ახლა ქვეყნდება 11 ნაწარმოები, რომლებიც შევა "ენერგოეფექტურობის ცენტრი"-ს დაფინანსებით გამოცემულ კრებულში
ორ-ორი ეგზემპლარი დაურიგდებათ კრებულში შესულ ავტორებსაც.
- ახლა დაიყვირებს - ლიანდაგს ყური მოაცილა და სერიოზული სახით ამოიხედა.
- კუ-კუუუუ - ყოჩაღად დაუძახა პატარა ორთქლმავალმა.
- ჩქარა ამოდი, მალე გამოჩნდება.
თითქოს არც გაუგია მისი ნათქვამი, დინჯად დადგა მუხლებზე, ჯერ ცალი ფეხი გაშალა, სხეულის სიმძიმე მასზე გადაიტანა და წამოდგა. შარვალი ჩაიფერთხა და აღმართს ამოუყვა.
- სამ წუთში გამოივლის, მაგრამ მანამდე ერთხელ კიდევ დაიძახებს.
- კუ-კუუუუ - დაუდასტურა ორთქლმავალმა და მოსახვევში გამოიხედა. ქშენა-ქშენით წამოვიდა მათკენ. კვამლის დიდ სვეტი ტალღა-ტალღა ამოსდიოდა ცხვირზე დამაგრებული მილიდან.
- ჩშ, ჩშ, ჩშ, ჩშ - უკვე ხვნეშაც გაიგონეს. ლიანდაგი აძიგძიგდა. ორთქლმავალმა ჩაიარა და ტყის სიმწვანეში შერგო თავი.
უკან სამი ღია ვაგონი ება. ფანჯრებიდან გაღიმებული ბავშვები და სერიოზული უფროსები იყურებოდნენ. გორაკზე მდგომმა ორმა ბიჭმა ხელი დაუქნია. რამდენიმე ბავშვი წინ გადმოიხარა და მათაც დაუქნიეს ხელი.
ორთქმავლის დანატოვარი მწარე კვამლი ბიჭებამდე ავიდა. ერთ-ერთს დაახველა. კვამლი თითქოს შეწუხდა, მათ ფეხებთან გაერთხო და ნელ-ნელა გაქრა.
- ეს ვეზირი იყო. წამო, ნაზირსაც გაჩვენებ.
ერთად დაეშვნენ დაღმართზე. ტყეში შევიდნენ და ვიწრო, თითქმის შეუმჩნეველ ბილიკს გაუყვნენ. ასიოდე მეტრში ტყე დამთავრდა და პატარა სადგურთან გავიდნენ.
ლიანდაგზე ორთქლმავალი არ ჩანდა.
- ასე სწრაფად წავიდა?
- არ წასულა. დიდი წრე უნდა მოხაზოს ვიდრე აქ შემოვა. ჩვენ მოვასწარით.
ორთქლმავალი ქშენა-ქშენით გამოჩნდა. სადგურში შემოსულმა ერთი ღრმად ამოიოხრა და დადგა. არც ასულა ვინმე, არც ჩამოსულა. თითქოს მიხვდა ლოდინის უაზრობას, მალევე დაიკივლა.
- კუ-კუუუუ...
და დაიძრა. პატარა ვაგონებიც ერთმანეთს მიეჯახ-მოეჯახნენ, თითქოს მოითათბირეს და მორჩილად მიყვნენ უკან. მანაც ნელ-ნელა მოუმატა სიჩქარეს და მთის იქით გაუჩინარდა. ცოტა ხანში ხმაც გაქრა.
- გაუჭირდა მაინც.
- ჰარამხანა რომ არა, ვეზირს არაფერი გაუჭირდებოდა. სწორზე და აღმართზე უნდა ქაჩოს. დაღმართზე კი დაამუხრუჭოს, სიჩქარისაგან ხევში რომ არ გადაიჩეხონ... ჰარამხანა ის სამი ვაგონია.
- ნაზირი რომელია?
- ნაზირი აი ისაა, ზემოთ შემდგარი.
ბიჭმა ახლაღა მიაქცია ყურადღება მეორე ორთქლმავალს კვარცხლბეკზე - უფრო მომცროს, ვიდრე ვეზირი იყო.
- ადრე ეს დადიოდა. ჰარამხანაც ამას ებარა. მერე ვეზირი მოიყვანეს და ნაზირი დაასვენეს.
* * *
ნიკა გულგასიებული იჯდა.
რამდენჯერ სთხოვა მშობლებს, მოკლე შარვალი აღარ ჩაეცმიათ. უკვე თორმეტის გახდა, დიდი იყო, მაგრამ არც მოუსმინეს. მატარებელში ორი მისი ტოლი გოგო დროდადრო სახეს აბრუნებდნენ მისკენ და იღიმებოდნენ. დარწმუნებული იყო, მის მოკლე შარვალს დასცინოდნენ.
სახლში მარტო მყოფი ბიცოლა ჩამოსულებს მიესალმა - მამა მოიკითხა და ნიკა მკერდში ჩაიკრა.
- დარწმუნებული ვარ, ვიმეგობრებთ, თეთრო ქალაქელო... ცოტა ხნით უნდა დამელოდო, შენთვის გემრიელობას ვაცხობ.
მამა მალევე გაბრუნდა.
ბიცოლაც სამზარეულოში შეტრიალდა.
ნიკა ცოტათი დამშვიდდა. რამდენიმე წუთში გაიხდიდა საძულველ შარვალს და აღარ ჩაიცვამდა.
უცებ იგრძნო, რომ ოთახში მის გარდა კიდევ ვიღაც იყო. კარისკენ მიბრუნდა და მისი ტოლი ბიჭი დაინახა. ნიკას უყურებდა, უფრო ზუსტად მის შარვალს. თვალი არც მოუცილებია, ისე გასძახა სამზარეულოში:
- ელენე, გუშინ შეშის დაპობა რომ მთხოვე, დავაპე. ყუთში ჩავაწყვე, მაგრამ მთლიანად არ ჩაეტია და დარჩენილი გვერდით დავულაგე.
თითქოს პასუხს არც ელოდა, ისევ ნიკას შარვალს შესცქეროდა.
ნიკა დაითრგუნა.
მორჩა.
შარვლის გამოცვლაც ვერ მოასწრო. ეს ბიჭი სხვა სოფლელებთან ერთად აიგდებს და იქნებ გარეთ აღარც გაესვლებოდეს.
- უკვე გაიცანი სერგო? ოსია, მაგრამ კარგი ბიჭია – გაეღიმა სამზარეულოდან გამოსულ ბიცოლას.
სერგოს სიტყვა ოსისთვის ყურადღება არ მიუქცევიაზ ნათქვამი არც ხუმრობად მიიღო და არც საწყენად. ნიკამ განსაკუთრებული ვერაფერი შეატყო - ისეთივე იყო, როგორც ათასობით მისი ტოლი.
ვიდრე სერგო ბიცოლას ელაპარაკებოდა, ნიკამ მეტი ყურადღებით შეათვალიერა ბიჭი. წითური იყო. მზემოკიდებულ სახეზე ჭორფლი ეყარა. ხელის მტევნები მძიმე შრომისგან გაუხეშებული და დამსკდარი ჰქონდა. გადაკეცილყელიანი კირზის ჩექმები ეცვა, ჩექმებში ჩატანებულ შარვალი მუხლებთან გამობერვოდა. შარვალი ისე იყო გახუნებული, პირვანდელ ფერს ვერაფრით ამოიცნობდი. საყელომოღრეცილი ჯემპრი კი აშკარად მწვანე იყო. მისი პირველი პატრონი ბევრად დიდი უნდა ყოფილიყო ვიდრე სერგო. ჯემპრის სახელოები გადაეკეცა, მაგრამ იდაყვებთან გამობერვოდა. ეს ყველაფერი სრულიად არ ლახავდა მის ღირსებას - მშვიდად, გამართულად იდგა დიდი კაცივით და საქმეზე ლაპარაკობდა. როცა საუბარს მორჩნენ, ბიცოლამ თხოვნით მიმართა:
- იქნებ ეს ფინთი ქალაქელი წაიყვანო და აქაურობა დაათვალიერებინო... მაგრამ მალე დაბრუნდით. ახალი ჩამოსულია, მშიერი და დაღლილი.
- კარგი, ელენე. არც შორს წავალთ და მალეც დავბრუნდებით - უპასუხა სერგომ.
პირველი ნიკა გავიდა ეზოში და ჭიშკრისკენ გაუხვია.
- მანდეთ არა - მოესმა უკნიდან - აქედან უფრო მოკლეა - პირდაპირ ღობისკენ გაუხვია.
„დაიწყო“ - გაიფიქრა ნიკამ. „ახლა ეს მარჯვედ აცოცდება ღობეზე და გადახტება. მე კი დამცინებს მოუქნელობისათვის.“
მაგრამ, სერგოს ღობეზე გადაძვრომა არც უცდია. ერთი ფიცარი, რომელიც მხოლოდ ზედა ლურსმნით იყო დამაგრებული გაწია, დაელოდა, ვიდრე ნიკა გაძვრებოდა და უკან მიყვა. ოციოდე ნაბიჯი გაიარეს ფერდზე და სავარძელიც გამოჩნდა - საბარგო მანქანის რბილი, შავმუშამბაგადაკრული, ორადგილიანი სკამი. პირველი სერგო დაჯდა, ცალი ფეხი გაშალა და შარვლის ჯიბეში რაღაცას დაუწყო ძებნა. „პრიმას“ წითელი კოლოფი და ასანთი ამოიღო.
- მოწევ?
- არა, არ ვეწევი...
სერგომ კოლოფის ბოლოში დატოვებული ნახვრეტიდან ცერა თითის ოსტატურად აკვრით ამოაძვრინა პაპიროსის ერთი ღერი, მოუკიდა, ღრმა ნაფასი დაარტყა და გააბოლა.
- კარგს შვრები, რომ არ ეწევი. მეც უნდა დავანებო თავი. სულ გამიფუჭა დიხანია.
ნიკას ეგონა მოწევდა და გზას გააგრძელებდნენ. სერგომ ბოლო ნაფასი დაარტყა, ნამწვი ძირს დააგდო და ჩექმის წვერით ჩაზილა მიწაში. მზეს ახედა, ცოტა ხანი გვერდზე თავგადაგდებულმა, თვალმოჭუტულმა უცქირა მას და მერე თქვა:
- ვეზირს გაგაცნობ. ათ წუთში ჩამოივლის თავის ჰარამხანასთან ერთად.
მოგვიანებით ბიცოლასგან გაიგო – სერგო მარტო ცხოვრობდა ერთი ეზოს გამოტოვებით პატარა სახლში, არც დედა ყავდა და არც მამა...
ორი დღის მერე ბიჭები ისევ იქ ისხდნენ და ვეზირის გამოვლას ელოდნენ.
- მალე მოვა?
- ჩავიდეთ, შევამოწმოთ.
ერთად ჩაირბინეს ბილიკი. ნიკამ ლიანდაგს დაადო ყური. „დგნ-დგნ, დგნ-დგნ“ - ჩაესმა ყურში. შეშფოთებული წამოიჭრა ფეხზე.
- გავიქცეთ, ახლოა.
- ჯერ ადრეა, არც კი დაუყვირია... ახლავე შევამოწმებ, სადაა.
ჯიბიდან სპილენძის შაურიანი ამოიღო და ლიანდაგზე დადო. სამიოდ წუთში შაურიანი აზრიალდა და მატარებელმაც მოაყვირა.
- კუ-კუუუუ.
- ახლა კი მართლა უნდა წავიდეთ - თქვა სერგომ და მშვიდად, ნელი ნაბიჯით აუყვა ფერდობს.
ნიკაც უკან მიყვა. მასავით ნელი ნაბიჯით მიდიოდა.
დასხდნენ და დაელოდნენ.
- კუ-კუუუუ - მეორედ დაიძახა მატარებელმა მოსახვევში გამოყო თავი.
კვამლის დიდ სვეტი მკვეთრად ჩადიოდა ქვემოთ და მატარებელს გვერდიდან მიუყვებოდა. მასში დროდადრო თუ გამოჩნდებოდა მგზავრთა სახეები. უცებ ბოლის ფარდიდან ტრიალ-ტრიალით გამოძვრა ბოთლი, ბიჭების ფეხებთან დაეცა და დაიმსხვრა. კვამლის იქიდან ხარხარმაც მოაღწია. შეშინებული და გაბრაზებული ნიკა ფეხზე წამოიჭრა.
- წავიდეთ - დაუყვირა სერგოს.
- სად?
- სადგურზე. მათზე ადრე ხომ მივალთ. პასუხი მოვთხოვოთ ან შორიდან შევაგინოთ მაინც.
- დაინახე, ვინც ისროლა?
- არა, მაგრამ შევხედავ და მივხვდები.
- მეც ასე ვფიქრობ - შევხედავთ, მივხვდებით და რა აზრი აქვს? ვიღაც ბოროტმა ან უბრალოდ ცელქმა ისროლა. ვაგონში ყველა დაგმობდა მის საქციელს, შეიძლება დატუქსეს კიდეც. ჩვენ თუ ლანძღვა-გინებას დავუწყებთ, მგზავრებს მის მიმართ თანადგომის სურვილი გაუჩნდებათ და უნებლიე გმირად ვაქცევთ... გაატარე... ცხოვრებაში ამაზე დიდი უსამართლობაც შეგხვდება. ზოგჯერ უნდა შეასკდე, ზოგჯერ გვერდი აუქციო.
სერგო ქვემოთ ჩავიდა და ვეზირის მიერ გაბრტყელებული შაურიანი ამოიტანა.
- აჰა, შენი იყოს. ასეთი ყველას არა აქვს. როცა ძალიან გაბრაზდები, ცერით სამჯერ ააგდე და დაიჭირე... ცოტათი დაგამშვიდებს.
საღამოთი ბიძაჩემს მოვუყევი ბოთლის ამბავი. ყურადღებით მომისმინა.
- ასეთი რამ სხვა დროსაც მომხდარა... არა უშავს. მალე ჩვენი რკინიგზა ელექტროფიცირებული გახდება, ბოძები უკვე ჩვენს სოფლამდეა ამოსული. მომავალი წლიდან ელექტრომატარებელი ივლის... აღარც ხმაური შეგვაწუხებს, არც ორთლქმავლის კვამლი და ვაგონებიც დიდი მატარებელივით დახურული იქნება.
რამდენიმე დღის შემდეგ ბიჭები იმავე ადგილზე ისხდნენ. სერგოს ჩამოვლილი ვეზირისთვის ხელი არც დაუქნევია. იქნებ ბოთლის ისტორია ახსოვდა, იქნებ სხვა რამის გამო არ იყო ხასიათზე... ნიკას მაშინ საიდან უნდა ცოდნოდა ეს მათი ბოლო შეხვედრა რომ იყო. ან ვინ იცოდა... ორ თვეში ხის მჭრელების მანქანა გადაბრუნდა და ორი კაცი, მათში ერთ-ერთი სერგო დაიღუპა.
- რამდენიმე დღეში არდადეგები დამიმთავრდება, მამაჩემი ამოვა და ისევ ქალაქში წამიყვანს.
- ვიცი.
- შენ?
- მეც უნდა გავაგრძელო სწავლა. ჯერ ხომ ისევ პატარა ვარ. მთელი ცხოვრება ხის მჭრელების და მეჯოგეების დამხმარე ხომ არ ვიქნები.
- შენ უკვე ისიც გეცოდინება რაც უნდა გამოხვიდე.
- კი... რომ გავიზრდები მექნება დიდი, გადაგრეხილი ულვაშები და სქელი ღიპი. ვეზირის მემანქანედ ვიმუშავებ. მეყოლება ძალიან საყვარელი ცოლი და ბევრი შვილი. როცა მე და ვეზირი ჩავივლით აქ, ამ ადგილზე იდგებიან და ხელს დამიქნევენ.
ნიკა ახლა ხნიერი კაცია... მუხლები აწუხებს. სოფელში უკვე მასავით ჭარმაგი ბიძაშვილები მასპინძლობენ. დროდადრო იმავე ფერდობზე, იმავე სკამზე ჩამოჯდება ხოლმე. მატარებლის მოახლოებას ვეღარ გებულობს - არ დაიკივლებს, უჩუმრად, თითქმის უხმაუროდ გასრიალდება ლიანდაგზე და თვალს მიეფარება. არც მწარე კვამლი წვავს თვალებს. კონდიცირებულ ვაგონებში ფანჯრებს არავინ აღებს. იქნებ არც არავის აქვს სურვილი ფერდზე მჯდომ მოხუცს ხელი დაუქნიოს. თავისთვის მშვიდად სხედან და მობილურებს და ნოუთბუქებს ჩასცქერიან.
ნაზირი იმავე კვარცხლბეკზე დგას, ვეზირი კი თავის ჰარამხანასთან ერთად მესამე ლიანდაგზე, ჩიხშია გაჩერებული. აღარავის ახსოვს მისი ხმაურიანი, დაუღალავი ცხოვრება. ზოგჯერ ბავშვები თუ აძვრებიან ზედ და მატარებლობანას თამაშობენ. ბიჭები მემანქანეობას ეცილებიან ერთმანეთს. ღია ვაგონებში დამსხდარი გოგონები დაგოფრილი რვეულის ფურცლის მარაოთი ხელში დინჯად საუბრობენ.
სერგოს პატარა სახლში არავინ დასახლებულა. ფანჯრებს ადამიანივით ნელ-ნელა ჩაუქრათ თვალები. დიდთოვლობისას სახურავიც ჩაიქცა. ერთ დღეს ფანჯრიდან ტყემლის ხემ გამოიხედა. ამან უფრო დააჩქარა სახლის კვდომა. ზაფხულში, როცა ხე მწიფე ნაყოფით დაიხუნძლებოდა, ახალგაზრდასავით ღაჟღაჟა იყო. ზამთარში ყინვა გაუთეთრებდა ტოტებს და ზემოდან დაათოვდა. ამ დროს ხე ცხოვრებისაგან გათეთრებულ და დაბრძენებულ მოხუცს ემსგავსებოდა.
სახელი შებმულ საყელურსა ჰგავს. დაიბადები, შეგაბამენ პატარა სიტყვას ყელზე და მერე საგზალივით სააქაოშიც უნდა იმყოფინო და საიქიოსაც წაიყოლო. დაჩემებული ჰქონდა რუფინე ქერისფერს ნიშნავს ლათინურადო და შერჩა ორი სახელი - რუფინე - ქერისფერი. თვითონ კი უფრო შავგვრემანი იყო, მაგრამ განა იცოდა. რუფინე კესარიელი მოწამე ყოფილა. მოწამეობისა არ ვიცი, მაგრამ ჩვენი რუფინე ბრმა იყო. ბრმა იყო, მაგრამ ჭიანჭველას ფეხს არ ადგამდა. ხალხს სუნთქვით სცნობდა, ღმერთს - გულისყურით. რა მალამო არ წაუსვეს თვალებზე, რა ნაყენი არ ასვეს მშობლებმა, რა ნახარშით არ მობანეს თვალები, რა საფენი არ აფინეს, რა წყაროს წყალი არ უზიდეს მუჭებით, არაფერმა უშველა. -ვაი, ჩვენი საბრალო შვილტიალაო და იცხოვრეს შვილის სადარდებლით. ან დედის კაბის კალთაზე ჰქონდა ხელი ჩაკიდებული და გვერდზე მიჰყვებოდა, ან - მამის შარვლის ტოტზე, ასე გამოიდოდა სამზეოზე. ხომ ბრმა იყო, მაგრამ პირველი მერცხლის მოსვლასაც ყველაზე ადრე გრძნობდა, გამთენიის ჟრიალსაც კანზე აქოჩრილი ბუსუსებით ხვდებოდა და მწუხრის სევდასაც განსაკუთრებულად უყუჩდებოდა. „ ფერისცვალების შემდეგ ფოთლები სხვანაირად იწყებენ შრიალს, წლეულს მალე დაზამთრდებაო...“ ჩამოფიფქა ქერისფერი რუფინეს გულშიც. მერე ჯერ შარვლის ტოტი ვეღარ იპოვა, რამდენიმე წლის შემდეგ კიდევ კაბის კალთას ვერ მიაგნო ხელის ცეცებით და დარჩა მთლად მარტო. ნამაყვლარივით შეახმა ცხოვრება სახეზე.
-როგორა ხარ, რუფინე, შენს ქერისფერ მზესაო! - რუფინეს თავისი სინათლე ჰქონდა შეყუჟული უსინათლო თვალებში, თავისი სულის ჭრაქი უნათებდა შიგნეულს და სახეზე ეფინებოდა კეთილად. თავისი მზე დაუდიოდა სისხლის ნაცვლად ძარღვებში, თავისი ნამგალა მთვარე ეკაუჭებოდა მხარზე, თავისი სამყარო ჰქონდა თავისი ფანტაზიის ნამარაგევი.
