ფორუმი


ურაკპარაკის ფორუმი >> პოეზია >> ჩემი საყვარელი ლექსი

1 2 3 ... 15 16 17 ... 44 45 46
ავტორი შეტყობინება

სემი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 13 ნოემბერი, 2008 19:26:37
ძალიან მძაფრი ჩემთვის ...

მწვანეთვალება
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 14 ნოემბერი, 2008 11:43:52
XXX
ბრძანეს და გიხმეს, გიხმეს და ინდე-
სვეტიცხოველი – ღმერთამდე დიდი.
შორენას ბაგის გახსნილი კიდე,
სევდაჩამდგარი თვალების ბინდი.

დაგქონდა, როგორც ცეცხლი პრომეთეს,
ყველა ქვას ქვაზე სათუთად დებდი…
და მაინც მკლავი რისთვის მოგკვეთეს,
ვერ გამიგია, ოსტატო, დღემდის.

თითქოს ის სვეტი ვერ გაპატიეს,
თითქოს არ უნდა აგეგო მეტი,
არადა, ქალი ვერ გაპატიეს,
ქალი ტაძარზე ძვირფასი შენთვის!


ლიტერატურა.გე-დან ვიცი ეს, ავტორი არ მახსოვს სამწუხაროდ

თათია
ჩვეულებრივი წევრი
გამოქვეყნებულია: 14 ნოემბერი, 2008 14:50:04
###   
სადღაც სდუმს მთები, სადღაც ნისლია,
ვერ გადურჩები სულის წვალებას,
მე რომ გაფრენა არ შემიძლია
ეს უკვე ნიშნავს გარდაცვალებას.

სადღაც სდუმს დილა, სადღაც ძილია,
გზა გაიარეს სადღაც ქალებმა...
ჩემი სხეული რომ დაღლილია-
ეს უკვე ნიშნავს გარდაცვალებას.

და სადღაც ბაღთან ვიღაც იცდიდა
და უცებ ზეცა ნახეს თვალებმა,
რომ ვერ შევძელი გასვლა მიწიდან-
ეს უკვე ნიშნავს გარდაცვალებას.

                                ტერენტი გრანელი

გიო გურჯი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 14 ნოემბერი, 2008 16:04:14
სალამი ფორუმს, მოკითხვები ყველას.

ესეც ჩემი საყვარელი ლექსი

მარკ სტრენდი

(თარგმანი ზვიად რატიანისა)


ამბავი ჩვენი ცხოვრებისა



1

ჩვენ ვკითხულობთ ამბავს ჩვენი ცხოვრებისა,
მოქმედება ხდება ოთახში.
ოთახი დაჰყურებს ქუჩას.
იქ არავინაა.
არაფერი გამოსცემს ხმას.
ხეებს ამძიმებენ ფოთლები.
გაჩერებული მანქანები არ იძვრიან.
ჩვენ კითხვას განვაგრძობთ რაღაცის იმედით,
რაღაც წყალობის ან ცვლილების,
იქნებ სტრიქონმა ერთმანეთთან დაგვაახლოვოს
ან დაგვაშოროს.
ზოგჯერ გვეჩვენება,
რომ წიგნი ჩვენი ცხოვრებისა ცარიელია.
ავეჯს არასდროს ვუნაცვლებთ ადგილს.
ნოხები მუდამ მუქდებიან,
როცა კვეთენ ჩვენი ჩრდილები.
ოთახი თითქოს სამყაროა.
ჩვენ დივანზე გვერდიგვერდ ვსხედვართ
და ვკითხულობთ, რომ დივანზე გვერდიგვერდ ვსხედვართ.
ჩვენ ვამბობთ, რომ ეს ბრწყინვალეა.
ეს ბრწყინვალეა.


