგამომცხვარი დარიჩინიანი ფუნთუშების სუნი. 
ანხელინამ წამწამები პეპლის ფრთებივით ააფარფატა,  მერე  მაღაზიის მეპატრონეს  წითელი მამალო  გაუწოდა  და წარმოუდგენლად მსუბუქი სტოკატოთი გაუყვა ქუჩას.
ანხელინაზე თვალმიშტერებულმა მაღაზიის მეპატრონემ  წითელ მამალოს  გაუაზრებლად მოაკვნიტა ბიბილო. 
მეტიც არ უნდოდა:  უცნაურმა გემომ და არომატმა  მთელი სხეული შეუზანზარა.  მაღაზიაში შევარდა,  გალიიდან  თასმაშებმული  მელა გამოიყვანა  და  ახლადგამომცხვარი ფუნთუშების სურნელს გაეკიდა. 
ცოტა ხანში ანხელინა მერსია ფლოს კარზე დააკაკუნეს.
ჯერ ისევ პალტოგაუხდელმა ანხელინამ  კარი გააღო. 
-ეს... ეს  თქვენ, მადამ,  ზამთარია, გამოგადგებათ - ამოიხავლა მაღაზიის მეპატრონემ  და  თასმას ხელი გაუშვა. 
მელა ანხელინასთან მისუნსულდა,  თვალისდახამხამებაში  ააცოცდა,  ლურჯ პალტოზე საყელოსავით შემოევლო, თავი მკერდზე  დაადო და თვალები მილულა. 
ანხელინამ  სახე მელას წითურ ბეწვში ჩარგო და პატარა, აპრეხილი ცხვირი აუსვ-დაუსვა. 
ერთმანეთს შერწყმული ანხელინას წითური თმა და მელას წითური ბეწვი  აგურისფერ ზვინს დაემსგავსა.
ბეწვეულის  მაღაზიის მეპატრონე  კიდევ ერთხელ შეზანზარდა და  ზვინისკენ გადაიხარა. 
... იმ დროს,  როცა  მაღაზიის  მეპატრონე ქუჩაში ისე  მილასლასებდა, რომ ფეხები ტროტუარზე ადნებოდა,  ანხელინა მერსია ფლო  ვერანდაზე  იდგა.   
რატუშის წვეტიან სახურავზე  სავსე  მამალოს ქარი დიდხანს  ატრიალებდა და თანდათან ლევდა.  ანხელინამაც დიდხანს უყურა, მანამდე, სანამ  მამალო არ გაჩერდა.  ნისკარტი აღარ ჰქონდა,  კუდი ჩრდილოეთისკენ მიეშვირა. 
ანხელინა  სახლში შებრუნდა და  და ცოტა ხანში ისევ გარეთ გამოვიდა. 
ბევრი არაფერი წაუღია. 
მხოლოდ  ჩემოდანი,  რომელიც ბებია ფლორისტინას ძალიან ჰგავდა: ხის იყო და ფუღურო ჰქონდა და  რომელზეც ანხელინა  მეგობრებს  ხატავდა.  მაგალითად:
კატას,  მუცლის მაგივრად გამჭვირვალე, ოქროს თევზებიანი  აკვარიუმი რომ ჰქონდა;
ძაფზე  გამობმული,  ბუშტივით მოქანავე  ბუს,  დილაობით  რომ  ასეირნებდა;
წითური მელას,  მის ლურჯ, თეთრად დაწინწკლულ პალტოს  საყელოსავით რომ შემოვლებოდა...
ეს  მეგობრები რა თქმა უნდა, სინამვილეში არ არსებობდნენ  და  სწორედ ამიტომ,  ანხელინა მერსია ფლოს განსაკუთრებით  უყვარდა  ისინი.
ანხელინა მერსია ფლო  ზღვისპირა ქალაქში ჩავიდა.   
ღმერთმანი, საოცარი ქალია! - მოგეხსენებათ, სწორედ  ეს გაიფიქრა  ახალგაზრდა, ულვაშიანმა,  გრილი ოდეკოლონით მუდმივად დანამულმა კაფეს მეპატრონემ,  მაშინაც, როცა ანხელინასთვის ნაყინის ბურთულებს დებდა გამჭვირვალე მინის სანაყინეში და მაშინაც,  როცა მის ნომერში შევიდა. 
ანხელინა მერსია ფლოს  სპილოსძვლისფერი, ღრუბელივით ფაფუკი  პენუარი ეცვა, წვრილკოჭიან ტერფზე ბეწვის პომპონიანი წითელი  ქოში წამოეცვა, ცალფეხმორთხმული  საწოლზე იჯდა და  ჩემოდანს ელაპარაკებოდა.
ახალგაზრდა მამაკაცი დაბნეული მიახლოვდა  ანხელინას.
ახალგაზრდა მამაკაცმა  გაიღიმა, მერე  ჯიბიდან კოლოფი ამოიღო და ანხელინა მერსია ფლოს  ვარდისფერ ხელისგულზე დაუდო.
ანხელინა მერსია ფლომ კოლოფი გახსნა - სოდალიტის  ლილისფერი პეპელა  ვარდისფერ, პრიალა თითზე  დაუფარფატდა.
ეს იყო ერთადერთი ნივთი, რომელიც  კაფეს მეპატრონემ  ნახევრადძვირფასი მინერალიდან დაამზადა.
ანხელინა მერსია  ფლო  მამაკაცისკენ გადაიწია და მის გემის პატარა ალამივით აწითლებულ ყურის ბიბილოს  ჭიამაიასავით ფრთებაშლილი  ტუჩი შეახო. 
ახალგაზრდა მამაკაცი  წამიერად  ნათურასავით გაჩახჩახდა და მოულოდნელად სამარცხვინო ამბავი დაემართა - გადაიწვა,  ანხელინა მერსია ფლოს  ფუმფულა მკერდს  თავი მიადო და  ჩვილივით უშფოთველად  ჩაიძინა.
*
-ღმერთმანი,  ასეთი რამ ცხოვრებაში არ განმიცდია,  -  საათს დახედა ახალგაზრდა მამაკაცმა,  საღამოს ხუთი საათი სრულდებოდა.  მერე უცბად  ყურის ბიბილოზე  წაივლო ხელი.  იქ ანხელინას  კისკისი  მხიარული ჭრიჭინასავით ხტოდა და ჭრიჭინებდა.
ახალგაზრდა  მამაკაცმა  ჭრიჭინა მუჭში მოიქცია,  გამჭვრივალე მინის ქილაში ჩასვა, ხუფი დააფარა  და  ვერანდის  მოაჯირზე  ფრთხილად შემოდგა. 
სწორედ ამ დროს გაიგონა გემის საყვირის ხმა.
კაფეს მეპატრონემ  ზღვას  გახედა.
ლილისფერ პეპლებად  აშლილ  ტალღებზე  ვანილის  პუდინგივით ლივლივებდა ანხელინა მერსია ფლო, ყელიდან  ბრიზდაკრული  შიფონის შარფივით ეშლებოდა  ბრიზისავე მომლაშო, გრილი  სურნელი. 
ანხელინა მერსია ფლოს აფუებული გავის ქვეშ  პიკეს თეთრ,  წითელკანტიან მუთაქასავით მოჩანდა გემი. 
გემი სამგზავრო იყო,  კვირაში ერთხელ  გადაჰყავდა მგზავრები  ზღვისპირა ქალაქიდან.

მინაწერი:
ავტორი მადლობას უხდის ანხელინა  მერსია ფლოს, რომელიც  რა თქმა უნდა, სინამდვილეში არ არსებობს  და  რომელიც  სწორედ ამიტომ  განსაკუთრებით უყვარს.

ნ-ი-კ-ი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 18 მარტი, 2013 07:16:38
ზოგი ჭირი მიდის პარიზში                                #36



                ოთახში კბილის პლომბის  სუნი იდგა. ალბათ სხვანაირად არც შეიძლებოდა, რადგან  ჩემს კაბინეტში ვიყავი. კაბინეტს კი გარედან - „ლონგინოზ ჩანჩიბაძე. სტომატოლოგი.“ ეწერა. ბზრიალა სკამზე ჩამომჯდარი სამუშაო ინსტრუმენტებს ვწმენდდი. ეს, სამუშაო დღისათვის მოსამზადებელი ერთგვარი რიტუალი იყო.  თეთრი ხალათი აკაპიწებული მქონდა და პერიოდულად შუბლს ვიწმენდდი, ჩემი მსხვილი და დაბანჯგვლული მაჯებით. ოფლი არ მდიოდა, მაგრამ ჩვევაში მქონდა მაჯის შუბლზე ხახუნი.
                ფრიად საპასუხისმგებლო დღე გამთენებოდა მე და მთელ ჩემს კომპანიას. საქმე იმაში იყო, რომ სწორედ იმ დღეს ვინმე ამერიკელი ჟურნალისტი ჩამოდიოდა, რომელიც საკმაოდ გავლენიანი ჟურნალისთვის სტატიას ამზადებდა სამედიცინო ტურიზმის შესახებ. ამ საქმეში კი ჩვენ საქართველოს მასშტაბით პიონერები, ნოვატორები და ერთგვარი  ჰეგემონებიც ვიყავით. დიდი ხნის წინ დამებადა ეს იდეა, რომელიც მოსიყვარულე ნათესავების და ჩემი ცოლის პირველი და საბედნიეროდ წარუმატებელი გათხოვების შედეგად განვახორციელე. ჩემი ცოლი ლელას პირველი სიყვარულის ნაყოფი დიდი ხანია ოკეანეს მიღმა, ამერიკაში გადახვეწილიყო. ჩემს ცოლსვე, პატარა და მყუდრო სასტუმრო ჰქონდა, რომელიც ჩემი საყვარელი სიმამრისგან მემკივდრეობით ხვდა წილად.  მე კი შესაბამისი განათლება და თანდაყოლილი შეუპოვრობა იმისთვის, რომ ამ გლობალურ ბიზნესში ჩავბმულიყავი. თორნიკე, ლელას შვილი, აშშ-ში ინფლაციით და მკურნალობის სიძვირით გაწამებულ ამერიკელებს სარფიან წინადადებას სთავაზობდა. მაგალითად, მკურნალობა, რომელიც ამერიკაში პაციენტს 1500 $ და მეტი უჯდებოდა ჩვენ მას 300-350 ლარად ვთავაზობდით. ამერიკელი, რომელიც შეიძენდა ჩვენი კომპანიის პაკეტს, სანაცვლოდ მიიღებდა ახალ კბილებს, საქართველოს მასშტაბით მოგზაურობას, ჩვენს დიდებულ ისტორიაზე გაუთავებელ ლაქ-ლაქს და დღეში სამჯერ კალორიებითა და ქოლესტერინით გაჯერებულ ქართულ საკვებს. ასევე სასტუმროს ნომერს. აშკარად შთამბეჭდავი შეთავაზება იყო, მაშინ როდესაც სამედიცინო ტურიზმს კარგა ხანია მსოფლიოში ფესვები გაედგა. საქართველოში ეს ჯერ-ჯერობით აუთვისებელი სფერო იყო და მე და ჩემმა სანათესაომ მოხერხებულად დავიკავეთ თავისუფალი ნიშა.
                    უცხოელ პაციენტებს ყოველთვის დიდ პრივილეგიას ვანიჭებდი. არც ქართველებს ვაკლებდი მზრუნველობას, ბურღსა თუ ანესთეზიას, მაგრამ უცხოელების აზრი და შთაბეჭდილება უფრო მეტ გავლენას ახდენდა ჩვენი კომპანიის რეიტინგზე. უამრავი შეფასების სისტემა არსებობდა. საიტები, რომლებზეც ქულებს გვიწერდნენ, თავიანთ შეფასებას სიტყვიერად ტოვებდნენ და ა.შ. სწორედ ამიტომ ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი  იყო უცხოელების პირის ღრუში ხელის ფათური, ვიდრე ქართველისაში.
                    თორნიკემ დიდი ხნით ადრე მომწერა იმ ჟურნალისტის შესახებ, რომელმაც საქართველოში განვითარებულ სამედიცინო ტურიზმზე სტატიის დაწერა განიზრახა. რაღა თქმა უნდა, ჟურნალისტს, რომელსაც ჰენრი ერქვა, დიდად ეწადა ინკოგნიტოდ ჩამოსულიყო, მაგრამ ქართული მოხერხებულობის წყალობით თორნიკემ ყველაფერი გაარკვია და წინდაწინვე გაგვაფრთხილა. პაციენტებთან ურთიერთობა და პატივისცემა არასდროს გვეშლებოდა, მაგრამ ეს მაინც უფრო მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო შემთხვევა იყო. თორნიკემ ასევე თქვა, რომ ეს კაცი დიდი კრიტიკოსი და გავლენიანი ჟურნალისტი ბრძანდებოდა და მან სწორედ ჩვენი კომპანია შეარჩია თავისი სტატიის მუზად, რადგან საქართველოს მასშტაბით ყველაზე მაღალ რეიტინგს ვფლობდით.
                    ჰენრი უკვე საქართველოში იყო. წინა ღამით ჩამოვიდა და სავარაუდოდ ეძინა ჩემი ცოლის სასტუმროს ერთ-ერთ საუკეთესო ნომერში. შეხვედრა სამი საათისთვის გვქონდა დანიშნული და უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ბავშვურად ვნერვიულობდი. ცოტა ხანში კარი ჩემმა ასისტენტმა და ინგლისურის უბადლო მცოდნე ნათიამ შემოაღო.
- გამარჯობა.
მომახალა შემოსვლისთანავე.
- გაგიმარჯოს!
- ჩამოვიდა ის კაცი?
- კი და მოვა სამზე.
- ძალიან კარგი. დახმარება ხომ არ გჭირდებათ?
- არა, არა. ყავა გააკეთე თუ ღმერთი გწამს.
- კარგი აზრია.
ნათიას ყოველთვის ანცი და ირონიული ღიმილი დასთამაშებდა სახეზე, თუმცა ძალიან ერთგული და ეშხიანი გოგო იყო. საკმარისი იყო თავისი დიდი მწვანე თვალები შემოენათებინა, რომ ვეღარაფერზე ვუბრაზდებოდი. ეჰ... ერთი ათი-თხუთმეტი წლით ახალგაზრდა ვყოფილიყავი ვაჩვენებდი მაგას გაბრაზებას. ყავას ყოველთვის გემრიელს ადუღებდა ხოლმე, ჩემი ცოლისგან განსხვავებით.
- ჩახედე აბა,  ვინ არის ჩაწერილი.
ვკითხე ყავის ლოდინისგან გატანჯულმა.
- თერთმეტზეა ერთი ქალი. თორმეტზე ის ბავშვი როა, სულ რო ტირის და ორის ნახევარზე კიდე ერთი კაცი.
- მოიცა ორის ნახევარზეა რომელი კაცია?
- აი, ის მგონი, კბილის ჩოთქი როგორია ისიც, რო არ იცის.
- ეუჰ! მაგასთან ჯაჯგურის თავი სად მაქვს! დაურეკე და ხვალისთვის გადაუტანე. დღეს სერიოზული პაციენტი მყავს.
- ხვალ ხომ არ გაქვთ თავისუფალი დრო?
- მაშინ ზეგისთვის. სულ ერთია...
ნათიამ მირეკ-მორეკა და ყველაფერი მოაგვარა. დიდი ჭიქით ყავაც მომართვა. მერე თავის სკამზე ჩამოჯდა და მობილურში რაღაცის კაკუნი დაიწყო.
                  მუშაობისას დრო მალე გავიდა. ის ორი პაციენტი გავისტუმრე და ცოტა დრო მოვიტოვე ჟურნალისტ ჰენრისთან შეხვედრისთვის მოსამზადებლად. ნახევარი საათით ადრე დამირეკა ცოლმა და მკითხა - „ჰო მზად ხარ?“.  როგორც არასდროს - მეთქი ვუპასუხე. დაგეგმილზე ათი წუთით ადრე მოვიდნენ ჰენრი და ლელა. გადამეტებული პუნქტუალურობით თავმომწონე ჰენრი ძლივს შემოვიპატიჟეთ კაბინეტში.
- Henry.
მითხრა მან და ხელი გამომიწოდა.
- ლონგი-ნოზი.
რატომღაც დამარცვლით და უცხოური აქცენტით ვუთხარი ჩემი სახელი და ხელი ჩამოვართვი.
- Fine. My name is Henry.
დაბნეული სახით და ნაძალადევი ღიმილით მიპასუხა მან.
- ლონგინოზ.
გავუმეორე, ასევე ცოტათი დაბნეულმა. ინგლისურის ცოდნით ვერ დავიკვეხნიდი, მაგრამ გადამთიელ პაციენტებთან ურთიერთობით მათი საუბრიდან რაღაც-რაღაცეები მგონი მესმოდა. აქაც გავიგონე, თუ როგორ გადაუჩურჩულა ალეწილმა ჰენრიმ ჩემს ცოლს:
- Ok. I see that he has a long nose but what’s his name?
ჩემმა ცოლმა სიცილს მიმსგავსებული ხარხარი ატეხა და მხარზე ხელის თათუნით განუმარტა მას, რომ ეს ჩემი სახელი იყო და არა ჩემი კეხიანი ცხვირის წარდგენა. ჰენრი მაქსიმალურად ცდილობდა გაღიმებას, მაგრამ მის გამოხედვაში ერთმანეთში არეული გაკვირვება და ზიზღი იკითხებოდა. ნამდვილად არ იყო საუკეთესო პაციენტი ვისთანაც ურთიერთობა მქონია. მოსაწყენი და უჟმური ტიპის შთაბეჭდილებას ტოვებდა. ჩვენი ურთიერთობა მაინცდამაინც იდეალურად ვერ დაიწყო, მაგრამ რას ვიზამთ. პირველი შეხვედრა ტრადიციულად კონსულტაციის სახეს ატარებდა. პირის ღრუს დათვალიერება, ორმხრივი შეკითხვების დასმა, შემდეგ ნათიას მიერ მათი თარგმნა და საპირისპირო მხარისთვის დასმა და დიდი რაოდენობით ღიმილი ჩემი მხრიდან. კონსულტაციას მე ამას ვეძახდი. ჰენრის კბილები არცთუ ისე ცუდად გამოიყურებოდნენ. მას ორი ცირკონოკერამიკის წინა კბილის ჩასმა უნდოდა და ერთიც უკანა კბილის დაპლომბვა. ჩემი აზრით ახალი კბილების ჩასმა აუცილებლობას საერთოდ არ წარმოადგენდა, მაგრამ აქ ყველაფერს უჟმური ჟურნალისტი წყვეტდა. პირადი ჰიგიენა შევუქე და კბილები მოვუწონე. მანაც მადლობა გადამიხადა და სულ რაღაც ნახევარ საათში დამტოვა. გადავწყვიტეთ ხვალიდან დაგვეწყო კბილების ამოღება-ჩასმა. ჰენრი დაგვემშვიდობა და სასტუმროსკენ წავიდა. უნდა ესადილა და მერე ჩემს შვილს, ამჯერად ღვიძლ შვილს, უნდა წაეყვანა თბილისის დასათვალიერებლად. ისიც ჩართული იყო ჩვენს ბიზნესში. მე და დედამისმა ისეთ უნივერსიტეტში მოვაწყვეთ სადაც სიარულის გარეშე მისცემდნენ არარსებული ცოდნის დასტურს - დიპლომს. ის ჩვენი სტუმრების გართობაზე ზრუნავდა. დაჰყავდა თბილისში, მცხეთაში, დავით გარეჯში და ა.შ. გზად დაზეპირებულ ისტორიულ ფაქტებს უყვებოდა და ამაში საკმაოდ კარგადაც უხდიდნენ. უხდიდნენ რა... ვუხდიდი.
              ჰენრი რომ გავისტუმრე, შვება და წუხილი ერთად ვიგრძენი. საკმაოდ ცივი და პირქუში ტიპი გამოდგა და ეს, ჩემი აზრით ჩვენს სამომავლო ურთიერთობებზე არც თუ ისე კარგად იმოქმედებდა. წავიდა თუ არა ნათიამ მორიგი ფინჯანი ყავა შემომაჩეჩა, დღეს უკვე რიგით მესამე. მერე რაღაც სულელურ თემაზე ჩამომიგდო საუბარი და ჩემი მოკლე პასუხების გამო მალევე გაჩუმდა. წავიდა, თავის ადგილზე ჩამოჯდა და კვლავ ტელეფონში კაკუნს მოჰყვა. ესეც კაი უცნაური ვინმე იყო. თითქოს არაფერი აინტერესებდა. გოგოების იმ კატეგორიას მიეკუთვნებოდა, რომელთათვისაც ცხოვრების ნომერ პირველ მიზანს გათხოვება წარმოადგენდა და სხვა ყველაფერს კისერზე „უღელის დადგმამდე“ დროის გასაყვანად აკეთებდნენ. თუმცა სად მეცალა ნათიასთვის. მალე ჩემმა ცოლმა დამირეკა. მის მტკიცე ხმაში სასოწარკვეთილების ბზარი გაჩენილიყო.
- ძალიან უცნაური ტიპია ეს კაცი. ვერ გავიგე რა მოსწონს, რა უხარია და რა არა...
ისე მითხრა, თითქოს მე მსაყვედურებდა ამ ყველაფრისთვისო.
- ჰო ვიცი. არც მე გავგიჟდი მაინცდამაინც.
ვუპასუხე ასევე დაღვრემილი ხმით.
- გეხვეწები საღამოს მოდი და გამოელაპარაკე. მგონი ეგ მაინც უნდა ესიამოვნოს.
- მოვალ, აბა რას ვიზამ. წავედი ეხლა პაციენტი მელოდება.
ტელეფონი ხალათის ჯიბეში ჩავიცურე და კვლავ ემალზე კაკუნზე გადავერთე. ხელები თავისით მუშაობდნენ. ჩემ აზრებში კი იმ ჭირიან ჰენრის გაემყარებინა პოზიციები. მაღიზიანებდა მისი ჩაცვენილი და ეჭვით გაჟღენთილი თვალები. ნერვებს მიშლიდა მისი ულამაზო, ძალიან პატარა ცხვირი. არც მისი თხელი და ქერა თმის გახსენება მანიჭებდა სიამოვნებას და მითუმეტეს არც მისი წაწვეტებული და შუაში ოდნავ ჩაჭყლეტილი ნიკაპი. უცნაურ ტკივილს მგვრიდა მასზე ფიქრი. ხოლო პერიოდულად მოულოდნელ ტკივილს გვრიდა ჩემს პაციენტს ეს ყველაფერი.  საშინელ ხასიათზე ვიყავი.
                  სამუშაო დღე დავასრულე და პირდაპირ ჰენრისკენ გავეშურე. წინასწარ ვიცოდი  რა უნდა გვექნა. ვახშამზე დავპატიჟებდი, საუკეთესო ღვინოს შევთავაზებდი და ჩემი ცოლის ინგლისურის დახმარებით ათას რამეს მოვუყვებოდი. მოკლედ შევეცდებოდი ჩვენსკენ მომებრუნებინა რა. მანქანა ლელას ჰყავდა წაყვანილი და მეც ტაქსით ვამჯობინე წასვლა. ჩემმა ცოლმა მითხრა ჰენრი ქალაქის დასათვალიერებლადაა წასული და ჯერ არ მოვაო და ამიტომ ცოტას ფეხით გავლა გადავწყიტე. გარეთ გამოვედი და ქუჩას ქვემოთ ჩავუყევი. ძალიან მშიოდა, მაგრამ ვინაიდან ჰენრისთან ერთად ვახშმობა მქონდა გადაწყვეტილი მოთმენა ვამჯობინე. ფეხითაც სწორედ იმიტომ მივდიოდი, რომ დრო გამეყვანა. დაახლოებით ასი მეტრი რომ გავიარე ნონა შევნიშნე. მისი დანახვისთანავე სიტყვები - შური, გაუთხოვარი, წყევლა და კონკურენტი ამომიტივტივდა თავში. მანაც შემნიშნა და ჩემ გულთბილ სალამს ირონიული ღიმილითა და თავის დაკვრით გამოეხმაურა. ნონა ჩემი ერთ-ერთი წარუმატებელი კონკურენტი იყო. იგი გაშმაგებით ებრძოდა დროებას და აგერ უკვე რამდენიმე წელია ოცდათხუთმეტი წლის ბრძანდებოდა. გათხოვების იმედიც მისთვის ისეთ იმედს წარმოადგენდა, რომელიც ბოლოს, ან საერთოდ არ კვდება.  ისიც დაახლოებით იმ საქმეში იყო ჩაბმული რაშიც მე და ჩემი ოჯახი, თუმცა აღსანიშნავი და საამაყოა, რომ ჩვენამდე ახლოსაც კი ვერ მოდიოდა. მის და მის მეგობარს, ასევე გაუთხოვარ თამილას, ფულის შოვნა გადაეწყვიტათ. ორივე სტომატოლოგი იყო და ორივეს ამერიკიდან კლიენტების მოზიდვა ეწადა. ამ საქმეში კი ბედი ნამდვილად არ სწყალობდათ. ყოველთვის ამრეზით და ბოღმით მიყურებდნენ და დარწმუნებული ვარ შანსი, რომ მისცემოდათ უმოწყალოდ მცემდნენ. მე მათზე ფიქრით თავს არ ვიწუხებდი. უბრალოდ, ის ვიცოდი, რომ თითო-ოროლა კაცი თუ ყიდულობდა მათ პაკეტს. ჩამოსულ პაციენტებს მეგობრის სასტუმროში ათავსებდნენ, იქიდანაც ოცპროცენტიან მოგებას ნახულობდნენ და მკურნალობასაც საკმაოდ ძვირს აფასებდნენ.
                როცა მივხვდი, რომ საკმარისად ვარგე ჯანმრთელობას ტაქსი გავაჩერე და სასტუმროსკენ ავიღე გეზი, თუმცა მისვლისთანავე ვინანე, რომ უფრო მეტი არ ვისეირნე. დროის გასაყვანად სასტუმროს ჰოლში გამოჭიმულ სურათებს დავუწყე თვალიერება. თითქოს პირველად ვხედავდი ისე ვაკვირდებოდი.
- ძაან მაგარი საჭმელები გავაკეთებინე. იმედია მოეწონება იმ ზანუდას.
საიდანღაც ჩემი ცოლი გამომეცხადა.
- რეებია, მითხარი აბა.
- შენც მეტი რა გინდა არა? მოდი გამოვიცნობ. შემდეგი კითხვა ღვინოზე იქნება.
- არ დამტოვო შენიშვნის გარეშე!
- აბა კაცი სულ ჭამა-სმაზე ფიქრობდეს გაგიგია?
- შენ მაგას მე მეუბნები? ასი კილო ხარ!
- უნამუსო! სამოცდათხუთმეტი ვარ!
- აბა შენ იცი... დროზე მოვიდეს ის კაცი, თორე გავგიჟდი.
- უიმე!..
ლელას საყვედურებიღა მაკლდა. უცბად ნაცნობი ხმა შემომესმა. შემოვბრუნდი და ჰენრი და ჩემი შვილი, სანდრო დავინახე. ჰენრი მას რაღაცეებს ეკითხებოდა და ისიც მთელი მონდომებით ცდილობდა პასუხის გაცემას. ბოლოს ჰენრიმ მიანება თავი და კიბეს აუყვა ისე, რომ ჩვენსკენ არც კი გამოუხედავს.
- რაო რას გეკითხებოდა?
ეგრევე ეცა ჩემი ცოლი სანდროს.
- უჰ, რა ვიცი... გიჟია რა.
- და რაო?
- არაფერი ვახ!
თქვა სანდრომ და დივანზე მიესვენა. ჩემდა გასაკვირად ლელას მეტი კითხვა აღარ დაუსვამს. სულ მალე ვახშმის გაწყობას შეუდგნენ და დაახლოებით თხუთმეტ წუთში ყველაფერი მზად იყო. ისეთი სუფრა გაიშალა ვახშამზე მეტად ნადიმი ეთქმოდა. რაღა თქმა უნდა ეს ყველაფერი ჰენრის მიერ ნაყიდ პაკეტში არ შედიოდა. ჩვენი ხარჯებით გავაწყვეთ ასეთი სუფრა. იმის იმედით, რომ ჟურნალი თავისი ხარჯებით კარგ სტატიას დაბეჭდავდა ჩვენზე. ჰენრი მოვიდა და პირველად იკითხა თუ სად უნდა დამჯდარიყო. ჩემმა ცოლმა ჩვენს მაგიდაზე მიუთითა, სადაც მე და ჩემი ვაჟი ვისხედით. ჰენრიმ საჭმლით დახუნძლულ სუფრას თვალი მოავლო და შემდეგ, როგორც ლელამ მითხრა მათ შორის დაახლოებით მსგავსი შინაარსის საუბარი გაიმართა:
- ეს ყველაფერი ჩემთვისაა?
- დიახ.
ღიმილით უპასუხა ლელამ.
- დიდი მადლობა, მაგრამ მე ხომ წინასწარვე გაგაფრთხილეთ, რომ ვეგეტარიანელი ვარ?
სიტყვა - “Vegetarian” ისეთი რიხითა და სიამაყით წარმოსთქვა, რომ მზარეულმაც კი გაიგონა. ჩვენ კი მზარეულის თავში ხელის წაშენის ხმა შემოგვესმა. ლელამ რამდენჯერმე გადახედა ჯერ სუფრას და მერე ჰენრის, ჯერ სუფრას მერე ჰენრის. ბოლოს ბოდიშის მაგვარი რამ წაილუღლუღა და თითქმის ძალით დასვა ჩემ გვერდით. თვითონ კი სამზარეულოსკენ გავარდა. სანდრომ ჰენრი დაამშვიდა და უთხრა - „ყველაფერი მალე მოგვარდებაო“. ჰენრი ერთხანს ჩუმად იჯდა და სუფრას დასცქეროდა. მერე ქამარზე მიმაგრებული ბუდიდან ფოტოაპარატი ამოაძვრინა და ყაურმას ორი სურათი გადაუღო. გადაღებულ სურათებს ზიზღით დახედა და ფოტოაპარატი მაგიდაზე დადო.
- უაინ?
ვკითხე ჰენრის და ღვინის ბოთლზე ცბიერი ღიმილით მივანიშნე.
- ალკოჰოლს იშვიათად ვსვამ, მაგრამ ამჯერად გავსინჯავ თქვენს სანაქებო ღვინოს (სანდრო ჩანჩიბაძის თარგმანი)
აღარაფერი მითქვამს ისე დავუსხი. მან ჯერ დასუნა, შემდეგ ჭიქა ოდნავ შეანჯღრია და მოსვა.
- ოჰ... მშვენიერი ღვინოა. (სანდრო ჩანჩიბაძის თარგმანი)
- ე ბიჭო ძლივს რაღაცა მოიწონა!
შევძახე აღტაცებულმა. სანდროსაც აშკარად გულზე მოეშვა და მან და ჰენრიმ რაღაცაზე საუბარი დაიწყეს. მე არ ვერეოდი. ერთი სული მქონდა ამის ბალახეული მოეტანათ და ჭამა დაგვეწყო.
                ან დრო გავიდა ძალიან ჩქარა ან საჭმელი უკვე გამზადებული ჰქონდათ. მოკლედ მოუტანეს ჰენრის თავისი ვეგეტარიანული კერძები და საქმეს შევუდექით. აშკარად ძალიან მოშიებული იყო, მაგრამ ამის მიუხედავად ძალიან დინჯად და არისტოკრატულად ჭამდა. მისთვის ნამდვილად აღარ მეცალა, რადგან ჩემს თეფშზე ოსტატურად განმელაგებინა ხაჭაპური, ყაურმა და მჟავე. შიმშილის გრძნობა, რომ მოვიკალი, თვით ჰენრიც კი აღარ მეჩვენა ძველებურად უჟმური და ამპარტავანი. ჰენრი იმდენ შეკითხვას სვამდა, რომ თავი ბედნიერად ჩავთვალე ინგლისურის არ ცოდნისთვის.
                ბოლოს ჟურნალისტმა გულწრფელი მადლობა გვიძღვნა, კიდევ ერთხელ შეგვიქო ღვინო და თავისი ნომრისკენ გაეშურა. მიზეზად კი დაღლილობა დაგვისახელა.
- ვაიმე, რა სირცხვილია!
მისი წასვლისთანავე დაიწყო ჩემმა ცოლმა.
- რა არის სირცხვილი? ვერ ნახე რა კმაყოფილი სახე ჰქონდა?
- შენ ცუდზე არასდროს იფიქრო!
- შენ კიდე სულ ცუდზე იფიქრე... წავალ მე სახლში. მეძინება.
- მოიცა კაცო, სად წახვალ? ქვემოთ რო ჩამოვიდეს?
- ჩამოვიდეს მერე... რა ვქნა მე? კბილის ექიმი ვარ თუ მერი პოპინსი?
იმდენად მყარი არგუმენტი გამოვაცხვე, რომ ლელა ვეღარ შემეწინააღმდეგა. მანქანას ვერ წავიყვანი, რადგან ოდნავ ნასვამი ვიყავი და ტაქსს გამოვუძახე. მალე სახლამდეც მივაღწიე და ყველანაირი გადახვევებისა და „ვნახოთ რა ხდება ქვეყანაში“-ს გარეშე წავედი დასაძინებლად.
*  *  *
                  მეორე დღეს სამსახურში ჩვეულ დროს მივედი. ნათია კი უჩვეულოდ ადრე მოვიდა. ტრადიციულად გამიკეთა ყავა და ტრადიციულად შემახსენა თუ ვინ იყო ჩაწერილი ჩემთან.
- ვიღაც ამერიკელია. მეთიუ. გუშინ ჩამოვიდა?
მკითხა მან. ეს სულ ამომვარდნოდა თავიდან იმ ჰენრის გადამკიდე. სასწრაფოდ მობილური მოვიმარჯვე და ცოლს დავურეკე.
- ის მათიუ ჩამოვიდა? გუშინ რო უნდა ჩამოსულიყო?
- კი ჩამოვიდა და აქაა. საუზმობს და მალე მოვა შენთან.
- ძაან კაი... ისე როგორი ტიპია?
- მშვენიერი! მხიარული და კარგი იუმორის გრძნობით.
- კარგია... კარგი... წავედი საქმე მაქვს.
ლელა კიდე რაღაცის თქმას აპირებდა, მაგრამ შემთხვევით გავუთიშე ტელეფონი, თუმცა მაინცდამაინც არ მინერვიულია ამაზე. სამუშაო იარაღების წმენდას მოვრჩი და ყავა ორ ყლუპად გადავუშვი. ამასობაში ერთი ქართველი პაციენტი მომადგა. მივიღე, შეხვედრა ორი დღის შემდეგ დავუთქვი და გავუშვი. მალე ის მეთიუც მოვიდა. კარზე დააკაკუნა და ეგრევე შემოაღო. ჩემი ცოლიც შემოვიდა ოთახში. მეთიუ ჩქარი ნაბიჯით გამოქანდა ჩემსკენ და ხელი გამომიწოდა.
- Matthew.
მითხრა და თბილად გამიღიმა.
- ლონგინოზი.
ვუთხარი მე და ასევე ღიმილით ჩამოვართვი ხელი. ჰენრისგან განსხვავებით ამას არ გამოუბია კუდები ჩემი სახელისთვის. მეთიუ ნათიასთანაც მივიდა და მასაც გაეცნო. მერე კი სწრაფი ნაბიჯით გაქანდა და სავარძელზე მოთავსდა. ჩვენ გამოგვხედა და ისევ გაგვიღიმა. უწყინარი,  ბავშვური ტიპი იყო და თავიდანვე მომეწონა. ჩემმა ცოლმა დაგვტოვა და მე მისი პირის ღრუს დათვალიერებას შევუდექი. ჰენრისგან განსხვავებით მას თითქმის ყველა წინა კბილის ახალი, ცირკონოკერამიკის კბილებით შეცვლა სურდა. მეთიუ ძალიან მოუსვენარი გამოდგა და მაშინაც ლაპარაკობდა, როცა პირი ღია ჰქონდა. ყველაფერს, რომ მოვრჩით წამოდგა და მთხოვა მისთვის ტაქსი გამომეძახებინა. ჩემი საქმე ნათიამ გააკეთა და ბედნიერი მეთიუ უკან სასტუმროში გავგზავნეთ.
- მაგარი ტიპია.
ღიმილით აღნიშნა ნათიამ.
- ჰო არ შეგიყვარდა? გაყევი ცოლად.
- უჰ, არა! მე ქართველი ბიჭი მინდა.
- რითია ვინმეზე ნაკლები?
- შეიძლება არაფრით, მაგრამ მე ქართველი მინდა.
- ჰოდა ელოდე.
- ველოდები.
თქვა მან და თავისი მეოცნებე თვალები ჭერს მიაპყრო. კიდევ ერთი ჭიქა ყავა დავლიე. მაღაზიაში ნაყიდი ხაჭაპურიც გემრიელად ვჭამე ნათიასთან ერთად და კვლავ მივიღე პაციენტები. ბოლოს ჰენრის დროც დადგა. ჰენრიმ კარზე დააკაკუნა და მეთიუსგან განსხვავებით დაგველოდა სანამ არ გავუღებდით. შემოაბიჯა, მოკლე მოსალმებით შემოიფარგლა და თავის ადგილს მიაშურა. მეც უთქმელად მივუჯექი ჩემს ბზრიალა სკამს და მუშაობას შევუდექი. იმ დღიდან დავიწყე ჰენრისთვის კბილების ჩასმას. ვცდილობდი ჩემი საქმე იდეალურად გამეკეთებინა და დიდი სიფრთხილითა და რუდუნებით ვეპყრობოდი მის ზედა და ქვედა ყბას. ჰენრი გაუნძრევლად იჯდა და ჩემ მითითებებს უპასუხოდ ემორჩილებოდა. ვცდილობდი მოკლე დროში, მაგრამ იდეალურად მეკეთებინა ჩემი საქმე, რათა ჰენრის ჩემ პროფესიონალიზმში ეჭვი არ შეპარვოდა. მე მგონი კარგადაც გამომდიოდა. რა მანერვიულებდა არც კი ვიცი...
                  იმ დღესაც ისევე განვითარდა მოვლენები, როგორც წინა დღეს. მე კვლავ მივედი სასტუმროში და კვლავ ჰენრისთან ერთად გადავწყვიტეთ ვახშმობა. სანდროს ჰენრი მცხეთაში წაეყვანა და ამ უკანასკნელს მოსწონებია კიდეც იქაურობა. მანამდე კი მეთიუ გაესეირნებინა ქალაქში და ეს უკანასკნელი კი აღტაცებული დარჩენილა ქალაქით. მეთიუ გვიანობამდე დაწანწალებდა თბილისში და სწორედ მაშინ მოვიდა, როდესაც ჰენრი თავისი ბალახების ჭამას იწყებდა და მე მწვადის დიდ ნაჭერს ვეტანებოდი. – „ჰეეეი“ შორიდანვე დაგვიძახა მან და თითქმის დაუკითხავად მოუჯდა  ჩვენს მაგიდას. – „ჰელოუ“ უთხრა მანდ ჰენრის. ისიც მიესალმა. ლელამ მეთიუს სოკოზე მიუთითა და გადაიღეო უთხრა.
- ჯერ რამე ხორციანს შევჭამ და მერე გავსინჯავ აუცილებლად. (სანდრო ჩანჩიბაძის თარგმანი)
- ააა კაცი...
აღმომხდა ჩემდაუნებურად. ლელამ თვალებით მანიშნა გაჩუმდიო. უცებ რომელიმეს არ გაეგო რა... მეთიუმ საკმაო მხიარულება შემოიტანა იმისთვის, რომ ჰენრის ოდნავ მაინც გაღიმებოდა. გულში ვლოცავდი ამ მხიარულ ამერიკელს და ვაგინებდი იმ მეორეს. დიდ ხანს დავრჩით და ათას რამეზე ვისაუბრეთ.  ნამდვილად სასიამოვნო საღამო გამოდგა და ყველანი, ჰენრის ჩათვლით, კმაყოფილები დავრჩით. ის და მეთიუ შეთანხმდნენ მეორე დღეს დავით გარეჯში ერთად წასულიყვნენ. ეს ყველაზე მეტად სანდროს ესიამოვნა, რადგანაც აშკარად არ სიამოვნებდა ჰენრისთან ერთად მარტო სიარული.
                    მეორე დღეს ორივე, ჰენრიც და მეთიუც, დილით ადრე მივიღე, რათა მათ დავით გარეჯში წასვლა მოესწროთ. გასაკვირი არაა, რომ მეთიუსთან და მის კბილებთან ურთიერთობამ უფრო სასიამოვნოდ ჩაიარა. მერე ისინი აზერბაიჯანის საზღვრისკენ წავიდნენ. რამდენჯერმე გადავურეკე სანდროს.
- მეთიუ გაგიჟებულია. მაგრად მოწონს აქაურობა. ძაან ბევრი სურათი გადაიღო და რავი... ის უჟმური კიდე დადის მუმიასავით. უდაბნოები არ მიყვარსო თქვა.
- რამე ქენი ბიჭო არ დაგვღუპო. გაამხიარულე.
- მე რითი გავამხიარულო? სულ მეთიუს ელაპარაკება. მე ზედაც არ მიყურებს. აშკარად არ მოვწონვართ.
- ჰო კაი კაი... მალე ჩამოხვალთ?
- დავიძვრებით რა ერთ ნახევარ საათში.
- აბა შენ იცი.
რამე უნდა მომეფიქრებინა ჰენრიზე შთაბეჭდილების მოსახდენად. ისეთი რამ უნდა შეგვეთავაზებინა ის ჩაცვენილი თვალები გაკვირვებისგან, რომ ამოცვენოდა. ასეთ საქმეში ლელა ყოჩაღობდა ხოლმე და გადავწყვიტე საღამოს მასთან ერთად მომეთათბირებინა.
                დღის ბოლოს კვლავ სასტუმროში მივედი. იქ კი ჩემი ცოლი გაფითრებული დამხვდა.
- რა მოხდა?
- ის გიჟი ჟურნალისტი, რომ მოვიდა ვკითხე რამე ხო არ გესამოვნება-თქო.
- მერე? რაო?
- იცი რა მითხრა? თქვენი ზედმეტი ყურადღება დისკომფორტს მიქმნისო. აშკარად ცუდ ხასიათზე იყო.
- ეუჰ... აბა რა ჯანდაბა ვქნათ?
- აზრზე არ ვარ...
ამ დროს სანდრომ შემოაბიჯა. საშინლად დაღლილი სახე ჰქონდა.
- მოდი ბიჭო აქ.
- რა იყო?
- რა მოუვიდა იმ კაცს?
- რა ვიცი მე... უკანა გზაზე ხმა არ ამოუღია. იჯდა თავისთვის და ფანჯარაში იყურებოდა.
- მდა...
წელზე ხელებგადაჯვარედინებულმა დავიწყე ბორიალი.
- დღეს ვფიქრობდი რა... რამე ისეთი უნდა ვანახოთ რო მაგრად მოეწონოს. გაგიჟდეს და გადაირიოს.
- მაინც რა?
- არ  ვიცი... მაგარი შთაბეჭდილება უნდა მოვახდინოთ მოკლედ.
ეს ვთქვი და ყველანი გავჩუმდით. აშკარად ჩემ ცოლ-შვილიც იმაზე ფიქრობდა რაზეც მე.
ჰენრის საყვედურის გამო გადავწყვიტეთ იმ საღამოს მასთან ერთად არ გვევახშმა. ამიტომ ცალკე გავაშლევინეთ ჩვენთვის მოკრძალებული სუფრა და მთელი ოჯახი მივუსხედით. მალე საიდანღაც მხიარული მეთიუ გამოგვეცხადა. ცოტათი დაიბნა ჰენრი ცალკე და ჩვენ ცალკე რომ დაგვინახა, მაგრამ მალევე მიიღო გადაწყვეტილება და ჩვენკენ გამოეშურა. ლელა მაინც არ ასვენებდა ჰენრის. ეკითხებოდა რამეს ხო არ დაამატებდა, რამე პრეტენზია ხო არ ჰქონდა და ა.შ. უსამართლოდ მეჩვენებოდა ჰენრის მიმართ, თავისი სტატუსის გამო ამხელა ყურადღების გამოჩენა და ბედნიერი და მხიარული მეთიუს მიმართ გულგრილობა. მთლად გულგრილებიც არ ვიყავით, მაგრამ იმის მეათედ დროსაც არ ვუთმობდით მას, რასაც ჰენრის.
                  სანდროს მობეზრდა ჩვენთან ერთად ჯდომა და სადღაც წავიდა. ლელაც მიეფარა თვალს და საბედნიეროდ ყურსაც. მეთიუ თავის ლეპტოპში ჩამძვრალიყო. უჟმური, ეული და გრძნეული ჰენრი კი დინჯად დააბიჯებდა. დროგამოშვებით ფოტოაპარატს აჩხაკუნებდა და სასტუმროს თვალიერებით ერთობოდა. ბოლოს ერთ-ერთ სურათთან შეჩერდა. ეს ფიროსმანის იმ ნახატის ასლი იყო, რომელიც სულ ქეიფის ხასიათზე მაყენებდა. მგონი ნახატს „ოჯახური არიფანა“ ერქვა.  ზედმეტად დიდ ხანს იდგა ამ სურათთან და თითოეულ  დეტალს აკვირდებოდა. იდგა ასე და თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა. მერე მასაც გადაუღო სურათი და მშვიდი ნაბიჯით თავისი ნომრისკენ გაემართა. ფიროსმანის ნახატით ასე აღტაცებული ჰენრის ნახვამ ერთი გენიალური იდეა შთამაგონა. წარმოვიდგინე დიდი სუფრა, მომღერლები, დამკვრელები, მოცეკვავეები, თამადა, თამადის მოადგილე, მოკლედ ჩვენებური მოლხენა. ნათლად წარმომიდგა თვალწინ მთელი ეს ორომტრიალი. ვხედავდი აღტაცებულ და მოხიბლულ ჰენრის, რომელსაც კალამი მოემარჯვებინა და პატარა რვეულში რაღაცეებს ინიშნავდა. ვხედავდი ვინმე გამოცდილ თამადას, რომელიც ჰენრის სადღეგრძელოს სვამდა და ისიც, ყურებამდე გაღიმებული, მადლობის ნიშნად რაღაცეებს ბურტყუნებდა. ვხედავდი ყანწს, რომლიდანაც რიგ-რიგობით ვსვამდით. მერე ისევ ჰენრის, რომელიც ჩვენთან ერთად სურათებს იღებდა და ყველას მადლობის ნიშნად გვეხუტებოდა.
                    ლელას დავურეკე და ქვემოთ ჩამოვიყვანე. ეს იდეა მასაც გავუმხილე. თავიდან ცოტა იჭვნეულად შემომყურებდა, მაგრამ მერე თვითონაც მოეწონა. ცოტა ძვირი დაგვიჯდება, მაგრამ ალბათ ღირსო. კარგი რესტორანი შევარჩიოთ და იქ მოვაწყოთ ყველაფერიო. ჩავთვალეთ, რომ რთული სიტუაციიდან გამოსავალი ვოპოვნეთ. ჩემი იდეით და ლელას მიერ მისი მოწონებით დიდად ნასიამოვნები წავედი სახლში დასაძინებლად.
*  *  *
                    ჰენრის უხასიათობას იმხელა ყურადღებას აღარ ვაქცევდი, რადგან მჯეროდა, რომ ბოლოს ყველაფერი ჩვენ სასარგებლოდ შემობრუნდებოდა. მასზე ნამდვილად კარგ შთაბეჭდილებას მოვახდენდით. დრო გადიოდა, მე ჰენრის კბილების კეთებას ნელ-ნელა ვასრულებდი. მეთიუს პირის ღრუზე მუშაობა უფრო შრომატევადი გამოდგა, თუმცა საკმაოდ იოლად ვართმევდი თავს. ეს შეიძლება მეთიუს ხასიათისგანაც იყო გამოწვეული. მასთან თუ მასზე მუშაობა ბევრად უფრო მიადვილდებოდა. ჩემი შვილი კი დააქროლებდა მათ აქეთ-იქით. ნახეს ყაზბეგი, სიღნაღი, თელავი. მეთიუს სვანეთშიც უნდოდა წასვლა, თუმცა ეს ჯერ-ჯერობით ვერ ხერხდებოდა. მეთიუ ყოველთვის ბედნიერი და გახარებული იყო. გვაჩვენებდა სურათებს, გვიზიარებდა შთაბეჭდილებებს, ჭამდა უპრეტენზიოდ. ჰენრისთან ყველაფერი სულ სხვანაირად იყო. დღის განმავლობაში რამდენიმე მოსაწყენ შეკითხვას თუ დასვამდა ხოლმე. ეს იყო და ეს...
                    რესტორანი დიდი ხნის წინ დავჯავშნეთ მე და ლელამ. გვინდოდა ყველაფერი იდეალურად ყოფილიყო. დიდ ყურადღებას ვუთმობდით „სარეიტინგო“ საღამოსთვის მზადებას. ყველაზე დიდი დრო კი მენიუს შედგენაზე დავხარჯეთ. გასაგებია, რატომაც...
                    ნელ-ნელა ახლოვდებოდა ჩვენი და ჰენრის დაახლოების უკანასკნელ იმედად მოწყობილი საღამო. თამადად ჩემს ბიძაშვილს, გამოცდილ, ოდნავ ჭაღარა და საშინლად მუტრუკ გოგას ვნიშნავდი. მას ნამდვილად შეეძლო ჰენრის აყოლიება. ცხოვრებაში ქეიფის და დროსტარების გარდა ალბათ არც არაფერი ესმოდა. ნუ, ყველას ჰყავს ერთი ასეთი ნათესავი. ისიც, რაღა თქმა უნდა სიამოვნებით დამთანხმდა შეთავაზებულ ვაკანსიაზე.
                    წვეულება სწორედ იმ დღეს იმართებოდა, როდესაც მე ჰენრის კბილის ემალზე ბოლო აკორდებს ვიღებდი. ნახევარი საათიღა რჩებოდა ჩვენი ექიმ-პაციენტის როლის დასრულებამდე. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ხანგრძლივი ომიდან, კბილებამდე შეიარაღებული (ოღონდ ჰენრის კბილებამდე), სახლში ვბრუნდებოდი და იქ ჩემი ოჯახი, მეგობრები, კარგი საჭმელი და დამსახურებული დასვენება მელოდა. საბოლოოდ, რომ დავამთავრე მოძმე ერის შვილის გალამაზებაზე ზრუნვა ხელთათმანები შვების გამომხატველი ამოსუნთქვით მოვიხსენი და ჰენრის სახეზე მინათებული შუქიც გამოვრთე. მერე თავს ძალა დავატანე და თითქმის ზურგის კუნთების დაჭიმვით გავუღიმე.
- ისეთი კბილები ჩავუსვი მაგიდასაც აწევს!
ჩემივე ნახელავით მოხიბლულმა მივაძახე მეოცნებე თვალებით მომზირალ ნათიას. მანაც საჩქაროდ უთარგმნა ჰენრის ნათქვამი. ჟურნალისტმა კი სახის კუნთებიც კი არ დაჭიმა ჩემთვის მადლობის გადასახდელად. უბრალოდ ხელი ჩამომართვა, დამემშვიდობა და ოთახიდან გავიდა. მე კი სავარძელზე გადავიწიე და ხელები კეფაზე შემოვიწყვე.
- ნათია, უჯრაში ჩაიხედე აბა სიგარეტი ხო არ აგდია.
- არა, მაგრამ მე მაქვს თუ გინდათ.
- მომეცი რა ერთი.
ნათიამ ჩანთიდან სიგარეტი ამოაძვრინა და გამომიწოდა.
- ასანთიც მომე რა.
- აქ უნდა მოწიოთ?
- კი!
ნათიამ მხრები აიჩეჩა და თვითონვე მომიკიდა. მე კი, ომიდან დაბრუნებული, დაღლილი, თუმცა მაინც ბედნიერი, სიგარეტს ვეწეოდი და ოცნებებსა თუ ფიქრებში გადავკარგულიყავი.
მაგიდა
                  სამსახურიდან პირდაპირ რესტორნისკენ წავედი. მანქანა ისევ ლელას ჰყავდა წაყვანილი და ამიტომაც ტაქსის გამოძახება მომიხდა. ანჩხლი ნონას კლინიკას, რომ ჩავუარე სახე ორივე ხელით დავიფარე. არ მინდოდა, რომ ამ საბედისწერო საღამოს ნონას - სიკვდილით, ამოწყდომით და ხვალინდელი დღის არ გათენებით გაჯერებული წყევლა მომწეოდა. მაინც მოვკარი განუყრელ მეგობრებს თვალი. ნონა, როგორც ყოველთვის კუშტად იმზირებოდა და თავის წვრილ სიგარეტს დინჯად ეწეოდა.
                  რესტორანში მივედი და მენეჯერს გამოველაპარაკე. ცოტა ადრე კი მომივიდა მისვლა, მაგრამ ასე მერჩივნა. ლელაც მალე მოვიდა და თან სანდრო და განთქმული თამადა გოგა მოიყვანა.
- რავა ხარ ლონგინოზ? კი დამსგავსებიხარ ცხენის კუდს!
მომახალა დანახვისთანავე გოგამ. ვერაფრით წარმოვიდგინე, როგორ შეიძლებოდა ადამიანი ცხენის კუდს დამსგავსებოდა, თუმცა ამას დიდად არც შევუწუხებივარ. უყვარდა ასეთი უხარისხო ხუმრობები.
- ახლა უკვე მშვენივრად. თავად?
- ვერ მიყურებ როგორ ვარ? ჩამოვხმი კაცი.
თქვა და უშველებელ ღიპზე დაიტყაპუნა ხელი.
- ჰო, გეტყობა. დღეს შენი იმედი მაქვს, ხო იცი?
- როდის მიღალატია შენთვის? ისეთ ამბავს დავატრიალებ, მაგ შენ ვიღაცას საერთოდ დაავიწყდება წერა.
- ეგეთები არ გინდა... ზომიერების ფარგლებში.
- ნუ მასწავლი შენ მე საქმეს! ტოჟე მნე დოკტარ!
სასწრაფოდ გავეცალე გოგას. უზომოდ ბევრს ლაპარაკობდა და თან ზედმეტად ხმამაღლა. ეს კი უფრო მეტად მატკიებდა შიმშილისგან წამოტკიებულ თავს.
                      დაახლოებით ორი საათი გავიდა. სანდრო ჰენრის მოსაყვანად წავიდა. იქამდე კი ნელ-ნელა შემოიკრიბა ხალხი.  ორმოცდაათ კაცამდე შევგროვდით. მოვიწვიეთ ნათესავები, ლელას ნათესავები, ცნობილები, არაცნობილები და ა.შ. ასევე ყველა ვინც კი ჩვენ კლიენტად ითვლებოდა იმ დროს. ასეთი კი სულ სამი იყო. ერთი გოგონა, სახელად ჯულია, ერთიც - მეთიუ და რაღა თქმა უნდა საღამოს სულის ჩამდგმელი და შეკრების მიზეზი - საფრთხობელა ჰენრი. თამადის გვერდით უნდა ვმჯდარიყავით მე, ჰენრი, ლელა და სანდრო. მინდოდა მისთვის ნამდვილი ქართული სუფრა მეჩვენებინა. იმაზე ბევრად უკეთესი, ვიდრე ფიროსმანის ნახატზე იყო. ასევე ძალიან მინდოდა, რომ ჰენრის ეს ყველაფერი მოწონებოდა. ახლა ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ხელმეორედ მიკრეს თავი გაგანია ომში. მოიყვანა სანდრომ ჰენრი, ჩასვა ჩემსა და გოგას შორის და მალე პირველი სადღეგრძელოც გაისმა. ბევრი ვიფიქრე, თუ ცოტა, გადავწყვიტე ლელასთვის ადგილი გამეცვალა, რადგან ის უკეთ შეძლებდა გოგას მჭერმეტყველების თარგმნას. ჰენრი თავიდან ცოტა დაბნეული იყურებოდა აქეთ-იქით. მისი ქება-დიდებით გაჟღენთილი სადღეგრძელო, რომ უთარგმნეს მან ჭიქა აწია, ორიოდე სიტყვა გაიმეტა დამსწრე საზოგადოებისთვის და ცოტა მოსვა. დავინახე, როგორ შეეცვალა გოგას სახე და როგორ ამოებურცა შუბლზე ძარღვი.
- ლელა, უთარგმნე მაგას რო ბოლომდე უნდა დალიოს.
- გაჩერდი გოგა!
- უთარგმნე!
ლელამ ისევ იუარა და გოგამ საკმაოდ საშიში გამომეტყველებით, ხელების ქნევით აუხსნა ჰენრის, რომ ბოლომდე უნდა დაელია. მანაც ტუჩი ოდნავ გადმოაბრუნა გაკვირვების ნიშნად და ყველასთვის გასაკვირად ბოლომდე გამოცალა ჭიქა. მერე კი გოგას ნიშნისმოგებით გადახედა. ჩემი ბიძაშვილის სახეზე კი აღტაცება გამოიკვეთა. ფეხზე წამოიჭრა და მეორე სადღეგრძელო გვიძღვნა. ჰენრის კი თითით მიუთითა ჭიქის ფსკერზე, აქამდე დალიეო. ჰენრიც გადაწვდა ჭიქას და კვლავ გამოცალა. მესამეც მალე მიახალა გოგამ და ჰენრიმ კიდევ ერთხელ გაგვაკვირვა.
- მე მგონი მოვეწონე, შეჩემა.
გადმომძახა გოგამ.
- იმედია. არ გადარიო იცოდე!
- გაჩუმდი შეეენ!
გოგა სადღეგრძელოს სადღეგრძელოზე ისროდა. უფრო და უფრო მეტი რიხით ლაპარაკობდა და რაღა თქმა უნდა ყოველ ჯერზე მეტ დროს ანდომებდა სათქმელის მოკვარახჭინებას. ჰენრი არ ჩერდებოდა და ყოველ ჯერზე ბოლო წვეთამდე ისრუტავდა ღვინოს. ყველა შეზარხოშდა და ყველა გართობის ხასიათზე დადგა. გაისმა მუსიკა, სიმღერა, ზოგი საცეკვაოდაც კი გამოვარდა. ჰენრის კი ცხვირის ჭვინტი რაღაცნაირად მოეჩვარა და მოუდუნდა, ქუთუთოები დაუმძიმდა და ტუჩები გაუფერმკრთალდა. გოგა კი არ ეშვებოდა აძალებდა და აძალებდა მათრობელა სითხეს. გოგა უკვე ისეთ თემებზე გადავიდა, რომ ლელას ინგლისური აღარ იყო საკმარისი. საქმეში სანდროც ჩაერია. ორივე ერთად ცდილობდნენ ეთარგმნათ ისტორიები, რომლებიც გოგას არასდროს ელეოდა. ამ სიტუაციაში კი ყველაზე გასაკვირი ჰენრის ქცევა იყო. ის გაუთავებლად უსვამდა კითხვებს თამადას, იცინოდა, ეხუტებოდა. ლელას და სანდროსაც კი გადაეხვია. ლელა გაოგნებული იყურებოდა ჩემკენ. მე არც კი ვიცოდი რა მეთქვა და ამის გამო აქტიურად ვითვისებდი ცხელ-ცხელ სოკოს კეცზე. მერე ჰენრიმ ერთი სადღეგრძელოს თქმა ისურვა. გოგამ ყველა ერთი შეძახებით გააჩუმა. ჰენრიმ ლაპარაკი დაიწყო, ლელამ თარგმნა.
- საქართველოში, რომ ჩამოვედი ამ ქვეყნის შესახებ ბევრი არაფერი ვიცოდი. - თარგმნიდა ლელა. - მხოლოდ ინტერნეტში მოძიებული ინფორმაცია და წიგნებში ამოკითხული ცნობები მქონდა. სიმართლე, რომ გითხრათ თავიდან ვერ შევეგუე აქაურობას. ამდენ ყურადღებას,  მუდამ მომღიმარ სახეებს და ა.შ. თუმცა ახლა ვხვდები, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე სტუმართმოყვარე ქვეყანაა, სადაც კი ვყოფილვარ. მე მომხიბლა თქვენმა კულტურამ, შენობებმა, ხალხმა და რაც მთავარია მხატვრობამ. იმ სასტუმროში, სადაც მე ვცხოვრობ ერთი ნახატია, რომელსაც დიდი სიამოვნებით წავიღებდი ამერიკაში. არ ვიცი რა მომეწონა ამ ნახატის ასლში, თუმცა რაღაცნაირად მიზიდავს თავისკენ და ყოველ შეხედვაზე დიდ სიამოვნებას მგვრის. ქართული სუფრის შესახებ მხოლოდ წაკითხული მქონდა, მაგრამ ახლა ვხვდები, რომ ეს ძალიან კარგი და ლამაზი ტრადიციაა. ბედნიერი ვარ, რომ მომეცა საშუალება დავსწრებოდი ასეთ სუფრას, რისთვისაც დიდ მადლობას ბატონ ლონგინოზს და ქალბატონ ლელას გადავუხდი.
თქვა ჰენრიმ, ინგლისურის გამოცდა ჩააბარა ლელამ და ყველამ დიდრონი ღიმილით შევსვით ჩემი და ჩემი მეუღლის სადღეგრძელო. მერე ჰენრი ჩემთან მოვიდა და სუფთა ქართულად ჩამეხუტა. მეც ბეჭებზე დავუტყაპუნე ხელი და რაც შემეძლო გავუღიმე.
                  ჩვენი ჟურნალისტი აღარ ცხრებოდა. სვამდა, ჭამდა, სიგარეტიც კი გამოართვა გოგას. ბოლოს კი ლელა წაიყვანა საცეკვაოდ, რაც მაინცდამაინც არ მესიამოვნა. ბოლოს ასპარეზზე მუტრუკი გოგა გამოვიდა და იქვე მდგარ პატარა მაგიდას დასწვდა. დასწვდა ოღონდ კბილებით. ძლივს ჩაიკუზა, ხელები გაშალა და პირი ტაცა მაგიდის კუთხეს. სახეზე სისხლი მოაწვა და დაეჭმუხნა, კუნთები დაეძაბა, თუმცა ნელ-ნელა მაინც დაიწყო წამოდგომა. ბოლოს კი წელში გაიმართა და სიამაყით, როგორც შეეძლო ისე გააცეცა აქეთ-იქით. პირში კი მაგიდა ჰქონდა გაჩრილი. აქაც ყველაზე საინტერესო ჰენრის გაოგნებული და აღტაცებული სახე გამოდგა. აღარ მინდოდა მრავალჯერ ნანახი მაგიდის აწევ-დაწევის ყურება და ტუალეტს მივაშურე. რაც საქნელი იყო ის ვქენი და ხელების დასაბანად გამოვედი. სარკეში, გვარიანად ნასვამ, საკუთარ თავს ვუყურებდი. მინდოდა ხელი ჩამომერთმია მისთვის და ომში პირწმინდა გამარჯვება მიმელოცა. ცოტა ხანს ვიდექი ასე და საკუთარ ანარეკლს მივშტერებოდი. მერე სახე წყლით გავიგრილე და გარეთ გამოვედი, მაგრამ ნეტა არც გამოვსულიყავი და ნონას ყველა წყევლა ერთბაშად ამხდენოდა. გამოვედი და დავინახე წრეზე შემოკრებილი ხალხი. ცენტრში გოგას ზორბა ტანი, პატარა მაგიდა და გოგას მოსწავლე ჰენრი. ჰენრი ცდილობდა იგივე გაემეორებინა, რაც გოგამ რამდენიმე წუთის წინ გააკეთა. კბილებით ჩაფრენოდა მაგიდის კუთხეს და ცდილობდა აეწია. თან იმ კბილებით, რომლების ჩასმა-გაწიკწიკებაზე რამდენიმე საათის წინ მოვრჩი მუშაობას. საჩქაროდ, თითქმის სირბილით გავექანე მათკენ, მაგრამ ამ დროს, უკვე ვინ იცის მერამდენე მცდელობაზე, ჰენრიმ მაგიდა ოდნავ წამოწია, რაზეც გოგასგან მოწონების მსგავსი შეძახილი დაიმსახურა. ცოტა კიდევ წამოიწია ხელებგაპარჭყული ჰენრი და აი მერე კი საშინელი სტატიის მუზა მოუვიდა. იგი წაბორძიკდა, ჯერ უკან გადაიხარა, მერე ისევ წინ. საზარელი ტკაცანის ხმა გაისმა. მაგიდა პირიდან გაუვარდა და ესეც არ იკმარა და ფეხი აუსრიალდა. ნახევარ-წრე მოხაზა ჰაერში და ახალთ-ახალი კბილებით ზედ მაგიდის კიდეს დაეხეთქა. აი ზუსტად ამ დროს მივირბინე მეც. სისხლი ერთიანად გადმოანთხია პირიდან და მას კბილების ნამტვრევებიც გადმოაყოლა. ძირს დაგდებულ ჰენრის დავწვდი და პირი გავუხსენი. არაფერი ჩანდა, პირი სისხლით ჰქონდა სავსე. ამოვიდე იღლიაში და სასწრაფოდ გავაქანე მანქანისკენ. სანდრო წამომეშველა და ერთად მოვათავსეთ გასისხლიანებული ჰენრი უკანა სავარძელზე. სასწრაფოდ ჩემს კლინიკაში გავქანდით. გზად ვამჩნევდი, რომ გაოგნებული ჰენრი ნელ-ნელა იწყებდა აზროვნებას და მისი ძლივსგახსნილი შუბლი უწინდელზე უფრო მეტად იჭმუხნებოდა. კლინიკაში, რომ მივიყვანეთ იქ აშკარად უკვე ყველაფერი ბოლომდე აღექვა. საჩქაროდ შევუდექი იარაღების მომზადებას. ჰენრი კი სავარძლიდან წამოდგა და ჯიბიდან თავისი ფოტოაპარატი დააძრო. მერე სარკეს გაუსწორდა, პირი დიდზე დააღო და საკუთარ, სისხლიან სახეს სურათი გადაუღო. აქ კი მივხვდი, რომ ყველაფერი დასრულდა. წარმოვიდგინე შემზარავი სტატია ჩვენს ოჯახურ ბიზნესზე, რომელსაც ჰენრის გასისხლიანებული სურათი ჰქონდა დართული. სანდროს გადავხედე, მანაც თავი ჩაქინდრა და ოდნავ გააქნია.
ზოგი ჭირი
                  იმ საბედისწერო დღის შემდეგ ყველაფერი ძალიან ჩქარა და ძალიან მტკივნეულად მოხდა. მეორე დღეს ჰენრი გაიქცა. თან შეურაცხმყოფელი სიტყვების ბუკეტი და შურისძიების ფიცი დაგვიტოვა. ლელამ რაღა თქმა უნდა ყველაფერი მე დამაბრალა. რაც შენ ხარ ის ნათესავები გყავსო მითხრა და ხუთი დღე სახლში აღარ მოსულა. თავის სასტუმროში რჩებოდა. შეიძლება ყველაფერი დამთავრებული არ იყო და იმ ავბედით სტატიას, არც ისე დიდი გავლენა მოეხდინა ჩვენ ბიზნესზე, მაგრამ ჩვენ იმდენად დათრგუნულები ვიყავით, რომ წარმატების ყველა იმედი გადაგვეწურა. ჩემთვის პირადად ყველაზე მტკივნეული ის იყო, რომ ჰენრის კვალი ნონას კლინიკაში ვიპოვე. არ ვიცი იმ კაპარაჩხანა ქალმა, როგორ და რანაირად მოახერხა ჰენრის თავისთან შეტყუება, მაგრამ ფაქტია, რომ გამოუვიდა. ჰენრი ახლა მისი კლიენტი იყო. ნონამ შესაძლოა რამე ჯადოც კი, ვირის ტვინი ან სურათი და ქათმის ფეხიც კი გამოიყენა ჰენრის გულის მოსაგებად, რადგან ხშირად ვხედავდი, როგორ გამოდიოდნენ კლინიკიდან ერთად სიცილ-კისკისით. ორჯერ მივედი ნონასთან და ვთხოვე, მეტი არაფერი მინდა უბრალოდ დაიყოლიე, რომ ცუდი სტატია არ დაგვიწეროს-თქო, მაგრამ რად გინდა... ჩვეულ სტილში გამომლანძღა და შემპირდა, ყველაფერს ვიზამ თქვენი განადგურებისთვისო.
                  ყველაზე დიდი მოულოდნელობა კი თურმე წინ მელოდა. ყველაფერზე ხელი მაშინ ჩავიქნიე, როცა გავიგე, რომ ჰენრიმ და ნონამ გაცნობიდან ორი კვირის თავზე აქ, თბილისში ხელი მოაწერეს. ამის შემდეგ ნონას აღარ გასჭირვებია ამერიკაში წასვლა და აწ უკვე მეუღლესთან ერთად გადაცხოვრდა ოკეანის იქით. ამასობაში მცირე, მაგრამ მაინც სასიხარულო რამ მოხდა. ჩემი ცოლი მიხვდა, რომ მე, წყნარად და აუღელვებლად ვშარდავდი მაშინ, როდესაც ჰენრიმ ხელი აიღო საკუთარ თავზე და პირი მოკიდა მაგიდას. მოვიდა ლელა და მითხრა, რომ მე არაფერ შუაში ვიყავი მომხდართან. ამასთანავე ერთი ძალიან უცნაური და იმ შეუპოვარ და დაუმარცხებელ ლელასთან შეუსაბამო იდეაც გამანდო.
- დავიღალე ლონგინოზ. აღარ შემიძლია. ამ ამბავმა საერთოდ ბოლო მომიღო.
მითხრა ერთ საღამოს დაღონებულმა ლელამ.
- ეჰ მეც დავიღალე, მაგრამ რა ვქნათ?
ტელევიზორის წინ მოვკალათებულიყავით და რაღაც ფრანგულ ფილმს ვუყურებდით. ორივეს სახეები ჩამოგვტიროდა.
- იცი?... პარიზში მინდა.
- მშვენიერი გამოსავალი გიპოვნია... ვერაფერს იტყვი.
- არა, მართლა. მთელი ცხოვრება მინდოდა იქ წასვლა.
- კაი ერთი... არც მე ვიტყოდი უარს კაი დასვენებაზე.
- წარმოიდგინე ლონგინოზ. მე, შენ და სანდრო. იქნებ თორნიკემაც მოახერხოს და ჩამოვიდეს პარიზში. ორი წელია არ მინახავს, მენატრება. კარგად დავისვენებდით, არაფერზე ვიდარდებდით.
- და რას მთავაზობ?
- მისმინე... თუ მართლა ასე ცუდად წავიდა ყველაფერი და იმ დეგენერატმაც საშინელებები დაწერა ჩვენზე, მოდი ყველაფერს შევეშვათ. ჩემს სასტუმროს გავყიდი, ფულს ბანკში შევიტან, ნაწილით სანდრო გავუშვათ კარგ საზღვარგარეთ სასწავლებლათ და პარიზში დასვენებისთვისაც მოვიტოვოთ ცოტა. რო ჩამოვალთ, შენ შენი კლინიკა ამუშავე, ქართველებს მოემსახურე. აღარ გვინდა ეს გადამთიელები რა...
ეს, რომ მითხრა თითქოს დრო შენელდა. იმდენ რამეზე ერთად დავიწყე ფიქრი, რომ საბოლოოდ ვერც ერთი მივიყვანე ბოლომდე. თავიდან ვიფიქრე, ხომ არ გაგიჟდა ეს უბედური-თქო, მაგრამ მერე კარგად, რომ დავფიქრდი იდეა მომეწონა კიდეც. ლელას გადავხედე, თვალები ჩამოღამებოდა და სახე ნაოჭებითაც უხვად დასერვოდა. სავარძელში უსუსურად მოკუნტულიყო და უცნაურად სევდიანი თვალებით მომშტერებოდა.
- არ ვიცი, შეიძლება მართალიც ხარ. კარგად დავფიქრდეთ, სანამ ეგეთ გადაწყვეტილებას მივიღებთ.
- ჰო, რა თქმა უნდა. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ სტატია იქნება ცუდი.
- კარგი, ეგრე იყოს.
ვთქვი მე და ტელევიზორს მივაშტერდი. ვხედავდი, პარიზის ქუჩებს, ეიფელს, მომხიბვლელ შენობებს და უფრო და უფრო მიზიდავდა იქაურობა. შეიძლება პარიზი სულაც ფეხებზე მეკიდა, მაგრამ ჩემ შვილთან და ცოლთან ერთად, სრულიად უცხო ქვეყანაში დასვენება, სადაც არავინ გიცნობს და შენც ყველაფერი ფეხებზე გკიდია, ძალიან მომინდა. შეიძლება ითქვას, რომ იმ წუთიდან მე პარიზში წასასვლელად ვემზადებოდი. მინდოდა კიდეც, რომ სტატია ცუდი გამოსულიყო.
*  *  *
                ამის შემდეგ ერთხელ კიდევ მივედი მოსისხლე მტრის ბანაკში. ამჯერად მარტო დარჩენილ თამილას გავესაუბრე. ნონას გათხოვებიდან ერთი კვირა გასულიყო. კაბინეტში, რომ შევედი, ჩემზე დაბალმა თამილამ, მაინც მოახერხა და ზემოდან გადმომხედა.  თან ვიღაც უცხოელს აცილებდა. ამჯერად მას ვთხოვე დახმარება, მაგრამ ამას უკვე იმდენად დუნედ და უღიმღამოდ ვაკეთებდი, რომ თამილასაც კი გაუკვირდა. მან, რაღა თქმა უნდა უარი მითხრა და მეც გახარებული თუ დამწუხრებული უკან გამოვბრუნდი. ნონას ელექტრონული ფოსტის მისამართი კი გავიგე, მაგრამ მიწერით და ხვეწნა მუდარით არც საკუთარი და არც მისი თავი, აღარ შემიწუხებია.
                კიდევ ორი კვირა გავიდა. მე და ლელა კომპიუტერთან მოვკალათდით. რეკავდა თორნიკე, ოკლაჰომადან.  მისალმებისა და მოკითხვა-გამოკითხვის მერე, თორნიკე დამწუხრებული სახით გადავიდა საქმეზე. ვამჩნევდი, რომ ლელას რაღაცის იმედი მაინც ჰქონდა, მაგრამ ეს იმედი თორნიკემ მალევე გაანადგურა.
- მოკლედ გადაგვიარა.
თქვა თორნიკემ და გაზეთი დაგვანახა კამერით. ის საზარელი სურათიც იქვე იყო. გაზეთს კი “Tulsa World” ერქვა.
- საშინელებებს წერს. ერთადერთს, რასაც კარგად იხსენებს ეს ვიღაც ნონას გაცნობაა, რომელიც ცოლად მოუყვანია.
მე და ლელამ ერთმანეთს გადავხედეთ. ლელა გაღიმებას ცდილობდა, მაგრამ თვალები ცრემლით ჰქონდა სავსე. თორნიკემ სტატიის მოკლე შინაარსი მოგვიყვა და მასში ისეთი რაღაცეებიც აღმოვაჩინეთ, რაც არც კი მომხდარა. ბოლოს კი სევდიანი ხმით დაამატა.
- მომბეზრდა აქაურობა. მარტო ყურყუტი. შეიძლება საქართველოში დავბრუნდე. ჩემმა ძმაკაცმა თბილისში კარგი სამსახური შემომთავაზა. არ ვიცი სამედიცინო ტურიზმის ბიზნესს უჩემოდ რა ეშველება, მაგრამ უკვე ძალიან დავიღალე. ჩამოსვლა მინდა.
- ჩამოდი თორნიკე. ეგრე აჯობებს.
უთხრა ლელამ და მერე მთელი თავისი გეგმები მოუყვა. შეიპირა, რომ პარიზში ჩამოვიდოდა და იქიდან ყველანი ერთად დავბრუნდებოდით საქართველოში. თორნიკემაც ცოტა ფიქრის შემდეგ მოიწონა იდეა და ყველაფერზე დაგვთანხმდა. სანდროსაც ვაცნობეთ თეთრი დროში აფრიალების შესახებ. მერე კი სამივემ ერთად გადავწყვიტეთ, რომ ერთი წლის მერე პრაღაში წავიდოდა სასწავლებლად და ნორმალურ განათლებას მიიღებდა. მე მგონი ჰენრი, რომ არა სანდრო ნორმალური განათლების გარეშე დაგვრჩებოდა.
                  ლელამ სასტუმრო მოსალოდნელზე უფრო ჩქარა გაყიდა. ვიღაც ირანელებს მიყიდა საკმაოდ კარგ ფასად. სხვა რაღა დაგვრჩენოდა თუ არა პარიზისთვის მზადება. არც ამას მოვანდომეთ დიდი ხანი. ყველაფერი ისე მარტივად გამოგვდიოდა, რომ ალბათ მოსახდენიც კი იყო ის, რაც მოხდა.

