ფორუმი


ლიტერატურულ კონკურს "ეგო-არტი 2014"-ზე საკონკურსო მასალების მიღება გრძელდება მიმდინარე წლის 19 სექტემბრამდე     * * *     ლიტერატურული კონკურსი „ემიგრანტის წერილი 2014“-ზე საკონკურსო მასალების მიღება გრძელდება მიმდინარე წლის 10 ოქტომბრამდე     * * *     ლიტერატურული ჟურნალი „ანეული“ აცხადებს „ერთი მოთხრობის კონკურსს“ რევაზ ინანიშვილის სახელობის პრემიის მოსაპოვებლად     * * *     დაწვრილებით ურაკპარაკის ფორუმზე "ურაკპარაკის ფორუმი >> კონკურსები"     * * *    

ურაკპარაკის ფორუმი >> პოეზია >> ჩემი საყვარელი ლექსი

1 2 3 ... 16 17 18 ... 44 45 46
ავტორი შეტყობინება

ფერიდე
ჩვეულებრივი წევრი
გამოქვეყნებულია: 3 დეკემბერი, 2008 21:41:44
გაზაფხული გახმიანდა კვლავაც,
დაიღვარა მუქ ლილისფერ ფერებად,
სიყვარულის ერთი სუსტი ხმა ვარ,
ხმა ვარ - ვიცი, არვინ მომეფერება

გაზაფხულზე მოვინატრებ სიცოცხლეს,
მზეს როცა აქვს მოალერსე ხელები,
თან გავყვები იებს და ენძელებს,
ხმა ვარ - აბა, როგორ მომეფერები!

კენდეისი
ჩვეულებრივი წევრი
გამოქვეყნებულია: 9 დეკემბერი, 2008 17:08:03
ცამ მზის ძნა წნა ძოწით,
მზემ ცის ლეწა კალო, მოწითალო.
მოწი ლოყა,
მოწი ღაწვი,
ბაგე, მოწითალო,
მოწი, ქალო

ნატა
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 10 დეკემბერი, 2008 01:57:08
შენ

ამბობდი_
თვალებიც ბერდებიან,
და მუდამ ამაზე ვკამათობდით,
ჩვენ შორის სიშორის ის წლებია,
რომლებიც მინდა რომ არ მახსოვდეს.
ახლაღა ბრუნდები,
ვედრებიან
წამებს და საათებს ვგავარ ოდეს,
არ ამბობ_ თვალებიც ბერდებიან,
გახსოვს, არ მჯეროდა არასოდეს.
მიყურებ,
გამცვდარი მზერებია,
ნიღბიან ერთგულებას თამაშობენ,
ვიჯერებ_
თვალებიც ბერდებიან,
როდესაც გულები ღალატობენ...

თეა თაბაგარი

კენდრა
ჩვეულებრივი წევრი
გამოქვეყნებულია: 11 დეკემბერი, 2008 22:28:47
როცა წვიმები გადაიღებენ,
ჩვენ აგვტკივდება ყველაფერი,
სადაც ერთმანეთს არ შევხებივართ,
რა საჭიროა ამდენი უზრო სითბო
და ვარსკვლავთცვენა შუაღამის მოწმენდილ ცაზე...
გარშემო ისედაც ყველაფერი სავსეა სპერმით.
როცა წვიმები გადაიღებენ,
ჩვენ აგვტკივდება უკაცრიელი ორგანოები
და მანძილები წამწამებს შორს...
და მართლაც, ვინ იცის სად ხარ სინამდვილეში
როცა ასე უგონოდ გვძინავს
და ერთმანეთს ვატოლებთ თითებს და ვუცვლით ჩრდილებს...
ამ ფანჯრებს იქით შუქნიშნები იცვლიან ფერებს
ჩვენ კი ვერ ვხედავთ.
ნეტავ საით გარბიან ისინი
საკუთარი სილამაზით გადაღლილები...
როცა წვიმები გადაიღებენ,
მე გეტყვი: მტკივა...