2

ჩვენ ვკითხულობთ ამბავს ჩვენი ცხოვრებისა.
თითქოს ვცხოვრობდეთ, რასაც ვკითხულობთ.
თითქოს ვწერდეთ, რასაც ვცხოვრობთ.
ყველაფერი მეორდება ისევ და ისევ.
მორიგი თავი მიილია,
წიგნს ვხურავ და უკან ვიხრები,
წიგნი კი ამბობს, უკვე უჩემოდ,
რომ მე მას ვხურავ.
მე ვიწყებ წერას წიგნის შესახებ.
მე ვწერ, რომ მინდა წიგნიდან გასვლა.
გასვლა ჩემი ცხოვრებიდან სხვა ცხოვრებაში.
მერე ვდებ კალამს.
წიგნი კი ამბობს: “ის დებს კალამს
და ქალს უყურებს, ქალი კითხულობს
ამბავს თავისი საიდუმლო სიყვარულის, ბოლო სიყვარულის”.
წიგნი ზუსტია, ბევრად ზუსტი, ვიდრე გვგონია.
უკან ვიხრები და გიყურებ, შენ კი კითხულობ
ერთერთ თავს უცნობ მამაკაცზე,
რომელიც ცხოვრობს ქუჩის გადაღმა.
იქ სახლი აშენდა.
მერე ამ სახლიდან კაცი გამოვიდა.
შენ ის შეგიყვარდა,
რადგან იცოდი, რომ არასდროს გესტუმრებოდა,
ვერასოდეს გაიგებდა, რომ ელოდები,
რადგან თვითონაც რამდენიმე ღამის შემდეგ მიხვდებოდი,
რომ ალბათ ისიც ჩემნაირია.
უკან ვიხრები და გიყურებ, როგორ ბერდები ჩემს გარეშე,
როგორ გეღვრება მზის სხივები შევერცხლილ თმაზე.
ნოხები, ავეჯი, ყველაფერი მოჩვენებითია.
“ქალი ისევ განაგრძობს კითხვას.
თითქოს ვერ ამჩნევს, რომ კაცი გაქრა.
ვერ ამჩნევს, როგორც ვერ ამჩნევენ
ამინდის ცვლილებას,
თუ ამ ცვლილებამ განწყობაზე არ იმოქმედა”.
შენი თვალები ვიწროვდება.
რაღაც გიბიძგებს, დახურო წიგნი.
დახურო მაშინ, როცა თხრობა ჩემზე გადმოდის
და აღწერს, როგორ წარმოვიდგინე,
უკან გადახრილმა, ცხოვრება უშენოდ,
სხვა ცხოვრებაში, სხვა წიგნში გადასვლა
ჩემი წიგნიდან, ჩემი ცხოვრებიდან.
ის აღწერს, როგორ გიმორჩილებენ
წამიერი აგზნებები,
როგორ გაშინებენ უეცარი მიხვედრები
იმის, თუ რატომ აღეგზენი.
წიგნი იმაზე მეტს მოგვითხრობს, ვიდრე საჭიროა.
მას უნდა ჩვენი დაშორება.


3

გამეღვიძა დილით და მივხვდი:
თუ რამე დარჩა ჩვენი ცხოვრებიდან,
მხოლოდ ამბავი ჩვენი ცხოვრებისა.
შენ არ დამეთანხმე, მე კი მიგითითე
სტრიქონი, რომლის თანახმადაც არ დამეთანხმე.
როცა ძილი შეიბრუნე,
მე განვაგრძე ბუნდოვანი თავების კითხვა
(შენ ასეთებს, როგორც წესი, ყოველთვის ტოვებ,
რადგან წინათგრძნობ დაწერამდე
და ვიდრე წიგნის შემადგენელ ნაწილებად იქცევიან –
კარგავ ინტერესს).
ერთერთი თავი აღწერს კაცის ღამეულ ოთახს,
მთვარის შუქის ცივ ქსოვილში გამოკრულ ავეჯს.
კაცს ესიზმრება შიშველი ქალი,
რომელიც ბაღში ელოდება,
რომელსაც სჯერა, რომ სიყვარულს უნდა ემსხვერპლოს.
იმავე თავში ქალი კვდება.
ისე კვდება, არსადაა ნახსენები მისი სახელი.
შესაბამისად, მე ვერ გეტყვი, რომ ქალი შენ ხარ
და ამისთვის ვერასდროს დაგსჯი.
მოგვიანებით ჩვენ შევიტყობთ,
თუ სად ცხოვრობს მძინარე კაცი.
მძინარე კაცი ცხოვრობს სახლში ქუჩის გადაღმა.
ვიდრე გეძინა,
მე დავიწყე დიდი ხნის წინ წაკითხული გვერდების ფურცლვა.
ეს იგივეა, დაგესიზმროს შენი ბავშვობა.
რამდენი რამე დაკარგულა.
რამდენი რამე არ დაკარგულა.
მე არ ვიცი, როგორ ვიცხოვრო.
წიგნი განაგრძობს: “მან არ იცის, როგორ იცხოვროს
და ასეთ წუთებში ეს წიგნი მისია,
მას თავზე ადგას მწუხარების მძიმე გვირგვინი,
მისი შინა და გარე სამყარო
ერთმანეთში ვერ თანხმდებიან
და ის თავს გრძნობს უბედურად
თავის სამეფოში”.