*  *  *
            ელისეის მინდვრები, ლუვრი, ტრიუმფალური თაღი, ეიფელი, პარიზი! უკვე მესამე დღე იყო, რაც ჩვენ, ყველა ერთად ამ მართლაცდა უმშვენიერეს ქალაქში ვიყავით. უკვე ბევრი რამ ვნახეთ, თუმცა წინ კიდევ ბევრი სიამოვნება გვქონდა. გემრიელ კერძებს შევექცეოდით, კარგ ღვინოსაც ვსვამდით, მოკლედ ვისვენებდით.
            სანდროს ეძინა, ლელა შხაპს იღებდა და რაც მთავარია ბანაობისას ღიღინებდა, ბოლო რამდენიმე წელია მისი სიმღერა არ გამეგონა. არადა კარგი სიმღერა იცოდა.  თორნიკე თავის ლეპტოპში იქექებოდა. მე კი აბსოლუტურად არაფერს ვაკეთებდი. უბრალოდ ვიჯექი და წითელ ღვინოს ვწრუპავდი. კარგ სასტუმროში ვცხოვრობდით. ეიფელის კოშკი სანახევროდ მოჩანდა ფანჯრიდან და მეც მისთვის გამეშტერებინა მზერა. ლელა საკმაოდ დიდ ხანს იყო სააბაზანოში და ეს შხაპის მიღებაზე მეტად საფუძვლიან ბანაობას ემსგავსებოდა. ჩვენ ოთხიდან სწორედ ის იყო ყველაზე ბედნიერი. ამბობდა ბავშვობის ოცნება ავიხდინეო.
- ბიჭო, თორნიკე. მიდი რა ჩემი იმეილი შეამოწმე. ლონგინოზ ჩანჩიბაძე - ერთად, საბაჩკა ჯიმეილ ქომ. პაროლი - ჩალაღაჯი.
თორნიკეს ჩემი პაროლის გაგონებაზე გაეცინა და მხოლოდ მესამე ცდაზე ჩაწერა სწორად.
- ერთი წერილი გაქ ვიღაცა მეთიუ მილერისგან.
- უაჰ! მეთიუ, მაგარი კაცი.
- აა, ეს ის მეთიუა? მაგარი ჯიგარიაო რო ამბობდით?
- ჰოო ეგაა. ნახე აბა რა უნდა.
თორნიკემ წერილი გახსნა და კითხვა დაიწყო. თავიდან ხმამაღლა კითხულობდა, მერე კი დუდღუნი დაიწყო. სახე ნელ-ნელა ეცვლებოდა და რამდენჯერმე გაოცებული სახით გადმომხედა.
- რა ხდება?
ვიკითხე მისი გამომეტყველებით დაეჭვებულმა.
- ვაააიმე...
აღმოხდა თორნიკეს.
- ე, ბიჭო თქვი რა არის.
მასთან უფრო ახლოს მივჩოჩდი. თორნიკემ რაღაცას დააჭირა და სურათი გახსნა. სურათზე გაზეთის ერთი სრული გვერდი მოჩანდა, რომელსაც სურათიც ჰქონდა თან. სურათს კარგად დავაკვირდი და ჩემი თავი, ლელა, სანდრო და შუაში მეთიუ ვიცანი. ეს სურათი სასტუმროში სწორედ ჰენრიმ გადაგვიღო მეთიუს თხოვნით.
- რა არის ბიჭო ეს?
ყვირილით ვკითხე თორნიკეს.
- რა და... რაც ჰენრის არ გამოუვიდა, აგერ ამ შენ მეთიუს იდეალურად გამოსვლია.
- რა გამოსვლია რა?
- ინკოგნიტოდ ჩამოსვლა. ვახ ჩემი...
- რა? ესეც ჟურნალისტი იყო?
- ჰო! თან „Wall Street Journal“-ის. ყველაზე პოპულარული გაზეთია ამერიკაში.
- და რა წერია?
- ყველაფერი საუკეთესო. მოიცა ეხლა ვკითხულობ.
ცოტა ხანი გაირინდა და კითხვა გააგრძელა.
- გვაქებს და გვადიდებს. აღფრთოვანებულია.
- წერილი როდისაა გამოგზავნილი?
- გუშინ.
- უხ მეთიუ შენი!... რას გერჩი, მაგრამ მაინც!
თავში წავიშინე ხელები და იატაკს დავაშტერდი. თორნიკემაც თავი ჩაქინდრა.
- რა ვქნათ ეხლა?
მკითხა ცოტა ხნის მერე.
- არ ვიცი. წარმოდგენა არ მაქვს.
- მთელი საქართველო გაიგებს. მე მგონი მაგრად მივქარეთ...
- გაჩუმდი ცოტა ხანს. თავი გახეთქვაზე მაქვს.
ისევ დავდუმდით. აღარ ვიცოდი გამხარებოდა, მწყენოდა, მეტირა, მეცინა თუ რა ჯანდაბა მექნა. არ ვიცი რამდენ ხანს ვიჯექით ასე. ყურები კი მაშინ ვცქვიტე, როცა სააბაზანოდან წყლის შეწყვეტის ხმა მოისმა. თავი უცებ წამოვწიე, თორნიკე საყელოთი ჩავბღუჯე და საჩვენებელი თითი ტუჩებთან მივიტანე. ისიც ყველაფერს მიმიხვდა და თავი დამიქნია.
- საერთოდ არაფერი თქვა. საერთოდ.
- მაინც გაიგებს ადრე თუ გვიან.
- გეხვეწები, სანამ აქ ვართ მანამდე მაინც... ჩუმად!
ახლაც თავი დამიქნია. ამჯერად ეს მოძრაობა უფრო ჩემ გასამხნევებლად გააკეთა.
- იმედია ვერაფერს გაიგებს.
დავაყოლე მე. მერე კარის გაღების ხმა გაისმა და მე და თორნიკე უმალვე გავიჭიმეთ. სააბაზანოდან ლელა გამოვიდა. თეთრი პირსახოცი წაეკრა თავზე და მთელი სახე უცინოდა.
- რას მიღიმიხართ ჯოკონდებივით?
შეგვეკითხა ბედნიერი ლელა. მერეღა მივხვდი, რომ ორივეს უცნაური ღიმილით დაგვეფარა სახე.
- არაფერი... ისე... გშია?
- კი. ჩავიცვამ და ვჭამოთ რამე.
წამოვდექი, ფანჯარა გამოვაღე და პირში სიგარეტი გავირჭე. ყველაფრის ხმა მიწყდა და ფიქრებში ჩავიძირე. წარმოვიდგინე თუ რა გამოხმაურება შეიძლება ჰქონოდა ამ სტატიას. უამრავი კლიენტი, უფრო მეტი შემოსავალი, უფრო მეტი ოფლი. ცოტას არც მანამდე ვშოულობდით, მაგრამ კლიენტების ერთი-ორად გაზრდის შემდეგ ვინ იცის რამდენს ვიშოვიდით. შეიძლება იმდენიც კი გვეშოვნა, რომ წელიწადში რამდენჯერმე წავსულიყავით საზრღვარგარეთ დასასვენებლად. თორნიკე ისევ ამერიკაში იქნებოდა, სანდრო ისევ მანქანით წაიყვანდა უცხოელებეს, მე პირში ჩავუძვრებოდი ვინმეს და ლელაც ისევ ისე იქოთქოთებდა, ღამე მხოლოდ რამდენიმე საათს დაიძინებდა და ვიქნებოდით ხელჩართულ მუშაობაში. წლის ბოლოს კი სადმე წავიდოდით დასასვენებლად. მაგრამ საქმე ისაა, რომ ასეთ პირობებში და ასეთ გრაფიკში ვიქნებოდით კი ისეთი ბედნიერები, როგორებიც ყველანი ერთად ვიყავით? მაშინ, როცა საქართველოში ასეთი საპასუხისმგებლო საქმე გვექნებოდა დატოვებული ვიქნებოდით ასეთი ლაღები? ჩემ ოჯახს გადავხედე. სანდროსაც გაღვიძებოდა, ლელა ლამაზად გამოწყობილიყო და დღის გეგმებს აწყობდა, თორნიკეც ასე თუ ისე ახერხებდა გაღიმებას. გული საშინლად მწყდებოდა მეთიუს სტატიის გამო, მაგრამ ამავდროულად რაღაცა, არც კი ვიცი რა, მიხაროდა. ამ ფიქრებში რატომღაც ნონა და ჰენრი გამახსენდნენ და ხმამაღლა შევიგინე. ბოლოს ეიფელის წვერს გავხედე. გაზაფხულის სასიამოვნო და თბილი დღე იდგა. ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე, ბოლო ნაპასი დავარტყი და რატომღაც, ძალაუნებურად გამეღიმა. მერე ლელას ხელები ვიგრძენი წელზე.  ნიკაპი დამადო ზურგზე და მანაც გახედა კოშკს. ზოგი ჭირი მარგებელიაო ნათქვამია. ჰოდა მეც გადავწყვიტე ბოლომდე შემერგო შედეგად მიღებული პარიზი.

ნ-ი-კ-ი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 18 მარტი, 2013 07:17:29
Sister of the Moon                                  #37



იმ ღამით ოკეანის თავზე ცას სავსე მთვარე უწევდა, მაგრამ მთვარე ამოსვლას არა ჩქარობდა, დიდხანს არსად ჩანდა. ბოლოს კი მაინც გამოჩნდა ცა-ზღვის კიდეში იმის ნათება: მთვარის ორი ფრთაქათქათა ანგელოზი ძალით მიათრევდა ზარმაც მნათობს ცის სიმაღლეებში. ანგელოზები ხატულა, სიფრიფანა ასულები იყვნენ და ძლიერ უმძიმდათ იმ გაბერილი მთვარის ზიდვა, ხელები ფეხებში ჩაევლოთ ძილისგუდასთვის, ფრენით მძიმე-მძიმედ მიიწევდნენ ცაზე ამაღლებად. ეძინა მთვარეს, ყურს არ იბერტყავდა. წინდებისამარა ბალნიანი ფეხები ცაში აეშვირა და ხვრინვისაგან იბერებოდა. იმისი შარვალი ერთერთ ანგელოზს გადაეკიდა მხარზე, ეტყობოდა სიფრიფანა ასულებმა დაძინებულს ჩაცმა ვერ მოუხერხეს და შარვალი თან გამოიყოლეს მხოლოდ.
- გადაჰყოლია მთელი დღე ვარსკვლავებთან დროს ტარებას ეს უქნარა, ლოთი ესა! - უკმაყოფილოდ ამბობდა ანგელოზი.
- როდის გაიღვიძებს ნეტავ რომ ფეხზე დგომა შეძლოს. ამის ზიდვას რამდენ ხანს შევძლებთ კიდევ? - ამბობდა მეორეც.
- იქნებ ღამის სიგრილემ მოაფხიზლოს.
- თუ არა და ზღვაში ჩავაგდოთ.
- ჩამივარდება სულაც, ჩემი ბრალიც არ იქნება.
- მაშ როდემდე გავუძლებთ ამსიმძიმეს!
ძალით იყო თუ ნებით, მთვარის სინათლე მაინც დაეფინა ოკეანეს, განათდა წყლის პირი. ანგელოზებმა თვალი მოავლეს არემარეს და კიდეც დაკვირვება უწყეს ოკენეზე მიმავალ რაღაც ხომალდს.
- შეხე მთვარევ! - შესძახა ანგელოზმა - შენი ერთადერთი და ზღვაზე ძნელ აღმართს დადგომია!
მართლაც ხომალდს „და მთვარის“ რქმეოდა, სახელი უცხოური ასოებით ქონდა გამოყვანილი მთვარით განათებულ ფერდზე.
- ოცდაათი უგულო კაცი მეზღვაური იმის დაღლას არაფრად დაეძებს, აღმართის ავლად მიერეკება! საბრალო, ტვირთის სიმძიმით ზღვაში ჩადაბლებულა! - შესძახა მეორე ანგელოზმაც და ხელიც იქით იშვირა, რისგან კინაღამ გაუვარდა მძიმე მნათობი.
- აღარა ძალუძს საბრალოს, უღმერთოდ გატანჯულა იმათ ხელში! აღმართში ზურგის ქარი გამოლევია, ძალა აღარა შესწვს!
გამოიღვიძა მთვარემ ამ შეძახილებზე, ძნელი იყო ნამთვრალევზე გამოღვიძებაც. გონებას, მხედველობას იკრებდა. გასწორდა. თავის ფეხზე დადგა, დააკვირდა უიღბლო ხომალდს. ხედავს, ბოროტ მეზღვაურებს მართლა უღმერთოდ მოუხმარიათ და მისი, არაქათი აღარ შერჩენია საბრალოს და მაინც ძნელ აღმართზე ერეკებიან. უმძიმეს ტვირთით დატვირთული ძლივს მიღოღავს ზღვის პირზე, მყრალად აგინებს გულქვა კაპიტანი და წყევლის უკლებლივ ოცდაათი ლოთი მეზღვაური, ეშმაკებს მოუხმობენ იმის სათრევად.
კოპები შეიკრა მთვარემ, ანგელოზისგან შარვალი მოიკითხა, უმალ ჩაიცვა და დაღონებულმა საშველის მოფიქრება დაიწყო. წამსვე მოიფიქრა ზურგის ქარი სასოწარკვეთილი დედმამიშვილისთვის, თავისგან მარჯვენა ანგელოზს უბრძანა:
- შუქურქალო, შენს გახარებას, სწრაფად იფრინე, მიეახლე ცათა სიმაღლის ქართა ქროლვის ხელმწიფეს, ხვეწნა გადაეც ჩემგან, ქარი მოავლინოს, ქროლვა ძლიერი ტანჯულ ხომალდის, ერთადერთი ჩემი დისთვის მისაშველებლად.
იფრინა შუქურქალმა, კვეთა ცა და კვეთა ღრუბელი, მიეწია და მიეახლა ქართა ხელმწიფეს. უზრუნველობით სუფევდა ხელმწიფე, მხართეძოზე წამოწოლილს თავისი სამეფოს სამი ასული ანგელოზი ართობდა, თავს ევლებოდნენ და რიგრიგობით უჩვენებდნენ ნარნარი, ჰაეროვანი ცეკვის წარმტაც ილეთებს. ხელმწიფის მცველმა ხელქვეითებმა ადვილად დაუშვეს და მიაცილეს ხელმწიფემდე მთვარის მშვენიერი მოციქული, დაიჩოქა და მოახსენა შუქურქალმა ყოველივე ქართა ხელმწიფეს. დარდი არა ქონდა თავქეიფა ხელმწიფეს, მოხდენილად შეიფერა მთვარის თხოვნა, აქაოდა ამათ დავჭირვებივარო, სიძუნწე მოუჭირა თავის ძლიერ უნარს, ქარის დაბერვას ფასი დაადო:
- ახლა რომ განრიგით აღარ გვიწევს ქროლვა ემაგ განედზე? საქროლი ფილტვი დაცლილია ახლა ყოველი მოსასვენებლად. ისინი ვბერო, ვამუშაო ახლა ურიგოდ, რაღა გამოვა, რა პასუხს მივცემ ქარებს, ერთი ვიღაც ხომალდისთვის რად გაწუხებთ-თქო?! არა, ტურფა მოციქულო მაშუქ მთვარისა, ვერ გაგიწიო შემწეობა ამჯერად მაინც.
წყენით იფრინა უკანა გზა შუქურქალმა. წყენა შესჩივლა და დანაბარები მოახსენა თავის მბრძანებელს. იგინებოდა მთვარე და ახლა მარცხენა ანგელოზს უბრძანა დავალებით:
- ზღვაზე იფრინე ცისმანათო, ოკეანის ხემწიფეს მიეახლე, იმან უბრძანოს ძლიერ ვეშაპებს ზურგებით ამოუდგნენ ხომალდს და აატარონ ზღვის აღმართ-აღმართ.
თქმაც არ მოესწრო სიტყვის ბოლომდე მბრძანებელ მთვარეს რომ დაღმა იფრინა ცისმანათმა, ზღვის პირს აშურა. ძებნა და ნახა განედი ოკეანის ხელმწიფის სუფევისა. ყვინთვით დაეშვა, მიეახლა თევზთა მბრძანებელს. თევზის ხელმწიფეც უზრუნველ განცხრომაში სუფევდა იმ დროს თავის სატახტო განედზე, ნებივრად იჯდა სამეფო ტახტში, სამი ქალთევზი ევლებოდა, რომელთაგან ერთი ქნარზე დაკვრით აამებდა, მეორე კუდსა ფხანდა, ხოლო მესამე სულაც ტოლმას აჭმევდა საკუთარ ხელით. ხელმწიფეს დაუჩოქა ცისმანათმა, მოახსენა მთვარის დანაბარები. და ზღვის ხელმწიფემაც სიჯიუტით თითი შეიყო:
- განა შენი ბატონი ის მთვარე არა ბრძანდება ზღვის მოქცევით ჩემს ვეშაპებს თავთხელში რომ იტყუებს, მერე უკუაქცევს ზღვას და ვეშაპებს კი ხმელზე ტოვებს დასაღუპად?! რამ მოაფიქრა ჩემთვის თხოვნა შენს მბრძანებელს ვერ გამიგია. ვერას გიშველი, წადი და უთხარ ესე ჩემგანა.
ამოსცურა და იფრინა უკან ცისმანათმა, მიეახლა და მოახსენა მთვარეს ყოველი. სინანულთ, ყურადღებით დააცქერდა მთვარე ერთადერთ დედმამიშვილს განწირულს განუზომელ განსაცდელში.
ხედავდა მთვარე: ბოლთასა სცემდა აღელვებული კაპიტანი თავის ნაკვეთურში და ჰკადრა მანამდე დადუმებულმა მისმა თანაშემწემ:
- კაპიტანს ვენაცვალე, ესე ცოტა ქარზე გემი აღმართზე არ უნდა მოგეშვა.
ნელა დაიძრა კაპიტანი საპასუხო აზრის გულღიად გასაზიარებლად, მრისხანება ემატებოდა თვალთა ნათებაში:
- ჰა?! მაშ შენა გცოდნია?! ეხლა არა? ეხლა ხომ ცარიელი ბოთლიც ხედავს რომ ქარი ცოტავდება, რო სადაცაა სვლას დავკარგავთ და აღმართში დაღმა ჩავყირავდებით! - დაძაბულობისგან ბოღმა ენთხევინებოდა კაპიტანს, სიტყვას აღარა ზოგავდა, ზედ ცხვირში წაადგა თანაშემწეს და აფრქვევდა გულის სათქმელებს - ამ ტვირთს ნავსადგურში ისე მოელიან როგორც გადამწვარი უდაბნო მოელოდება წვიმის მოსვლას. საათებს მითვლიან ვიდრე მივუტანო, ყოველ საათზე ზეგასამრჯელოს მიანგარიშებენ. ჰოდა მაშ ზურგის ქარზე არ დავდგომოდი აღმართს?! ჭკუაც შენთვის მეკითხა, თურმე წინასწარვე შენა გცოდნია ქარის შუა აღმართში დაცოტავება! მაშ ჭკვიანი შენა ყოფილხარ, მაგრამ კაპიტანი მე ვარ, მე მადევს მხრებზე ეს წყეული ტვირთი. გადი გაეთრიე ლაჩარო და აღარ დამენახვო ვიდრე თვით ჯოჯოხეთამდე!
განწირული იყო გემი, შველა არ იყო არსაიდან და იმედი.
გზა სხვა არა აქვს, ვერ მიატოვებს მთვარე თავის დას, ზღვის აღმართს დაღმა ხაზზე დაწვდა ორივე ხელით, მოქცევა უყოს, მაღლა ასწიოს, დაღმა ხაზი აღმა ხაზს გაუსწოროს, სავალი გზა სწორი უქმნას და სვლა ამით გაუადვილოს. არც ძნელი იქნებოდა მთვარისთვის თუ რომ იმ ღამით უკეთეს წერტილში უწევდეს დგომა ცის მუცელში, მაგრამ არც ადვილია ახლა: შორიდან უწევს ზღვათა აზიდვა, ხელსაც ძლივს აწვდენს, ძლიერ უმძიმს ძალის მოდება. სიშორისგან ხელი დაწვრილებია, ცაზე თავდაყირა წამოკიდებულა, ფეხებში ექაჩებიან შუქურქალი და ცისმანათ. ოფლი ღვარადა სდის გუშინდელ ნაქეიფარ მნათობს, არა ზოგავს თუკი რამე ძალი და ღონე მოსდევს და წამოუწია ძირი მაინც ზღვის აღმართს. გაუადვილა დას თითქოს და ვერც მთლად, ბოლომდე ვერ უსწორა დაღმა ხაზი აღმას.
თავისთვის ამბობენ ქარისა და ოკეანის ხელმწიფეები, ნეტავ სად არის რომ დაჩუმებულა მთვარე და თავისი თხოვნით ხელმეორედ აღარ გვაახლებს შიკრიკებსაო. თვითონა გზავნეს მოამბეებად თევზნი ოკეანემ და ფრინველნი ცამა, ისმინის იმათი მოხსენებანი და თვითონ იჩქარეს ამბის სანახავად, საკუთარ თვალით იხილეს კიდეც მთვარის თავდაყირა თავდადება, და-ძმის გაჭირვებული, თავგანწირული ჩახუტება.
შერცხვა ქართა მბრძანებელს და ბრძანა ზურგის ქარი დაუყოვნებლივ, იქმნა პირველი შვება ტანჯული ხომალდის თავს. ბრძანა ოკეანემაც და ორი უძლიერესი ვეშაპი ამოუდგა დას მარჯვნივ-მარცხნიდან დასაყრდენად და მძლავრი გაცურვით ისრიალა გემმა აღმართის ავლა.
გაიადვილა, შვება მოიღო დამ, მადლიერი იყო ბედისწერისა, მთვარის ქომაგობისა, ზურგის ქარისა და მძლავრი ვეშაპებისა. თითქო ფრთა შეუსხამს გემს, უცებ აუჩქარა და აიარა აღმართი, სული მოითქვა გატანჯულმა. ამომსუბუქდა და ამოიმართა, ამაყად ადგა ზღვათა პირზე და აპობდა სივრცეს, იმის სვლას მსახურებდა რჩეული მსახურობა ორი ხელმწიფისა. ვითარცა სათნოებათა დედოფალი ლაღად ევლებოდა წყალთა მოძრაობებს „და მთვარის“ ულამაზეს სანახაობად.
გახარებული მთვარე მაინც არ ეშვებოდა აღმართის სწორებას, არა თმობდა თავის წილ სამსახურს, ეამაყებოდა დის მსახურება ცის მუცელში თავდაყირა, სასაცილოდ დაკიდულს, და რაღა დასრულდა აღმართი ბოლოსდაბოლოს, მაშინღა მოეშვა ისიც თავდაყირა წვალებას, გასწორდა ცაზე, ოფლი მოიწმინდა, სათითაოდ გადაეხვია შუქურქალსა და ცისმანათს. ზურგის ქარი და ვეშაპები კი არ ცილდებოდნენ ხომალდს აღმართის მერეც, ბარემ ბოლომდე, დანიშნულების ნავსადგურამდე მიაცილონ „და მთვარის“. სიამაყითა ჭვრეტდნენ ყოველივეს ცათა და ოკეანის ხელმწიფეები, უხაროდათ ბარემ თავიანთი გულკეთილობაც.
ესენი კი არა, გემის გულქვა კაპიტანიც ხარობდა, ზეიმობდნენ იმისი მუტრუკი, ლოთი მეზღვაურები. ეჭვი აღარა ქონდათ, სიძნელე ჩამოიტოვეს და საფრთხე აღარ ემუქრებოდათ, დაღმა არ დაცურდებოდნენ შუა აღმართიდან, არ ჩაიქცეოდნენ და დაყირავდებოდნენ, ხრჩობით არ ჩაიკარგებოდნენ უზომო სიღრმეებში. უკვე იცოდნენ ზუსტად რომ ძვირფას ტვირთს დროით მიიტანდნენ დანიშნულებისამებრ და საყვედურების მაგიერ შექებას მიიღებდნენ სანაოსნოს ხელმძღვანელობისგან. გემბანს სიამაყით გადახედა კაპიტანმა, იქ გამოფენილ მეზღვაურებს საზეიმო ლანძღვით მიესალმა, ღვინის კასრის გახსნა და ზეიმობა ბრძანა. გაიხარა იმისმა რაზმმა, თვითონ კი გემის ცხვირში მივიდა უჩუმრად, ჩაიცუცქა, ხელით მიუალერსა ხომალდს.
- ყოჩაღ ერთგულო, ყოჩაღ ძვირფასო, საქმე რომ გადამირჩინე, ამოდენა რაზმიც სრულად შემინახე, რომ ჩემ სამშობლოში ოცდაათი ქალიც ქვრივობას გადაარჩინე. ჩემი ოხერი თავიც რომ არ მივათვალო. მადლობა ტურფა ხომალდო, მადლობა დავ მთვარისა!
უთვალცრემლიანო უღიმოდა თავის ხომალდს გულქვა კაპიტანი, რომელმა თავისი ტყავით იცოდა სიკვდილ-სიცოცხლისა და სასწაულებრივი გადარჩენების გემო.

ნ-ი-კ-ი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 18 მარტი, 2013 07:22:30
ფერფლის  საათი                                          #38




-გაჩერდა!
მოხუცი თვლემდა, როცა ჩვეული სიჩუმე ახალგაზრდის ხმამ დაარღვია და ისიც მყისიერად წამოხტა სკამიდან, რომელიც უმალ აჭრიალდა.
-რა გაჩერდა?
ახალგაზრდა შეშინებული მისჩერებოდა უზარმაზარ ქვიშის საათს, რომელიც მოხუცისთვის ჩვეულებრივ - ვერტიკალურად ბზრიალებდა.
-საათი. გაჩერდა! -ისევ გაიმეორა ბიჭმა.
-რაც თავი მახსოვს სულ ბზრიალი გაუდის და ახლა რაღა დაემართა? - მოხუცმა შვებით ამოისუნთქა, საათი ხომ ისევ ტრიალებდა და სკამის ზურგს მიეყრდნო, თან თავისთვის ისიც გაიფიქრა, რომ ბიჭი ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა იყო ასეთი სამსახურისთვის.
-მართლა გაჩერდა! - ახალგაზრდის სახეზე შიში წყენამ შეცვალა.
-კარგი რა, შეუძლებელია! - გაიმეორა მოხუცმა, - ალბათ მოგეჩვენა შვილო... შენ ხომ სულმთლად ბავშვი ხარ, ვიტა, ან იქნებ დაგესიზმრა კიდეც... - მოხუცმა ერთი კარგად დაამთქნარა და თბილ პლედში უკეთესად გაეხვია. საზღვარზე იშვიათად ციოდა ხოლმე, მაგრამ დღეს სუსხიანი სიო თითქოს საიდანღაც უსიამოვნოდ უბერავდა.
-მორს, ნუ გავიწყდება, რომ ჩვენ ორში, მხოლოდ შენ გაკლია თვალთ.
კმაყოფილებისგან ვიტას გაეღიმა. შეიძლება მორსი მასზე ბევრად უფროსი და ჭკვიანი იყო, მაგრამ მაინც ქონდა პატარ-პატარა სისუსტეები, როგორიცაა - სმენისა და მხედველობის დაქვეითება, რომ არაფერი ვთქვათ რადიკულიტზე, რომელსაც მორსი ამ ბოლო დროს უფრო ხშირად უჩიოდა.
მოხუცმა ერთი გახედა ვიტას, თითქოს უნდოდა რაღაცით შეწინააღმდეგებოდა, მაგრამ საკმარისად დამაჯერებელი არგუმენტი ვერ მოიფიქრა, ამიტომ კიდევ ერთხელ გახედა ქვიშის საათს, რომელიც ჩვეულად ბზრიალებდა.
-არადა მართალი ხარ... სათვალის გაკეთებაც დამვიწყებია... - თავისთვის ჩაილაპარაკა მორსმა და დამჭკნარი ხელით კისერზე ჩამოკიდებული სათვალე მოძებნა. - მაგრამ ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს! - ისევ განაგრძო მან და ახალგაზრდას მიაპყრო თვალები, - შენ ძალიან კარგად იცი, რომ ქვიშის საათი არასდროს გაჩერებულა და რომ ის მუდმივად ბზრიალებს. შეუძლებელია დღეს გაჩერებულიყო! ან რატომ უნდა გაჩერებულიყო? საზღვრის გადაკვეთა ორივე სამყაროს მაცხოვრებლებს სასტიკად ეკრძალებათ, არა მგონია ვინმეს გაებედა... ანდა... - არ ჩერდებოდა მორსი, - მე და შენ აქ რისთვის ვართ? გგონია ვერ შევამჩნევდით ვინმე რომ გამომძვრალიყო?
ვიტას არ ესიამოვნა მოხუცის სიტყვები, რადგან თუ ვინმემ მართლა მოახერხა საზღვრის გადაკვეთა, ეს უდიდეს პრობლემას შექმნიდა. ამასთანავე მათაც მოსთხოვდნენ პასუხს, რადგან ის და მორსი ტყუილუბრალოდ არ მიამაგრეს ამ წყეულ საზღვარს.
-მართლა გაჩერდა!
-მორჩი სისულელეებს! - გაღიზიანდა მოხუცი და ცოტა შეუბღვირა კიდეც.
-გეფიცები! რამოდენიმე წამით გაჩერდა! - საწყლად მიუგო ვიტამ, რომელმაც უკვე აღარ იცოდა როგორ დაემტკიცებინა ის, რაც ნახა.
-შეუძლებელია!
ვიტამ გაჩუმება ამჯობინა, რადგან მორსი მასზე ბერვად უფროსი და ჭკვიანი იყო, თან რადიკულიტი აწუხებდა და მისი ზედმეტად გაღიზიანება არ უნდოდა. მისთვის განკუთვნილ სკამზე ჩამოჯდა, მაგრამ ქვიშის საათისთვის თვალი არ მოუშორებია. ის კი ისევ ბზრიალებდა, როგორც ყოველთვის, როგორც მაშინ, ვიტა ამ საზღვართან პირველად რომ მოვიდა და მორსი გაიცნო.
-გგონია ვინმემ იგრძნო?
მორსი უკვე ფშვინავდა და ვიტას სიტყვები ალბათ ვერც კი გაიგო, მაგრამ რატომღაც მხრები მაინც აიჩეჩა და ძილი განაგრძო.