ზაზა კოშკაძე

ლუბა ელიაშვილი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 19 დეკემბერი, 2008 11:16:44
დიოფიზიტური ტირადა (ბატის ფრთისა და დახლის თანხლებით)

თაკარა მზით და ღრიანცელით
თავი მევსება.
ბრიყვი ვყოფილვარ _ ეს-ეს არის
შემატყობინეს.
ვდგავარ აქ, სადაც დახლებია
და ვილექსები
მე _ პოეტი და, შეთავსებით,
მეკარტოფილე.
ვიცი, თქვენ მაინც არ იფიქრებთ,
გასულელდაო,
არ გადაგცდებათ ყელში შაქრის
მამალოები, _
უწყით: ბაზარი ბაზარია
და სულ ერთია,
სტამბულის არის,
ჩიტების თუ
ამაოების.
ასე რომ არა, ვახსენებდი
ფრანსუა-ფრანცუზს,
არ მოვყვებოდი უთავბოლო
ფიცილს და ჩიჩინს,
მხოლოდ დავძენდი:
მართალია,
ძალიან არც მსურს,
არც მომდევს-მეთქი ყაჩაღობის
საშური ნიჭი.
ხოლო ბაზარი? _ თუ მიუდექ
ამ საქმეს ჭკუით
და შნო-ლაზათით, შეიძლება
არც იზარალო!
(მერე რა, თუკი ცოტა-ცოტას
სასწორი ტყუის,
როცა მართალი ქვეყანაზე
კაცი არ არი?!)
მაგრამ ბედისგან ძნელად ვინმეს
ნახავ დანდობილს
და თუ გაწყრება იღბალი და
მეც არ დამინდობს,
თავს მივანებებ უიმედოდ
იაფ კარტოფილს, _
უფრო სარფიანს გამოვიტან
კიტრს და პამიდორს.
ან რომანტიკულ-ეგზოტიკურ
ბანან-ანანასს
წონით ვიყიდი და გავყიდი
თითოდ, ორ-ორად
და თუკი მუქთად არ გავატან
ლამაზ მანანას,
კი გავაკეთებ ერთი კაი
წიგნის ჰონორარს...
მაგრამ “ჩეკისტი” ჩამოივლის
ბრძნული იერით,
კიდევ ათასი ჩინ-მაჩინი
და ეპოლეტი...
საბრალო ისევ შემომრჩება
ჯიბე მშიერი
და სევდიანად შემახსენებს,
რომ ვარ პოეტი.
თავგადაკლული დამიმოწმებს
ყველა თვისებაც:
შემომჩვევია აჯაგრული
ურვის ობობა
და აქაც, თუმცა ღრიანცელით
თავი ივსება,
ყელში გამჩრია უპატრონო
უთვისტომობა.
ან როცა ვუმზერ კლიენტურას,
აფოფრილ-მკივანს,
მათანასწორებს ვინც ჯალათთან
ანდა დებილთან,
გგონიათ, გული არა მტკივა?
პირიქით _ მტკივა,
და უფრო მეტიც _ გული მტკივა
დაბადებიდან.
ჰოდა, სანამდე აიტანოს
ყოფის ტაქტები
ამ უცნაურმა, საოცარმა
ჯადო-თილისმამ?! _
ვიცი, გასკდება და არ ვიცი,
რას შევასკდები _
საწერ მაგიდას თუ ტომარას
კარტოფილისას.
სრულყოფილებას თუ აკლია,
მხოლოდ ის _ ბასრი
სამართებლით რომ მოცახცახე
ვენას მოზომავ...
ეგ რაა, დახლის რომ მეშოვა
მაგივრად კასრი _
განაღდებული მექნებოდა
გენიოსობა...
ვიცი, მიჯერებთ, მაგრამ ეჭვიც
მორბის ძუნძულით,
გაბეზრებული ჩემი ბოდვის
უთავბოლობით.
მაკვირვებთ, როგორ არ იკმარეთ
ასე უნდილი
სახეები და უღიმღამო
მეტაფორები!
აჰა, ინებეთ, სანამ გეტყვით
ღამეს მშვიდობის,
კიდევ საბუთი უტყუარი
და თვალსაჩინო:
თუმცა წააგავს დახლი ესე
ნოეს კიდობანს,
მეტი არ არის ჩემი მტერი _
გადამარჩინოს...
მაგრამ გავჩუმდე, თორემ ფიქრობთ,
ფუჭად ვიღლები
თეატრალური ორი ნიღბის
ფეთქვა-ფოფინით.
ერთი იწამეთ: მართლა მე ვარ,
რისი ნიღბები!
მე _ პოეტი და, შეთავსებით,
მეკარტოფილე.