4

ვიდრე გეძინა,
წავიკითხე მორიგი თავი,
რომელიც აღწერს შენს გაპარვას –
შენ გძინავს ჩემსკენ ზურგშექცევით
და ძილში უკან მიუყვები შენს ცხოვრებას
წარსულისკენ, სადაც მე არ ვარ.
მე ამიტანა საკუთარმა სიმარტოვემ
და ჩავთვალე, რომ ეს ფრაგმენტი
ჩვენი წიგნის უსუსტესი ფრაგმენტია,
სულელური, დაუხვეწავი.
მისი გადმოცემა შეუძლებელია.
“მას უნდოდა ენახა ქალი – შიშველი და უსუსური,
საცოდავად მობუზული აშმორებულ სანაგვეზე
ძველი სიზმრების, ძველი ნიღბების”.
მიჭირდა კითხვის გაგრძელება.
დავიღალე ამდენი კითხვით.
წიგნი მიმიხვდა
და მაშინვე მიმანიშნა,
და მორიგი აბზაციდან თემა იცვლება.
მე ველოდი შენს გაღვიძებას.
შეიძლება, დიდხანს ველოდი.
შეიძლება, შევწყვიტე კითხვა.
გარეთ ქარმა დაუბერა.
მისი ხმა ჰგავდა უჩვეულოდ გაწელილ ოხვრას.
შემდეგ შემომესმა ფოთლების შრიალი.
ეს ყველაფერი ხდებოდა გარეთ –
ფანჯრის მიღმა იდგნენ ხეები.
ეს ყველაფერი, შესაძლოა, ხდებოდა წიგნშიც.
ის ფოთლები შრიალებდნენ, როგორც ჩანს, წიგნშიც.
მე გადმოგხედე შენ, მძინარეს, და წავიკითხე
ორი თვალი, ცხვირი, ტუჩები...


5

რომ ყოფილიყო სრულყოფილი სტრიქონი წიგნში.
რომ შეგვძლებოდა მასში ცხოვრება.
რომ ვიყოთ წიგნში, თოთქოს არ ვიყოთ.
თითქოს არც კი დაგვეწეროს, და ვიყოთ წიგნში.
მაგრამ ღამდება მორიგი გვერდი,
ყოველი გვერდი დანომრილია
და ვიწროა საძრომები სტრიქონებს შორის.
და შემდეგი გვერდი თენდება;
და წინადღით წაკითხული ცუდი ამბავი,
როგორც წყვდიადში ანთებული ასანთის ღერი,
მოძრაობს ტვინში.
რომ შეგვრჩენოდა რამის იმედი.
რომ შეგვძლებოდა კითხვის შეწყვეტა.
“მას არ უნდოდა კითხვის შეწყვეტა,
მას არ უნდოდა სხვა წიგნის კითხვა,
ქალი კი ქუჩას დაჰყურებდა:
მანქანები ისევ იდგნენ ხეების ჩრდილში,
ქუჩის გადაღმა, ხეებს შორის, მოჩანდა სახლი
და ამ სახლში ცხოვრობდა კაცი,
კაცი, რომელიც შეუყვარდა,
რომელიც ალბათ სხვა წიგნს კითხულობს.
ქალმა თვალები დახუჭა და წარმოიდგინა
მისი ოთახი, ცივი ღუმელი;
მაგიდასთან იჯდა კაცი და წერდა წერილს
ქალს, რომელიც უკვე მკვდარია,
რომელიც მსხვერპლად შეეწირა თავის სიყვარულს”.
რომ ყოფილიყო სრულყოფილი სტრიქონი წიგნში,
ეს იქნებოდა ბოლო სტრიქონი.
წიგნი არასდროს ასახელებს სიყვარულის გამომწვევ მიზეზს.
როგორც ეტყობა, მას ხელს აძლევს ბუნდოვანება.
წიგნი არასდროს არაფერს გვიხსნის.
ის მხოლოდ ბრალს გვდებს.