***
მოხუცი სახელად სომნიუმი, ცდილობდა გახშირებული სუნთქვა დაემშვიდებინა და ხის ძირში ჩამოჯდომა არჩია. არადა სულ რამდენიმე წამის წინ, ერთ მომენტში ისიც კი გაიფიქრა, რომ ბებერი გული ასეთ დატვირთვას ვერ გაუძლებდა და აუცილებლად გასკდებოდა, მაგრამ არა, სომნიუმი უკვე მშვენიერი ტირიფის ქვეშ იჯდა და სრულიად სხვაგვარ სამყაროს ხედავდა.
თავიდან ისიც კი დაავიწყდა, რომ საზღვრის გადაკვეთა ყველა ადამიანზე მოქმედებს და რომ ის - მოხუცი ადამიანი, ახლა სრულიად შეცვლილი იყო. ოდესღაც დამჭკნარი ხელები ნაზი კანით ქონდა დაფარული და სხეულიც სხვაგვარად დამშვენებოდა. აღფრთოვანებულმა და ამასთანავე შეშინებულმა სომნიუმმა ძლივს მოახერხა და მიწიდან წამოდგა. რამოდენიმე ნაბიჯში ნაკადული მორაკრაკებდა და თითქოს თავისკენ იხმობდა ახლა უკვე ახალგაზრდა და სიცოცხლით აღსავსე გოგონას. სომნიუმიც მისკენ გაემართა და ის იყო  წყალში დაინახა თავისი ანარეკლი, რომ სიხარულისგან ლამის შეჰკივლა კიდეც.
უკვე მერამდენე წელი ის ამ გაცვეთილ და გადამჭკნარ კანს ატარებდა? რაც დრო გადიოდა, მით უფრო ავიწყდებოდა თავისი ახალგაზრდობა და ნანახი სურათებითაც კი ვერ იხსენებდა, როგორი იყო. ძალიან დიდი ხნის წინ, როცა სიყვარული ყოველთვის ზღაპარს წააგავს და გაზაფხულსაც პირველი კოცნის გემო აქვს.
ახლა კი მას ულამაზესი გოგონა უყურებდა - დიდი ლურჯი თვალებით, მბზინავი კანით და სისხლისფერი ტუჩებით. მისი თვალები ხშირ წამწამებს დაეფარათ, თმა კი გრძელი და სულმთლად ოქროსფერი ქონდა, არადა სულ რამდენიმე წამის წინ ჩვეულებრივ ვერცხლისფერ ნაწნავს ატარებდა, რომელიც ძველისძველ ბაწარს უფრო გავდა, ვიდრე თმას.
სომნიუმი უყურებდა თავის ანარეკლს და თვალს ვერ წყვეტდა. ხან პროფილში აკვირდებოდა თავის კოხტა სახეს, ხან კი თვალს შევსებულ მკერდს შეავლებდა. ვერ იჯერებდა, რომ ასეთი რამ მართლა შესაძლებელი იყო და როგორც იქნა დაიბრუნა ასე ნანატრი ახალგაზრდობა...
არადა, მართლა ძლივს გადაურჩა მესაზღვრეებს. მემგონი იმ ახალგაზრდა ბიჭმა შენიშნა კიდეც, როცა ქვიშის საათი სულ რამდენიმე წამით გაჩერდა, სომნიუმი კი ახლოსმყოფ ქვის ლოდს ამოეფარა. არა, ნამდვილად არ გამოპარვია იმ ბიჭს მისი გამოქცევა! სომნიუმი წამიერად ჩაფიქრდა. თითქოს შეეშინდა კიდეც, რომ ვინმე აუცილებლად მოაკითხავდა და უდიდეს სასჯელს დაადებდა, მაგრამ მერე დამშვიდდა. ამ სამყაროში ის ისეთივე იყო, როგორც ყველა დანარჩენი და მის საიდუმლოს ვერც ვერავინ გაიგებდა. ანდა როგორ უნდა გაეგოთ? ის არაფრით გავდა იმ სამყაროს წარმომადგენლებს, საიდანაც გამოიქცა. სულაც არ იყო მოხუცი და რადიკულიტიც აღარ აწუხებდა. ნებისმიერი, ვინც კი დაინახავდა სომნიუმს, მხოლოდ იმას გაიფიქრებდა, რომ ეს გოგონა უდაოდ ძალიან ლამაზი იყო. ის კი, რა ხდებოდა მის გონებაში, არავინ იცოდა და არც ის აპირებდა რამის მოყოლას.
თხელი თითები მერამდენეჯერ შეიცურა ოქროსფერ თმაში და წამიერად ისევ საზღვრისკენ გაიხედა, რომელიც მოშორებით ჩანდა. მხოლოდ ახლა გაახსენდა, რომ იქ, ქვიშის საათის მიღმა თავისი საუკეთესო მეგობარი დატოვა და რომ ალბათ უკვე ვეღარასდროს ნახავდა. სოლიტუდო (ასე ერქვა მეგობარს) მასზე რამდენიმე წლით უფროსი იყო და მიუხედავად იმისა, რომ მათ სამყაროში წლები შეუმჩნეველი რჩებოდა, სომნიუმს თავი სულელ ბავშვად მიაჩნდა, როცა მასთან იყო.
სოლიტუდო ძალიან ნაკითხი და განათლებული ქალი იყო, რომელსაც ბოლომდე სჯეროდა - სადაც დაიბადე იქ არის შენი ადგილი და სხვა სახლის ძიებას ადამიანი უნდა შეეშვას. რამდენჯერ უთქვამს სომნიუმს, რომ აინტერესებს, როგორია ცხოვრება საზღვარს მიღმა და როგორია ახალგაზრდობა, რომელიც მათ ასწლეულების წინ გამოიარეს. რამდენჯერ უოცნებია იმაზე, რომ გადაკვეთდა ამ წყეულ ზღვარს და ისევ გაიხსენებდა ხალას წლებს, მაგრამ სოლიტუდო ყოველთვის შეუვალი და მკაცრი იყო. აფრთხილებდა, რომ არ ღირს ქვიშის საათთან ხუმრობა. არადა სომნიუმს უნდოდა, რომ ისინი ერთად გამოპარულიყვნენ. უნდოდა ერთად გაეხსენებინათ ახალგაზრდობა და სრულიად სხვაგვარად ეცხოვრათ, მაგრამ სოლიტუდო კატეგორიულ უარზე იყო. არგუმენტად ის მოყავდა, რომ საზღვრის გადაკვეთა შეუძლებელი და ძალიან საშიში იყო. ნებისმიერი, ვინც  ვერ მოახერხებდა დროულად გაძრომას ქვიშის საათის ქვეშ, მაშინვე გაქრებოდა და სამუდამოდ დაიკარგებოდა დროსა და სივრცეში. ხოლო თუკი ასეთ ადამიანს გაუმართლებდა და შეძლებდა საზღვრის გადაკვეთას, მაშინ სრულიად სხვა სამყაროში მოუწევდა ცხოვრება. ეს კი სოლიტუდოს ძალიან აშინებდა, რადგან უკან დაბრუნება შეუძლებელი იქნებოდა. იქ დარჩენა კი შეიძლება უფრო აუტანელი ყოფილიყო.
ამ მოგონებებმა სომნიუმი ნამდვილად არ გაამხიარულა და ამიტომაც გადაწყვიტა დაევიწყებინა ის სამყარო, სადაც საუკუნეები გაატარა. დაევიწყებინა სოლიტუდო (თუნდაც დროებით) და სრულიად ახალი ცხოვრება დაეწყო. კამკამა ნაკადულის წყლით პირი მოიბანა და ყვავილებისგან გვირგვინი დაიწნა. რამოდენიმე საათი გაატარა მინდორში, სადაც ძალიან სასიამოვნო გრილი სიო უბერავდა. ის ის იყო წამოდგა და ქალაქისკენ გაეშურა, რომ მოშორებით უცნობი ახალგაზრდა შენიშნა.
ბიჭი საკმაოდ მაღალი იყო, მუხის ქერქის ფერი თმა ქონდა და ახალ აბიბინებული ბალახივით მწვანე თვალები. მინდორში იდგა და სადღაც ზემოთ იყურებოდა, როცა სომნიუმი შენიშნა და გაუღიმა. გოგონა მაშინვე გაწითლდა, რამდენი ხანია არავის გაუღიმია მისთვის ასე - უმიზეზოდ. არა, რა თქმა უნდა მის სამყაროშიც უღიმოდნენ ერთმანეთს, მაგრამ ეს ღიმილი უფრო მადლიერების გამომხატველი იყო, ახლა კი ეს ახალგაზრდა უბრალოდ უღიმოდა ლამაზ გოგონას, რომელიც მისგან არც ისე შორს იდგა.
სომნიუმი ადგილიდან არ იძვროდა. გაზაფხულის გრილი სიო მის გრძელ თმას ეთამაშებოდა და ისიც ვერ ბედავდა ბიჭისკენ ნაბიჯის გადადგმას, მაგრამ ახალგაზრდა უფრო თამამი აღმოჩნდა და თავად მიუახლოვდა.
-დღე მშვიდობისა! - ახლოდან ბიჭი კიდევ უფრო ლამაზი ჩანდა, ღიმილი კი მართლაც რომ ძალიან გულწრფელი ქონდა. სომნიუმმა მხოლოდ თავი დაუქნია და ისევ გაწითლდა. წამიერად ისიც კი გაიფიქრა, რომ ხმას თუ ამოიღებდა ბიჭი აუცილებლად ამოიცნობდა მის ბებერ სულს.
-კაბა დაგხევიათ...
სომნიუმმა მხოლოდ ახლაღა შეამჩნია, რომ მუხლთან კაბა მართლა გახეოდა, რამაც გული ცოტათი დაწყვიტა. ამ კაბას დიდი ხნის განმავლობაში იკერავდა იქ - თავის სამყაროში და ძლივს მოძებნა ლამაზი ფერად-ფერადი ნაჭრები, მერე კი ყველასგან ჩუმად კერავდა და ოცნებობდა იმ დღეზე, როცა თავისუფლებას ბოლოსდაბოლოს მოიპოვებდა.
-არასდროს ლაპარაკობთ? - ბიჭს გაეღიმა და სომნიუმიც უფრო მეტად გაწითლდა.
-უკაცრავად... - ერთი ჩაილაპარაკა და მაშინვე გულზე მოეშვა. მისი ხმა სულაც არ წააგავდა მოხუცის გაურკვეველ ბლუყუნს.
-ესე იგი მაინც ვლაპარაკობთ, ძალიან კარგი! მე - ფორსი მქვია, თქვენ?
-მე... სომნიუმი... - ისევ დაბნეული ხმით უპასუხა გოგონამ.
-რა ლამაზი სახელია! არასდროს გამიგია, უცნაურია. ძალიან სასიამოვნოა შენი გაცნობა, სომნიუმ! აქ რამ მოგიყვანა? - ამ კითხვამ გოგონა ცოტა არ იყოს დააბნია და წამიერად გაფითრდა კიდეც, ნუთუ შემატყო რომ აქაური არ ვარო.
-ვსეირნობდი და... მერე ნაკადულთან ჩამოვჯექი...
-გასაგებია, ანუ შენც გხიბლავს აქაურობა? - ფორსმა გაუცინა. -იმედია არ გამინაწყენდები შენობით რომ მოგმართავ?
-არა, რა თქმა უნდა...
-თუ აქაური სილამაზით გული იჯერე, იქნებ ჩემთან ერთად წამოხვიდე? მეგობრების სანახავად მივდივარ და თან გზად შენი კაბაც შევაკერინოთ. რას იტყვი?
-დიდი სიამოვნებით!
სომნიუმს გული ისე სწრაფად უცემდა, რომ სუნთქვა ეკვროდა. ის მართლა საოცნებო ადგილას მოხვდა და პირველივე დღეს ასეთი სასიამოვნო ადამიანი გაიცნო, ამაზე უკეთესი რა შეიძლებოდა რომ მომხდარიყო? გახარებული გოგონა ფორსთან ერთად მიაბიჯებდა და არემარეს დიდი ინტერესით ათვალიერებდა.
-ისე იყურები, თითქოს პირველად ხედავ აქაურობას. - ისევ გაეღიმა ახალგაზრდას, სომნიუმი კი კვლავ შიშმა აიტანა.
-არა, უბრალოდ... ძალიან მიყვარს დაკვირვება, ყველაფრის შესწავლა, თითქოს პირველად ვხედავ...
-გასაგებია, ანუ შენ მეოცნებე ადამიანების ჯგუფს მიეკუთვნები. ადამიანებს, რომლებსაც ყველაფერი უკვირთ! - ჩაეცინა ფორსს და ისევ გზა განაგრძო.
სომნიუმს მართლაც რომ ყველაფერი აკვირვებდა ახლა, რადგან ეს სამყარო ძლიერ განსხვავდებოდა მისი ჩვეული საცხოვრებელი ადგილისგან. ქუჩებში უფრო მეტი ლაღი ფერები ჭარბობდა, როცა მათთან უფრო მკაცრ ფერებს მიქონდა შენობები. ეს უკანასკნელნიც მხოლოდ გართობას თუ ემსახურებოდნენ, როცა სომნიუმის სამყაროში ძალიან ბევრი ბიბლიოთეკა, სამეცნიერო ლაბორატორია და საავადმყოფო იყო. სხვათა შორის უკვე მერამდენე ქუჩას მიუყვებოდნენ და საავადმყოფო არც კი შეხვედრიათ, რამაც რა თქმა უნდა სომნიუმი ძალიან დააინტერესა.
-საავადმყოეფები არ გაქვთ?
-რას გულისხმობ? - გაუკვირდა ფორსს.
-ანუ საავადმყოფოები, სადაც ადამიანები მაშინ მიდიან, როცა შეუძლოდ გრძნობენ თავს... რა ვიცი, როცა ცუდად არიან და ექიმების დახმარება სჭირდებათ.
-ა, საავადმყოფოები! საავდმყოფოები არა, მხოლოდ ერთი საავადმყოფოა, რომელიც ქალაქის მეორე ბოლოშია. რა საჭიროა საავადმყოფოები, როცა ადამიანები ავად არც კი ხდებიან. დიდი-დიდი რამე მოიტეხონ და მაგისთვის ერთი საავადმყოფოც საკმარისია, დანარჩენი კი... რატომ მეკითხები? ან საიდან მოიტანე, რომ საავადმყოფოები უნდა გვქონოდა? შენთვითონ არ იცი, რომ არ გვაქვს? - ფორსი ეჭვისთვალით უყურებდა გვერდითმდგომ სომნიუმს, რომელმაც მაშინვე ინანა თავისი შეკითხვა და გაიფიქრა, ამ სიტუაციიდან როგორ გამომძვრალიყო.
-არა, შენ მე სწორად ვერ გამიგე! უბრალოდ ძალიან ბევრს ვკითხულობ და მაინტერესებს, თუ რას ლაპარაკობენ ადამიანები ამის შესახებ. რომელიღაც წიგნში წავიკითხე, რომ თურმე იქით, ჩვენს მოსაზღვრე სამყაროში, ძალიან ბევრი საავადმყოფოა და მეც დამაინტერესა... - სომნიუმი მიხვდა, რომ არადამაჯერებლად ლაპარაკობდა, მაგრამ ფორსი ან ძალიან გულუბრყვილო იყო, ან ძალიან სულელი. თუმცა, ერთი მეორეს არ გამორიცხავდა.
-კითხვა ასე ძალიან გიყვარს? - გაუკვირდა ახალგაზრდას. - მე ძალიან იშვიათად ვკითხულობ, როგორც ყველა დანარჩენი, მაგრამ არ იდარდო, შენნაირებიც არიან. მაგალითად ჩემი მეგობარი - სორსი, გამუდმებით რაღაცას კითხულობს, ხანდახან იმასაც კი ვფიქრობ, რომ იმ სამყაროს უფრო ეკუთვნის, ვიდრე ჩვენსას, მაგრამ ეს შეუძლებელია, ხომ იცი. არა რა, მაგარი სასაცილო ვინმე ხარ! საავადმყოფოები რამ გაგახსენა?! - ფორსი იცინოდა და კიდევ რაღაცეებს ლაპარაკობდა, სომნიუმი კი მხოლოდ იმაზე ფიქრობდა, რომ ამ სამყაროში ყველაფერი სხვაგვარად იყო და მათ შორის ადამიანებიც არ გავდნენ მის ნაცნობებს. მათი აღქმაც უცხო იყო და ეს ცოტა არ იყოს აბნევდა, თუმცა ის მაინც მეოცნებე ადამიანი გახლდათ და ამიტომ სჯეროდა, რომ ადრე თუ გვიან აუცილებლად გაუგებდა ამ უცნაურ ადამიანებს.
-ეტყობა რაღაც საიდუმლო გაქვს.
-საიდან დაასკვენი?
-რაღაც ძალიან ჩუმად ხარ და მხოლოდ მე ვლაპარაკობ.
-უბრალოდ მომწონს შენი მოსმენა და თან... არც ისე ბევრი რამ მაქვს მოსაყოლი...
-და ან ძმა გყავს?
-კი, მყავს... - სომნიუმს არც ისე ესიამოვნა ამის გახსენება, იმიტომ რომ თავის დას უკვე მერამდენე წელი არ ელაპარაკებოდა და წამოსვლის წინაც კი არ უცდია მასთან შერიგება. ინანისი სულაც არ იყო ცუდი ადამიანი, პირიქით - ძალიან ჭკვიანი და ბრძენი გახლდათ, მაგრამ მას არასდროს ესმოდა სომნიუმის და ამის გამო ისინი ყოველთვის ჩხუბობდნენ. რამდენიმე წლის წინაც ასე მოხდა და ისე იჩხუბეს, რომ მას მერე ხმა აღარ გაუციათ ერთმანეთისთვის. სომნიუმი ცდილობდა გაეხსენებინა რა იყო ჩხუბის მიზეზი, მაგრამ ვერა და ვერ გაიხსენა. თუმცა რა უნდა ყოფილიყო? როგორც ყოველთვის ყველაფრის თავი და თავი თითოეულის სიჯიუტე და ამპარტავნება იქნებოდა.
-და მყავს. ჩემზე ხუთი წლით უფროსი, მაგრამ კარგა ხანია აღარ ველაპარაკებით ერთმანეთს.
-რატომ?
-რა ვიცი... გრძელი ამბავია... - გრძელი ამბავი მხოლოდ ერთი შეხედვით იყო, სინამდვილეში კი სომნიუმს ამაზე საუბარი უბრალოდ არ სურდა.
-შენ გყავს და ან ძმა?
-მე უმცროსი და მყავს - ფლოსი. გაგაცნობ, მოგეწონება. ძალიან მხიარული ადამიანია.
ამასობაში ისინი პატარა კაფესაც მიუახლოვდნენ, სადაც ძალიან ბევრ ახალგაზრდას მოეყარა თავი. ფორსის გამოჩენამ ყველას ყურადღება მიიპყრო და მასთან მდგომი უცნობი ლამაზმანიც მათი მზერის ობიექტი გახდა. სომნიუმი დაბნეული იყურებოდა აქეთ-იქით, ფორსს კი კმაყოფილი გამომეტყველება ქონდა, რადგან თავის მეგობრებში ყველასათვის უცნობ ლამაზმანთან ერთად გამოჩნდა.
-შეიძლება ვიკითხო ამდენი ხანი სად დაეხეტები? - მათ საშუალო სიმაღლის გოგონია მიუახლოვდა და ფორსს ისე შეხედა, რომ სომნიუმმა მაშინვე გაიფიქრა, ან და იქნება, ან შეყვარებულიო. დააკვირდა და მიხვდა, რომ და იყო, რადგან გოგონა ძალიან გავდა მის ახალ ნაცნობს.
-აი, ეს არის ჩემი დაიკო - ფლოსი. გაიცანი, ეს - სომნიუმია. - გოგონას ჯერ უნდოდა რაღაც არასასიამოვნო ეთქვა, მაგრამ ეტყობა სომნიუმი მაინც მოეწონა და ზრდილობიანად გაუღიმა.
-სასიამოვნოა, სომნიუმ, იმედია, ჩემმა ძმამ სულ არ გადაგრიათ, ეგეთები ეხერხება.
-არა, არა, ძალიან სასიამოვნო იყო ჩვენი საუბარი...
-ოჰ, ნუთუ სორსიც აქაა! - გახარებულმა ფორსმა მეგობარს ხელი დაუქნია და თავისკენ მოიხმო. - აი, ამაზე გიყვებოდი. - ჩასჩურჩულა სომნიუმს და ისევ სორსს მიუბრუნდა. - ნუთუ ჩემი თვალები მართლა გხედავენ?
-კარგი, გეყოფა, ხალხს ეგონება სახლიდან არ გამოდისო.
ის იყო მაღალი, თავთუხისფერი თმა ქონდა. ცოტა უხეში ნაკვთებით, მაგრამ ძალიან თბილი ღიმილით. სორსი - იყო სწორედ ასეთი, უჩვეულო, უცნობი, მაგრამ ამასთანავე ძალიან ნაცნობი. სომნიუმი უყურებდა და ფიქრობდა, რომ ალბათ სადღაც, წინა ცხოვრებაში, უდაოდ ყავდა ნანახი.
-თქვენი სახელი ვერ გავიგე...
-ბატონო? - სულ დაიბნა გოგონა.
-მე - სორსი მქვია და თქვენ?
-სომნიუმი.
-ლამაზი სახელია. მელოდიური.
-მადლობა.
-ადრე არასდროს მინახიხართ აქ...
-არ მიყვარს ხალხმრავლობა. - სომნიუმმა მხოლოდ ახლაღა შეამჩნია, რომ ფლოსი და ფორსი დიდი ხნის წინ გასულიყვნენ ოთახის მეორე ბოლოში და ის კი სორსთან მარტო დარჩენილიყო.
-არც მე.
-მართლა?
-ვიცი, უცნაურია, მაგრამ ასეთი ადგილები ძალიან მღლის.
-მეც.
სომნიუმი დაფიქრდა, რომ ადრე ყველაფერს გაიღებდა იმისთვის, რომ ასეთ ადგილას აღმოჩენილიყო. უდაოდ დატკბებოდა სასმელით და ალბათ ძალიან ბევრ სისულელეს მოისმენდა გარშემომყოფებისგან, მაგრამ ახლა რაღაც არ აინტერესებდა მათი ქცევა. არ უნდოდა მათთან ყოფნა, რადგან სორსთანაც კარგად გრძნობდა თავს.
-ცხოვრება ძალიან მოკლეა იმისთვის, რომ ასეთ სისულელეებში დახარჯო დრო. - ჩაილაპარაკა სომნიუმმა და სორსსაც გაეცინა.
-მოხუცივით ლაპარაკობ, თუმცა... რა ვიცი... რა ვიცი მოხუცები როგორ ლაპარაკობენ.
-არ იცი?
-საიდან უნდა ვიცოდე? ეს საზღვარი რაც თავი მახსოვს, აქ არის. ასე იყო და ასე იქნება. არადა ხანდახან ისე მინდა, რომ ცალი თვალით მაინც დავინახო, თუ როგორ ცხოვრობენ იმ მხარეს...
სომნიუმმა თავი დახარა, რაღაც სევდა იგრძნო, მაგრამ ამის მიზეზს ვერ ხვდებოდა. ერთის მხრივ სორსს უთანაგრძნობდა, რომ მან, მასავით, ორივე სამყარო ვერ ნახა, მაგრამ, მეორეს მხრივ, რაღაცნაირად თითქოს ენატრებოდა კიდეც სამშობლო.
-არა მგონია იქ ამაზე უკეთესი იყოს.
-რატომ გგონია მასე? არადა მე სულ სხვა აზრის ვარ.
-მაინც?
-მგონია, რომ აქ ყოფნა ძალიან მოსაბეზრებელია. კარგი, სულ ახალგაზრდები ვართ და არასდროს დავბერდებით, არ შეგვაწუხებს რადიკულიტი და გზაზე გადასვლისას დახმარება არ დაგვჭირდება, მაგრამ ამით რა? დრო აქ გაჩერებულია. განვითარება გაჩერებულია. იმაზე მეტს ვერ ისწავლი, ვერ გაიგებ, ვერ შეიცნობ, რაც აქ არის. ჩაკეტილ სივრცეში ვცხოვრობთ... იმ სამყაროში კი ყველაფერი სხვაგვარადაა. ადამიანები შეიძლება ბერდებიან, მაგრამ დროს ტყუილად მაინც არ ფლანგავენ და შესაძლებლობებიც მეტი აქვთ.
სორსი ისეთი აღფრთოვანებით ლაპარაკობდა, რომ სომნიუმი ხმას ვერ იღებდა და გაოგნებული უყურებდა. მერე ისევ თავი დახარა და სევდიანად ამოიოხრა.
-არ არის მასე. იქაც თავისებურად დგას დრო. ყოველი დღე წინას გავს. ყველაფერი ერთნაირია. ეს ძალიან დამღლელია.
-შენ საიდან იცი?
-გამიგია... წამიკითხავს... - შეშინებულმა უპასუხა სომნიუმმა და გაიფიქრა, რომ ამაზე ლაპარაკი აღარც ღირდა.
-სორს!
კარებში ახალგაზრდა ქალი იდგა. ლამაზი და კოხტა იყო, მაგრამ სომნიუმს ძალიან დაღლილი მოეჩვენა.
-დედა? - გაუკვირდა სორსს.
-ეს დედაშენია? - სომნიუმი თვალს ვერ წყვეტდა ქალს.
-ჰო, რა იყო?
-რა ახალგაზრდაა...
-აბა ბებერი საიდან იქნებოდა? - გაეცინა სორსს და თავის ქურთუკს დასტაცა ხელი.
-არ მომაქციო ყურადღება, ალბათ ჩვენმა საუბარმა სულ ამირია ტვინი.
გოგონამ უკვე მერამდენეჯერ გაიფიქრა, რომ სანამ რამეს იტყოდა, ერთი ასჯერ მაინც უნდა აეწონა თითოეული სიტყვა.
-უნდა წავიდე. ხვალ ხომ გნახავ?
-კი, თუ გინდა.
-მაშინ ხვალამდე, სომნიუმ.
-ხვალამდე, სორს.
ახალგაზრდა კარებში ისევ მოტრიალდა და სომნიუმს გაუღიმა, მერე კი დედამისს მიუტრიალდა, რომელიც გოგონას მისჩერებოდა და უცნაურად აკვირდებოდა.
-ეს ვინაა, შვილო?
-ახალი ნაცნობი. ფორსის მეგობარია. სომნიუმი ქვია.
-სომნიუმი?
-ჰო, უცნაური სახელია, არა?
-კი. ძალიან.
-წავედით?
-კი, წავედით!
ის ის იყო კარები უნდა დაეხურა, როცა ფორსი გამოჩნდა და მეგობრის დედას მიესალმა.
-დეიდა ტემპუს, როგორ ხართ?
-კარგად, თავად როგორ გიკითხო?
-არაფერს ვუჩივი! - გაეცინა ახალგაზრდას.
-ეს გოგონა საიდან გაიცანი?
-ვინ?
-სომნიუმი.
-მინდორზე შემხვდა. ხომ ლამაზია?
-ესე იგი მინდორზე...
-დედა, რა იყო?
-არაფერი, წავედით, შვილო!
წასვლის წინ ტემპუსმა ისევ შეავლო თვალი უცნობ გოგონას და მხოლოდ ამის შემდეგ გაუყვა ქუჩას, მაგრამ ხმა აღარ ამოუღია.

***
-მორს?
-ჰმ? - მორსს სთვლემდა და დიდი ძალისხმევა დასჭირდა, რომ ეს ორი ბგერა გამოეთქვა.
-რა მოხდება საზღვარი რომ ვინმემ გადაკვეთოს?
ამ კითხვამ მოხუცი გამოაფხიზლა და უკმაყოფილოდ ამოისუნთქა. ახალგაზრდებს სჩვევიათ ბევრი კითხვის დასმა და როგორც წესი ზედმეტად ბევრს ფიქრობენ იმაზე, რასაც ფიქრი საერთოდ არ სჭირდება. განსაკუთრებით მათი - ახალგაზრდების და უცოდინრების. ვიტა არ იყო ცუდი ბიჭი, მაგრამ ხანდახან მორსს ძალიან ღლიდა უაზრო შეკითხვებით.
-შენსას მაინც არ იშლი?
ბიჭმა ხმა არ ამოიღო.
-კეთილი. საზღვარი რომ ვინმემ გადაკვეთოს რა მოხდება? რა უნდა მოხდეს? ისეთი გლობალური კატასტროფა შეიძლება არ გამოიწვიოს, მაგრამ არეულობის მიზეზი კი იქნება. აბა წარმოიდგინე, რომ ერთი სამყაროდან მეორეში ვიღაცამ შეაღწია... ეს ორი სამყარო ხომ რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან და ადამიანებიც ისე არიან მოწყობილები, რომ მხოლოდ თავიანთთვის განკუთვნილ სამყაროში შეძლებენ ცხოვრებას. ის კი ვინც ამ ბალანსს დაარღვევს... - წამიერად მოხუცს სახეზე ძალიან დიდი სევდა დაეტყო.
-რა მოუვა? - შეშინებულმა იკითხა ვიტამ.
-რა უნდა მოუვიდეს? ბუნება ბალანსს მაინც აღადგენს, რადგან ცხოვრების ჯაჭვი არ უნდა დაირღვეს... ერთი რგოლის ამოვარდნაც კი სხვების ამოვარდნას გამოიწვევს. სწორედ ამიტომ ვდარაჯობთ მე და შენ ამ საზღვარს.
-ანუ დააბრუნებს იქ საიდანაც მოვიდა? - იმედით კითხა ვიტამ.
-აბა რა გითხრა, შვილო, მე რამდენადაც ვიცი საზღვარი უკან არავის იღებს.
-და რა ემართება იმას, ვისაც დაბრუნება მოუნდება?
-ფერფლად იქცევა.
ცოტა ხანი ვიტა ჩუმად იყო, თუმცა დაძაბულობა მთელ სახეზე ეტყობოდა.
-მაგრამ არ იდარდო, საზღვარი ხომ ჯერ არავის გადაუკვეთავს.
ვიტას არაფერი უპასუხია, მორსი კი ცოტა ხანს ჩაფიქრებული იყო, მერე კი ისევ ჩაეძინა.

***
ახალი სამყარო ძალიან უცნობი, მაგრამ საინტერესო აღმოჩნდა. სომნიუმი თითოეული დღით ტკბებოდა, ისევე როგორც უქონელი ტკბება უეცრად შეძენილი ძვირფასი განძით. მას აკვირვებდა ყველაფერი - ფერადი ტანსაცმელი, სხვადასხვა სასიამოვნო სასმელი, ადამიანების სიცილი, რომლებმაც მგონი მხოლოდ სიხარული იცოდნენ და სევდის შესახებ არც არაფერი ქონდათ გაგებული. ეს სამყარო მართლაც რომ ძალიან განსხვავდებოდა მისთვის ჩვეული გარემოსგან... და რაც ყველაზე მთავარია, იქ იყო სორსი.
ის სხვებს არ გავდა და ალბათ სწორედ ამიტომ იზიდავდა სომნიუმს. შედარებით მშვიდი, გაწონასწორებული და ძალიან ჭკვიანიც კი იყო. ეს მართლაც რომ აკვირვებდა გოგონას, რადგან მის გარშემო მყოფ ახალგაზრდებს აზროვნება საკმაოდ შემოფარგლული ჰქონდათ. მათ არ აინტერესებდათ იყო თუ არა სიცოცხლე სხვა პლანეტებზე, არსებობდა თუ არა სხვა გალაქტიკები, არ აინტერესებდათ ის ფილოსოფიური კამათები, რომლებიც სომნიუმის სამყაროში ჩვეული ამბავი იყო. ისინი არ დარდობდნენ ყოფნა არ ყოფნის საკითხზე და არც ჭეშმარიტ ლიტერატურაზე ბჭობდნენ. მათი ცხოვრება იმ მომენტში იყო უსასრულო. თითქოს ერთი კონკრეტული დროის მონაკვეთი, რომელიც მხიარულებითა და სიცოცხლით იყო აღსავსე, არ მთავრდებოდა და ყოველდღიურად მეორდებოდა. სომნიუმს ეს თავიდან ხიბლავდა, ახარებდა, სორსს კი გამუდმებით ღლიდა და ხშირად ჩაფიქრებული გაჰყურებდა საზღვრის მიმდებარე ტერიტორიას.
-ნუთუ მართლა ასე გაინტერესებს იქაური ცხოვრება? - ვერ მოითმინა სომნიუმმა და მაინც კითხა.
-აქაურობამ დამღალა...
-კი მაგრამ, რატომ?
ალბათ ეს შეკითხვა ძალიან სულელურად ჟღერდა, რადგან თავად სომნიუმმაც საკუთარი სამშობლო მხოლოდ იმიტომ დატოვა, რომ იქაურმა ერთფეროვნებამ დაღალა.
-შენ არ მოგბეზრდა აქაურობა?
სომნიუმმა მხრები აიჩეჩა, მაინც არ სიამოვნებდა ტყუილის თქმა და ის, რომ სორსს სიმართლეს არ ეუბნებოდა, ძალიანაც აწუხებდა.
-წახვიდოდი?
-საზღვრის გადაკვეთა შეუძლებელია.
-შეუძლებელი არაფერია.
-იცი, რომ არ ვიყო დარწმუნებული იმაში, რომ შეუძლებელია, იმასაც კი გავიფიქრებდი, რომ შენ იმ სამყაროდან მოხვედი.
სორსს გაეცინა, სომნიუმმა კი თვალი აარიდა და ცოტა ნერვიულად შეისწორა კაბა.
-მაგრამ წახვიდოდი?
-კი, წავიდოდი. შესაძლებელი რომ ყოფილიყო.
-რატომ? რომ დაბერდები?
-მერე რა? - გაეცინა სორსს. - სამაგიეროდ ერთ წერტილში არ ვიდგები, განვვითარდები, გავიზრდები, ვისწავლი, შევისწავლი, შევიცნობ სამყაროს...
-გგონია, ეგ მოსაბეზრებელი არაა?
სომნიუმს ძალიან უნდოდა სორსი დაეთანხმებინა და მასაც ეთქვა, რომ აქ ცხოვრება უდაოდ ჯობია იმ სამყაროს, რომლიდანაც გოგონა სულ ახლახანს გამოიქცა და ამას მხოლოდ ერთი მიზეზი ქონდა. მიუხედავად იმისა, რომ სომნიუმს უჭირდა ამის აღიარება და თავის თავსაც კი უმალავდა ამ სიმართლეს, ეს სამყარო მართლა ბეზრდებოდა. ყოველი დღე წინას, თუ მომავალს გავდა, რაც დროის შეგრძნება სრულიად უკარგავდა. ადამიანები კი არც ისე საინტერესოები იყვნენ, თუნდაც იმიტომ რომ მისი ხშირად არ ესმოდათ.
სომნიუმის სამყაროში ახალ ინფორმაციასთან ერთად ახალ ნაოჭს იძენდნენ და ყველაზე დანაოჭებული ადამიანი უდაოდ ყველაზე ჭკვიანი იყო, აქ კი ყველა ერთმანეთს გავდა. ხშირად ხდებოდა, რომ მისი ახალშეძენილი მეგობრები რაღაცის მოყოლას დაიწყებდნენ და ისიც უეცრად გაიხსენებდა თავის წინა ცხოვრებას, რომელიმე წიგნს მოიყვანდა მაგალითად და ხვდებოდა, რომ არავის არაფერი ესმოდა და მისი მსჯელობაც დანარჩენებისთვის ზედმეტად რთული აღსაქმელი იყო. რაც უფრო მეტი დრო გადიოდა სომნიუმი მით უფრო ხშირად დუმილს ამჯობინებდა და მხოლოდ ზრდილობიანად იღიმოდა, როცა ახალ ამბებს ყვებოდნენ, ანდა რა უნდა მოეყოლა? მათი ინტერესებიც კი ძლიერ განსხვავდებოდა. სომნიუმს რომ დაეწყო მოყოლა, თუ როგორ უყვარს შექსპირი იმის გამო, რომ მას ადამიანის სრულყოფილად დანახვის და გადმოცემის უნარი აქვს, მის გარშემომყოფებს ეს სასაცილოდაც არ ეყოფოდათ.
-არ ვიცი, შეიძლება მართალი ხარ...
სომნიუმმა მხრები აიჩეჩა და ამაზე ლაპარაკი აღარ გაუგრძელებია.
-შენთან მსიამოვნებს საუბარი. არ გავხარ სხვებს. სრულიად განსხვავებული ხარ.
-მაინც როგორი?
-რა ვიცი, შენთან შემიძლია ნებისმიერ თემაზე ვისაუბრო და ვიცი, რომ არ დამცინებ. არ დაიწყებ იმის მტკიცებას, რომ გავგიჟდი. ფორსი სულ მოსაწყენს მეძახის...
-ჰო, მესმის შენი.
-სულ დამავიწყდა!
სორსი ფეხზე წამოდგა და სომნიუმს მიუტრიალდა.
-დედაჩემს უნდა შენი გაცნობა, მთხოვა დღეს ვახშამზე დამეპატიჟებინე. ხომ მოხვალ?
-დიდი სიამოვნებით, ოღონდ ფორსს გავაფრთხილებ, რომ მათთან დღეს ვერ ვივახშმებ.
-ისე არ გიჭირს მათთან ცხოვრება?
-არც ისე. თან მათ სახლში ძალიან ცოტა დროს ვატარებ და...
-ვწუხვარ, რომ თქვენი სახლი დაიწვა.
-მეც.
სომნიუმმა ისევ თვალი აარიდა, არ უნდოდა ტყუილი დატყობოდა. ეს ამბავი იმ დღეს მოიფიქრა, როცა საზღვარი გადმოკვეთა. სადმე უნდა დარჩენილიყო და ამიტომ თქვა, რომ მათი სახლი ტყის პირას იყო და ერთ დღესაც ცეცხლი წაეკიდა. მშობლები დაიღუპნენ, ის კი გადარჩა და მას მერე მინდორში ცხოვრობდა, იმიტომ რომ დასთან დიდი ხნის ნაჩხუბარი იყო. რა თქმა უნდა ამ ისტორიამ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია და ყველას ძალიან შეეცოდა საბრალო გოგონა. ბევრმა შესთავაზა ჩემთან იცხოვრეო, მაგრამ სომნიუმი მაინც ფორსს დათანხმდა, როგორც პირველ მეგობარს. დრო კი გავიდა და ეს ისტორიაც ვითომ მიივიწყეს, მაგრამ ხანდახან მაინც იხსენებდნენ საბრალო გოგოს წარსულს და უცნობ-ნაცნობი გოგონები თანაგრძნობით უყურებდნენ სომნიუმს. ისიც შეეჩვია ასეთ რეაქციას და ცდილობდა ყურადღება არ მიექცია, მაგრამ როცა სორსი იხსენებდა ამ ამბავს, მაშინვე ნერვიულდებოდა.
-კარგი, მაშინ შვიდისთვის გელოდები.
სორსმა გაუღიმა და ქუჩას გაუყვა. სომნიუმი კი ცოტა ხანს იდგა და თვალი საზღვრისკენ გაურბოდა, მერე მოტრიალდა და სახლისაკენ წასვლა ამჯობინა.

***
სორსის სახლი ძალიან ლამაზი იყო, თუმცა ამ სამყაროში ყველაფერი ძალიან ლამაზი იყო. სხვანაირად ლამაზი. სომნიუმის სამყაროშიც იყო სილამაზე, მაგრამ ის უფრო თავშეკავებული, ცოტა მკაცრი და ცივი იყო, აქ კი ყველაფერი ფერებად იღვრებოდა. სორსის სახლი კი უჩვეულოდ მშვიდი ჩანდა და ფერთა სიჭარბე თვალს არ ღლიდა. წამიერად სომნიუმმა ისიც კი გაიფიქრა, რომ საკუთარ სახლში აღმოჩნდა.
გოგონას კარებშივე შემოეგებნენ სორსი და დედამისი, ძალიან ლამაზი და უჩვეულოდ ახალგაზრდა ქალი. ისე გამოიყურებოდა, თითქოს საკუთარ შვილზე სულ რამოდენიმე წლით იყო უფროსი. სომნიუმს დანახვისას თბილად გაუღიმა, მაგრამ რატომღაც გოგონას ისეთი შეგრძნება დაეუფლა, რომ ქალი აკვირდებოდა და მის შესწავლას ცდილობდა.
-ძალიან სასიამოვნოა შენი გაცნობა, სომნიუმ. მე სორსის დედა ვარ - ტემპუსი.
ამ სახელის გაგონებისას სომნიუმი ცოტათი შეცბა, რადგან მსგავსი სახელით აქ არავინ გაუცვნია, თვითონ სახელი კი მისთვის საკმაოდ ნაცნობი იყო.
-მობრძანდი შვილო, ვივახშმოთ.
როგორც აღმოჩნდა სორსს მამა არ ყავდა. ამაზე ბევრი არ ულაპარაკიათ. ტემპუსმა მხოლოდ ის თქვა, რომ ლიბერტასი დიდი ხნის წინ დაიღუპა და მას მერე ის და სორსი მარტოები ცხოვრობენ. სომნიუმი აღარ ჩასძიებია, თუმცა მაინც დააინტერესა ამ ისტორიამ, იმიტომ, რომ ამ სამყაროში ვინმეს სიკვდილი ძალიან იშვიათი რამ იყო.
ხან რაზე საუბრობდნენ, ხან რაზე. სომნიუმი ცდილობდა მსმენელის როლში ყოფილიყო, ან რაღაცეებს იგონებდა, როცა ბავშვობაზე და მშობლებზე ეკითხებოდნენ. მას მერე იმდენი ათასწლეული გავიდა, რომ გოგონას ნამდვილად არ ახსოვდა, თუ როგორი ბავშვი იყო. სორსი მის საუბარს ჩვეულებრივად აღიქვამდა, ხოლო ტემპუსი თითქოს რაღაცას ეჭვობდა და უფრო მეტ კითხვას უსვამდა. საღამო დასასრულს უახლოვდებოდა და სომნიუმიც ძალიან დაიღალა, იმიტომ, რომ უკვე უჭირდა აზრების მწყობრში მოყვანა და ტყუილებს გონებას ვეღარ ატანდა.
-ახლავე დავბრუნდები.
სორსმა რამოდენიმე ხნით დატოვა დედა თავის მეგობართან, რამაც პირველი თითქოს გაახარა, ხოლო მეორე უფრო მეტად აანერვიულა.
-რამდენი ხანი გავიდა? - უეცრად დაარღვია სიჩუმე ტემპუსმა.
-რამდენი ხანი გავიდა რის შემდეგ? - დაიბნა სომნიუმი.
-რაც საზღვარი გადმოკვეთე.
-რას გულისხმობთ? - სომნიუმს გაეღიმა, მაგრამ ხმა მაინც აუკანკალდა.
-იცი, რასაც ვგულისხმობ. შენ საზღვარი გადმოკვეთე და ამ სამყაროში გადმოხვედი. - ქალსაც გაეღიმა.
-ძალიან კარგად იცით, რომ ეს შეუძლებელია! - გაფითრებულმა უპასუხა სომნიუმმა.
-არც ისე შეუძლებელი, რახან მე და შენ აქ ვსხედვართ.
ქალი ისევ იღიმოდა, სომნიუმი კი ჩუმად იჯდა და ყურებს არ უჯერებდა.
-თქვენც..?
პასუხის მაგივრად ტემპუსმა თავი დაუქნია.
-რამდენი ხანია?
-უკვე აღარ ვიცი. აღარ ვითვლი...
-მერე სორსმა იცის?
-არა. რა თქმა უნდა არა! არავინ იცის და არც უნდა გაიგოს.
-კი მაგრამ რატომ? მას ხომ ასე უნდა იქით გადასვლა და ის აუცილებლად გაგიგებთ!
-სწორედ მაგიტომ არ უნდა იცოდეს!
-რატომ?
-შენ ჯერ ეტყობა ვერ გაიგე აქ ცხოვრება რას ნიშნავს, როგორც ის რომ სადაც დაიბადე იქაა შენი ადგილი. მოგვწონს, თუ არ მოგვწონს ჩვენ იმ მიწას ვეკუთვნით სადაც დავიბადეთ და სხვა სამშობლო არ უნდა ვეძებოთ. ეს მხოლოდ თავიდან გგონია, რომ ის სამყარო საზღვარს მიღმა ძალიან ლამაზი და მშვენიერია, მერე კი ხვდები, თუ რამდენად არ ეკუთვნი მას და რომ შენი ადგილი იქ არაა. მე და ჩემ ქმარს ძალიან გვიყვარდა ერთმანეთი, გვიყვარდა ცხოვრება და ალბათ შენსავით მოგვბეზრდა ის ერთფეროვანი სამყარო, რომელსაც ნაფტალინის და ვალიდოლის სუნი ასდიოდა. სწორედ ამიტომ გამოვიქეცით და აქ დავიწყეთ ცხოვრება. თავიდან ყველაფერი მშვენიერი იყო. ცხოვრება ულამაზესად გვეჩვენებოდა და ვტკბებოდით თითოეული წამით, მაგრამ მერე... მერე ჩვენთვის დრო იმდენად გაჩერდა, იმდენად აუტანელი გახდა, რომ დაბრუნებაზე დავიწყეთ ფიქრი. უკვე სორსიც გვყავდა, მაგრამ ჩემი მეუღლე თავისას არ იშლიდა და... ერთ დღესაც გაიქცა.
-გაიქცა? - შიშით იკითხა სომნიუმმა.
-გაქცევა სცადა, მაგრამ ყველამ ვიცით რა ელის იმას, ვინც საზღვარს მეორედ გადაკვეთს. იღბალი მეორედ, სავარაუდოდ, არ გაგიღიმებს და მიწაც თავის მსხვერპლს მოითხოვს.
-თქვენი ქმარი...
-ფერფლად გადაიქცა...
-კი მაგრამ?
სომნიუმი შეშინებული უსმენდა ტემპუსის ისტორიას და ცრემლებს ძლივს იკავებდა. ის კი ძალიან მშვიდი და გაწონასწორებული ხმით უყვებოდა თავისი ცხოვრების ამბავს, თან თვალებიდან დიდ სევდას ასხივებდა.
-რატომ არ გავყევი?
სომნიუმი დუმდა.
-იმიტომ, რომ შემეშინდა. იმიტომ, რომ უკვე სორსი მყავდა. იმიტომ, რომ იღბალი მეორეჯერ არავის უღიმის...
სიჩუმე ჩამოწვა.
-გაგიჭირდება. თუ უკვე არ გიჭირს, მაგრამ სანამ ჯერ კიდევ შეგიძლია, იქნებ სცადო და დაივიწყო წარსული?
-ვცდილობ. არ გამომდის.
გულწრფელად აღიარა სომნიუმმა და თავი ჩაქინდრა. მართლა არ იცოდა რა ეთქვა და ალბათ სწორედ ამიტომ გაუხარდა სორსის დაბრუნება, რომელსაც დაძაბულობა არ გამორჩა და გაკვირვებული უყურებდა ხან დედას, ხან სომნიუმს.
-უნდა წავიდე.
გოგონა წამოდგა და ქურთუკს დასტაცა ხელი.
-დიდი მადლობა სასიამოვნო საღამოსთვის, მაგრამ უკვე გვიანია.
სორსმა ერთი გადახედა დედას და სომნიუმს გაჰყვა.
-მოიცა, გაგაცილებ.
სომნიუმი ჩუმად მიაბიჯებდა და ტემპუსის სიტყვებს თავიდან ვერ იგდებდა. სორსი გრძნობდა, რომ რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი გამოტოვა, მაგრამ კითხვის დასმას ვერ ბედავდა და სიჩუმეს სჯერდებოდა.
ქუჩა განათებული იყო. ბრდღვიალა ლამპიონები არემარეს სინათლეს ფენდნენ, ფეხქვეშ კი ჩამოცვენილ ფოთლებს ხრაშა-ხრუში გაუდიოდათ. სომნიუმი მხოლოდ ახლაღა დაფიქრდა, რომ ზაფხული შემოდგომამ შეცვალა და უკვე კარგა ხანი იყო გასული მას შემდეგ, რაც აქ არის, რაც საზღვარი გადმოკვეთა და ახალ სამყაროში დაიწყო ცხოვრება. წამიერად ისიც კი გაიფიქრა, რომ შეიძლება უკვე ძალიან დიდი ხანია აქ და ვეღარც კი გრძნობს, თუ როგორ მიდის დრო. იქნებ მეათეჯერ ხვდება შემოდგომას და არც კი იცის?
-რომელი თვეა? - უცბათ იკითხა და სორსს მიუბრუნდა, რომელიც ამ კითხვას ნამდვილად არ ელოდა.
-ოქტომბერი... რა იყო?
-მე და შენ როდის გავიცანით ერთმანეთი?
-მაისში, არ გახსოვს? - გაეღიმა ბიჭს.
-რომელ მაისს?
-ამ მაისს, სომნიუმ, რა მოხდა?
გოგონა გაჩუმდა. ალბათ ტემპუსთან საუბარმა სულ აურია თავგზა და ახლა მარტოობა სჭირდებოდა. მარტოობა და სიმშვიდე, რომ საკუთარ თავში გარკვეულიყო და ბევრი რამ გაეგო. სორსს მიუბრუნდა, რომელიც ძალიან დაბნეული ჩანდა.
-რა იცი, რომ მე და შენ პირველად ვხვდებით ოქტომბერს?
ბიჭს გაეცინა, მაგრამ როცა სომნიუმის სახეზე ხუმრობა ვერ ამოიკითხა კიდევ უფრო დაიბნა.
-რას გულისხმობ?
-იქნებ მე და შენ უკვე მეათეჯერ ვხვდებით ამ შემოდგომას, იქნებ წინა წელსაც ასე მოვსეირნობდით, იქნებ...
-სომნიუმ, სისულელეებს ლაპარაკობ. მე და შენ ამ მაისს გავიცანით ერთმანეთი და ეს ჩვენი პირველი შემოდგომაა ერთად.
-მაგრამ დრო აქ გაჩერებულია! - სასოწარკვეთილი ხმით წარმოსთქვა გოგონამ.
-კი, გაჩერებულია, მაგრამ... შენ ახლა ყველაფერს უფრო ართულებ... არც ასე ცუდადაა საქმე.
-შენთვითონ არ ჩიოდი, რომ აქ ყველაფერი უცვლელიაო?
-კი, მაგრამ მე არ მითქვამს, რომ ჩვენ ყველაფრის შემჩნევის უნარს ვკარგავთ... სომნიუმ, მგონია, რომ გადაიღალე... - სორსი მოეხვია, მაგრამ სომნიუმმა შვება ვერ იგრძნო.
-შენ არ გესმის... - ჩაილაპარაკა გოგონამ და უფრო ძლიერ მიეკრო.
-არა, მე და შენ ერთმანეთის ყოველთვის გვესმის.
-უკვე აღარ...
-ეტყობა ცუდი დღეა. ხვალ ყველაფერი კარგად იქნება. აბა გამიღიმე! - სომნიუმმა სცადა გაღიმება, მაგრამ მთლად დამაჯერებელად ვერ გამოუვიდა. მერე კი სრულიად უეცრად თითქოს, რაღაც მნიშვნელოვანს მიხვდა და მისი ღიმილიც ძალიან თბილი გახდა...
-რამე მოხდა?
-არაფერი ისეთი, რაც არ უნდა მომხდარიყო.
-რას გულისხმობ?
-მიხარია, რომ გაგიცანი.
-მეც მიხარია. მაგრამ ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ მემშვიდობები...
სომნიუმმა სევდანარევი ღიმილით ახედა და ხელი ხელზე მოუჭირა.
-არ დამივიწყო, კარგი? 
-რატომ უნდა დაგივიწყო?
-რა ვიცი, ადამიანებს იმდენი რამ გვავიწყდება.
-მაგრამ ხვალ ხომ გნახავ?
სომნიუმს არაფერი უთქვამს, ისე აიწია ფეხის წვერებზე და ნაზად აკოცა ტუჩებში. მერე თბილად მოეხვია და ყურში ჩასჩურჩულა.
-არასოდეს, არასოდეს გადაკვეთო საზღვარი. დამპირდი, კარგი?
-საზღვრის გადაკვეთა შეუძლებელია.
გაეცინა სორსს.
-დამპირდი, გთხოვ!
-კარგი, გპირდები!
სომნიუმმა გაუღიმა და კიდევ ერთხელ აკოცა. შემდეგ მოტრიალდა და ქუჩაში გაუჩინარდა.

***
სომნიუმი ისევ იმ ხის ძირას იჯდა, სადაც აღმოჩნდა იმ პირველ დღეს, როცა საზღვარი გადმოკვეთა. გრილი ღამის სიო ისევ უბერავდა და ისიც მხოლოდ თავის მკრთალ ანარეკლს ხედავდა ნაკადულში. მხოლოდ ახლაღა მიხვდა, რომ ის გოგონა რომელიც უყურებდა მას, სულაც არ იყო ის. თითქოს სხვა ადამიანი იყო, რომლის სხეულშიც მისი სული გამომწყვდეულიყო.
ბებერი სული ახალგაზრდა სხეულში...
ეს აზრი გულს ურევდა და სომნიუმიც ხვდებოდა, თუ რამდენად არ ეკუთვნოდა ამ სამყაროს. დარჩენით შეიძლება ჯობდა დარჩენილიყო, მაგრამ რა? რას მოუტანდა ეს მას? ის და სორსი დაქორწინდებოდნენ, გააჩენდნენ შვილებს, მაგრამ ის ცხოვრების ბოლომდე საზღვრის ცქერაში გაატარებდა და საყვარელ ადამიანსაც კი ვერ აუხსნიდა, თუ რა აწუხებდა. მისი შვილები სულაც არ იქნებოდნენ მისი შვილები და ისეთივე ქარაფშუტები გაიზრდებოდნენ, როგორც ფლოსი და ფორსი. არ ეცოდინებოდათ ის სამყარო, სადაც წლების განმავლობაში ცხოვრობდა მათი დედა და ისიც იმდენად უცხოდ იგრძნობდა თავს ამ უჩვეულო ადამიანებთან, რომ ადრე თუ გვიან იგივე გადაწყვეტილებას მიიღებდა და საზღვარს დაუბრუნდებოდა. განსხვავება მხოლოდ იმაში იყო, რომ ახლა მას არანაირი სინდისის ქენჯნა არ აწუხებდა და შეეძლო მშვიდად დაბრუნებოდა მშობლიურ მიწას, რადგან უკან არავის ტოვებდა. სორსს შეიძლება უყვარდა, შეიძლება დიდხანს ეძება კიდეც, მაგრამ ადრე თუ გვიან ისიც დაივიწყებდა და მხოლოდ იშვიათად თუ გაახსენდებოდა ოქროსფერთმიანი გოგონა უცნაური სახელით.
სომნიუმმა ისევ საზღვარს გახედა და გაიღიმა. იქნებ ეს ყველაფერი ძალიან ლოგიკურიც იყო, იქნებ კანონზომიერებაც ამაშია - დაუბრუნდე ფესვებს, იმ სამყაროს, რომლისთვისაც შეიქმენი. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, სომნიუმი სულაც არ გრძნობდა სიმძიმეს, ან სევდას, პირიქით - რაღაც ძალიან დიდი სიმშვიდე დაეუფლა. ყველაფერი სწორი იყო. ასეც უნდა მომხდარიყო. მან იმაზე მეტი იგემა, რაც კი მისნაირი ადამიანისთვის შესაძლებელი იყო, ამიტომ ახლა არ უნდა დაღონებულიყო. არც დარდობდა და ალბათ ამიტომ ღიმილით უახლოვდებოდა საზღვარს.
მესაზღვრეებს ჩასძინებოდათ. მოხუცი მშვიდად ფშვინავდა, ახალგაზრდა კი ძილ-ბურანში იყო. სომნიუმი საზღვარს მიუახლოვდა და მხოლოდ მაშინ მოტრიალდა, როდესაც ახალგაზრდა მესაზღვრეს გამოეღვიძა და ის-ის იყო უნდა დაეყვირა, რომ სომნიუმმა გაუღიმა და საზღვარს გადააბიჯა.
ქვიშის საათი წამიერად გაშეშდა და სინათლის სხივებით გაბრდღვიალდა. მერე კი ყველაფერი ისევ ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა, მხოლოდ საათის ქვეშ ეყარა ცოტაოდენი ფერფლი, რომელიც ქარმა მაშინვე გაფანტა...
ეტყობა ასეთმა შუქმა მორსი გამოაღვიძა და ისიც უსიამოვნოდ შეიშმუშნა.
-აბა, კიდევ რა დააშავე?
-არაფერი.
ხმადაბლა უპასუხა ვიტამ. ისევ ქვიშის საათს მისჩერებოდა, მაგრამ ახლა უკვე აღარ ეშინოდა, რაღაც უდიდეს სევდას განიცდიდა.
-აბა რატომ გაქვს ისეთი სახე, თითქოს საყვარელი ლეკვი მოგიკლეს?
-ცუდი სიზმარი ვნახე.
-რა სიზმარი?
-რომ ბუნებამ ბალანსი აღადგინა...
-რას ბოდიალობ ერთი?
-ჰო, ყველაფერი ისევ თავის ადგილზეა. არაფერი შეცვლილა. - ცივად უპასუხა ვიტამ.
-ანუ როგორც იქნა აღიარებ, რომ საზღვარი არავის გადმოუკვეთავს?
-უკვე კი.
მორსს კმაყოფილებისგან ჩაეცინა და ერთი კარგად გაიზმორა.
-ძალიან კარგი, ახლა შემიძლია მშვიდი ძილი გავაგრძელო.
ვიტას არაფერი უპასუხია, ისევ ქვიშის საათს უყურებდა.
-ეს ნაგავი აქ საიდანღა აღმოჩნდა?
ერთი იკითხა მორსმა და ისევ ხვრინვა ამოუშვა.
-არ შეგიმჩნევია, რომ საათში ქვიშა კი არა ფერფლი ყრია? -თავისთვის ჩაილაპარაკა ვიტამ, მაგრამ მორსს მისი უკვე აღარ ესმოდა.
ფერფლის საათი კი ისევ ბზრიალებდა...


_____________________________________
შენიშვნები:
მორსი (ლათ. “mors”)- სიკვდილი
ვიტა (ლათ.“vita”) - სიცოცხლე
სომნიუმი (ლათ.“somnium”) - ოცნება
სოლიტუდო (ლათ.“solitudo”) - მარტოობა
ინანისი (ლათ. “inanis”) - ცარიელი
ფორსი (ლათ. “fors”) - იღბალი
ფლოსი (ლათ. “flos”) - ყვავილი
სორსი (ლათ. “sors”) - ბედი
ტემპუსი (ლათ. “tempus”) - დრო
ლიბერტასი (ლათ. “libertas”) -თავისუფლება

ნ-ი-კ-ი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 18 მარტი, 2013 07:23:03
ზამთრის ბაღი                                                            #39


სხვა ქალები სხვანაირად ცხოვრობენ…
იმათ ბევრი ლამაზი ნივთი და სისხლსავსე ცხოვრება აქვთ - ნეტავი მათ!
იმათ საყვარელი მამაკაცები ყვავილებსაც ჩუქნიან - ნეტავი მათ!
იმათგან ზოგს ქმარი პატარა, ვერცხლისფერ მანქანასაც ჩუქნის, ან სულაც წითელს - ნეტავი მათ!
იმათ შეუძლიათ რჩეულს ხელკავი გამოსდონ, თავაწეულებმა გაიარონ ქუჩა და ისაუბრონ პიესაზე, რომელიც ცოტა ხნის წინ გასცენიურებული ნახეს - ნეტავი მათ!
ამან კიდევ ამეებზე ფიქრი იცის და შეუძლია მხოლოდ…
დღეები ერთმანეთს მისდევენ - უფერულად.
რა უცნაურია, ასეთი დღეების დასახასიათებლად ადამიანებმა ერთი ფერიც რომ ვერ გაიმეტეს. ამ უფერობას ხომ სპექტრის ყველა ფერი აჯობებდა… ჯვარი სწერია და ეგებ შავიც?
იღვიძებს და იძინებს, იღვიძებს და იძინებს, იღვიძებს და ისევ იძინებს.
შეწვება საბნის ქვეშ, გამოძვება, შეძვრება საბნის ქვეშ…
გამოცანაა:  ქალს არ ჰგავს და ქალია, - ანუ ვინ არის?
უბედურებაა: ქმარი, დედამთილ-მამამთილი და დიდი კატა ჰყავს და ამ ოთხიდან მისი მხოლოდ ეს ფაფარაშლილი კატაა.
არშემდგარი ადამიანია, - ვერაფერს ცვლის.
მისი დედამთლი მამამთილთან ერთად მათი ბინის ერთ პატარა ოთახში ცხოვრობს და იქიდან იშვიათად გამოდის. საწოლი, ტანსაცმლის კარადა, ორი სავარძელი და დიდი ტელევიზორია მათი ქონება. ბედნიერები არიან, მეტი არაფერი უნდათ, მეტს არაფერს ელიან. წაიწუწუნებენ ზოგჯერ, ნაცრისფერ, კომუნისტებისდროინდელ სალაროს წიგნაკს მტვერს ჩამოფერთხავენ და გადაფურცლავენ იმ ადგილზე, სადაც გათხაპნილი მელნით წერია - 9 ათასი მანეთი. სხვა სადარდებელი არ აქვთ. დარდიც არ შეუძლიათ…
ბოროტია: შეცოდების ნაცვლად ბრაზობს მათზე.
ჰო, ბრაზობს! განრისხებულია იმ შეგუებაზე, რომელსაც წლების მანძილზე უნერგავდნენ მის რჩეულს. ღმერთს როგორც უნდა შვილო, უფალი როგორც ინებებს საყვარელო… უღმერთობის ხანაში გაზრდილებმა ასე გაიგეს და გაითავისეს რწმენა.
ითხოვე და მოგეცემაო, - გაუბედა ერთხელ დედამთილს. - მე რა, მათხოვარი ვარო?! - გაიკვირვა იმან.
ჰოდა, დუმს და ყოველ ღამით ქმართან გაყინული ფეხებით წვება.  ძილში უნებურად საწოლის კიდისკენ იჩოჩებს და ყოველ დილით საწოლიდან გადმოვარდნის შიში აღვიძებს. შეეგუა ამასაც.
მსგავსება: თავადაც დაემსგავსა ამ ხალხს? ალბათ მალე ჩაძინებულს საწოლიდან გაქცევაც აღარ მოუნდება და სიცოცხლის ბოლომდე მხიარულად შეხვრეპს თავის მსუქან კატასთან ერთად ტყუილ სუპს - უფლის საჩუქარს.
- კიბო მაქვს.
იმ დილით თავის სიცოცხლეში პირველი ტყუილი თქვა. დედამთილი დაჯდა. მამამთილმა მგონი ვერ გაიგო რა თქვეს, ქმარს სახე წამოუწითლდა და გახევდა.
მსუბუქი სინანული იგრძნო. არ ელოდა ასეთ მძაფრ რეაქციას. ამას ეგონა რომ არავის უყვარდა, ამას უნდოდა, რომ რაღაც შეეცვალა და რაკი სიმართლით ვერ შეცვალა, რაკი ცხოვრებით ვერ იცხოვრა, რაკი ვერავინ მოახედა თავისკენ, რაკი აღარავის აღარასდროს ერთი ღერი ყვავილის ჩუქების სურვილიც არ აღეძრა, მოიტყუა.
დამნაშავეა რაკიღა ამ ორმა სიტყვამ ,,კიბო მაქვს’’ არა, ერთმა ,,კიბომ’’ მისი ოჯახის შოკი გამოიწვია? მაგრამ მას ხომ მართლაც აქვს კიბო. არა, მისი სასიცოცხლო ფუნქციები ნორმალურია, მაგრამ ადამიანი მხოლოდ ხორცი ხომ არ არის? მას სულის კიბო აქვს!
- იქნებ შეცდნენ?
ხავსს ჩაეჭიდა მოფხიზლებული ქმარი. და უკვე აპირებდა თავისი ნათქვამი ორი სიტყვისათვის სიტვა ,,მგონი’’ მიემატებინა, იმან გააგრძელა - ახლა ჩვენ სადა გვაქვს სამკურნალო ფული?
ფულიო! ფულიო?! რაო, ფული სადა გვაქვსო?! ამ ამბავში მთავარი ის არის, რომ ფული არა გვაქვსო?!
გადაყლაპა ქმრის სიტყვები, იმედგაცრუება, ზიზღი, რომელმაც ყელთან წითელი ლაქები დააყარა და საკუთარ ოჯახს განაჩენი მშვიდად გამოუტანა. გაუაზრებლად ამ ხალხთან თანაცხოვრებასაც წერტილი დაუსვა, - არა, არ შემცდარან, მეორე კვირაა მიკვლევენ, კიბოს დიაგნოსტიკა უფასოა…
იქნებ შეცდა და სიტყვა ,,უფასო’’ არ უნდა ეხსენებინა, რადგან დედამთილმა ის ჰაერში დაიჭირა და თვალებანთებულმა უცებ შეუცვალა კონტექსტი: - ეგებ მკურნალობაც უფასოა?
არა, ეს თანაგრძნობა არ იყო. გამოდის, არ შემცდარა ასეთი დიდი ტყუილი რომ მოუგონა საკუთარ თავს.  ერთ ჭერქვეშ ვისთან ცხოვრობ, მოვალე ხარ რომ იცოდე.
- არა, მკურნალობა უფასო მხოლოდ ხანდაზმულთათვისაა, მე სრული თანხის გადახდა მომიწევს.
- და რა ვქნათ? - ქმარი საკუთარ დედას მიმართავდა.
- ღმერთი რასაც ინებებს, შვილო! - პროგნოზირებადი პასუხი მოისმინა ამჯერად. ახლა უკვე იცოდა სადამდეც მივიდოდნენ, მაგრამ ოთახიდან მაინც არ გავიდა, ბოლომდე გადაწყვიტა საწამლავის გამოცლა.
- მე ჩემს ბინას ვერ გავყიდი. - ბრძანა მამამთილმა. დედამთილს ხელები მუხლებიდან ჩამოუვარდა - შვებით.
- არა, ბინა რომც გავყიდოთ, სადღა უნდა ვიცხოვროთ? - დაუდასტურა მეუღლემაც.
- რისი კიბო გაქვს, რომ არაფერი გეტყობა? - უფრო გამჭრიახი აღმოჩნდა დედამთილი.
- საშვილოსნოს კიბოა, მეორე სტადიაა, დამეტყობა მალე, - დაამშვიდა რძალმა.
- ე, ამიტომ ვერ აჩენდით ბავშვს! - დაასკვნა დედამთილმა.
ქმარი სამსახურში წავიდა, ის ორნი ოთახში შეიკეტნენ სერიალის საყურებლად. თანაგრძნობა ვერ მიიღო, მაგრამ ტყუილმა უფლება მისცა ოთახში შეკეტილიყო. ასეთი დიდი ტყუილი რომ არ დაებრეხვებინა, წესით სადილი უნდა გაეკეთებინა, სარეცხი დაერეცხა, სახლი მიელაგებინა. იმათი მოსამსახურე ყოფილიყო, რომელთაც არ შეუძლიათ თანაგრძნობა… არა, სისულელეებს ფიქრობს. რა თანაგრძნობა და სიყვარული - იმათი მოსამსახურე უნდა ყოფილიყო სიკვდილამდე, რომელთაც ის მხოლოდ მოსამსახურე ჰგონიათ. მაგრამ, მოსამსახურეც ხომ შეიძლება რომ შეგეცოდოს?
ანუ, მართლაც რომ აღმოაჩნდეს კიბო, ეს ხალხი სასიკვდილოდ გაიმეტებს?
რა ქნას?
რა ქნას?
რა ქნას?
იმ დღეს ქმარს უთხრა რომ მისი ხვრინვა აწუხებდა და მისაღებ ოთახში გაისტუმრა.
მეორე დღეს გამოძინებული ადგა და სანამ დედამთილი სადილს ამზადებდა თბილ აბაზანაში იწვა.
მესამე დღეს დილით ისევ უპასუხოდ დატოვა კითხვა, რომელიც ქმარმა დაუსვა: რა ვქნათ?
და რადგან მეოთხე დღესაც თანაგრძნობის ნაცვლად ისევ შიშნარევი კითხვა - ,,რა ვქნათ?’’ მოისმინა მხოლოდ, მის ფეხებში სიყვარულით ჩაწოლილ კატას დასწვდა, მიიხუტა და გადაწყვეტილება მიიღო.
- რა უნდა ვქნათ, ჯერ ტკივილები არ მაწუხებს, როცა დამეწყება ნარკოტიკს უფასო პროგრამის ფარგლებში მომცემენ. მეკუთვნის.
მძიმე სიტყვები კი მოუვიდა. თქვა და ლოგინად ჩავარდა. იმათ გასაგონად თქვა, მათ კი არაფერი დამართნიათ. ამიტომ ეს იწვა თავის ცოლ-ქმრულ განიერ სარეცელში დაკარგული, კატას, ერთადერთ თბილ არსებას ეხუტებოდა და იმ დღის ან ღამის გახსენებას ლამობდა, როდესაც ბედნიერი იყო. უშედეგოდ. მაგრამ, სამწლიანი თანაცხოვრების ერთი დღე ხომ მაინც შეიძლებოდა ქმრის სასარგებლოდ გაემეტებინა? ვერ იმეტებდა - ამ ოხერმა კითხვამ - ,,რა ვქნათ?! ‘’ამ მოღალატურმა განაცხადმა, რომლის თანახმადაც კითხვის დამსმელი საკუთარ უსუსურობას, უილაჯობას, არარაობას, ბრძოლის ჟინის, სიყვარულის უქონლობას აღიარებდა, ყველა ლამაზი დღე, ყველა ლამაზი წუთი გადაშალა.
იწვა.
მართლაც რომ სასიკვდილოდ გაემეტებინა უფალს, მართლაც რომ ის დამართნოდა რაც მისი ქმრის ოჯახმა ასე მარტივად დაიჯერა, მაშინ რაღა ექნა? ნეტავ, მაშინაც ამას, კიბოთი დასნეულებულს ჰკითხვადნენ სად უნდა ეპოვათ და ეშოვათ სამკურნალო თანხა, ანუ რა უნდა ექნათ?
თუ ეს ნორმალური კითხვაა და ყველა ავადმყოფს ასე ეკითხებიან ახლობლები? რა ვქნათ, უსახლკაროდ დავრჩეთ, თუ შევეგუოთ, რომ მოკვდები, ჩვენ კი ჩვენს უდღეურ, პაწაწინა სიცოცხლეს უშენოდაც კარგად გავაგრძელებთო?
სასაცილოა… ახლა ლოგინად სასოწარკვეთილებამ ჩააგდო და თავადაც იგივე კითხვას სვამს, უკვე იცის რომ აქ მისი ადგილი არ არის, მაგრამ… და ახლა რა ქნას?
უპატრონოა. არა, ასე ცუდად ჟღერს. უპატრონოები და უვარგისები ესენი არიან, თავად კი ობოლია. ობოლია, მიუსაფარი, უსიყვარულო, უბედური, უსუსური… ჰო, თავი ეცოდება და ასეთი სიტყვები იმიტომ ახსენდება, ოღონდ… მიუხედავად იმისა, რომ მართლაც არა ჰყავს დედ-მამა, და-ძმა, სულაც არ არის უსუსური… ჯანმრთელია, ახალგაზრდა!
აქედან უნდა წავიდეს!
მაგრამ, როგორ უნდა წავიდეს?
მოითხოვოს განქორწინება?
და რას მისცემს ეს?
გადაიკარგოს?
მაგრამ ამით ხომ მხოლოდ შვებას მოჰგვრის აი ამ პაწაწინა ადამიანებს?
აბა რა ქნას?
ახლა მხოლოდ სასწაული, ზღაპარი გადაარჩენს.
მაგრამ ზღაპარი ხომ ტყუილია? გამოდის, რომ მან თავისი ზღაპარის წერა უკვე დაიწყო - იყო და არა იყო რა, იყო ერთი ახალგაზრდა, ქვაბების ხეხვით დაღლილი, ლამაზი ქალი, რომელსაც უკურნებელი სენი სულში შეეპარა.
ბაბი!
ბაბი სულ სხვა უბანში ცხოვრობს, მასთან ლიფტით კი არა, მიხვეულ-მოხვეული რკინის, სახლზე დაკიდული შავი კიბით უნდა ახვიდე და ულამაზესი ოთახის მცენარეებით სავსე ოთახში შეაბიჯო.
- ასე ვუთხარი, რომ კიბო მაქვს. - ბაბის ფერი ეკარგება, თვალებში სიწითლე აწვება და ეს სასწრაფოდ აგრძელებს – არა, მართლა კი არა მაქვს, მოვიტყუე… მაპატიე ბაბი.
- როგორ, საკუთარ თავს ტყუილი მოუგონე? - მგონი ბრაზობს ბაბი.
- ჰო, იმათ ვუთხარი, რომ კიბო მაქვს.
სხვას ვეღარაფერს ამბობს, რადგან მთავარი უკვე თქვა. ახლა უფლება აქვს იტიროს. აი, რა აკლდა. აი რა უნდა გაეკეთებინა იმ დიდი ტყუილის შემდეგ, რომ საწოლიდან წამოდგომა ასე ძალიან არ გასჭირვებოდა - უნდა ეტირა.
- არასდროს მითქვამს, რომ გამოსავალი ტყუილში შეგიძლია იპოვო. - მკაცრია ბაბი.
- მაგრამ შენ ხომ მასწავლიდი, რომ როცა მოსაკლავად მოგსდევენ, უნდა გაიქცე?! - ყვირის.
- მაშინ პატარა გოგო იყავი და ბნელ ქუჩებში გიწევდა სიარული. მეშინოდა. გაშინებდი შენც, რომ საფრთხეს მზად დახვედროდი. მიამბე თავიდან.
- სხვა ქალები სხვანაირად ცხოვრობენ ბაბი! იმათ ბევრი ლამაზი ნივთი და სისხლსავსე ცხოვრება აქვთ, იმათ საყვარელი მამაკაცები ყვავილებსაც ჩუქნიან, იმათგან ზოგს ქმარი პატარა, ვერცხლისფერ მანქანასაც ჩუქნის, ან სულაც წითელს, იმათ შეუძლიათ რჩეულს ხელკავი გამოსდონ, თავაწეულებმა გაიარონ ქუჩა და ისაუბრონ პიესაზე, რომელიც ცოტა ხნის წინ გასცენიურებული ნახეს, როცა ავად ხდებიან, ოჯახის წევრები გულში იკრავენ მწუხარებით, უყვავებენ, ეფერებიან, კაპრიზებს უსრულებენ, რაგან ადამიანი სუსტია და ავადმყოფობის ჟამს ეს ოხერი ჭირვეულობა ჩვეულებრივი ამბავია. იმახსოვრებენ იმის სახეს, ვინც შეიძლება სულ მალე ხელიდან გამოეცალოთ, იმახსოვრებენ მის სუნს, მის კანს, მის ჩვევებს, შეჰყურებენ თვალებში, რომელიც ნელ-ნელა იცრიცება, ქრება… ყიდიან სახლებს, წინაპრების დატოვებულ საკერავის მანქანას ,,ზინგერს’’, ნიშნობის ბეჭდებს… ბედნიერები ყიდიან, რადგან ეს ყველაფერი საყვარელი ადამიანის სიცოცხლის საყიდლად შეუძლიათ გაიღონ…
- გავიგე ახლა რატომ მოიყვანე შენი კატა ჩემთან… სახლიდან წამოხვედით, რადგან ქმარმა გითხრა, რომ შენს გადასარჩენად ძალა არა აქვს რომ იბრძოლოს?
- ჰო, არ ვყვარებივარ.
- თავგადასავალი გინდოდა და მიიღე… ძალიან მიყვარდი საიმისოდ, რომ ეს მეთქვა, მაგრამ ახლა უნდა გაგიმხილო ჩემი საიდუმლო - მე ავადა ვარ, საყვარელო, კიბო მაქვს! - არ იტყუება ბაბი …
რა უცნაურია, ასეთი დღეების დასახასიათებლად ადამიანებმა ერთი ფერი რომ გაიმეტეს მხოლოდ. შავი.
იღვიძებს და იძინებს, იღვიძებს და იძინებს, იღვიძებს და ისევ იძინებს.
შეწვება საბნის ქვეშ, გამოძვება, შეძვრება საბნის ქვეშ და საბნის ქვეშაც მხოლოდ ბაბის სუნთქვას უსმენს…
ბაბი ჭირვეული არ არის.
გამოცანა აღარა არის -  ქალია და თავის ერთადერთი ცოცხლად დარჩენილი ოჯახის წევრის სიცოცხლეს ებღაუჯება.
ბედნიერებაა: გამზრდელი მამიდა ჰყავს, დიდი ფაფარაშლილი კატა და ნათელ ოთახს შეფარებული ზამთრის ბაღი.
შემდგარი ადამიანია - ეგებ ვერც გადაარჩინოს ბაბი, მაგრამ ის მის თვალებში ბოლო წუთამდე დაინახავს სიყვარულს.