დილაბნელაზე გავიდოდა ეზოში ხელისცეცებით, ეზოდან ქუჩაში, ქუჩიდან გორაზე ავიდოდა, ერთ კორდზე შედგებოდა, გაშლიდა ხელებს და ქარი როგორც კი დაუბერავდა ააფრიალებდა მის გახუნებულ ხალათს…თუმცა იქ ქარი სულ ქროდა. შორიდანვე მოჩანდა მოფრიალე რუფინე. თუ ვინმე თვალს მოკრავდა შორიდან გასძახებდა : - რას უდგახარ კაცოოო, ხელებგაშლილი შუა მინდორში, რას აფრიალებ ხალათსაოოო ?
-ქარს ვაგროვებოოო, - უპასუხებდათ რუფინეც. ზოგმა იფიქრა გაგიჟდაო, მაგრამ შემდეგ ზუსტად იმ ადგილას რუფინეს გახუნებული ხალათის ნაცვლად თეთრფრთიანი „ ქარის წისქვილი“ გამოჩნდა. რუფინემ იმდენი იარა ხელის ცეცებით სოფლის საკრებულოში, იმდენი იხვეწა ქარის პატარა ელექტროსადგურის მოწყობა შეიძლება იმ ფერდობზეო, ქარის ძალით ელექტროენერგია წარმოიშობა, ქარის ძალით სინათლეც შეიძლება დაინახოთო,რომ უსახსრობის გამო ქარის ელექტროსადგურის გამართვა ვერ მოხერხდა, მაგრამ პატარა ქარის წისქვილი ჩაუდგეს, ქერისფერი რუფინე დააყენეს მეწისქვილედ. სახლში აღარც კი მიდიოდა, მთელ დროს წისქვილში ატარებდა. მოჰქონდა ხალხს ხორბალი, ქერი, სანელებლებიც კი და უფქვავდა ქერისფერი რუფინე ყველას თვინიერად. რუფინეს ადამიანივით უყვარდა ქარის წისქვილი, წისვილსაც ადამიანივით უყვარდა რუფინე, ალბათ იმიტომაც მარცვლელუთან ერთადა ფქვავდა რუფინეს ქერსაც და ხელსაც, ხმასაც და თმასაც, ქვასაც და ძვალსაც, სიტყვასაც და სეტყვასაც, მანამდე სანამ ამ ქარის წისქვილმა ქერისფერი რუფინეს საწუთრო მთლად არ ჩამოფქვა, დაანელა და დააბნელა...
დღესაც თუკი გაივლით იმ მხარეში, ამაღლებულ ბორცვზე რუფინეს ნაცვლად რუფინეს ქარის წიქვლი დაგხვდებათ, რომლიც კვლავ ქარს აგროვებს, რუფინეს გახუნებული პერანგი კი ვინ იცის ამ დროს საიქიოში ფრიალეეებს....
არ ვიცი, სკოლაა თუ თეატრ-სტუდია, თუმცა მაგარია მთავარი როლი. ალეკო მაბრაზებს, გიჟის როლი გაქვსო. შურიანი, თვითონ ქარის წისქვილი რომ არის, ეს შურს, ერთი უნდა კარგად ჩავცხო ჩემი შუბი...
- დონ კიხოტი ვარ, რაინდი ვარ მწუხარე სახის,
სევდა და დარდი ჩემს შარაგზას ეკლებად აზის.
ლამანჩაში რომ დავიბადე ეს არაფერი,
სულით და გულით ბატონებო, მე ვარ ქართველი.
სატრფოს დავეძებ დულცინეას, ლამაზთა ლამაზს.
მის თვალთა შუქი და სინათლე აავსებს დარბაზს.
მისნებმა მითხრეს, თბილისშიო ცხოვრობსო იგი,
მისი სიტურფის სანახავად დამდგარა რიგი.
შორი გზა განვლე, როსინანტი ავად გამიხდა,
სიზმრად ნახული თეთრი ყვავი შავად ამიხდა.
სანჩო პანსამაც მიმატოვა ამბობს რომ შია,
ასე მგონია მისი ჭკუა მხოლოდ ყბაშია!
- კარგია, ლუკა, ოღონდ რასაც ამბობ, ეს უნდა იგრძნო, დაიმახსოვრე შენ ხარ მწუხარე სახის რაინდი, ეს მინიმუმ სახეზე უნდა შეგეტყოს!
-რა ვქნა, მას, ვიტირო!
-არა, კი არ უნდა იტირო, უნდა მეტის ექსპრესია აჩვენო, გამომეტყველება ტრაგიკული, სატრფოს ეძებ!
-,,გულ-ამოსკვნილი ვტიროდი, სადა ხარ ჩემო დულცინეა!“ - დამცინის ალეკო.
-ბოცვაძე, გაგაგდებ გარეთ!
-დარჩებით, მასწ, ქარის წისქვილის გარეშე!
-არ მეშინია, შენს გარდა ორი წისქვილი მყავს კიდევ!
-მასწ, ტექსტი არ მომწონს, რა, დულცინეა ნათურაა რომ დარბაზი გაანათოს? - ვიწუნებ სცენარს.
-შეყვარებული ადამიანი რას იტყვის, ხელოვნებისთვის არ აქვს არსებითი მნიშვნელობა!
-ფიზიკისთვის ხომ აქვს, დაგვესწრება და გაგვაკრიტიკებს!
-შენ ფიზიკაზე ნუ დარდობ, ბიოლოგიაზე იდარდე, სამყარო როგორ გადაგავარჩინოთო, პროექტი რომ მოგვცა!
ეს დულცინეაა, ოღონდ ტობოსელი არაა, გლდანელია და სინამდვილეში სახელი ლილე ქვია. ხელოვნების მასწავლებელმა არ ვიცი მე რატომ მომცა დონ-კიხოტის როლი, ლილე კი ვიცი დულცინეა რატომაცაა, იმიტომ რომ ლამაზია, პლუს ყველა საგანს კარგად სწავლობს - ათოსანია. მახსენდება, ხვალ პროექტი უნდა წარვადგინოთ, დედამიწის გადასარჩენად და ჩვენი ჯგუფის ლიდერი ლილეა!
- ვისი ჯერია, სად არის სანჩო!
- მასწ, წეღან გთხოვათ, ბუფეტში გავალო!
- მართლა სანჩოა, რა... წისქვილო, წისქვილო კი არა, ბოცვაძე, დაუძახე, სანჩოს, მოვიდეს, დატოვს მშიერს ბავშვებს!
- მას, მოვედი!
- პირდაპირ ტექსტით შემოდი!
- ბატონო ჩემო, ბატონო ჩემო, ძლივს გიპოვეთ, სად დაიკარგეთ?!
-მოხვედი სანჩო, რა მიირთვი, ბულკი თუ ხარჩო!
-ეს არაა ტექსტში, მას!
-დონ-კიხოტ, მაიმუნობას თავი დაანებე...
- არ ვიცი სანჩო, ჩემი ფიქრი, გონება, აზრი,
დღეს დულცინეას ტრფობამ დაჯავშნა,
მას დავეძებ, მისი სახე გულს ბეჭდად აზის.
- ალბათ იპოვით, რადგან ეძებთ
გსმენიათ ალბათ: ვინც დაეძებს პოულობს კიდეც.
- შენი ძვირფასი ლურჯა რას შვრება,
როსინანტი მასზე დარდმა ავად გახადა.
- ბატონო ჩემო, ბალახი რომ ვერსად ვუპოვე,
ადგილობრივ ცირკს საკუთარი ფეხით ჩაბარდა.
- ეგ რა მითხარი, არა უშავს მე გამოვიხსნი,
სიკეთე რო ვქმნა, ქვეყნად ღმერთმა მისთვის დამბადა!
გახსოვს შენს ლურჯას და ჩემს როსინანტს,
როგორ უყვარდათ ცეკვა „ლამბადა”.
-მას, როდის იყო ცხენი და ვირი ცეკვავდა, დირექტორმა ჩხუბი არ დაგვიწყოს! - ახლა გიგა-სანჩო იწუნებს სცენარს.
-შენ ხარ მსახიობი, რაც წერია, ის თქვი... ახლა დონ-კიხოტის და დულცინეას სცენა, ლუკა დაიწყე:
- დულცინეა, ჩემო ძვირფასო
როგორ გაგვყარა ავმა დროებამ,
შენზე ფიქრებმა დამიღარა შუბლი და გული,
შენს სათნო ღიმილს ო, როგორ ვარ დანატრებული.
-უფ, დონ-კიხოტ, შენ არ გაქრი!
-ო, დულცინეა,
მე იმ „მარშუტკის” ნომერი მიყვარს, შენ რომ დაყვები!
ის ქუჩა მიყვარს, თუნდაც სახელ გადარქმეული,
სადაც შენ ცხოვრობ!
ის მერხი მიყვარს დაჩხაპნილი, შენ რომ უზიხარ!
და იცოდე, ჩემს გულში ზიხარ?
- სიგარეტი გაქვს, ესპანეთში რას ეწეოდი? - ალეკო ერთვება, არადა ახლა საერთოდ არ იყო მისი სიტყვები. ლილეს უნდა ეპასუხა, ის ჯერ ალეკოს უყურებს, გაბრაზებული, მერე ერთ ხელს შუბლთან იდებს, მეორე ხელს ჩემსკენ იშვერს და ამბობს.
- ჩემო რაინდო ეს ურჩხული შუბით განგმირე,
წისქვილი სახე მიუღია, დაფქვას მიპირებს!
-ლილე, შენ რაღა დაგემართა? ამათ კიდე ეს უნდა? - ბრაზობს ხელოვნების მასწავლებელი.
-ბოდიში მასწ, გაგვიშვით რა, ხვალ პროექტი გვაქვს ბიოლოგიაში!
-კარგი, დღეს მოვრჩით, ხვლა რადგან პროექტი გაქვთ, გასვენებთ, ზეგ არ დაიგვიანოთ რეპეტიციაზე!
სკოლის დარბაზიდან გამოსულები ჩვენს საკლასო ოთახში შევდივართ. მთელი კლასის სამ ჯგუფად არ ის დაყოფილი, ერთ-ერთი ჩვენ ვართ. ისე გამოვიდა, რომ ჯგუფის წევრები სპექტაკლსაც ერთად ვდგამთ, ოღონდ ეს შემთხვევითია თუ ლილემ ჩააწყო არ ვიცი. ახლა კლასში მხოლოდ ჩვენ ვართ.
-იცით, გამარჯვებული გუნდი ზამთარში ბაკურიანში წავა ერთი კვირით! - ამბობს ლილე
-ეს რომ არ უთქვამთ!
-ხოდა გეუბნებით! უტყუარი ინფორმაცია მაქვს, დირექტორი სიურპირიზს გვიმზადებს, დამრიგებელს წამოსცდა. ლუკა, პლაკატი მზად გაქვს? - მე მეკითხება.
-კი, მზად მაქვს!
-ზედ რა აწერია?
- მე ვთქვი პლაკატის მოვამზადებ, მეთქი მაგრამ ზედ რა დავაწერო, არ გადაგვიწყვეტია!
- შენ ხარ ლიდერი? დატუქსე, გაუბრაზდი, უყვირე! - ჩემზე აქეზებს ალეკო.
- შენ, ბევრს რომ ლაპარაკობ, მოიძიე სლაიდები!
- ქვეყანა!
- აბა მაჩვენე!
- სახლში მაქვს!
- საღამოს ფოსტაში ჩამიგდებ! ხვალ ყველაფერი მზად უნდა იყოს, პლაკატი გვაქვს მოსაფიქრებელი რა დავხატოთ!
-მოდი დედამიწა დავხატოთ, თითქოს ცეცხლში იწვის! - ამბობს მეორე წისქვილი.
-ეს ისედაც ასეა, რაიმე სხვა, ორიგინალური!
-აბა დიდი თეთრი დათვი, ორი ბელით და პატარა ყინულზე დგანან და გემს ავტოსტოპით აჩერებენ! - ამბობს გიგა-სანჩო.
-გემს თუ აჩერებენ ავტოსტოპი როგორღაა, გემსტოპი გამოდის! ცუდი არაა, სხვა გვაქვს რაიმე იდეა?
- თავისუფლების ქანდაკება რომ დავხატოთ, თითქოს წყალში იძირება? - ეს მეორე წისქვილის იდეაა.
-არა, ასე სჯობს, თითქოს ჩირაღდანი გადააგდო და ცდილობს გაცუროს! - ერთვება მესამე წისქვილი.
-ღადაობთ? არასერიოზული ხალხი ხართ! - წყინს ლილეს.
-კარგი, ვთქვათ ეს ყველაფერი გავაკეთეთ, ტექსტი? - კითხულობს ალეკო.
-ხო, ტექსტი მოვიფიქრებ რამეს! ისე და არის კი რაიმე შანსი რომ ეს გლობალური დათბობა შევაჩეროთ!
-კი, თუ ისევ გამოქვაბულებში დავბრუნდებით! პრომეთემ კი ღმერთებს ცეცხლი უკან უნდა დაუბრუნოს!
-ეს როდის იქნება! ხვალ რა ვთქვათ, როგორ ვაჩერებთ გლობალურ დათბობას!
-მე ვიცი, - ამბობს მესამე წისქვილი, - დონ-კიხოტმა გაანებოს ჩვეთან ბრძოლას თავი და გახსნას შპს ,,ქარის გენერატორი“, მე დიდ დიღომში ვცხოვრობ და სულ ქარია, დავდგათ ეს ქარის გენერატორები გორებზე და გვექნება აღდგენითი უფასო ეფექტური ენერგია.
-დგას უკვე ეგენი გორთან! - ვამბობ მე.
-ის ეყოფა? მარტო გორთანაა ქარი? - ცხარობს დიდდიღომელი წისქვილი.
-კარგი, ჩავთვალოთ ეს ერთი გზა, სხვა?
უკვე ერთმანეთს არ ვაცლით ლაპარაკს, ლილე ჩუმადაა და გვისმენს.
-რამდენ გზას ითხოვენ!
-რა ვიცი, რამდენიმეს მაინც და უკეთესი ავარჩიოთ!
-არ დავანაგვიანოთ დედამიწა!
-ამას ყველა ამბობს და მაინც ყველა ანაგვიანებს!
-აიკრძალოს ატომური ელექტრსადგურები!
-რას უშვები მერე იაპონიას?
-აიკრძალოს ატომური და წყალბადის ბომბების გამოცდა!
-სიგარეტის მოწევა აიკრძალოს?
-ტუალეტშიც?
-მე ვიცი, მაგრამ ძვირი ჯდება!
-აბა, თქვი!
-ავიდეთ ღამით მზეზე და დავაყენოთ კონდენციონერები!
-არასერიოზული კაცი ხარ, მთვარეზე მაინც გეთქვა და იქედან დაუბერავს გრილი ნიავი!
-ყველა ქვეყანამ რომ ბრძანება გამოსცეს და მაცივრების კარები გააღონ?
ლილეს ვაკვირდები, ჯერ მოიწყინა, მერე უცებ ცრემლი წამოუვიდა, დაიღალა ეტყობა, უხერხულად ვგრძნობთ თავს, ვაწყნარებთ და ვპირდებით, რომ ხვალ ყველაფერი კარგად იქნება.
სახლში მისულმა პლაკატზე დედამიწის კონტურები გამოვსახე, კონტინენტებით და თითქოს დედამიწა ტირის, ცრემლები მოსდის, ქვეშ კი მივაწერე: არ გავაბრაზოთ დედამიწა.
თემის პრეზენტაცია ლილემ წარმოადგინა, სხვადასხვა სლაიდებიც ვაჩვენეთ, ქარის გენერატორებიც ახსენა და მის ორგვარ ეფექტზე ისაუბრა, ერთი რომ ქარის ენერგია ელექტრო ენერგიად გარდაიქმნება და მეორე ქარიც ძალას დაკარგავს ზიანს არ მიაყენებს ადამიანებსო, ისიც თქვა, ფოტოელემენტების უფრო მეტად გამოყენება უნდა ხდებოდეს და გაიაფდეს, რომ ყველა საშუალო ოჯახმა შეძლოს მზის სხივებით ელექტროენერგიის მიღებაო. გამიკვირდა, ამაზე გუშინ საერთოდ არ გვისაუბრია. მერე პლაკატიც გავშალეთ. ყველას ეგონა პლაკატზე გამოსახული წვეთები სიცხისგან გულშეწუხებული დედამიწის ოფლი, მარტო ჩვენმა ჯგუფმა იცოდა, რომ ეს ლილეს ცრემლები იყო.
ჩენმა პროექტმა ყველას აჯობა, ხოდა ზამთრის არდადეგებზე სკოლა ბაკურიანში გვიშვებს, იქ იმედია ვერ მოგვაგნებს გლობალური დათბობა.
მივდივართ, ხო, მივდივართ! ვიომეთ, ვიფართხალეთ, მაგრამ რა? კუდით ქვა გვასროლინეს, დაგვღუპეს და დაგვაქციეს, ჩემო ბატონო, არადა, ჩემი ოჯახისაა ეს სახლი, ჯერ კიდევ ბაბუაჩემი იწკიპავდა აქ ულვაშებს!
ცხონებულს ეს ეზო-კარი რომ დოუნახავს პირველად, მორჩაო, უთქვამს, მე აქ უნდა დავსახლდეო. აჰაჰ, აქ რა გინდაო, გადარეულან ბიძაშვილები. ვინ დაგითმობს აქოურობას, წამოდი, ხვავიან-ხორაგიანი ცოტაა ადგილიო? მარა არაო, გოუფიჩინებია ფეხი ბაბუაჩემს. ჯიუტი ყოფილა ცხონებული და უშიშარი თან. წევიდნენ ბიძაშვილები, კი იცოდნენ, რა თავისნათქვამაც იყო ბაბუაჩემი და დოუწყია ამას სუნსული აქეთ-იქით, შემოურბენია ჩუმად თუ ეზო, თუ სახლი, შოუსწავლია, ვინ ცხოვრობდნენ შით, რითი ედგათ სული და ამათ რავა ვერ მოვერევიო, დოუქადნია.
რა არის მაინც, ჭკვიანი რომ დეიბადები ქვეყანაზე, შოუმჩნევია, ამ ხალხს შუქის გარეშე არ შეუძლია ცხოვრება არც დღე და არც ღამე. იქით რომ ტელევიზორი აქვთ ჩართული, აქეთ ყველა ნათურაა გაბარბალებული, ჰოდა, მიადგა თურმე და რაც ელექტრობა იყო, გადაჭრა და ისე მოსპო თურმე ყველაფერი, რომ ჩააქვესკნელა სამიდღემჩიოდ. ესეც არ აკმარა და და მიადგა კარ-ფანჯრებს, წაბლის ჰქონიათ, ძნელია მაგისი გაფუჭება, მარა ეწვალა კაიხანს და მოსპო ისიც თურმე. ვერ მოუფიქრებია იმ ხალხს სხვა ვერაფერი, კაი უჭკუოები გამომდგარან და მიდგომიან ტყეს და უჩეხიათ და უჩეხიათ. ცალკე ბუხარში შესაკეთებლად, რომ გამთბარიყვნენ და სახლიც გაენათებინათ ცოტა და ცალკე ახლა-ახალი კარ-ფანჯრისთვის, იმიტომ რომ რამდენი გააკეთეს, ვერ გადოურჩა ბაბუაჩემს. მაინც რა მოხერხებული მყავდა ის ცხონებული! მერე რა მოყვა ამას თუ იცითო? - გადმოგვხედავდა ხოლმე ცხონებული, იმ თავის აწკეპილ ულვაშში ჩაიცინებდა.
რაო, რაო, ავწრიპიდებოდით პატარები, თან თვალებში შევციცინებდით, ხუმრობა ხომ არ იყო ასეთი მოხერხებული ბაბუის ყოლა, ჩემო ბატონო?!
რაო და ტყეს რომ ასე სულელურად გამოშიგნავ, ან ქარიშხალი წაგიღებს და ან მეწყერიო და ისე აგიხდეთ ყველაფერი, ხან მართლა ქარიშხალი უტრიალებდათ სახლში და ხან მეწყერი უცლიდათ მიწას ფეხქვეშ.
ჰოდა, ამდგარან და ბოდიში მამითხოვია და ერთი აქოურობისაცო, უთქვამთ, მიუტოვებიათ ყველაფერი და გადასახლებულან საცხა.
დოუფასდა წვალება და შრომა ბაბუაჩემს! დარჩა ეს ეზო-კარი. მე შენ გეტყვი და თავად უშუქობა შეაშინებდა, მეწყერ-ქარიშხალი თუ სიცივე? კიდო ბოდიში მამითხოვია არ ეკიდა ფეხებზე? გოუძვრებოდა და გამოუძვრებოდა ყველაფერს, მერე პატარა კუნჭულს ამოითბუნებდა და კი იქნებოდა გაღაღანებული იმერელი ბაგრატიონივით.
ეჰ, კარგი იყო, მეც ბაბუაჩემივით მოხერხებული და ჯიუტი გამოვმდგარიყავი, მარა არა, აგერ ხელათ დამაქციეს და დამღუპეს ამ შეჩვენებულებმა. მარა, რა არის, იცი? ბაბუაჩემიც რომ ყოფილიყო ახლა, ჩემ ადგილზე, ვეღარც ის გააწყობდა ვერაფერს.