ზაზა ბიბილაშვილი

ნატა
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 19 დეკემბერი, 2008 15:31:54
ძეწნა

ძეწნა

როკავს, როკავს, როკავს...ძეწნა, ძეწნა,
ძეწნა...
ნოტებ-ნოტებ ტოტებს, ურევს, ურევს,
ურევს...
ბაგე ბაგეს უცებ, ისე შემოეწნა,
როგორც სველი მკერდი,ვიწრო მაისურებს.

ტოკავს, ტოკავს, ტოკავს...გახვითქული
ტანი...
ისე ნება-ნება, ეუფლება ვნებას
და-და, და-და, დანით
და-და, და-და, დანით
ასე მოხდა ჩვენი გადალებანება...

ფეთქვა-ფეთქვა-ფეთქვით, აღმა-დაღმა
დადის.
სისხლძარღვებში სისხლის აღარ არის ტევა.
არის მხოლოდ ღამე, ლურჯი მარმალადის...
შენს დალალებს მიღმა, მტევან-მტევან-მტევან...

გადაკიდებ კისერს როცა ბოლო-ბოლო...
და მოიდებ ყელზე აკივლებულ ალმურს.
დაასრულებს ქარი უკანასკნელ სოლოს
უაღრესად ველურს, უაღრესად ქალურს.

და ქალივით როკავს... ძეწნა, ძეწნა,
ძეწნა
ნოტებ-ნოტებ ტოტებს, ურევს, ურევს,
ურევს...
ბაგე ბაგეს უცებ, ისე შემოეწნა,
როგორც სველი მკერდი, ვიწრო მაისურებს.


გიორგი გურჯი

ტორიადორი
ჩვეულებრივი წევრი
გამოქვეყნებულია: 28 დეკემბერი, 2008 18:47:23
მოდი ავფრინდეთ ცაზე ქუხილით
ამირანს მწველი ცეცხლი ვაჩუქოთ
რუსი მოსული როკის გვირაბთან
როკის გვირაბთან მივაჩაქუჩოთ

ნატა
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 28 დეკემბერი, 2008 18:59:44

თუსია
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 28 დეკემბერი, 2008 19:00:49
სეკვენცია

ანი ბანი და განი და
მართლა არ ვიცი რა მინდა,
ალბათ პატარა და მინდა
ღმერთო, დამინდე, ამინ, და
ანი ბანი და განი და.
მინდა ამოვძვრე კანიდან,
სიცოცხლე მინდა თავიდან.
სიკვდილი მინდა? - არ მინდა,
არა როგორმე გავუძლებ,
არა როგორმე ავიტან,
მხრით გოლგოთაზე ავიტან
დღეებს, რომელიც სვე-ბედმა
გამი-წვიმ-ავდარ-ამინდა.
ანი ბანი და განი და
სევდის სივრცე და განი და
ბედის ცამეტი განედი
ვერ გავისეგრძეგანე და
მისი უღრმესი ქანიდან
ვყვირივარ: ანი ბანი და
განი და დანი ზანი და
თანდათან თანი კანი და
ლანი და მანი მანი და
მე ნანი-ნანი-ნა მინდა.
ვეხფვის ტყავისა გაძრობა
ამ გატანჯული ტანიდან
და წასვლა იერუსალიმს,
კანას ქორწილში სმა მინდა.
მეგზურად მწყემსი ძმა მინდა:
პანი და ჟანი რანი და
ფანი და ღანი ყანი და
შანი ჩანი და ქანი და
ეზო-კარიდან, ყანიდან
მუნ ჩემი ბაღის ნაყოფის
მიტანა ქანაანიდან.
მე ცაზე ცანი ვცანი და
ჯანი და ძანი წანი და
მინდა გამოსვლა წამიდან,
ვეებერთელა ცა მინდა.
ვიწრო ბილიკის მაგიერ
ათი ათასი გზა მინდა.
გზა მინდა მნათობებიდან,
შენსკენ მავალი გზა მინდა,
მზის მუცელღების ხმა მინდა.
სანი და ჭანი ხანი და
ვერძის შუბლიდან, ხარიდან
ისევ მნათობთა გზა მინდა,
ყოველ მნათობში ანთებულ
საიდუმლოში წვა მინდა..
ყველა ვარსკვლავში წვა მინდა,
ყველა ვარსკვლავში სვლა მინდა,
ყველა ვარსკვლავის ცვლა მინდა,
მინდა გამოსვლა წამიდან,
ვეებერთელა ცა მინდა.
ანი ბანი და განი და,
ღმერთო, ამ შუბლის ამინდი
ცხრა მზით ამინთე, ამინ, და
ისევ ა-მინდა, ე-მინდა,
თეთრი ი-მინდა, ო-მინდა,
სანამ ცხოვრების ჰოემდე
მივალ ათასი ომიდან,
ერთი ძლიერი უ-მინდა,
სამოთხის ვაშლი უმი, და
მერე შენს გვერდით თუ გინდა,
ანი ბანი და განი და,
ღმერთო, დამინდე და მინდა.