ნ-ი-კ-ი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 18 მარტი, 2013 07:24:13
ცხოვრების შურისძიება                                            #40


  ნისლი ის-ის იყო სალბუნივით დასდებოდა წვიმისაგან ნაჭრილობევ ცას, როდესაც
თბილისის ერთ-ერთ უბანში, ნახალოვკაში, ნარკოტიკების მომხმარებელი დააკავეს,
სახელად დიტო. დიტოს სახე წამლის ზედმეტი დოზისაგან დოჟვებს მოეცვა, რასაც
ბოტკინისფერი იერი და ჩალურჯებული თვალები ემატებოდა და მძაფრსიუჟეტიანი
ფილმის დაძაბულ მომენტს ემსგავსებოდა.

ღამის 3 საათი სრულდებოდა, როდესაც დიტო კაპეზეში მიიყვანეს. პროკურორმა საბრალდებო დასკვნა წარუდგინა მოსამართლეს და საბოლოოდ ახალგაზრდა,ახლადგამომცხვარ 22 წლის ყმაწვილს ნარკოტიკული საშუალების განსაკუთრებით დიდი ოდენობით შეძენისა და მოხმარებისათვის 15 წელი მიუსაჯეს.

  გლდანის ციხეში პატიმრების საუზმის დრო იყო, როდესაც დიტო იქ მიიყვანეს, სადაც საკანში მოთავსებამდე წესისამებრ შემოწმება უნდა გაევლო, რადგან არავითარი ნივთის ტარების უფლება არ ჰქონდა ციხეში მყოფ ადამიანს.

-სახელი?

-დიტო.

-გვარი?

-სააკაძე.

-მომეცით თქვენი კუთვნილი ნივთები.

  დიტომ სქელი კისრიდან, რომელზეც წამლის ხშირი კეთებისაგან ძარღვები დაჰბერვოდა, ჯვარი მოიხსნა და საათი, რომელიც მარცხენა ხელზე განუწყვეტლივ ეკეთა 15 წლიდან მოყოლებული, ზურგსუკან დამალა, ვითომდა, ვერ შემამჩნევენო, თუმცა ბადრაგის დაუნახავი რა არის ამქვეყნად...

-მოიხსენით საათი და ჩამაბარეთ! - უბრძანა დაცვამ.

- 15 წლის ვიყავი, როდესაც დედა ავარიის შედეგად გარდამეცვალა, - აღელვებული ჩანდა დიტო და აფთარს დამსგავსებოდა, რომელიც გალიაში დაამწყვდიეს და სიბრაზისაგან აქეთ-იქეთ ეხეთქება, - სიკვდილის წინ ეს საათი სასწრაფოს ექთანს დაუტოვა ჩემთვის გადმოსაცემად და, გთხოვთ, ნუ წამართმევთ იმ ნივთს, რომელიც დედასთან მაახლოვებს და მისგან განშორებით არსებულ უძირო ტბის mსგავს სიცარიელეს რაღაც ხარისხით მივსებს მაინც.
-ბიჭო, არ გესმის, რომ არ შეიძლება ლითონის ან სხვა ნივთების ტარება თან? ნუ გამამეორებინებ კიდევ ერთხელ!
- კარგით. სევდით გაჟღენთილი ჰაერით ამოისუნთქა დიტომ და იძულებული გახდა
დედისეულ საათს დაშორებოდა სულ რაღაც 15 წლით.

ციხეში გატარებული ყოველი დღე ახალგაზრდა ბიჭისათვის საშინელებათა ფილმის
ეტაპობრივ განვითარებას უთანაბრდებოდა დღითიდღე, ვინაიდან, გლდანის ციხეში უარყოფილი იყო ადამიანის უფლებები: ერთმანეთის მიმართ შეურაცხყოფის მიყენებას აღარ სჯერდებოდნენ და მამათმავლობას ეწეოდნენ.

ამას შედეგად მოჰყვა ის ფაქტი, რომ დიტოს მეგობარი ფსიქიკურად შეიშალა და აფექტის მდგომარეობაში ჩავარდნილმა, რადგან ცოცხით გააუპატიურეს, თავი  ჩამოიხრჩო. ამ ამბავმა ძლიერ შეზარა დიტო. 2 დღე საჭმელს არ ჭამდა პროტესტის გამოხატვის ნიშნად და არ უნდოდა, მის ცხოვრებაშიც დამდგარიყო ანალოგიური ეტაპი. ისიც ძალიან კარგად ესმოდა, რომ ცხოვრებამ მასზე შური იძია -ნარკოტიკებზე შეჯდა და უნდოდა რეალობისათვის თვალის გასწორების სანაცვლოდ, ირეალურ სამყაროში ენავარდა, ეკაიფა და ყური არ მიეგდო ცხოვრების
მბორგავი გულის ფეთქვისა და ძარღვისათვის.

2012 წლის ოქტომბერში საქართველოში არჩევნები ჩატარდა. ნაციონალური მოძრაობა, უმრავლესობა, ოპოზიციური ძალით - ,,ქართული ოცნებით’’ შეიცვალა,რომელსაც, თავის დროზე, ჯერ კიდევ არჩევნებამდე, საკანომდებლო ინიციატივით ჰქონდა წარდგენილი პარლამენტში კანონპროექტი ,,ამნისტიის შესახებ’’, რომელიც არ იქნა მიღებული უმრავლესობის მიერ. მას შემდეგ, რაც ,,ქართული ოცნება’’ ხელისუფლების სათავეში მოვიდა და აღნიშნული კანონი წარედგინა საქართველოს პრეზიდენტს ხელმოსაწერად, ამ უკანასკნელმა უარი განაცხადა. საბოლოოდ, წესისამებრ პრეზიდენტის მეორედ უარის თქმის შედეგად ,,ამნისტიის შესახებ’’ კანონს ხელი პარლამენტის თავჯდომარემ მოაწერა. კანონი 2013 წლის იანვრიდან ამოქმედდა და ჯამში 17 ათას პატიმარს შეეხო, მათ შორის, დიტოსაც - ზოგიერთმა პატიმარმა დატოვა საკანი, ხოლო ნაწილს შეუმსუბუქდა სასჯელი.
is adamianebi , რომლებიც ნანობდნენ თავიანთ დანაშაულს, ციხის ბორკილებიდან გათავისუფლდნენ და თავისუფლების სიტკბო იგემეს. დიტოს თავისი მოსაზრება გააჩნდა თავისუფლების ცნებასთან დაკავშირებით:

  ბუნებაში არ არსებობს აბსოლუტური თავისუფლება, თუმცა, მიუხედავად ამისა, ადამიანების უმეტესობას აბსოლუტური თავისუფლება სწადია და ზოგჯერ გამოუსწორებელ შეცდომასაც კი ჩადიან მიზნის მისაღწევად. კარგია დამოუკიდებლად ცხოვრება და თავისუფლების შეგრძნება, მაგრამ ხშირად ცხოვრება უსამართლოდ ართმევს ადამიანებს მათთვის განკუთვნილ თავისუფლებას და აბსოლუტური ტყვეობისა და მონობისათვის იმეტებს.
  როდესაც სიტყვა თავისუფლებას მოვკრავ ყურს, იმ წამსვე ლევ ტოლსტოის რომანის ,,აღდგომის'' გმირი კატია მასლოვა მახსენდება, რომელსაც ვნებებს აყოლილმა ახალგაზრდა ნეხლიუდოვმა ზაფხულის ერთ მშვენიერ დღეს ერთ ღამეში წაართვა ქალური უმანკოება და თავისუფლება, რომელსაც მასლოვა წლების განმავლობაში ინახავდა.
  ზოგჯერ არ გვიმართლებს ცხოვრებაში და, უფრო მეტიც, ცუდ ფაქტს ცუდივე ემატება და ყოველდღიური ცხოვრება გვაფიქრებინებს, რომ სრულიად ზედმეტნი ვართ ცხოვრებისათვის. სწორედ, ასე მოექცა ცხოვრება მასლოვას, რომელსაც ნაფიცმსაჯულთა
  არასწორმა და, შესაბამისად, გამამტყუნებელმა განაჩენმა, საბოლოოდ წაართვა  ცხოვრებისა და არსებობის თავისუფლება, შემდეგ კი ციხის დაუნდობელ დილეგში გამოკეტა. მასლოვასათვის, ხომ, ციხე იგივე იყო, როგორც გალია თავისუფლებისა და მშვიდობისმოყვარე ჩიტისათვის და ქიმია კიბოთი დაავადებულისათვის.

ცხადია, აღნიშნულ თავისუფლებას ესწრაფოდნენ დოჩანაშვილის რომან ,,სამოსელ პირველში'' დომენიკო და კანუდოსელებიც, მაგრამ მათ სრულიად განსხვავებული მიზნები ამოძრავებდათ. დომენიკოს მამისგან დამოუკიდებელი ცხოვრება სურდა, თუმცა თავისუფლების დაუოკებელმა სურვილმა გონება დაუბნელა, ყაირათიანობის ნაპერწკალიც კი აღარ შეარჩინა და მამისაგან მემკვიდრეობით ბოძებული 60 დრაჰკანი უაზროდ დაახარჯვინა. თუ არ ჩავთვლით, რა თქმა უნდა, დრაჰკანების იმ რაოდენობას, რომელიც დომენიკომ კანუდოსელებს გადასცა იარაღისა და ტყვია-წამლის საყიდლად, რათა მათ სისხლის ბოლო წვეთამდე დაეცვათ და შეენარჩუნებინათ თავისუფლება.

  აღსანიშნავია, რომ თავისუფლებისათვის იბრძოდა და დღესაც იბრძვის ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველო. მეფე ერეკლეს, ისტორიაში პატარა კახად ცნობილს, სწორედაც რომ, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მძაფრმა შეგრძნებამ გადაადგმევინა რუსეთთან დაკავშირების ნაბიჯი, თუმცა ეს უკანასკნელი საწინდარი გახდა არა სანატრელი თავისუფლების, არამედ 201 გულუბრყვულო წელის, რომელიც ჩვენ, ქართველებმა, რუსეთის მფარველობის ქვეშ გავატარეთ.
  კარგია, როდესაც თავისუფლებისათვის ბრძოლა ადამიანის შინაგანი მოთხოვნაა: რომ მას აღარ სურს მშობლის კმაყოფაზე ყოფა, ფულის გამორთმევისაც კი რცხვენია, თუმცა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მოპოვებისათვის სწორი სტრატეგია უნდა შევიმუშავოთ. ვიცით, რომ მიზანი ყოველთვის არ ამართლებს საშუალებას. სწორი არჩევანი და ქმედება აუცილებლად შეგვიწყობს ხელს სასურველი მიზნის მიღწევაში. ეს გასათვალისწინებელია, რომ შემდეგში დომენიკოს მსგავსი შეცდომა აღარ დავუშვათ და მშობლის წინაშე იგივე სიტყვების წარმოთქმა აღარ დაგვჭირდეს: ,,მამაო,ვცოდე ცად მიმართ და წინაშე შენსა... და არღარა ვარ მე ღირს წოდებად ძედ შენდა... არამედ მყავ მე ვითარცა ერთი მუშაკთაგანი''. – dRes merideba dedis, romelic zecidan damyurebs mudam da vici, rom guli etkineboda Cemi qmedebis gamo, Tumca vacnobiereb da naTlad SevigrZnob im Sansis mniSvnelobas, rac am wuTas cxovrebam momca da arasodes gavaufasureb cems arsebobas narkotikebiT!

  არ არსებობს ბუნებაში არც სრული დამოუკიდებლობა და აბსოლუტურ თავისუფლებაზე ხომ ზედმეტია საუბარი. თუ გინდა საერთოდ თავისუფალი იყო და არავის არ გაუწიო ანგარიში, მაშინ ილია ჭავჭავაძის განდეგილივით უნდა იცხოვრო, თუმცა სრულ თავისუფლებას ვერც მან მიაღწია, რადგან ადამიანი უფლის რწმენისგან და სიყვარულის გრძნობისგან ვერასოდეს ვერ გათავისუფლდება. და თუ ამას შეძლებს, მაშინ პატრიკ ზიუსკინდის ,,სუნამო''-ს მთავარ პერსონაჟს ჟან ბატისტ გრენუის გაუთანასწორდება,რომლისთვისაც უცხო იყო ღმერთი, სიყვარული და მეგობრობა.
  მაშასადამე, უნდა ვიბრძოლოთ დამოუკიდებლად ცხოვრებისათვის და არა საზოგადოებაში სტერეოტიპად დანერგილ აბსოლუტური თავისუფლებისათვის, პატივი ვცეთ მშობელს, პირველ რიგში, და ჩვენი მორალი თავისუფლების ძიების სურვილს არ ვანაცვალოთ.

  5 წლიანი ძილის შედეგად დიტოს ამნისტია შეეხო და გაათავისუფლეს. სიხარულისაგან და დაბნეულობისაგან არ იცოდა, სად წასულიყო, ვის ჩახუტებოდა, რადგან ერთადერთი ამქვეყნად ყველაზე საყვარელი არსება, დედა, გვერდით აღარ ჰყავდა, სამწუხაროდ.

ღამის 9 საათი სრულდებოდა, როდესაც დიტო სიგარეტის საყიდლად მაღაზიაში შემოვიდა. მე შპს ,,პოპული-ს’’ ღამის ადმინისტრატორი ვიყავი და დანახვისთანავე მივაქციე ყურადღება უკვე ჩამოყალიბებულ ადამიანს, რომელსაც ნათლად ეტყობოდა მძიმე ცხოვრების კლანჭების ნაკვალევი.

-5 ერთჯერადი ყავა მომეცით.

-აიღეთ, რომელიც გნებავთ.

-მე ძალიან პატარა ვარ და ვერ მივწვდები.

-კარგით, ახლავე.

-შემთხვევით არყის ბოთლი ქურთუკის ჯიბეში ჩამიდევს, ბოდიში.

დიტოს ადგილას სხვა ადამიანი რომ ყოფილიყო, ჩემი რეაქცია მშვიდი არ იქნებოდა და, შესაძლოა, დაცვისთვისაც კი გამომეძახებინა, მაგრამ, მისი თვალები იმდენად ნაღვლიანი იყო... ამასთანავე, სინანული ნისლივით გასწოლოდა გუგებში.

-არაუშავს, სხვა დროს გაითვალისწინეთ, რადგან კამერა გiყურებთ და აღნიშნულ საქციელს

ქურდობად ჩაგითვლიან.

-ახალი გამოსული ვარ ციხიდან და ჯერ კიდევ ვერ გადაvეჩვიე იმ qcevis wesebs, რაც 5 წლის უკან გამაჩნდა, თუმცა ახლა გავიღვიძე 5 წლის შემდეგ და არასოდეს აღარ მივეცემი ანალოგიურ ძილს.

-ცოლ-შვილი გყაავთ?

-არა, საბედნიეროდ, ჩემთან ერთად ვნება არავისთვის მიმიყენებია.

დიტომ ერთ ამოსუნთქვაზე მომიყვა თავისი ისტორიის შესახებ და შევპირდი, რომ მისი ცხოვრების ყველაზე საშინელ მომენტზე აუცილებლად დავწერდი.

-იმ დღეს, როდესაც იტალიელი მწერლის მარიო პიუზოს(1920-1999) მიერ ,,დიდ კინოდ ქცეულ ‘’ წიგნში, ,,ნათლიაში’,’დონ კორლეონეს ( ნათლია) ვაჟმა მაიკლმა გააცნობიერა მამის სიტყვები, რომ ,,ადამიანს ცხოვრებაში მხოლოდ ერთი გზა აქვს დაწერილი’’, მივხდი, რაც არ უნდა ბევრი ვეცადოთ ადამიანებმა და ბოლომდე დავხარჯოთ ენერგია, ბუნების დანაწესს ვერ შევცლით, რადგან ცალსახაა, ,,საბოლოოდ დაიღუპება ის ადამიანი, რომელიც ბუნების კანონზომიერებას ეწინააღმდეგება’’ და, ნაცვლად იმისა, რომ უფლის სწამდეს, ვიქტორ ჰიუგოს ,,პარიზის ღვთისმშობლის’’ ეპისკოპოსის
მსგავსად ღმერთის შესწავლას ლამობს...
  მას შემდეგ, რაც ჩავისახებით და ჯერ კიდევ მუცელში მყოფთ მემკვიდრეობის უფლება წარმოგვეშვება, უმეტეს შემთხვევაში, 9 თვის თავზე მოვევლინებით ქვეყანას და რამდენიმე საათი, თვე თუ წელი ვიცხოვრებთ, თითოეულ ჩვენგანზე იწერება წიგნი, ეგება გზა ჩვენ მიერ განვლილი ცხოვრებისა და ყველა ინდივიდუალურად ვაგებთ პასუხს სიცოცხლის წიგნის გადაფურცვლაში – თუ მარცხენა და თან დაუბანელი ხელით, უგულისყუროდ გადავშლით მას და, უფრო მეტიც, ამოვგლეჯთ, ამ შემთხვევაში დავისჯებით, ვინაიდან, აღნიშნული ფურცლის ამოხევა, დაწვა და განადგურება თვითმკვლელობის ტოლფასია, არადა, ვიცით, რომ ,,ადამაინს არავინ ეკითხება ორ რამეს: დაბადებას და გარდაცვალებას’’, ამასთანავე ,,ადამიანი ადამიანის ადამიანური ადამიანობით ადამიანობს’’, შესაბამისად, არავის აქვს უფლება, განაჩენი გამოუტანოს საკუთარ თავს...

  ცხადია, აკაკი წერეთლის ,,გამზრდელი’’ ნათელი მაგალითია ამ ფაქტისა, ვინაიდან, მასწავლებელმა ვერ შეძლო იმ დანაწესის შეცვლა, რაც მოსწავლეზე იყო გაწერილი, რადგან ,,ადამიანს ცხოვრებაში მხოლოდ ერთი გზა აქვს დაწერილი’’ - „შენ სიკვდილის რა ღირსი ხარ?! სასიკვდილო მე ვარ მხოლოდ, რომ კაცად ვერ გამიზრდიხარ!“

მიუხედავად იმისა, რომ ჰაჯი-უსუბი ჭკუითა და გონებით გამოირჩეოდა, ვერ მოახერხა ბოლომდე საფარ-ბეგის გაწრთვნა, რადგან ეს კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ დაწერილის წარმართვაა შესაძლებელი და არა მისი დეფორმაცია.

,,ყველამ ის უნდა აკეთოს, რისთვისაც არის მოწოდებული’’ და მაიკლის მსგავსად შეიგრძნოს ცხოვრების წიგნის დანიშნულება, ისწავლოს არსებულ საზოგადოებაზე მორგება და საჭიროების შემთხვევაში ამ უკანასკნელისაგან განრიდება, რადგან ყველას ერთი ხარისხით არ ესმის, რას ნიშნავს სწავლა, რწმენა, მეგობრობა და სიყვარული,

  არადა ,,ღმერთი თვით სიყვარულია’’,- როგორც ამას მოასწავებს კონსტანტინე გამსახურდია და ,,ვისაც სიყვარული, ცხოვრების წიგნის მიერ დაწერილის წაკითვის თავი და შნო არ აქვს, შესაბამისად, მას არც უცხოვრია აქამდე’’, გვიან კი, არასოდეს არის რაღაცის დასაწყებად და სასწავლად, მთავარია ვიმოქმედოთ ისე, რომ იმ გზას გავყვეთ კეთილსინდისიერად და ისე, როგორც ჭეშმარიტ ქრიატიანს შეეფერება, რაც ჩვენზეა დაწერილი! – miTxra ditom, romelsac gancvifrebuli Sevyurebdi, radgan, 5 wliani Zilis miuxedavad, misi azrovneba sakmaod ganviTarebuli adamianis gonebriv SesaZleblobebze miuTiTebda.

  ცხოვრებამ, მოულოდნელობებითა და სიურპრუზებით აღსავსემ, 15 წლის ასაკში დიტოზე შური იძია - დედა წაართვა, ხოლო შემდეგ იმ მიზნით, რომ ნარკოტიკებისათვის თავი დაენებებინა და საზოგადოებაში რესოზიალიზაცია მოეხდინა, თავისუფლება დააკარგვინა, თუმცა, თუ ადამიანს სინანულის გრძნობა უჩნდება ჩადენილი ცოდვების გამო და სწამს უფლისა, რომლის წინაშეც მკვლელი და ჩვეულებრივი პატიოსანი ადამიანი თანასწორია, მაშინ გამოსწორების შანსი ყოველთვის არსებობს. მთავარია, არასოდეს დაიღალოს ადამიანი და იბრძოლოს იმისათვის, თუ როგორ გახდეს სანიმუშო წევრი საზოგადოებისა და ცხოვრებას არ მისცეს უფლება, ისევ საკუთარი თავის საწინააღმდეგოდ შურისძიების იარაღად გამოიყენოს.

ნ-ი-კ-ი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 18 მარტი, 2013 07:25:36
სიცოცხლის უკანასკნელ საათში დაწერილი                    #41
                                                                                „და ადამიანი თრთოდა მარტოობაში“
                                                                                                                      ედგარ ალან პო


არსებობისთვის მხოლოდ ერთი საათი მაქვს დარჩენილი. მხოლოდ სამოცი წუთი მაქვს იმისთვის, რომ ვიარსებო, ვიგრძნო ის რასაც ვგრძნობ და შევეცადო ეს გრძნობა შავი ფანქრით თეთრ ფურცელზე დავაფინო. ერთი საათი და ჩემი არსებობა დედამიწაზე, წარსულს ჩაბარდება...
სიცოცხლის უკანასკნელ საათში, მე არ მაქვს უფლება გავიდე ბუნებაში, ხეებს ჩავეხუტო, შევიგრძნო მათი მხურვალე სხეულები ჩემს სხეულზე და გავიღიმო. მე არ შემიძლია გავხედო მზეს, მთებიდან ნელ-ნელა რომ იწვერება და ჩამუქებულ დედამიწას აცისკროვნებს. მე არ შემიძლია დავჯდე მდინარესთან, ვუყურო თევზების ცურვას და მოვისმინო ჩიტების გალობა. მე არ შემიძლია ეს ყველაფერი ჩემს რომელიმე რომანში ავსახო, რომელიც აღარ დაიწერება ჩემს მიერ, რადგან მალე, ძალიან მალე მე სიკვდილის დედოფალი გულში ჩამიხუტებს, როგორც მამამ ჩაიკრა დაბრუნებული ძე, და ყურში ჩამჩურჩულებს: - „როგორც იქნა, რამდენი ხანი გელოდი...“
---
ეს ჩემს მიერ განცდილი უკანასკნელი შეგრძნებაა, რომელსაც ფურცელს ვუზიარებ.
უკანასკნელად ვიღებ ხელში კალამს და უმისამართოდ ვიწყებ აზრების გაშლას ქაღალდზე. უკანასკნელად ვიწყებ მეორე გულით ცხოვრებას, იმ გულით, რომელიც ყოველთვის ფეთქავს და მაჩვენებს ყველაფერს სხვა კუთხიდან.
ახლა, როცა ცივ საკანში ვზივარ და იატაკზე უკანასკნელი თხოვნის შედეგი - ფურცლები, არეულად ყრია, კედელს ვეყუდები და მესმის ნაბიჯების ყრუ ხმა. ვგრძნობ, როგორ ახლოვდება სიკვდილის დედოფლის მძიმე ფეხსაცმლის კივილი.
„მიესაჯოს სიკვდილით დასჯა!“ ეს იყო ჩემი განაჩენი. განაჩენი, რომელიც არ დამიმსახურებია. მკვლელობა დამაბრალეს, სიცოცხლის აღგვა დამდეს ბრალად...
---
დრო გადის, არ შემიძლია შევაჩერო.
„ფაუსტი“ მახსენდება.
ნეტავ შემეძლოს წამის შეჩერება და იმ ერთ წამში ცხოვრება.
და მაინც, რომელ წამში ვისურვებდი სიცოცხლის განგრძობას?
„ვის ნახვას ისურვებდი უკანასკნელად?“ მკითხეს.
„ვინც არ უნდა ვითხოვო მოიყვანთ?“
„შევეცდებით.“
„მაშინ, ანგელოზები მომგვარეთ!“
გაჩუმდა.
„მალე ჩვენი სულიერი მამა მოვა, გაზიარებს.“
„არ მჭირდება მღვდელი, ჩვენი სულიერი მამა ედემის ბაღშია; მირჩევნია ეს ერთი საათი მარტო დამტოვოთ და მშვიდად ყოფნის საშუალება მომცეთ.“ ვუპასუხე.
დიდი ხნის წინ განვუდექი მამა-პაპურ ეკლესიას და მის მსახურებს, რომლებიც ადამიანებს ადამიანების წინააღმდეგ ამხედრებდნენ, ღვთის სახელით გასცემდნენ იმ ბრძანებას, რომელიც ნაზარეველის მიერ თქმულისგან შორს იყო. მისი სახელით ხოცავდნენ, ანგრევდნენ, არბევდნენ, ანადგურებდნენ...
მე განვუდექი ეკლესიას სადაც აღარაა სიწმინდე; მასში სიბინძურე გამეფდა. იქ მყოფთა თვალთმაქცობა სისხლის მიმოქცევას მიჩერებდა. არ შემეძლო მათ გვერდზე დგომა, ვინც მზად იყო ლოცვის პარალელურად ალესილი ჯვრით, რომელსაც ტანისამოსის ქვეშ მალავდნენ, გამოეღოთ ჩემთვის, შენთვის, მისთვის, ნებისმიერისთვის მთელი შიგნეულობა და გამოფატრულ მუცელში, ხარხარით ჩაეძახათ სიტყვა - „უფლის სახელით!“
მკითხავ, - „წმინდა და სუფთა ადამიანო, ნუთუ ყველგან სიბინძურეა და არავინაა შენი მოსაწონი? ნუთუ თითოეული იმათთაგანი, ვინც ტაძარს სტუმრობს და იქ მსახურობს ბინძურია?“
„ო, არა! მე არ ვარ სუფთა და წმინდა ადამიანი, არ ვარ და მორჩა! მე იმდენად ბინძური ვარ, რომ აღარ მინდა უარესად გავიჭუჭყო. მინდა ჩემი ჭუჭყით მივიდე იქ, სადაც უნდა მივიდე. აღარ მინდა ვინმემ უარესად წამბილწოს ჭუჭყის უზომო რაოდენობით, რომელიც ასე მრავლადაა იმ ნაგებობაშიც კი, სადაც იეშუას უნდა ეცხოვრა. იეშუას, რომელიც წიხლისკვრით გამოაგდეს და მიაძახეს: „აქ ყველაფერს ჩვენ განვაგებთ, ჩვენვე გადავწყვეტთ ვის დაიფარავ და ვის არა, ვის მიიღებ და ვის არა, ვის შეიყვარებ და ვის არა! აქ ჩვენ ვართ ბატონები!“
ვინც ვნახე ყველა ჭუჭყიანია - მეც გამსვარეს. ისინი სხვებსაც ლაფს ასხამენ თავზე, სხვებსაც ჭუჭყში აბანავებენ. მე არ მინდა კარგის ძიებაში ისევ ცუდს გადავაწყდე და კიდევ ამომთხვარონ ტალახში. მჯერა, რომ სპეტაკი ადამიანი თავად მიპოვნის.
ჩემგან განსხვავებით, თქვენ მღვდლებსა და ჩვეულებრივ შენობაში ეძებთ იეშუას. მაგრამ ჭეშმარიტად გეტყვით თქვენ: ჩვენი ცხოვრება იმდენად ხანმოკლეა, სხვა ადამიანებში კი არ უნდა ვეძებდეთ ნაზარეველს, არამედ საკუთარ თავებში. პირველ რიგში ჩვენში უნდა ვიპოვნოთ და არა იქ, სადაც ის არაა და არასოდეს დაუდგამს ფეხი!“
სიკვდილი კარს მომდგომია, მე კი, მე კი ისევ მათზე ვფიქრობ, ვისზეც არ უნდა ვფიქრობდე, მაგრამ ვფიქრობ...
---
ჩავფიქრდი, გავჩერდი. რამდენიმე წამი ქაღალდს დავყურებდი.
სიკვდილის წინაც დამცინიან - „როგორი სიკვდილი გინდა?“ მეკითხებიან.
„მე როგორი სიკვდილიც მინდა ისეთს ვერ მომცემთ.“ ვპასუხობ.
„და მაინც?“
„მაჩვენეთ მზიანი ღამე, ვარსკვლავების წვიმა, რომ წამოვა და ლურჯ ხეებს წითლად გადაღებავს. მაჩვენეთ დამშრალი მდინარეები, როგორ დიდდებიან და მოსე ხელმეორედ როგორ ყოფს წყალს ორად, რათა მასში გაიაროს... მაჩვენეთ ეს ყველაფერი და მერე მომკალით!“
სახრჩობელა ავირჩიე, როგორც ჩემმა მეზობელმა...
ტყუილად მკლავენ, უდანაშაულო ვარ, არავისთვის არაფერი დამიშავებია, მაგრამ...
ალბათ ასეთია ჩემი ბედი, - ვერაფერს შევცვლი.
---
ოცდაათი წუთი დამრჩა.
ნეტავ როგორი იქნება? რას ვიგრძნობ, როცა სხეულს ვეღარ შევიგრძნობ?
სიკვდილის ნაბიჯების ხმა ახლა უფრო მკაფიოდ ჩამესმის.
გული მერევა.
---
შიში უაზრობაა, რატომ უნდა მეშინოდეს, იმის რის შესახებაც მთელი 32 წლის განმავლობაში ვიცოდი?
სიკვდილი... რაა სიკვდილი? ალბათ სიმშვიდეა, ისეთი სიმშვიდე როგორიც არასოდეს უგრძვნია ცოცხალ ადამიანს. სიკვდილი სიყვარულიცაა, სიყვარული იმ წამის, რომელზეც წეღან ვოცნებობდი.
„- რა არის სიკვდილი?
- სიკვდილიც სევდა არის, ადამიანად არყოფნის სევდა.“
ასეა...
ზუსტად თორმეტ საათზე მიიბარებს ჩემს მძიმე სულს მსუბუქი ფრთოსანი.
იმავე წამს, როცა ჩემი დაბადების ჟამი დადგება, მე მივიცვლები...
მოვკვდები ჩემსავე დაბადების დღეზე - პოეტურია!
---
ჩემი საკნის მეზობლად ორი საკანია. უფრო სწორად ორ საკანს შორის ვარ მოქცეული.
ერთი საკანი ცარიელია, მეორე - არა. 
„ერთად გაგვიყვანენ.“ დაიჩურჩულა ჩემმა მეზობელმა.
„გეშინია?“ ვკითხე.
„ჰო, მეშინია, ძალიან მეშინია.“
„ნუ გეშინია, ჩვენ ერთად წავალთ ამ ქვეყნიდან, ხელებს ჩავჭიდებთ და...“
ჩვენ ერთად შემოგვიყვანეს საკნებში, თავზე შავი ტომრები გვქონდა ჩამოცმული.
პირველ კვირას არ მელაპარაკებოდა, მხოლოდ ტიროდა.
მეორე კვირას ლაპარაკი დაიწყო, მესაუბრებოდა. ღამეებს ვათენებდით საუბარში, მაგრამ ერთმანეთის შესახებ თითქმის არაფერი ვიცოდით. არ მოგვიყოლია თუ რატომ ვისხედით ცივ კედლებს შორის.
ყველაფერზე ვსაუბრობდით, თითქმის ყველაფერზე.
სამი თვე ისე გავიდა, რომ მასთან ლაპარაკის გარდა არაფერი მიკეთებია. (თუმცა სხვა რა უნდა აკეთოს სიკვდილმისჯილმა, რომელმაც იცის, რომ მალე ბოლო მოეღება მის არსებობას?!)
სიზმრებში ვხედავდი მას. ვხედავდი მის ვარდისფერ ტუჩებს, სხეულს, თმას, სახეს, რომელიც მე შევქმენი. მერე ვეხუტებოდი და ვკოცნიდი...
ვხედავდი, როგორ გავდიოდით საკნებიდან, უშველებელ მინდორში და ვიწყებდით ცეკვას, ვშლიდით ხელებს და სიხარულისგან ვყვიროდით.
ჩვენ არასოდეს გვინახავს ერთმანეთი, მხოლოდ გონებაში დავხატეთ ერთმანეთის სახეები.
არ გვინდა ერთმანეთი ვიხილოთ, რადგან ჩვენ გვიყვარს ერთმანეთი ისეთი, როგორებიც წარმოვიდგინეთ, დავხატეთ, შემდეგ ნახატები ერთმანეთს მივაწოდეთ და ვიცინეთ.
ოჰ, რას არ მივცემდი მანამდე, რომ გამეცნო, სანამ აქ, ამ საზიზღარ ადგილზე მოვხვდებოდით. 
გუშინ, ღამე, ტიროდა. ღმერთს იხმობდა, სასმისის არიდებას კი არა, სიმშვიდის გამოგზავნას სთხოვდა – ნამდვილი ანგელოზია.
მე მისთვის ვლოცულობდი.
მერე ორივეს ჩაგვეძინა.
---
გამოღვიძებისთანავე მეც გამომაღვიძა და სიზმრის მოყოლა დაიწყო.
„მესიზმრა, თითქოს ღამე იყო, ბინდისფერ ღრუბელზე ვიჯექი და ვარსკვლავებს ვითვლიდი. ფარშევანგმა ჩემს წინ გაინავარდა...“
„წითლად იყო შეფერილი, თავზე ოქროს გვირგვინი ედგა.“ განვაგრძე.
„გადავყურებდი შავ ოკეანეს და ვხედავდი მასში დაფანტულ კლდეებს...“
„მერე თეთრი ნავი დავლანდე. ცარიელი იყო, ნიჩბები თავისით მოძრაობდნენ...“
„სადღაც მიცურავდა...“ დანანებით თქვა.
„ღრუბელი მიწაზე დაეშვა, მე ჩამოვხტი.“
„ქვიშას შევეხე შიშველი ფეხებით; ვიგრძენი, რომ თბილი იყო...“
„ჰორიზონტს გავხედე, მიუხედავად სიშორისა, მაინც შევამჩნიე, რომ იქ ვიღაც იდგა, ადამიანს ჰგავდა, ხელები გაშლილი ჰქონდა, მის ზემოთ, ჰაერში ფრანი ტივტივებდა...“
„მერე აღარ მახსოვს რა მოხდა...’
„გამომეღვიძა და ყველაფერი გაქრა; ზღვისა და ცის ნაცვლად კი, ობიან კედლებს ვხედავ...“
ჩვენ ერთი სიზმარი ვნახეთ, ჩვენ ერთმანეთი დაგვესიზმრა.
ო, როგორ მინდა სანამ სულს ამოგვართმევენ, მოგვცენ უფლება, რომ ერთმანეთს ჩავეხუტოთ...
---
არსებობისთვის მხოლოდ ათი წუთი დამრჩა.
ათ წუთში მოვლენ და წაგვიყვანენ.
მალე ვეღარ დავწერ, ამიტომ წინასწარ დავაფენ ფურცელზე იმას, რასაც ვიგრძნობ, რაც იქნება, აუცილებლად იქნება...
ჩემს გვერდით იდგება საკნის მეზობელი, ხელებს ჩავჭიდებთ და ვეტყვი, რომ მიყვარს. როცა ფეხქვეშ სკამს გამოგვაცლიან ჩვენი სხეულების სიმძიმე თოკებს დაჭიმავს, ყელზე მოგვიჭერს, ძალიან მოგვიჭერს. ისე მოგვიჭერს, რომ სუნთქვას ვეღარ შევძლებთ. სიკვდილის ხვნეშას გავიგონებთ და ნელ-ნელა ბურში გაეხვევა ჩვენი გონება. ჩვენს ძარღვებში სისხლის მოძრაობა განელდება. ტვინი ვეღარ იგრძნობს ჟანგბადის ნაკადს და თვალებს სისხლი მოაწვება. თვალებს დავხუჭავთ, ძალიან მაგრად დავხუჭავთ, პირს გავაღებთ, მაგრამ ჰაერს ვეღარ ჩავისუნთქავთ. გულის უკანასკნელ ფეთქვას როცა ვიგრძნობ თავს მოვატრიალებ, მომინდება, რომ მას შევხედო, მაგრამ თავზე ჩამოფარებული ტომარა ხელს შემიშლის - მას ვერ დავინახავ... ჩვენი სხეულები სწრაფად გაცივდება. ჩვენი ხელები მაგრად იქნება ერთმანეთზე გადაჭდობილი, ვერავინ შეძლებს მათ განცალკევებას... მე მოვკვდები... ისიც მოკვდება... გადავალთ იქ, სადაც ყველა გადავა...
---
ხუთ წუთში მოგვაკითხავენ.
საათი წიკწიკებს, წამი არ ჩერდება.
ვეღარ ვწერ, ხელი მიკანკალებს.
მარცხენა ხელი გისოსებს შორის გავყავი, მისი გამოწვდილი ხელი მოვძებნე.
თითებს ვგრძნობ, მის თითებს. წვრილი და სწორია. ლამაზი თითები აქვს.
ტირის, მისი ცრემლები ქვის იატაკზე ღაპაღუპით ეცემა და მცირე ექოც გაისმის. დერეფანს ედება და მთრგუნავს...
ფანქარს ვატრიალებ ფურცელზე, ვცდილობ ისევ დავწერო, არ გავჩერდე...
არ ვიცი ვინმე ნახავს თუ არა ამას. თუ ვინმე ნახავს, დაე მიხვდეს, რა შეგრძნებაა როცა აქ ხარ. მე ხომ ეს მინდოდა, რომ მეჩვენებინა. არაა გამორიცხული რომ ეს ფურცლები ნაგავზე აღმოჩნდეს და ვერავინაც ვერ ნახოს, მაგრამ არა უშავს რა...
---
ორი წუთი...
- მიყვარხარ! - ვჩურჩულებ. სიტყვებთან ერთად გულის ფეთქვა ისმის.
- მეც!..
- ნუ გეშინია!
„როგორ არ უნდა გეშინოდეს... წამი წამზე, რომ მიდგა უკვე მეც მეშინია... ტკივილის მეშინია, რომელსაც ვიგრძნობ... სხეულის დამძიმების მეშინია... ჰო, მეშინია!“ გავიფიქრე.
- ხელს არ გამიშვებ? - მუდარით ამოთქვა.
- არასოდეს!
- მპირდები?
- გპირდები!
---
ერთი წუთი დარჩა.
მოდიან. ნაბიჯების ხმა მესმის.
- მიყვარხარ! - კანკალით ვამბობ.
- ხელი არ გამიშვა! - ჩურჩულებს.
---
მოვიდნენ...
- ორი წუთი მოითმინეთ, უკანასკნელ სიტყვებს დავწერ... - ვამბობ და პასუხს არ ვუცდი, ვიწყებ ასოების გამოყვანას.
მარჯვენა ხელი გამეოფლა, მის ხელს უფრო მაგრად ვუჭერ, ვცდილობ არ გამისხლტეს.
---
და იქნება ასე: როდესაც ჩვენს უმოძრაო ხელჩაჭიდებულ სხეულებს მიწაში ჩაუშვებენ, იქაურობას წალეკავს ვიოლინოს ატირებულ სიმთა სევდიანი კვნესა და მას შეერთვება დედაჩვენების ტირილი... ეს ორი უზენაესი ხმა, ჩვენს საწყალ სხეულებს დაეფინება, როგორც შავი ვარდის საამო სურნელი და ჩვენი სულები აიჭრებიან ცისკენ, შავ ღრუბლებს გადაუფრენენ. ჭექა-ქუხილის სახით გამოგვიგლოვებენ ანგელოზები... კოკისპირული წვიმა დაასკდება ჩვენს საფლავს და მეხის გავარდნისთანავე გასკდება საფლავის ქვა, რომელზეც სისხლისფერი ასოებით ეწერება სიტყვები: "აღსრულდა!"
---
- ხელი არ გამიშვა... - ისევ ჩამესმის მის მიერ, ჩურჩულით ნათქვამი სიტყვები.
- არასოდეს! - ვპასუხობ.

ნ-ი-კ-ი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 18 მარტი, 2013 07:27:02
მუდრები                                                        #43



საიდან მოიტანა, სად იპოვნა?! თვალსმოფარებულები არ იყვნენ, მოდიან, ეს მუდრებიო, ასე ამბობდა. უფრო თავისთვის, გაზქურასთან ახლოს ჩამომდგარი, ხელებს რომ ითბობდა ბუნებრივ აირზე, თან მოსაწყენ გარეუბნის ვიწრო არეალს შესცქეროდა გაშტერებული.
ისინი, შავები, დაბლები და აჭყლობინებულები, მერცხლებივით გუნდ-გუნდად მიირწეოდნენ და შორეული, აღმოსავლური სურნელებით აბრუებდნენ ქუჩას. თუ წააწყდებოდი პირისპირ, გაგიცინებდნენ მეგობრულად, თითქოს სამშობიარო ბლოკიდან გიცნობენო და თეთრ, ბროლივით კბილეებს გამოანათებდნენ.  მათ შორის, იყო ერთი გრძელთმიანი, წითელმიწისავით კანის ფერიანი გოგო, ეროვნულ ფერად სამოსში, შუასაუკუნეების ადამიანს რომ ჰგავდა და შუბლზე ხალით და ათასი ჟღარუნა სამკაულით, თავს რომ იწონებდა ღიმილით მიმავალი. ათასფერებით, ცისარტყელებით.
რაც მართალია, მართალია, ამ მუდრებს, რომელსაც საკუთარ სამშობლოში მიწაზე ფეხი აღარ დაეკარებოდათ, (პირდაპირი გაგებით) და აქეთ მოიწევდნენ, ჰქონდათ ანდამატური მიზიდულობა, უხილავი ენერგია, რომელიც, რაც არ უნდა გაბრაზებული ყოფილიყავი, „სამშობლოს გვართმევენ“,- მეზობლის იეზიდური კეთილი გულით, მაინც უღიმოდი და იმ ორ შავ ბიჭსაც, რომელთაც წარბები ისე ჰქონდათ გადაბმული, რომ თითქოს, ერთმანეთთანაც კი ამ წარბებით იყვნენ შეერთებულნი. მათ ხელჩაკიდებულობას და ფარულ, ხელებით ალერსს თვალს არიდებდი და მაინც უღიმოდი, მით უმეტეს, რომ შენს რწმენას და რელიგიას შეურიგებლობად მიაჩნდა და შენც იზიარებდი ამ შეუწყნარებლობას. გარშემო სიყვარულს მძაფრი სუნელივით აფრქვევდნენ, მწარეს, ცხარეს, მძაფრსუნიანს, მაგრამ ადამიანურად დასაშვებს.
ძირითადად, მეტროში გემგზავრებოდნენ. გამოტყდი, რომ, ის მოთრეული სიტყვა „მუდრები“, სიტყვებით თამაშისთვის დაგჭირდა. იცი, რომ ბუდიზმში მუდრა ჟესტების სახელებია და ათასხელიან შივას ხელებს აღწერს. ეს შავი ადამიან-მერცხლების გუნდი სწორედ მუდრებს ანსახიერებდნენ შენი მოსაწყენი ქალაქის სინამდვილეში. მართალია, ხო, განსაკუთრებულ სუნს შავმიწა ნიადაგის ფხვიერ და არამდგრად შეგრძნებას ტოვებდნენ და მაინც, იმ წვრილთვალება ყვითლებივით არ გაღიზიანებდნენ.
- სამედიცინოზე სწავლობენ ესენი; - დააყოლებდა ხოლმე გაზქურასთან ყავადანთან ახლოს მდგარი და თან ფიქრს გულში კი არადა, უფრო ტვინის იმ მონაკვეთში აგრძელებდა, სადაც ყიფლიბანდს ეძახიან. საიდანაც, გულს უკავშირდება გონება და მერე კი, საკუთარ თავთან ფიქრს გააბავ. - ჯადოქრობა მობეზრდათ?! შამანობა და ტრანსები?! თუ კოცონზე შეხრუკულ წინაპრების სულებს უნდათ რომ გაუადვილონ ბუდასთან მისასვლელი გზები?!  მდინარეების დავიწყება ხო არ სურთ,  ყვითელყვავილებიანი მოსიარულე ცეცხლწაკიდებული კუბოებით  კალაპოტ სავსე?!
მთელ დღეს სამსახურში ატარებდა. იქ, იმდენს ამუშავდნენ რუტინული საქმით თავგაბეზრებული, ფიქრის და მჭვრეტელობის დროს ვეღარ ძებნიდა და ძირითადად, ქვეყნის პარლამენტართა ჭკვიანური კანონების კორექტირებისას ასოების გამოხშირვით კავდებოდა. საღამოს კი ისევ მეტროსკენ მიმავალ გზას დაადგებოდა, ექსკალატორზე ამ წითელ თუ შავმიწა ნიადაგებს, ხან რომ ადამიან-მერცხლებს ეძახდა, გააჩნია რა ხასიათზე გამოდიოდა შინიდან თუ ოფისიდან, წააწყდებოდა. მომავლებს, აჭყიპინებულებს, მომღიმრებს, დალალ-კავებიანებს და თეთრ-კბილა, იაგუნდისფერ სამოსიანებს. ის ერთი ათასფერა გოგო, გამორჩეულად, ჩუმად და ოდნავ განზე მოჰყვებოდა უცხოელ სტუდენტებს და როგორც მდინარის ჭავლი მოირხეოდა.
ამ დროს ტკბილი ბავშვობა გახსენდებოდა. სახლში პაპა-ბებიების ფუსფუსი და მშობლების ჩხუბისგან ქანცგაცლილი ჩამავალი მზე, მეხანიკი გიგოს თავდახრილი ნაბიჯების ხმა, ახალი აფიშა, დისკოს მოცეკვავეს მეორე ნაწილი, იცეკვე, იცეკვე და დარბაზს მიმწყდარი სოფლის მზისგან გახრუკული ადამიანები. შეძახილებით და ფარული ცრემლებით, ოფლის სუნით და მუჯლუგუნებით ავსებული სოფლის კინო, სადაც ინდური ცეკვა და მუსიკა, რუსულად გახმოვანებული უცნაურად გარეპილი კადრები. უამრავი ყვავილების ფერადი ბაღები, რომელიც, ალბათ, იმქვეყნიურ სამოთხის ლანდების ლიცლიცივით ესიზმრებოდათ მერე და დღისით კი უკვე ვენახებს მოდებული, ჯიმის თავს გეფიცები, რიტა უნდა მოვიტაცო, ზიტა და გიტა.
- მე ვიქნები ზიტა, შენ იყავი გიტა.
-არაფერიც, მე ვარ რიტა.
-დაგასწარი. დღეს „ზიტა და გიტა“, ხვალ კი „დისკოს მოცეკვავე“.
- მე ვიქნები ზიტა, შენ იყავი გიტა.
იმ ზაფხულს პირველად წავიდა შავ ზღვაზე. გზაზე, დალანდა რომ დასავლეთში, ძროხები სახლების წინ ჰყავდათ მიშვებული, დიდი ზანზალაკები აქვთ კისრებზე ჩამოცმული და ასე, წკრიალ-წკრიალით ძოვენ გზისპირას. ვინ იცის, ძაღლზე ადრე ძროხა მოიშინაურეს, ან ადამის მორჩენილ თიხისგან ძროხაც მიაზილა გამჩენმა და სული კი თავისი ჩაჰბერა, რა ვიცი, წმინდა ცხოველივით. ადამიანის ისტორიას და ტრაგიკულ ბედს კი თან სდევს ეს ხარის კულტი და ძროხის მარჩენალობა. იმ ზღვაზე ბევრი დრო ჰქონდა, მზისგან დასხივებულს მჭვრეტელურად ეფიქრა სხვებზე და განცვიფრებულმა და გარუჯულმა, ყავისფერმა და მიწაშიამოგანგლულისფერმა დიდხანს რა, მთელი შვებულება გულით იდარდა, რომ მთელი ამ ზღვის არსებობის მანძილზე, ქვეყნის მრავალსაუკუნოვან ისტორიაში ერთი ეროვნული მოგზაური, ზღვის მეკობრე ან გემის ადმირალი არ მოიძებნებოდა. - ნუთუ ყველა ვინც ზღვით გადიოდა შორეულ ქვეყნებში, არალეგალურად სხვაგან დარჩენას იზრახავდა გულში?! უკან მოსასვლელ გზებს გულდაგულ ივიწყებდა?! ბაგაში. გაუნათდა გონება, ზღვიდან წამოსვლის წინა საღამოს, როცა ჩამავალი მზის ბილიკზე, თითქოს წყალზე მოსიარულე, დაკუნთულ, გარუჯულ ადამიანს შეავლო თვალიო. ბაგაში არ იშვა ისიც?!
სექტემბრის ბოლოსღა მობრუნდა ქალაქში, რომელსაც დეპრესია ხრავადა ჭიასავით და ადამიანებს სიცოცხლის ნიშან-წყალს არ უტოვებდა.
სამსახურში გასვლის პირველსავე დღეს აღმოაჩინა, რომ მერცხლები გაფრენილიყვნენ თბილ ქვეყნებში. მათი ჭყლოპინა გუნდი, მოწყენილ გარეუბანს არ აფხიზლებდა, ეს შივას ათასხელებივით მოფართხალე მუდრები, თუ ჟესტების ენაზე მოლაპარაკე პატარა ღმერთები, სად არიან, უწრიალებდა ტვინიც და გულიც ერთდროულად, და თან გაზქურაზე გადმოსულ ყავას, რომელსაც უკვე ნახშირის სუნი ასდიოდა, ერთიანად გაცეცხლებული ნთქავდა და დამწვარ სასას ყინულებიან წყლით იგრილებდა.
გულმოწყალე იეზიდმა, რომელიც დავით აღმაშენებლის ხმალს გადაურჩა და დღემდე ქუჩა-ქუჩა ქალაქის დასუფთავებას ემსახურება, კეთილად გაუღიმა და ხელით ანიშნა:
- წავიდნენ, წავიდნენ.
-სად, ვინ, როდის?! - ინტელექტუალური თამაშის ხასიათზე მართლა არ იყო.
-ბალალა, ჰალალაა. - ცოცხი მოუსვა მწვანე-ყვითელ-წითელ ფოთლებს გატუსულმა იეზიდმა. - ის ბიჭი თბილისის ზღვაზე დაწვეს.
- რომელი ბიჭი, სად წავიდნენ?! კინტოურ კილოზე შეუბრუნა კითხვა და თან ქუჩის ბოლოსკენ გაიხედა, ჩვევასავით, უნებურად.
- წარბებგადაბმულებიდან, ხელებჩუმმოალერესეებიდან ერთი მოიგდეს აქაურმა ვირგლებმა, გაიგდეს წიხლქვეშ. მოკლეს, რა, სისხლი ადინეს, გაუერთიანეს თავ-პირი.
შემოდგომის ფოთლების გროვას მეზობელმა ცეცხლი წაუკიდა და ააბოლა.
- ამათ დიდხანს იგლოვეს, მერე ერთ ვარდისფერ ცისკარს, წაიყვანეს ჩუმად, თბილისის ზღვაზე, უკაცრიელ მხარეს და ჯერ ხო, რაღაცა ნელსაცხებლებით განბანეს, მერე კაკლის და მუხის ხეების ფიჩხის კოცონზე დააწვინეს და, თან უმღეროდნენ და თან დაწვეს ბოლომდე, დაფერფლეს. მერე კი, ფერფლი პატარა ყუთში მოაგროვეს და იმ ფერად, გოგოს, ცოცხალ ღმერთს რომ ეძახდნენ, გახადეს ის ცისარტყელა, ბრჭყვიალა კაბები და თეთრი ქათქათა ტილოები ჩააცვეს, მისცეს  ეს ფერფლის ყუთი, და აიკრეს კიდეც გუდა-ნაბადი და წავიდნენ.
- მე ვიქნები ზიტა, შენ იყავი გიტა.
-არაფერიც, მე ვარ რიტა.
-დაგასწარი. დღეს „ზიტა და გიტა“, ხვალ კი „დისკოს მოცეკვავე“.
- მე ვიქნები ზიტა, შენ იყავი გიტა.

ნ-ი-კ-ი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 18 მარტი, 2013 07:28:14
ადმ                                                  #44
                                                (ზღაპარსა და სინამდვილეს შორის)


*
იყო ისეთი დროც, როცა დედამიწაზე ადამიანები არ ცხოვრობდნენ. და არც არაფერი იყო. იყო ღმერთი. მას უნდოდა შეექმნა სამყარო. ჰოდა, ბევრი იფიქრა და გააჩინა: ცა და მიწა, წყალი და ჰაერი, ნათელი და ბნელი, ცხოველები, თევზები, ფრინველები, ხეები, ყვავილები, ტყეები, მთები და მინდვრები. ნელ-ნელა აივსო სამყარო და თავის თავს დაემსგავსა. მოეწონა ღმერთს ნახელავი და მუშაობა განაგრძო.
გააჩინა წვიმა, თოვლი, ცისარტყელა, ყინულის ლოლუები, ირმები, დათვები, ციყვები... აივსო ნელ-ნელა დედამიწაც და ისიც თავის თავს დაემსგავსა. ტყეში ცხოველები დაბინადრნენ, ზღვებში - თევზები, ველ-მინდვრებში - ყვავილები, ცაში - ვარსკვლავები. ადამიანი არსად ჩანდა. ამიტომ არც სახლები ოყო სადმე, არც ქალაქები, არც ციხე-კოშკები.

*
" - არავინ ჩანდა?
- ჰო, სულ არავინ!
- არც ბავშვები?
- არც ბავშვები, არც დიდები, არც მოხუცები! და არც არავინ იცოდა,  როგორი იყო ადამიანი". - აი, ასეთი საუბარი გაიმართებოდა ამ ზღაპარში, აქ რომ  თქვენხელა გოგონა და ბიჭი ცხოვრობდეს. მაგრამ აქაც ისევე არავინაა, როგორც იმ დროს დედამიწაზე. ჯერ არც ბავშვები ცხოვრობენ, არც მშობლები, არც პაპა-ბებოები, რომლებსაც უამრავ კითხვას დაუსვამდნენ შვილიშვილები  ზღაპარშიც და სინამდვილეშიც.
ჩვენც ახლა იმ დროში უნდა გადავსახლდეთ. ვითომ, ვითომ...
მოდი გავძახოთ ამ მთებსა და მინდვრებს, ეგებ გამოგვეპასუხოს ვინმე. აბა, ერთად: -  ჰეიიიი, ჰე-ჰეიიიიი, ადამიანოოოო,  არის აქ ვინმე?
არავინ გვცემს ხმას. ან როგორ გაგვცემს?! ადამიანი ხომ ჯერ არც გაჩენილა.