რატომ და მოვყვები აგერ, თავიდანვე, რაც იყო და როგორც იყო და მიხვდები.
აივანზე ვკოტრიალობდი ჩემთვის, მაგათი ლაპარაკი რომ მომესმა. გამისკდა გული, წამოვხტი, დავიმალე და ვცქვიტე ყურები.
აი, ესაა ჩვენი წინაპრების სახლიო, ერთმა უთხრა მეორეს, აბა, ამ ეზო-კარის მიტოვება როგორ იქნებოდაო.
ხოო, მაგრამო, მეორემ თქვა, რა ექნათო, ჯერ უშუქობაო, მერე მეწყერის შიშიო, ქარიშხლებისო, და ან კარ-ფანჯარას შეხედე, სულ დაღრღნილ-განადგურებულია და აქ როგორღა ეცხოვრათო.
აეგრე-მეთქი, გავიფიქრე გულში ნიშნისმოგებით, ეს რომ გავიგე, ვენაცვალე ბაბუაჩემს იმ აწკეპილ ულვაშში-მეთქი.
არა უშავსო, ისევ პირვლმა, ახლა ეს სოფელი რაიონიანად მერების შეთანხმებას შეუერთდა, რაც ენერგოეფექტურობას და განახლებადი ენერგიის წყაროების მოპოვებას გვავალდებულებს და ისეთ რამეს გავაკეთებთ, ნახე შენ, ყველას აქეთ მოუნდება წამოსვლაო.
ჩამეცინა ულვაშებში, აგერ არ ვარ ბაბუაჩემის მონაგარი? ჯერ რისი გამკეთებლები არიან და მერე კიდევ, გააკეთებენ, გავაფუჭებ, გააკეთებენ გავაფუჭებ, ოუცრუვდებათ გული, გაიქცევიან ესენიც და აქოურობის პატრონი ისევ მე ვიქნები-მეთქი, მაგრამ თურმე სად ხარ, სად ჩარჩენილხარ?! ეს რა ყოფილა, ეს ენერგოეფექტურობა და განახლებადი ენერგიის წყაროები! ახლაც ვერ მოვსულვარ გონზე, ისეთი ამბები დატრიალდა!
ადგნენ, მოიყვანეს სწრაფად თავისნაირები და ჯერ ხომ ისე შეფუთეს კედლები, ნაკლები ენერგია დაიხარჯოს, ზაფხულში გრილი იყოს და ზამთარში თბილიო, რომ ბევრი ვიფხაკუნე, მაგრამ ვერაფერი გავაწყვე, მერე ისეთი კარ-ფანჯარა გაუკეთეს სახლს, ორმაგიო, ენერგოეფექტურიო, რომ ერთი ნაფხაჭნიც ვერ დავატყვე! კარგი-მეთქი, ცოტა კი ჩამოვყარე ყურები, მაგრამ გული არ გავიტეხე, შუქს რაღას უზამენ, მაგას მაინც გადავჭრი და მოვსპობ-მეთქი, მაგრამ არც აქ გამიმართლა! მოადგეს სახლს რაღაც ლაპლაპა და აიო, იმ პირველმა უთხრა დანარჩენებს, თუ გვინდა, რომ ბუნება შემოვირიგოთ და არ დავაბინძუროთ სითბური გაზებით, ენერგიის განახლებადი წყაროები უნდა გამოვიყენოთ, მაგალითად, ეს მზის კოლექტორიო, შუქიც გვექნება, თბილი წყალიც და სახლის გათბობაც თანაც ამით ბუნებსაც გავუფრთხილდებითო. თუ არ გვეყოფა კიდევ, ქარის ენერგიასაც მოვიშველიებთო.
რაღა ბევრი გავაგრძელო და დავმარცხდი, მოვკაკვე ულვაში, რა ვქნა, კი მისკდება გული, მაგრამ ვის დავუმალო და ვაღიარებ აგერ.
ესენი აქედან წამსვლელები აღარ არიან და ისევ მე მივდივარ. რა ვქნა, არ ყოფილა ჩემისთანების ადგილი ამ ენერგოეფექტურ სახლებში, ჩემო ბატონო...
თაგვმა უკანანასკნელად მოავლო თვალი კაკლის ჩრდილით დაჭორფლილ ეზოს, თეთრფანჯრებიან კოხტა სახლსაც მიაშტერდა სევდიანად, მერე ცოლ-შვილს დაუწრიპინა, მომყევითო და ქვიან ორღობეში სწრაფად გაცუხცუხდა.
1
ახალგაზრდობას, სილამაზეს, სიყვარულს ყოველთვის თან ახლავს ვნებათაღელვა. ეს არახალია, ძველია და, თუ კაცობრიობას ამ სამყაროში არსებობა მოზომილი არა აქვს, მაშინ მარადიულიცაა. ამბავი, რომელიც მინდა მოგიყვეთ, ბევრისთვის ალბათ სულაც არ არის საგულისგულო, მაგრამ მე დღემდე ვერ დამივიწყებია და ხშირად მახსენებს თავს, მიუხედავად იმისა, რომ მას მერე ათწლეულზე მეტი გავიდა.
ერთი ხანი გეოთერმული წყლების კომპანიის საძიებო ჯგუფში ვმუშაობდი. სამხრეთ საქართველოში, მდინარე მაშავერას ხეობაში, ბურღვითი სამუშაოების დაწყება მცირე ხნით გადაიდო და თბილისში ვბრუნდებოდი. საშინლად დანგრეულ გზაზე მიწევდა მოძრაობა. რყევით, ჯაყჯაყით მოვდიოდი, ჩემი ფურგონის ძარა არცთუ დაბალი იყო და არც სიფრთხილე მაკლდა, მაგრამ მაინც ხშირად ვარტყამდი. მანქანა უფრო მეცოდებოდა, ვიდრე ჩემი თავი, ყოველ მჭახე ხმაზე ბრაზით ვივსებოდი. დაბალმა სიჩქარემ და საჭის გამუდმებით აქეთ-იქით ტრიალმა დამღალა, რყევა-ძიგძიგმა ტვინი გამომილაყა. არცთუ სასიამოვნო ფიქრებში თითქოს მზერა მომნისლოდა, გაბრუებულივით ვიყავი, გაშტერებული ვიყურებოდი წინ.
ალაგ-ალაგ სრულიად უკაცრიელ ადგილებს გავდიოდი, ზოგან მწყემსებს ცხვრის არცთუ მრავალრიცხოვანი ფარა შეეფინათ გვალვით გადაყვითლებულ საძოვრებზე. ერთი საკმაოდ გრძელი დაუსახლებელი მონაკვეთიც რომ გავიარე, მანქანას წინიდან ძაღლი მოაწყდა (ასეთ დროს ძაღლის გონიერებას ეჭვქვეშ ვაყენებ ხოლმე), კინაღამ გავიტანე, მერე ყეფა-ყეფით მდია მთელი ასი მეტრი. ამასობაში ერთმანეთს მიდგმულ-მიჯრილი ქვიტკირის სახლებიც გამოჩნდა, საიდანაც უკეთესი გზა იწყებოდა და გამოვერკვიე, თავი გავიმხნევე ცოტათი.
ის იყო, ვუმატე სიჩქარეს, რომ მარცხენა შესახვევიდან (ვიწრო შუკა იყო) ორი ბიჭი სირბილით გამოვიდა. ხელი რომც არ დაექნიათ, ისედაც ცხადი იყო, წამოყვანა უნდოდათ. როგორც კი დავამუხრუჭე, ეგრევე გამოქანდნენ მანქანისკენ, უკანა კარი გამოაღეს, მერე ერთ-ერთმა უკან დაჯდომა გადაიფიქრა და ჩემ გვერდით მოთავსდა. შევათვალიერე ორივე: წინას პატარა წვერი მოეშვა, იგი ტანად უფრო მოსული იყო და ასაკითაც უფროსს ჰგავდა, თუმცა ოცი არ შესრულებოდა ალბათ. უკან მჯდომარე გამხდარი, გრძელთმიანი ბიჭი, მასზე ორი-სამი წლით უმცროსი იქნებოდა.
- რა კარგ დროს გამოიარეთ, - კმაყოფილება გამოხატა უფროსმა და პატარამაც აუბანა - მაგრა გაგვიმართლა, თორემ კარგა ხანს მოგვიწევდა ლოდინიო.
2
- გზის რემონტზე არ ამბობენ რამეს? - უფრო საუბრის გასაბმელად ვიკითხე.
- არის ლაპარაკი, მაგრამ არა მგონია, გაკეთდეს.
- დამანგრია კაცი, ძლივს მოვაღწიე აქამდე!
- თირკმელში კენჭების დასაშლელათაა კარგი.
- ესეც რა გზაა, მაგრამ აქამდე მთლად საშინელებაა.
- გზა რომ არაა, იმიტომ არ ჩერდება არავინ, დაიცალა იქითა სოფლები.
ამ ლაპარაკში გავიარეთ სამიოდე კილომეტრი. ერთ მომენტში უკან მჯდომარე ბიჭი წინ მკვეთრად გადმოიხარა და თავის მეგობარს გზის პირას ახალდადგმული ბანერისკენ მიუთითა:
- ის გოგოა, მე რომ გეუბნებოდი!
მობილური ოპერატორის სარეკლამო ბანერზე ტელეფონმომარჯვებული ულამაზესი გოგონა მომხიბვლელად იღიმოდა. თეთრი პერანგი და შავი საფირმო კოსტიუმი ეცვა. ნახევარპროფილით იყო გამოსახული, ყელი მოეღერებინა, ოქროსფერი სქელი თმა მხრებზე გადმოღვროდა.
- მართლა კარგი გოგო ყოფილა!
- მაგარი გოგოა!
- მერე რას შვრება ბადრი?
- რა ქნას? უნდა ცოლად მოიყვანოს, მაგრამ ჯერ ვერ დაიყოლია.
- ოო, ასეთი გოგოს დაუფლება არ იქნება იოლი საქმე, - დიდად გამოცდილი კაცის სერიოზულობით უთხრა წინამ.
- მე რაც ვიცი, ერთი კონკურენტი ჰყავს. იმ გოგოს ანსამბლშია ისიც, მოცეკვავეა. კარგი ბიჭია გარეგნობით.
- მეტი რას ვამბობ, რთულად ყოფილა საქმე, ძლიერი კონკურენტი ჰყოლია, ერთ ანსამბლში თუ არიან, სულ ერთად იქნებიან.
- ჰო, მაგრამ გოგოს არ ეჩქარება გათხოვება და ჯერ არაფერი არა აქვს გადაწყვეტილი.
- შენ რა იცი?
- ბადრი მეუბნება.
- რა ჰქვია?
- ქეთი ჰქვია.
- მაგრად ევასება ბადრის?
- ოჰ, მაგი რომ სხვას გაჰყვეს, გაგიჟდება.
- გაგიჟდება არა!
- გეუბნები, მაგრა უყვარს, შეიძლება მაგის გულისთვის თავი მოიკლას.
3
ბიჭები ისე გაიტაცა ბანერზე გამოსახულ ქალიშვილზე საუბარმა, მგონი ცოტა ხნით ჩემი არსებობა დაავიწყდათ. სიამოვნებით ვუსმენდი მათ, უკვე ვხვდებოდი, რომ ბადრი უკან მჯდომარის უფროსი ძმა იყო. მომწონდა, ასე რომ გულშემატკივრობდა შეყვარებულ ძმას. მთელი სერიოზულობით და განცდით ჰყვებოდა ახალგაზრდების სიყვარულის ამ ჩვეულებრივ ამბავს. ქალიშვილის გვარიც თქვა და მის მამაზეც დასძინა რამდენიმე სიტყვა - ესა და ესაა, აქა და აქ მუშაობდაო. ესეც ისე თქვა, ეტყობოდა ყოველმხრივ მოსწონდა სარძლოდ.
გზას გავყურებდი და ხმას არ ვიღებდი, რათა ბიჭებისთვის წამოწყებული საუბარი არ შემეწყვეტინებინა.
- ერთ დღეს მობილური გაუფუჭდა და კინაღამ გაგიჟდა, დღეში ათჯერ ურეკავს.
- თუ პასუხობს ის გოგო?
- ზოგჯერ კი.
- სად ნახა პირველად?
- მე მგონი, კონცერტზე.
- ახლა სარეკლამო სახე რომ გახდა, კიდევ უფრო მიიქცევს ყურადღებას.
- ჰო, უფრო პოპულარული გახდება.
- ბევრგანაა ასეთი ბანერები?
- მე რაც ვიცი, სამ ადგილასაა, გასულ კვირას დააყენეს ყველა.
- მაგას რა ჯობია, შეყვარებულის სურათს რომ ნახავ გზაზე.
- ჰო, მარა ხშირად რომ გაგახსენდება...
- ვინც უყვართ, ისედაც ახსოვთ.
ბოლოს ბიჭებმა თემა ამოწურეს, საუბარი შეწყვიტეს და დადუმდნენ.
რაიონული ცენტრის შესასვლელთან კიდევ შემოგვხვდა ისეთივე ბანერი. უკანა ისევ გადმოიხარა წინ ბანერის შესახედად, თუმცა მეტი არაფერი უთქვამს. მალე გაჩერება მთხოვეს და მათ გარეშე განვაგრძე გზა. გუნება-განწყობა შეუმჩნევლად გამომკეთებოდა.
* * *
ახლობლის ორმოცზე სოფლის ტაძარში სულის მოსახსენიებელი პარაკლისი უნდა გადაგვეხადა. წინასწარ შევუთანხმდით მღვდელს.
- არ დაგაგვიანდეთ, თორემ მერე ჯვრისწერა დაიწყება და ლოდინი მოგიწევთ, - გაგვაფრთხილმა მამა ილარიონმა.
ქალებმა კალათაში ჩაგვილაგეს პურმარილი, მე და ბიძაშვილმა პატარა ბოცით ღვინოც წამოვიღეთ და ცოტა ადრე მივადექით ბორცვის თავზე წამომართული პატარა ტაძრის ეზოსკენ ამავალ კიბეს. აქ კიდევ ყვავილებით და ფერადი ლენტებით
4
მორთული სამი მანქანა იდგა, ჯვრისწერაზეც მოსულიყვნენ უკვე. ტაძარში ორი ყმაწვილი სტიქაროსნის მეტი არავინ დაგვხვდა, მღვდელი მიცვალებულისთვის წესის ასაგებად წაეყვანათ, მალე დაბრუნდებაო, გვითხრეს. სანთელი დავანთეთ და გარეთ გამოვედით. ვრცელი ეზოს უკანა მხრიდან დროის გასაყვანად მოსეირნე მექორწილენი გამოჩდნენ. ყველანი ახალგაზრდები იყვნენ. რა თქმა უნდა, საპატარძლო იქცევდა ყურადღებას პირველ რიგში. ტანწერწეტა გოგო იყო, ზომიერად მაღალი, სახის ნაზი და სრულყოფილი ნაკვთებით. მკერდ-წელზე ლამაზად გამოყვანილი, მაქმანებით და გიპიურის ქსოვილით მორთული ქათქათა საქორწინო კაბა ეცვა, ფატას ნიავი ურხევდა. ზამთრისპირის სუსხიანი ამინდი იდგა და მისი მოშიშვლებული მხრების შემხედვარე იფიქრებდი, რამე მოეხურა, არ გაცივდესო. ვაჟსაც კარგი აღნაგობა ჰქონდა, თეთრ პერანგსა და შავ სმოკინგში მშვენივრად გამოიყურებოდა, უხდებოდნენ ერთმანეთს. მომყოლებიც კარგად ჩაცმულები და ელეგანტურები იყვნენ. ეზოში გაფანტულად დასეირნებდნენ, დაქირავებული ფოტოგრაფი მოჰყავდათ, უამრავ სურათს იღებდნენ. პატარძალი სიამოვნებით პოზირებდა ფოტოგრაფის მოთხოვნით, ხან ცალ-ცალკე, ხან ჯგუფურად იღებდნენ სურათებს. მათ ყურებაში ბიძაშვილთან ერთად კარგად გავერთე. ამასობაში მამა ილარიონიც მოვიდა. შეთანხმებისამებრ, პირველად ჩვენ გვიხმო, კალათა სტიქაროსანს სატრაპეზოში წააღებინა, ჯვარცმასთან სანთლები დაანთო, ჩვენც დაგვაკავა ხელში, წიგნი გაშალა და ლოცვა აღავლინა. კითხულობდა სწრაფად და მონოტონურად, ზოგჯერ ფრაზის დაბოლოებებს წამღერებით წარმოთქვამდა, როგორც საღვთო ტექსტების კითხვისას აკეთებენ ხოლმე. შიგადაშიგ პირჯვარს იწერდა და ჩვენი მიცვალებულის სახელს ახსენებდა, უფალს მისი სულის მოხსენიებიას შესთხოვდა, რასაც ჩვენც ბუტბუტით ვიმეორებდით.
პარაკლისი რომ დასრულდა, მამა ილარიონს მადლობა გადავუხადეთ და წასასვლელად გამოვბრუნდით. ამ დროს ჯვრისწერაზე შემოვიდნენ, კართან შევხვდით ერთმანეთს. პატარძალს ახლოდან რომ შევხედე, თითქოს მეცნო. გონება დავძაბე და გამახსენდა: ბანერზე გამოსახული გოგო იყო, მობილური ოპერატორის სარეკლამო სახე! გამიკვირდა, რადგან იმ ბანერებიდან საკმაოდ შორს ვიმყოფებოდით და ასეთ შეხვედრას არ ველოდი. ეტყობა, ახალგაზრდებმა ზედმეტ ხალხმრავლობას აარიდეს თავი ანდა, უბრალოდ, ასეთ მივარდნილ, მაგრამ რომანტიკულ ადგილას არჩიეს ჯვრისწერა. ნახევარი წელიწადი იქნებოდა გასული მას შემდეგ, რაც ქალიშვილის სურათი ვნახე. იმ ადგილას გავლისას უნებურად შევხედე ერთი-ორჯერ, მერე კი ყურადღებას არ ვაქცევდი, თანდათან მიმავიწყდა.
მცირე ხნით დავყოვნდი, ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს ახლო ნაცნობი
5
იწერდა ჯვარს, მეტი ინტერესი აღმეძრა მისადმი. იმასაც მივხვდი, რომ სწორედ იმ მოცეკვავეზე ქორწინდებოდა, რომელზეც ბიჭები ჩემს მანქანაში ლაპარაკობდნენ. იმ დღის ფრაგმენტებმა ჩამირბინა გონებაში, ჩემი ახალგაზრდა მგზავრები წარმომიდგა თვალწინ, ზუსტად მახსოვდა მათი დიალოგი, არა მარტო სიტყვები, კილოც, ინტონაციაც და ის სულიც, რაც იმ საუბარს ახლდა.
ჰმ! ნეფეს კიდევ ერთხელ შევხედე და ახლა უფრო მომხვდა თვალში მისი სწორი ტანი, მოცეკვავეებისთვის დამახასიათებელი გამართული სიარული. მართლაც რომ ლამაზი წყვილი იყო. სასიამოვნოა ასეთი ქალ-ვაჟის გვერდიგვერდ ხილვა.
„ღმერთმა დაგლოცოთ და ბედნიერად გაცხოვროთ!“ - უნებურად გავიფიქრე.
შინ მისულმა შეხვედრის შესახებ მეუღლეს მოვუყევი. ასე მეგონა, ამით დამთავრდა ეს ამბავი.
გავიდა კიდევ ორი თვე. საძიებო სამუშაოს შევუდექით და ხშირად, კვირაში ორ-სამჯერ მიწევდა ზემოთ აღწერილ გზაზე სიარული. უკვე „ნივით“ დავდიოდი და უგზოობასაც მეტნაკლებად შევეჩვიე. ერთ საღამოს დაახლოებით იმ ადგილას, სადაც ბიჭები დამემგზავრნენ, გზის პირას წელში მოხრილი ხელჯოხიანი დედაბერი დავინახე, გვერდით ბოღჩა ედო. როგორღაც მორიდებით დამიქნია ხელი.
- ბოლნისში მივდივარ, შვილო...
მანქანიდან გადმოვედი, ჩაჯდომაში დავეხმარე.
ერთხანს უსიტყვოდ იჯდა, მერე ზურგიდან გაურკვეველი ბუტბუტი შემომესმა. უკან სამზერი სარკიდან შევავლე თვალი, დედაბერი თავისთვის რაღაცას ბურტყუნებდა, უკმაყოფილო და გაბრაზებული მეჩვენა.
- რამე ხომ არ გაწუხებთ, დედი?
პასუხი დააყოვნა და ვიფიქრე, ალბათ ყურს აკლია-მეთქი.
- აი, გზაზე სურათი როა დახატული... - ნახევარი წუთის შემდეგ პირის ცმაცუნით წამოიწყო. - მობილური თუ რა ჰქვია, რაღაც ეშმაკი რომ უკავია გოგოსა...