6

ცხოვრება გრძელდება.
ვიზეპირებთ, რაც გვაგონდება.
ვიხედებით შორ სარკეში ოთახის ბოლოს.
არ შეგვიძლია სიმარტოვე.
წიგნი გრძელდება.
“ისინი სდუმდნენ, არ იცოდნენ, როგორ დაეწყოთ
ასე საჭირო საუბარი.
სწორედ სიტყვებმა გააჩინეს პირველი ბზარი,
მათ მოიტანეს სიმარტოვე.
ამიტომაც არ ჩქარობდნენ,
მხოლოდ კითხვას განაგრძობდნენ ჩუმი იმედით –
იქნებ თავისით მომხდარიყო რაიმე წიგნში.
იქნებ თავისით შეცვლილიყო მათი ცხოვრება:
შეცდომები მიტევებოდათ, რადგან ვერ მტკიცდება.
ტკივილები შეშვებოდათ, რადგან არცერთი იყო ნამდვილი.
მათ არაფერი გააკეთეს”.


7

ჩვენი წიგნი განწირულია,
ჩვენ ვართ ცოცხალი დასტური ამის.
გარეთ ბნელა, ოთახში უფრო.
მე კარგად მესმის შენი სუნთქვა.
შენ მეკითხები, ხომ არ დავიღალე.
დავიღალე თუ შემიძლია განვაგრძო კითხვა.
დიახ, დავიღალე.
დიახ, შემიძლია განვაგრძო კითხვა.
დიახ, გპასუხობ ყველა კითხვაზე,
მაგრამ არ გესმის.
“ისინი დივანზე გვერდიგვერდ ისხდნენ.
ისინი იყვნენ უხეირო ორეულები,
მოდუნებული ფანტომები
იმის, რაც იყვნენ.
ისინი ჩანდნენ დაღლილები..
ისინი კითხვას განაგრძობდნენ,
დამფრთხალები საკუთარი უბიწოებით
და იმითიც, რომ არ სურდათ კითხვის შეწყვეტა.
ისინი დივანზე გვერდიგვერდ ისხდნენ.
ისინი მზად იყვნენ მიეღოთ სიმართლე.
ისინი მზად იყვნენ მიეღოთ ყველაფერი, სულერთი იყო, რა.
წიგნი უნდა დაწერილიყო,
წიგნი უნდა წაკითხულიყო.
ისინი იყვნენ მხოლოდ წიგნი
და არაფერი სხვა”.
მეტა ენა
ჩვეულებრივი წევრი
გამოქვეყნებულია: 14 ნოემბერი, 2008 16:18:40
ვაა, სტრენდი, რა მაგარია!

რენუარი
რჩეული ავტორი
გამოქვეყნებულია: 15 ნოემბერი, 2008 14:16:07
გთხოვთ, დამიკოპიროს ვინმე- მადლიანმა, ლია სტურუას "დაგვიანებული რექვიემი" გ.ტაბიძეს.

ლაკი
ჩვეულებრივი წევრი
გამოქვეყნებულია: 19 ნოემბერი, 2008 18:48:49
სიზმართა რგოლში ჯადო მკაცრი ტანჯვა-წამების
მაჩვენებს ხოლმე სახეს მწარეს და სახეს ველურს
სიზმართა რგოლში მე ვიხსენებ ჩემს დამმონებელს
დაღლილ წამწამთ ქვეშ გამოხედვას უდაბნოსებურს.   