*
ყველა, სულიერი თუ უსულო გრძნობდა, რომ სამყაროს რაღაც ძალიან აუცილებელი, საჭირო და საინტერესო აკლდა. თენდებოდა, ღამდებოდა, მაგრამ რაღაც მაინც ისე არ იყო... მოდიოდა გაზაფხული, მერე ზაფხული, მერე შემოდგომა, და ბოლოს ზამთარი. თოვლით იფარებოდა მიდამო. მაგრამ თოვლსაც ბეზრდებოდა მარტოობა და დნებოდა. თოვლსაც უნდოდა, ადამიანის ხელში გუნდად ქცეულიყო და ეთამაშა. თოვლსაც უნდოდა, ბავშვების ფანჯრის წინ დახვავებულიყო და თვალებში თავისი ქათქათა სინათლე შეეფრქვია ახლადგაღვიძებული პატარებისათვის. "თოვლი მოსულა, თოვლიიიიიიიი!" ¬- აი, სულ ამის გაგონებაზე ოცნებობდა, მაგრამ ოცნება ოცნებად რჩებოდა თოვლისთვისაც.
"ბრახ!" - ხანდახან ციყვი თუ ჩამოაგდებდა ტოტიდან ფუმფულა კუდით თოვლს და ისევ ფუღუროში შევიდოდა კაკლის ჩასახრამუნებლად.
დათვსაც ბუნაგში ეძინა და ასე ხვრინავდა: "ხუუუ-ღუუუ, ხუუუ-ღუუუ"... თუ შიმშილი შეაწუხებდა, გაიღვიძებდა, გარეთ გამოვიდოდა. არც ეგ იყო საშიში! მოშიებულ დათვს ხომ ფიჩხისთვის ტყეში წასული ბავშვი ვერსად შეხვდებოდა.

*
ღამ-ღამობით, ერთი უსახელო ძაღლი მეორე უსახელო ძაღლს ეუბნებოდა: ეჰო, ადამიანი რომ იყოს... მივიდოდით მასთან სახლში,  ვიმეგობრებდით, მის კარ-მიდამოს ვუდარაჯებდით და ერთადაც ვითამაშებდითო, ჰამო, ჰამო!
უსახელო რატომ იყო, ამას აღარ აგიხსნით. ისედაც მიხვდებით, რომ ძაღლს სახელს მხოლოდ ადამიანი არქმევს. ჰოდა, მაშინ სახელი არავის ერქვა: არც ძაღლებს, არც კატებს, არც ზაზუნებს, არც თუთიყუშებს და არც ზღვის გოჭებს. ბეკეკოებს, კვიცებს, ბოჩოლებსა და ჩოჩორებს აბა, ვინღა დაარქმევდა სახელს?
ლოკოკინები უხმაუროდ დაცოცავდნენ. მგონი, ადამიანის გამოჩენას არც ელოდნენ, რადგან პაწია სახლებში ცხოვრობდნენ და იქ სტუმარსაც ვერ მიიღებდნენ, თუნდაც სულ პაწაწუნა ბავშვი მოსდგომოდათ კარზე, უფრო სწორად ნიჟარაზე. თუმცა ცდილობდნენ, მომავალი ადამიანს ისინიც შეემჩნია ამ ვეებერთელა სამყაროში და ვერცხლისფერ კვალს ტოვებდნენ გზებზე...

*
  დილით, უთენია, ერთი ჩიტი ეუბნებოდა მეორეს ჩიტების ენაზე: ადამიანი რომ იყოს, შემოვსხდებოდით მის ეზოში ყველაზე ლამაზ ხეზე და ვიჭიკჭიკებდითო. იმასაც გაუხარდებოდა და ჩვენცო. შემოგვძახებდაო: "შენს პირს შაქარიო, კარგი ამბავიო! ოქროს ნისკარტიო!" და ჩვენც მოვუყვებოდით კარგ ამბებსო. მაგრამ ახლა რა გვე-ჭიკ-ჭიკებაო! ხანდახან იმაზეც ლაპარაკობდნენ ეს ჩიტები, როგორ ნახეს ერთხელ სიზმარში უცნაური და ლამაზი არსება, რომელსაც არც ფრთები ჰქონდა, არც ნისკარტი, არც ბუმბული, მაგრამ მაინც ძალიან ლამაზი იყო. ნამცეცებს უყრიდა მათ თოვლში. ეს ნამცეცები ისეთი გემრიელი იყო, ისეთი გემრილი, ცხადში მსგავსი არაფერი ეჭამათ ჩიტუნებს. ასეთ უცნაურ სიზმრებს ნახულობდნენ მაშინ ჩიტები. არწივი კი სულ მაღლიდან ზვერავდა გარემოს: ეგებ, გამოჩნდეს და პირველმა შევამჩნიოო!

*
ყველაფერი მოწყენილი იყო ირგვლივ. მზე, მთვარე და ვარსკვლავები დაჰყურებდნენ დედამიწას და ერთმანეთს ეუბნებოდნენ:
- ასეთი ლამაზია ეს დედამიწა, მაგრამ ადამიანი რომ ცხოვრობდეს აქ, უფრო ლამაზი იქნებოდაო.
დედამიწაც დაღონებული იყურებოდა მაღლა: - რა ლამაზია ეს ცა და ვარსკვლავები, მაგრამ ადამიანი რო უყურებდეს ამას, უფრო კარგი იქნებოდაო.
რამდენ ზღაპარს დაწერდაო, რამდენ ლექსსო. ეჰო, ამოიოხრებდა და შეზანზარდებოდა მიწა. ჭიანჭველები იტყოდნენ, რა ზანზარებსო და ამოძვრებოდნენ თავიანთი სახლებიდან ზევით. ერთი ჭორიკანა ჭიანჭველა წაიტრაბახებდა, აგერ, მე დავინახე, დიდი სტუმარი მოდისო, მაგრამ არავინ ჩანდა. და ისევ ნელ-ნელა ჩაძვრებოდნენ მიწაში. თან საგზალს წამოავლებდნენ ფეხს და ზურგზე  მოზრდილ ლუკმას შეიგდებდნენ. აბა, ტყუილად ხომ არ მოვცდებითო?! სტუმრის მოლოდინშიც იყვნენ და უნდოდათ სახლში სანოვაგე დაეხვავებინათ.

*
ზღვები ჩუმ-ჩუმად იცრემელბოდნენ. ზოგჯერ ზედმეტადაც ღელავდნენ. ნაკადულებიც და მდინარეებიც იცრემლებოდნენ: - რა იქნებოდა ჩვენს ნაპირზე ადამიანი ცხოვრობდესო. მარტო თევზებისთვის ხომ არ გავჩნდითო? ესენი მშვენივრად გრძნობენ თავს და არასდროს წყურიათო, არასდროს ცხელათო. ადამიანი კი დალევდა ჩვენს წყალს, მიწასაც მორწყავდა და მოსავალსაც მოიყვანდაო. საქონელსაც დაარწყულებდა და სიცხეში კიდევაც გაგრილდებოდა ჩვენ ჩქერებშიო. და კიდევ მეტად ჩაახვევდნენ ქვებზე თავიანთ ქოჩორა ტალღებს. ჩუხ-ჩუხ! ჩუხ-ჩუხო! ანუ ეჰო, ეჰო!
ბაყაყი კი სიცილით იჭაჭებოდა წყლის ნაპირზე, ერთი ვნახო, ის თქვენი ადამიანი, რომ მოვა, მერე დამაფასებთ! მიხვდებით, ჩემზე ლამაზი და ჩემზე ჭკვიანი რომ არ იქნებაო! და ისე გაიბერებოდა, გეგონებოდათ, ესაა და მთელი სამყაროს ბატონ-პატრონობის ღირსიაო. ამოუშვებდა მერე უდარდელ სიმღერას.
"ყი-ყი, ყუა-ყუა! ყი-ყი, ყუა-ყუა! ყი-ყი, ყუა-ყუა!" და აღარ დაასრულებდა. გაბრაზებული წყალიც უფრო და უფრო სწრაფად გაეცლებოდა იქაურობას და თავქვე აგრძელებდა გზას. ხოლო კენჭები კიდევ უფრო ღრმად ჩაეფლობოდნენ ტლაპოში თავის დედიკო ქვებთან ერთად, ეგებ როგორმე დაგვეძინოს ამ ყიყინშიო. 

*
ტყეებს ხომ გაფოთვლაც არ ეხალისებოდათ. სიმარტოვეს გრძნობდნენ. არავინ კრეფდა მათ სიღრმეში სოკოს და კენკრას, არავის გაჰქონდა მათი ნობათი: სხვადასვანაირი ხილი, კაკალი, გირჩები... არც ფიჩხი უნდოდა ვინმეს, არც თაფლი... არავინ უგდებდა ყურს ფრინველთა ჟივჟივს. ტკაც! ჩამოტყდებოდა ხეს ტოტი, რაც ტყის ენაზე ნიშნავდა: ეჰო, ეჰო! ხანდახან ტყეში მგელსაც დაინახავდი. დადიოდა, დაეძებდა ვიღაცას. მერე შეჰყმუვლებდა მგლის ენაზე: ადამიანო, მოდიიიიი, მომბეზრდა მარტოობაო, მგლობაც მომბეზრდაო.  მგელი იყო, მაგრამ უნდოდა ზღაპრის ლამაზ წიგნში ეცხოვრა. ისეთ ზღაპარზე ოცნებობდა, რომელშიც არც წითელქუდას ჩაყლაპავდა, არც ბეკეკას, იქნებოდა კეთილი და ყველას ეყვარებოდა. ეს კი ადამიანის გარეშე ვერაფრით მოხერხდებოდა. მარტო მელაკუდა დასუნსულებდა და ტყის ქათმებს უყურებდა ეშმაკურად. ფიქრობდა თუ არა ისიც ზღაპარში ცხოვრებაზე, არავინ იცოდა. მგონი, ზღაპარს ჩიჩია ერჩია.

*
ნიავი რომ ნიავია, ისიც უაზროდ დაეხეტებოდა უდაბნოში. მისთვის მთელი დედამიწა უდაბნო იყო, რადგან არსად ეგულებოდა ადამიანი, რომელიც მუშაობით დაღლილი, გაოფლილ გულმკერდს მიუშვერდა და ეტყოდა: დალოცვილი, ნიავიო! არც ქარს, არც ნისლს, არც ღრუბელს, არავის ეგულებოდა თავის მესაიდუმლედ ადამიანი. ქარი ზუოდა: ეჰო! ღრუბელი წვიმდა და გრუხუნებდა: ეჰო! ნისლი სულ გაქრებოდა და გადაიკარგებოდა, აქ  დიდი მოწყენილობააო, ეჰო! გაბრაზებული ვულკანები კი ხანდახან ცეცხლსაც  ამოაფრქვევდნენ, იქნებ დაგვინახოს ადამიანმა და მოვიდესო, რომ ასე გულდათუთქულები აღარ ვიყოთ მარტოობითო.
რა იცოდნენ ვულკანებმა, რომ ცეცხლით თამაში ძალიან საშიში იყო. ეს რომ ცოდნოდათ, ცეცხლის მაგიერ ან ბატიბუტს ამოყრიდნენ, ან ლიმონათს ამოაფრქვევდნე. აი, რა უყვარს ადამიანს ცეცხლზე უფრო.

*
ჭრიჭინები ღამ-ღამობით გაიძახოდნენ: ადამიანო, მოდი ჩვენთან! ნეტა ვისთვის არის ეს ლამაზი მინდვრებიო. მოდი, შემოსკუპდი შენც ამ ბალახის ღერზე და იჭრიჭინეო, ჭრიო-ჭრიო! კალიებიც აქეთ-იქით დახტოდნენ: არა, აქეთ ვიპოვით ადამიანს და არა, აქეთო. ხან მარჯვნივ გადახტებოდნენ, ხან მარცხნივ, მაგრამ ამაოდ. ადამიანი არსად ჩანდა. ჭიანჭველები მიწაში ჩაძვრებოდნენ და ეძებდნენ, მუხლუხოები ხეებზე დახოხავდნენ, იქნებ აქ აძვრაო, მაგრამ ადამიანი არსად ჩანდა. პეპლები, ფუტკრები, კრაზანები ხოჭოები ველ-მინდვრებში, ყვავილების გულებში დაეძებდნენ: ბზზზზზზზზზ-ბზზზზზ! ეს მწერთა ენაზე ნიშნავდა: სად ხარ, ადამიანო, სადო? ანუ ეჰო! ეჰო! ობობები კი ბადეებს აბამდნენ ბარდებზე, ეგებ ადამიანი გავაბათ და ჩვენთან დავტოვოთ, რომ ერთად ვითამაშოთ ობობობანაო. არცო დაჭერობანაო, არცო დამალობანაო, მარტო ობობობანაო. გასუსულები იყვნენ, ხმას არ იღებდნენ, რადგან ერთმა ბრძენმა პაპა-ობობამ ასწავლა მათ: სჯობს სხვებმა იხმაურონ, იზუზუნონ და იჭრიჭინონ! ჩვენ ჩუმად, უხმაუროდ ვაკეთოთ ჩვენი საქმეო და როცა ის მოვაო, აი, ნახავთო, მასთან ახლოს ადვილად დავიდებთ ბინასო. რადგან გული მიგრძნობს, რომ მას ხმაური არ ეყვარება და მის სახლში ყოველთვის იქნება საჩვენო ერთი კუთხე-კუნჭული მაინცო. შვილიშვილები ვერ ხვდებოდნენ რა იყო სიტყვა "კუნჭული", მაგრამ პაპისა სჯეროდათ და ხმას არ იღებდნენ. ღამ-ღამობით, როცა უცნაური და ოდნავგასაგონი ხმები ისმის, ეს დედა-ობობების ნანინებია, შვილიკოებს რომ უმღერიან.

*
ყვავილები ხშირ-ხშირად ამოდიოდნენ მიწიდან, მიმოიხედავდნე, მაგრამ ადამინს რომ ვერ დაინახავდნენ, დარდით ჩაჭკნებოდნენ და ისევ მიწაში ჩავიდოდნენ. ბალახიც ასე იყო, ამოვიდოდა, ერთხანს გაყურსული დაელოდებოდა, ეგებ გამოჩნდესო, მაგრამ არავინ ჩანდა და ისიც მიწას უბრუნდებოდა. მათ ეგონათ, რომ ადამიანს კარგი სურნელი უნდა ჰქონოდა, თავზე ბალახი, და აუცილებლად სამკურნალოდაც გამოსადეგი ყოფილიყო, განა მხოლოდ საჭმელად და საძოვრად? მაგრამ არავინ ჩანდა, ჰოდა, ბალახიც და ყვავილებიც ისევ შეიკეტებოდნენ მიწის სახლებში და ისევ დიდი მოწყენილობა ისადგურებდა მინდვრებში.
მხოლოდ ერთი ყრანტალა ყვავი თუ დაიწყებდა ბორიალს, და ვერავის რომ ნახავდა, თავისი ბუდისკენ გაფრინდებოდა: "ყვააააააააააააა, ყვაააააააააა, ნეტა რატომ არ ჩანს ადამიანიო. ყველს ხომ მაინც მაჭმევდა, თუ თაფლაკვერებს არაო".
თაგუნია სიცილით კვდებოდა ყვავის სიტყვებზე: ელოდე, ელოდე, ადამიანი თაფლაკვერებს რომ გაჭმევსო! მერე წინა თათს საფეთქელთან მიიტანდა, აფრენსო და თავის სოროში შეძვრებოდა: "ამ ყვავს მე არ ვეგონო თაფლაკვერა და არ შემჭამოს. განა ჩემი დედიკო ტყუილა მეძახის ჩემო ტკბილო, ჩემო ტკბილოო?!".

*
ძაღლს ეგონა, ყეფა ეცოდინებოდა. ჩიტს ეგონა, ორი ფრთა ექნებოდა და იჭიკჭიკებდა, ფუტკარს ეგონა - თაფლს შეაგროვებდა, ზღვებსა და ნაკადულებს ეგონა - ისიც თევზს ემსგავსებოდა, მაგრამ უფრო ლამაზი და უფრო დიდი იქნებოდა. სიდიდეში ზღვები ვეშაპს კი არ გულისხმობდნენ, არამედ ჭიჭყინას, ლიფსიტას! რვაფეხას უნდოდა, ვინმე მასავით ბევრხელებიანისათვის ჩამოერთმია ხელი და ფიქრობდა, რომ ასეთი ბევრხელება სწორედ ადამიანი იქნებოდა. ხეებს ეგონათ, ისიც ხესავით დატოტვილი იქნებოდა, დიდ ფესვს გაიდგამდა მიწაში და ცას მისწვდებოდა კენწეროთი, ტოტებში კი უამრავ ბუდეს გამართავდნენ ჩიტები. ბუდეში ბარტყები გაიზრდებოდნენ. შეიფარებდა ციყვებს, მათთვის ფუღუროებს კაკლით ამოივსებდა და სულ, გამუდმებით იშრიალებდა.  ქარს კი ეგონა გამჭვირვალე იქნებოდა და უსხეულო, არც სახლი ექნებოდა არც კარი, ივლიდა და ქვეყნიერების ამბებსს გაიგებდა. 
დედამიწას ეგონა, ადამიანი შვილიმიწა იქნებოდა. ერთმანეთზე იზრუნებდნენ და ერთმანეთს მოუვლიდნენ. მზე ფიქრობდა ჩემსავით გაათბობს და გაახარებს სხვასო. როცა მე დავიღლები და დავიძინებ, ღამით ის გაანათებს დედამიწასო.

*
რაღა ბევრი გავაგრძელოთ, ყველა სასწაულს ელოდა...  მაშინ ღემრთიც დედამიწაზე ცხოვრობდა. აშენებდა და ახარებდა უამრავ მცენარეს, გააშენა ულამაზესი ტყეები, ბაღები, ვენახები, ყანები. მინდვრებში ყვავილები დარგო, ცა ღრუბლებისა და ნისლების უზარმაზარი ბურთებით მორთო. ცისარტყელებიც კი საკუთარი ხელით გააფერადა.
ამ შრომაში უამრავი დრო გავიდა, ღმერთიც მოხუცდა და გადაწყვიტა ცაში წასვლა. არ სურდა აქაურობის უპატრონოდ დატოვება.
მთელი ეს დრო ღმერთი ფიქრობდა, როგორი უნდა ყოფილიყო ის, ვისი დაბადებაც ყველას ერთნაირად გაახარებდა. ვინც ყველას და ყველაფერს მოუვლიდა.

*
ერთ დღესაც ღმერთმა სამყაროს უთხრა: გაკვირდებით და ვხედავ, რომ ყველანი ელოდებით ისეთი არსების გამოჩენას, რომელიც თქვენი მსგავსი იქნება, თქვენი მეგობარი გახდება და თავს მარტო აღარ იგრძნობთ, ვისაც თქვენ ეყვარებით და მოგივლითო. მინდა, არც მან იგრძნობს თავი თქვენ შორის უცხოდ. ამისათვის თქვენი დახმარება მჭირდება: მოდით, ყველამ გაიღეთ ის, რაც გაგაჩნიათ, მე ჩემსას დავუმატებ. ასე ჩვენიანად შევქმნით, არასდროს მოუნდება სხვაგან წასვლა და თქვენი მიტოვება, თქვენი ენაც ეცოდინება, თქვენი ნირი და ბუნება. დე, ჰქონდეს მას თავისუფალი ნება, გონება, მაგრამ ახსოვდეს, რომ ამ სამყაროს ნაწილია, თქვენი შვილია და თქვენი პატრონიც ერთდროულადო. მეც ცოტა დავბერდი, დასვენება მჭირდება და იმედიანად ვიქნები, რომ მარტო არ დაგტოვებთო.

*
  და აფუსფუსდა მთელი სამყარო! მოსაფიქრებლად დიდი დრო არავის დასჭირვებია, ატყდა ხმაური, ყიჟინა, გადაძახილი. დედამიწამ თქვა: აი, მე ჩემ სხეულს გაძლევ, ყველა მინერალი, რაც გამაჩნია, რისგანაც შევდგები, და რასაც "მიწა" ჰქვია ადამიანისთვის დამითმიაო. მდინარეებმა, წყაროებმა, ოკეანეებმა და ზღვებმა ყველანაირი "წყალი" შეაგროვეს და ღმერთს მიართვეს ადამიანისათვის.
ასევე მოიქცნენ სხვებიც: ნადირ-ფრინველი, თევზები, მწერები და ქვეწარმავლები, ყვავილები და ბალახები, ქვებიც კი დამწკრივდნენ ღვთის კარზე და თავიანთი ნაწილი გაიღეს ადამიანისათვის. ქარმა, რომელსაც სხეული არ გააჩნდა, თავისი ენერგია ანუ ძალა მიუტანა ღმერთს მისთვის... ღმერთი ბედნიერი იყო, მას ყველაფერი ჰქონდა ხელთ, რომ საუკეთესო ქმნილება გამოეძერწა.

*
იმდენი მასალა დაუგროვდა, იმდენი მასალა, რაღაც ინატრებდი უკეთესს? ძერწა და ძერწა ღმერთმა კაცები, ქალები, ბავშვები. ყველაფერი, რითაც სამყარი იყო შექმნილი, ახლა ადამიანში იყრიდა თავს. იმუშავა ღმერთმა მთელი გრძელი დღე და ბოლოს თავისი ღვთაებრივი  სულიც ჩაბერა ამ უცნაურ ქმნილებებს, რომლებიც გაცოცხლდნენ და არავის, სულ არავის ჰგავდნენ დედამიწის ზურგზე. ბოლოსდაბოლოს ხომ, არც ღმერთს ჰყავდა აქამდე ნანახი ადამიანი. ძალიან უნდოდა, იგი ყველაზე ლამაზი და ყველაზე გონიერი ყოფილიყო. თავის სულს უდგამდა და, მგონი, სწორედ ამიტომაც ადამიანი ღმერთს უფრო ემსგავსებოდა, ვიდრე ფრინველსა და ცხოველს, ან ყვავილსა და თოვლს. ტოტების ნაცვლად ხელები, ფესვების ნაცვლად ფეხები, ვარსკვლავების ნაცვლად თვალები... ერთი სიტყვით, ლამაზი ნახელავი გამოვიდა

*
მაგრამ რადგან ზოგი თეთრი მიწისაგან ძერწა, ზოგი - შავი მიწისაგან ზოგიც - ყვითელი მიწისაგან, ამიტომაც ადამიანები სხვადასხვა ფერისანი გამოვიდნენ: თეთრკანიანები, ყვითელკანიანები და შავკანიანები. სხვადასხვა ფერის თვალებით, სხვადასხვა ფერის თმით, მაგრამ ერთი რაზეც ძალიან იწვალა, და ბოლოს თავი გაანება, ის იყო, რომ შავკანიან ბავშვებს ვერაფრით დაამჩნია პაჭუა ცხვირზე და ლოყებზე ჭორფლი. არადა ძალიან უნდოდა, რომ ყველა ბავშვს ჰქონოდა, რადგან განსაკუთრებით უხდებოდათ პატარებს ჭორფლი. ვერაფერს გახდები, ზოგჯერ თავად ღმერთსაც რთული ამოცანის გადაწყვეტა უხდება, და ხანდახან, ვაღიაროთ, რომ სულაც გადაუწყვეტელი რჩება...
მერე როცა მათ სიცოცხლეც აჩუქა, გონებაც მისცა, მხედველობა, სმენაც, ყნოსვაც, გემოც შეაგრძნობინა, და ლაპარაკიც ასწავლა,  შვებით ამოისუნთქა და თქვა: ახლა დავისვენებოოოოოოოო. მაგრამ სათქმელად ადვილია, "დავისვენებო". რა დაასვენებდა ღმერთს, ამდენი ადამიანი გაუხდა მისახედი. არც ძიძები არსებობდნენ მაშინ, არც აღმზრდელები, არც მასწავლებლები... რა დაასვენებდა?

*
ამას ღმერთიც მიხვდა, რომ მისი მოსვენება არ იქნებოდა კიდევ ძალიან დიდხანს. ყველა  შემოიკრიბა და უთხრა: თქვენ ამ სამყაროს მფარველად და პატრონად მოგავლინეთ, მე უკვე მოვხუცდი და ჩემს ძველ სახლში, ცაში უნდა წავიდე. იქაა ჩემი სამყოფელი. ამ დედამიწას თქვენ უნდა უპატრონოთო და დაარიგა, როგორ დაეთესათ პური, დაერგოთ ვაზი, ხეხილი, როგორ მოეშინაურებინათ პირუტყვი, როგორ აეშენებინათ სახლები, სოფლები და ქალაქები, სკოლები, ბიბლიოთეკები, როგორ გამოეჭედათ შრომის იარაღი, როგორ დაემზადებინათ თიხისაგან ჯამ-ჭურჭელი,  როგორ ეწერათ, ეხატათ, ემღერათ და ეთამაშათ დამალობანა. როგორ გამოეთალათ ხისაგან სალამურები და საკრავები.  როგორი სამოსი ეტარებინათ. როდის ჩაეცვათ ჯინსები, როდის თბილი ქურთუკები ან ქუდები მოერგოთ თავზე. როგორ გადაეღოთ მულტფილმები და რაც მთავარია, ჭამის წინ ხელები აუცილებლად დაებანათ. ხოლო ჭამის შემდეგ "მადლობის" გადახდა არ დავიწყებოდათ. კი უსმენდნენ ვითომ გულისყურით ადამიანები, მაგრამ თან ერთი სული ჰქონდათ როდის დაიწყებდნენ დამოუკიდებელ ცხოვრებას და, თუ სიმართლე გინდათ, ბოლომდე არც მოუსმენიათ ყურადღებით.
მაგრამ ის ვინც ბოლომდე დარჩა და მოუსმინა ღმერთს, რა თქმა უნდა, მეტიც  გაიგო. ისიც კი ასწავლა, როგორ ჩაეწნათ ყვავილები თმებში ლამაზ გოგონებს, ხოლო ბიჭუნებს როგორ ეთამაშათ ფეხბურთი შორიახლოს იმ მინდორზე, სადაც გოგონები ყვავილებს დაკრეფდნენ. საღამოთი კი ჩამავალი მზისათვის ეყურებინათ ერთად.

*
ზოგი ისეთი მოუთმენელი აღმოჩნდა, რომ შუა ძერწვისას გაუსხლტა ღმერთს ხელიდან და მოზელილ მიწის გუნდად დარჩა. ისინი ღამ-ღამობით უცნაურ არსებებად გადაიქცევიან ხოლმე: ზოგი ტროლად, ზოგი დევად, ზოგი ჯუჯად. ასეთი გარეგნობისა რცხვენიათ. მხოლოდ სიბნელეში ჩნდებიან, დილაობით კი ისევ მიწის გოროხისა და ქვის სახეს იღებენ. რომ მოეთმინათ, ხომ სულ სხვანაირები იქნებოდნენ? თავის თავს დააბრალონ, რომ ვერ გახდნენ ადამიანები. არამედ გახდნენ მხოლოდ "ადმ" , რაც ნიშნავს "არასდროს დაკარგო მოთმინება”!

*
მთელი სამყარო გასუსული ელოდა ადამიანის გამოჩენას და სანამ ღმერთი მათ ძერწავდა, ისეთი დუმილი იყო გარშემო, ისეთი დუმილი, ერთმა ბაჭიამ შიშისაგან ყვირილი მორთო:
- დედააააა, ეს რამხელა და რა საშინელი სიჩუმე გვიახლოვდება, არ ჩაგვყლაპოსო!
აცახცახებული ბაჭია დედიკომ გულში ჩაიკრა და როგორც კი დედის გულის ძგერის ხმა გაიგონა, მაშინვე დამშვიდდა.
მერე სათამაშოდაც კი გაიქცა მინდორში. გარბოდა და თან იძახდა: "მე არაფრის მეშინია, მე არაფრის მეშინია!" იქვე ბალახში გაყურსულ პატარა კუს  წამოკრა ფეხი და ისე გადაკოტრიალდა, გეგონებოდათ ყურს მოიტეხსო, მაგრამ წამოხტდა და ისევ გააგრძელა "მე არაფრის მეშინია, მე არაფრის მეშინიაო"!
პატარა კუს თურმე ერთი თავისი ბაღელი ხოჭო ამბავს უყვებოდა, ახალ არსებებზე, რომლებიც დედამიწაზე გამოჩენილან. დედას გაუფრთხილებია, რა იცი, რა ხასიათისანი არიან, ახლოს მაინც არ მიხვიდეო. ჰოდა, ეს ბაჭია რომ დაეტაკა, სწორედ ის ახალი მობინადრე ეგონათ და შიშისაგან ლამის გულები დაუსკდათ. კუმ ბაქანში დურთა თავი, ხოჭო კი მიწაში ჩაძვრა. ბაჭიას კი ეგონა ქვას წამოვკარი ფეხიო, მარდად წამოხტა და მინდორში გავარდა. ისე, კი გავდა ეს პატარა კუ ქვას, ხოჭო კი, ალბათ, მიწაში რომ არ ჩამძვრალიყო, ისედაც კენჭს დაემსგავსებოიდა, რადგან ასეთი გამოთქმაც არსებობს: "შიშისაგან ადგილზე გაქვავდაო". ჰოდა, კუ თუ გაქვავდა, ხოჭო გაკენჭდებოდა, აბა, რა?!

*
ამასობაში უკვე ღმერთმა ადამიანები დედამიწაზე დაასახლა. მამებმა სახლების აშენება დაიწყეს, ქუჩების გაყვანა. დედები მათ ეხმარებოდნენ, ბავშვებმა კი დრო იხელთეს და სათამაშოდ მოკურცხლეს. ერთი ბავშვი სწორედ იმ მინდვრისკენ გაიქცა, სადაც ბაჭია დახტოდა.
რა თქმა უნდა, ბავშვმა და ბაჭიამ ერთმანეთი დაინახეს და გაოცდნენ. რა თქმა უნდა, ბავშვს დედაც გაედევნა უკან და ბაჭიას კი, თავისი დედაკურდღელი. მათაც დაინახეს ერთმანეთი. დაინახეს და გაუხარდათ. ორთავემ ერთმანეთზე ასე იფიქრა, ეს რა ლამაზი და საყვარელი არსებააო! ალბათ, თავის შვილიკოს გამოედევნაო! ქალმა იფიქრა: დაილოცოს დედა-შვილობის მადლიო!  კურდღელმა კი იფიქრა: კიდევ კარგი, ღმერთმა მარტო შვილები ან მარტო დედები არ გააჩინა ამ ქვეყანაზეო. რა იცოდა კურდღელმა, რომ ღმერთსაც თავისი დედიკო ჰყავდა და ძალიან, ძალიან უყვარდა.

*
მოედვნენ ბავშვები ველ-მინდვრებს, სახლებში კი  ცეცხლი დაინთო და პირველი ქვაბი შემოიდგა ფაფის მოსახარშად. რადგან ბავშვები ძალიან გემრიელად მიირთმევენ ფაფას, მინდორში თამაშის მერე. სუნი რომელიც ფაფას ჰქონდა და პირველად იყნოსეს დედამიწაზე, მართლა უჩვეულო და გემრიელი იყო. ამ სუნს დაერქვა "იფ-იფ”! ხოლო იმ ფაფას დაერქვა "რა გემრიელია". რა თქმა უნდა, უფრო მოზრდილ მეორე ქვაბში მამიკოსთვისაც დაიწყეს საჭმლის მომზადება. იმ საჭმელს ერქვა "რკხგაკდ". ცოტა გაუგებრად კი ჟღერს, მაგრამ ეს იგივეა, რაც "რა კარგი ხელი გქონია, აბა კიდევ დამიმატეო”.
ახლაც ისე ამზადებენ ფაფებს დედები, ახლაც ისე დახტიან ბაჭიები და გაიძახიან "არაფრის მეშინიაო". სინამდვილეში კი, ძალიანაც მშიშრები არიან.
რა იცი, მინდორში ვინ შეგხვდეს, მარტო კუ და პატრა ბავშვები ხომ არ არიან ამ ქვეყნად?
ღმერთიც ცაშია... 

ნ-ი-კ-ი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 18 მარტი, 2013 07:29:18
სივიწროვე                                              #45