უცებ ხმა გაებზარა და აცრემლდა.
კიდევ ერთხელ შევხედე, დედაბერმა აკანკალებული ხელი ამოისვა წირპლიან თვალზე, ცრემლი შეიშრო, შეეცადა თავს მორეოდა.
რაღაც ვიგრძენი ბუნდოვნად და გულში უსიამოვნო იმპულსმა გამირბინა.
- ჩემმა უბედურ დღეს გაჩენილმა შვილიშვილმა... იმ გოგოს გულისთვინა... მაგ მაცთურის გულისთვინა... სისუ...ლელე... ჩა...
წინადადება ვერ დაასრულა, ატირდა, ასლუკუნდა, გალეულ პირისახეზე ისევ დასდინდა ცრემლი.
19:45 წუთზე წავიდა.
ვიკა რვას რომ აკლდა თხუთმეტი წუთი მაშინ წავიდა. ვიკა და მე თსუ–ს ცნობილ ბაღში ვისხედით, იმ ბაღში სადაც მრავალი წყვილი აყოლილა გრძნობებს და დაუვიწყარი კოცნებით გაუხალისებიათ ერთმანეთის თვალები. იმ ბაღში, სადაც თაობები იზრდებიან და ათასგვარ საკითხს განიხილავენ, თსუ–ს ბაღში, სადაც ძეგლებია და ამასწინათ ჩემმა მეგობარმა ბებიამისის ძეგლიც წამომართა, როგორც ყველაზე ცნობილი ბებიის თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში. მოკლედ ბევრი ამბის მომსწრეა თსუ–ს ბაღი, ამბები ერთმანეთისგან განსხვავდება და არცერთი არ ჰგავს ერთმანეთს, ამიტომაც ინარჩუნებს აქაურობა ყველაზე ორიგინალურის და დაუვიწყარის სურნელს.
მე და ვიკა ერთმანეთის გვერდით ვისხედით, პატარა სკამზე, ქართული ორნამენტებით მოქარგულ სკამზე, საბჭოების დროს დადგმულ ქვის სკამზე. ვიკა თავისი მთელი მარცხენა მხრით შეზრდილიყო ჩემს მარჯვენა მკლავთან, თავი ჩაესვა ჩემს კისერთან და ფისოსავით მეგლისებოდა. მე კი ეს სითბო ისე მსიამოვნებდა ყველა მოჯარულ სიტყვებს თავგზა ერეოდათ და უშინაარსოდ, არალოგიკურად იხსნებოდნენ ჰაერში გახსნილი გაზიანი სასმელებივით. მე და ვიკა ვკამათობდით, ჩვენს ურთიერთობაზე, რომ ის ისეთი აღარაა როგორც დასაწყისში, რომ მე მასთან მინდა, მას კი ეს არ შეუძლია დედის გამო, რადგანაც პასუხისმგებლობას გრძნობს, გადამეტებულსაც კი საკუთარი ავადმყოფი დედის მიმართ. ეს პასუხისმგებლობა გაზვიადებული რომ აქვს თავადაც ხვდება, მაგრამ მაინც ასე იქცევა, იმას კი ვერ ხვდება რომ დედამისისთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს ახლა ვიკა მასთან იქნება თუ არა. მოკლედ ვიკა მიხსნიდა რომ ახლა სამსახურს და დედას ვერ მიატოვებს და ვერავის ვერ გაეკიდება, ვერ ამყვება რომანტიულ და სასიყვარულო თავგადასავლებში, და რომ ახლა უნდა მოვითმინო თუ მინდა, თუ არა და we are done, ხო ზუსტად ასე მეუბნებოდა we are done. არა, ულტიმატუმი არ გეგონოთ, პირდაპირ ამას გულისხმობდა. წასვლისას, ადგა და გამიღიმა, „კარგი რა მორჩი, არ დაიღალე ამ უხალისობით და ჩაშხამებებით? კარგი რა, კარგი რა ნიკოლას, მოდი გაკოცებ“ და მომიახლოვდა და ლოყაზე ისე თბილად მეამბორა იმ დღეს გინდაც მანქანა დამჯახებოდა მაინც ღირდა იმ ერთ ლოყაზე მორიდებულ ამბორად.
ვიკა წავიდა და მე გადავწყვიტე თსუ–ს ეზოში დავრჩე, დავრჩე იმიტომ რომ გავიხანგრძლივო ვიკას სილუეტთან ყოფნის წუთები, დავრჩე იმიტომ რომ არსად მიმეჩქარება, დავრჩე იმიტომ რომ თავისუფლად და კომფორტულად ვიფიქრო ვიკაზე. ჩემს ვიქტორიაზე, რომელსაც კაცმა არ იცის რატომ, ან ვინ დაარქვა ეს რუსული სახელი. ჩემი ვიკა პატარა, ყავისფერ თმიანი გოგონაა, ერთი შეხედვით ნაზი და უთქმელი, მაგრამ თუ შეჯდა ვირზე მასზე ძლიერი, კატეგორიული და დიდივით პასუხისმგებლიანი არავინაა. ხანდახან მგონია რომ ვიკამ ახალგაზრდობა გააცდინა, თითქოს გადაახტა ჯეელობას და ახლა პირდაპირ ზრდასრულობაშია, არადა რომ შეხედოთ ისეთი ძერსკია, აი დღესაც აქ კიბეებზე რომ ამოვრბოდი და ვიკა ამ სკამზე მელოდა, შევხედე თუ არა და უნდა გენახათ როგორ აბოლებდა სიგარას, მივუახლოვდი და მერე ჩააქრო. თითქოს დამშვიდდა რომ მივედი და გავუღიმე, თითქოს ყველა მისი დეპრესიული, დაჭიმული ნერვი გამოცოცხლდა ჩემს დანახვაზე და სიგარამ თავი ძირს ჩაყო, კისერი მოეტეხა და უსულოდ დაეცა ვიკას გვერდით სკამზე, ისე საცოდავად გაიშხლართა ეს სიგარისნამწვავი რომ მეტიც არ შეიძლებოდა. მე ეს ყველაფერი ისეთი მხატვრული ოსტატობით შევამჩნიე, ვიკა ვერაფერს ვერ მიხვდა. ახლა კი რაც ვიკა წავიდა და მე მის ნამყოფ ადგილას დავრჩი, ვუყურებ თავმოჩეჩქვილ სიგარას და ხელში ვიღებ, გულში ვეუბნები ჩემს თავს რომ გავრეკე, მაგრამ ჰო, მე ამ სიგარას შინ წავიღებ და შევინახავ.
ვიკა, ვიცი რომ წახვედი მაგრამ მაინც ჩემზე ფიქრობ, ვიცი როგორც კი საქმეებს მოაგვარებ უნდა დამირეკო, დედასთან მიხვალ, მიხედავ და მერე კი მე უნდა დამირეკო, განა ასე არაა? მჯერა რომ გიყვარვარ, მჯერა რომ ჩვენი ურთიერთობა ერთჯერადი არაა, ჩვენი სიყვარული ყველაზე ორიგინალურია. ნუთუ, არ გახსოვს ჩვენი წინა პარასკევი ძველ თბილისურ სახლებში, იტალიურ ეზოებში რომ დავბოდიალობდით, მერე კი ოპერის წინ ახლადგახსნილ რესტორანში იტალიური პასტები მივირთვით, შენ კი ჩემს გვერდით ნაბავდი თვალებს, ხელით მეთათუნებოდი კისერთან და მუცელზეც კი წამეთამაშე. იმ დღეს გადაღებულ სურათში ყველაზე ბედნიერია შენი ნიკოლასი, ასეთი ბედნიერი იშვიათადაა, მხოლოდ შენს გვერდით, როცა იღიმის.
„ვიკა, შენ არასდროს ყოფილხარ ჩემთვის ის ათასი თევზი რომელიც ოკეანეშია, გესმის?“ განა, შეიძლება რამე იმაზე სასტიკი მოისმინოს შეყვარებულმა დარტანიანმა როცა სატრფო ეუბნება რომ There are thousands of fishes in da ocean. ასეთი ფრაზა როგორ კლავს და ძირში წყვეტს მცენარეს თქვენ ვერ წარმოიდგენთ. ჩემთვის ვიკა ის არის ვისთან ერთადაც მთელი ცხოვრებაა ვცხოვრობ, ჰოდა ახლა ვიკა დარეკავს.
20:03 წუთია
მე და ვიკას ერთი და იგივე პრობლემა გვაქვს, პრინციპში ჩვენც და მთელ სამყაროსაც ეს პრობლემა აქვს– სიყვარული. ვიკამ როგორც მითხრა there are thousands of fishes in da ocean, და მე ნუთუ ერთ–ერთი მათგანი ვარ? ისიც კი ამიხსნა, როგორ უნდა მოხდეს თუ დავშორდით როგორ უნდა ავიყვანო ახალი თევზი ოკეანიდან, მე კი ვიკა, შენთვის ბოლომდე არ მითქვამს, იმიტო რო არ დამცალდა, არ მითქვამს რომ შენ არავის არ ჰგავხარ, არც თევზებს და არც სხვა ყოფილ გოგოებს, შენთან ერთად მე ყველაზე მეტად ვარ მე, შენთან ერთად უხაროია ჩემს სულს, სულის კომფორტი მოვიწყვე როცა ბულაჩაურზე მეშვიდე თუ მერვე სართულზე ნაქირავებ სახლში ვუკითხავდით ერთმანეთს ენ ფილიპის სიტყვებს, სექსისგან გადაღლილები და დაცლილები, სამზარეულოში, საწოლ ოთახში, აბაზანაში – სექსისგან დაღლილები ერთმანეთს ენ ფილიპის სიტყვებს ვუკითხავდით სიყვარულის შესახებ. სულის კომფორტი იყო, როცა მანქანაში ვისხედით და მე გიტარაზე ვუკრავდი შენ კი მიმღეროდი „killin me softly, with his wordsss” გარეთ კი წვიმდა, გახსოვს? მაისის წვიმა იყო. მანქანის თავზე რახუნობდა, შენ კი მღეროდი შენი უცხო და მშვენიერი ხმით. მე ეს ყველაფერი ჩემი თვალებით ვიხილე, მე ამ ყველაფერს ჩემი სხეულით ვგრძნობ და ამიტომ ვარ ასე სავსე. დღეს იმაზეც კი დავდარდიანდი რომ რა იქნებოდა ჩემი ცხოვრება შენ რომ არ შეგხვედროდი, ჩემო რომანტიკოსო, შენს გარეშე როგორ გავუძლებდი იმ სიცარიელეს. ხანდახან მგონია, რომ მე უკანასკნელი მოჰიკანი ვარ ამ სამყაროში, ჯიუტი ბავშვივით დიდებულ სიყვარულს გიკიჟინებ. განსხვავებით მთელი სამყაროსგან, მთელი სამყარო ახლა მხოლოდ კოკაინს და მოცეკვავე ნაშებს ელის, ახლა ძერსკული და ბრენდული ბეგბედერისეული სიყვარულია, იმ ბეგბედერისა რომელიც უსიყვარულობას მისტირის, გამგები კი ცოტა ჰყავს, გაგებით მხოლოდ ის ესმით რომ there r thousands fishes u can take whenever u want some და საიდან წამოვიდა ეს აღმქები, თუ სულ ასე იყო? იქნებ ეს მუდმივი პრობლემაა, და ახლა მხოლოდ მასობრივი საშუალებებით ძ გაპიარდა? თუ ყველა და ყველაფერი უსიყვარულობის სიმბოლოა, და ყველა და ყველაფერი იქითკენ გვიბიძგებს, რომ სიყვარული არ არსებობს, მაშინ მე ვიქნები ის ვინც დაიწყებს სიყვარულის რევოლუციას. ჰო ეს გარდაუვალია. დამიჯერე, სისტემა ისე გადაიწვება უსიყვარულობით, რომ მოვა დრო, მოვა დრო როცა ყველა სიყვარულზე იმღერებს, ყველა იწამებს და იბრძოლებს ერთადერთი სიყვარულისთვის და აღარ იყრებიან თევზები ოკეანეში, არამედ ეს იქნება ერთგული და გულშიჩამკვლელი ლავსთორების ოდისეები. გახსოვს ის ამერიკული ფილმი? კაცი და ქალი ერთმანეთს თვითმფრინავში რომ შეხვდებიან, ავარიული დაშვებაა, ასე გაიცნობენ ერთმანეთს და შეუყვარდებათ ერთურთი, რაღაც–რაღაცების გამო მათი გზები გაიყრება, მაგრამ წლების მერე ხვდებიან ერთმანეთს და კაცი აღმოაჩენს რომ ქალი მისი ერთგული დარჩა, კალიასკას მიჯაჭვული მთელი ცხოვრება მის ოცნებას შენატროდა, მისი ნახატიც კი უყიდია სადღაც აუქციონზე და საწოლ ოთახში უკიდია, გახსოვს ეს ფილმი?
აგერ უკვე 20:30 წუთია, იქნებ ახლა მაინც დამირეკო, მიდი
აი ახლა დარეკავ, ახლა კი უეჭველად გაისმება შენი წკრიალა ხმა. ასეთ ფიქრებში წასულს ანომალიური აზრები მაწუხებს, შიზოფრენული ტალღები მადგებიან, ვფიქრობ რომ ეს ის სიყვარულია, რომელიც მისტიკასთანაც ახლოს უნდა იყოს, ჰომ, მეტაფიზიკური უნდა იყოს, ავიხედები ცაზე და უკვე ვარსკვლავები გამოჩნდნენ, აგვისტოს სიცხით ოფლდაღვრილი ვარსკვლავები, ისე ცხელა საღამოს თბილისში თითქოს ეს ვარსკვლავებიც დასიცხული ანათებენ. და მე ვუყურებ ერთ–ერთ მათგანს ყველაზე მბზინავს და ვეუბნები, გააგზავნე ენერგიები ვიკასთან და უთხარი რომ დამირეკოს, დამირეკოს რომ ვუთხრა რომ თევზები შეიძლება არსებობენ სადღაც რომელიღაც მდინარეში, ან რომელიღაც ზღვაში ან ოკეანეში, მაგრამ ის ჩემთვის არასდროს ყოფილა თევზი ათასთაგანი. ვიკ, შენ ჩემთვის იმ პატარა ბავშვის ბუშტივით ხარ, წითელი ბუტივით, ერთად რომ ვუყურეთ მზიურში ღია ცის ქვეშ ჩვენებაზე, le balloon rouge, როგორ კისკისებდი და იცინოდი, იმ პატარა ბიჭუნას დიდი წითელი ბუშტი ხარ შენ, რომელსაც მუდამ თან დაატარებს, რომელსაც გარს ევლება, რომლის გამოც ჩხუბობს და იბრძვის, ის წითელი ბურთი ხარ, ის იდეალები ხარ ჩემთვის, ჩემო ვიკა, არა მხოლოდ უბრალო ურთიერთობა. შენ ჩემთვის განახლებადი ენერგიების წყაროს დაემსგავსე, მოდიხარ ჩემს ცხოვრებაში არც ანათებ მზესავით, არც ქრი ქარივით, არც წყალივით დგაფუნობ და არც ნარჩენებს მიტოვებ, მაგრამ ყველა ამ ბუნებრივ ენერგიაზე უფრო მძლავრი ენერგია მოგაქვს, მოდიხარ შენ და ჩემი ცხოვრება ნახლდება, შენი ენერგიით ვიკვებები და დავემსგავსე დედამიწის მოსახლეობას რომელსაც უფრო და უფრო მეტი სუფთა ენერგია უნდა, უფრო და უფრო აანალიზებს რომ ნავთობისა და ჭაბურღილების სიყვარული ბინძური და მერკანტილურია, მზისა და ქარის ელექტროენერგია კი ისეთი რომანტიულია, ისეთი სასარგებლოა. შენ ზუსტად ასეთი აღმოჩენა ხარ ჩემს ცხოვრებაში. ვიკ, ჩვენს ერთად ყოფნას დამიჯერე ისეთი ენერგიის გამოყოფა შეუძლია რომ ნახევარ საქართველოს გაანათებს. დაფიქრდი, ხალხს ელექტროენერგია ესაჭიროება, ხალხს მობილურები აქვს დასატენი, ტელევიზროში საყურებელი აქვთ ჩემპიონატები, საინფორმაციო გადაცემები, ბიჭები პორნოებს უყურებენ, გოგოები ჯასტინ ბიბერს, ვიღაც წიგნს კითხულობს იმას მაინც არ უნდა შუქი? დედას? ორცხობილებს რომ აცხობს? ამ ყველაფერს ხომ უნდა ჰქონდეს აზრი და ხალისი? შენ სწორედ ასეთი ენერგია ხარ, ვიკ.
აი ახლა დარეკავ, იმიტომ რომ ერთი საათი გავიდა, მე კი ისევ თსუ–ს ბაღში ვზივარ, ისევ ჩვენს ადგილას, სადაც ჩვენ ვსაუბრობდით ჩვენს სიყვარულზე, სადაც გეშინოდა რომ ის არ არსებობს, მეშინოდა რომ შენ არ გჯერა ჩვენი სიყვარულის. მე კი, მე კი ამ მარტოობაში, ამ სიბნელეში და ამ მანქანების გამაყრუებელ პიპინში იმ შეშლილს ვემსგავსები ჰაქსლის „შეშლილ, საოცარ სამყაროში“ რომ ჩნდება, თითქოს, უნდა გავიქცე და სასოწარკვეთილმა თავი უნდა ჩამოვიხრჩო, თავი უნდა მოვიკლა კორპო და დაგეგმილი ურთიერთობების შემხედვარე, უსიყვარულობის შემხედვარემ, ან უნდა გავერიდო ყველას და ყველაფერს, ოი ოლდოს, ოი ოლდოს, შენც არ გწამდა რომ იქ თევზები არიან ოკეანეში, ოი, ოლდოს, ჩემო ოლდოს...
შენ თუ დამტოვებ, ვიკა, მე ყველაფერს გავაკეთებ რომ ერთხელ სიბერეში მაინც წააწყდე ჩემზე ბალადას, ბალადას ტყეში გადახვეწილ საბურთალოელ ბიჭზე, ან სატელევიზიო რეპორტაჟს სოფლად წასულ ბიჭზე, რომელმაც ფოლკნერივით მოიშენა ცხენები და ძროხები, იქნებ ტაძარში წასულ ბერზე გაიგო რამე? თუ არა, ეგ უკვე ბანძობაა, თანამედროვე საქართველოში ისედაც ძ გააბანალეს ეკლესიაში წასვლა, ხან მოდელი ბიჭები, ხან ძველი ბიჭები ყველა იქით მიდის, მე კი იქ მინდა წავიდე სადაც ჩემს სიყვარულს დავამტკიცებ, ეკლესიაში კი ალბათ უკვე მთელი პიდარასტების კამანდა დამხვდება, იქნებ მართლა ტყეში წავიდე, უღრან ტყეში, სადაც არავინ ვიქნებით ჩემს და შენს გარდა. გათენდება და ვიქნებით მე და შენ და ტოროლები, კოდალები, ჩიტები, თხუნელები, მწერები და ყვავილები, იქნება ნაძვები როგორც აქ თსუ–ს ეზოში, დაღამდება და მგლების ღმუილში, ბუს ყურყუტში ერთმანეთს ჩავეკვრებით მე და შენ. მხოლოდ ჩვენი სიყვარული, მხოლოდ ჩვენი ჩახუტება იქნება.
ახლა ნაძვებს ვთხოვ გამოგზავნონ შენსკენ ძალები, ამ კორპუსს ვთხოვ, ამ მანქანებს ვთხოვ იღონონ რამე, რამე ხომ უნდა იყოს ჩემი მშველელი.
ვიკა, აი ახლა დარეკავს! ახლა უკვე 21:13 წუთია, კიდევ რამდენი ხანი უნდა გელოდო აქ, თსუ–ს ბაღში, რამდენი ხანი უნდა ვიყო რწმენით, თავდაჯერებით რომ ხომ, შენ დარეკავ, აუცილებლად დარეკავ, ისე მჯერა რომ დარეკავ რომ დაუჯერებელია რომ არ დარეკო, მე ისე გელოდები. თუმცა, შენ ალბათ არაფერი არ იცი ამ ყველაფრის შესახებ. არა, არაფერი არ იცი, არც ოლდოსი გახსოვს, არც le balloon rouge, არც ტარიელი ველად გაჭრილი, და არც გალო გახსოვს, გალოს სიყვარული მაინც რამ გაგინელა...