ბექა ფიცხელაური
ჩვეულებრივი წევრი
გამოქვეყნებულია: 29 დეკემბერი, 2008 18:51:45
გიღალატე და გაგწირე, გულით ძნელამოსაღებო,
ობლებ ვართ უერცხვისოდა, ვაის მემრ დასაძახებო,
მე ბარი მედედინაცვლა, მე – შენ, შენ – მე განაღვლებო
შენი მლოცველი მეკვლე ვარ, კარს კრძალვით შემოვაღებო
ყრმობას ფეხშიშვლის ნათელო, სამშობლოს იალაღებო,
რად მხვდებით მოქუფრულები, გეუცხოვებით, ლაღებო?
კბოდეებო და კორდებო, ნაკადულ-ნაქამანდრებო,
წარმტაცო სიმაღლეებო – საჯიხვეთ თავ-გუმბათებო
აკვნიდან წრიაპებამდე თვალშადგმით დასანახებო.
ცის ბოძო, კიდეგანაო, ღმერთების ნაქანდაკებო,
იერზვიადო, მეხების სპირალით ნასვირანგებო.
სინდიურავ და საფარევ, ლურჯი ლაჟვარდის ჭაღებო
ტანმთელო მიცუს ციხეო, ზისვრის დუღაბით ნაგებო,
მსოფლიოს ციხეთ ლიდერო, მომხვდურთგან ვერანაღებო,
შუღლწაუგებო შატილო, ბეგენგორივით საქებო,
ქალუნდაურის ნამუსო, ძაღლიკას ნაჯანსაღებო,
ბნელო ღამევ, ბაბურაულის დაშნაით ნაჩახჩახებო
შენ, ჩემო თემის კარიბჭევ, ცქიოტო ქავის თაღებო
დავლათიანი გაგაის უტყუვრად ნაგუშაგებო
ქარჩათ ბუბაის დალალო, ჩაჩქანში ნატუსაღებო
ტკივნებავ – სულის წამღებო, კივლებავ – გულის ამკლებო
ნიას “კალდიმის" წივლებავ – ლაშქრისად ოცის მამკდები
მახვილ-ხმალ-მაჯა-მარჯვენო, ურჯულოს ყანად მამკლებო!
მელოდი, სულის სამყოფოვ, მართლადამც დამელოდები
მამღერე შენი სიმაღლე, ხომ მაინც ლექსით მგონდები
მათქმიე, რომ ძველს გაუსწრებ, არამც თუ გაუსწორდები,
მისაღონე და გამხარჯე, მომანანიე ცოდვები,
მოვედ და განაწილების შემდეგ ნელ-ნელა ვგროვდები,
გუნებაგამოცვლილები პირქუშად დგანან გორ-მთები,
ჭერმოხდილ ჭერხოთ ყორეებს ბუ დაჰქვითინებს მგონდები
მოშლილა სათოფურები, მრავალგზის განაფოთები,
აქით სიკვდილის პირითა იფურთხებოდნენ თოფები...
ისმოდა ხეიბარ პაპის ჟრუანტლიანი ლოცვები.
სატკენი შედარებაა, საწყენი, გასაოცები -
მაწმიდართ სამამაცოსა დაუბამთ ფერმის ძროხები,
რიოშით შეძრწუნებული ამხდარა ანგელოზები,
გადაფარულა შამბითა პატრონცოცხალი ქოხები,
ღამისმთეველთა მაღალბან არ წკრიალებენ დროშები
ყელს შესდნობიათ სამოსი – ქალწულთა ხელსახოცები
მეც ბრალიანთა რიცხვის ვარ, ვუმზერ და სულით ვღონდები
ვითამ რა საზღაურია, მიუწვდომ გავსაგონდები,
ქვეყნად ჰყავდა კი? ან რაად აუხდა ავთ ნალოცები.
მტრისგან ძლეულს და დაბრეულს ღგავ ნასოფლარი სოფლები
მთიელი უმთოდ – უმშობლო, მთა – უშვილებო მშობლები,
ასე ვართ, მთაო, მე და შენ უერთმანეთოდ ობლები.