შუადღის კაშკაშა სინათლე კოკისპირულ წვიმასავით ატყდებოდა არემარეს, თუმცა დაბურული თხილნარის ტოტებქვეშ ამ თავსხმის წვეთებიღა ჟონავდა. მათ ხალვათობას ღამესავით გაემუქებინა მიტოვებულ ბაღში მდგარი ჩრდილი.
ოთხი ადამიანი თითქმის გამოერიდა ამ ბინდბუნდს და გაშლილ, მზიან ადგილს მიადგა სადაც არც თხილი იზრდებოდა და არც სხვა რაიმე მცენარეს გაედგა ფესვი. ქვადქცეული თიხის ფილებში მხოლოდ პატარა ღელეს გამოეღრღნა კალაპოტი, რომლის მიდამოს ალაგ-ალაგ ხავსი ეფინა.
- გივი, შეხედე, შეხედე! - დაძაბულად წაუჩურჩულა ნათელამ ქმარს, როცა მათ სულ ერთი ნაბიჯიღა აშორებდა ხავსის ნოხს, - მგლის ლეკვები!
- ვხედავ, - ჩუმადვე უპასუხა ქმარმა ისე, რომ თვალი არ მოუცილებია ხასხასა მწვანე ხალიჩაზე მოთამაშე სამი პატარა ცხოველისათვის.
გივი უსიამოვნოდ გააკვირვა დანახულმა - თავისი საცხოვრებლის შემოგარენი მას რახანია გაწმენდილი ეგულებოდა მტაცებლებისაგან. და აი, ახლა ასე მოულოდნელად წაადგა მათ თავს!
თუმცაღა, არც ისე მოულოდნელად - ჯერ ერთი, აქ, ლოდებით დავიწროვებულ კალაპოტში, ღელე ხმამაღლა ჩუხჩუხებდა და იოლად ახშობდა ნაბიჯების ხმას.
მეორეც - მან, ნათელამაც და ბავშვებმაც, უკვე დიდი ხანია ისწავლეს უხმოდ სიარული. მათ ახლაც ისე ყურადღებით ამოიარეს ხშირი ბუჩქნარი, რომ ერთხელ არ შეხებიან მცენარეთა ტოტებს. შეეძლოთ სულაც გაუჩერებლივ წადგომოდნენ თავს პატარა მტაცებლებს და სწრაფადვე მოეღოთ მათთვის ბოლო, მაგრამ აჩქარებაც არ შეიძლებოდა.
„ეჰ, ბავშვები ნეტა სახლში დაგვეტოვებინა!“ - გაჰკენწლა გივის უსიამოვნო აზრმა.
თითქოს ქმრის ფიქრები ამოიცნოო, ნათელამ ჯერ მას შეხედა და მერე ტყუპებს. გივიმ ხელის აწევით დაამშვიდა ცოლი და კიდევ ერთხელ ყურადღებით დააკვირდა იქაურობას.
მერე ისევ ქალს შეხედა და შუბი მოიმარჯვა. ნათელამ თვალებით გამოჰკითხა ქმარს ჩანაფიქრი. გივიმ მას თითით მიანიშნა წელზე, სადაც ქალს ბოხჩაში პისტოლეტი ეგულებოდა.
ნათელამ, განაგრძო რა მათი უსიტყვო საუბარი, თავი დაუქნია ქმარს, თავისი შუბი იქვე თხილის სქელ ტოტს მიაყრდნო ფრთხილად, და ბოხჩა შეხსნა.
გივი ყურადღებით, მაგრამ მშვიდად ადევნებდა თვალს მეუღლის სამზადისს. თუმცა ისე მშვიდად ნამდვილად ვერ გრძნობდა თავს, როგორც ცდილობდა, რომ ცოლისთვის ეჩვენებინა.
კაცს არ ასევნებდა ამ ლეკვების მშობლებზე ფიქრი. სად არიან დიდი მგლები? და, რაც მთავარია, აქ სადმე მათი ხროვა ხომ არ არის?
„არა, არც თინიკო, და მით უმეტეს არც შოთიკო არ შეშინდებიან, თუ რამე მოხდა! ისინი უკვე დიდები არიან და მაგისთანა რამეები კარგად ესმით“,- დაამშვიდა მან საკუთარი თავი.
უცებ გივიმ ახალი სუნი იგრძნო და იმწამსვე გამოერკვა ფიქრებიდან. ნათელაც და ბავშვებიც უმალვე დაიძაბნენ. მომდევნო წამს ქალმა უკვე ბოხჩიდან ამოღებულ იარაღზე უჩუმრად ჩამოსწია დამცველის ღილაკი.
ოჯახი თვალისდახამხამებაში მიხვდა თავის იღბალს. ლეკვების არ იყოს, მათაც ნაკადულის ჩუხჩუხის გამო ვერ გაიგეს, თუ როგორ მოადგა მეორე მხრიდან ბუჩქს დიდი რუხი მგელი. კიდევ კარგი, სიო ნადირისაგან მათკენ ქროდა!
ცოტაც და მძლავრი ცხოველი ფრთხილი ნაბიჯებით გავიდა მზით გაჩახჩახებულ მწვანე საფარზე. ლეკვები უმალვე გამოეგებნენ მას.
ნათელამ ქმარს გახედა. გივიმ დასტურის ნიშნად თავი დახარა. მაშინ ქალმა ნელა გასწია იარაღი წინ, ორივე ხელი მოჰკიდა ტარს და საგულდაგულოდ დაუმიზნა მისგან სულ რაღაც ხუთიოდე მეტრში მდგარ მტაცებელს. ისედაც განაბულმა ბავშვებმა საერთოდ შეწყვიტეს სუნთქვა.
გასროლამ მეხის ქუხილივით დაიგრგვინა!
იმავე წამს მგელი, თითქოს რაღაცამ უბიძგაო, ყირამალა გადატრიალდა. ცხოველის გახეთქილი თავის ქალიდან ტვინისა და სისხლის წვეთებმა იშხეფა და ქვის ფილები კალმახის გვერდს დაამსგავსა.
პატარები წკმუტუნ-წკმუტუნით გაექანენ ბუჩქებისაკენ.
გივი დაუყოვნებლივ გამოხტა თავისი სამალავიდან და ბუჩქისაკენ გაქცეულ ლეკვს გამეტებით ჩაჰკრა შუბი მარცხენა ბეჭის ოდნავ ზემოთ. ცხოველმა ხმის ამოუღებლად დალია სული. მეორე ლეკვს ნათელა დაეწია და ტყვიის დაზოგვის  ჩვეულებამ ისიც აიძულა შუბით მოეკლა პატარა მხეცი.
ცოცხლად ერთი ლეკვიღა დარჩენილიყო, მას არც ბუჩქებში მიმალვა უცდია და არც გაქცევა. ორ დიდ  ქვას შორის შეყუჟული, იგი ხმამაღლა წკმუტუნებდა. შუბებმომარჯვებული ცოლ-ქმარი ორი მხრიდან უახლოვდებოდა განწირულ ცხოველს. პატარა ნადირმა იგრძნო სიკვდილის მოახლოება და კიდევ უფრო საცოდავად აწკავწკავდა.
- მამიკო! - მკვეთრი ხმით დაიძახა თინამ.
გივის კინაღამ შუბი გაუვარდა, ისე სწრაფად მოუტრიალდა იგი ბავშვს.
- რ იყო, მამი? - ვერ შენიშნა რა ვერავითარი ხიფათი, შვებით შეეკითხა იგი შვილს.
- არ შეიძლება, ეს რომ არ მოკლათ შენ და დედიკომ?
ცოლ-ქმარმა გაკვირვებით გადახედა ერთმანეთს.
- თინა, კი მაგრამ ხომ გახსოვს, რა მოგიყვათ მამიკომ? - დაძაბული ღიმილით ჩაეკითხა გოგონას ნათელა, - რატომ ვკლავთ ჩვენ მტაცებლებს? აბა გაიხსენე.
თინა უკმაყოფილოდ დაიმანჭა. ნათელა ყურადღებით აკვირდებოდა შვილს, თუმცა ცალ თვალს დროდადრო დატყვევებული მხეცისკენაც აპარებდა. მამაც არ ტოვებდა ლეკვს უყურადღებოდ.
- მახსოვს. - ბოლოს და ბოლოს ნაძალადევად წარმოთქვა გოგონამ და მოკლედ შეკრეჭილ ხორბლისფერ თმაზე გადაისვა ხელი.
თინიკოს, მის ოვალური სახეზე, ამჟამად ერთდროულად მორიდებისა და სიჯიუტის გამომეტყველება აღბეჭდვოდა.
შოთიკოც გაკვირვებით უყურებდა დას და ნიკაპს ისერსდა. ეს ჩვეულება მას მამისგან დაჰყვა. ისევე როგორც შავი გრუზა თმა და სხეულის მომავალი მძლავრი აღნაგობა.
და-ძმა ტყუპები იყვნენ,  მაგრამ ერთმანეთს არ ჰგავდნენ. თინიკო უფრო დედის „ასლი“ იყო, მასავით ტანწერწეტა, მოქნილი, თუმცა არა სუსტი.
- მახსოვს, - უხალისოდ გაიმეორა თინამ - ახლა ჩვენ და მტაცებლები ერთი და იმავე საჭმელისათვის... ხორცისთვის ვიბრძვით... იმიტომ რომ მარტო კიტრით ე-ე, და იმით... მცენარეებით ვერ გამოვიკვებებით.
გოგონა ერთი წამით დადუმდა და მერე შეკითხვით დაამთავრა თავისი პასუხი:
- ბევრი საჭმელი რომ იყოს, არ მოვკვლავდით?
- მაშინ არა, - დაეთანხმა დედა, - უწინ ადამიანებსაც და ცხოველებსაც ჰყოფნიდათ საჭმელი დედამიწაზე, ხოლო მერე ადამიანები ძალიან გამრავლდნენ, მხეცებს არაფერი დარჩათ.
გივისაც უნდოდა რაღაცის თქმა, მაგრამ ამ დროს შოთიკოს გამყივანი შეკივლება გაისმა.
მამაკაცმა მყისვე მოიხედა და საშინელმა სურათმა მას ლამის დამბლა  დასცა: ორ უზარმაზარ ხვად მგელს ჩაესო კბილები მისი შვილისათვის! ერთს ყელში და მეორეს მუცელში. სისხლი ორივე ჭრილობიდან უხვად სდიოდა შოთიკოს.
გივიმ ვერ გაიგო როგორ, მაგრამ ყელზე კბილებწაჭერილმა ბიჭუნამ შესძლო და კიდევ ერთხელ, ამჯერად უფრო ხმამაღლა იწივლა. გივიმ ელვისებურად სტყორცნა შუბი მგელს!
ამ მკვეთრმა მოძრაობამ, მოულოდნელად და საკვირველად, სრულიად შეცვალა სურათი, რომელსაც იგი  თვალის დახამხამების წინ ხედავდა.
ახლა ის მოჩუხჩუხე ღელის ნაპირზე კი აღარ იდგა, არამედ სასტუმროს ნომერში, ფართო საწოლზე წამოგორებულიყო. თხილის ბუჩქების ნაცვლად მას ოთახის ღია მწვანე კედლები შემორტყმოდნენ გარს.
გივიმ ფანჯრისაკენ მიაბრუნა თავი. მზე უკვე საკმაოდ დახრილიყო და საცაა თვალებში შეუჭყიტინებდა. როგორც იქნა, მისმა გონებამ საბოლოოდ ჩამოიფერთხა ძილი და გივიმ მოისზრა - ნასადილევს კონდიციონერის სიგრილეში ჩამძინებიაო.
ბავშვები მეზობელ ლოგინზე გასაბერ ლეიბს ეცილებოდნენ ერთმანეთს და კივილი, რომელმაც გივი გააღვიძა, შოთიკოს კი არა თინიკოს პირიდან ამოდიოდა.
გივიმ თვალები მოიფშვნიტა და ბავშვებს გახედა:
-კი მაგრამ, რა დღეში ხართ თქვენ ? - ჯერ ისევ ძილისაგან გათანგული, ნელი ხმით შეეკითხა იგი პატარებს.
- მამიკომ გაიღვიძა-ა! - პირველი აწკრიალდა თინიკო და იმწამსვე საქმეზე გადავიდა: - წავიდეთ რა უკვე ზღვაზე-ე!
- ჰო წავიდეთ, - უფრო თავშეკავებით აჰყვა მას ძმაც, - თორემ მალე დაღამდება და ბანაობასაც ვერ მოვასწრებთ და ხვალ რომ გაწვიმდეს, სულაც ტყუილად ვიქნებით ამ ქობულეთში! გუშინ კიდევ ბათუმში ვისეირნეთ, არ გვიბანავია!
გივიმ ერთ წამს დაფიქრებით უყურა მათ, მერე ტუჩები მოკუმა და ცხვირის ნესტოებიდან უხმო ხითხითი გამოუშვა. მერე მისი მზერა აივნის კარს გადაეყარა და დანახულმა ისევ, ამჯერად გულში ჩააცინა იგი:
„ეს რა ხდება? აივნის კარიც ღიაა, კონდიციონერიც მუშაობს. რა ხალხში მაქვს საქმე? ჰეჰ!“.
- გესმის ნათე, - გასძახა მან ნომრის აივანზე მჯდომ ცოლს, - ეს ხალხი ამბობს, ხვალ წარღვნა იწყება და დღეს თუ არ ვიბანავეთ, საბოლოოდ ვიღუპებითო.
ბავშვები გაკვირვებით მიაჩერდნენ მამას. ნათელამ ქმარს გაუღიმა, წამოდგა და ოთახში შემოვიდა.
- ესე იგი ვერ გადავრჩებით? - ეშმაკურად თვალმოჭუტული მიუბრუნდა იგი შვილებს.
ბავშვებს გივიმ დაასწრო:
- გამახსენდა! - წამოიძახა მან და ერთ წამს უსინათლოს მზერით მიაშტერდა ოთახის მოლისფერ კედელს.
მერე თავის გაოცებულ ცოლ-შვილს მოუბრუნდა და ოდნავ შესამჩნევი დაბნეულობით წარმოთქვა:
- იცით, რა უცნაური და საშინელი სიზმარი ვნახე?! გადამრია კაცი! ძლივს მოვდივარ ჭკუაზე!
- წამო რა, ზღვაზე მოგვიყევი-ი! - გულამოსკვნით წააგრძელა თინამ.
- გოგო, შენ თუ გასწავლე მე, უფროსებს არ გააწყვეტინო- მეთქი?! - დაღლილი ხმით შეეკითხა გივი შვილს.
- შენ მასწავლე, გაწყვეტინება საერთოდ უზრდელობააო, უფროსი არ გიხსენებია, - სერიოზული სახით შეეცადა  თავის დაძვრენას თინა.
- ბიჭოს! გესმის ეს ჭინკა როგორ მასულელებს? - ნაძალადევად გაოგნებული სახით მიუბრუნდა კაცი ცოლს.
- კარგი, გივი, - ნათელამაც გათამაშებული ტრაგიკულობით ამოიოხრა - მართლა იქ მოგვიყევი. ან გზაში, თორემ ესენი თავს გადაგვჭამენ.
ცოლის სიტყვების გამგონე გივიმ მოსიყვარულე დამცინავი ღიმილით გადახედა ტყუპებს, მერე ერთი-ორჯერ ყოყმანით გააქნია თავი და ამოოხვრით წამოდგა ლოგინიდან.
- აუ, რა ბერიკაცივით ხვნეშავ, - უზარმაზარი წუხილით გამოეხმაურა მის ძლიერ ტანჯვას ნათელა,- რამდენი წლის ბერიკაცი ხარ? გამახსენე ერთი.
- მე თუ ბერიკაცი ვარ, მაშინ შენ დედაბერი ყოფილხარ! - გამქირდავად მიუგო მას ქმარმა და სააბაზანოსკენ საცურაო საცვლის ჩასაცმელად გაეშურა.
მან ნათელას უკნიდან ჩაუარა და წამიერად გახედა რა გახარებულ, სამზადიშში მყოფ ბავშვებს, ცოლს კაი გვარიანად მოუჭირა ტორი წელს ქვემოთ, ფუმფულა და მკვრივ, როგორც თვითონ ეძახდა, „ხელის სიამოვნებაზე“.
- ესეც შენ! - თითქმის უჩუმრად მიაყოლა მან ნიშნისმოგებით.
ქალმა მყისვე, ხმაამოუღებლად და უკანმოუხედავად მოიქნია ხელი, თუმცაღა ფუჭად - იქ უკვე აღარავინ იყო, სიმაღლით თითქმის ორმეტრიან გივის სულ ერთი ნაბიჯი ეყო სააბაზანომდე.
- ჰა-ჰაა! - სასაცილო ქედმაღლურობით გადმოხედა მან ცოლს.
- დედი, მამიკო რატომ დაგცინის? - არ გამოეპარა ეს ყველაფერი თვალმახვილა თინას.
- იმიტომ რომ საკუთარი ხუმრობები ძალიან სასაცილო ჰგონია. ცოდოა, - დამწუხრებული ხმით, ქმრის გასაგონად უპასუხა ბავშვს ნათელამ.
- ვინაა ცოდო?! - თეატრალურად განრისხდა გივი.
- ვინა და შენ! - წკრიალა ხმით გადაიკისკისა თინიკომ.
- ვაი შენს დღეს! მე თქვენ გაჩვენებთ სეირს! ერთი მივიდეთ ზღვაზე! - ამ სიტყვებით უკვე სიცილთან ბრძოლაწაგებულმა გივიმ აბაზანის კარი მიიხურა.
ცოტაც და მათ თავისი, როგორც მას გივი ეძახდა  „გრანდ ჰოტელ „ციტრუსი“ უკან მოიტოვეს და ქუჩას მიადგნენ. პატარები ხელჩაკიდებით მიჰყვებოდნენ მშობლებს, მაგრამ ეს მხოლოდ იქამდე, სანამ ჯალაბი მანქანაუხვ, ხმაურიან აღმაშენებლის გამზირს გადაკვეთდა და პატარა, კარუსელებიან სკვერს მიადგებოდა. ამის მერე ტყუპებმა მშობლებს ხელი უშვეს და ზღვისკენ გაიქცნენ.
- მაინც რა დაგესიზმრა ისეთი საშინელი? - შეახსენა ნათელამ ქმარს ძილში ნანახი მაშინ,როცა უკვე ცოლ-ქმრის ფოსტლებმაც დააწყებინეს პლაჟის კენჭებს ხრაშუნი.
- მოიცა, ჯერ ცოტა გავგრილდე, ამ სიცხეში რა მალაპარაკებს? - იუარა კაცმა. მერე ერთი პლაჟზე მომოლოდინე ბავშვებს გახედა და მაშველებისკენ აიღო გეზი. ნათელაც აღარ ჩააცივდა ქმარს და შვილებისაკენ გაეშურა.
როცა გივიმ რახრახით ორი პლასტმასის საწოლი მოათრია, შოთა და თინა უკვე გახდილნი და საბანაოდ გამზადებულნი დახვდნენ.
- წავიდეთ რა მამი-ი! - იმწამსვე მოითხოვა თინიკომ.
- მაცალე გოგო შარვლის გახდა! აუ-უ, ეს რა სულწასულია! - ხელები გაშალა და ბოლო სიტყვები ზეცას შეჰღაღადა მამამისმა.
ბავშვების მოთმინება ის-ისაა ბუშტივით უნდა გამსკდრიყო, როცა გივიმ როგორც იქნა შორტები გაიხადა და ტალღებისკენ წაუძღვა მათ. პატარებს, რაღა თქმა უნდა, ლეიბიც თან მოჰქონდათ, რომლის დათმობას კვლავინდებურად არც ერთი მათგანი არ აპირებდა.
- მამი, გამოგყვები რა ლეიბით ტივტივამდე-ე? - ჩვეულებისამებრ გაწელა თინიკომ.
- შენ რატომ?! - იმწამსვე წარბები შეიკრა და თავისკენ მოქაჩა ლეიბი შოთამ, - ვისი ტიკი-ტომარა ხარ, ყველგან პირველი რატომ ეჩრები?
- კარგით, ბავშვებო! - გადაულაპარაკა მათ მამამ და თან შეეცადა სიმკაცრე განესახიერებინა, - იმ სიშორეზე არავინ წამოხვალთ! აქ იბანავეთ და ლეიბზეც რიგრიგობით იცურავეთ!
- მამა, გეხვეწები... - საწყალი ხმით დაიწყო თინამ, მაგრამ შოთამ უმალვე გააწყვეტინა დას: - ე-ე, ამის თხის გულისათვის...
- ჰე-ჰე! - თავის მხრივ, მასაც გააწყვეტინა გივიმ.- ნეტა მართლა თუ გადახვედით თქვენ მეორე კლასში, ასე ბაღის ბავშვებივით რომ იქცევით? - და ხანმოკლე, როგორც თვითონ ჩათვალა, პედაგოგიური პაუზის შემდეგ, დაამატა:
- მოკლედ, ან იჯერებთ, რასაც მე და დედათქვენი გეუბნებით, ან ნაპირზე „ცურაობთ“ საღამომდე!
მერე, მათი მობუზული სახეების შემხედვარემ, გივიმ ცალყბა ღიმილით დაუქნია პატარებს თითი, მოტრიალდა და წყალში გადაეშვა.
მან ჩვეულებისამებრ შემოუარა ტივტივას და ცოტა ხანში ისევ ნაპირთან აღმოჩნდა. აქ მისი ცურვის არმცოდნე ცოლი ბავშვებთან ერთად ჭყუმპალაობდა ოდნავ შესამჩნევ ტალღებში.
გივიმ მათ სამივეს პეშვით შეასხა წყალი სახეში და საპასუხო, დაუნდობელ შეტევას გამორიდებული, სირბილით ავარდა პლაჟზე.
ცოტა ხანში მას ნათელაც აჰყვა და ქმრის გვერდით, პლასტმასის ტახტრევანზე წამოწვა. ისინი ცოტა ხანს დუმდნენ, მერე კი ქალმა კაცს ისევ სიზმრის ამბავი შეახსენა.
- კი მაგრამ, - ოდნავ დამცინავით ღიმილით მოუბრუნდა მას ქმარი, - მეცნიერ ქალს მართლა ასე გაინტერესებს რაღაც სიზმარი?
- მეცნიერება და სიზმარი სულაც არ ეწინააღმდეგებიან ერთმანეთს, - სერიოზულად მიუგო ნათელამ, - მე ხანდახან დამსიზმრია ისეთი რამ, რასაც უკარნახია, რა მოხდება ცხადში.
- რანაირად უკარნახია? - გაიკვირვა კაცმა.
- აი მაგალითად, - დაიწყო ახსნა ნათელამ, - თუ ვინმე ჩემთვის უსიამოვნო ადამიანი დამესიზმრა, მაშინ თითქმის უეჭველად უახლოეს დღეებში რაღაც ცუდი შემემეთხვევა. შენ არ დაგმართნია მასე?
გივი დაფიქრდა, თითქოს რაღაცას იხსენებსო, მაგრამ იმავე წამს, შეამჩნია რა ნათელას დაკვირვებული მზერა, ჩვეული დამცინავი ღიმილით ალაპარაკდა:
- ჰაჰ! ესე იგი რა? სწავლული ქალი მეუბნები, წინასწარმეტყველება და მისთანა ჯადოები არსებობსო?! ერიჰაა!
- ჯადოები არ არსებობს! - მოთმინებთ განუმარტა მას თავისი აზრი ცოლმა, - უბრალოდ, ე-ე,  რა ვქნა, ნამეტარი მეცნიერული სიტყვები უნდა დავახვავო... თუმცა შენ ხომ მაინც მიხვდები? - ეშმაკურად გაუღიმა მან ქმარს.
- ამას უყურე შენ! - მოჩვენებით აღშფოთდა გივი, - შენ ხვდები და მე ვერ მივხვდები? მიდი ერთი, მიდი!
- კი ბატონო, - სწრაფადვე დამორჩილდა ქმარს ნათელა. - მოკლედ, მეცნიერებას ჯერ არ ესმის დრო-სივრცის... ე-ე, ქსოვილის თვისებები. ანუ გაუგებარია, თუ როგორაა დაკავშირებული ერთმანეთთან აწმყო და მომავალი. ჩვენ მხოლოდ წარსულისა და აწმყოს კავშირი ვიცით.
მცირე პაუზის შემდეგ ნათელამ დაამატა:
- არსებობს ვარაუდი, რომ ძალიან მცირე ალბათობით და ძლიერი დამახინჯებით, მომავლის ინფორმაცია აწმყოში ჟონავს.
გივიმ ცოტა ხანი დაფიქრებით უყურა ცოლს და მერე თქვა:
- მგონი, გავიგე რასაც ამბობ. მომავალის, ე-ე, ცნობები ხანდახან გადმოდის აწმყოში, მაგრამ ძალიან იშვიათად და... კაცმა არ იცის, ან გადმოდის და ან არა, - სიცილით დაამთავრა მან.
გივის ჩვეული ურწმუნობის შემხედვარე, ნათელამაც ღიმილით გააქნია თავი. მცირე დუმილის შემდეგ  კაცმა დიდ გასაჭირს შეგუებული ადამიანივით ამოიოხრა და ალაპარაკდა:
- კარგი მოვყვები, აბა მეცნიერებას ხომ ვერ ვეტყვი უარს? - ხელები გაშალა მან და მერე, სანამ მოყოლას დაიწყებდა, თავისი მძიმე, წინგამოწეული ნიკაპი მოისრისა.
დაასრულა თუ არა თხრობა, გივი ცნობიმოყვარეობით მიაჩერდა ცოლს. ნათელას წარბები შეეჭმუხნა და ჩაფიქრებით იკვნეტდა ქვედა ტუჩს. ბოლოს რაღაც ნაძალადევად გაუღიმა ქმარს:
- კი გითხარი ცნობები გადმოდის მომავლიდან-მეთქი, მაგრამ უმეტესწილად... არა, უმეტესწილად კი არა თითქმის მთლიანად, სიზმარი ცხადში განცდილის ანარეკლია.
გივიმ ჯერ დაკვირვებით შეხედა ცოლს, თითქოს რაღაცას იხსენებსო, ხოლო მერე მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითი ასწია და ხმამაღლა წამოიძახა:
- მართალი ხარ. ახლა მივხვდი, რატომ დამესიზმრა ეს სისულელე: რადიოს გამო!
- რადიოს? - ვერ გაიგო ნათელამ.
- ჰო! სანამ ჩამეძინებოდა ტელეფონით მოვისმინე, კახეთში მგელმა ბავშვი დაჭამაო. ნამდვილად ეგ გამომყვა ძილში.
- უი, რას მეუბნები?! - შეიცხადა ნათელამ, - მერე როგორაა ის ბავშვი?
- გადარჩაო. მამამისმა მიუსწროო და.... - გივი წამით გაყუჩდა და თავის ქნევით დაასრულა აზრი, - იხსნაო მოკლედ.
ცოტა ხანში ნათელასაც გაახსენდა რაღაცა:
- ის გახსოვს? აი, თბილისში ვუყურეთ წამოსვლის წინ?
- რას ვუყურეთ? - ჩაეკითხა გივი და სანამ ცოლი სათქმელს ეტყოდა, ხელი გადასწია და საწოლებს შორის მყოფი პარკიდან ჯერ ისევ სიცივეშენარჩუნებული „ნაბეღლავის“ ბოთლი ამოიღო.
- აი რომ ყვებოდნენ, მგონი „კურიერში“, - დაიწყო ნათელამ, - შორეულ აღმოსავლეთში და ავსტრალიასთან ზვიგენები გამოჩნდნენო?
გივი ყურადღებით უსმენდა ცოლს და თან პირზე ბოთლმოყუდებული წყურვილს იკლავდა.
- მოკლედ, - ამასობაში აცნობდა მას ნათელა, - წელს ზვიგენებმა იმისთანა ადგილას დაჭამეს ხალხი, ადრე რომ არასდროს გამოჩენილანო.
- აა, გამახსენდა! - როგორც იქნა მოიშორა გივიმ ბოთლი და ნათელას გაწვდილ ხელში ჩადო.
ახლა ქალმა მიიდო ბოთლის პირი ტუჩებზე, კაცი კი ალაპარაკდა:
- მაშინ განმარტეს კიდეც, მტაცებლების სანადავლოს ადამიანი ისაკუთრებს და ამიტომ ხდება ეგ ამბებიო, - თქვა გივიმ და მცირე დაფიქრების შემდეგ თავისი კომენტარიც დააყოლა რადიოში გაგონილს:
- შვიდ მილიარდს გადავშორდით, არაფერი აღარ გვყოფნის ამ ხალხს და საწყალმა ცხოველებმაც რა ქნან, სად წავიდნენ?
- სადა? - ოდნავ ამრეზილი ღიმილით იკითხა ნათელამ, რომელიც ისევ პარკში დებდა ბოთლს,- ეგერ - კოსმოსში. ათასობით პლანეტა აღმოაჩინეს უკვე სხვა ე-ე, მზეებთან და არ ეყოფათ?
- რავა, აგდებ მაგ საცოდავებს? - ცალყბა ღიმილით შეეკითხა გივი ცოლს.
- არ ვაგდებ, - ამოიოხრა ნათელამ, - იმას ვამბობ, ნეტა ისე ნუ იზამენ ეგ ზვიგენები და შავ ზღვაში ნუ შემოვლენ მეთქი.
- რატომ ვერ უნდა შემოვიდნენ ვითომ? ვიზა დასჭირდებათ მე შენ გეტყვი, თუ პასპორტი? - გაიცინა გივიმ.
პასუხად ნათელამ მხოლოდ თავი გააქნია მაგრამ ქმრისთვის აღარაფერი უთქვამს, გუნებაში განაგრძნო მსჯელობა:
„არ ვიცი, როგორი ალბათობით შემოდის ჩვენს სიზმრებში მომავლის ინფორმაცია, მაგრამ შოთიკოს მეტი ყურადღება უნდა მივაქციო დღეს... ნეტა რას ნიშნავს გივის სიზმარში მგლები? ნიშნავს კი რამეს საერთოდ...? და მე რომ მოვკალი? რა კავშირი მაქვს მე ვინმეს სიკვდილთან?...“ - ამ კითხვებმა რაღაც უსიამოვნო შეგძნება გაუჩინა ტანში და მის გასაქარვებლად ქალმა, რადგან სხვა ვერაფერი მოიფიქრა, გივისგან მალულად საფეთქლები მოისრისა - ცუდ აზრებს მოვიშორებ თავიდანო.
ამასობაში ბავშვები ისევ ლეიბს ექაჩებოდნენ თავთავისკენ: ჩვეულებისამებრ, შოთიკო ჩუმად და თინიკო წივილ-კივილით. ბიჭუნას, როგორც იქნა, მოსწყინდა თინას წივილი და მან ბიძგით მიუგდო დას ლეიბი ისე, რომ თინა მოულოდნელობისგან ჩაყურყუმალავდა.
გოგონამ ამოყვინთვისთანავე ჩაბღუჯა ნადავლი, აძვრა ზედ და ჩქარ-ჩქარა მოუსვა ხელები. ცოტათი მოშორდა თუ არა ძმას, იგი მობრუნდა და ბრაზიანად დაიძახა:
- სულელო!
უკვე ნაპირის გასწვრივ მოცურავე შოთიკომ მოიხედა, მჯიღი მოუღერა დას და მისკენ ისკუპა. თინამ შეჰკივლა და ღრმა ზღვისკენ გააქანა თავისი ხომალდი. ბიჭუნამ იმდენი ცურვა არ იცოდა, რომ სიღრმეში გასდევნებოდა ლეიბზე მოკალათებულ დას, ამიტომ მალევე მოტრიალდა ნაპირისკენ.
დაინახა რა, რომ ძმისგან საფრთხე აღარ ემუქრებოდა, თინამ მშობლებს გახედა. დედამისმა ჯერ თითი დაუქნია და მერე ანიშნა - დაბრუნდიო. გოგონა მყისვე მიხვდა: დედაჩემი მაინცდამაინც არაფერს მაძალებსო, და საჩვენებლად ერთი კი მოაბრუნა თავისი ტივი ნაპირისკენ, მაგრამ როგორც კი ნათელამ თვალი მოაშორა, ისევ უკან, ზღვისკენ მიატრიალა.
ბავშვს დიდი ხანია აინტერესებდა, თუ რისგანაა დამზადებული ის უზარმაზარი წითელი ბურთი, რომლის იქითაც ცურვა აკრძალულია, ხოლო მამა კი სულ გარშემო უვლის მას. მისი აზრით, ახლა ზუსტად შესაფერისი დრო იყო თავისი ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად.
მან კიდევ ერთხელ გახედა ლაპარაკში გართულ მშობლებს, მოჭყუმპალავე ძმას და ლეიბზე მუცლით დაწვა. მერე ხელები გვერდზე გადასწია და ნიჩბებივით აამუშავა.
იგი საკმაოდ ჩქარა მიცურდა ბურთთან და მყისვე მოუთათუნა ხელი.
- პლასტმასი ყოფილა, - იმედგაცრუებით ჩაილაპარაკა თინამ ისე, თითქოს ტივტივა აუცილებლად რაღაც არაჩვეულებრივი მასალისგან უნდა ყოფილიყო დამზადებული.
... ხვადმა თევზი დაიჭირა და შიმშილისგან გასავათებულს, უმალვე უნდოდა გადაეყლპა, მაგრამ დიდი გაჭირვებით მაინც შეიკავა თავი.
მან თავისი გამხდარი, თუმცა ჯერ ისევ ძლიერი და მოქნილი სხეული მოატრიალა და პატარა მოძებნა. ის სულ უკან დაჰყვებოდა მამას და ახლაც სადღაც თავისი კუდის სიახლოვეს ეგულებოდა ხვადს.
პატარა არსად იყო. მოულოდნელობისაგან დაბნეული ხვადი რამდენიმე წამს უაზროდ ჩააცქერდა წყალქვეშეთის უკიდეგანო, დაბინდულ სივრცეს. შემდეგ პირში თევზგაჩრილი ელვის სისწრაფით გაექანა უკან - შიმშილისაგან დასუსუტებული პატარა ხომ არ ჩამომრჩაო.
თითქმის მაშინვე, ქვემოთ, ზღვის სიღრმეში, რაღაც ათინათს მოჰკრა თვალი. წამიც და ხვადმა გაარჩია თავისი პატარა, რომელიც რატომღაც უჩვეულოდ, მუცლით ზემოთ ამობრუნებული ცურავდა.
ხვადი თვალისდახამხამებაში მიეჭრა მას და თევზი ზედ პირთან მიუტანა. მაგრამ ამჯერად პატარა არ ეძგერა  ნადავლს - თავის საყვარელ ქაფშიას. იგი ისევ უმოძრაოდ, თვალდახუჭული განაგრძობდა ჩაძირვას.
ცოტაც და ხვადი ყველაფერს მიხვდა. ასევე თვალდახუჭული და უმოძრაოდ ჩაიძირა ძუ, როცა მათ დიდი ხნის განმავლობაში ვერ შეძლეს თევზის დაჭერა. ხვადს უმალვე თავისი მაშინდელი მუცლის ტკივილი გაახსენდა. მუცელი ახლაც სტკივა და ისევ შიმშილისგან...
მერე მათ ის ორი ქაფშია დაიჭირეს, რომლებიც იმ დიდ, ხმაურიან  და ლაქების დამტოვებელ რაღაცას გამოექცნენ, რითაც ადამიანები თევზებს იჭერენ. ის თევზები პატარას შეჭამეს, ხოლო მერე ძუ თვალდახუჭული ჩაიძირა.
ახლა პატარაც ჩაიძირა. იმიტომ რომ თევზია ცოტა - ადამიანები იჭერენ ბევრს. მათ არც მის პატარას დაუტოვეს თევზი და ისიც ჩაიძირა.
ბოლოს და ბოლოს ხვადმა მოისაზრა, პატარას თევზი აღარ სჭირდებაო და თვითონ შეჭამა. ლიფსიტაზე ოდნავ უფრო დიდმა ნადავლმა შიმშილის დაოკების მაგიერ, კიდევ უფრო გაუმწვავა იგი. დამარტოხელებული ხვადი ზედაპირისაკენ დაიძრა. მით უმეტეს, ჰაერის უკმარისობას გრძნობდა უკვე.
იგი გამოქანებით ამოხტა წყლიდან და ჰაერის ჩასუნთქვას ხმელეთისაკენ გახედვაც გამოათანიერა. იქ, როგორც ყოველთვის, როცა მზე ანათებდა და თბილოდა, ადამიანები იყვნენ წყალში. მათი ერთი პატარა სხვებზე შორს დაცილებულიყო ნაპირს. იგი იმ მრგვალ რაღაცას უტყაპუნებდა, რომელიც ფსკერზეა მიმაგრებული.
ადამიანის პატარას ეტყობა, არ შიოდა, რადგან თამაშობდა. ხვადს კი ძალიან შიოდა. მაგრამ ისინი ხომ ადამიანის პატარებს არ ჭამენ? თუმცა, ეს პატარა ახლახანს გადაყლაპულ ქაფშიასავით უსუსურად გამოიყურებოდა...
ხვადი უცქეროდა ადამიანის თამაშს და ისევ ის ქაფშია ახსენდებოდა. დროდადრო იგი საერთოდ ვეღარ ხვდებოდა, რას უყურებდა - თევზს თუ პატარა ადამიანს.
.... უცებ თინამ თავისი ლეიბის ქვეშ, ზღვის სიღრმეში მოსრიალე დიდ ლანდს მოჰკრა თვალი. გოგონას ჯერ გაოცებისაგან სუნთქვა შეეკრა, მერე კი, სულ რაღაც ერთ წამში, როცა უფრო კარგად გაარჩია ლანდის კონტურები, უზომო სიხარული იგრძნო - ეს რამოდენა თევზი დავინახეო! ცოტაც და მას უკვე ერთი სული ჰქონდა, როდის გავიდოდა ნაპირზე და დაიტრაბახებდა - უზარმაზარი თევზი შემხვდაო!
თუმცა სულ მალე თინას სიხარული მწუხრებამ შეცვალა. მას მოაგონდა რომ ტელეფონი თან არა აქვს და ვიდეოს ვერ გადაიღებს! ხოლო უმაგისოდ შეიძლება არ დაუჯერონ. განსაკუთრებით იმ საზიზღარმა შოთიელამ.
ლეიბზე მწოლიარე გოგონას ისღა დარჩენოდა, წყალს ჩაშტერებოდა და თევზის ცურვისთვის მიედევნებინა თვალი. კამკამა წყალში თინა კარგად ხედავდა ცხოველის მოქნილ, სრიალა და გლუვ სხეულს. თევზი მისი ლეიბის შორიახლო ტრიალებდა და ეტყობა, ჯერ არ აპირებდა ზღვის სიღრმეში გაუჩინარებას.
ბავშვს ცოტა გაუკვირდა კიდეც - რატომ ტრიალებს ეს თევზი ამდენ ხანს მის ლეიბთან? და საერთოდ, რა თევზია ეს? თინა დაფიქრდა და სცადა გაეხსენებინა, თევზების რა სახელები იცოდა.
მოაგონდა ვეშაპი, რომელიც ძალიან დიდია. წიგნში ის გემისტოლაა და თავზე შადრევანი აქვს... არა, ეს ის არ იყო.
შემდეგი სახელი „ზვიგენი“ გაახსენდა, მაგრამ არც ის ჰგავდა ამ თევზს - ზვიგენს საშინელი, გრძელკბილებიანი ხახა აქვს.
მერე ქაფშია მოაგონდა, დედა რომ მჭადის ფქვილში წვავს ხოლმე. მასაც და შოთიელასაც ძალიან უყვართ იმ პატარა თევზების ტყემალში ამოწება და კნატუნი.
„არა! ის ერთიციდა ქაფშიები ამხელა როგორ გაიზრდებოდნენ?!“ - იქვე უარყო მან ეს აზრი, და მერე, როცა მოისაზრა, თუ რა მოხდებოდა, ასეთი რამ რომ შოთიელასთან წამოსცდენოდა, გაბრაზებით გაჰკიცხა საკუთარი თავი - რა სისულელეაო!
უცებ თინას თევზთან დაკავშირებული სხვა რამე გაახსენდა. გოგონა ცოტა ხნით დაფიქრდა და ხმამაღლა წამოიყვირა:
- დელფინარიუმი! გუშინ ბათუმში ვნახეთ! - და ოდნავი დაყოვნების შემდეგ დაამატა:  დელფინი! ეს დელფინია!
თინამ თავმოწონებით მიმოიხედა, რომ თავისი მიხვედრილობის მოწმეები დაენახა, მაგრამ მის ირგვლივ მხოლოდ ზღვის ლურჯ-მწვანე ზედაპირი ლივლივებდა ზანტად და გულგრილად. გოგონას უმალ გაახსენდა, სადაც იმყოფებოდა და ოდნავი იმედგაცრუება იგრძნო. მერე ისევ თევზს გახედა - სწორად თუ გამოვიცანი ვინ არის ესო?
თინას დელფინთან დაკავშირებით კიდევ რაღაც-რაღაცები გაახსენდა. ის კაცი, დელფინარიუმში, წარმოდგენის დაწყებამდე რომ ყვებოდა. თან რა სასაცილო სახელი ჰქონდა იმ კაცს - ბერდია!
ამ სახელის გახსენებაზე თინას ახლაც გაეღიმა, მაგრამ უმალვე შეიჭმუხნა და შეეცადა მოეგონებინა, რას ყვებოდა დელფინებზე ის ბერდია, ვისაც თინა არც ისე ყურადღებით უსმენდა, რადგან ერთი სული ჰქონდა, როდის დაიწყებოდა წარმოდგენა.
გოგონას გაახსენდა: ბერდიას თქმით გამოდიოდა, თითქოს დელფინები სინამდვილეში მთლად თევზები არ არიან თურმე. იმიტომ რომ... თინამ ისევ შეიჭმუხნა შუბლი და ქვედა ტუჩი მოიკვნიტა. იგი დაძაბულად იხსენებდა, თუ რატომ არ იყვნენ ესენი თევზები.
„გამახსენდა! - რამდენიმე წამის შემდეგ, გუნებაში შესძახა მან საკუთარ თავს, - დელფინები არ არიან თევზები, რადგან მათაც ჩვენსავით ჰაერით უნდა ისუნთქონ და ამიტომ ხანდახან უნდა ამოყვინთონ!“
თითქოს სიბეჯითეს უწონებსო, „თევზმა“ მართლაც ამოყვინთა წამით და გოგონამ უმალვე იცნო მისი „მომღიმარი სახე“.
- „მართლაც დელფინი ყოფილა, - გაეხარდა თინას, - ნეტა ამან თუ იცის იმათსავით თამაში და მაღლა ხტომა? რა იქნება, მე რომ იმ... რა ქვია იმას... მწვრთნელივით ავუქნიო ხელი?“
ეს აზრი ბავშვს ძალიან მოეწონა და გადაწყვიტა, როგორც კი თევზი ისევ ამოყვინთავდა, მოესინჯა და მართლაც აექნია მისთვის ხელი. ახლა თინას იმის შიში გაუჩნდა, ვაითუ დელფინს უკვე მოსწყინდა ჩემი თვალიერება და წავიდესო. მაგრამ, მისდა გასახარად, მისი ახალი ამხანაგი ჯერ ეტყობა, არსად წასვლას არ აპირებდა.
- ნეტა რა დაინახა იმ ბავშვმა? - ნათელას ხელის მტევანი წარბებზე მიედო და ისე ირიდებდა დაისის სხივებს, - რამდენჯერაც გავხედე, სულ ქვემოთ იყურება, ასეთი საინტერესო რა ნახა წყალში?
ზღვისკენ ზურგშექცევით მწოლიარე გივი გადმოტრიალდა. ჩამავალი მზის სხივებით ალაპლაპებულ წყლის ზედაპირზე მანაც მხოლოდ თვალების მოჩრდილვის შემდეგ გაარჩია ტივტივას შორიახლოს მოქანავე ლეიბი და მასზე გულჩაღმა მწოლიარე თავისი პატარა ქალიშვილი. 
- უყურე შენ, რამხელაზე გასულა ეს მაიმუნი! - სიამაყეშეპარული გაკვირვებით გამოთქვა მან თავისი ვითომდა უკმაყოფილება.
- მერე უთხარი, წამოვიდეს! - დაუყოვნებლივ და სრულიად გულწრფელად აჰყვა მას ცოლი, რომელიც შვილის ამ თავნებობაში, ქმრისგან განსხვავებით, კარგს ვერაფერს ხედავდა, - ეჰ, ნეტა მაშინ მართლა მომებრუნებინა! - დაგვიანებული სინანულით აღმოხდა მას.
... ამოყვინთა თუ არა დელფინმა, თინა მაშინვე გადაიწია ლეიბიდან, მარჯვენა ხელი გაშალა და გვერდულად აიქნია, თანაც თითებს არხევდა. დაახლოებით ასეთი რამ დაამახსოვრდა მას გუშინ ნანახიდან.
თინამ აშკარად დაინახა როგორ გააყოლა მისი ხელის მოძრაობას თვალები დელფინმა. თანაც ეს ძალიან სასაცილოდ გამოუვიდა, რადგან დელფინს სინამდვილეში მარტო თვალების გაყოლება არ შეეძლო, მას თავიც და ტანიც უნდა მიეყოლებინა მზერისთვის.
... ადამიანის მოძრაობამ ხვადი დაბნეულობიდან გამოიყვანა. აქამდე ცხოველი ვერაფრით ვერ არკვევდა ქაფშიას ხედავდა თუ ადამიანს, მაგრამ ახლა უკვე საბოლოოდ დაიჯერა - ეს არსება ნაწილობრივ თევზიაო. ყოველ შემთხვევაში, მისი სხეულის ის ნაწილი, რომელიც ადამიანის პატარამ წყლის ახლოს ჩამოატარა, ნამდვილად თევზით მთავრდებოდა.
შიმშილმა ახალი ძალით აატკივა კუჭი ხვადს და მან გადაწყვიტა, ის თევზი წაერთმია ადამიანისათვის. იგი გამოქანებით ამოვარდა წყლიდან და თავისი დაფჩენილი ბასრკბილებიანი ხახით ნადავლს ეძგერა. მისდა სამწუხაროდ ამჯერად ის ვერაფერს ეღირსა - ადამიანს უკვე დაემალა თევზი.
პირველ წამს თინას სიხარულს საზღვარი არ ქონდა, როცა დაინახა, რა შედეგი მოჰყვა მის მცდელობას. ხოლო მერე ბავშვი რაღაცამ დააფიქრა. მას ვერ გაეგო, რატომ ჰქონდა დელფინს ასე დიდზე დაღებული ხახა? და ამაზე უფრო დიდ უცნაურობად ის მოეჩვენა, თუ როგორ მკვეთრად, კბილების ხმამაღალი ჭახუნით დახურა ცხოველმა პირი.
„კი მაგრამ, იქ ხომ ჩემი ხელი უნდა ყოფილიყო? - გაახსენდა თინას და გაკვირვებისგან მან პირიც კი დააღო, - ეს რა, კბენას მიპირებდა?“ 
ამ აზრმა პირველად გააოგნა ბავშვი, მერე ეჭვები გაუჩინა.
„ეს ხომ გარეულია! - მოისაზრა თინამ, - შინაური არაა! და იქნება ესენი იკბინებიან კიდეც და მათთან თამაში არ შეიძლება?“
თინა ცოტა ხნით გაყუჩდა და მერე დაასკვნა:
„ჰოდა თუ მასეა, უნდა გავეცალო! ნაპირზე გავალ!“
ის იყო ბავშვმა იფიქრა ხელებს ჩავყოფ წყალში და მოვუსვამო, როცა დელფინის კბილებით გავსებული ხახა გაახსენდა.
თინას გააჟრჟოლა და მოეჩვენა, თითქოს მის გულს წამით ყინულის ნატეხი მიადეს. ბავშვმა წყალს გახედა, სადაა ცხოველიო?
დელფინი რაღაც ძალიან დაჟინებით უვლიდა გარს მის ლეიბს. თავი თითქმის სულ წყლის ზემოთ ჰქონდა და ცალ თვალს საერთოდ არ აშორებდა გოგონას.
თინა უფრო ყურადღებით დააკვირდა მას და ამჯერად სულ სხვანაირი იერიანი ეჩვენა ეს ცხოველი. ბავშვი თითქმის დარწმუნდა, რომ იგი სულ არ ჰგავდა გუშინ ნანახებს.
დელფინი ჩასაფრებულივით გამოიყურებოდა და თითქოს პირის კიდეეებიც არ ჰქონდა აწეული, თავისი „მოღიმარი“ თანამოძმეების დარად. იგი რისხვით პირმოკუმული კაცს მოგონებდა თინას.
„ თუ ხელი ვერ ჩავყავი წყალში და ვერ მოვუსვი, ნაპირზე როგორღა გავალ? - ისევ შეშფოთების ტალღამ გადაუარა ბავშვის გულს, - იქნებ მამიკოს დავუძახო?...“
ამ აზრმა თავიდან ვითომ შვება აგრძნობინა, მაგრამ უმალვე ისევ ჩააფიქრა: ხომ შეიძლება დელფინმა მამიკოსაც უკბინოსო?
თინამ ისევ ნაპირს გახედა და ცოტა მოეფონა გულზე, როცა მისკენ მომზირალი მშობლები დაინახა, თუმცა ამასთან ერთად  უსიამოვნოდ ენიშნა, რომ ისინი თურმე იმაზე გაცილებით შორს არიან, ვიდრე აქამდე ეგონა. 
უცაბედად რაღაც რუხი და უზარმაზარი წამოიმართა წყლიდან!  ელდანაცემმა თინამ გამყივანად შეჰკივლა.
ნაპირთან მდგარი გამუდმებული ჟივილ-ხივილის ფონზე, თინას შორეული შეკივლებისთვის არავის მიუქცევია ყურადღება. ერთმა ბიჭუნამ კი შესძახა გაოცებით:
- შეხედეთ ტო, დელფინიო! - მაგრამ თამაშში გართულმა მისმა თანატოლებმა, რომელთა შორის შოთიკოც იყო, მისი შეძახილი არად ჩააგდეს.
სამაგიეროდ თინას ელდანაცემ ხმას იმავე წამს დედამისის შეშინებული შეძახილი მოჰყვა:
- გივი ეს რა არის?! - თვალებგაფართოებული, დაბნეულად შეაჩერდა იგი ქმარს.
- დელფინია, ხომ ხედავ... ეთამაშება, ეტყობა.- გივიმ ვითომ მშვიდად წარმოთქვა ეს სიტყვები, მაგრამ ამავე დროს სწრაფად წამოიწია, იდაყვებს დაეყრდნო და ყურადღებით მიაჩერდა ზღვაში საკმაოდ შორს მყოფ თავის შვილს.
- როგორ ვანიშნო ამ ბავშვს, რომ ნაპირისკენ წამოვიდეს? აქეთ სულ არ იყურება! - აღელვება სულ უფრო აშკარად ერეოდა ნათელას.
- იქ დელფინს ეთამაშება და ჩვენსკენ გამოახედებ ახლა მაგას? - უდრდელად თქვა გივიმ.
მერე ზანტად წამოიწია და ასევე აუჩქარებლად წამოჯდა შეზლონგზე, თუმცა, ამავე დროს, ერთი წამითაც არ მოუშორებია ზღვისაგან დაძაბული მზერა.
- კი ეთამაშება მაგრამ, - ვერ დააწყნარა ქმრის სიტყვებმა ნათელა, - ეს ხომ მაინც გარეული ცხოველია და არა გაწვრთნილი?
- მერე რა, დელფინები არ ესხმიან ადამიანს! - რიხიანდ და მხნედ შეახსენა გივიმ ცოლს, - თუ შენი აზრით, ეს რაღაცით განსხვავებულია? - ამ დამცინავი შეხუმრებით გივიმ კიდევ ერთხელ სცადა ცოლის დამშვიდება.
ნათელა შეშფოთებულ მზერას არ აშორებდა ლეიბზე მოტივტივე შვილს და თან ქმრის სიტყვების დაჯერებას ცდილობდა. დელფინი კი იმ ნახტომის შემდეგ ისევ გაუჩინარდა.
ამან ოდნავ დაამშვიდა ქალი და იმის სათქმელად გაათამამა, რის თქმასაც სულ რაღაც ერთი წამის წინ ვერ ბედავდა:
- დელფინები არ ესხმიან ადამიანსო... ჰმ, გაიხსენე, აბა რამ დაგასიზმრა დღევანდელი სიზმარი? დღეს მტაცებლები სხვანაირად იქცევიან და ბოლო-ბოლო ესეც ხომ მტაცებელია? - მოაშორა რა მზერა ზღვას, შეწუხებული მოლოდინით შეაჩერდა იგი ქმარს.
გივის უნდოდა ისევ დამცინავი ღიმილით ეპასუხა ცოლისთვის, მაგრამ ამჯერად თავი შეიკავა. მას დროულად გაახსენდა ის, რაც სინამდვილეში არც არასდროს დავიწყნია:  ნათელა სულ ახლახან დააწინაურეს კათედრის გამგის მოადგილედ თავის ქიმიის ფაკულტეტზე.
ოცდაათი წლის ქალისთვის ეს მართლაც დიდი მიღწევა იყო და გივისაც ძალიან ეამაყებოდა ცოლის წარმატება. ამასთან ერთად უკვირდა, როგორ ახერხებდა ნათელა ოჯახზე ზრუნვასაც და სამეცნიერო საქმიანობასაც.
გივი თვითონაც არ ერიდებოდა საოჯახო საქმეებს, მაგრამ მისი სამშენებელო ობიექტები საქართველოს ხან ერთ კუთხეში იყო და ხან მეორეში, რის გამოც სახლში არყოფნაც ხშირად უწევდა და ცოლსაც ამ მხრივ ბევრს ვერაფერს ეხმარებოდა.
მოისაზრა რა ეს ყველაფერი, გივიმ უმალ მოიშორა სახიდან დამცინავი გამომეტყველება და ხანმოკლე პაუზის შემდეგ თქვა:
- შენ ამბობ, ეს ამდენი სეინერი რომ დღე და ღამე თევზისგან ასუფთავებს ზღვას... ე-ე. ჰმ,  ამით დელფინებსაც აკლდებათ საკვებიო...? - კიდევ მცირე დუმილის შემდეგ, მან თავადვე უპასუხა საკუთარ კითხვას:
- თუმცაღა, რაკი ზვიგენები გამოჩნდნენ იქ, სადაც ისინი აქამდე არავის უნახია, ამათ რა შეუშლის ხელს? ესენიც ხომ ჰმ, მართლაც მონადირეები არიან? - სერიოზულად შეაცქერდა იგი ნათელას.
... თინა უკვე რამდენიმე ხანია ზღვის სიღრმეს აკვირდებოდა. ბოლოს რომ ამოხტა და სულ შხეფებში გაახვია გოგონა, დელფინი იმის მერე აღარ გამოჩენილა. თინა ამასობში დამშვიდდა კიდეც და უკვე წყენაც კი იგრძნო:
„ეტყობა მოსწყინდა ჩემთან თამაში. და სულაც არ აპირებდა ჩემს კბენას. მეც რა გავინაზე სულელივით! - უკვე ამრეზით ესაუბრებოდა იგი საკუთარ თავს, - და კიდევ, რის გაბრაზებული სახე, არა ის, სადა აქვს თევზს სახე?“
გოგონამ კიდევ ერთხელ ჩახედა წყალს, ამჯერად თავიც კი ჩაჰყო მასში, მაგრამ მაინც ვერაფერი დაინახა. მხოლოდ ბოლოს, როცა უკვე ჰაერი უთავდებოდა და ამოყვინთვა დააპირა, თინას მოეჩვენა, თითქოს სიღრმეში ისევ ნაცნობ ლანდს მოჰკრა თვალი.
იყო იქ სინამდვილეში რამე, თუ მართლა მოეჩვენა, გოგონას ამაზე ფიქრი აღარ დაუწყია, იგი წამოიწია და ხელი დაუქნია მშობლებს. მერე ისევ ჩვეულად მუცლით დააწვა ლეიბს და ჯერ მარჯვენა მტევანი მოუსვა რამდენიმეჯერ, რომ ლეიბი ზუსტად ნაპირისკენ მიემართა, და მერე ორივე ხელი აამუშავა.
სულ რამოდენიმე მეტრით დაშორდა იგი ტივტივას, როცა დაინახა როგორ ამოცურდა სიღრმიდან ცხოველის გრძელი სხეული.
გოგონამ იგი, მისი პრიალა და ციმციმა ფერის გამო, დიდ და ძალიან წაგრძელებულ ჰაერის ბუშტულას მიამსგავსა. ისეთს, რანაირებსაც ყვინთვის დროს თვითონ უშვებდა პირიდან და მერე ადევნებდა თვალს, თუ როგორ უხმოდ, სრულ სიჩუმეში მილივლივებდნენ ისინი ზედაპირისაკენ.
დელფინმა გაასწრო ლეიბს, მერე შემობრუნდა და მისკენ დაიძრა. იგი თვალის დახამხამებაში აღმოჩნდა თინას „ხომალდთან“ და სანამ გოგონა გაშეშებული ელოდებოდა, თუ რა მოხდებოდა, ცხოველმა წამიერად ამოყვინთა, ჰაერი ჩაისუნთქა და ისევ ლეიბის ქვეშ გაუჩინარდა.
- ფუჰ, რა ცუდი სუნი გქონია პირში! - მიადევნა თინამ დელფინს.
თუმცა ამის თქმა მან მხოლოდ იმის მერე შესძლო, როცა გაშეშებამ გაურა და გულზე ცოტა მოეშვა. ცხოველის ამ განავარდებამ საბოლოოდ დაარწმუნა ბავშვი - ეს „თევზი“ უბრალოდ მეთამაშება და არაფერ ცუდს არ მიპირებსო. მან უფრო მხნედ და თავისუფლად წარმართა თავისი ტივი ნაპირისაკენ.
უცებ თინას მოეჩვენა თითქოს მის თითს ცეცხლწაკიდებულ მუგუზალი მიადეს. ტკივილისაგან გამწარებულმა ბავშვმა საშინლად დაიკივლა! ტკივილი ახლაც ზუსტად ისეთი იყო, როგორიც მაშინ, პატარობას რომ განიცადა და მერე არასოდეს დავიწყნია.
დედა სარეცხს აუთოებდა, როცა ტელეფონმა დარეკა. ნათელამ უთო ცერაღმა დააყენა და ხალათის ჯიბიდან ყურმილი ამოიღო. ქალს ცოტა გაუგრძელდა ლაპარაკი და იგი, მოშორდა რა საუთოო მაგიდას, დივანზე დაჯდა.
თინას ყოველთვის იზიდავდა უთოს პრიალა ზედაპირი, მაგრამ დედა სულ უშლიდა მასზე ხელის მიკარებას. იმ წამს კი პატარამ დრო იხელთა, მკვირცხლად მიეჭრა უთოს, ხელი ასწია და ხუთივე თითი, ლამაზ ანარეკლებიან რკინას ჩამოუსვა.
მისმა შეკივლებამ ნათელას ტელეფონიც კი გააგდებინა ხელიდან! მაშინ თინას თითქოს ცეცხლი მიეწება თითებზე და დედიკო ვერაფრით ვერ აშორებდა იმ საშინელ სიმხურვალეს. ნათელა ეფერებოდა შვილს, თითებზე სულს უბერავდა, მერე ცივ წყალშიც ჩააყოფინა, თუმცა წყალმა ძალიან ცოტა ხნით უშველა.
ცოტა ხანში იგი თითქოს ადუღდა და უკვე ვეღარ ანელებდა ტკივილს. მერე მამამ მოირბინა და წამალი მოიტანა. დედამ წაუსვა - ტკივილს გაგიჩერებსო. არც წამალს უშველია მაინცდამაინც - ცეცხლი არა და არ შორდებოდა მის პატარა თითებს.
ახლაც ისეთივე ტკივილი იგრძნო თინამ. ტკივილს უსაზღვრო განცვიფრებაც დაერთო. გოგონა ვერ ხვდებოდა - საიდან უნდა ყოფილიყო ზღვაში ცეცხლი?! მან მყისვე ამოიღო ხელი წყლიდან და პირთან მიიტანა - სულს შევუბერავო.
თვალისდახამხამებაში, როგორც კი თავისი ხელი დაინახა, ბავშვს ერთი წამით ყველაფერი დაუტრიალდა თვალწინ. საჩვენებელი თითის მაგიერ მას მხოლოდ ძვალიღა შერჩენოდა, რომელსაც მტევნიდან მოწანწკარე სისხლი თანდათან წითლად ღებავდა.
ერთ წამს თინა გაშტერებული უყურებდა თავის ხელს და არ სჯეროდა საკუთარი თვალების. ასეთი რამ ხომ მართლაც არ შეიძლება მომხდარიყო სინამდვილეში!
სად წავიდა მისი თითი? მას რა, დღეიდან მართლა მარტო ძვალი ექნება საჩვენებელი თითის მაგიერ? ეს როგორ შეიძლება? არ შეიძლება. ჰო მაგრამ, აბა მისი ხორცი სადაა? ვინ დაუბრუნებს?
უცებ თინა ყველფერს მიხვდა. მიხვდა და იმწამსვე იგი შიშისა და სასოწრკვეთილების ნიაღვარმა წალეკა.
- მიშველეთ! - რაც შეეძლო ხმამაღლა შეჰკივლა მან ნაპირს.
იმავე წამს ლეიბი მკვეთრად შექანდა. თინამ, რომელიც ამ დროს ნაპირს შეჰყვიროდა და ხელს აჩვენებდა მშობლებს, თავი ვერ შეიკავა და წყალში გადავარდა.
ელდანაცემი ბავშვი რამდენიმე წამს განუძრევლად ტივტივებდა წყლის სიღრმეში, მას თვალებიც კი არ დაუხუჭავს.  მერე თინას ყურადღება მუქმა ლაქამ მიიპყრო, რომელიც სულ უფრო სქლად ეხვეოდა მის მარჯვენა მტევანს.
წამიც და გოგონა მიხვდა - ეს მისი ხელიდან გამოდენილი სისხლი იყო! შიშმა ისევ აუმოქმედა ბავშვს თავის გადარჩენის ინსტინქტი, მან ხელ-ფეხი აამოძრავა და სწრაფად ამოცურდა ზედაპირზე.
იმავდროულად წყლიდან დელფინიც ამოვარდა. თინამ ერთხელ ტელევიზორში ნახა, თუ როგორ ამოარღვია ზღვა წყალქვეშა ნავიდან გაშვებულმა რაკეტამ. ცხოველის ახლანდელი ამოხტომა ზუსტად იმას ჰგავდა.
ბავშვმა შიშისაგან ისევ იყვირა და რაც შეეძლო სწრაფად მოუსვა ხელ-ფეხი ლეიბისკენ. იმავე წამს მან საშინელი წვა იგრძნო თეძოში. ტკივილისაგან გაგიჟებულმა თინამ ინსტინქტურად იტაცა ხელი ჭრილობაზე და მყის იგრძნო - მის ფეხს რაღაც აკლდა!
მაგრამ ამჯერად გოგონას ეს აღარ გაკვირვებია და იგი არც საოწარკვეთილებას აჰყვა. თინა მხოლოდ იმაზე ფიქრობდა, თუ როდის გადაარჩენდა მას მამიკო. როდის მოცურდებოდა და გადენიდა ამ საშინელ ცხოველს...
როგორც კი მანძილით შესუსტებულმა ბავშვის ძახილმა მის მშობლებს მიაღწია, ისინი გულგახეთქილნი წამოხტნენ და ერთდროულად გავარდნენ წყლისკენ. შიშისაგან შეძრწუნებულმა ცოლ-ქმარმა დაინახა, რომ ლეიბზე მჯდომარე თინა მათ რაღაცას აჩვენებდა.
შორიდან დანამდვილებით ძნელი გასარჩევი იყო, მაგრამ ისე ჩანდა, თითქოს პატარას მარჯვენა ხელზე წითელი ზონარი შემოხვეოდა. გივის ეს ძალიან ცუდად ეცნო. მერე ლეიბი უცებ შექანდა და თინა წყალში გადავარდა.
აქამდე გივი არასოდეს დაფიქრებულა, თუ რა სიშორეზეა ტივიტივა ნაპირიდან, მაგრამ ახლა თავისი შვილი სადღაც შორს, სამყაროს დასალიერში მყოფად მოეჩვენა.
სუნთქვაშეკრულმა კაცმა მიმოიხედა, იქნებ სადმე ნავი ან სკუტერიაო. მისი მზერა მსგავსს ვერფერს წააწყდა - მხოლოდ ხალხი, დიდი და პატარა ჭყუმპალაობდა და ჟრიამულობდა ნაპირთან. ქობულეთის ღრმა ზღვაში შორს ცურვას არც ისე ბევრი ვინმე ბედავდა და ახლაც არავინ იყო წყალში პლაჟიდან რამდენიმე მეტრზე შორს. მარჯვნივ, თუმცა ნაპირიდანაც და მისგანაც უიმედოდ შორს, „ბანანი“ ასეირნებდა გოგო-ბიჭებს.
ამასობაში ნათელამ შეჰკივლა და ელდანაცემმა გივიმ უმალ ისევ ლეიბისაკენ მიიხედა. დანახულმა მას ლამის გული გაუხეთქა. თინა საერთოდ აღარ ჩანდა წყლის ზედაპირზე! თითქოს რაღაც ძალამ აიტაცა გივი  და ტალღებში გადაისროლა. მან უკვე თითოჯერ მოასწრო ორივე ხელის მოსმა, როცა ცოლის სასოწარკვეთილი ხმა მოესმა:
- გივი ჩქარა რა, ჩქარა რა! მას დელფინი დაესხა!
მამაკაცი ისედაც რაც შეეძლო სწრაფად იქნევდა ხელებს და ასავსავებდა ფეხებს.  შუა გზას გაცდენილმა გივიმ უკვე სუნთქვის გაჭირვება იგრძნო და მიხვდა, რომ ძალინ დიდი, თავისთვის შეუფერებელი სიჩქარით მიცურავს. თუმცა სამაგიეროდ დაღლილობამ მას პანიკის გრძნობა გაუნელა და აზროვნების, თუნდაც არცთუ მთლად დალაგებულის, საშუალება მისცა.
„როცა მივცურდები, ნეტა დელფინი რას იზამს? შეეშინდება ჩემი და მოგვშორდება? - შეეკითხა გივი საკუთარ თავს, - არ ვიცი. არ მაინტერესებს. ჯერ მთავარია დროზე მივიდე!“
მერე სხვა ეჭვი გაუჩნდა:
„გაგიჟდა ეს დელფინი თუ რა ხდება? ნეტა დელფინების ცოფი არსებობს?“
აქ გივის ჯერ რაღაც ბუნდოვნად გაახსენდა და მერე თითქმის უმალვე აზრი მკვეთრად გამოესახა გონებაში:
„ნუთუ მართლა მშიერია?!“ - ამ მიხვედრამ გივი ისე გააოგნა, რომ მან წამით ცურვაც კი შესწყვიტა.
მაგრამ თინას ახალმა, უფრო ახლოდან გაგონილმა ყვირილმა, ლამის ისევ პანიკის მდგომარეობაში ჩააგდო მამამისი.
გულგახეთქილმა გივიმ ცურვისას წყალში სანახევროდ ჩაყოფილი თავი ამოჰყო, წინ გაიხედა და ათიოდე მეტრში თავისი ბავშვის შეძრწუნებული, გაფითრებული სახე დაინახა. თინიკოს შიშისგან თვალები გაფართოებოდა და მათში იმედის კვალიც წაშლილიყო. ბავშვი თითქოს შერიგებოდა თავის ბედს.
მამის დანახვაზე თინას თვალებში ისევ იფეთქა იმედის ნაპერწკალმა. მან ხელი ასწია და მამას დაუქნია, თან თვალს არ აშორებდა წყალს. 
გივის ჯერ გაუხარდა ბავშვი რომ რაღაცნაირად შეეხმიანა, მაგრამ როგორც კი თინიკოს ხელს კარგად დააკვირად, კაცს მოეჩვენა, თითქოს მას გულში მახათი ჩაერჭო! ერთი თითის მაგიერ თინიკოს ხელზე წყლისგან გაპრიალებული ძვალიღა დარჩენილიყო!
თვალის დახამხამებაში გივის სისხლს ადრენალინის უზომო რაოდენობა შეერია და უმალ განდევნა მისი სხეულიდან დაღლილობა და უძლურება. კაცი გიჟივით გაქანდა ბავშვისკენ.
- ნუ გეშინია, მოვედი, მამიკო, აწი ის ვერაფერს... - აქოშინებით ალაპარაკდა გივი, მიცურდა რა ბავშვთან, მაგრამ უმალვე გაჩუმდა, რადგან ამ დროს ისეთი რამ დაინახა, ეჭვიც კი შეეპარა, ისევ სიზმარში ხომ არ ვარო: საიდანღაც  სიღრმიდან დელფინი ამოვარდა და თინას ფერდში ჩაავლო ყბები! 
გოგონამ საზარლად იყვირა!
გივი ერთი წამითაც არ დაყოვნებულა და არც შიშის ან დაბნეულობის  უფლება მისცა თავს. მან სწრაფად გადახარა ტანი უკან, ხოლო ფეხები პირიქით წინ გასწია და მთელი ძალით ჩაარტყა ცხოველს გვერდში.
დელფინის სხეული ისე გაღუნა ამ მძლავრმა დარტყმამ, რომ გივის ერთი წამით მოეჩვენა ხერხემალი გადავუტეხეო და ოდნავი შვებაც კი იგრძნო - საფრთხე მოვაშორე შვილსო.
მაგრამ ცხოველის სხეულს დრეკადობის დიდი მარაგი ჰქონია. იგი ისევ გასწორდა, თუმცა ამავდროულად ბავშვსაც მოშორდა. დაინახა რა ეს, გივიმ ერთი კი შეხედა მკვდარივით გაფითრებულ თინას და მერე ლეიბი მოძებნა თვალებით, რომელიც მისგან ხელმარცხნივ, იქვე ახლოს ტივტივებდა.
გივიმ მსწრაფლ შემოისვა ბავშვი ზურგზე და უკვე ლეიბისკენ  აპირებდა გაცურვას, როცა უკანასკნელ წამს, ყოველი შემთხვევისათვის ზღვაში ჩაყო თავი და რამდენადაც შეეძლო, წყლის ბუნდოვანი მზერით სიღრმე დაზვერა. იქ, სადაც ზღვას მათი ლეიბის ჩრდილი ოდნავ აბნელებდა, მან დელფინის ლანდი შენიშნა.
გივიმ სწრაფად ამოყო თავი წყლიდან, რამდენადაც შეეძლო პირი ზურგისკენ მიიბრუნა და მშვიდი ხმით უთხრა თინას:
- მამიკო, ნუ გეშინია. მგონი ეს დელფინი ჯერ ვერ დაწყნარდა და ჩვენსკენ მოდის, მაგრამ ხომ დაინახე, წეღან როგორ ვუთავაზე? ახლა უარესს ვუზამ და მერე ლეიბზე შეგსვამ.
- ხო, მამიკო, შენ ძალიან ძლიერი ხარ, - ჩუმი სლუკუნით უპასუხა ბავშვმა. უკანასკნელმა განწირულმა კივილმა საბოლოოდ გამოაცალა თინას ძალა, - წეღან შენ კინაღამ შუაში გატეხე ის. ნეტა კიდევ რაღა უნდა? - გივი მიხვდა რომ მისი პატარა ძლივს იკავებდა ქვითინს.
თუმცა ქვითინი არ აწუხებდა გივის, მას ბავშვის ჭრილობებიდან გამოდენილი სისხლის უამრავი რაოდენობა ზარავდა. მაგრამ სასოწარკვეთის დროც აღარ იყო, გივიმ ისევ ჩასწია სახე წყალში.
ამასობაში ცხოველი მიუახლოვდა მათ. გივის არ აშინებდა არც მხეცის სისწრაფე და არც მისი ღონე. მან თავისი ფართო გულმკერდის ძლიერი კუნთები დაძაბა, ქვედა ყბა წინ წამოსწია და შვილის დასაცავად გაემზადა.
უკანასკნელ წამს დელფინმა აარიდა თავი შეტაკებისთვის გამზადებულ ადამიანს და ზღვის ზედაპირზე ასრიალდა. კაცმაც ამოჰყო თავი წყლიდან და ერთხელ ძლიერად გააქნია იგი, რათა თვალებიდან წყლის წვეთები მოეშორებინა. მერე მეტოქე მოძებნა.
დელფინი წრეზე უვლიდა მათ, მაგრამ თავდასხმას ეტყობა, ჯერ არ აპირებდა. გივიც ისე ტრიალებდა, რომ ყოველთვის ბავშვსა და ცხოველს შორის ყოფილიყო. ერთი მზერა მან ხმელეთისკენაც სტყორცნა, იქნებ რაიმე შველა მოდისო.
იქ, წყლის პირზე, ხალხშემორტყმული ნათელა წითელმაისურიან მაშველს ხელების ქნევით ეუბნებოდა რაღაცას და ამ უკანასკნელს უკვე რადიო მიეტანა ტუჩებთან. გივის კარგად ენიშნა ეს ამბავი და იგი უფრო დაჯერებით და უშიშრად შემოუბრუნდა ცხოველს.
უცებ გივის ზურგს ამოფარებულმა თინამ უცნაურად ამოიხავლა და მისი მარცხენა ხელი, რომელიც მამის ყელზე ჰქონდა შემოხვეული, უმწეოდ მოეშვა.
- რა იყო მამი, რატომ გამიშვი ხელი? - თავის მოუბრუნებლად, სწრაფად შეეკითხა იგი ბავშვს.
პასუხის მაგიერ გივიმ იგრძნო თუ როგორ მოშორდა მის ზურგს ბავშვის სხეული. იგი დაუყოვნებლივ შემობრუნდა, დელფინი საერთოდ დაავიწყდა.
თინას პირი დაეღო, თვალები გაშეშებოდა და ნელ-ნელა იძირებოდა. გივიმ კინაღამ იყვირა შიშისაგან, მაგრამ უმალ მოერია თავს. მან ხმის ამოუღებლად ამოუდო მარცხენა ხელი ბავშვს, შემდეგ კიდევ ერთხელ შეავლო თვალი წრეზე მოსრიალე დელფინს და ისევ ლეიბისკენ გაეშურა.
მისცურა რა თავის გასაბერ ტივთან, მან ფრთხილად შემოდო ბავშვი ზედ და უმალვე ჩაეკითხა:
- მამი, როგორ ხარ, მამი? - გივი ცდილობდა, რაც შეიძლება მშვიდი ხმა ჰქონოდა.
როცა თინამ არ იქნა და არ გასცა ხმა, გივიმ მას ყური დაადო გულზე. მშობელს ჯერ მოეჩვენა თითქოს შვილის ძალიან სუსტი გულისცემა გაიგონა, მაგრამ წყლის ტყლაპუნში დანამდვილებით მაინც ვერაფერი გაიგო.
მაშინ იგი ცოტა უკან გაიწია და მთლიანად დაათვალიერა ლეიბზე მწოლიარე უგონო ბავშვის სხეული. თინას ჭრილობებიდან მოწანწკარე სისხლის დანახვაზე გივიმ იგრძნო, თუ როგორ შეეკუმშა მას კუჭი და ყელში მოაწვა ის ყველაფერი, რაც კი იმ დღეს ჰქონდა ნაჭამი!
მამაკაცმა უკიდურესად დაძაბა ნებისყოფა და ისევ მოთოკა საკუთარი სხეული, რომელზედაც შიშმა კინაღამ დააკარგვინა კონტროლი.
ასე გივის მაშინაც არ შეშინებია, როცა ის პაჭუა, გასიებულ სახიანი მხეცი ტანკიდან ავტომატს უმიზნებდა. მაშინ მათ ჯავა უკვე დატოვებული ჰქონდათ, მოწინააღმდეგე გამალებით უტევდა და გივის თითქმის დაკარგული ჰქონდა იმ ჯოჯოხეთიდან ცოცხლად გამოაღწევის იმედი. იგი იმაზეღა ფიქრობდა, რაც შეიძლება, მეტი ნადირი წაეყოლებინა თან.
მაგრამ როცა მტერმა ავტომატის ლულის ზემოდან თავისი ღრმადჩამჯდარი, ბოროტი თვალებით მას გველივით უმოწყალოდ შეხედა, გივის მაინც კინაღამ გაუჩერდა გული იმის შიშით, რომ აწი ვეღარასოდეს ნახავდა ვერც თავის პატარებს, ვერც ნათელას და ვერც ვერავის!
გივის ბედად მის მარჯვენა ფლანგზე მყოფ ზურას ყუმბარმტყორცნში კიდევ ერთი ჭურვი შერჩენოდა. ახლო მანძილიდან გაშვებულმა ყუმბარამ ტანკის ჯავშანი იოლად გახვრიტა, თვითონც აფეთქდა და რაც იმათ ტანკში ჭურვები ქონდათ, ეტყობა ისინიც ააფეთქა.
ის სახეგასიებულიც და დანარჩენებიც, რომლებიც შიგ იყვნენ, ჭურვების ნამსხვრევებმა ნაფლეთებად აქციეს, ხოლო მათი ტანკის ჯავშანი ამჯერად გივის და ზურას მოევლინა მხსნელად. ნამსხვრევებმა მისი შიგნიდან გამორღვევა ვეღარ შესძლეს.
მაგრამ ახლანდელი შიში გაცილებით უარესი იყო, ახლა სიკვდილი მას კი არა მის პატარა გოგოს მოსდგომოდა.
გამწარებული ადამიანი ცხოველს მიუბრუნდა და გააფთრებით შესძახა:
- ეს რა ქენი, შე მხეცო?! გაეთრიე აქედან! - გავეშებულმა მან ხელიც კი მოუქნია დელფინს, თუმცაღა მოშორებით მცურავ ცხოველს ამით რას დააკლებდა?
დაკლებით მართლაც ვერაფერი დააკლო მაგრამ დელფინმა მაინც  შეწყვიტა წრეზე მოძრაობა. იგი შეჩერდა, წყლიდან ამოიწია და ჯიქურ მიაშტერდა ადამიანს.
გივიმც გაუსწორა მას თვალი. სრულიად მოულოდნელად კაცმა იგრძნო, რომ მტრის თვალებში ჩახედვამ მისი რისხვა არათუ გააძლიერა, არამედ გასაოცრად, ცოტა გაანელა კიდეც! შემდეგ წამს ცხოველი მკვეთრად მიტრიალდა და დიდი სისწრაფით გაექანა შუა ზღვისკენ.
გივიც უმალვე გამოერკვა თვალებით ამ უცნაური საუბრისგან და მყისვე თინიკოს ერთი შეხედვით უსულო სხეულს მიუბრუნდა.
როცა მამამ ბავშვი ნაპირზე გაიყვანა, იქ, პლაჟის კიდესთან, უკვე სასწრაფო დახმარების მანქანა იდგა.
... - აბა რის ექიმები ხართ?! - გაოგნებით კითხულობდა სინამდვილეს ვერა და ვერ შეგუებული გივი, - ბავშვი მიკვდება, თქვენ კი მას უმოქმედოდ დაჰყურებთ! ქენით რამე! - მერამდენეჯერ, სასოწარკვეთით შესძახა მან ექიმს, სარეანიმაციო მანქანის კარებზე მიყრდნობილ, ორმოციოდე წლის, ჭაღარაშეპარულ ქალბატონს, - გადაუსხით სისხლი!
- სამწუხაროდ, უკვე გვიანია, ბატონო გივი, -  ექიმს, პროფესიული გამოცდილების მიუხედავად,  მაინც ძალიან უჭირდა ყოველი შემდეგი, თუნდაც ნუგეშის მიმცემი სიტყვა წარმოთქმა.
ნათელა საკაცეზე დასვენებული შვილის გვამთან მუხლებზე დაჩოქილიყო და თავისი მჯიღისთვის მოეჭირა კბილები.  ქალი ვერც კი გრძნობდა და ვერც ხედავდა, რომ მას საკუთარი თითების კანი უკვე გაეკვინტა და ხელიდან სისხლი სდიოდა. შოთიკო დედას მიყრდნობოდა და დაბნეული სახით გაშეშებულიყო.
მათ ირგვლივ თავმოყრილ ადამიანებს სახეებზე გაოცება და უნდობლობა აღბეჭდოდათ. ისინი ვერა და ვერ იჯერებდნენ მომხდარს.  სულ რაღაც ნახევრი საათის წინ უდარდელ და ლაღ დამსვენებლებს ახლა შიში შეპარვოდათ გულებში. თავიანთ შეშფოთებულ მზერას ისინი ხან აქამდე უსაფრთხო შავი ზღვისკენ აპარებდნენ და ხან იქვე გასუსული შვილებისკენ.
გივი უძრავად ჩააშტერდა მიწას. ექიმის საბოლოო, ყველაფრისთვის აზრის დამკარგავმა პასუხმა, იგი მწარე და უიმედო კითხვების მორევში ჩაძირა:  ვისთვის უნდა მოეკითხა პასუხი შვილის სიკვდილისათვის, ბედისთვის თუ იმ დელფინისთვის? მაგრამ რა მოეთხოვება ცხოველს? ის ხომ უბრალოდ თავის გამოკვებას ცდილობს და არავისი მტრობა გულში არა აქვს...
ანაზდეულად მან ზღვას გახედა და იმწამსვე, დარდისგან განდგურებულ კაცს, დელფინის ის ჯიქური მზერა გაახსენდა. მყისვე აღიდგინა რა მეხსიერებაში ცხოველის თვალები, გივი მიხვდა, თუ რა დაინახა მაშინ: დელფინის თვალებში იყო აზრიც და გრძნობაც. აზრი უიმედობას გამოხატავდა, ხოლო გრძნობა- ტკივილს!
„ნუთუ ნამდვილად ასე დავიწროვდა დედამიწა, - გაახსენდა მას დღევანდელი ნაფიქრალი, - რომ ვეღარ გვინახავს ყველას? და რა ქნან ცხოველებმა, მართლა გადასახლდნენ? სად?...“
გივიმ თავი ასწია და დელფინის თვალებში დანახული უიმედობა და ტკივილი ზეცას აჩვენა.
ქვეყნიერების გუმბათი ამ საღამოს განსაკუთრებით ჩაშავებულიყო. თითქოს კითხვას პასუხობსო, იგი სულ უფრო მეტ ვარსკვლავს უჩენდა კაცს და თან იმასაც მიანიშნებდა პირქუშად, რომ ამ ურიცხვი მნათობის ირგვლივ კიდევ უფრო მეტი პლანეტა ბრუნავსო.
მაგრამ გივისთვის ახლა ისევე არ არსებობდნენ ის შორეული ციური სხეულები, როგორც მისი პატარა შვილისთვის არ მოიძებნა ადგილი ამ პლანეტაზე...