                            / გალაკტიონი /
         

თაია
ჩვეულებრივი წევრი
გამოქვეყნებულია: 24 ნოემბერი, 2008 11:53:31
ყივჩაღეთს ვიყავ!....ქალი მოვიტაცე
ცხენზე შემოვიგდე დედალი ავაზა!
ტანი გაყურსული,გავშხვართე უნაგირზე
თეთრი თეძოების ვიხილე გახელება.....
ხტოდნენ ატეხილი ავხორცი მუხლები
და მე თვით ნადირი მაქციეს ნადირად!
კოცნა კბენა იყო....ალერსი დანა....
მუცელი გაზნექილი,კბილებით გამოვფატრე
და ქალი გაფატრული.....
მარჯვენა ნაპირიდან ვესროლე მდინარეს!
ტუჩები სისხლიანი ფაფარზე შევიწმინდე....
სიგიჟის ნაპერწკალი ცხენს მოხვდა საფეთქელზე
და ისიც გავარდა!....
მე სისხლის ყივილი მოღუშულ სივრცეებს მათრახად გადავკარი!....
ეს იყო ყივჩაღეთს!ვეფხვობის თვეს!.......
       
        გრ.რობაქიძე

ლუბა ელიაშვილი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 25 ნოემბერი, 2008 08:36:27
ესეც ჩემი  საყვარელი ლექსი (ერთ-ერთი)

ქარი არის

ქარი არის.
სულ უბრალოდ -
ქარი არის.
ლიხს იქით კი,
ახლა ალბათ
წვიმებია.
ცაზე თეთრმა
ურჩხულებმა
ჩაიარეს
და ფიქრებიც
ამინდივით
მძიმდებიან.

სიგარეტი,
გაბზარული
ჩაის ჭიქა...
ქარმა ღამე
გადაფინა
კანაფებზე.
დამიჯექი,
მოდი გვერდით
დამიჯექი
და დილამდე
ვისაუბროთ
არაფერზე.

გიო საჯაია

ნელიკო გოგუაძე
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 25 ნოემბერი, 2008 13:21:08
ლუბას ჩემი უუუუსაყვარლესი ლექსი დაუდია   

* * *
მთვარე - ძაღლიშვილი, ისე გაიტურა,
თითქოს კვალში ედგა ღამის ტარანტული.
წასვლა გამიგია, მაგრამ - პოეტურად!
არის მიტოვებაც, მაგრამ - გალანტური!

ბოლო სიგარეტიც ყავას შევუხამე
(სადღაც უნდა მეგდოს კიდევ, ორი ღერი).
წერა შემიძლია მხოლოდ შუაღამით...
სხვა დროს არ მაცლიან, თორემ - ვინ ოხერი.

რაღაც უხეირო სასმელს მიძალებით,
გუშინ საღამოდან ვიკლავ მოშიებას.
დილით მიპოვნიან, ალბათ, მიცვალებულს...
გარეთ ნერვიულად ყეფენ გოშიები.

ქალაქს გადავხედე - თვალი ამარიდა
ისე მედიდურად, მისთვის დანაბერებს...
მთელი დედამწა, ჩემი ფანჯრებიდან,
მოჩანს, დამიჯერე - ბევრი არაფერი...

და ეს ლექსიც, თითქოს, სხვათა შორისია -
ფიქრიც მიძნელდება... იცი? გეფიცები,
ყოფნას და არყოფნას, სადღაც შორისა ვარ,
საფლავს მინაწერი წლების დეფისივით.

ნიკა ჩერქეზიშვილი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 25 ნოემბერი, 2008 16:51:47
მთელი დედამწა, ჩემი ფანჯრებიდან,
მოჩანს, დამიჯერე - ბევრი არაფერი...

....

ნელიკო გოგუაძე
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 26 ნოემბერი, 2008 16:10:41
შემოდგომა

ჩამოეკიდა რეალობა შიშველ ხეებზე,
ილუზიურად ჩამოეხრჩო ყოველთვის ნაღდი...
მოვალ...
ჩავიცვამ გაყვითლებულ ფოთლებს ხელებზე...
და...
ტკივილს გაგხდი...

დღეს
ყველა ჩემს გზას შენს კარებზე უნდა მოდგომა...
ვხედავ ყოველწამს ერთი სუნთქვით როგორ ვმოკლდები...
სამარადისოდ გაგრძელდება ეს შემოდგომა,
როცა მოვკვდები...