და ვიწყებ თვლას ასამდე, 30–ზე რომ მივედი, მანქანებს შევუფარდე თვლა, ვარაზზე ამომავალ ყველა მანქანას ვითვლი, ასე უფრო მალე გავედი ასამდე, ისევ არ დარეკე, ახლა კი 21:20 წუთია, აუცილებლად დარეკავ, შენ დარეკავ და მე იმ ყველაფერს აუცილებლად გეტყვი. მაშ 21:21 წუთს დაველოდები და ჩავიფიქრებ რომ აუცილებლად დარეკო და მე ის სიტყვები გითხრა, პატიება გთხოვო, გითხრა რომ შენ ჩემი სიყვარული ხარ, ერთადერთი და უსაყვარლესი, უტკბილესი და ულამაზესი... ჩემს წინ თავგაჩეჩქვილ სიგარეტის ნამწვავს ვპირდები რომ ავიყვან ხელში და შინ წავიყვან, ჩემთან, შენ ხომ ვიკას ტუჩებში ნებივრობდი, შენ ხომ მისი სასტიკი ამბორით ხარ მოკლული სიგარეტისნამწვავო, წავიღებ და შინ დავდებ ვიკას იმ საჩუქრებთან ერთად, ო, რა სასაცილოა ასე საცოდავის მდგომარეობის აღწერა, 21:21 და აი ისიც გახდა, ახლა ჩავიფიქრებ რომ მომდევნო წუთებში დარეკავ, მწამს, მჯერა, ვიწყებ ლოცვას რომ ვიკა დარეკავს...
ვიკა დარეკე,
ვიკა, ჩემთვის შენ არასდროს ყოფილხარ თევზი ათასში
ვიკ, დამირეკე,
ვლოცულობ
21:21
...
პ.ს. მსოფლიო პრესა 2016
ბრიტანელმა მეცნიერებმა დაადგინეს რომ სიყვარული ფსიქიურ დაავადებს წარმოადგენს. სიყვარულის პირველი ფაზა თავის ტვინში განსაკუთრებული ქიმიური ნივთიერებების გამომუშავებით ხასიათდება. ისინი თავის ტვინშივე ყალიბდება და ნეირონებში კონცენტრირდება, რის შემდეგაც აქტიურდება თავის ტვინის შემდეგი ნაწილები: ნუშურა, თალამუსი, ჰიპოთალამუსი და ჰიპოკამპი. თავის ტვინის ეს ნაწილები ადამიანის ემოციებზეა პასუხისმგებელი. მარტივად თუ ვიტყვით, შეყვარებულ ადამიანს თაყვანისცემის ობიექტის გარდა ფიქრი სხვა აღარაფერზე შეუძლია! უფრო ზუსტად, სამეცნიერო ენაზე, სიყვარული ფსიქიკის ობსესიურ-კომპულსური დარღვევის ტიპია.
კვლევების შედეგების თანახმად ყველაზე რომანტიულ და ძლიერ სიყვარულს შეუძლია 4 წელიწადზე მეტ ხანს გაგრძელდეს. მეცნიერთა დასკვნით, ყველაზე ძლიერ გრძნობას ადამიანი სიცოცხლეში მხოლოდ ერთხელ განიცდის! ეს სწორედ ის გრძნობაა, რასაც „ნამდვილ სიყვარულს“ უწოდებენ. ყველა მომდევნო „სიყვარული“ კი მხოლოდ და მხოლოდ სექსუალური ლტოლვა, ან ბანალური მიჩვევაა.
მანქანა წამომეწია, გზიდან გადავიდა და დაამუხრუჭა. მეზობელმა ხელი დამიქნია. სახლამდე ოთხასიოდე მეტრი მქონდა დარჩენილი, მაგრამ ხათრი არ გავუტეხე ... გვერდით მივუჯექი.
- საით ყოფილხარ? - მკითხა ცალყბად.
- მაღაზიაში! - მეც უხალისოდ მივუგე.
სიჩუმე ჩამოწვა, უხერხულობა ვიგრძენი, კითხვა შევუბრუნე:
- თავად საიდან მოდიხარ?
- საკრებულოდან, თათბირი იყო რაღაც.
- მერე, რა ჰქენით, მოითათბირეთ?
- მოვითათბირეთ! კლიმატის ცვლების საკითხი დავამუშავეთ. აწი აღარაფერი გვიჭირს, ხვალიდან გამონაბოლქვს გავანახევრებთ და სუფთა ჰაერით ფილტვებსაც დავიამებთ!
მან გაიცინა და თვალით ჟურნალზე მანიშნა, რომელიც წინა საქარე მინასთან მიეგდო.
ფრთხილად ავიღე და სათაური ხმამაღლა წავიკითხე: ,,აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში მერების შეთანხმების ინიციატივის მდგრადობის გაზრდა და ევროკავშირის კლიმატისა და ენერგეტიკის 2030 წლის ამოცანების ადაპტაცია ქვეყნის რეგიონში; მერების შეთანხმების ახალი პროგრამის შესახებ ცნობიერების ამაღლება და პოპულარიზაცია.’’
ერთად ჩავბჟირდით.
- რა მაგარია! - თქვა მეზობელმა - მამა უცხონდათ! ... მე გავაჯანსაღებ კლიმატს? ... ვენახი უნდა შემეწამლა, ტყვილად დავკარგე დრო!
მანქანა დაამუხრუჭა. ჟურნალი სავარძელზე დავტოვე. მან შეიცხადა:
- თუ არ წაიღებ, მეწყინება!
ისევ სიცილი მოვაყოლეთ.
- კარგი, წავიღებ! - რამეში გამოვიყენებ - მე მანქანიდან გადმოვედი და დავემშვიდობე ...
- ოჰ! სარკე მიყიდე? - მეუღლემ ჟურნალზე მკითხა.
- არა! სალესი! - მივუგე წიქარას ზღაპრის სიუჟეტიდან.
გაღიზიანდა. გვერდი მიქცია. შევაჩერე და ჟურნალი გავუწოდე. გადაიკითხა. ვერაფერს მიხვდა. ღიმილით მითხრა:
- ეგ, რომ არ მოგეტანა, ამაღამ არ დამეძინებოდა! ... წისქვილში საფქვავი წაგეღო, ის სჯობდა!
მეუღლე დავაიმედე, რომ პურის ფქვილს მეორე დღით ნისიაზე ამოვიტანდი და მერე პენსიით გავისტუმრებდი.
მან თავი დამიქნია და ბოსელს მიაშურა.
მსხლის ძირში, მერხზე ჩამოვჯექი, ჟურნალი გადავშალე და კითხვა შევუდექი. თავიდან თვალი ზერელედ გადავავლე, ეგ პრობლემები რა ჩემი საქმეა, ახალგაზრდებმა უნდა მიხედონ და ეგ არის-მეთქი’’- გავიფიქრე. აწმყო მათი იყო და პრობლემებიც. მე არც სითბურ ეფექტს ვუწყობდი ხელს და არც ,,პრიმუსი’’ მქონდა პოლუსებქვეშ შენთებული. მოთხოვნილებასა და დედამიწის შესაძლებლობას შორიის ზღვარის არსებობაც მათ უნდა განესაზღვრათ და დაერეგულირებინათ. ჩემი უახლოესი პერსპექტივა, რადგან საშუალო და გრძელვადიანი აღარ გამაჩნდა, აწი ,,ორი მეტრი’’ მიწა იყო, მათი კი - მსუყე და ლაღი ცხოვრება, მაგრამ კითხვა მაინც განვაგრძე, დავინტერესდი. კლიმატის ცვლილების პრობლემების განხილვამ ისე ჩამითრია, არ გამიგია როგორ მოსაღამოვდა. ზედიზედ ორჯერ ჩემი მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრად ვიყავი არჩეული და ზოგად წარმოდგენა ათას პრობლემაზე მქონდა, მაგრამ თუ კლიმატთან დაკავშირებით ასე ცუდად იყო საქმე, არ მეგონა.
ერთი შეშინება კარგადაც შევშინდი. შვილიშვილები მეზრდებოდა და მათი მომავლით სწორედაც რომ ვიყავი დაინტერესებული. როგორც ამბობენ: ,,სიდუხჭირე და დალხინება ძმები არიან’’- ამიტომ ეკონომიკურ პრობლემებს ეშველებოდა, მაგრამ გლობალურ დათბობას და კაციბრიობის უპერსპექტივობას მე რას ვუწამლებდი? ენერგომატარებლების მოპოვებას, ელექტრო ენერგიის ყაირათიანად ხარჯვას, დედა-ბუნების გაჩეხვას და სხვა თანმდევ პროცესებს, ჩემს ჭკუაზე ვინ გადაწყვეტდა? “ არადა, რაღაც აზრებმა ჩემს გონებაშიც გაიელვა.
ხელი თავქვეშ ამოვიდე და ზეცას მივაშტერდი, ფიქრი იმაზე დავიწყე, თუ როგორ შემეძლო ჩემი წვლილის შეტანა ამ მართლაცდა საშვილიშვილო საქმეში ...
- მასე, არ დარჩე! - დამცინა მეუღლემ და სახლში შემიპატიჟა.
არ ვუპასუხე.
მომიახლოვდა, შემომხედა და გვერდით მომიჯდა.
ენის სარსალი ძველი დროიდან მომდგამდა. ჟურნალი გადავშალე და ყველაფერი დაწვრილებით ჩამოვუკაკლე. ვუთხარი, რომ ანტარქტიდა მალე მთლიანად გალღვებოდა და დედამიწას წყალი დაფარავდა. თუ წარღვნას გადავურჩებოდით, ოზონის შრის დათხელების გამო, კოსმიური რადიაცია ატმოსფეროში შემოაღწევდა და ჟანგბადის მოლეკულების დევნა და დაჭერა, პეპლების საჭერით მოგვიწევდა.
- გულს ნუ მიხეთქავო! - მისაყვედურა და აღარ მომისმინა.
ისევ ჩემს ფიქრებთან დავრჩი. მე, როგორც დედამიწის ერთ, რიგით მოქალაქეს, ისეთი რა უნდა გამეკეთებინა, რომ ჩემი წვლილი შემეტანა საერთო საქმეში? ... აზრები ისე დამებნა თავი ძლივს მოვუყარე. ჯერ ვიფიქრე, რომ სიტყვით გამოვიდოდი და მთელს ქვეყანას მუხლმოყრით შევეხვეწებოდი, მაგრამ სახლში მეუღლე არ მისმენდა და ყურს კაცობრიობა მომაპყრობდა? ან სად შემეძლო გულშიჩამწვდომი სიტყვის წარმოთქმა? საეთერო დროს არავინ დამითმობდა და არც სტატიას გამომიქვეყნებდა ვინმე. ამიტომ, გადავწყვიტე, რომ საკუთარი ძალისხმევა, აქ, ჩემს სოფელში თავად განმეხორციელებინა და მოქალაქეობრივი ვალი პირნათლად მომეხადა. ვალი, რომელიც არა მხოლოდ შვილიშვილების წინაშე გამაჩნდა, არამედ ზოგადად მომავლის წინაშე, რომლის ქონაც, არა ხორციელ, არამედ ჩემს სულიერ სიცოცხლესაც ნიშნავდა, რადგან ჩემი მომავალი, დედამიწის მომავალის ჯაჭვის ის რგოლი შეიქმნებოდა, რომელიც სხვა ადამიანებსაც გააერთიანებდა.
სახლში შევედი, მაგიდას მივუჯექი და ფიქრებთან მარტო დავრჩი. გეგმა მჭირდებოდა, გეგმა, რომელიც ჩემი ცხოვრების წესი გახდებოდა და სხვებისც მას მიბაძავდნენ.
,,მერების შეთანხმება - რატიფიცირებულია’’ - დავასათაურე გეგმა და წერას შევუდექი:
-მე, დედამიწის მოქალაქე, ვაცნობიერებ რა კლიმატის ცვლილების ზოგადსაკაცობრიო პრობლემებს, საკუთარ თავზე ვიღებ ვალდებულებას, შევცვალო ჩემი ცხოვრების წესი და გავხდე დედამიწის გულშემატკივარი. ამ მიძნით გთავაზობთ მთელი მსოფლიოს მასშტაბით ,,დედამიწის გულშემატკივართა კლუბის’’ ჩამოყალიბებას და სოციალური ქსელებით ერთმანეთთან დაკავშიერბას.
გამაჩნია მოქმედების საკუთარი გეგმა, რომელიც რამდენიმე პუქტისაგან შედგება და წარმოდგენილია განმარტებებით, ქვემორე:
1. დედამიწის კლიმატის ცვლილების პრობლემა, ყველა მოქალაქის პრობლემაა;
- აღნიშნული სიტყვები არ ნიშნავს იმას, რომ დედამიწაზე მცხოვრები ყველა ერი, ეროვნება თუ ინდივიდი ეთანხმება პირველ პუნქტს. არ ვიცი, მორუდუნეთა და უდარდელთა შორის რა კონკრეტული პროცენტული თანაფარდობა არსებობს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ რაოდენობრივად დიდი სხვაობა არ იქნება, თუნდაც პირველთა სასარგებლოდ. შესაძლებელია, უკანასკნელნი მეტნიც კი იყვნენ.
2. აღნიშნულ საკითხებზე მომუშავე სპეციალისტების დასკვნებისა და რეკომენდაციების პერიოდული გაცნობა, შესწავლა და აგიტაცია ამ პრობლემის აღიარებას ნიშნავს;
- ნებისმიერი საკითხის გადაჭრის გზა, ამ საკითხის შესწავლაზე გადის. პრობლემა, რომელიც დღეს კაცობრიობას აწუხებს, დღის წესრიგში უპირობოდ დადგა და თითქმის ყველა მეცნიერის თვალსაწიერი მოიცვა. სხვადასხვა ექსპერიმენტები, დაკვირვებები და შესაბამისი გათვლები აუცილებლად უნდა გაგრძელდეს. ყველა კონტინენტზე შეიქმნას სწავულთა სპეციალური ჯგუფები, გამოიძებნოს შესაბამისი დაფინანსება და მატერიალურ-ტექნიკური საშუალებები. სახელმწიფოებმა და მთავრობებმა იზრუნონ რეკომენდაციების აღსრულებაზე.
3. საკითხის მუდმივი განხილვა, პრობლემის მოგვარების გზების ძიებაში, მნიშვნელოვანი წინაპირობაა;
- ეს პუნქტი გამომდინარეობს ზემორე პუქტიდან და წარმოადგენს მის ერთგვარ გაგრძელებას. პროცესი, რომელიც დაწყებულია და გულისხმობს სამეცნიერო და სხვა სახის სიმპოზიუმების, შეხვედრების, სამმიტების და ა.შ. პერიოდულ მოწვევას, უნდა გაღრმავდეს და მოიცვას მთელი საზოგადოება. ამ მომენტისათვის თითქოს მეცნიერები თავისთვის არიან და სამოქალაქო საზოგადოება თავისთვის. გამოდის ისე, რომ: ,,სხვისი ჭირი - ღობეს ჩხირია’’ და კლიმატის ცვლილების სავალალო შედეგები, მხოილოდ დედამიწელთა გარკვეულ კატეგორიას შეეხება. პირველ რიგში მეცნიერებს, რადგან მავანნი თვლიან, რომ სწავლულებს უყვართ ზედმეტი აჟიოტაჟი. ,,ბევრს იყვირებენ, ბევრ დაფინანსებას მიიღებენ!’’... ამით კი დროსა და სივრცეში მშვიდად იარსებებენ.
4. დედამიწის მომავალი ადამიანის ხელშია, ის ,,მიწის შვილია’’ და ,,მიწად უნდა მიიქცეს;’’
- ,,ოფლითა პირისა შენისათა სჭამდე პუსა შენსა ვიდრე მიქცევამდე შენდა მიწად, რომლისაგან მიღებულ იქმენ, რამეთუ მიწა ხარ და მიწადმცა მიიქცე.’’ (ბაქარის ბიბლია 3;19) ეს ,,დიადი წყევლა,’’ წარმოთქმული შემოქმედის მიერ ევასა და ადამის მიმართ, კაცობრიობას მუდმივად უნდა ახსოვდეს ...
ალბათ, უფრო მართებული იქნება თუ ვიტყვით, რომ ოცდამეერთე საუკუნის საზოგადოებას უნდა ახსოვდეს, რადგან ჩვენს წინა თაობებს, მთელი წარსული ეპოქების მანძილზე, არათუ ახხსოვდათ, არამედ მიწას პატივს მუდმივად მიაგებდნენ. საკრაული რიტუალებით თუ სხვადასხვა რელიგიური მსახურებით, ამას ყოველთვის ადასტურებდნენ.
არქეოლოგიური ფაქტები, ისტორიული დოკუმენტები და სხვადასხვა კვლევები გვამცნობენ, რომ დედამიწის ცივილიზაცია განსაცდელის წინაშე უამრავლჯერ იდგა. მიწა, როგორც ადამიანის მშობელი, ამავდროულად მისი მესაფლავეც გახლდათ. მიწის (ბუნების) წინაარმდეგ წასვლა, თვითლიკვიდაციას ნიშნავდა და ამიტომ ჩვენი წინაპრები, შეწევნას მასაც შესთხოვდნენ. მიწა ღმერთის რანგში ჰყავდათ აყვანილი და ეთაყვანებოდნენ. უხვ მოსავალს ევედრებოდნენ, საკლავსაც სწირავდნენ. ამასთან ,,მიწის ყივილს’’ მუდამ თან დაატარებდნენ, გენეტიკურ კოდში განივთებულს, თაობიდან-თაობას გადასცემდნენ ... დრო-ჟამიერად მემკვიდრული თვისების მატარებლად აქცევდნენ.
მიწის პატივისცემა კი იმის საწინდარი გახლდათ, რომ აპოკალიფსისის დრო განუსაზღვრელი ვადით გადაეწიათ, რომლის რეალური დასტურიც სხვადასხვა კონფესიათა წინასწარმეტყველება გახლავთ. თითქმის ყველა რელიგიური მოძღვრება ამას გვაუწყებს.
უპრიანია აქ გავიხსენო მე-19 საუკუნის ინდიელი ბელადის სიეტლის გამონათქვამი, რომლიც ჩემს აზრს ადასტურებს:
- ,, ყველაფერი, რაც შეემთხვევა მიწას, შეემთხვევა მიწის შვილებს, წადი ახლა და შეეცადე გააკეთო ის, რაც უნდა გაკეთდეს.’’
ვთვლი, რომ არამარტო მხატვრული თვალსაზრისით, არამედ ფილოსოფიური სიღრმითა და ინტელექტუალური სისადავით, სიეტლის ეს სიტყვები მართლაც მნიშვნელოვანია ... მას მხოლოდ ჩაღრმავება და დაფიქრება სჭირდება ... სხვა არაფერი.
5. პრობლემა უალტერნატივოა და უკიდურესობათა კატეგორიას განეკუთვნება.
- დედამიწის კლიმატის ცვლილების პრობლემის მოგვარების საკითხს, ალტერნატივა მართლაც არა გააჩნია. ეს, ის შემთხვევაა, როცა ერთი გასროლით ვერც ,,ორ კურდღელს’’ მოკლავ და ,,ურემი, რომ გადაბრუნდება’’ მერე არც გზა გამოჩნდება ... ან იარსებებს კაცობრიობა ან ზეცისკენ აღმავალ ბილიკს დაადგება ... ,,იქნება სხუა ცა და აღარ იქნება დრო’’ (ლუკა მახარებელი) ...
ადამიანის ერთი უკიდურესობა - არსებობაა, მეორე - არარსებობა. არჩევანი ჩვენზეა. ამ წილისყრას, ვერც ,,არიოლ-რეშკათი’’ განსაზღვრავ და ვერც მომავალ თაობებს გადაულოცავ. საკითხი უკვე ასე დგას: ,,ყოფნა-არყოფნა’’... და არა, დროის გაჭიმვა ... დრო, არა მკურნალი, არამედ მსაჯული შეიქმნება.
თუმცა, ჩვენს შემთხვევაში აუცილებლად გასარკვევია, რამდენად დაგვაცლის შემოქმედი თვითგანკურნებას და მოულოდნელად (კანონზომიერად) ხომ არ დადგება ,,დღე განკითხვისა’’- აპოკალიფსისი?
მეცნიერული გათვლებით ჯერ კიდევ გვაქვს რამდენიმე მილიარდი წელი. კაცობრიობას ბოლო ვარსკვლავის ჩაქრობამდე და სინათლის ხივების კვანტებად დაშლამე, დრო ,,თავზე- საყრელად’’ ექნება, მაგრამ თუ ასე გააგრძელა, დრო ,,თავზე ნაცრისსაყრელადაც’’ არ ეყოფა ...
,,აღსრულდება დაწერილი’’ და ჩვენი ,,ცისფერი პლანეტა’’ არსებობას შეწყვეტს. არადა, რამდენი რამ მისცა დედამიწის ცივილიზაციამ სამყაროს ცივილიზაციებს (მათი არსებობა თითქმის დადასტურებულია) ზოგადსაკაცობრიო იდეალების სახით:
,,გიყვარდეს მოყვასი შენი!’’ ...
,,ლეკვი ლომისა სწორია’’...
უსიყვარულოდ, მზე არ სუფევს ცის კამარაზე’’...
,,სჯობს მონობაში გადიდკაცებულს’’
,,ძმობა, ერთობა, თავისუფლება!’’... და ა. შ. რომლებიც დემოკრატიული სისტემის ქვაკუთხედი შეიქმნა. თანამედროვე განვითარებულ, თავისუფალ სახელმწიფოთა პოლიტიკური მოწყობის წესი.