ნ-ი-კ-ი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 18 მარტი, 2013 07:31:03
ჩემი თბილისი                                            #47



ღამეა, პირველი საათი იქნება, შეიძლება ორიც, არ ვიცი... ოთახში საათი გაფუჭებულია, უბრალოდ ხმას გამოსცემს, ეს ხმა კი ისე მხვდება ყურში როგორც ტყვია. გვიანია, მაგრამ ვერ ვიძინებ, საერთოდ ეს ბოლო დღეებია ვერ ვიძინებ, თვალებს რომ დავხუჭავ მთელი ბავშვობა კინოსავით მირბის, წარსულში დაშვებულ შეცდომებზე ვნანობ, ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს დღეს ან ხვალ უნდა მოვკვდე, მაგრამ არა, უკვე რამდენიმე წელი იქნება რაც ასე ვარ. ამიტომაც ვწერ, არ ვიცი დრო როგორ გავიყვანო. მგონი ვგიჟდები, შორიდან ალბათ შეშლილს ვგავარ... მოდით ჩემს შესახებ მოგიყვებით და თქვენ გადაწყვიტეთ რა მჭირს.
ბავშვობა
თბილისში დავიბადე, ქალაქში რომელიც მეზიზღება, ზუსტად ისე როგორც ყველა მოსწავლეს - მასწავლებელი. იმის არჩევა რომ შემძლებოდა სად დავბადებულიყავი, თბილისს - უგანდას რომელიმე სოფელს ვარჩევდი. ბავშვობაში საინტერესო არაფერი მომხდარა, ერთი ჩვეულებრივი ბიჭი ვიყავი, ჩვეულებრივი ოჯახიდან. ვერ ვიტყვი, რომ ცუდი ბავშვობა მქონდა, შიმშილისგან არ ვკვდებოდი, მაგრამ ზედმეტიც არასდროს მქონია. ერთხელ გაკვეთილზე ბავშვებს გვკითხეს, ისე როგორც ყველა მეოთხეკლასელს ეკითხებიან ხოლმე, ვინ გინდა გამოხვიდეო? ზუსტად მახსოვს პასუხები, ზოგმა კოსმონავტიო, მილიონერიო, პრეზიდენტიო, ერთ-ერთს იქამდეც ეყო ჭკუა კანონიერი ქურდი უნდა გავხდეო. ჩემი ჯერი რომ მოვიდა, არ ვიცოდი რა მეპასუხა, თუმცა მალევე მივხვდი, რომ ჯარისკაცობაზე მეტად არაფერი მინდოდა. ასეც ვუპასუხე.
ბევრი რომ არ გავაგრძელო, უდარდელად ვცხოვრობდი, ვერთობოდი, ვსწავლობდი. სანამ 17-ს არ მივაღწევდი.
ეს ისეთი ასაკია, ბიჭი რომ საზოგადოებაში თავის დამკვიდრებას იწყებს, ამისთვის ზოგი რას აკეთებს, ზოგი რას... ჩემ უბანშიც ბევრი განარკომანდა, ბევრი დაიჭირეს სხვადასხვა მიზეზით... მე შედარებით მსუბუქად გადავიტანე ეს პერიოდი და მხოლოდ სიგარეტს დავჯერდი. 17 ის წლოვანებაა ბიჭს არც კაცი რომ ეთქმის და არც ბავშვი.
17
ახალი წლის ღამე იყო, როგორც ყოველთვის ახალ წელს სახლში შევხვდი. 1-2-ისკენ ვაპირებდით ძმაკაცები ნაქირავებ ბინაში წასვლას და მაგრად მოლხენას, მაგრამ სმას და გართობას სახლშიც ვინ დამიშლიდა? ის ერთი თუ ორი საათიც ჭამა-სმაში გავატარე, მხოლოდ მობილურის ზარმა მომწყვიტა სუფრას. მერაბი იყო, ბავშვობის ძმაკაცი.
-რას შვები შეჩემა? უკვე მოკვდი თუ შეგიძლია დალევა?
-ვკვდები მარა მიანც ვსვავ.
-კაი, შენ სახლთან ვარ, მალე ჩამო თორე გამიშრა ყელი და ეგაა.
გამეცინა, ჩავიცვი, მამაჩემს ვუთხარი მივდივარ-მეთქი და გავედი.
სანამ გავაგრძელებ, ცოტას მერაბის შესახებ გიამბობთ. ნამდვილი თბილისელი ბიჭი იყო, მოშვებული წვერები მის წვრილ სახეს ძალიან უხდებოდა, ფართო მრავლისმთქმელი თვალები ჰქონდა, თმა ყოველთვის გადაპარსული, როგორც თბილისელებს გვჩვევია მუდამ შავებში ჩაცმული, კარგად მახსოვს ისიც, რომ რეპს უსმენა, იძახდა, ისეთი უნდა გავხდე 2pac რომ იყოო. ერთხელ მასწავლებელი ეჩხუბებოდა დავალება რატომ არ გიწერიაო, ამანაც უპასუხა დედაშენთან ვიყავი ბორდელში და არ მეცალაო. ამაზე სულ გადაირია ის საწყალი ქალი და მერაბს უთხრა ოჯახში არ ხარ გაზრდილიო, აი ოჯახს კი არ უნდა შეხებოდა... აიღო მეშვიდეკლასელმა სკამი და რაც შეეძლო მაგრად ესროლა. მასწავლებელს ისე შეეშინდა არავისთვის უთქვამს ეს ამბავი.
ბავშვობაში ალბათ ყველას გყოლიათ “მტერი” ვისთანაც შელაპარაკება მოგსვლიათ, გიჩხუბიათ ან რამე ეგეთი... ერთი ბიჭი იყო-გია, რამოდენიმე წლის წინ გვქონდა უთანხმოება მაგ ტიპთან, მაგრად არ გვევასებოდა, განსაკუთრებით მერაბს. სიტყვა გამიგრძელდა, თვითონ მიხვდებით ყველაფერს.
მერაბიც არ იყო ფხიზელი. სახლი რამდენიმე კილომეტრით თუ იქნებოდა დაშორებული ჩემ ბინას, გადავწყვიტეთ ტაქსიში ფული არ დაგვეხარჯა და ფეხით წავედით. გზაში რაზე არ ვლაპარაკობდით... კალათბურთი, ქალები, სასმელი, სიგარეტი იმაზე რაზეც ვსაუბრობთ ხოლმე, როცა სალაპარაკო არაფერი გვაქვს, ბოლოს გიაც გაგვახსენდა.
-ბიჭო! ეგ როგორ ვერ უნდა გალახო? - ირონიულად ვკითხე, მერაბმა კი სერიოზული სახით მიპასუხა.
-წამო დავადგეთ!
-ბაზარი არაა. – უპრობლემოდ დავეთანხმე, სიგარეტებს მოვუკიდეთ და გზას მივყევით.
მთელი გზა ხმას არ იღებდა, რამეს რომ ვიტყოდი, უბრალოდ თავს მიქნევდა, მეც ლაპარაკის ხასიათზე ვიყავი და თხუთმეტი წუთი გაუჩერებლად ვილაპარაკე. პრინციპში სხვა რა საქმე მქონდა?
გიას სახლს რომ მივუახლოვდით მერაბმა მითხრა:
-ერთმა მითხრა, დღეს მარტოა სახლში, მშობლები რაღაც წვეულებაზე არიანო.
-მარა მარტო რო არ იყოს?
-არც ეგაა პრობლემა, ერთ ჭიქას დავლევთ და გამოვალთ. ახალი წელია შეჩემა რა დაგემართა?
-გიასთან დავლიო? ღადაობ?
-ხო რა, თან მაგას კაი ღვინო ექნება. – გაეცინა, მეც გავიცინე.
კარი მართლა გიამ გააღო. დავიბენი, აქამდე არ მქონდა ნაფიქრი რა ჯანდაბა მინდოდა აქ, მერაბს კი ყველაფერი გადაწყვეტილი ჰქონდა.
ჯიბიდან დანა ამოიღო და ოცჯერ მაინც დაარტყა. თავიდან აზრზე ვერ მოვდიოდი, ბოლოს კი ძლივს ამოვღერღე.
-მოკალი შეჩემა?
-ხო, აბა რა ეგონა ამ ძაღლიშვილს? წამო გაზი გავუშვათ, ფილმებში როა ხოლმე, ხო აზრზე ხარ? ვერც მიხვდებიან ჩვენ რო ვქენით.
-ფილმების დედაც... კაცი მოკალი შე...!
-კაცი კი არა – არაკაცი მოვკალი- და კუხნისკენ წავიდა.
მეორე დღეს ტელევიზორში მოვისმინეთ, რომ ამა და ამ ქუჩაზე, ახალი წლის ღამეს აფეთქება მოხდა, დაიღუპა ჩვიდმეტი ადამიანი.
ყელამდე ნეხვში ვიყავით, მაგრამ თბილისი, რისი თბილისია თუ ნაცნობი არ გამოჩნდა და ერთი სუფრის სანაცვლოდ ნეხვიდან არ ამოგიყვანა ხელის გაუსვრელად...

დღეს
ათი წელი გავიდა იმ დღიდან. გავხდი ჯარისკაცი? რაღაც მხრივ კი, მეც ბევრი ადამიანი მოვკალი. მოგატყუებთ თუ გეტყვით რომ ეს ამბავი ძალიან მაწუხებდა, იქამდე მაინც სანამ მერაბი ცოცხალი იყო. ერთად ყველაფერს გავუმკლავდებოდით, ვერავინ და ვერაფერი დაგვამარცხებდა, მაგრამ მერაბი სროლაში მოყვა და საკუთარ სახლთან გარდაიცვალა, მე მხოლოდ ხელში გამარტყეს... ამ საათის ხმაურიც იმ წუთებს მახსენებს, თითქოს ტყვია მხვდება...
დღეს რომ მომცენ უფლება რაც გინდა შეცვალე ცხოვრებაშიო, რას ვიზამ? ალბათ არაფერს შევცვლი, მე ეშმაკად არ დავბადებულვარ... საზოგადოებამ მაქცია სატანად, თბილისმა ჩამადენინა მკვლელობა... ამ ტვირთით ცხოვრება შეუძლებელია...
მეშვიდე სართულზე ვარ, ყოველთვის მაინტერესებდა შეეძლო თუ არა ადამიანს ფრენა, ალბათ არა, თუმცა ვნახოთ, ვინ იცის?

ნ-ი-კ-ი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 18 მარტი, 2013 07:32:40
ლეგენდის დასასრული                                  #48



  ორსართულიანი, სარეისო ავტობუსი მოულოდნელად შუა ტრასაზე გაჩერდა. რადიოდიჯეის ხალისიანი ხმა ავისმომასწავებლად დადუმდა.  ამას მძღოლის სახასიათო პროფესიული ფრაზები მოჰყვა. მგზავრები შეიშმუშნენ. უმისამართო, ვერბალურმა პროტესტმა გაუთვალისწინებელი უსიამოვნების მოლოდინი გაამძაფრა და შესაბამისად ყურადღების კონცენტრაცია წინ- ერთი მიმართულებით წარმართა. იქ კი საბურავთან ჩაცუცქული დაბალ-დაბალი თავგასიებული მძღოლი ჩალიჩობდა. ვიღაც, ალბათ, მძღოლობასთან ახლო პროფესიის კაცი მას მიუახლოვდა, ისიც ჩაცუცქდა და რაღაც ჰკითხა.
  - მე რავი, ამის დედაც... დაკვირვებული ვარ, ზუსტად მაშინ უნდა გაფუჭდეს , როცა არ ველოდები... აბა, რა გითხრა, მე შენზე უფრო მეჩქარება. ხო ნახამთ, როცა წავალთ.
წინა სავარძელში, ფანჯრის მხარეს მჯდომმა ახალგაზრდა კაცმა ყურსაცმები მოიხსნა და მაისურის ჯიბეში ჩაიტენა.
  - რა ხდება?- იკითხა თავისთვის, იმ კაცის გამომეტყველებით, პასუხის გაცემის იმედი რომ არ აქვს. გაჩერებულ ავტობუსში სიცხე უფრო აუტანელი გამხდარიყო. სპორტული ხელჩანთა ზემოთ, ბადეზე შემოდო, გვერდით მჯდომ ფაშფაშა ქალბატონს ხაზგასმული თავაზიანობით მოუხადა ბოდიში შეწუხებისთვის და ავტობუსიდან ჩავიდა. ტრასას მარცხნივ ბაღები მიუყვებოდა. შორიახლოს რაღაც უფერული შენობის( სავარაუდოდ, იაფფასიანი პროვინციული სასადილოს) რუხი კონტურები მოჩანდა. რადგან არჩევანი ბევრი  არაფერი ჰქონდა, იქით გაემართა.
  კარის სიახლოვეს გაწოლილი გაძუნძგლული ნაგაზი ზანტად წამოდგა და თავისი კეთილგანწყობა კუდის ქიცინით დაუდასტურა. მომცრო, ნივრისსუნგარეული ოხშივარით გაჟღენთილ დარბაზში ათიოდე მაგიდიდან მხოლოდ ერთს მისხდომოდნენ (თუ მათი ყაყანის სიცხარის მიხედვით იმსჯელებდით) უკვე კარგად შეზარხოშებული მეინახენი. ახალგაზრდა კაცმა კუთხეში განმარტოებული მაგიდა შეარჩია და კარისკენ ზურგშექცევით დაჯდა. ჭუჭყიანი მუშამბის სუფრაზე ორი, ძველი ყაიდის კათხა და ხელსაწმენდების ჭიქა იდო. ახლადმოსულმა თვალებით მასპინძელს დაუწყო ძებნა. როგორც მიხვდა, უკვე შეემჩნიათ. დახლიდან მოულოდნელად, პროფესიული სიმკვირცხლით პატარა, მოკლეფეხება, სუფთად გაპარსული  ჩია კაცი გამოკვანტალდა.
  - გამარჯობა, შენი!- ძველი ნაცნობივით მიესალმა მასპინძელი. - რა მოგართვა?
  ახლადმოსულმა თავი დაუქნია და გაიფიქრა: "ესენი როგორ სულ ერთმანეთს გვანანო." კაცს აღნაგობასთან შეუფერებელი, ბოხი ხმა ჰქონდა.
  - ერთი ლუდი მომიტანე და რამე მისაყოლებელიც.- საკუთარი ღირსების შენარჩუნებით მოითხოვა სტუმარმა.
  - ბატონი ბრძანდები, ეხლავე.
  კაცი დახლისკენ მიბრუნდა. მალე ლუდის ლიტრიანი ბოთლი შემოდგა მაგიდაზე და ჩიფსების პაკეტიც შემოუდო გვერდზე. მერე ბოთლი მოხერხებულად გახსნა და დავასხაო- თვალებით ჰკითხა.ახალგაზრდამ თავი გააქნია.
  -აი, გაიხარე!- შეასახელა მასპინძელი.
  - თუ რამე დაგჭირდეს, აქა ვარ.- შეიფერა ჩიამ.
  - შენი სახელი , უფროსო?
  - რობიზონა, გენაცვალე!
  - გაიხარე , რობიზონ-ჯან!
ახალგაზრდამ კათხა შეავსო და მეზობელ სუფრას გახედა. ოთხნი იყვნენ, ეტყობა აქაურები, რაღაცაზე საუბრობდნენ, რომელიც შორიდან კამათს უფრო ჰგავდა. დროდადრო მათი საუბრის ნაფლეთები აღწევდა კაცის სიცხისაგან გათანგულ ცნობიერების არეში:
  - მე რო შენში კაცობას არა ვხედამდე, შენთან დამჯდომის...
  - მე ლიჩნათა, ძმაო, კაცობით არასდროს მივაჭრია.
  - მერე, ვინა თქვა , რო...
  - ერთხელა, მამისმინეთ, ქრისტე -ღმერთს ჩამაევლო სოფლის ბირჟაზე, გაიგე?.. ის კაცი, თურმე ეხლაც...
  -  ...მეც მაგ ამბავში, რა...
  - ეხლა ეგენი რო ჩვენთან მჯდარიყვნენ, რა- წინაპრები- შეიძლება,არც ველაპარაკებინეთ!
  - მე პირადათა, ძმაო,მრცხვენიან მაგათი...
  - გეყოთ, ეგენი ჯანჯლები არ ყოფილან...  ანაზდად, მოკამათეთა მზერა კარისაკენ შებრუნდა. კაცმა თავისდაუნებურად თვალი მიადევნა მათი მზერის მიმართულებას. კარებში ვიღაც ახმახი, სიბერისგან სახეშემჭკნარი კაცი გახიდულიყო. თვალი მოავლო დარბაზს. მაგიდაზე მსხდომებმა თვალი მოარიდეს. არც ახლადმოსულს ეტყობოდა მათი ხილვით გამოწვეული აღტაცება. კაცი წუთით შეყოვნდა, მერე, ჩანს, ისიც შეამჩნია და მისი მაგიდისკენ გამოემართა.
  - ჩვენი ძმა, ხო არ გეწყინება, აქ რო დავჯდე?- პასუხს არ დალოდებია, ისე ხმაურით გამოსწია სკამი.
  ესღა მაკლდა.- გაიფიქრა კაცმა, ხმამაღლა კი თქვა:
  - დაჯექი, დაჯექი!
- კაი კაცი ხარ!- შეაქო მოსულმა და მოშვებულად  დაეშვა სკამზე. ნიკოტინით ჩაყვითლებული, გაფარჩხული თითები  სავსე კათხას შეავლო, თითქოს სიგრილეს უმოწმებსო. შუბლზე განივად შავი ნაიარევი ეტყობოდა. რაღაც ლუდისა და ქაშაყის ნაზავი სუნი მოჰყვა.
  - ცივია, დაასხი ერთი!
ახალგაზრდა უხალისოდ დაჰყვა..მოსულმა კათხაში ჩიფსის ერთი ფინჩხა ჩააგდო და მიიყუდა. ეტყობოდა მარჯვენა ხელის აწევა უჭირდა და მარცხენას ქვევიდან აშველებდა. "ეს ვინ გადამეკიდა, დღეს რა თარსი დღეა"- GGგაიფიქრა კაცმა.
  - კაია, ლუდს არაფერი სჯობია ზაფხულში, არა ძმისავ, შენ რას იტყვი?- ხმაურით დაახეთქა კათხა.
  - ეგრეა, ბიძაჩემო- რატომღაც მათ შორის ასაკობრივ განსხვავებას მიაწვა უნებური მასპინძელი.
  - მაგარი ხარ, მაგარი!- გაიმეორა კაცმა. ახალგაზრდა ვერც ახლა მიხვდა, რატომ იყო მაგარი.
  - აქაური ხარ?- ინიციატივა ჩამოართვა სტუმარს.
  -აქაური ვარ, მაშ ვინ ვიქნები.
  - რა გქვია?
  - გივია.
  - რა გვარის კაცი ხარ გივია?- მიაყოლა მექანიკურად.
  - გვარი რაში გჭირდება?- დაეჭვებული ჩაეკითხა თანამესუფრე.
  - რაში უნდა მჭირდებოდეს, თუ გინდა ნუ იტყვი.- გაბრაზდა ახალგაზრდა.
  - ყარაშვილი- აჰა!
  - შენ რა გქვიან?
  - ბიბი.
  - ბიბი?- გაუკვირდა გივიას. - სადაურელი კაცი ხარ?
  - თბილისელი.
  - ჰოო, გასაგებია.- ხმაში ირონია გაუკრთა. -  ქალაქელებმა მაგარი პაპიროსი იცით, მოსაწევი გექნება."ეს ვინ ყოფილა, ჩემი..."
  სიგარეტი მიაწოდა ბიბიმ.
  - ეგ გვარი რაღაც მეცნობა, ყაჩაღი რო იყო, ადრე ყარაშვილი, გაგიგია?
  - მე რავი. ყაჩაღების მეტი რა იყო.
  ბიბიმ სიგარეტს მოუკიდა.
- ამბობენ, აქაურობას აზანზარებდაო, "ჟესტოკას" EEეძახდნენ.
  მოსულმა გაურკვევლად გააქნია თავი. ნახევრადმოჭუტული თვალებიდან თითქოს  დამცინავად იმზირებოდა.  - კიდე ხომ არ მოვატანინოთ?
ბიბიმ მოყურადე რობიზონას უხალისოდ უჩვენა საჩვენებელი თითი. მანაც მყისვე მოაცუნცულა ბოთლი და მაგიდაზე უხმოდ შემოდგა ისე, რომ კაცისთვის ზედ არ შეუხედავს.
    დაჩუტულ ტიკს არა ჰგავს?- ცუდადშენიღბული ბოღმით თვალი გააყოლა გივიამ. მერე სიგარეტის ღერი ფილტრის მხრიდან ლუდში ჩააწო და მოქაჩა. 
  - მაგან და მაგის სამმა ძმაკაცმა გაიტანეს ბანკი, მილიციის ფორმაში გამოწყობილებმა.- გააგრძელა ბიბიმ.
  -ვინა. ამან?
  - რა მაგან, წეღან რო გეუბნებოდი. დაცვას ისე აართვეს იარაღი, აზრზე ვერ მოვიდნენ. მაშინ ეგეთი კრუპნი საქმეები იშვიათი იყო.- ნელ-ნელა ეშხში შედიოდა ბიბი.  - ფული ფქვილის ტომრებში ჩაყარეს და გამზადებული პურის მანქანით გაიტანეს.- ბიბიმ სიგარეტის ბოლი ბოლქვებად აუშვა. - პირველ წრეს გააღწიეს, აზრზე რო მოვიდნენ და დაედევნენ, მაშინ შემოაკვდათ ერთი მილიციანერი, მეორე- მგონი დაჭრეს. კაროჩე, ეგ საქმე ჩავარდა. ხო იცი, ყველაფერი შიგნიდან სკდება.  ერთერთი იმ გამტაცებელთაგანი თავად ჟესტოკამ გაასაღა, როგორც ამბობენ, საყვარლის ბინაზე, ლოგინში გამოჭრა ყელი."რისთვის მკლავ, ჟესტოკო?"- იმან. "შენ შენს თავს განაჩენი თავად გამოუტანეო."- AAამან. 
  - შენ საიდანღა იცი ეგეები?
  - უბანში გამიგია, ზროსლებისგან.
  - ნეტაი შენა, ლაყბობენ, რა.
- ეხლა, ნაღდია, რო რაღაცეები  დამატებულიც იქნება, მარა, მაშინ რო იყვნენ, ძმაო, ტყუილია!.
  - იყვნენ-არ იყვნენ, რა შუაშია... ბევრიც იქნება, მერე შენ რა? ვინ რას გვეკითხება, ბალი ორი შაურია... არც ეგრეა საქმე, ზოგ-ზოგი რო რატრატებს. ეს პივაც როგორ გააწყალეს, მაგათი დედის ჯიგარი მ...
  ნელი-ნელ წრუპავდა ორივე, ერთი ჩუმად, ზლაზვნით, მეორე- ხმაურით, ხარბად.დროდადრო მეორე მაგიდისაკენ გააპარებდა ავ მზერას:
  - მიდი, ჰა, მანამ პირი ღვინიანი გვაქ!
  - ერთი ლამაზი სადღეგრძელო...
  - აი, ჯიგარი რო დაგეწვება...
  - შენ რო გაძლევ, სიტყვაზე, ის ჩემი შემატება არ არის, ძმაო, ქართველობის ამბავში?
  - სიყვარულობის ამბავში არაფერი უნდა შეგეშალოს...
  -  იმათი დოქი სუ სავსე ყოფილიყოს!
გივიამ მუჭით ჩაიყარა პირში ჩიპსები.- რო კითხო, მაგარი ბიჭები არიან, კაპიკს ვერ გააგდებინებ.
  - ვისა?
  - აი,მაგ ქვაწვიებსა. მაგათი გამზრდელი დედის...- შეიგინა ბილწად, დაგემოვნებით, თითქოს გულს თან ატანსო. - ფინთი დრო დადგა, ფინთი!
  - თქვენ დროს ეგრე არ იყო, არა, ძია კაცო?- ირონია გაურია ბიბიმ. - უბანშიც ეგრე ლაპარაკობენ ძველები. მაშინ ვაფშე სხვა კაცობა იყო. თურმე ციხიდან გამოქცეულ "ჟესტოკას" ცოლის ამბავი რომ დაახვედრეს.ვიღაც მაშინდელ ბობოლასთან. თავისი ხუთი წლის გოგო დას ჩაუყვანა, ცოლს ცალი ყური აათალა, მერე დასტოინად გამოეწყო და იმ თანამდებობის პირს კაბინეტში მიაკითხა, ვითომ დაბარებული იყო. ამდროს მაგის კაცი მდივანს კერავდა. შუა ლაპარაკში სტეჩკინი დააძრო, პირში მისცა და ეუბნება: - მე ჟესტოკას მეძახიან, დამადგი რქები, შე ახვარო, არა, ეხლა  შენი რიგია- შენ დაგადგამს, ცოლად რო აგკიდებ! დღესვე რაზვოდს მისცემ შენს გაქსუებულ ცოლს და მაგას მოიყვან თორე, ხო იცი,უკან დამხევი არა ვარ- შეურიე შენი ტვინი სისხლსო. კაროჩე , შეტენა თავისი ცალყურა, კახპა ცოლი იმ კაცს.
  გივიას თვალები მიელულა და დუმდა, ვერ მიხვდებოდი, თვლემდა  თუ უსმენდა.
  - მერე, ქვეყანა რომ აირია, ქურდების საქმეც გაფუჭდა. ეხლა შავები ბიზნესს უსხედან წილში, ეგრე სად არი. ადრე სად ქურდი და სად კომფორტი. ქურდს სკრომნად უნდა ეცხოვრა.
  - როგორა?
  - ისე, თვალში რომ არავის მოხვედროდა.
  - სუ ტყუილია ყველაფერი, სიზმარი!.. დღესა ხარ, ხვალ- აღარა... შენ ეგ არ გეცოდინება.
  - არც ეგრეა საქმე, ბიძაჩემო!-  ეწყინა ბიბის. - მე ჩემდათავად, ქურდობაზე ასი წელი თავს არ დავდებ, მარა უბანში პატივს მცემენ.არიფი არასოდეს ვყოფილვარ. ეხლანდელი პაცნები ან წამალზე ზიან, ან ბალახს აშენებენ.ციხეც მაყურებლების ამარა დარჩა.
  - მაიცა, რა!- ხელი აუქნია გივიამ.  ბიბი ვერ მიხვდა, რა არ მოეწონა მის თანამოსაუბრეს.
  - შენ ეგ არ  გაინტერესებს, იასნია- ციხე, ქურდობა., რამე. ისიც მაგ დროს გააფუჭეს ციხეში, ცოტა იაღლიში მოუვიდა. აბშჩიაკის მაყუთი ვისაც ებარა, იმას თან დაიწყო ჩალიჩი. იმან კიდე ზონაში გაუბაზრა. მაგასაც სხვა გზა არ ჰქონდა- პაბეგი აიკიდა. მაგას და კიდევ ორ პატიმარს ორმოცდაათ მეტრიანი გვირაბი გაუთხრიათ. სამი თვე ჩალიჩობდნენ თურმე. ბედი არ გინდა, სვაბოდაზე გააღწიეს და იქ გაეძრო პატრული. ჩვეულებრივ რეიდში ამოყვეს თავი.. არ  დამორჩილდებოდნენ, იასნია. სროლა აუტეხავთ. მაგისი ორი პაძელნიკი იქვე გაუსაღებიათ. მაგას მოუსწრია, გაქანებულ გრუზავიკს შეახტა თურმე. ზუსტად ვერ გეტყვი. ფაქტია, რო დაითესა.. მერე კვალი იკარგება. ზოგი ამბობს, პაბეგის დროს მოკლესო, ზოგი- გაასწროო, ესპანეთში , ჩასულ  შავებს აკონტროლებსო. რას გაიგებ.
  - კიდევ ხომ არ დაგვემატებინა?- გამოფხიზლდა კაცი.
  - არა, ბიძაჩემო, წასასვლელი ვარ, ავტობუსი მიცდის.
  - გენაცვალე ჯიგარში, მაგარი ხარ!- გივია საკოცნელად გადმოიხარა. ბიბიმ თავი უხეშად მოარიდა.კაცი წამოდგა და კარისაკენ გაემართა. ბიბიმ თვალი გააყოლა, როგორ ბარბაცით, თითქმის თვალდახუჭული მიემართებოდა კარისკენ, მოშვებული, ყველასგან გარიყული.
ახალგაზრდა ერთხანს იჯდა. მერე რობიზონა მოიხმო. ისიც უმალ მოცუნცულდა.
  -სულ ათი ლარის ამბავია, საყვარელო!
  - კი, ბატონო!- უკმაყოფილო სახით მიუგო ბიბიმ.  მარა კლიენტს მეტი უიუტი სჭირდება, ძმაო!.-
  - ხო არ შეგაწუხა?- ფარისევლური თანაგრძნობით დაეკითხა რობიზონა თან გამოწვდილი ათლარიანი ჩაიკუჭა ჯიბეში.
  - ვინ არის ეგ ნაგლი, არ გამიხურა?
  - სულ ეგრე იცის, დამიფრთხო კლიენტები, ისედაც არა გვაქვს ვაჭრობა. გამიგია,კაცო!- გული აიჩუყა რობიზონამ.
  - მერე რატო უშვებთ?
  - სულ მე მეკითხება, ხო იცი.
  - ვინ ჩემი ფეხებია ამისთანა?
  - "ჟესტოკა" AAAარ გაგიგია?
  - მერე, რო გამიგია?
  - ხოდა, ეგ არი, რა!

ნ-ი-კ-ი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 18 მარტი, 2013 07:33:48
ანდერგრაუნდი                      #49
          (დღიური)





ერთხელ  შახტაში პატარა მერცხლები ვიპოვეთ. გასაკვირი ის იყო, რომ დეკემბერის ბოლო  იდგა. გავოცდი, გადამფრენი მფრინველები  ხომ შემოდგომაზე მიფრივანვენ, მაგრამ ერთერთმა მოხუცმა  მუშამ –ზეპმა ამიხსნა,რომ მერცხლები წელიწადში ყველაზე ცოტა ორჯერ მრავლდებიან. ნაგვიანები ბარტყები მოღონიერებას ვერ ასწრებენ, ძალა არ აქვთ თბილ ქვეყნებში გასაფრენად და ქალაქში რჩებიან და  როგორც წესი მალევე იხოცებიან.

***
მე ვუყურებდი შავი ავტომობილების ექსკორტს და ვფიქრობდი, რა ადგილას მომეხვედრებინა აგური. ვუყრებდი მერის მოადგილის ღიპს და ზუსტად ვიცოდი,რომ ერთი მუშტის დარტყმაც ეყოფოდა და ვეღარასოდეს ადგებოდა. მე მძულდა სიტყვა ''სამშობლო'' და ''მტერი'' ,რადგან ათასჯერ იყენებდნენ ამ სიტყვებს შავი ავტომობილების ექსკორტით მოსულები.  ძირითადად მაშინ, როცა თემის შეცვლა სურდათ.
მეშახტეების გაფიცვის მეათე დღეს მე ისევ ვიდექი მუშტებშეკრული და ვხედავდი, როგორ მშვიდად ელაპარაკებოდა სამიოდე ლოყაწითელი ჩინოვნიკი ათამდე მოშიმშილე მუშას. ზუსტად ის ფრაზები მესმოდა, რაც წინა დღეებში.
მეშახტეები იმეორებდნენ, რომ ძველი ხელფასიც არ ყოფნიდათ თავის გასატანად, შემცირებულით კი კომუნალურ გადსახადებსაც ვერ გადაიხდიდნენ.
ჰყვებოდნენ, მძიმე სამუშაო პირობებზე, დახეულ ბოტებზე, ამბობდნე,რომ მუშაობის შემდეგ ბანაობის საშუალებაც არ ჰქონდათ...
დაღუპული მუშებიც გაიხსენეს, მათი ოჯახებიც,რომელსაც არანაირი დახმარება არ გაუწიეს არსაიდან, რადგან გარდაცვლილებმა დაზღვევის აღება ვერ მოასწრეს.
ჩინოვნიკები ყველაფერს ისმენდნენ,  მერე ერთსა და იმავეს  იმეორებდნენ,რომ შახტა კერძო ინვესტორის მფლობელობაში იყო და ბევრი არაფერი შეეძლოთ, თუმცა გვაიმედებდნენ, მოველაპარაკებითო.მანამდე გვირჩევდნენ, სამუშაოს დაუბრუნდითო.
მეათე დღესაც უაზროდ და უშედეგოდ ჩაიარა მოლაპარაკებამ. შავი ავტომობილების ექსკორტი წავიდა. ჩვენ ვიჯექით. მეშახტეები აგინებდნენ მატყუარა მინისტრს, რომელმაც წინა წელს დახმარება აღუთქვათ და სენტიმენტალური ისტორიაც მოუყვათ მაღაროელ მამაზე. შემდეგ კი გაუჩინარდა.  არადა ის მის წინამორბედზე უფრო გულწრფელი ჩანდა,რომელსაც საერთოდაც ცრემლები მოადგა, თუმცა ისიც აღარ გამოჩენილა მას მერე .  მეშახტეები აგინებდნენ ჟურნალისტებს,რომელებიც არ მოვიდნენ მათ ჩასაწერად, მთელი კვირა ალოდინეს, მიუხედავად იმისა რომ  დაპირდნენ რეპორტაჟის მომზადებას. 

რომ დავიხოცოთ მაინც არავის აინტერესებსო, ამბობდა ნაღვლიანად ერთ მუშა.  მეორე კი რელსზე იჯდა და თავისთვის, თითქმის ჩურჩულით, მღეროდა: შარშან უფრო საშინელი ცივი ქარი ჰქროდა, მაგრამ მაშინ ჩემთან იყავ სულ არ მეშინოდა... დრო და დრო გვერდით მჯდომს მუჯლუგუნებს ურტყამდა, ამყევი ერთი იმათი დედაცმოვტყანო, აზრი არ აქვს არაფერს, მაგათთან ლაპარაკს სულ უხელფასოდ მუშაობა ჯობიაო...

საქმე იქითკენ მიდიოდა,რომ გაფიცვას შევწყვეტდით და  სამუშაოს დავუბრუნდებოდით. ზეპსაც არ ამოუღია ხმა დღეს. არადა გუშინ იძახდა,  ღვთისმშობლის ხატზე დავიფიცე, სანამ ძველ ხელფასს არ აღმიდგენენ არ დავბრუნდებიო.
იჯდა თავისთვის გაღრეჯილი,  აღარც გვისმენდა. ზეპი 60 წელს კარგა ხანია გადაცდა. ასე იმიტომ ვეძახდით,რომ  გერმანელი მეკარის ზეპ მაიერის გულშემატკივარი იყო.  ჩვენი ზეპიც მეკარე იყო და  ტყიბულის ''მეშახტეში'' თამაშობდა. რა თქმა უნდა, ეს დიდი გუნდი არსოდეს ყოფილა, მაგრამ სამოციანებში საბჭოთა კავშირის მეორე ლიგაში გამოდიოდა და ბევრი გულშემატკივარი ჰყავდა ქალაქში.  ერთხელ ზეპმა  და მისმა თანაგუნდელებმა მოსკოვის ცსკა  დაამარცხეს, 2–1, 1969 წელს.  ამბობდა, პენალტი ავიღეო. ხშირად გვიყვებოდა ამ მატჩზე. ყველა ეპიზოდი ახსოვდა.
იმ დღეს გვიან საღამომდე ვისხედით შახტასთან. ისე დავიშალეთ ზეპს ხმა არა ამოუღია. წასვლისწინ კი გაგვიღიმა.
მამაჩემმა და სხვა მეშახტეებმა კი მოითათბირეს,რომ ხვალიდან სამსახურს დავუბრუნდებოდით.

***
  მე სულ ერთი წელია რაც შახტაში ვმუშაობ. მამა–რაც თავი მახსოვს.  ყოველ დილით 6 ზე ვდგებით. ონკანში საშინლად ცივი წყალი მოდის და როცა ძალიან ყინავს  მარტო თვალებს ვიბან, მერე კბილებს ვიხეხავ. მამა კბილებს არ იხეხავს.
  ადრე დილაობით ჩემი და ჩაის გვიმზადებდა. ბოლო დროს  ჩვენთვის აღარ სცალია.  პატარა ანუშკა  ჰყავს.ახლა  ჩაის მე ვამზადებ. მამა ამბობს,რომ უშაქრო უნდა , თუმცა მე მაინც ვუყრი ხოლმე ერთ კოვზს, უკითხავად. არაოსოდეს უთქვამს საყვედური.
  ჩვეულებრივ მთელი დღე სამსახურში ვართ, საღამოს კი ერთად ვახშმობთ.მერე ჩემი და ანუშკას აძინებს და ზღაპარს უყვება. მე გვერდით ოთახში ვარ და  ყოველთვის მესმის მათი ხმა. ანუშკა ძალიან ჭირვეულია ოთახში თუ შუქი ჩააქვრე მაშინვე ტირილს იწყებს, სანამ დაიძინებს თვალებდაჭყეტილი უყურებს ნათურას. ჩემი და სასაცილო ზღაპრებს უყვება. თან ყველა მისი გამოგონილია. ერთი ზღაპარი გამორულ პრინცზეა(ჯადოქარმა მოაჯდაოვა), რომელმაც მზის სხივები მოსტაცა ურჩხულს.
მე ვიცი,რომ ის გამურული პრინცი მე ვარ. ერთხელ შუქის ფულის გადახდა დაგვაგვიანდა და მე სამსახურიდან ისე გავიქეცი, რომ არც კი გამომიცვლია, მეშინოდა არ გაეთიშათ. მთელი ქალაქი გამორულმა მოვირბინე და სახლშიც ისე დავბრუნდი ძვლივს მიცნეს. სამაგიეროდ გადახდა მოვასწარი და შუქი არ გამორთეს. ჩემმა დამ გულიანად იხალისა, დამცინა კიდეც და ზღაპარიც გამოიგონა.
ათდღიანმა გაფიცვამ ცოტა გამაზარმაცა. იმ დილით მამაჩემმა გამაღვიძა. ჩვეულებისამებრ მოვწესრიგდით, ჩაი დავლიეთ და სამსაურში გავემართეთ.
სახლიდან საგარეო ტანსაცმლით გამოვდივართ. შახტა ახლოსაა,მაგრამ ჯერ მაინც ქალაქის ცენტრი გვაქვს გასავლელი. იქაურობა სულ ახლახანს გაანათეს. ადრე სულ ჩაბნელებული იყო. თავიდან ფერადი სარეკლამო აბრების გამოჩენაც გვახარებდა . ახლა ნერვებს მიშლიდა ათას ჭყეტელა ფერებად განათებული მაღაზიები.
ჩემ სკოლასთანაც უნდა ჩავიაროთ. ლამაზი შენობაა. ახლახანს  გაარემონტეს. თუმცა მე აღარ დავდივარ. ბოლო კლასებში ყველა მასწავლებელმა იცის, რომელი მოსწავლე აპირებს უნისვერსიტეტში სწავლის გაგრძელებას. მასეთი სულ რამდენიმეა (ზოგიერთი თბილისში მიდის და ზოგიც ქუთაისსში). ვინც არ აბარებს, იმათ სკოლაში სიარულს რაღა აზრი აქვს... აღარც არაფერს გვეკითხებიან.
ბოლო დროს ტყიბულიდან ძალიან ბევრი გადავიდა. მე ხუთსართულიან კორპუსში ვცხოვრობ და სულ სამი თუ ოთხი ოჯახი დავრჩით. საშინლად გამოიყურება ასეთი მიტოვებული კორპუსები. მაგალითისთვის, ჩემ სადარბაზოში არაღავინ ცხოვრობს და ოთხი უკაცრიელი სართული უნდა ავიარო,რომ სახლში მივიდე.  ყველაზე საოცარი ისაა,რომ ამდენი მიტოვებული ბინის მიუხედვად, ქუჩაში უამარავი უსახლკარო შეგხვდება. მოკლედ,ჩვენთან ისევ ძველებურად ბნელა, რადგან ფერად რეკლამებს  და ფასადებს არ შეუძლიათ გაანათონ ქალაქი.
სინათლე ხალხის ღიმილს მოაქვს. ქალაქში კი,რომლის ყველა მცხოვრებიც გაქცევაზე ფიქრობს არავინ იღიმება.
ერთხელ მამას ძველმა მეგობარმა უთხრა: ცუდია,რომ ტყიბულში ჩარჩითო.

***
შახტამდე კიდევ არ ვიყავით მისული,როცა ზეპი შემოგვხვდა. ზურგზე ჩანთა ჰქონდა მოკიდებული და გვეგონა სამუშაოდ მოდიოდა,მაგრამ მოგვიახლოვდა თუ არა მამაჩემს უთხრა, შენი ბიჭი მე გამყვება, ცოტახნით საქმე მაქვსო და მეც თვალებით მანიშნა გამომყევიო. მე მისი დიდი ხათრი მქონდა უარის თქმა არც მიფიქრია, ჩემი ჩანთა მამას გავატანე და უკან გავყევი. დიდხანს ჩუმად ვიარეთ.
ბოლოს სტადიონისთან მივედით. ვიფიქრე, ვინმე უნდა ნახოს მეთქი, მაგრამ გავოცდი და სიცილი დავიწყე,როცა დავინახე, რომ  ჩანთიდან  ძველი გახუნებული ბურთი ამოაძრო ,ჯინსის შარვალი საგულდაგულოდ აიკეცა და კარისკენ  წავიდა. ზამთარი იყო და სტადიონი გაყინული გუბეებით იყო სავსე. ბალახი თითქმის არასად  შემორჩენილიყო.  ზეპი კარში  გაიჭიმა და შემომძახა; აბა დამირტყიო. მე ისევ მეცინებოდა. სულ გაგიჟდი  მეთქი, მივაძახე და ბურთი ხელით გავისწორე. გამოვექანე და ქვემოდან ამოვცხე.  ლამაზი ტრაექტორიით წავიდა. ზეპი განზე გახტა და პირდაპირ ხელებში მიუვიდა ბურთი. ცოტა ძლიერადო– შემომძახა და უკან დამიბრუნა. ამჯერად ბურთი  კართან ახლოს მივწიე. უფრო შორიდან გამოვექანე და მარცხენა მაღალ კუთხეში  გადავგზავნე. ზეპი ჰაერში გაიჭიმა, თითისწვერებით ბურთი მოიგერია, თვითონ კი ძირს დაენარცხა. წამოჯდა. მუხლებიდან სისიხლი სდიოდა. თვითონ კი სიცილით კვდებოდა.მეც გიჟივით მეცინებოდა. მივედი და წამოყენება ვცადე,მაგრამ მეც მანიშნა გვერდით დამიჯექიო. ასე ვისხედით, ძელს ვეყრდნობოდით ორივე. ზეპმა საჩვენებელი თითით ნახევარწრე შემოხაზა სტადიონის გარშემო და ნაღვლიანად თქვა: ბიჭო, ეს ტრიბუნები სულ სავსე იყო.აი, იქ მარცხენა ტრიბუნაზე ლიკა ჯდებოდა ხოლმე...
ლია დეიდაზე ამბობ, მერე დღესაც ვერ წამოიყვანე?– ვუთხარი მე
ისევ ვიცინოდით.
გუშინ თედოს დავურეკე, ამ დღეებში ჩამოვა...სწავლის ფულს ვეღარ გადავიხდით... გააგრძელა ზეპმა. თედო მისი შვილია. წელს ჩააბარა თბილისის უნივერსიტეტში.
მე ძალიან მეწყინა, თუმცა ვერაფერი მოვიფიქრე და ჩუმად ვიყავი.
არ მინდოდა ისიც შახტაში ჩასულიყო. იცი როგორ მიყვარს აქურობა... არაფერი მირჩევნია .სადაც არ უნდა მეცხოვრა, ბოლოს აქ დავბრუნდებოდი,მაგრამ მაინც არ მინდოდა თედოს აქ ეცხოვრა. ამდენი წელია მხოლოდ იმიტომ ვშრომობ,რომ კომუნალური გადასახადები გადავიხადო. თვიდან თვემდე მაგაზე ნერვიულობაში გადის დრო. არ მინდოდა იმასაც ასეთი ცხოვრება ჰქონოდა. ვერ დავაფრთიანე შვილები ...ზეპი გაჩუმდა.
ადგა შარვალი გაისწორა და გასასვლელისაკენ წავიდა. ბურთი შენ გქონდეს, ითამაშე ხოლმეო, დამიბარა
–ზეპ, სამოუშაოზე ხომ გამოხვალ ? –დავუძახე მე
აბა სად უნდა წავიდე, მორჩა ჩემი ფუტბალისტობა– მიპასუხა გაღიმებულმა.


***

მეორე დღეს გავიგეთ,რომ ზეპი გარდაიცვალა. გულმა უმტყუნა.

თედო დაბრუნდა. ახლა ერთად ვმუშაობთ შახტაში. ჩვენ  ვრჩებით მიტოვებულ ქალაქში,რომელზეც არასოდეს ყვებიან ახალ ამბებში, ვცხოვრობთ კომუნალური გადასახადების გადასახდელად.

ნ-ი-კ-ი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 18 მარტი, 2013 07:41:48
შავ-თეთრი მოთხრობა                                      #51



მგელი აღარავის ახსოვდა. ელექტრონით განათებულ სოფელში, რომლის თავზე დღესაც დამჭკნარი ფითრივით ჰკიდია მილეული მთვარე, დიდი ხანია დაივიწყეს მისი არსებობა. ის კი აქ არის, სოფლის განაპირას, ტყისპირში. ორი დღის წინ გადმოვარდა უცხო მთებიდან. სიკვდილს გამოექცა, ცეცხლს გამოარიდა ბალანდამწვარი სხეული და ერთადერთი თათებდალეწილი ლეკვი, რომელიც სიცოცხლის მცირეოდენ ნიშანწყალს  იძლეოდა.   
მგელმა ხმელ წიფელთან დაიდო ბინა. თათებით გამოთხარა მიწა, ამოაფსუა ღრმა ორმო, ჩააგდო შიგ აკნავლებული ლეკვი, გადააწვა ზედ და გადაუშალა გალერტყებული ძუძუ.
ლეკვმა გადაყლაპა ორიოდე ყლუპი ხსენისა, ჩაილბო ანთებული ხახა და სლუკუნით გაცურდა მკერდისკენ.
მგელმა ოდნავ აიმსუბუქა ტანი, ასწია გახევებული კისერი და ჩახედა სოფელს. მთვარეს საავდრო ღრუბლები გადაეფარა, მაგრამ ორღობეები მაინც დღესავითაა განათებული. არსად ჩანს კვამლი, არც მამლის ყივილი ისმის, მხოლოდ ძაღლები წკავწკავებენ,  მგელს არ აშინებს მათი ხმა, რადგან უკვე იცის, რომ ამ სოფელში ძაღლები ნადირის ხმაზე არ ყეფენ.
ლეკვმა ვერაფერი გამოწურა დედის გამომშრალი მკერდიდან და აკნავლდა. მგელი წამოდგა, გაჰკრა თათი ლეკვის ასუნსულებულ ტუჩ-პირს და გაძუნძულდა ტყისკენ. იელის ხშირი ბუჩქი მოძებნა და შეძვრა შიგ, გაქექა ხმელი ფოთლები, ხის დამპალი ძირი მოიგდო პირში და გაღეჭა. დიდხანს ძიძგნიდა აშმორებულ ნაფოტს, იღრინებოდა და იდორბლავდა აწითლებულ ლაშებს, მერე ისევ ბუნაგთან დაბრუნდა, ლეკვის წინ დაყუნცდა, კუდი ლაჯებში გამოიმწყვდია, უკანა ტანი წამოიზიდა შიგნიდან, შეიკუმშა, ახროტინდა და ორმოში მომწვანო წყალწყალა სითხე დააქცია.
ლეკვი დიდხანს სვლეპდა ამყრალებულ სისველეს, მერე წინა თათებიც გაილოკა და ისევ გაეგლისა დედის მუცელს.
მგელმა ახლა უფრო ძლიერად გაჰკრა თათი და ჩააგდო ორმოში, თვითონ კი გახევებულ კუდს დაებჯინა და გაჰყმუვლა მიდამოს.
მგელი ზუსტად ისე ყმუოდა, როგორც შიმშილით შეწუხებული მისი შორეული მოდგმა. ადრე ამ ხმაზე სოფელს ღამე უტყდებოდა, ძაღლები ღავღავებდნენ, საქონელი ღმუოდა, კაცები თოფის წამალს წვავდნენ, დიდი თუ პატარა ანთებული ჩირაღდნებით გარს უვლიდა და ყარაულობდა თავიანთ სახლ-კარს.
თუმცა ეს იყო ადრე, ახლა კი მგლის ყმუილზე აკვანში ჩვილიც კი არ ატირებულა, რადგან სოფელმა დიდი ხანია დაივიწყა მგლის არსებობა..
მგელს კი ძველებურად შია, შია ლეკვსაც და ამიტომ მგელი ელოდება გახშირებულ ღამეს, რომ სოფელს დაეცეს.
* * *
ჯერ კიდევ ორი დღის წინ, ღრმა ხევის ყბაში, საკუთარ ბუნაგში იწვა. მუცელზე ოთხი თვალებახელილი ლეკვი დაღოღავდა და დედის მკერდს ხორცივით ძიძგნიდა.
გაღმა, ურუს-მარტანის მხრიდან, ხეობაში ბომბდამშენები შემოძვრნენ.  მგელი შეაკრთო მათმა ხმაურმა. გუშინ ამ ხმაურს ცის ქუხილივით გრგვინვა და ცეცხლის ენები მოჰყვა, გუშინ ნადირობიდან მამა მგელი აღარ დაბრუნებულა.
ძუ დიდხანს ელოდა. შუაღამისას რამდენჯერმე გაჰყმუვლა ხეობას. არავინ გაეპასუხა. ახლომახლო ტყისპირები შემოირბინა, კვალს დაეძებდა, ხშირად ჩერდებოდა, მიწას და ჰაერს ყნოსავდა, მგელს დაჰკარგვოდა გეშის ალღო, რადგან დასახლებიდან მონაბერი ლეშის მაძღარი სუნი ყნოსვის უნარს ართმევდა.
დილით ჩვეულებრივზე გვიან გათენდა. ხეობაში შავი კვამლი იწვა. სოფლის თავზე კი ცა ქუხდა და მიწა ირყეოდა. ყველაფერს ცეცხლი ეკიდა: მიწას, ტყეს, ჰაერს, მდინარეს... ქუხილი თანდათან მოახლოვდა და უცებ ბუნაგის თავზე მდგარი უზარმაზარი რცხილა ჯერ თითქოს ჰაერში დაეკიდა, მერე მიწას მოწყვეტით დაასკდა და ტოტებში ჩაილეწა.
ძუ მგელი ბუნაგში შევარდა. ლეკვს, რომელიც მკერდის ძუძუს წოვდა, პირი დასტაცა და ხევისკენ დაეშვა. ფლატემდე ირბინა, მერე აღმა აჰყვა მდინარეს სათავისკენ, იქვე კლდის პირას პატარა ქვაბული მოძებნა, შიგ შეძვრა და ლეკვი ფოთოლყრილში დააგდო.
უკან მობრუნებულს ფლატესთან დაეცა მეხი. აფეთქების ტალღამ ძუ ხევისკენ ისროლა. მიწის ზვავი და კლდის ნაშალი ზედ დაეყარა. მგელი მოკლე ნახტომებით ცდილობდა ზევიდან მოქცეოდა აღელვებულ ლავას, მაგრამ მიწის მდინარე დაიძრა და მგელიც თან გაიყოლა. ნამზღვლევმა კალაპოტი აავსო და წყალმა ზევით აიწია. მგელმა ახლა კლდისკენ იბრუნა პირი და  ტალახით გაფუფხული ტანი გასიპულ ლოდზე გაათრია. ციცაბოს აჰყვა და ლეკვის დროებითი ბუნაგისკენ გაფოფხდა. გზადაგზა ირიდებდა დაგორებულ ქვებს და მიწის გორმახებს, უცებ ტალახის გროვაში რაღაცამ დაიკნავლა. მგელმა მყარი საყრდენი იპოვა, ადგილიდან ისკუპა და ისე დააცხრა ლეკვთან ერთად აგორგლილ გუნდას, როგორც უმწეო მსხვერპლს. ლეკვი მეწყერს გამოარიდა, ერთი ნახტომით გაასწრო ხელახლა მოზღვავებულ მიწას და ბუნაგისკენ შებრუნდა.
მგელს ბუნაგის გარშემო ღრმა ორმო დახვდა.
* * *   
მგელმა მთელი ღამე ტკივილში გაათენა. ხევში, სველ ქვიშაზე იწვა და თათებდალეწილი ლეკვს ლოკავდა.
დილით უჩვეულო ხმამ წამოაგდო. ლეკვის დაბეგვილ სხეულს პირი დასტაცა და ბექობზე ავიდა.
დაბლა ბილიკს ადამიანები მოსდევდნენ. მოდიოდნენ აჩქარებულნი, თითქოს ვიღაცას გაურბოდნენ. აღმართში მუხლისთავებს ეყრდნობოდნენ, ხანდახან მიწასაც ებჯინებოდნენ და ნადირივით ოთხ ფეხზე მოფორთხავდნენ.
შორს, ნისლში ჩაძირული სოფლის მხრიდან, ისევ ისმოდა აფეთქების ხმა.
ადამიანები ჩერდებოდნენ და ამ ხმას აყურადებდნენ.
მათ კვალში ზორბა ძაღლი მოსდევდა, რომელიც დროდადრო ჩერდებოდა და ყმუილით აყრუებდა ხეობას.
ადამიანებს ეს ხმა უფრო აკრთობდათ და ძაღლს უკანმოუხედავად ქვამუჭეულს ესრონენ.
მგელი ტყე-ტყე აედევნა დევნილებს, რაღაც შეუცნობელი ძალა მას ადამიანებთან სიახლოვეს აიძულებდა. შუადღემდე ირბინა, მხოლოდ ერთხელ დააგდო ლეკვი ხის ძირში, როცა ხევში წყლის დასალევად ჩავიდა.
დევნილებმა ღამე უღელტეხილის ძირში გაათენეს. მგელი ისე ახლოს მიხოხდა ადამიანების სადგომთან, რომ მათი ჩუმი კვნესაც ესმოდა. ეს ხმა ძალიან ჰგავდა მისი ლეკვის წკმუტუნს და მგელი მთელი ღამე დაუღალავად ლოკავდა მათ ტკივილს.
შუაღამისას ისევ შემოძვრნენ ბომბდამშენები. მანათობელი შუქი ამჯერად აფეთქების ხმას ასწრებდა. ზედიზედ ირღვეოდა მთის ბილიკები, თითქოს ადამიანებს უკანდასაბრუნებელ გზებს უსპობდა.
ერთბაშად ისე ახლოს გაისმა აფეთქების ხმა, რომ ნადირი ნაცემი ძაღლივით აწკმუტუნდა და ლეკვს მთელი ტანით გადაეფარა.
ჰაერში ჯერ კიდევ მტვრის კორიანტელი ტრიალებდა, როცა მგელი უფრო საზარელმა ხმამ გააშეშა.
ნადირიც შეაკრთო ძაღლის გაბმულმა, მგლისთვისაც უჩვეულო  ყმუილმა.
* * *
მგელი უბედურების ადგილიდან გარბოდა. უკვე გადაევლო რამდენიმე მთა, მაგრამ არ ჩერდებოდა. დაღლილობისაგან კიდევ უფრო გახევებული კისერი ერთ სიმაღლეზე ეჭირა, ისე რომ, ლეკვი, რომლის ხერხემალიც ძუს ყბებში ჰქონდა გაჩრილი, მიწას სრულიად არ ეხებოდა.
თოვლიანი მწვერვალების ძირში აფეთქების ხმა აღარ აღწევდა, მგელი უკვე სამშვიდობოს იყო გასული, მაგრამ ნაბიჯს არ ანელებდა. მხოლოდ მაშინ, როცა გაყინულ ბილიკზე შევარდა, ოდნავ მოადუნა კიდურები, ძირს გაწვა და ნელ-ნელა გაფოფხდა. გასცდა სახიფათო ადგილს. წამოიმართა. გავიდა არყის ახლადაყრილ წვრილმანში, დააგდო ძირს ლეკვი, მთელი ტანით შემოტრიალდა და გახედა გამოვლილ გზას.
მგელს სიფრთხილე არ ღალატობდა. კვალში ის ძაღლი ჩასდგომოდა და ძუს გაჩქარებული ძუნძულით მოსდევდა ნადირს.
  * * *
დამალვას აზრი არ აქვს. მგელი, რომელიც თავის თათებდალეწილ ლეკვთან ერთად, იჩქერიის ერთ-ერთი კუთხიდან, ომის საშინელებას გამოექცა, საქართველოსკენ მოდის. გზაში ის ხვდება საომარი ადგილებიდან ლტოლვილთა ჯგუფს. ადამიანები ცდილობენ სიკვდილს გაექცნენ, ერთადერთი სამშვიდობო ბილიკი მათაც საქართველოსკენ აქვთ დარჩენილი. მგელს ნადირის ალღო კარნახობს, რომ ადამიანებს მის სამტროდ არ სცალიათ. გრძნობს, რომ მათ ინსტიქტის გარდა, ცნობიერი იმპულსიც ამოძრავებთ თავის გადასარჩენად, ასეთ იმპულსებს  შეუძლიათ უბედურების ზონიდან რკალის გარღვევა. მგელი ენდობა მათ გუმანს, ცდილობს არ ჩამორჩეს. და რომ არა ძაღლის შიში, თვითონაც ადამიანებთან ერთად ირბენდა, ძაღლივით იფხიზლებდა, ძაღლივით იყეფებდა და მოსალოდნელი უბედურების წინმსწრობელი ძახილით ძაღლზე უფრო მჭექარი ხმით გააყრუებდა იჩქერიის დაყრუებულ ხეობებს. 
ინგრევა უკანასკნელი სამშვიდობო ბილიკი. ირღვევა ომის დაუწერელი კანონი და მტრის თვითმფრინავები მშვიდობიან მოსახლეობასაც ბომბავენ. ადამიანები ამჯერად ადამიანებზე ნადირობენ და სრულიად შემთხვევით მგელი და ძაღლი გადაურჩებიან ამ უბედურებას.
და აი, ორი ბუნებითი მტერი, ერთმანერთის გვერდით თუ პირისპირ რჩება. მგელი გრძნობს, რომ უნდა გაერიდოს ძაღლს. მას ადამიანებთან სიახლოვეც აღარ იზიდავს, რადგან ახსოვს, რომ სტიქია სწორედ ადამიანებს დევნის. მგელი მაღალი მთებისკენ გარბის. გარბის იქ, სადაც მწვერვალებს ჯერ კიდევ შერჩენია გაზაფხულის ფერდაკარგული თოვლი.
მგელს ძაღლიც აედევნება. გავუსწრებ მოვლენებს და თავიდანვე ვიტყვი, რომ ეს არაა წინაპართა ძახილი (თუმცა ძალზე საეჭვო დასაჯერებელია, თუნდაც მეცნიერული არგუმენტებით გამყარებული დასკვნა იმის შესახებ, რომ ძაღლს და მგელს ოდესმე შეიძლება საერთო წინაპარი ჰყოლოდა), ძაღლი მგელს მიყვება, როგორც ბუნებით მტერს, დაუძინებელ მეტოქეს, რადგან მისი მთავარი ფუნქცია- დაეცვა ადამიანის საცხოვრებელი¬ - დაირღვა, საცხოვრებელი სახლი დაინგრა, დაეცვა ადამიანი - დაირღვა, ადამიანი აღარ არსებობს, მაგრამ ძაღლში ძლიერია შურისძიების გრძნობა, თუმცა მტერი ისეთივე მოუხელთებელია, როგორიც ელვა ცაში, ძაღლს კი არ მოეთხოვება მტრის ამგვარი პირობითი სახის პერსონიფიცირება. და აი, ბუნებითი მტრის რეალური სახე - მგელი, რომელიც უკანმოუხედავად გარბის უბედურების ადგილიდან. ნადირს უკეთ აქვს შენარჩუნებული პირველყოფილი ინსტინქტი. ის ეძებს უხიფათო ადგილს და საკვებს, ეძებს მსხვერპლს, რომელიც სადღაც აუცილებლად არსებობს. ძაღლი ენდობა მგლის ინსტინქტს, მიყვება კვალზე, რათა პირნათლად შეასრულოს თავისი მოვალეობა, თანდაყოლილი თუ შეძენილი ჩვევების წინაშე, დაიცვას მსხვერპლი მტაცებლისაგან.
სადღაც კი, ალბათ მართლაც არსებობს მსხვერპლი, რომელიც საკუთარი სიცოცხლის ფასად, მგელს მგლობას, ძაღლს კი ძაღლურ ბუნებას შეუნარჩუნებს.
               