ნიკა ჩერქეზიშვილი


გოქსუ

სადაც ყვავილები მთავრდებიან
და შენი თითები იწყებიან,
შენი თითებიდან დაწყებული,
ჩემი დაკარგული მიწებია.
არ ღირს ობლობაზე ლაპარაკი,
სულით ობლობასაც ნუვინ ტირის,
საკუთარ ძარღვებში დავწანწალებ,
ერთი უცხოელი ტურისტივით,
თანაც დაკიდებულს, საცალფეხოს,
ფართოდ ვიღიმები გულისტკივილს.
უკან ურდოები მომყვებიან
და მიტოვებული მეფეები,
როცა ყველაფერი წესრიგშია,
როცა ყოჩივარდებს ეფერები.
სხვებით სხვა მგოსნებმა გაიხარონ,
ალბათ, ჩემს გვირგვინად ეს აკურთხეს:
მთელი უშენობის მფლობელი ვარ,
დიდი დანაკარგის მესაკუთრე.

რეზო გეთიაშვილი

ნელიკო გოგუაძე
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 26 ნოემბერი, 2008 16:11:59
სიყვარულის ახსნა

სათიბში მიჯნური მთვარე დაბანცალებს.
იციან _ იწვიან ვარსკვლავთა ნარგისნი.
მსურხარ და მაძალებ _ სულ ცოტა მაცალე _
სული თუ მოვითქვი _ სიყვარულს აგიხსნი.
გეტყვი, რა სახმილმა ეს გული დაფლითა
ან მთვარე რად ვიძმე _ ღამეთა პოეტი.
გეტყვი, რომ ცასავით შორეულ ზღაპრიდან
სულ შენთან მოვდივარ და ვეღარ მოვედი;
მერანს შევაცვითე ფერდებზე დეზები,
ვაწბილე ეშმა და ჭინკა და მაცილი,
ამდენი გეძებე _ რამდენი გეძებე!
და დაუძლეველი ვიპოვე მანძილი.
და თუმცა თითებში შენი თმის ლანდია,
თითები თვრებიან მთენთავი ბანგის სმით, _
ნარგისის თვალები ისე შორს ანთია,
ვით ღამის სათიბში ვარსკვლავთა ნარგისნი.
გეტყვი, რომ სიზმრები ქარებმა მირწიეს,
შლეგი იკაროსის ელდით ვარ ნასეტყვი...
და ასე სასურველს
და ასე მიწიერს,
უკვე აღარ ვიცი, გეტყვი თუ არ გეტყვი! _
რომ, თუნდაც მერანმა არსად გადამჩეხოს,
ბედი იქირქილებს, ბილწი და ბოროტი,
რადგან ეს ბილიკი, ასე საცალფეხო,
მკაცრად საცალფეხო იქნება ბოლომდის;
რომ მთვარე მარტოა და მწირის თმა-წვერით
სხვადასხვა სცენაზე ჩვენ ერთი როლი გვაქვს;
და უსასრულოა
და სისხლით ნაწერი
ჩემი ქრონიკული ტრფიალის ქრონიკა;
რომ შემომჩვევია სევდა გაბასრული,
კაეშნის მგეშავი, ავი და გულზვავი,
ჩემი მარტოსული პატარა წარსული
ზურგზე რომ ამკიდა ამხელა კუზივით;
ათასჯერ სიკვდილით თვალები დავიწვი,
სული აქილევსის ვეება ქუსლია...
და ალბათ, არ გეტყვი, რადგან თუ რამ ვიცი,
ვიცი, რომ სიყვარულს ასე არ უხსნიან!
და სწორედ ამიტომ შენი თმის თავთავებს
მდუმარედ მოვისთვლი დამთვრალი ბანგის სმით,
და სწორედ ამიტომ მთვარეს ვუთვალთვალებ,
და სწორედ ამიტომ
სიყვარულს არ გიხსნი.

ზაზა ბიბილაშვილი

ნელიკო გოგუაძე
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 26 ნოემბერი, 2008 16:36:10
ვერ მოვიტყუე თავი ბოლომდე...


ვერ მოვიტყუე თავი ბოლომდე,
ვერც სიყვარულით და ვერც იმედით,
სად არის ქალი, რომ გამყოლოდეს
იმ გზაზე, სადაც ვეღარ მივედი.
წვიმამ და ქარმა დამსუსხა ერთად,
და საკუთარი წამართვა ლანდიც.
მწყუროდა ღვინო და ვსვამდი ქეძაფს,
მწყუროდა ზეცა და მიწას ვჭამდი.