ზოგადსაკაცობრიო იდეალების დაცვა, ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკურ-პოლიტიკური სიძლიერის მაჩვენებელი გახდა. ხოლო დემოკრატია, კაცობრიობის ე.წ. დრეს-კოდი.
დასასრულს მინდა მოვიყვანო ალბერტ აინშტაინის ცნობილი გამონათქვამი, რომელიც ისე, ყოველშემთხვევისთვის უნდა გვახსოვდეს: ,,ამ ქვეყნად, ორი რამ არის უსასრულო, სამყარო და ადამიანის იდიოტიზმი, თუმცა პირველში ეჭვი მეპარება’’ (აქვე შეგახსენებთ, უკვე დადგენილია, რომ სამყარო მართლაც სასრულია კვაზარ OH-471 -ის აღმოჩენამ, არსებული ბუნდოვნება ამ საკითხში გაფანტა, დარჩა ადამიანი)...
გეგმა რამდენჯერმე გადავიკითხე და სიმართლე გითხრათ მომეწონა. ,,დედამიწის გულშემატკივართა კლუბი’’ ადამიანებთან ურთიერთობის შესანიშნავი ფორმა იქნებოდა. ყველა მისი წევრი, ზემოთ მოყვანილ პრობლემას გაითავისებდა და ყოველდღიურ ცხოვრებაში, რაღაცის გამოსწორებას ეცდებოდა. თუნდაც სულ უმნიშვნელო რამისას, რომელიც რაოდენობაში გავრცობილი, მნიშვნელოვანი შეიქმნებოდა. კლიმატის ცვლილების საკითხის მოგვარება, ზოგადსაკაცობრიო მისია გახდებოდა ... დიახ! ზოგადსაკაცობრიო მისია!!! ...
მეუღლეს ვუხმე, გეგმა გავაცანი და აზრი ვკითხე. ჯერ შეიცხადა: ,,ხომ არ შეიშალეო?’’- მითხრა, მაგრამ დუმილის შემდეგ მომიწონა.
მიზანი მიღწეულად ჩავთვალე, უფრო სწორად მიზნისკენ მიმავალი გზის დასაწყისი განვსაზღვრე მართებულად. აგიტაციამ პირველი მომხრე გამიჩინა. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ დაწყებული საქმე უნდა განმეგრძო. თუმცა წინასწარ ვერავინ გათვლიდა, ია-ვარდებით იქნებოდა ის მოფენილი თუ შიგადაშიგ ეკალ-ბარდებიც გამოერეოდა.
მიუხედავად ამისა, ამისთვის ნამდვილად ღირდა ბრძოლა და არსებობა. ხანში შესულს, ,,ახალი სისხლი’’ გადამესხა, ,,მეორე სუნთქვა გამეხსნა.’’ ცხოვრებას არამარტო აზრი მიეცა, სიცოცხლე კიდევ უფრო მიმზიდველი გახდა. დედამიწის კლიმატის ცვლილების პრობლემა ,,დაბერდა.’’ მან ასაკობრივი ზღვარი გადალახა და ადამიანის ,,ანი და ჰაე’’ გააერთიანა. საზოგადოების ასაკობრივი ჯგუფები: ახალგაზრდები, ჭარმაგები და მოხუცები, ერთ სისტემაში მოაქცია, მიზანიც განუსაზღვრა: არამარტო აწმყოდან, მომავალი - წარსულიდანაც გამოჩნდა.
გადავწყვიტე, თვეში ერთხელ საკუთარი ტრანსპორტი, საზოგადოებრივით შემეცვალა. ყაირათიანად დამეხარჯა ელექტრო ენერგია, გაზაფხულ-შემოდგომაზე აუცილებლად დამერგო თუნდაც ათი ძირი ნარგავი, შემეძინა მზის გამათბობელი და სადაც კი შესაძლებლობა მომეცემოდა, ამ პრობლემაზე მესაუბრა.
მე, დღეიდან გავაკეთებ იმას, რაც უნდა გავაკეთო.
„როგორადაც არ ცდილობდნენ ადამიანები, ასობით ათასთ რომ მოეყარათ თავი ერთ პატარა ალაგას, დაესახიჩრებინათ ის მიწა, რომელზეც შექუჩებულიყვნენ, რამდენი ქვაც არ უნდა ჩაეფლოთ მიწაში, რათა მისი წიაღიდან აღარაფერი აღმოცენებულიყო, რამდენჯერაც არ უნდა აღმოეფხვრათ ყოველი ოდნავ ამოწვერილი ბალახის ღერი, რამდენიც არ უნდა ეხრჩოლებინათ ქვანახშირი თუ ნავთი, არ უნდა ეკაფათ ხეები და განედევნათ ოთხფეხნი თუ ფრინველნი, გაზაფხული მაინც გაზაფხულობდა თვით ქალაქშიც კი. მზე კაშკაშებდა, ლორთქო ბალახი ყველგან მწვანედ ბიბინებდა, რამდენიც არ უნდა ამოეძირკვათ, არა მხოლოდ ბულვარების გაზონებზე, არამედ ქვის ფილებს შორისაც. არყების, ალვის ხეებისა და შოთხვების წებოვანი ფოთლები სურნელებას აფრქვევდნენ ირგვლივ, შეფეთქილ ცაცხვებს კვირტები დასკდომაზე ჰქონდათ. ჭკები, ბეღურები და მტრედები გაზაფხულის შესაფერი მხიარულებით აწყობდნენ თავიანთ ბუდეებს, მზით გამთბარი ბუზები კი კედლებთან დაბზუოდნენ. ხარობდნენ მცენარეებიც, ფრთოსანნიც, მწერებიც და ბავშვებიც. მაგარამ აი, ადამაინები - დიდი, უფროსი ადამაინები - არ იღლებოდნენ ერთმანეთისა თუ საკუთარი თავის მოტყუებითა და ვნებათა მიყენებით. ადამიანებს მიაჩნდათ, რომ წმიდათაწმიდა იყო არა გაზაფხულის ეს დილა, არა ღვთის მიერ შექმნილი სამყაროს ეს მშვენიერება, რათა ყველა სულიერმა იხაროს, - ის სიმშვენიერე, მშვიდობას, თანხმობასა და სიყვარულს რომ შთაგვინერგავს, არამედ ის, რაც თავად მოიგონეს, რათა ერთმანეთზე იბატონონ...“
- ნოაჰ, აქა ხარ?.. რას აკე... ა, ისევ მაგ წიგნს კითხულობ? - რეზინის სავარძელში ჩაფლულ ნოაჰს თავს ცოლი წამოადგა.
ნოაჰმა თავი დაუქნია, ისე რომ წიგნისთვის თვალი არ მოუცილებია, მერე მუხლებზე დაუშვა და სახეზე ოდნავ შესამჩნევი ღიმილი გამოესახა.
- ნაამა, კარგია, რომ ეს სიტყვა „წიგნი“ ბოლოს და ბოლოს დაიმახსოვრე...
ნაამამ მხრები აიჩეჩა.
- რა ვიცი... უცანური სიტყვაა... არ ვიცი შენ საიდან გამოქექე... ანუ როგორც ამბობ, ამ ნივთებს დედამიწაზე იმ გიგანტური კარბონოიდის ჩამოვარდნამდე იყენებდნენ?
- ჰო... - ნოაჰი სავარძლის ზურგს გადაესვენა, - ზოგადად ცნობები იმის შესახებ, თუ როგორი იყო ადამიანების ცივილიზაცია იმ გლობალურ კატასტროფამდე ძალზე მწირია. ზოგს არც კი სჯერა, რომ ცივილიზაცია კარბონოიდის ჩამოვარდნამდე საერთოდ არსებობდა... მაგრამ რამდენიმე გადარჩენილი ფრაგმენტი და მათ შორის ის, ახლა ხელში რომ მიჭირავს, ამას ადასტურებს... ავტორი ვინმე ლევ ტოლსტოი - ბევრი რამ ჩემთვის რა თქმა უნდა გაუგებარია, ერთი აბზაცი წავიკითხე, და სიტყვების ნახევარი საერთოდ არ მესმის... ეს ‘არყები“... „ალვის ხეები“.. მაგრამ...
ნოაჰმა ფანჯრისკენ გაიხედა, შუშის სფეროში მწვანედ ბზინავდა ზეთისხილის რტო.
- დარწმუნებული ვარ ნაყოფს მალე გამოიღებს.. აი ნახავ.. ზუსტად ისე როგორც კარბონოიდამდელი ცივილიზაციის წიგნებშია აღწერილი. და მე აუცილებლად ვიხილავ ამ საოცრებას...
- მამა, გავდივართ? - ოთახში სკაფანდრში ჩაცმული ბიჭი შემოვიდა. აირწინაღი მოეხსნა.
- ახლავე სემ! - ნოაჰი წამოდგა, - მინდოდა კოსმოსში გაფრენამდე ერთი საათი ამ წიგნის კითხვაში გამეტარებინა.. ვინ იცის, იქნებ, ეს ამ პლანეტის უკანასკენლი საათებია...
- ჰოდა, სწრაფად! - დააჩქარა სემმა, - ჰემიც და ჯაფეზიც ხომალდში არიან. ყველა სახეობის ცხოველის დნმ-ები გადატანილია... ნუღარ ვაყოვნებთ - მეტეორიტების წვიმა რამდენიმე საათში დაიწყება, ჩვენ კი ღია კოსმოსში უნდა მოვასწროთ გასვლა.
ნოაჰმა წიგნი დაკეცა, აირწინაღი გაიკეთა და ნაამასთან ერთად სემს ფეხდაფეხ მიჰყვა.
- ეჰ, - თქვა ნოაჰმა, როცა ხომალდის ილუმინატორიდან გახრიოკებულ დედამიწას თვალი შეავლო, რომლის ჰორიზონტზეც უზარმაზარი ცათამბჯენისხელა მილებიდან შავი ბოლო მოედინებოდა - ვამბობდი, ამდენი CO2-ის გამოყოფას რაც მოჰყვებოდა... ახლა, კი როცა ოზონის ფენა თითქმის აღარ არსებობს, მეტეორიტების წვიმისგან კაცობრიობას ვეღარავითარი დამცავი ფარი ვერ იხსნის...
ხომალდი ნელ-ნელა აიწია მაღლა.
- სულ იმას ვამბობდი, - ამდენი ახალი ოქსიჯენატორის დამზადებას ეს უცნაური ბიოლოგიური ორგანიზმები მოაშენეთ-მეთქი...
- მცენარეები, - თქვა მის უკან მდგარმა ჰემმა, იმით გახარებულმა, რომ კიდევ ერთი უცნაური სიტყვის დამახსოვრება მოახერხა, - მამა, ხომალდი რამდინიმე წამში აფრინდება... ჯაფეზი ათვლას დაიწყებს... სამი...
- მე კი აუცილებლად ვიხილავ ჩემი... - ნოაჰს უცებ სიტყვა პირზე შეახმა, და ხელი თავში იტაცა, - შეჩერდით! ჩემი მცენარე დამრჩა. არა! შეწყვიტეთ ათვლა... ძირს ვეშვებით...
- ორი, ერთი, ნული...
გაისმა გრუხუნი და ხომალდი ზემოთ აიჭრა, მუხლებზე დამხობილი, აქვითინებული ნოაჰი კი ილუმინატორიდან უყურებდა, როგორ გადასერა ატმოსფერო ცეცხლოვანმა მეტეორებმა და როგორ ავარდა სოკოს მსგავსი ღრუბლები ნაცარტუტადქცეული ქარხნების თავზე....
- სემ! - უთხრა ნოაჰმა შტურმანის სავარძელში მოკალათებულ შვილს, - გადავწყვიტე დედამიწაზე ავტოპილოტი-რობოტი გავგზავნო... უკვე ორმოცი დღეა პლანეტას გარს ვუვლით...
- თანახმა ვარ! - სემი ეკრანს თვალს არ აცილებდა, - ჩვენმა ტელესკოპებმა უცნაური რაღაც დააფიქსირა.
- რა?
- აი, ის შვიდფერი ნათება შენ რომ გვაჩვენებდი ხოლმე... მზის თეთრ შუქს ცილინდრში რომ ატარებდი...
- როგორ? - გაოცდა ნოაჰი, - მაშ... რაში უნდა გარდატეხილიყო მზის სინათლე...
- სავარაუდოდ წყალში... დედამიწის დაბომბვიდან მალევე ატმოსფეროში ახალი ფენა გაჩნდა. სავარაუდოდ ავარდნილი ოხშივრიდან და... მერე დაიწყო რაღაც უცნაური მოვლენა - წყლის ნაწილაკების ცვენა...
- წვიმა? - შეჰყვირა ნოაჰმა, - წვიმა, ასე წერია კარბონამდელი ცივილიზაციის წიგნებში... შვიდასი წლის მერე პლანეტაზე პირველი წვიმა მოვიდა... სასწრაფოდ გააგზავნე რობოტი პლანეტაზე და თუ სიცოცხლის რაიმე კვალს მიაგნებს სასწრაფოდ უკან დაბრუნდეს...
- რომელი გავგზავნო?
- რომელიც გინდა.. თუდაც „პიჯენი“..
- ნახეთ, პიჯენი უკან ბრუნდება! - შეჰყვირა ჯაფეზმა, რობოტის გაგზავნიდან მესამე დღეს, როცა მთელი ოჯახი შტურმანის კაბინაში იყო შეკრებილი, - ღმერთო ჩემო, არ მჯერა! ნუთუ პლანეტაზე სიცოცხლის კვალს მიაგნო?
ყველას დაძაბული მზერა ეკრანს მიეჯაჭვა. თეთრი ავტორობოტი კოსმოსურ სივრცეს ლაღად მოარღვევდა, მინის კონტეინერში კი აყვავებული ზეთისხილის რტო ელავდა მწვანედ.
ზაფხულის ცხელი საღამოა. ლონდონის ერთ-ერთ მშვიდ, ლამაზ, ქვაფენილიან ქუჩაზე მივაბიჯებ. მყუდროებას მხოლოდ რამდენიმე გამვლელის ფეხის ხმა მირღვევს. მოწყენილი ვარ. ხასიათი ვერაფერმა გამომიკეთა. ვერც საყვარელმა მუსიკამ, ვერც წარმატებით ჩაბარებულმა გამოცდამ, საიდანაც ეს-ესაა გამოვედი. მეგობრები ბოულინგის სათამაშოდ წავიდნენ, მე კი გასეირნება ვამჯობინე.
უკვე ორი წელია, რაც ლონდონის ერთ-ერთ უნივერსიტეტში აღმოსავლური ენების ფაკულტეტზე ვსწავლობ. ორი წელია, რაც დავტოვე საქართველო, დედა, მეგობრები და სასწავლებლად ყველასათვის საოცნებო ქალაქში ჩამოვედი.
მივაბიჯებ მშვიდად და დედაზე ვფიქრობ. დღეს მისი გარდაცვალების დღეა. ერთი წლის წინ, ივნისის ცხელ და უჰაერო დღეს, როცა ირგვლივ მხოლოდ დამდნარი ასფალტისა და გამომშრალი მიწის სუნი იდგა, დედამ თავისი ლამაზი სხეული სამუდამოდ აჩუქა მიწას და დავრჩი მარტო, მისი რჩევებისა და სითბოს გარეშე.
მომბეზრდა სიარულიც და ჩემს სამყოფელს მივადექი. ჟღალთმიანმა დიასახლისმა, მისის ჯეინმა, რომელიც მუდამ ანაბელს მეძახდა ანასტასიას ნაცვლად, კარი ზარის პირველსავე დარეკვისას გამიღო და ღიმილით შემომთავაზა თავისი საფირმო ბლითები, მაგრამ თავაზიანად ვუთხარი უარი და ჩემთვის განკუთვნილ მყუდრო ოთახში შევიკეტე ფიქრებთან ერთად. მოვკალათდი დივანზე და ფილმი ჩავრთე. „The lake house” - ამ ფილმს პირველად დედასთან ერთად ვუყურე. მისი საყვარელი ფილმი იყო. ამბობდა, ერთ ადამიანს მახსენებს, ჩემს მეგობარ X-ს, რომელმაც ცხოვრება შემიცვალაო. ახლა 2044 წლის ზაფხულია და ალბათ მკითხავთ, რაღა დროს კიანუ რივზი, სანდრა ბალოკი და პოლ მაკარტნიაო, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ფილმებმა რობოტებსა და პარალელურ სამყაროებზე, ტრანსფორმერებსა და სუპერ გმირებზე ერთფეროვანი სახე მიიღო და თითქმის აღარავის აინტერესებს. ძველი, შინაარსიანი ფილმების რეიტინგი კი ერთი-ორად გაიზარდა და მეც მათი მაყურებლების სიაში ვირიცხები დიდი ხანია.
„This Never happened Before” - ჩამესმის ფილმის ულამაზესი საუნდტრეკი და თვალი წიგნების კარადისკენ გამირბის, სადაც მოყავისფრო ბლოკნოტს ვხედავ. წამოვხტი! ეს დედას დღიურია. ალბათ ათასჯერ მექნება წაკითხული. მისი გარდაცვალების შემდეგ აქ წამოვიღე და ყოველთვის, როცა მასთან საუბარი მინდება, ამ დღიურს ვკითხულობ ხოლმე. დღეს კი, რატომღაც არ გამხსენებია და ახლა გახარებული მივვარდი კარადას. ფილმი გამოვრთე, ბლოკნოტი ავიღე და ათასმეერთედ დავიწყე წაკითხვა. ვკითხულობდი, ვტიროდი და საშინლად მინდოდა, მოვხვეოდი მთელი წლის უნახავ დედას, მოვხვეოდი მაგრად, რაც არასდროს მიქნია მის სიცოცხლეში, თუ არ ჩავთვლით ჩემს პატარაობას, როცა ყოველ წაბორძიკებაზე მისკენ გავრბოდი და მარწუხებივით ვხვევდი კისერზე ხელებს.
აი, რას წერდა დედა:
11.02. 2009. მოვედი ფურცელო. რა ხანია არაფერი დამიწერია. ჰოო, ვიცი, ვიცი, ზურგი გეფხანება. მაგრამ აბა, რა მაქვს სათქმელი? ზუსტად ისე ვარ, ერლომ ახვლედიანმა რომ თქვა: „ვზივარ მაგიდასთან და დავცქერი თეთრ ფურცელს. თავი ხელებში მაქვს ჩარგული. ეს ცარიელი ფურცელი საუკეთესოდ გამოხატავს იმას, რაც უნდა ვთქვა: არაფერი მაქვს სათქმელი“. მე კი, რადგან მოვედი, რამდენიმე სიტყვას მაინც გეტყვი. იქნებ, ცოტა ამოვისუნთქო. რამდენი მეგობარი მყავს, გულს კი ბოლომდე ვერავის ვუხსნი. თავისი გაჭირვებიათ, ცალი ყურით მისმენენ და საუბრის დაწყებისთანავე ვნანობ, რომ ჩემი ყოველდღიურობის ნაფლეთები მათ მეხსიერებას შევატოვე.
მეორედ გავხდი სტუდენტი, თბილისში ვარ და სამსახურს ვეძებ. ყველაზე მეტად სხვის იმედად ყოფნა მძულს, სხვისთვის დახმარების თხოვნა. ჯერ ვერ შევეგუე ამ ხმაურიან და მტვრიან ქალაქს, სადაც კომფორტული კლიმატი მხოლოდ ახალაშენებულ სახლებშია, რომლებსაც თურმე, აირბეტონით აშენებენ, რათა ენერგია დაზოგონ და ხარჯები შეამცირონ. ვფიქრობ, ამხელა ქალაქი ერთ ჩამოსულსაც ამიტანს და იმ ძველი ფილმის პერსონაჟივით ვიტყვი: „თბილისი ჩემი სახლია“.
15.03.2015 ჩემს პატარას ახლა მშვიდად სძინავს. მთელი დღე მუცელი სტკიოდა და ტიროდა. ჯერ მხოლოდ ორი კვირისაა. სულ წუწუნებს. გავწვალდი. მარტო ვარ ამ ოცდახუთ კვადრატულ, უბადრუკ სახლში. ჯერ მშრობიარობის დროინდელი ნაკერები არ მომშუშებია. ათი წუთით ფეხზე დგომა არ შემიძლია. არც ჯდომა. საჭმელს ორი-სამი დღის სამყოფს ვამზადებ, რომ მეორე დღეს სამზარეულოში ფეხზე დგომა აღარ დამჭირდეს. ბავშვის საწოლი არ მაქვს, ვიწრო ტახტზე წევს და სულ იმის მეშინია, არ გადმოვარდეს. შუადღით ცოტა ხნით ჩაეძინა და აბაზანაში შევედი ჭრილობების მოსაბანად. ეს ოხერი ბეტადინიც ახლა გამითავდა! თან რა ძვირია!