***
შუადღისას მწვერვალიდან დაბლა დაეშვნენ. ხეობაში ჩავიდნენ და მდინარეს აღმა აყვნენ- ნადირი ტყე-ტყე, ძაღლი ჭალა-ჭალა. გზადაგზა ხვდებოდათ დასახლებული ადგილები, რომლებსაც გვერდს უვლიდნენ. ალპური ზონის საზღვარზე, მთის ერთ-ერთი პატარა სოფლის სიახლოვეს დაიდეს ბინა. მგელმა ტყეში, ხმელი ხის ძირას, ძაღლმა კი წყაროს პირას, ძველ ნაწისქვილართან, სადაც საღამოობით საძოვრიდან დაბრუნებული საქონელი ბალახობდა. 
მათი ბრძოლა აქ გარდაუვალია.
***
  სოფელი მდინარის პირას ღრმა ხეობაში ბუნებრივი დაგეგმარებით  გაშლილი პატარა დასახლებაა. შორიდან გადაშლილ წიგნსა ჰგავს, რომელსაც შუა ორღობე გვერდებივით თანაბარ ნაწილებად ჰყოფს, მასზე სტრიქონებად იკითხება რიგზე ჩამწკრივებული სხვადასხვა ჯიშის ხეხილი და ხნულები, ტექსტი დასურათებულია ორსართულიანი თუნუქის სახურავებიანი სახლებით, საქონლის სადგომებით, საფუტკრეებით, სათბურებით და ფეხსალაგებით. სოფელს ზურგი კავკასიონის ტყიან ქედზეა აქვს მიბჯენილი,  ხშირი ნიაღვრებისგან გვერდებშემოკალთულს ბაღ-ბოსტნები ფეხივით გაუწვდია მდინარის შლამიან ნაპირზე.
მთებს შუა ჩავარდნილ ხეობაში დილით მზე ამოსვლას აგვიანებს, საღამოს კი ჩასვლას ჩქარობს. ნიადაგი მეტწილად ქვაღორღიანია, მაგრამ ადამიანის ნაბინავარზე ბევრი სასუქი გროვდება, ნამსუქნზე ქვაც მიწას იკრავს, ყველაფერი მიწიდან ამოდის, ბაღჩეული, ბოსტნეული, ხეხილი. სახლებიც თითქოს მიწიდან იზრდება ხეებივით, ზოგის სახურავი ჯერ მხოლოდ ამოწვერილია, ზოგიც მსხლის სიმაღლეზე აწვდილა და ზევიდან დაჰყურებს გარემოს. ძველ საძირკველზე, როგორც პანტის ძირზე ნორჩი კვირტებივით დამყნილი ახალი სართულები. ზოგს გაუხარია, ზოგსაც დროთა მანძილზე, ხავსთან ერთად, ხმობაც შეჰპარვია და თავის გვერდით ახალგათხრილ საძირკველს ისეთი იმედით დაჰყურებს, როგორც ხანმოჭმული ხეხილი ფესვებიდან ამოზრდილ ნორჩს.
ჩვეულებრივ მდინარე ღამით დუდუნებს, დღისით ამ ხმას ადამიანისა და მის მიერ შექმნილი ტექნიკის ხმა ფარავს.
მდინარეს თავისი ბუნებისა და ხასიათის წინწკლებიანი კალმახი და სულკალმახი ხალხი ჰყავს, ცხოვრებისა და მოძრაობის რიტმს ორივეს მდინარე კარნახობს. ამიტომ მათთვის ჩქარი სიარული ისეთივე ბუნებრივია, როგორც მდინარისათვის. ისინი ნაწვიმარზე მდინარის ნაპირებს ასდევ-ჩასდევენ და ნარიყს აგროვებენ, წყლით გაჟღენთილი ხეები მშრალზე ამოაქვთ,  აშრობენ და სახლებში ეზიდებიან, საუკუნეების განმავლობაში ასე კეთილად მეზობლობს ერთმანერთში მდინარე და სოფლი, მდინარე უმზადებს საბოსტნე ნაკვეთებს, რომლებითაც ადგილობრივი მოსახლეობა წლების განმავლობაში სარგებლობს, თუმცა მერე ის ბაღ-ბოსტნები ისევ მდინარეს მიაქვს, რომ ახლა სხვაგან გააჩაღოს მეურნეობა.
სოფელი მდინარის ამ ზარალს თითქმის შეჩვეულია და მოგება-წაგებას ხელის თითებზე ითვლის. 
სხვა მხრივ სოფელი ისე შეზრდილა გარშემო ბუნებას, თითქოს მისი ნაწილი, მისი ღვიძლი შვილი იყოს. Mმის ტყიან კალთებს ჯერაც ჭრილობებივით ატყვია ტრაქტორისა და ბულდოზერის კვალი, მაგრამ დღემდე აქ მაინც წერაქვი და ბარი მუშაობს. მიწას პატარა გუთნებით ამუშავებენ,  უღელში ხარებს აბამენ, ამ ხარებს კი იმაზე ბევრი არფერი უსწავლიათ , ვიდრე მათმა შორეულმა წინაპარმა იცოდა.
სოფელში მთის, მდინარის, ტყის გავლენა ბევრად სჭარბობს ადამიანის შესაძლებლობებს, ამიტომ ხალხი იძულებულია მის კანონებს ანგარიში გაუწიოს, თუმცა ბუნება არ არის ისეთი მკაცრი, როგორიც ბევრ ჰგონია, მართალია, სტიქიური მოვლენები, განსკუთრებით ნიაღვარი, მეწყერი ან  ზვავი ასეთ შუაგულ ბუნებაში პატარა დასახლებას უფრო ემუქრება, მაგრამ მოულოდნელად არაფერი ხდებ., უცაბედი, უეცარი- ეს სიტყვები ადამიანის მოგონილია, ყოველნაირ ბუნებრივ მოვლენას წინ უძღვის, ადვილად შესამჩნევი პროცესები, როგორც გაფრთხილება, როგორც ტკივილი, რომელიც ნამდვილად არ არის ბოროტება.
ბუნება სხვა მხრივაც ბევრად სამართლიანია, ვიდრე ის ხალხი, რომელსაც ამ ბუნებაში უხდება ცხოვრება, თანაც მისი სამართალი არაფრით არა ჰგავს ამ ხალხის სამართალს. ბუნება უმიზეზოდ არავის დასჯის, არც გულში ჩაიდებს წყენას, შურისძიებაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია, კაცი ვერ იტყვის, რომ კლდემ შარშანდელი წყენა გაუხსენა და სამაგიერო გადაუხადა, ანდა მდინარემ ტალღების მაგივრად ბოღმა დაიგუბა მორევად და ჭალაში ჩადგმულ სახლს იმიტომ გამოუთხარა ძირი, რომ ბევრი ცუდი საქმე ახსოვდა მისი პატრონისგან.
Bბუნებას თავისი წესრიგი აქვს და მას ემორჩილება. ხეს რომ მოჭრიან ან დაფუტუროვდება, ის აუცილებლად დაეცემა ძირს და იმას მოიყოლებს ქვეშ, ვინც ვერ შენიშნავს, ანდა არაფრად ჩააგდებს იმ სინამდვილეს, რომ ხეს სიცოცხლისათვის აუცილებელი პირობა დაერღვა და მის წაქცევაც ისეთივე აუცილებელი გახდა, როგორიც ფეხზე დგომა, როცა ის ჯანსაღი და უვნებელი იყო. 
მთას რომ ძირს გამოუთხრიან, ჩამოწვება და დიდ ვნებას , ვინც გაუფრთხილებლობით მის ქვეშ მოყვება, დაგუბებული მდინარე ქვეყანას წალეკავს, მაგრამ არც ერთს და არც მეორეს ადამიანისთვის ზიანის მიყენება აზრადაც არ ჰქონია, მათი ბუნებრივი მდგომარეობის აუცილებელი პირობა დაირღვა და ცვლილების კანონს დაემორჩილნენ.
ამ ხალხმა ეს ყველაფერი კარგად იცის, პატარა ბავშვი რომ გააჩეროთ ისიც წყალივით ჩამოარაკრაკებს ბუნების კანონებს, მთის, კლდის, მდინარის საშიშროებაზე. ამის შესახებ მას უფროსები  უყვებიან, მერე სკოლაშიც ასწავლიან, წიგნებსაც უკითხავენ, უმეორებენ ასჯერ და ათასჯერ, ვიდრე ის ცოდნა ცხიმგროვასავით ტვინის რომელიღაც უჯრედში არ დაილექება. თუმცა, ამგვარ ცოდნას თავისთავადი მნიშვნელობა და ღირებულება არ გააჩნია, თუ ის არ გაცოცხლდა, თუ არ მოხდა მისი აღდგენა, როგორც აუდიო და ვიდეო ჩანაწერებისა, თუ ცოდნა ქცევაში არ გადაიზარდა და არ განიბნა სხეულის სხვადასხვა ორგანოში, როგორც აუცილებელი გამოცდილება, რადგან მხოლოდ ხელმა იცის, როგორ უნდა დაეყრდნოს ჯოხს, მოიმარჯვოს ცული, ფეხმა იცის, როგორ გაიაროს ციცაბო ფერდობზე, და მხოლოდ გულმა იცის, თუ როგორ შეიყვაროს ადამიანი...
* * *
მგელი შუაღამისას გამოძვრა თავისი ბუნაგიდან, გაუსაძლისი შიმშილი შეჰყმუვლა მთას. პირდაპირ სოფლის მხარეს დაემართა. დაურიდებლად მირბოდა დაღმართში, მიძუნძულებდა ვაკეზე, მიეთრეოდა აღმართებში, გზადაგზა , რასაც კი კბილი მოეკიდებოდა. ნაზამთრალ ფოთოლს ლპობა შეპარვოდა და ნადირს მისი სუნი ყნოსვას უღიზიანებდა. თანდათან ხელდებოდა შიმშილისაგან. მოუმატა სირბილს, თითქოს აღარც ფრთხილობდა, აღარც გარემოს ზვერავდა, ისე შევარდა საქონლისაგან გატკეპნილ საცალფეხო ბილიკზე და რამდენჯერმე წინ და უკან გადაურბინა სოფელს. გზადაგზა შეუმცდარად კითხულობდა უკანასკნელი დღეების ინფორმაციას, არჩევდა ძველსა და ახალ ნაკვალევს და შესაბამისად მყისიერად რეაგირებდა; ხან  მიფორთხავდა, ხან გარშემო უვლიდა ნაკვალევს, ჩაწვებოდა, ჩააცქერდებოდა სოფელს და დაღებული ხახიდან მოწვეთავდა ნერწყვში არეული დორბლი, რადგან ხედავდა საქონლით სავსე ბაკებს, ესმოდა მათი ფრუტუნი და ფთხვინვა. მგელს თვალები უბნელდებოდა შიმშილისგან და სურვილისგან, მაგრამ მიახლოებას და დაცემას ვერ ბედავდა... ნადირი ხიფათს გრძნობდა, ესმოდა ხმები, რომელიც ჩვეულებრივ არ ისმის,  სიბნელეში ხედავდა იმას, რაც ჩვეულებრივ არ ჩანს. იცოდა, რომ ზედ ღობის პირებთან, სწორედ მისი მოძრაობის პარალელურად ძაღლიც დარბოდა. ფხიზლად აკონტროლებდ საკუთარ პერიმეტრს, რომლის იქითაც მგელს გადასვლა ეკრძალებოდა, რადგან მათ უკვე გაეყოთ ეს ტერიტორია. ტყის ზოლი - მგელს, ხოლო სოფელი და მისი შემოგარენი ძაღლს ერგო. ამიტომ ის არც ყეფდა და არც იღრინებოდა. მხოლოდ დროდადრო ჩერდებოდა, აყურადებდა ტყის შრიალს, მიწას და ყნოსავდა ჰაერს.
პირველად მგელმა დაარღვია ეს სიჩუმე. მოულოდნელად გახევდა, გამართა კისერი, დააბჩინა წითელი ხახა და გაჰყმუვლა ხეობას. ამ ხმამ ააყეფა სოფლის ძაღლები, ააზმუვლა საქონელი, ააბღავლა, ააჭყვიტინა, ააკრიახა წვრილფეხა სულიერი.
დიდხანს უტრიალეს გარეშემო სოფელს, მგელმა უფრო შორიდან, ძაღლმა - ახლოდან. გათენებამდე მგელი ისევ ტყისკენ შებრუნდა, აღმადაღმა იარა, გზადაგზა ბევრი ისუნსულა, არ დაუტოვებია ადგილი, რომ არ მოეჭლინკა წინ და უკან სიარულით. ერთგან ფრინველის ლეშს მიაგნო და როცა აყმუვლებული მუცელი დაასუა, მერეღა მიაკითხა თავის ბუნაგს.
ძაღლი კი ისევ ძველ ნაწისქვილართან დაბრუნდა. წვიმისგან გაძონძილი ტანი, როგორც კბილით ძვალი, ისე მიითრია ხის ძირას. მიწა და სველი ფოთლები წინა თათებით გადაქექა და მშრალზე  დაეგდო.
                    * * * 
მგლის გადმოვარდნა ტყის ყველა ბინადარმა შეიტყო, ფრინველებმა არემარეს მოსდეს ეს ამბავი. სვავებმა და ყორნებმა უფრო დაბლა დაიწყეს ფრენა, რადგან მგელს ლეშის სუნი მოჰყვა. ნადირის გამოჩენამ ტყეში ცხოვრების ახალი წესი მოიტანა. სწორედ ისეთი, სოფელში ღონიერი მეკომურის, ქვეყნის ხელისუფლებაში ძლიერი ძალის გამოჩენა რომ იწვევს. დაიწყო საკუთარი ტერიტორიების ხელახალი გადანაწილება. ტყე შეირყა და მოქმედმა გმირებმა ადგილები შეიცვალეს. ამან კი ისევ და ისევ სუსტი არსებები დააზარალა. ციყვებმა, კვერნებმა, კურდღლებმა სოროები დატოვეს და გაღმა ფერდობს შეეხიზნენ, შვლებმა ხრიოკ ფერდობს შეაფარეს თავი, დათვმაც კი გამოიცვალა სანადირო ადგილები და ყრუ ხევში შამბიანს შეეფარა. სოფელში კი ტყეში მგლის  დაბუნაგების ამბავი არავის შეუტყვია, ისიც არ იციან, რომ ნადირი ამაღამ სოფელზე აპირებს დაცემას, და კიდეც რომ იცოდნენ, ვინ შეძლებს, რომ წინ აღუდგეს მის თარეშს, ვინ შეძლებს მგლის პირის შეკვრას? დიდბებია კარგა ხანია გაღმა გორაზე წევს. გვერდით უწყვია განუყრელი სავარცხელი და კოჭის ძაფი, ხის ჯამი და ნახშირი, დანა, თითისტარი და მატყლის ფთილა.
ადრე, როცა ტყეში ნადირი გამოჩნდებოდა, დიდბებიას აკითხავდნენ, ისიც ნახშირს ხის ჯამში ჩათლიდა, სავარცხელზე კოჭის ძაფს, თითსტარზე ფთილას დახვევდა და უკბილო პირით აბუტბუტდებოდა:

შევკრავ, შევკონავ
მგლის პირსა,
ავს და ბოროტსა...
შევკრავ, შევკონავ
მგლის მუხლსა,
უგზოდ,
უდროო დროს მოარულსა...
                                                  * * *
მსხვერპლი ყოველთვის ვირია.
-ახ, შე სამგლევ - ასე ტუქსავდნენ პატარა სახედარს, როცა მძიმე ტვირთის ქვეშ ქანცგაწყვეტილი და გაჯიუტებული, ბოძებივით დაასობდა მიწას წინა ფეხებს და ბიჯს აღარ იცვლიდა.
პატრონმა იცოდა მისი ზნე. საკმარისი იყო წინ გაძღოლოდა, რომ ვირიც პატრონის ფეხის ხმას, როგორც დაჭიმულ თოკს, ისე გაყვებოდა უკან.
პატრონმა არ იცოდა, ვერ ხვდებოდა, რომ ვირი ბრმა იყო, ფეხის ბაკუნზე იმიტომ კი არ მიყვებიდა მორჩილად, რომ პატრონის წყრომა აშინებდა, არამედ ამიტომ, რომ ფეხის ხმას სმენით აყურადებდა. ის კი უკვირდა პატრონს, რომ ღამით სადაც დატოვებდა, დილით ფეხმოუცვლელად იმავე ადგილას ხვდებოდა.
სახედარი დილით საქონელს მიყვებოდა საძოვარზე. რომელიმე განაპირებულ ძროხას ან ხბოს ჩაუდგებოდა კვალში და მთელი დღე კუდში დასდევდა.
თუ რაღაცა მიზეზით მეგზურს ჩამორჩებოდა, იდგა გაუნძრებლად და მოთმინებით ელოდა ფეხის ხმას, რათა მორჩილად გაყოლოდა უკან.
ფეხის ხმას აყოლილი სახედარი იმ დღეს სოფლისგან მოშორებით, უღრან ტყესთან თავის ზურგივით გახრიოკებულ ქედზე ჩამორჩა ნახირს.
პირუტყვი ბალახს დაეხარა, ნესტოებიდან დაუბერა და მტვრის გემო რომ იგრძნო პირში, კისერი გამართა, ადგილი მოინაცვლა, აბაკუნდა, უკანა ფეხებს დაეყრდნო და თავი ჩაჰკიდა. ბუნებით მოწყენილმა კიდევ უფრო მოიწყინა.
გაღმიდან, მიწაზე გართხმულმა ნადირმა ჯერ კიდევ დღის სინათლეზე შენიშნა ხრიოკ გორაკზე მარტოდმარტო დაყუდებული სახედარი და მას მერე თვალი აღარ მოუშორებია, ვიდრე ხეობას ღამის სიბნელე დაფარავდა. როგორც კი ქვეყნის ხმაური მიწყდა, მგელმა ბუნაგი დატოვა და ცერ-ცერ სუნსულით დაუყვა დაბლა ფერდობს.
ღამის დადგომა სახედარს არ გაუგია, ყურებდაცქვეტილი იდგა და ელოდა ნაცნობ ხმას, რომელსაც როგორც ყოველთვის, სახლისკენ გაყვებოდა.
                  * * *
მგელმა სახედარი ბუნაგთან ახლოს მოიხელთა.  უფრო სწორედ, პირუტყვი თავისი ფეხით მოვიდა, როგორც შაქარზე აბირებული კრავი მიჰყვება გამოწვდილ ხელს, ისე მიყვა ნადირის ფეხის ხმას და აი, ახლა ბრმა სახედარი დგას და მოთმინებით ელის როდის გაიწკაპუნებს კისერთან მგლის კბილები, სახედარს არ შეუძლია ამის დანახვა, არ შეუძლია, მაგრამ გრძნობს და ელოდება რაღაც უჩვეულოს, კი მხოლოდ სიკვდილია, რომელიც ჯერ უჩვეულო არასოდეს უგვრძნია, მაგრამ ოდესმე ხომ უნდა იგრძნოს, შეიძლება სწორედ ის დრო დადგა და რადგან ეს ყველაფერი გარდაუვალია, ვერაფერი დაიხსნის ამისგან, ამასთან არც გაქცევა შეუძლია, იქნებ ბებიას რამე შეეშალა და მგლის მაგივრად სახედარს შეუკრა ფეხები? თუმცა არა, მგელი წევს და ფეხზეც კი ვერ დგება, რომ ყელში ეცეს მსხვერპლს და თვალისდახამხამებაში სისხლი გამოადინოს, პირი უხევდება, კბილები ვეღარ სჭრის ძველებურად, ნერწყვიც კი აღარ გადადის ხახაში, სახედარი კი ფეხებს აბაკუნებს ადგილზე, დააგვიანდა მეგზურს, უნდა ისევე გაჰყვეს ფეხის ხმაზე, როგორც აქამდე მოვიდა, მაგრამ მგელი ვეღარ იძვრის, გაჭრა შელოცვამ, მგელს პირი შეეკრა, ამაღამ სისხლს ვეღარ დალევს, ამაღამ მშვიდი ღამე იქნება ტყეში.
Mმგელს სიარული აღარ შეუძლია, მაგრამ ის უკან-უკან მიხოხავს, მიხოხავს ხრამისკენ, სახედარიც მიყვება ამ ხმას, ნამზღვლევში ქვიშა ქანაობს, სახედარი გრძელ ყურებს აბარტყუნებს, მგელი ქვიშასთან ერთად მიცურავს, სახედარი კი გადაეყუდება ფლატეს და ბორძიკობს, ტორტმანებს, ვიდრე თავის შეკავება შეუძლია, ვიდრე მგლის წაყმუვლება არ დააკარგვინებს წონასწორობას.
                            * * *
წყალსაც რომ ერთი პირი ჩაეძინა, მგელმაც მხოლოდ მაშინ მოხარა მუხლი დასასვენებლად. ბუნაგის პირას ტყავივით გადაფინა დაღლილი სხეული, თავი წინა თათებში წაყო და გაილურსა. ნანადირევი უკვე ხევში გდია, ლეკვს ჭრილობა მოუშუშდა, თანაც ახლა მაძღარია და სიამოვნებისგან კრუსუნებს, ახლომახლო სიწყნარეა და სახიფათო არაფერი ჩანს. თუმცა მგელი მაინც ვერ ისვენებს. ძილბურანშიც შფოთავს.Mნიავს სმოფლიო ინფორმაციით დატვირთული ელექტრომაგნიტური ტალღებიც მოყვება. ეს ხმაური ნადირს ყურთასმენას უხშობს და ტყის ჩუმი დუდუნის მოსმენაში ხელს უშლის.
სადღაც უმიზეზოდ ძაღლმა დაიყეფა, სხვებიც აღავღავდნენ, მათი ხმა სოფლის ბოლოდან ისმის, ალბათ ამძუნებული ძაღლები დაერივნენ ერთმანერთს, მგელი ყურსაც არ იბერტყავს მათ ღავღავზე, მაგრამ როცა მათ ხმას მოკლე ჩახველებასავით დაყეფებაც დაერთვება თან, ნადირი თავს წამოწევს და წამოდგება. იგრძნობს თუ დაინახავს, რომ ძაღლი ხევისპირას დარბის და სახედრის ლეშს დარაჯობს.

* * *
ახლა, როცა მგლისა და ძაღლის ბილიკები იმდენად დაუახლოვდა ერთმანერთს, რომ სადაცაა გადაიკვეთება, მე ძაღლისა და მგლის ურთიერთობის თემა სამსჯელოდ ფორუმზე გამაქვს. შინაგანი ხმა მკარნახობს, რომ ბრძოლა აქ უფრო უთანასწორო იქნება, მაგრამ დაპირისპირების პროვოცირებას შეგნებულად ვახდენ, რადგან ვთვლი, რომ ბოლოს და ბოლოს ძაღლსაც უნდა დაუფასდეს ადამიანის სამსახური, ერთგულება უფრო საოცნებო საგანი უნდა გახდეს კაცთა მოდგმისთვის, ვიდრე თავაშვებული ნება. რაც მთავარია, მორჩილების უნარი, როგორც საფუძველი კულტურისა, უფრო მაღლა უნდა უნდა დადგეს, ვიდრე ველური ბუნება.
აქ მე ტრადიციონალისტთა მთელი არმია მიპირისპირდება. ისინი ქართულ ფოლკლორზე არიან აღზრდილნი.  თავი ანდაზებით, აფორიზმებით, სხარტი გამოთქმებით და ლექსებით აქვთ გამოტენილი, იქ კი ძირითადად მგლის ქება ისმის... „სამი არ გაიწურთნება- მგელი, არწივი კაი ყმა..“, „მგელი არ მოშლის მგლობასა...“, „მგელი გაივლის მთაზედა, ნამ გაბერტყილი დარჩება...“ და ა.შ.
მე ვუმტკიცებ, რომ ხალხურ მელექსეს ინდივიდუალური ავტორისგან განსხვავებით, არც მოეთხოვება მუდამ ზნეობრივი, იდეალური ღირებულებებისკენ სწრაფვა. ის ხომ ყოველთვის საზოგადოებრივი ცნობიერების გამომხატველია. ფოლკლორი კი თვისობრივად იდეოლოგიური იარაღია კლასობრივ საზოგადოებაში. შურისძიების ერთადერთი, უხიფათო ფორმაა გაბატონებული ფენის წინააღმდეგ. ამიტომ, ნადირის ბუნება რაღაც შეუცნობელი ძალით იზიდავს დაჩაგრულ ადამიანს,  მტაცებლობისადმი ლტოლვა მას ძვალ-რბილში აქვს გამჯდარი.
ამიტომ, ხალხურ მელექსეს მოსწონს მგლის უწურთვნელობა, უნდობლობა და სისასტიკე. ნადირის მტაცებლური ბუნება ადამიანისთვის სანიმუშო, მისაბაძ ხასიათად მიაჩნია.
დანებებას არავინ აპირებს, ცხარე დებატებში კი სრულიად იკარგება ჯანსაღი აზრი.
აქ მე კლასიკურ პოეზიას მივმართავ და ვაჟას ვთხოვ დახმარებას: „ცხვრადვე მამყოფე ისევე, ოღონდ ამცილდეს მგელობა...“
არგუმენტი საკმაოდ საფუძვლიანია, მაგრამ ისინი აქ ბევრნი არიან, მათ შეუძლიათ იყვირონ და სრულიად გადაფარონ ჩემი ხმა.
საქმე ისაა, რომ ტრადიციონალისტებს ზურგს უმაგრებენ და ხანდახან იერიშსაც ასწრებენ ახლაგაზრდა რეფორმატორები.
ლექსები მათაც იციან. თანაც მახსენებენ ეზოპეს და რატომღაც კიპლინგსაც... ძველლათინთა სიბრძნესაც იყენებენ (მე მგონი, გუგლავენ) და კამათში არცთუიშვიათად, სოფისტური ხერხების მოშველიებით, აშკარად მჯობნიან..
აღარც კი ვიცი, შევძლებ თუ არა ძაღლის უფლებების დაცვას. იქნებ ის მაინც შევძლო, რომ საკუთარ აზრზე დავრჩე და  მომავალ ბრძოლაში ძაღლი შეძახილებით მაინც წავაქეზო.
თითქოს მოვალეობას ვიხდი და მე მათ ვარწმუნებ, რომ ძაღლი სრულიად უეშმაკოა მტერთან ბრძოლაში. მას არ შეუძლია ნადირივით ჩაუსაფრდეს,  თავი მოიმკვდარუნოს ან თავის ტერიტორიაზე შემოიტყუოს მოწინააღმდეგე. მისი ბრძოლის ტაქტიკა იმდენად ღარიბია, რომ პატრონის მიერ მხოლოდ ერთი სიტყვით გამოიხატება: - ეცი! 
ისინი ძაღლს სწორედ პატრონისადმი მორჩილებას საყვედურობენ, ოქროს  ჯაჭვს და მოოქროვილ საყელურს ნივთმტკიცებასავით თვალწინ მიფრიალებენ.
არა, ეს ნამდვილად უმადურობაა მათი მხრიდან. Gგანა, მათი ერთგულებისთვის არ თმობდა თავის უფლებას; განა, მათი ქონების დაცვისთვის არ ჰგუობდა საყელურს და დამადლებულ ლუკმას; Gგანა, მათთვის არ ტეხდა ღამეებს; მათთვის არ აფრთხობდა ნადირს, ქურდს, ავაზაკს...
მე ახლა ჩემი მოწინააღმდეგეების ერთსულოვნება უფრო მაღიზიანებს. რეფორმატორები კიდევ ჰო, გასაგებია, (თუმცა აღარც ესენი არიან ახალგაზრდები)... მაგრამ ტრადიციონალისტებს რაღა დაემართათ? (აქ  მეც ვკარკავ მოთმინებას და ხმას ვუწევ) რა გჭირთ, ხალხნო, თქვენც ხომ რომულისის შთამომავალნი არა ხართ, რომ მგლის ძუძუს რძით იყოთ ნაკვებნი და გამზრდელის მიმართ გაზრდილის მოვალეობა გაწვეთ ვალად? თქვენი წინაპრები, მითოლოგიური გმირები, ირმის რძით იზრდებოდნენ და ძაღლის ერთგულებას ანდობდნენ სიცოცხლეს... გაიხსენეთ (მეც დროზე გამახსენდა), გაიხსენეთ ამირანის ზღაპარი, ყურშა. Gგანა, სწორედ ერთგულება არ კვებავს ყურშას მოთმინებას, რათა გამუდმებით ლოკოს თქვენი ტყვეობის ჯაჭვი და გაათავისუფლოს თავისი პატრონი...
გამოდის, რომ  საკუთარი ძალით მოპოვებული (და არა ბუნებითი) თავისუფლების საძირკველშიც ერთგულება ყოფილა ჩადებული, პატრონისადმი ერთგულება, რომლის გარეშე თავისუფლებაც კი ფასს ჰკარგავს.
აი, ეს ერთგულებაა, რითაც შემიძლია თქვენს მოჩვენებით თავისუფლებას დავუპირისპირდე. ერთგულება, რომელიც მომავალ ბრძოლაში მე ძაღლის მხარეს დგომას მავალდებულებს. თანაც ვიცი, რომ ეს ბრძოლა მარადიულია ბრძოლა და არც არასოდეს დასრულდება.


  ***
მგელი ტყეს აფარებს თავს, ძაღლი მის კვალს დაეძებს და სახედრის ლეშს ყარაულობს. ნადირი სუნს დაიკრავს და გაერიდება. ბოლოს კი მაინც შეხვდებიან  ისინი ერთმანერთს ტყის საზღვარზე, ნეიტრალურ ზონაში, იქ, სადაც მგლისა და ძაღლის პირობითი ტერიტორიები, გავლენის სფეროები ემიჯნება ერთმანერთს. მსხვერპლის კვალზე დამდგარი მგლის და სადარაჯოზე გაყურსული ძაღლის  ბრძოლას არ ეყოლება მაყურებელი, ის ვერ იქცევა სანახაობად, უღრანტყის ყრუ ღამეში ვერავინ აღფრთოვანდება მათი ბრძოლისუნარიანობით, ვერავინ გაიგონებს, როგორ დაიმტვრევა კისრის მალები, დაიფლითება ნაზამთრალი ტყავი, როგორ აწკნავლდება თათებდალეწილი ლეკვი და როგორ გალოკავს დედის უსიცოცხლო ტუჩ-პირს.
    ***
თითოეულ მათგანს თავისი საფუძვლიანი მიზეზი ჰქონდა ამ ბრძოლისა, ამიტომ მათი შეხვედრაც ბუნებრივი იყო, მაგრამ ამ შედეგით რაღაც წონასწორობა ხომ დაირღვა, სამყარო თითქოს ცალ მხარეს გადაქანდა. ახლა წონასწორობის აღსადგენად დროული იქნება, სადმე ადამიანი რომ  გამოჩნდეს, არა როგორც შემთხვევითი მაყურებელი, არამედ როგორც ბუნების უზენაესი ნება, რომელიც შემთხვითობების ისეთ შეხამებას შექმნის, რომ მგლის სიკვდილით გამოწვეულ, ბუნების დარღვეულ წონასწორობას აღადგენს.
ეს ადამიანი მე ნამდვილად ვერ ვიქნები, რადგან ამ ბრძოლაში მე ერთგულების მხარეს ვიდექი, ჩემში დიდხანს ებრძოდა თანდაყოლილი და შეძენილი თვისებები და ამ უკანასკნელმა აჯობა. მართალია, მას შემდეგ რაც მგელმა შეჭამა სახედარი, შეჭამა ცხვარი და დამიმტკიცა თავისი უძლეველობა, მეც მოვიხიბლე მისი თვისებებით, მაგრამ სწორედაც რომ მხოლოდ და მხოლოდ მოვიხიბლე და მალე დავაღწიე თავი ამ ხიბლს.

    ***
სადღაც, კანცელარიაში, დაიწერა, სამოქალაქო სექტორმა მოიწონა და პარლამენტმა დაამტკიცა კანონი უპატრონო ცხოველების მოვლისა და დაცვის შესახებ .
კანონი გამოცემისთანავე ძალაში შევიდა და ხალხის რჩეულთა უზენაესი ნება, უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოდან ადგილობრივი ხელისუფლების შტოებში, როგორც სისხლის მთავარი არტერიიდან წვრილ-წვრილ კაპილარებში  ისე გაიბნა.
ამის პარალელურად შესწორებები შევიდა კანონქვემდებარე აქტებში და ადგილობრივი ხელისუფლებას მისი აღსრულება დაევალა.
ამ კანონსაც  სისხლის ფასი ჰქონდა, რადგან აქ იყო მუხლი, რომელიც აუცილებლობის შემთხვევაში ცხოველის მოკვლის, ანუ გარემოდან მისი ამოღებას ითვალისწინებდა. 
ადგილობრივი  ხელისუფლების რწმუნებული გაეცნო კანონს, ზოგიერთი მუხლი მეორედაც გადაიკითხა, თითქმის დაიზეპირა ის ადგილი, სადაც ნათქვამი იყო, რომ თუ ცხოველი საფრთხეს უქმნიდა ადამიანთა ჯანმრთელობას, სიცოცხლეს და ზიანს აყენებდა მათ ქონებას, თავდასხმის მომენტში მისი განადგურება კანონმდებლობის თანახმად არ ისჯებოდა ჯარიმით ან სხვ რაიმე სანქციით და ასეთი ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობებინა გარემოს დაცვის ინსპექციისთვის ან ადგილობრივ თვითმართველობისთვის.
რადგან სოფელში არ იყო გარემოს დაცვის ინსპექტორი და თვითმართველობა კი თვითონ იყო, რწმუნებული  დარწმუნებული იყო, რომ უპატრონო ძაღლებს ყოველგვარი სიავის ჩადენა შეეძლო. ამიტომ, მან აიღო თავისი მცირეკალიბრიანი შაშხანა, ჩადო მანქანის საბარგულში და უბნის ტერიტორიის შემოვლა დაიწყო.
მისი უბანი რამდენიმე კილომეტრზე, ვიწრო ხეობაში აქა-იქ გაფანტულ, პატარ-პატარა დასახლებებს აერთიანებდა. მიუხედავად იმისა, რომ ის დილაადრიანად შეუდგა თავისი მოვალეობის შესრულებას სოფელში, სადაც მგელთან ბრძოლით დაღლილი ძაღლი გზის პირას ეგდო, მისი მანქანა მხოლოდ შუადღისას შევიდა.
იქვე ხის ძირას ისხდნენ ხნიერი კაცები. Mმოჩანდა მწვანე მდელო, ცარიელ სუფრასავით რომ შუაზე დაეგდოთ მათ და მის გარშემო კი, ზოგს ფეხგაწვდით მჯდომარეს, ზოგსაც მხარ-თეძოზე წამოწოლილს, წრე შეეკრათ სასაუბროდ.
ეს იყო მათი ყოველდღიური საწესო თავყრილობა, ისევე ჩვეულებად ქცეული, როგორც ასწლეულების წინ მათი წინაპრებისთვის საკვირაო წირვაზე  დასწრება.   
მათ მსგავსად ესენიც წნორების ძირას, გზის პირას სხდებოდნენ და საუბრობდნენ... საუბრობდნენ და მერე ჭორაობდნენ... ჭორაობდნენ და ლაზღანდარობდნენ კიდეც.... ლაზღანდარობდნენ როგორც ფარეშები, იგინებოდნენ ფარეშებივით, აფურთხებდნენ ცხვირწინ და წაწვეტებული ჯოხით მიწაში სორსლავდნენ ნანერწყვს.
ერთადერთ, რაც მათ თავიანთ წინაპრებთან აახლოვებდა, ეს იყო ერთად ყოფნის დაუძლეველი სურვილი. სწორედ ერთად ყოფნის დროს ხდებოდა მათ მიერ საკუთარი თავის შეცნობა, რადგან ამ დროს მათი ინდივიდუალობა სახეს აჩენდა. თითოეულ მათგანს სოფლის ცხოვრებაში თავისი ფუნქცია ეძლეოდა, ზოგი მათგანი ღერძი იყო, ზოგი - ჭანჭიკი. მთავარია, რომ ყველა საჭირო ნაწილი იყო, ერთიც რომ გამოკლებოდა, ეს მექანიზმი ვეღარ იმუშავებდა, ამიტომ მათი ერთად ყოფნა  ერთობას, დიდ ძალას ნიშნავდა, ამას გრძნობდა თითოეული მათგანი და ეამაყებოდათ კიდეც, რომ თავს ამ დიდი ძალის ნაწილად გრძნობდნენ.
მაგრამ მათი ერთად ყოფნა სტიქიასავით საშიში ხდებოდა, როცა მოქმედების მიზანი გაურკვეველი იყო და როგორც დაგუბებული წყლის ენერგია, სადაც თითოეული წვეთი ცალ-ცალკე გასასვლელს ეძებს და პირველი, რომელიც სხვებზე ადრე მოძებნის დარანს, გაიკვლევს გზას, ის მიიღებს ამ ენერგიას, როგორც რჩეული, ადამიანთა ნდობას და თან გაიყოლებს უთვალავს თავისნაირს, თავისი ნების შესასრულებლად.
თუმცა ინიციატივის და მოქმედების ნიჭით მხოლოდ ერთეულები იყვნენ დაჯილდოვებულნი და რადგან მათ შორის ის ერთი არ იყო, უმრავლესობა ეძებდა ახალ-ახალ ისტორიებს, როგორც შემოქმედებით აქტს, სადაც ისინი მკითხველად, მაყურებლად დარჩებოდნენ, ხოლო მათი მონაწილეობა ამბის სახელდებით შემოიფარგლებოდა.
მათი ყოველდღიური თავგადასავალი კი თითქმის არ განსხვავდებოდა ერთმანერთისგან. არ განსხვავდებოდა არც სხვათა ისტორიებისგან, რომელიც ზუსტად იმ დროს შეიძლება ცხრა მთისა და ცხრა ზღვის იქით ხდებოდა. ამიტომ, ამათაც არაფერ შურდათ სხვისა. ისინი იმდენად კმაყოფილნი იყვნენ თავიანთი ბედის და ცხოვრების წესისა, რომ ხელმეორედ რომ დაბადებულიყვნენ, ისევ აქ დაიბადებოდნენ, ისევ ისე იცხოვრებდნენ, ისევ ჩაიცუცქებოდნენ ან ჩასხდებოდნენ გზის პირას, ცალი ხელში სიგარეტით, ფეხსაცმლის ჭყვინტით ან ჯოხის წვეროთი გასოსრსლავდნენ ნანერწყვს მტვერში და ისევ და ისევ ღლაბუცსა და ლაზღანდარობაში, კიდევ ერთხელ ტკბილად გალევდნენ წუთისოფელს, რომ კიდევ ერთხელ დაბადებულიყვნენ სხვა სახელით, მაგრამ ზუსტად, უკვე მერამდენედ,  გაემეორებინათ თავიანთი წინა ცხოვრება.
ახლა, ისინი ყვებოდნენ თავთავიანთ გაჭირვებაზე. თითქმის ძალით იჭერდნენ მსმენელებს, ყვებოდნენ თავისას და აღარ უსმენდნენ სხვას, სხვისი დარდი აღარ აინტერესებდათ, თავისას კი ისე ყვებოდნენ და თითქოს ნაგავი გამოჰქონდათ სახლიდან და გარეთ ყრიდნენ,  სხვისი დარდის გაზიარება, მოსმენაც კი იმას ნიშნავდა, თავისი ბუჩო გადაეყარა და სხვისი შეეტანა სახლში.
დარდი და სატკივარი კი გაწუწკებულ მაწანწალა ძაღლს ჰგავდა, რომელიც მაინც მოძებნიდა ღამის თავშესაფარს, რომელიმე მათგანს, ალბათ ყველაზე ბოლოს დარჩენილს, აუცილებლად გაჰყვებოდა სახლში.
რწმუნებული რომ მათ კრებულს მიუახლოვდა, შეანელა მანქანის სიჩქარე და შეათვალიერა ისინი. მანქანა და მისი მზერა მოძრაობნენ ნელა და პანორამულად, ვიდოთვალივით იბეჭდავდა ყველაფერს, რაც მხედველობის არეში ხვდებოდა.
აი, კაცები, მსხმოიარე ხეხილი, აივნიანი სახლები, ეზოებში გაფენილი სარეცხი, მერე ისევ კაცები და ძაღლი... არაფერს აუღელვებია მისი ცნობისმოყვარეობა, მაგრამ ძაღლის დანახვაზე სახეზე შეეტყო ოდნავი ცვლილება (შესაძლოა მას გაახსენდა კანონი უპატრონო, მაწანწალა ძაღლების შესახებ). ამის შემდეგ გააჩერა მანქანა და გზაზე გადმოვიდა.
- ვისია ძაღლი? - ოდნავი თავის დაკვრის შემდეგ წარბშეყრით იკითხა მრავალი სოფლის თავმა.
რწმუნებულის დანახვაზე კაცები გაჩუმდნენ, რადგან არავინ ელოდა მის გამოჩენას. არც იმას ელოდნენ, თუ რწმუნებული ძაღლისადმი ინტერესს გამოიჩენდა და სხვა არაფერი ექნებოდა სათქმელი. სოფლის გზისპირას ხომ ჩვეულებრივი ამბავი იყო ძაღლის ყოფნა, ბოლო და ბოლოს ძაღლი იყო, ყურებდაჭრილი და კუდჩაწნული, ძაღლი იყო, ძაღლის არსებობა რატომ უნდა გაკვირვებოდა რწმუნებულს? თვითონ ხომ არც უკვირდათ და არც შეუმჩნევიათ, ან უკვე ისე შეეჩვივნენ მის არსებობას, როგორც წნორის ხეს, რომელიც მათ უჩრდილებდა და აქამდე არავის მოსვლია აზრად ეკითხა, თუ ვინ იყო წნორის პატრონი.
ახლა, როცა სოფლის რწმუნებული დაინტერესდა ძაღლის ვინაობით, დაფიქრდნენ და მიხვდნენ, რომ ძაღლი არავისა არ იყო. Mმიუხედავად იმისა, რომ ძაღლი უკვე რამდენიმე დღეა უვლიდა სოფელს – პატრონი არ ჰყავდა. მითუმეტეს ახლა, როდესაც ძაღლი თავისი არსებობით, შესაძლოა, არღვევდა რომელიმე კანონს, რომელიც უკვე მიღებული იყო ან ახლა უნდა მიეღო პარლამენტს (პარლამენტი ხომ შეუსვენებლად მუშაობს და შემოაქვს ახალ-ახალი აკრძალვები), ძაღლი იყო ზედმეტი თავის ტკივილი, ტვირთი, რომლის აკიდება ახლა ყველას ეზარებოდა.
- უპატრონოა? -იკითხა, უფრო სწორად კი დააზუსტა რწმუნებულმა და ამით თითქოს სინდისი დაიმშვიდა. მის შემდეგ გახსნა მან მანქანის საბარგული და დადმოიღო გრძელლულიანი თოფი.
თოფმა მაყურებლებზე აშკარად შთაბეჭდილება მოახდინა.
  პასუხი კი მაინც არავინ გასცა. ისხდნენ (ახლა უფრო მოწაფეებივით) სოფლის კაცები და თითქოს დუმილით უდასტურებდნენ, ეთანხმებოდნენ იმ აზრს, რომ ძაღლი მართლაც არავისი არ იყო.
თითქოს მათი დღევანდელი შეკრების მიზანი მხოლოდ ის იყო, რომ ძაღლის უპატრონობა დაედასტურებინათ და ამით მისი ლიკვიდაციის თანხმობა მიეცათ.
სანახაობა კი მართლაც ერთ რამედ ღირდა საყურებლად, რწმუნებულიც მხოლოდ ერთ წამს დაფიქრდა, უმოქმედობის ის ერთი წამიც მაყურებლზე ზემოქმედებისთვის იყო გამიზნული. და ერთი წამის შემდეგ მან მიიღო მტკიცე გადაწვეტილება, ამოიღო ბუდიდან თოფი, გადატენა, გადაეყრდნო მანქანის საბარგულს, დაიბჯინა იდაყვი და გაუსწორა იარაღი სამიზნეს.
წამოიშალნენ კაცები, ჯერ რატომღაც გაიფანტნენ, მერე ნელ-ნელა მოგროვდნენ რწმუნებულის გარშემო.
ძაღლმაც იგრძნო, რომ მის თავს რაღაც უჩვეულო ხდებოდა, გაჭირვებით წამოსწია თავი და ისეთი მზერა მოატარა ირგვლივ, ადამიანებს სახელის დარქმევა რომ უჭირთ, მერე ისევ ჩაუქრა მზერა და უწადინოდ მიწვა მიწაზე.
ძაღლის ამ გაუთვალისწინებელი მოძრაობის გამო, რწმუნებულს სამიზნე აერია, მას უნდოდა ძაღლისთვის თავში ესროლა, ამიტომ ადგილი მოინაცვლა, სხვა მხრიდან შემოუარა, უფრო ხელსაყრელი პოზიცია შეარჩია, ჩაიმუხლა, გაისწორა იარაღი და გულდაგულ მოემზადა სასროლად.
კაცებმაც მოინაცვლეს ადგილი, მოულოდნელი ხიფათის თავიდან ასაცილებლად, რაც მათი აზრით, ყოველთვის თან ახლავს იარაღშემართულ კაცს, რწმუნებულის ზურგს უკან განლაგდნენ.
თოფმა გაისროლა და ვიდრე მისი ხმა გაღმა კლდიდან უკან დაბრუნდებოდა, ხელმეორედ დაეცა ჩახმახი.
ორივე ტყვია ძაღლის რბილ სხეულში ჩაეფლო და  დაიკარგა, როგორც რკინის მონეტა იკარგება თოვლში.
ძაღლი ნელ-ნელა მიწვა ცივ მიწაზე. ერთხელ გააკანკალა ოთხფეხა მყეფარს და გათავდა.
კაცები უყურებდნენ და თვალდათვალ ხედავდნენ, თუ სიცოცხლესთან ერთად როგორ კარგავდა ძაღლის სხეული სიმსუბუქეს და თანდათან როგორ ამძიმებდა მიწას.
ეს სიმძიმე თითქოს უფრო მეტ სიმყარეს აძლევდა ნიადაგს და კაცებიც უფრო დანდობილად აბიჯებდნენ ზედ, რათა სოფლის სხვადასხვა მხარეს დაფანტულიყვნენ.   
                              * * *
ძაღლისა და მგლის ამბავი სოფელში არავის ახსოვს. კაცები, რომლებმაც საკუთარი თვალით ნახეს ძაღლის სიკვდილი, დაბერდნენ და დარწმუნებული ვარ, იმ დღის გახსენებაც  გაუჭირდებათ. არადა, ყველაფერი ეს ნამდვილად მოხდა. სოფელში გათამაშდა მგლისა და ძაღლის ისტორია. თუმცა ამ ამბავმა ვერ მოახდინა არსებითი გავლენა ვერც არჩევნების შდეგებზე და ვერც მსოფლიო გლობალიზაციის პროცესებზე. ვერც სოფლის ცხოვრება შეცვალა, მაგრამ რადგან მთლიანად არ დაიკარგა და დავიწყებას არ მიეცა, ჩანს მისი მოქმედების ვადა ჯერ არ ამოწურულა, რადგან ხშირად უბრალო ამბავი არ ეძლევა დავიწყებას, რაც არ უნდა ღრმად ჩამარხონ მიწაში. ის, როგორც  როგორც დამოუკიდებელი ელემენტი, თავისთავად არაფერს ნიშნავს, მაგრამ როგორც კი სხვა ელემენტს შეეხება, მაშინვე მოქმედებას იწყებს. ასეთი ელემენტი შესაძლოა მისთვის მერმისი აღმოჩნდეს. შესაძლოა,  ეს ამბავი სწორედ მომავალთან შევიდეს რეაქციაში და დღემდე უცნობი ნაერთი წარმოქმნას. ანდა, მომავალში საზოგადო ცხოვრებამ ისეთი მიმართულება მიიღოს, რომ ვიღაცამ ამ ტექსტში გარკვეული სიმბოლოებიც შენიშნოს, ღმერთია მოწამე, ავტორს ეს ნამდვილად არ უფიქრია, თუმცა, მომავალში ავტორს ვინ რაღას ჰკითხავს?! მზე კი...
                              *** 
მზე, გაზაფხულს აქეთ, მთელი ოთხი-ხუთი თვის მანძილზე ზედ რომ ადგა სოფელს, გვერდზე გადაქანდა. თითქოს ზენიტიდან დაცურდა.
გიორგობის შემდეგ ხალხმა დაიწყო ყველაფრის შინ შეზიდვა, რისი დატოვებაც ზამთარში გარეთ არ შეიძლებოდა.
დარჩა მხოლოდ ხის ნიჩაფი და არყის ხის ტოტებისგან შეკრული ცოცხი. ისინი ელოდნენ, თუ როდის გათოვდებოდა, როდის ჩამოიბარდნიდა ფანტელს ზეცა, როდის გაავსებდა ეზო-კარს, რომლის გაწმენდა მათ ევალებოდათ. 
ასეთ დღეებში სოფელიც ეჩვევა დიდხანს ძილს. საკვამურიდან ამოწვერილ ბოლს კი ხანდახან ისეთი ცეცხლის ნაპერწკლებიც მოჰყვება, რომ შორიდანაც გაათბობს კაცს. დეკემბრის პირველ დღეებში მთის დასახლებაში ძაღლიც რომ არ გაიგდება გარეთ, ორიოდე მოხუცი (ამ ამბის მოწმე) მაინც გამოდის წნორებთან. სხედან და ელიან... ძალიან კარგად იციან რასაც ელიან, მზე მათთვის ზენიტზე არც არასოდეს მდგარა, ახლა კი მთლად ჩაიწურა და მთებს მოეფარა. თუმცა, ჯერ არ ჩასულა, მაგრამ ისედაც ბინდისფერი სოფელი მათთვის მთლად განაცრისფრდა. მხოლოდ გაღმა გორას აწითლებს ჩამავალი მზის უკანასკნელი სხივები. ცოტა ხანში მზე ისე წამოკრეფს ამ სხივებს, როგორც მამალი საკენკს ისე, რომ  სითბოს და სინათლის ერთი პატარა სხივიც არ დაუვარდება სადმე, რომ მოხუცებმა ღამით გაციებული ხელის თითები გაითბონ (ცალკე თემაა, თუ ოდესმე მზეს თუნდაც ერთი სხივი დარჩება (ან დატოვებს) სადმე მომაკვდავი ადამიანის გასათბობად და მეორე დღეს მის მოსაძებნად, ჩვეულებრივზე უფრო ადრე ამოვა ცაზე). წამოკრეფს მზე უდანაკარგოდ თავის სხივებს და დასავლეთით დაიწურება, მოხუცებსაც ხომ იქითკენ უჭირავთ თვალი,  სხვა მგზავრებივით ისინიც გზაზე დგანან და თავიანთ რიგს ელოდებიან. არც ჩქარობენ და არც გვიანობენ. მორჩნენ ამ სოფლის სტუმრობას, მთლიანად დახარჯეს ძალ-ღონე და იმდენი ენერგიაც კი არ შერჩათ, რომ ადგნენ, გადაიარონ ხიდი, აუყვნენ იმ პატარა აღმართს და თავისი ფეხით  ავიდნენ სხივმოფენილ გორაზე. კარგად იციან, რომ ამჯერად სხვის ჭირად გახდებიან... ძაღლი? ძაღლი იმან გადაათრია, ვინც მოკლა. სამფეხა მგელი, იქვე ტყეში ბუნაგობს შეუმჩნევლად. ის წინასწარ შეიტყობს ამ ამბავს, აყმუვლდება და აჰყვებიან ეზოს პატარ-პატარა ძაღლები. კაცები ძაღლებს გააფრთხობენ, მგელს კი ვერ მიწვდებიან...აქ კი, ვიღაცა ანიშნებს და ის ვიღაც გზისპირას მდგარ სხვა კაცებს გამოუძღვება მათკენ, ზოგი წერაქვით - მიწის სათხრელად, ზოგი ბარით - ამოსაღებად, ზოგი - სადურგლო იარაღით... ახალგაზრდები თავიანთი მამა-პაპგან დაწესებულ მოვალეობას შეასრულებენ (აქ ამ საქმეში დაქირავებული შრომა ჯერ არ გამოიყენება), ისეთი გულმოდგინებით, როგორიც მათ საერთოდ სჩვევიათ.
  მალე მგელიც მიატოვებს ამ ტყეს და თავის მოძმეთა ხროვას აედევნება, ჩლახუნით გაყვება კვალზე, წვალებით გადალახავს თოვლიან მთებს და გაყინულ მდინარეებს, სხვადასხვა ხალხებისა და სახემწიფოთა საზღვრებს, წასვლამდე კი ახლგადათხრილ საფლავებზეც წაშლის თავის ნაკვალევს და უკანასკნელად გაჰყმუვლებს ხეობას, გაჰყმუვლებს სოფელსაც, რომლის თავზეც დღესაც დამჭკნარი ფითრივით ჰკიდია მილეული მთვარე. სოფელს, რომელსაც დაავიწყდა მგლის არსებობა.

ნ-ი-კ-ი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 18 მარტი, 2013 07:48:34
მოთხრობების ავტორებს და აგრეთვე მათ მეგობრებს. ან სხვა პიროვნებებს, რომელთათვისაც ცნობილია ავტორის ვინაობა
გთხოვთ თავი შეიკავოთ მათი დასახელებისგან, რათა ეს არ გახდეს მოთხრობის კონკურსიდან მოხსნის მიზეზი



თუ საკონკურსოდ გამოგზავნილი რომელიმე მოთხრობა არ მოხვდა ამ ჩამონათვალში, ავტორებს შეუძლიათ მოგვწერონ ელ-ფოსტაზე  urakparaki@gmail.com

კონკურსის შედეგები ცნობილი გახდება 20 მარტს. ლიტბუნიობის ფინალურ ინტერნეტცერემონიალზე, რომელიც სავარაუდოდ დაიწყება 14:00-ზე და გაგრძელდება რამოდენიმე საათი

უფრო ზუსტი ინფორმაცია და ბმულები სადაც შეგიძლიათ უყუროთ ამ ცერემონიალს დაიდება ამავე თემაში
ეცადეთ არ გამოტოვოთ საინტერესო სანახაობა


ნ-ი-კ-ი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 20 მარტი, 2013 07:19:25
ლიტბუნიობის ფინალური ინტერნეტცერემონიალი გაიმართება დღეს
ოღონდ 14:00-ის მაგივრად დაიწყება ერთი საათით გვიან  -  15:00-ზე

ბოდიშს გიხდით გადადებისთვის
თუმცა, ალბათ მათთვის, ვისაც უფრო გვიან ერჩია, უკეთესიც კია.

ნ-ი-კ-ი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 20 მარტი, 2013 13:31:27
ესეც ბმული

http://www.gmsoft.ge/urakparaki/

ნ-ი-კ-ი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 23 მარტი, 2013 04:40:54
პირველი ეტაპის ქულები
პირველი 5 ვერტიკალი  ჟიურის შეფასებები
მეორე ხუთი ვერტიკალი ჟიურის შეფასებები კორექტირების შემდეგ
პირველი ჯამი კორექტირებამდე და მეორე კორექტირების შემდეგ

მოთხრობა #17-ს კორექტირების შედეგად გაუხდა 43 ქულა
წესების მიხედვით ერთ-ერთი 42 ქულიანი უნდა ამოვარდნილიყო, მაგრამ ეს გამოიწვევდა უსამართლობის შეგრძნებას
ჟიურის წევრებთან შეთანხმებით ფინალში გადავიდა 8 ნაწარმოები  #03  #17  #19  #23  #27  #35  #44  #51


#01  პატარა  დიდი კაცი                                            3    9    3    3    10    ||||    3    4    3    3    10    ||||        28                  23
#02  მტრედები სიცოცხლის გადასარჩენად          3    7    3    5    10    ||||    3    7    3    5    10    ||||        28                  28
#03  ვალიკოს პარალელური რეალობა                  7    10    8    10  10    ||||    7    10    8    10    10    ||||        45                  45
#04  ჰარმონია                                                              6    3    4    8    10    ||||    6    3    4    8    10    ||||        31                  31
#05  ციყვი ბორბალში                                                8    7    5    9    10    ||||    8    7    5    9    10    ||||        39                  39
#06  დიალოგი საქართველოს სულთან                5    3    4    3    10    ||||    5    3    4    3    10    ||||        25                  25
#07  წერილი აფხაზ მეგობარს                                  6    3    4    6    10    ||||    6    3    4    6    10    ||||        29                  29
#08  ვალი                                                                    3    9    4    8    10    ||||    3    9    4    8    10    ||||        34                  34
#09  ლიტერატურის თავგადასავალი                    3    3    8    2    10    ||||    3    3    4    2    10    ||||        26                  22
#10  მუხათგვერდის სასაფლაო                              10    4    8    7    10    ||||    10    4    8    7    10    ||||    39                  39
#11  ბილეთი №13                                                      7    9    4    3    10    ||||    7    9    4    3    10    ||||        33                  33
#12  თავისუფლების ნაგლეჯი                                8    10    5    8    10    ||||    8    10    5    8    10    ||||    41                  41
#13  აწმყო თუ მომავალი                                          4    3    3    2    10    ||||    4    3    3    2    10    ||||        22                  22
#14  უქმად დაკარგული  ოქროს  წუთები            4    10    3    5    10    ||||    4    6    3    5    10    ||||        32                  28
#15  უცხოპლანეტელებს                                            6    3    5    5    10    ||||    6    3    5    5    10    ||||        29                  29
#16  ადგილი                                                                3    3    3    3    10    ||||    3    3    3    3    10    ||||        22                  22
#17  ღრუბლების თავზე                                          10    10    3    7    10    ||||  10    10    6    7    10    ||||      40                  43
#18  წმინდა ლუკას დღე                                            7    7    4    6    10    ||||    7    7    4    6      10    ||||        34                  34
#19  ზეცის კარიბჭე                                                    10    9    10    7    10  ||||    10    9    10    7  10    ||||        46                  46
#20  ორი ჩემოდანი                                                      6    4    7    4    10    ||||    6    4    7    4    10    ||||        31                  31
#21  Modus vivendi                                                          9    4    7    6    10    ||||    9    4    7    6    10    ||||        36                  36
#22  შვილი                                                                      3    8    3    4    10    ||||    3    8    3    4    10    ||||        28                  28
#23  მეფეს რად უნდა მკლავჭიდი                            9    10    5    8    10    ||||    9    10    5    8  10    ||||        42                  42
#24  ქაძუმი იოშიდას გრძელი გზა                            8    5    6    10    10    ||||    8    5    6    10  10    ||||        39                  39
#25  და ვერ გავიგე პასუხი ღვთისგან                        6    4    3    3    10    ||||    6    4    3    3    10    ||||        26                  26
#26  საით წავიდა ლოლა?                                            8    3    6    10    10    ||||    8    5    6  10    10    ||||        37                  39
#27  ღვთის ჩიტები                                                      9    4    10    9    10    ||||    9    8    10    9  10    ||||        42                  46
#28  ცხენის კისერზე შემოჭდობილი ხელები          8    4    9    4    10    ||||    8    4    9    4    10    ||||        35                  35
#29  ბოთლში ჩასადები წერილი ტომს                      8    5    4    8    10    ||||    8    5    4    8    10    ||||        35                  35
#30  დეას დრო                                                              5    6    5    9    10    ||||    5    6    5    9    10    ||||          35                  35
#31  ზანტა და ქარიშხალა                                          7    7    6    5    10    ||||    7    7    6    5    10    ||||          35                  35
#32  სერგი ( შავ–თეთრი )                                          5    9    5    7    10    ||||    5    9    5    7    10    ||||          36                  36
#33  მაკა ექიმის შვილები                                            7    6    3    8    10    ||||    7    6    3    8    10    ||||          34                  34
#34  პილოსოფიური  დისკუსია ჩემს მესთან          5    4    4    3    10    ||||    5    4    4    3    10    ||||          26                  26
#35  ანხელინა მერსია ფლო                                        10    6    6    10    10    ||||  10    6    6    10    10    ||||          42                  42
#36  ზოგი ჭირი მიდის პარიზში                                8    9    5    9    10    ||||    8    9    5    9    10        ||||        41                  41
#37  Sister of the Moon                                      4    3    5    3    10    ||||    4    3    5    3    10        ||||        25                  25
#38  ფერფლის საათი                                                      7    8    6    6    10    ||||    7    8    6    6    10        ||||        37                  37
#39  ზამთრის ბაღი                                                          5    6    5    5    10    ||||    5    6    5    5    10        ||||        31                  31
#40  ცხოვრების შურისძიება                                          3    2    4    3    10    ||||    3    2    4    3    10        ||||        22                  22
#41  სიცოცხლის უკანასკნელ საათში დაწერილი    4    4    4    3    10    ||||    4    4    4    3    10        ||||        25                  25
#42  მრავალკულტურული საქართველო                  4    8    4    3    10    ||||    4    8    4    3    10        ||||        29                  29
#43  მუდრები                                                                  7    3    4    4    10    ||||    7    3    4    4    10        ||||        28                  28
#44  ადმ                                                                          10    7    10    5    10    ||||  10    7    10    5    10        ||||        42                  42
#45  სივიწროვე                                                              7    10    4    5    10    ||||    7    10    4    5    10      ||||        36                  36
#46  ოროველა                                                                  8    9    4    6    10    ||||    8    9    4    6    10        ||||        37                  37
#47  ჩემი თბილისი                                                          5    9    5    2    10    ||||    5    6    5    2    10        ||||        31                  28
#48  ლეგენდის დასასრული                                          6    8    4    4    10    ||||    6    8    4    4    10        ||||        32                  32
#49  ანდერგრაუნდი                                                      10    8    4    7    10    ||||    10    8    4    7    10      ||||        39                  39
#50  ჩემი გიორგობა                                                          8    7    5    6    10    ||||    8      7    5    6      10      ||||        36                  36
#51  შავ-თეთრი მოთხრობა                                        10    8    10    6    10    ||||    10    8    10    6    10    ||||        44                  44
1 2 3 4

ურაკპარაკის ფორუმი >> კონკურსები >> "ლიტბუნიობის" რიგით მეოთხე კონკურსი პროზაში


ამჟამად ფორუმზე იმყოფება 0 სტუმარი და 0 წევრი