თან იმ ჭრილობებს სულს ვუბერავდი
ხან ღმუილით და ხანაც სიცილით,
ვერ მოვიტყუე თავი ვერაფრით,
არყოფნის მზერა ვერ მოვიცილე.

შენ-განუწყვეტლივ მიბიძგებ საით?
მარადიული დღეო და ღამევ,
ამოდი ჩემგან, რომ მივხვდე მაინც
ჩემგან შენს გარდა თუ რჩება რამე.
ყველა ცდუნებას გზა მოვუჭერი,
რომ ჩავიღვარო შენში ვით წვენი,
თუ მხოლოდ ეს ვარ-უტყვი ჭურჭელი,
რათა ბოლომდე ავივსო შენით.

თამაზ ბაძაღუა

ჯოზეფი
ჩვეულებრივი წევრი
გამოქვეყნებულია: 26 ნოემბერი, 2008 18:58:33
ონავარი მზის სხივების ხმები ჩამესმის
გამჭვირვალე და დაბინდულია შენი ლანდები
სანატრელია შენი ტუჩები, მისი გალობა
წამოდი ერთად ავაშენოთ ფსკერზე სიყვარულის ბაღები





ჯოზეფი
ჩვეულებრივი წევრი
გამოქვეყნებულია: 26 ნოემბერი, 2008 18:58:37
ონავარი მზის სხივების ხმები ჩამესმის
გამჭვირვალე და დაბინდულია შენი ლანდები
სანატრელია შენი ტუჩები, მისი გალობა
წამოდი ერთად ავაშენოთ ფსკერზე სიყვარულის ბაღები







იმპრესია
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 26 ნოემბერი, 2008 22:30:07



მეტი საქმე

დავკარგე ქოლგა
არც არასდროს მქონია ქოლგა
გულღმა ვწევარ სამყურების ნოტიო ჩრდილში
მაჯასთან ვენა გადამიჭრა ჭიამაიამ
დავკარგე თავი
არც არასდროს მქონია თავი
ან ყვავილების ქოთანი მქონდა
ან რკინის ქვაბი
სადაც ერთ დილით ყველა კაცი ერთად მოვხარშე
დავკარგე შვილი
არც არასდროს მყოლია შვილი
ვარ ხურმის ჩირი
სტვენით მივყვები
მიტოვებულს ზღვისგან ნაპირებს
გამოვიფიტე
ვარ ღამის უხმო ფირსაკრავზე
მთვარის ფირფიტა
და არამხოლოდ.


ღმერთო, მასწავლე იმაზე ფიქრი რასაც ვაკეთებ
იმ ბიჭთან ყოფნა რომელსაც ვხვდები
იმ კაბის ჩაცმა, რაც წინადღით დავიუთოე
როგორც მიხდება,
სწორედ ისე დავარცხნა თმების
ღმერთო,
მომარგე ცოტა უფრო უბრალო ფრთები

ბექ ნიკასონ
ჩვეულებრივი წევრი
გამოქვეყნებულია: 29 ნოემბერი, 2008 23:18:29
ეკატერინეს ლექსი ძალიან მომეწონა ჩემი სააააააააატვარელი ლექსი გახდა