არაფერს ვგრძნობ. თითქოს სული გამიუხეშდა. ვცდილობ, არ ვიფიქრო ჩემს ყოფილ ქმარზე, რომლის გამოისობითაც ვარ ამ დღეში. მხოლოდ მინდა, რომ ტკივილები მალე დამიამდეს. აბაზანაში შესვლისას კარს ღიას ვტოვებ, ბავშვის ხმა რომ გავიგო. ცხელი წყალი მსიამოვნებს და წუთიერად მტოვებს ტკივილი და დაღლილობის განცდა, მაგრამ დიდხანს არ გრძელდება ეს ნეტარება. ბავშვის ტირილი მესმის და ვცდილობ, რაც შეიძლება სწრაფად ამოვიდე აბაზანიდან. პირსახოცის შემოხვევა მავიწყდება და მთელი სისველე იმ ოთახში გამაქვს, მისაღებიც რომ ჰქვია და საძინებელიც.
როგორც იქნა, დამშვიდდა ჩემი პატარა და ისევ ჩაეძინა. ვწევარ, მაგრამ კედლებს ვაწყდები. „მგზავრის წერილები“ მახსენდება - „აბა, ცოტა ხანს დადეგ, თუ მყრალ გუბედ არ გადაიქცე...“ და როგორ მძულს ეს მყრალგუბეობა! ახლა ის პერიოდია, საკუთარ თავს რომ უნდა ვაჯობო. ჩემს ცხოვრებაში პირველად ხდება, რომ ზედიზედ ორ კვირაზე მეტია, სახლიდან არ გავსულვარ. და ვიცი, რომ ეს კიდევ დიდხანს გაგრძელდება.
„ჭირსა შიგან გამაგრება ასრე უნდა, ვით ქვითკირსა“, „ესეც გაივლის“ - მომდის sms ერთ-ერთი მეგობრისგან. ვბრაზდები. არც ქვითკირი ვარ, არც რკინა და არც სალი კლდე. ქალი ვარ და მაქვს უფლება, რომ ხანდახან მაინც ვიყო სუსტი...
08.01.2018 ღამეა. ჩემმა პატარამ გვიან დაიძინა. ცოტა ხნით მეც ჩამთვლიმა, მაგრამ ფეხების ძლიერმა ტკივილმა გამომაღვიძა. მთელი დღის მანძილზე შეუსვენებლად ვარიგებდი პატიმართა წერილებსა და უსამართლოდ გამოწერილ ჯარიმებს. უამრავი სამსახური გამოვიცვალე, ბოლოს კი ფოსტაში ამოვყავი თავი, რომლის გრაფიკიც, ასე თუ ისე, მოერგო ჩემი შვილის საბავშვო ბაღის გრაფიკს და სამსახურის შემდეგ კისრისტეხით გავრბივარ მის გამოსაყვანად.
დღეს განსაკუთრებით ციოდა. ქარიანი დღე იყო და სუსხი დაუნდობლად მკბენდა სახეზე. როგორც იქნა, დავასრულე დღის სამუშაო და ბავშვთან გავიქეცი. სიურპიზი დამხვდა - გაცივდაო მითხრეს, ხვალ ნუ მოიყვანთო. სად უნდა წავიყვანო? ვისთან დავტოვო? ისევ სამსახურის გაცდენა მომიწევს...
გუშინ რამდენიმე წიგნი გამოაკლდა ჩემს კარადას. გავყიდე. სული და გული გავაყოლე სტუდენტობის დროს მამასისხლად ნაყიდ დოსტოევსკის, ტოლსტოისა და სარტრის. სულ ვამბობდი, როგორც არ უნდა გამიჭირდეს, წიგნს არ გავყიდი-მეთქი. რას არ გაყიდი, როცა შენს შვილს შია...
22. 08.2020 ყოველდღე წერას რა ხანია ვეღარ ვახერხებ. სადაა ამდენი ფუფუნება! ისე კი, დასაწერის მეტი რაა. იმდენად ნაყოფიერი ზაფხული მქონდა, რომ პუნქტებადაც შემიძლია დავყო და ისე ჩამოვთვალო ღირსშესანიშნავი ამბები:
1)გამოიცა კიდევ რამდენიმე წიგნი ჩემი რედაქტორობით (წელიწადია, რაც ერთ-ერთ დიდ გამომცემლობაში ვმუშაობ);
2)სამაგისტრო გამოცდაზე კარგი შეფასება მიიღო ჩემმა სადიპლომო ნამუშევარმა სახელწოდებით: „ტექსტური კორპუსის შექმნა და მისი ანალიზი“;
3)მე და ჩემმა მეგობარმა X-მა როგორც იქნა, მოვახერხეთ რამდენიმე დღით ქალაქის დატოვება და მასთან ერთად პირველად ვნახე ზღვა. ნამდვილად აღსანიშნი ამბავია!
4)ჩემმა პატარამ უამრავი ლექსი ისწავლა. საბავშვო ბაღის ზეიმებზე მთავარ როლებს აძლევენ, რადგან მიბაძვისა და გარდასახვის საოცარი ნიჭი აღმოაჩნდა. სხვა რაღა უნდა ვინატრო?
25.12.2029. ახლა სოფელში ვარ. ცივა. ირგვლივ ყველაფერი გადათეთრებულია. აივანზე ვზივარ თბილპლედშემოხვეული და მიდამოს გავცქერი. ეზოში ისევ დგას დიდი ხე, რომელსაც წვრილი ხურმა ასხია და ისევ ისეა შოშიებით დახუნძლული, როგორც ჩემს ბავშობაში. მაშინ მამა არ ასვენებდა ამ შავტუხა და ცელქ არსებებს, ტირის თოფით სულ კრიჭაში ედგა, მაგრამ ახლა მამა ცოცხალი აღარაა და არც შოშიებს ჰყავთ მისი შემცვლელი დამფრთხობი.
აქაურობა ჩემი ბავშობის სახლს აღარ ჰგავს. რამდენიმე წელია, რაც სოფელი ტურისტულ ზონად იქცა და ჩვენი სახლიც საოჯახო სასტუმროდ გადავაკეთეთ. აქ კიდევ ბევრი რამ შეიცვალა: ჩვენი მდინარე გაიწმინდა და მოსახლეობა ნაგავს სპეციალურ თერმოიზოლატორებში ყრის, რომლებიც შემდეგ შესაბამის გადამამუშავებელ საწარმოებში მიაქვთ და ლამაზ ნივთებს ამზადებენ. ორი წლის წინ კი, ჩვენს სოფელში მზის ენერგიაზე მომუშავე სადგურების მშენებლობა დაიწყეს იმ ველზე, რომელსაც ზედაველას ეძახიან და რომელზეც ადრე მამას ნახირი დაუდიოდა. უამრავი უცხოელი სტუმარი გვყავს, ზამთარშიც კი, რომლებიც ამბობენ, რომ ჩვენი ღვინო და კლიმატი იმდენად განსაკუთრებულია, სიამოვნებით დარჩებოდნენ დიდხანს.
მეც მინდა, დიდხანს დავრჩე და ვუყურო ჩემს შვილს, თვალსა და ხელს შუა რომ გაიზარდა და ოთახში მშვიდად დაფუსფუსებს, მაგრამ...
09. 09.2033. მძიმე დღე მქონდა. ჩემს ლიტერატურულ კაფეში დაგეგმილი მუსიკალური საღამო ჩაიშალა. მომღერალი, რომელიც ძლივს დავითანხმეთ, რომ ამ საღამოზე ხუთიოდე სიმღერა ემღერა, არ მოვიდა. სირცხვილს როგორმე უნდა გადავრჩენილიყავი. სასწრაფოდ ჩემს ორ მეგობარს დავურეკე. მათთან ერთადაც წლების წინ ვმღეროდი და არმოსული მომღერალი მოხერხებულად ჩავანაცვლეთ. სოლო სიმღერის ჯერი რომ დადგა, ირგვლივ ყველა შემომეცალა. ეს არ დამიგეგმავს! დაბნეულობის გადასაფარად, აუდიტორიას ზურგი ვაქციე, მიკროფონი მაგრად ჩავბღუჯე და გიტარისტს ნელა მივუახლოვდი. ხმადაბლა ვუთხარი, რაც უნდა დაეკრა და როცა რამდენიმე აკორდი გაჟღერდა, ნელ-ნელა დავმშვიდდი, მოვბრუნდი და ხმადაბლა, გაუბედავად დავიწყე: „I’m very sure, This never happend tu me before…” ვგძნობდი, როგორ იშლებოდნენ მოგონებები ჩემს მეხსიერებაში. მახსენდებოდა ჩემი მეგობარი X, რომელმაც დამარწმუნა, რომ შევძლებდი ყველაფერს, რასაც მოვინდომებდი. მახსენდებოდა, რამდენი ვიშრომე, რომ თუნდაც ერთ კუთხეს დარქმეოდა ჩემი. ამ ლიტ. კაფესაც ხომ სწორედ ასე დავარქვი - „ჩემი სამყარო“.
საღამოს დასრულების შემდეგ სასწრაფოდ გავიქეცი სახლში, რადგან არავისთან საუბარი არ მსურდა, ვიჯექი აივანზე, გავყურებდი ენერგოდამზოგავი ნათურებით გაჩახჩახებულ ქალაქს და მათ შემხედვარეს მახსენდებოდა ის მეგობარი X, წლების წინ ამ ნათურების მნიშვნელობას რომ მიხსნიდა. ვფიქრობდი, რად მინდა ეს ყველაფერი, თუკი მარტო ვარ და ჩემს სიხარულსა თუ მარცხს არავინ იზიარებს. ალბათ ღმერთმა შვილი იმიტომ მიწყალობა, რომ სულ მარტო არ მეგრძნო თავი. და ახლა, ისიც არაა შინ, თავის მეგობრებთან ერთად ბოულინგს თამაშობს...
* * *
დავხურე დღიური და ისევ გარეთ გამოვედი. აღარაფერზე ვფიქრობდი. მხოლოდ მინდოდა, მოვხვეოდი დედას და მასთან ერთად წამემღერა - „This never happened before…”, რადგან ეს მანამდე არასოდეს მომხდარა...
ერთი წითელი ტრაქტორი მყავს, ბაბუაჩემმა დამიტოვა რო მოკვტა. ასთე მითხრა ამას შენ მიხედე ბაბუ და აგი შენ მოგხედავსო. 15 წლის ვიყავი მაშვინ, გევიდა 15 წელი და გადავხანით ვანის სულორი და სხვა სოფლები მე და ჩემმა წითელმა ტრაქტორმა.
ვანში დევიბადე და გევიზარდე, შრომაში და ჯაფაში გეიარა მთელმა ცხოვრებამ სიმონ. მთელი დღე მიწაზე ვმუშაობდი, საღამოობით კი უბანში ბიჭები ვგლახაობდით. ხან ქეიფები და დროსტარება იყო, ღვინო გიტარა და ტაშ-ფანდური. ისთე ქე რო „ყოველი დღე შაბათია“ო სიმღერა რომაა. სეზონზე მოსაწევი არ გვაკლდა და ეგ იყო ჩვენი გართობა.
მარა, მომკლა ამ ტრაქტორის ნაწილების ჩარხვამ. რაც დრო გადიოდა, მალი-მალ უფუჭდებოდა რაცხა-რაცხები. ნახევრჯელ ქვეშე ვიყავი შემძვრალი და ვაკეთებდი. ისთე დევიღლებოდი, ბაბუაჩემს შოვუთვლიდი მოუსავლეთში, შენ მოგეცა ჩემი ცოდვა ამ ტრაქტორიზა რომ გამწირეთქვა...
მერე საწვავიც გაძვირდა, გაჭირდა ცხოვრება. ხალხს მოსახნავიზა ფული აღარ ჰქონდა. რაის ვიზამდი, წყალზე არ მუშაობდა ეს დალოცვილი ჩემი ტრაქტორი და რამფერ მომეხნა საწვავი თუ არ მექნებოდა?!
ეეხ... უჭირს ხალს, უჭირს. პურის ფულიზა შრომობენ მთელი წელი. ძნელია სოფელი... მერე ხან არ უმართლებთ, ცა ჩამეექცევათ ხომლე თავზე და დეიფსება მთელი ნაშრომ - ნაჯაფი. ასთეა ეს და ქალაქელებს ყოლიფერი რო ადვილი გონიათ ძალიან ცთებიან.
გამოსავალი უნდა მომენახა, მაგრამ რაი არ ვიცოდი. თვარა უმუშევარი დავრჩებოდი მეცე და ბირჟაზე მომიწევდა დგომა.
ზაფხულის პირზე, გაგანია მზეში სამუშაოდ გასულს ბავჯელ მიფიქრია, ტრაქტორს თავზე მზის ბატარეები რო ქონოდა, რას ვიმუშავებდი სიმონ?!... ხალხიც კმაყოფილი იქნებოდა და მეც ბლომად სახნავი მექნებოდა. შრომა მე არ მეზარებოდა და მოვხნავდი ჩემი რა მიდიოდა. ისე, მართლა რო დემეყენებინა ბატარეები ნეტავი აამუშავებდა მოტორს და მოხნავდა? სულ მაგის ფიქრში ვიყავი... რომელი გამომგონებელი მე დევიბადე, ორი ღერი ფიზიკა არ მისტავლია სკოლაში. მარა ერთი მაგფერი ტრაქტორი კიც დახატავდა მთელს ვანს და დუნიას.
ერთ დღეს ჩემს ტრაქტორს ჩაეშალა პაჩევნიკები. ვერ ვიშოვე ქუთაისში და წამევედი თბილისში. იქინე ჩემი ძმაკაცები, ვანელი ბიჭები მუშაობდნენ საცხ-საცხა. ხოდა ვიფიქრე ცოტას გევერთობი კიდეცთქვა, თვალს წყალს დავალევინებ. ქალაქელ გოგოებში გევირონიებთქვა... პირველ დღეს დავლიეთ, დავთვერით… დარჩი დეიკიდე მაი ტრაქტორიო, მითხრეს ბიჭებმა. მეორე დღეს უბედურ პახმელიაზე ვიყავი სიმონ. რა დალიე ამფერი გაგისკტა მუცელითქვა ჩემს თავს ვეუნებოდი. მესამე დღეს ჩემმა ძმაკაცმა თავის სამსახურში წამიყვანა მძღოლები ჭირდებათ, და წამოი შენი რა მიდისო. გავყევი და მართლა მევეწონე უფროსობას. დამასაქმეს სიმონ?!...
ახლა აქანე გამომიჩთა სამსახური და ერთი ჩემი ტრაქტორიცთქვა გევიფიქრე. ვიმუშავებ ჩემი რაი მიდისთქვა... ასთე დევიწყე 24 ნომერი ავტობუსის მძღოლობა.
ერთ დღეს გატენილ ავტობუსს მივარახრახებდი, განრიგს ჩამორჩენილი ვიყავი და ვჩქარობდი. გაჩერებაზე მოხუცი ქალი ჩადიოდა, სარკიდან დევინახე რო ჩადგა ორთავე ფეხი და ჩევიდა, კარი დავხურე. იმას კიდო პარკი ჭერია ხელში და მოყვა კარში სიმონ... დეიწყო ყვირილი. გავაღე კარი და გევიგონე რაფერ მომაწყევლა - გაგიხმეს თავი რა ზარალში ჩამაგდეო. აუფ გევიფიქრე, აგი მინდოდა ახლა კიდო თქვა?! მთელ დღეს სარკეში ვიყურებოდი მართლა ხომ არ გამიხმა თავითქვა.
იმ საღამოს დაღლილ-დაქანცული მარკეტში შევედი სიგარეტიზა. ვინცხა გოგო შემომეფეთა, იმფერი ლამაზი იყო, ბაბუაჩემი რომ იტყოდა ტონტოლე გოგოა და ნამდვილი კასანდრეაო. დოვუჟუჟუნე თვალები, მოი გოგო ნაყინზე დაგპატიჟებთქვა მე ვუთხარი. არაო გეიცინა. მაშვინ შოკოლადზე თქვა - არაო თავი გააქინცილა და გეიცინა. აპა რაი გინდა გოგოთქვა ვკითხე. შენ თვითონ რაი გინდაო აქეთ მკითხა და კიდო გეიცინა სიმონ! იმფერი ლამაზი იყო ი დალოცვილი, რავა გინდა გულში არ ჩავარდნოდა კაცს... შენისთანა გოგო მინდა თქვა ვუთხარი. იმან კიდო გეიცინა. აგი გონია მე დამცინისთქვა და დავაპირე მეთქვა შენი სამასხარაო ვინაა სიმონ, რო... წამოიო მითხრა. რაი თქვა? გამომყევიო. გონია მელანდება თქვა კი ვიფიქრე მარა გავყევი მაინც. მივიდა შავ მანქანასან. რაის ხედავს ჩემი თვალები სიმონ?! აუდია A8, თან შავი ბზიალა. შემოვუარე მანქანას ერთხელ, ორჯელ... ის გოგო კიდო იცინოდა. შენია აგი თქვა ვკითხე. კიო თავი დამიქნია. წამოდი გაგასეირნოო. რას ამობ გოგო შენ რაფერ უნდა გამასეირნო თქვა. დაჯექი და ნახავო. ჩავჯექი, გავშტერდი სიმონ, რა მანქანა იყო გედევირიე. ქალიც რა მაგარი იყო. გადავწექი სავარძელში და აწი წამიყვანე საცხა გინდა თქვა მე ვუთხარი. გეიცინა. რავა სულ იცინი გოგო თქვა ვკითხე. სასაცილო ხარო. რაის სასაცილო ვარ ხომ არ გედეირიე თქვა ვუთხარი. გინდა საჭესთან დაგაჯინო, მართვა იციო? რაიო, მართვა იციო, აგი რა მკითხა სიმონ?! რასაა გოგო რომ ლაპარიკობ, 15 წლიდან ტრაქტორზე ვზივარ და ყანებს ვხნავთქვა.
გააჩერა და მართლა დამაჯინა დალოცვილმა მაგან, თან გზას მასტავლიდა საით წავსულიყავი.
ავედით საცხა სულ ზევით - ზევით. ხელის გულზე მოჩანდა თბილისი. გადმევედით და მიმოვიხედე, ზღაპარში ვარ გონია თქვა გევიფიქრი, მაგარი მანქანა, მაგარი ქალი და მარტო მე სიმონ. მეტი რაი გინდა კაცს რომ იოცნებო?!... გონია მძინავს თქვა და ხელგაშლილი დავბზრიალდი თან დევიყვირე "-ოეეეეე..." მაინც არ გემეღვიძა სიმონ. აპა თუ ახლა არ მძინავს და აგი ყოლიფერი ჩემია თქვა, მივალ და ვაკოცებ გოგოს თქვა. გავხედე, კაპოტზე იჯდა და კიდო იცინოდა. მივედი, აქანე ჯდომა არ შეიძლება თქვა ვუთხარი. არაუშავსო. რაის არუშავს გოგო, წამოი სხვაგან დაგაჯენ თქვა. კიდო გეიცინა. მაცადე ახლა რაი გიქნა მაგ სიცილიზათქვა და მივედი ვაკოცე ლოყაზე - გაჩუმდა სიმონ... კიდო ვაკოცე, კიდო და კიდო. მივეპარე და ჩავკოცნე ტუჩებში... არ ამოუღია ხმა. გედევირიე, მოვკვდი გონია და სამოთხეში ვართქვა ისიც ვიფიქრე. მარა არა სიმონ... ის ქალი გამახსენდა თავი გაგიხმესო რომ მომაძახა, ოღონდ ახლა ნუ გამიხმება ეს თავი, მადროვოს პაწა და მერე კიც ვიქნები თავგასახმობი და გამიხმეს არ ვჩივარ მაგას თქვა...
ასთე იყო ეგ ამბავი. მერე რომ მიმიყვანა სახლთან, შენი ნომერი მომეცი დაგირეკავო მითხრა. დამირეკავდა აბა სად წევიდოდა იმფერი ჩოვუტარე იმ დღეს...
ბიჭებმა არ დამიჯერეს ტრანსი იქნებოდა ეგ ვინცხა, კაი შენთან ვინ გეივლიდაო. რაია ტრანსი ხომ არ აჭანჭყარებთ თქვენ ბიო თქვა. ტრანსი იგია, ჯერე რომ კაცი იყო და მერე რომ ქალი გახდაო. არ ვიცი მე ტრანსი თუ რაცხა ჯანდაბა, „იგი“ არ ება და რაიც ება კიც მოვშინჯე და... ქალი იყო თან რა ქალი თქვა...
ორი დღის მერე მართლა დამირეკა და გამომიარა. წევედით ისევლე იქ საცხა პირველ დღეს ვიყავით. სულ ორჯელ დამირეკა და ორჯელ წეველით იქ. მესამედ რო დამირეკა სახში მიმიყვანა თავისთან. რას ხედავს ჩემი თვალები, ბულდოგი ძაღლივით პირდაფჩენილი და ენაგადმოგდებული ხალხი დამხვდა სიმონ. სხვა რამეს ველოდი და გევები გონია თქვა ვიფიქრე, მარა გვიანი იყო. აგენი ჩემი ოჯახის წევრები არიანო ისინი მე გამაცნო, იმათ კი ჩემი თავი წორუდგინა, აგი ჩემი საქმროაო. რაის საქმრო ხომ არ გედეირია ეს ქალი თქვა პირი გავაღე მეთქვა, მარა მერე ისეთი რამე თქვა პირდაფჩენილს ენა მუცელში გედემეყლაპა - ორსულად ვარ ამ კაცისგანო. ზეზე წამევიჭერი - რაის ბალღი, ჩემი არაათქვა უნდა მეთქვა, იქედან „ბულდოგი ძაღლები“ გემეენთნენ, შუაში მე აღმოვჩთი, ან მე დამგლეჯენ ან ამ საწყალს თქვა შემეშინდა. შუაში ვიდექი და პირდაფჩენილი ხელებს ვიქნებდი. მერე ქალმა გვერდით ოთახში გამიყვანა და კუთხეში მიმიმწყვდია. ისეთი თვალები შემომანათა, იმფერი ლამაზი იყო და ისთე მაკოცა. ჩემი არაა ბაღანა, მარა ვისიც არ უნდა იყვეს მაინც ჩემიათქვა ვუთხარი. ჩემი ცოლი ხარ და წამოი დღესვე სულორში წაგიყვანოთქვა. ასთე შემაბა ეჟვანი სიმონ, მარა იმ დღეს არ გამომყვა. ორ დღეში ისევლე დამირეკა და მომაკითხა, წამეიყვანე შენი ძმაკაცი ჯვარი დევიწეროთო. ასე ჩუმად რაფერ გამევიდოდა, მარა, რომ არ დეიშალა სულ არ გედეიფიქროს თქვა შემეშინდა და გავყევი. დევიწერეთ ჯვარი და წევიყვანე მამასთან სულორში.
მამა კარში დამხვდა რო მივედით. მამა! მე ვუთხარი აგი იგია თქვა. ვინ იგია ბიოო, მკითხა. ვინ იგი და ჩემი ცოლია თქვა. რაის ცოლი სიმონ, ტრაქტორის ნაწილებიზა წადი და ცოლი მეიყვანეო?! ძლივას დავაჯერე რო ცოლი იყო. აგი კიდო იცინოდა. ყორფელზე იცინოდა ე დალოცვილი. დევილაპარაკებდი და იმწუთში სიცილს იწყებდა. აგი მომიკვტება ნაცინებითქვა კი მეშინოდა.
ასთე ვიყავით და ვცხოვრობდით სულორში. ორ თვეში მუცელი მეეშალა. მაინც არ იყო ის ბაღანა ჩემი, მარა მინდოდა... ა, ახლა გამიხმეს თავი ბარემღაცა თქვა გევიფიქრე, იმის მეშინოდა რომ დამტიოს და წევიდესთქვა. მარა, არ უფიქრია წასვლა...
კაი ანეკდოტი კი გამემივიდა, მთელი ვანი გლახაობდა, ბენიას ბიჭი ქალაქში ტრაქტორის ნაწილებიზა წევიდა და ქალი ჩამეიყვანაო... არ ვჯავრობდი მე მაგას. ეგლახავათ რამდენიც უნდოდათ, უსაქმურები იყვნენ მაინც.
ვანში რომ გევივლიდით მე და ჩემი ცოლი, ყველა ჩვენ გვიყურებდა. მანქანის სანახავად ხო მოდიოდნენ და მოდიოდნენ. ჩემი ცოლი კი კვტებოდა ნაციცენები.
სიამ-ტკბილობაში და თბილად ჩახუტებაში გევიდა შემოდგომა - ზამთარი ისთე რო ვერ მოვწყდი ჩემ ქალს. გაზაფხული რო მევიდა, ხან ერთმა მეზობელმა მომიკაკუნა ხან მეორემ. ხვნის სეზონი იყო და... ე, მაშვინღა გამახსენდა ბაბუას დანატოვი ტრაქტორი „ამას შენ მიხედე და აგი შენ მოგხედავსო“, რომ მითხრა. რაცხა უნდა მემეფიქრებინა, ისევლე ქალაქში ხომ არ წევიდოდი ტრაქტორის ნაწილებიზა?! ამფერ ხლაფორთში ვიყავი ჩემმა ქალმა რომ მნახა, მაზუთში ამოგანგლული. კაი სანახავი კი ვიქნებოდი ისე?!. ახალ ტრაქტორს გიყიდიო მითხრა. რასაა ქალო რომ ბჟუტურობ თქვა. აგი ბაბუამ დამიტოვა და უნდა ავამუშაო რაცხანაირად თქვა. მაშვინ მითხრა გამოვიძახოთ ხელოსნები და აგიწყობენო. ლამაზი ხოა და ჭკვიანიც რომაა ეს დალოცვილი, ავშენდი გონია და ეგაა თქვა. ქალი იმფერი ამბავია ან აგაშენებს ან დაგაფსებს და მე დაფსობილს რაღა დამაფსებდა...
იმ საღამოს ჩუმად გავანდე ტრაქტორი მზის ბატარეებზე რო მუშაობდეს ხალხი ბედნიერი იქნებოდათქვა. კაი აზრიაო მითხრა. ჩემი დეიდაშვილია დასაქმებული კომპანიაში რომელიც ენერგოეფექტურ მომარაგებაზე მუშაობსო. ვეტყვი და მოგეხმარებაო. მერე დოურეკა თავის დეიდაშვილს და მოუყვა რაც ვუთხარი. მივხვდი მაგრად გლახაობდნენ ჩემზე. ორივე კვტებოდა ნაცინები. მეწყინა, რაია ჩემთან საგლახაოდ ხართქვა?! ვუთხარი და გადავბრუნდი. მევიდა და მომეხუტა, მაგრამ მე მაინც გაბუტულმა დევიძინე.
მეორე დღეს რაის ვხედავ. ეზოში ჩამევიდა დიდი თეთრი „სპრინტერი“. უკან ჩემი ცოლის დეიდაშვილი მოყვა თავისი მანქანით. სამი ხელოსანი ახლდა და ყველა საჭირო ნივთი წამეეღოთ.
ეს სამი კაცი რომ შეესია ბაბუაჩემის დანატოვ ტრაქტორს და გამოშიგნეს. მატორი სუმთლად ამოაცალეს და გვერდზე მეისროლეს. ე, მაშვინ გევიფიქრე, საწყალი ბაბუაჩემი ალბათ საფლავში ტრუალებსთქვა. ვერც ახლოს მივედი და ვერც ხელი შევუშალე. ისეთი სხარტი ბიჭები იყვნენ ერთ დღეში დაასრულეს ჩემი ტრაქტორიზა შიგნეულობის გამოცვლა. მერე ორი დიდი პლეტასავით ლურჯი რაცხა დაამაგრე ტრაქტორს სახურავზე. გავხედე და გულს შემომეყარა, რა დღეში ჩაგაგდეს ჩემო მარჩენალოთქვა, ლამის ცრემლები ჩამოვყარე. გული ამიჩუყდა ამხელა კაცს. მამაჩემი გვიან საღამოს დაბრუნდა მინდვრიდან, რომ დეინახა რა დღეში იყო ტრაქტორი გედეირია, გიჟები ხართ თქვენ ვინცხები ხართო და წევიდა, ვერ ვუყურებ მე მაგას არ შემიძლიაო.
გევისტუმრებ ახლა ამათ და მოვდღლეზავ მერე იმ ბატარეებს და გევისვრი მოუსავლეთში თქვა ვფიქრობდი.
საღამო ხანს დაასრულეს და ორი დიდი აკუმულატორი დოუყენეს, მერე შეაერთეს მზის ბატარეები ტრაქტორის ელექტროობასან და საქოქში გადაწიეს გასაღები. მართლაც დეიქოქა სიმონ?! გედევირიე. მიველი ახლოს ხომ არ მომესმათქვა. ხელოსანმა გასაღები გამომიწოდა და მითხრა, ჩეიბარე შენი ენერგოეფექტური ტრაქტორიო. რაითქო ჩევეძიე. ე-ნერ-გო-ე-ფექ-ტუ-რი ტრაქტორიო. მზის ენერგიაზე მოხნავს სახნავსო. გეიცინა და ბეჭზე ხელი დამიბრახუნა.
ეგი რაი გამევიდა სიმეონ?! გედეირია ხალხი. იმფერი დაბალი ხმა აქვს, მეზობლის ახალი მერსედესი უფროა ტრაქტორი მასთან შედარებით.
ვინცხა მერების გაერთიანება ყოფილა. შეთანხმება დოუდიათ, ენერგო ეფექტურობის ამაღლებასა და ეკოლოგიურ საკითხებზე მუშაობენ. გარემოსდაცვით საქმიანობებს და განახლებადი ენერგიის გამოყენების დამკვიდრებას ცდილობენ. მთელი დელეგაცია იყო ჩამოსული ჩემი გამოგონებული ტრაქტორის სანახავად.
დიდი კაცი გავხდი, მთელმა დუნიამ გეიგო ჩემი ამბავი. სერიული წარმოება დევიწყოთო შემომთავაზენ. რაც კაი იქნება და ჩემს ქვეყანას გამოადგება იგი მინდა მეცთქვა ვუთხარი.
ასთე იყო აი ამბავი. მართლა მზის ენერგიაზე ხნავს ბაბუაჩემის დანატოვი ტრაქტორი. ხალხს ფული რომ არ აქ, ზოგს ქათამი მოყავს, ზოგს გოჭი და ზოგსაც დეკეული. სიმინდის დაფქულით გემევსო ბეღელი.
ვცხოვრობთ ტკბილად და ბედნიერად მე და ჩემი ქალაქალი ქალი, რომელიც ტრაქტორის ნაწილებიზა წასულმა ჩემევიყვანე და დევიტოვე.
ბაბუაჩემი კი ალბათ ამაყობს ჩემით, მოუსავლეთში. ბრძენი კაცი იყო, ბრძენი.
–უკაცრავად, ეს ადგილი თავისუფალია?
–დიახ, თავისუფალია, დაბრძანდით.
–გმადლობთ.
–სად მიემგზავრებით, თუ საიდუმლო არ არის?
–ფშავში მივდივარ, უკანა ფშავში, თხილიანაში. თითქმის სულ დაცარიელებული ყოფილა. ახლა იქ ხუთი სახლი იყიდება და ერთ–ერთი უნდა შევარჩიო.
–რა დამთხვევაა, მეც ფშავში მივდივარ, თხილიანაში, მეც სახლის სანახავად.
–თანამგზავრები ვყოფილვართ.
–აჰა, მშვიდობიანად ამოვაღწიეთ, რა ჰაერია! ფილტვები გამეხსნა.
–მგონი, გველიან.
–გამარჯობა!
–გაგიმარჯოს! თქვენ დაგვათვალიერებინებთ სახლებს?
–დიახ, მე გაგიძღვებით. მოდით, ახლავე შევუდგეთ საქმეს, თორემ აქ სწრაფად ღამდება. ვიაროთ და თან ვისაუბროთ.
–კარგი.
–ის ხუთი სახლი, რომელიც იყიდება, სოფლის განაპირას დგას, ორი კარგად არის შენახული, ერთს არაუშავს. ორი კი გავერანებულია, განსაკუთრებით ერთ–ერთი მათგანია გასაცოდავებული. ხუთივე სახლს თავისი ეზო და ბოსტანი აქვს. უფრო სწრაფად ვიაროთ! ხედავთ, პირველი სახლი უკვე გამოჩნდა.
–რა ლამაზია, სულ მწვანეში დგას.
–მეორეც გამოჩნდა, ეს ორი სახლი კარგად არის მოვლილი და შედარებით ძვირია..
–მეორე სახლის ფანჯრებთან სამი დიდი, გამხმარი ხე დგას, სამაგიეროდ ეზოში ხეხილი ხარობს და საუკეთესო ჩრდილსაც იძლევა.
–აგერ მოვედით კიდეც. გირჩევთ, ჯერ ის დანარჩენი სახლები შევათვალიეროთ და თუ დანამდვილებით არ გინდათ, შემდეგ ამ სახლებს შევისწავლით.
–კარგი, ასე მოვიქცეთ.
–იმ ორ სახლს უკვე ვხედავ და დანამდვილებით ვიცი, რომ არ ვიყიდი. მე აღარ წამოვალ.
–არც მე მომდის თვალში. მოდი, მესამე სახლი ვნახოთ. სახლს არა უშავს, მაგრამ ძალიან ჩაბნელებულია, მზის სხივებს მთები ეფარება. ზამთარში წყვდიადი იქნება. მე ზამთრობითაც ვაპირებ ამოსვლას, ამიტომ ეს სახლი არ გამომადგება.
–მე თითქმის მივიღე გადაწყვეტილება, მწვანეში ჩაფლულ სახლს ვიყიდი. ახლა კი გულდასმით დავათვალიერებ.
–თქვენთვის ის სახლიღა რჩება, ფანჯრებთან ჩამომხმარი ხეებით. სამაგიეროდ ხეხილი და ყველაზე დიდი ბოსტანი გექნებათ.
–ეგ ხეები ჩემთვის ხელსაყრელია. ფანჯრებთან ატუზული ხეები ჩააბნელებენ ოთახებს, ამ ხეებს მოვჭრით და ზამთარ–ზაფხულ დღის შუქი გვექნება სახლში. ბუხარი კი უთუოდ მინდა ხომ არის?
–დიახ, გამართულია.
–ჩვენ უკვე ენერგიის განსხვავებულ წყაროზეც ვიფიქრეთ. შორეულ და მცირედ დასახლებულ სოფლებში ენერგიით მომარაგების საუკეთესო საშუალებად მზის ენერგიის გარდამქმნელები მიგვაჩნია. ადრე მზის ბატარეები ძალიან ძვირი ღირდა, მხოლოდ მდიდრებს შეეძლოთ ყიდვა. არც ახლაა იაფი, მაგრამ ჩვენ გაგვიმართლა, ნაცნობმა ჩამოიტანა რუსეთიდან, აღარ დასჭირდა და შეღავათიან ფასში მოგვყიდა. მზის ბატარეები იგივე ელექტროსადგურია, აქ ძალიან გამოგვადგება. ჩემმა ქმარმა დაწვრილებით შეისწავლა მოხმარების წესები. ასე რომ დიდი ხანია ვემზადებით მთაში სახლის საყიდლად. ამ გამხმარ ხეებსაც მოვჭრით, სახლის უკან რომ ცარიელი ადგილია იქ დავაგორებთ და ნაწილ–ნაწილ დავხერხავთ. სამი ბიჭი მყავს, მეოთხე ჩემი ქმარია, თუ მეგობრებიც ამოვლენ ერთმანეთს შეენაცვლებიან და მათთვის სპორტიც იქნება და ფიტნესიც. შეშაც დიდი ხნით მომარაგებული გვექნება. იცით, ოჯახში ასეთი ტრადიცია გვაქვს, საღამოს, ძილის წინ ვანთებთ სანთლებს, ვთიშავთ დენს და ვმშვიდდებით, ვივიწყებთ მთელი დღის ორომტრიალს, განვეწყობით დასაძინებლად, ვაქრობთ სანთლებს და ვიძინებთ. ისე მომწონს აქაურობა, რომ სიამოვნებით ვსაუბრობ.
–მე კი მზის ბატარეებზე ჩამაფიქრეთ. ჩვენთვისაც რა ხელსაყრელი იქნება. ნეტა, ხელისუფლების მხრიდან თუ არსებობს შემხვედრი ნაბიჯები ენერგიის ალტერნატიული წყაროს მომხმარებელთათვის.
–არ ვიცი. საინტერესო კითხვაა. დავაზუსტებ.
–როგორც ვხედავ, ორივემ მიიღეთ გადაწყვეტილება.
–დიახ, მე კმაყოფილი ვარ არჩევანით.
–მეც ძალიან კმაყოფილი ვარ.
–მაშ, დავბრუნდეთ თბილისში და ყველაფერი ოფიციალურად გავაფორმოთ. ვიჩქაროთ, რომ „მარშრუტკას“ მივუსწროთ.
–რა ჰაერია, რა სილამაზეა, გამაცოცხლა.
–მეც ლაღად ვსუნთქავ. გრიპმა ხველა დამიტოვა, აქ კი ერთხელაც არ დამიხველებია.
–ხედავთ, სულ რაღაც წამებში მოვუსწარით. ჩასხედით მივდივართ!
–მივდივართ, რომ ისევ დავბრუნდეთ. ნახვამდის თხილიანა.
ჯერ კონკურსის შესახებ გამოვთქვამ ჩემს აზრს. კარგი, რომ ეს კონკურსი ჩატარდა და
კიდევ უფრო კარგი ის, რომ ,,ურაკმა'' მიიღო ამაში მონაწილეობა.
კონკურსანტებს ვუსურვებ წარმატებას!
წავიკითხე რამდენიმე ნაწარმოები და მიუხედავად იმისა, რომ ყველა კარგია, ერთი რამ მაინც თვალშისაცემია.
კონკურსის წესებში ნათლად იყო ნათქვამი, რომ კონკურსანტებს ნებისმიერი მათთვის მისაღები ფორმით, უნდა გადმოეცათ გლობალური დათბობის პრობლემები
და მასთან დაკავშირებული საკითხები. ამასთან, მათ უნდა ეხემძღვანელათ შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციების წინადადებით, დასკვნებითა თუ რაღაც შეთანხმებებით, რომლებიც მითითებულიც კი იყო და ისინი ნაწარმოებში აესახათ, რაც გაცილებით უფრო რთულია, ვიდრე მხატვრული ლიტერატურით მიახლოებითი თუ ზოგადი აზრის გადმოცემა, რადგან პირველ შემთხვევაში, ძირითადად მაინც პუბლიცისტური ჟანრი უნდა ყოფილიყო გამოყენებული ან მისი სინთეზი სხვასთან (მოთხრობა, ნოველა, ლექსი და ნარკვევი ან ჩანახატი), მაშინ, როცა მეორე შემთხვევაში, აქცენტი გამახვილდებოდა მხატვრულ
სიტყვაზე და ზოგად თემატიკაზე, რაც იმის საშუალებას იძლევა, რომ შენი ნაწარმოები გაცილებით მაღალხატვრული იყოს. ასეთ შემთხვევაში არ გჭირდება ზემოთ ჩამოთვლილი შეთანხმების და სხვ კონსტატაცია, არ ხარ შეზღუდული და ლაღად აზროვნებ.
ჩემი აზრით,, მხოლოდ ერთი ან ორი ნაწარმოები ,,ჯდება'' თემატიკაში და პრობლემის არსს ნათლად გადმოსცემს, ამიტომ ჩარჩოები, შეზღუდვები და სხვ. გამართლებული არ არის და თუ მაინც ეს საჭიროა, მაშინ დაცული უნდა იყოს თამაშის წესი, რომელიც სწორხაზოვნად უნდა მისდევდეს თემატიკას, რადგან გამონაკლისის დაშვება, ვიღაცის გაშვებას ნიშნავს კონკურსიდან. იმისას, ვინც დაიცვა წესი.
ალბათ ეს გასათვალისწინებელია.
კითხვა: მოკლე წარდგინება და რატომ მიიღეთ ასეთი თემატიკის კონკურსში მონაწილეობა
საინტერესო იყო ჩემთვის ასეთი თემატიკის კონკურსში მონაწილეობა, ასე ვთქვათ, ძალების ცდა იყო , რამდენად შედგებოდა როგორც მოთხრობა, რამდენად დაინტერესდებოდა ჟიური და შემდეგ მკითხველი
თხოვნა: თქვენი შენიშვნები და სურვილები საიტ "ურაკპარაკსა" და კონკურს "ლილე-2017"-ს
შენიშვნები არ მაქვს, დიდი მადლობა კონკურსის ორგანიზატორებს. წარმატებებს ვუსურვებ საინტსაც, კონკურსაც და მონაწილეებსაც.
კითხვა: მოკლე წარდგინება და რატომ მიიღეთ ასეთი თემატიკის კონკურსში მონაწილეობა
მკითხველს მადლობა მინდა ვუთხრა, რომ მიტანს, და გარდა ამისა მკითხულობს კიდეც, როგორ ხარო! ხან ნაწარმოებსაც კითხულობენ, აი, მგონი ჟიურიმაც წაიკითხა, 10000 მადლობა!
რატომ მივიღე მონაწილეობა, მოკლედო, და მოკლედ გეტვით - დედამიწა მიყვარს! მადლობა კონკურსის ორგანოზატორებს,
თუ ნაწარმოებთა თერთმეტეული ერთ მკითხველს მაინც აღუძრავს განცდას, რომ დედამიწას მოვლა სჭირდება, დიდი საქმე გაკეთებულა უკვე.
თხოვნა: თქვენი შენიშვნები და სურვილები საიტ "ურაკპარაკსა" და კონკურს "ლილე-2017"-ს
საიტი რომ ძალიან მიყვარს იცით უკვე, შენიშვნა მექნება იყო დრო, რჩეულ ნაწარმობები წიგნად გამოდიოდა,
მეტი კონკურსები იყო, მინდა ისევ დაბრუნდებს ის დრო და მეტი კრეატივი, რომ ლიტერატურის მოყვარულები არ მოგაკლდეთ !