აი ისიც

ტყაშიმაფასავით ტყეში დაგიწვები,
ველური ვარდების ძირში,
ტუჩებს დაგიდაღავ ცეცხლოვან ამბორით,
სიზმრად აგენთები ძილში.
თან ამორძალივით ძუძუს ავიშანთავ,
სევდით დაგიკოდავ ღიმილს,
ჯადოსნურ ნიმფასავით ყელზე მოგეჭდობი,
მერე მიგაკოჭავ ტირიფს.
მე კი ალეწილი შმაგის გახელებით,
ზურგზე მოვახტები ულაყს,
ფერდში მუხლს შემოვცხებ
შენი გამეტებით,
ფლოქვში ავუდუღებ ურვას.
წავალ, გავიჭრები,
უფსკრულს ჩავინთქმები,
ქარი დამადევნებს ტირილს.
ალესილ ლოდებზე ლეღმად დავიმსხვრევი,
შენ კი შეგატოვებ ტირიფს.
ცეცხლი მოგედება მერე სიგიჟისგან,
ჟინი აგიტეხავს კივილს.
შეგჭამს მოგონება შლეგი სიყვარულის
ჩემი მოფერება ნაზი,
მაჯებს დაგიდაღავს ჩემი თმების ცეცხლი,
ალში დაინთქმები ბრაზით.
მე კი მოჩვენებად შენს წინ ვიტრიალებ,
მკერდზე მოგედები ცეცხლად.
ჯადოს გაპკურებ და როცა  დანაცრდები,
ცისკენ გაგაქროლებ მერცხლად.
ფრთებში შეგბიძვრები, სულში შევსახლდები,
გულში დავიბუდებ შენთან...
ტყაშიმაფასავით ტყეში დაგიწვები
ველური ეკლების მოლზე,
ტუჩებს დაგიდაღავ ცეცხლოვან ამბორით,
აღარ მოგაბრუნებ გონზე.



ჰოიდა ნანა
ჩვეულებრივი წევრი
გამოქვეყნებულია: 1 დეკემბერი, 2008 13:47:26
ავტორი: გ. კეკელიძე
მერვე ბუკოლიკი

რომ დარდის კოჭლ და მოხუც
აქლემს გავყევი მზისკენ. . .
უშენოდ ყოფის უდაბნოში ქვიშამ წაიღო მოგონებებად გაფანტული ოაზისებიც,
ვგრძნობ დაღლილ სისხლში შემოპარულ ნაცნობ სიმშრალეს
და სადღაც ცხრა მთის დასალიერს,
შენ იცი მხოლოდ,
რომ დარდის კოჭლ და მოხუც
აქლემს გავყევი მზისკენ. . .
ნუ შეშინდები,
თუ ოდესმე ღრუბლის ფურცელზე
ჩემი სიკვდილის უცაბედი ცნობა ეწეროს _
_ არც ბედუინებს დავეძებდი ხმლის მოსაპარად,
არც ქვიშით სავსე ქარის ტომრებს ვუშვერდი ფილტვებს,
პირიქით, დაო,
თავს საოცრად ვუფრთხილდებოდი,
არ მიმიკლია სიამენი მაცდური სოფლის,
სულიც იმიტომ
დ ა ვ ლ ი ე,
რომ ზეცა
მ ო მ წ ყ უ რ დ ა.

ჯალალი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 1 დეკემბერი, 2008 16:02:29
ომარ თურმანაული

გვირილა

გვირილავ, სითბოს ამოჰყოლიხარ
და იღიმები მუდამ იმგვარად,
რომ ჩემთვის ვფიქრობ: "ღმერთს, ამ ორიდან
ნეტავ რომელი ჩვენგანი ვგავართ".

მგონია, მუდამ ბედნიერი ხარ,
თეთრ ღიმილს ისე უხვად არიგებ.
არ ვიცი, ალბათ... ანდა იქნება
იცი ის, რასაც მე ვერ გავიგებ.

ისეც და ასეც შენზე ცოდო ვარ
და ღმერთს თუ ხედავ, ჩემზეც ანიშნე:
"ეყოფა მაგას კაცად ჯახირი,
მინდვრად ყვავილად სადმე დანიშნე".

ეგება თვალი მეც ავახილო -
სიკვდილ-სიცოცხლის რამე გავიგო,
სანამდე მომძოვს სოფლის ნახირი,
მომძოვს, ან სულაც ჩლიქქვეშ გამიგებს,

მაგრამ იქნებ შენ ჩემზე შორიდან
უყურებ ღმერთს და არა იცი-რა;
მაშინ გავუყოთ, მოდი, ორივემ
ერთ-ურთს, რაც ჩვეში თრთის და ციმციმებს.

ცოტას იტირებ შენაც, ჩემსავით,
ცოტას, შენსავით, მეც გავიცინებ,
მერე ორივე ერთად დავწვებით,
ჩაგეხუტები და დავიძინებთ.

1 2 3 ... 15 16 17 ... 44 45 46

ურაკპარაკის ფორუმი >> პოეზია >> ჩემი საყვარელი ლექსი


ამჟამად ფორუმზე იმყოფება 0 სტუმარი და 0 წევრი