მაკუცა
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 4 იანვარი, 2009 12:50:35
ხელის ცეცებით სიბნელეში
გავიგნებ წარსულს
ამოაშენებს დავიწყების
ნაპრალებს ჟამი.
ეკლის ტაბლაზე
დავარდება ქრიზანთემების
ნატკენი ტანი.
ვიღაცა ძალით შეაჩერებს
კახპების მეჯლისს.
დაისერება მარტოობა
ბლაგვი წუწუნით,
და მაშინ შევძლებ
შევაჩერო ყველასთვის მარტომ
ათასი წამი იმ საულუნის...

ნიკო
ჩვეულებრივი წევრი
გამოქვეყნებულია: 5 იანვარი, 2009 17:06:25
ასე თენდება საქართველოში, შორი იმედით,
საუკუნეთა შემონახული სიტყვა ბრძენდება,
ისევ კეთილი აჯობებს ბოროტს და საბოლოოდ,
ისევ მთლიანი საქართველო გაგვითენდება.



ნეკერა
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 5 იანვარი, 2009 21:07:26
***
გოგოვ, ისეთი გაქვს რხევა,
კაბის მინდა შემოხევა!
ტუჩები გაქვს ისე სავსე
მწიფე მტევანს მიგამსგავსე.
თვალები გაქვს ისე ჩვილი,
ალბათ ჩემგან გინდა შვილი.
ნეტავ რად არ შემხვდი დღემდე,
მხოლოდ ერთი ღამე მენდე.
გოგოვ, ისეთი გაქვს რხევა,
კაბის მინდა შემოხევა!

ნინ
ჩვეულებრივი წევრი
გამოქვეყნებულია: 9 იანვარი, 2009 06:47:43
მე და შენ ყველაზე მაგარი წყვილი ვართ,
ამ ბოლო დროს დამჩემდა ფიქრი და ანკესი,
სიყვარულს ძალიან ხმამაღლა ვყვირივარ,
სიყვარულს ვყვირივარ და შენ კი არ გესმის..
დაცურავს კალმახი და ჭალის კანაფებს,
მივყავარ სადღაც და ვეჩვევი ხეტიალს,
შენსავით ამ ქვეყნად არ ვნატრობ არაფერს,
თუმც ძაღლის ყველაზე უბედო ბედი მაქვს..
წვებიან დღეები, მოდიხარ ჩემთან და,
მწყემსივით გარეკავ ამ დარდს და კაეშანს,
მზეც ისევ გაწვება დაღლილი კლდესთან და,
თუ ლექსებ აცრილი საღამოც დაეშვა,
კვლავ მუზებს ვისტუმრებ, გრძნობების ექიმებს,
ისევ პოეზია, ღამე და ანკესი,
სიყვარულს ვდუმვარ და სიყვარულს ვყვირივარ,
ვიცოდე ნეტავი შენ ვერ თუ არ გესმის..
მიყვარხარ _ეს ისე,
მიკვდება გული და, კანაფის საშინელ სიცილით ვტირივარ,
მე თუ ვარ ფხიზელი, ძალიან ცუდი და თუ მთვრალი _
ყველაზე მაგარი წყვილი ვართ !!

                                                რ____ო____ი

ნინ
ჩვეულებრივი წევრი
გამოქვეყნებულია: 9 იანვარი, 2009 08:37:35
მე ვწერ ამ სტრიქონებს ქარიან ღამეში..., როდესაც წვიმის წვეთები ეცემიან მინას და როცა სიშორეზე ტირის როიალი..
მე ალა მაგონდება ჩემი ცხოვრების ქარიშხლიანი დღეები
და სინანულის ჟრუანტელი მივლის.
თანაც მიხარია, რომ ვარ ტერენტი გრანელი.
წინ უფსკრულია და შავი ნისლი მახვევია ირგვლივ.
მე ქვეყნის გაჩენიდან ნელა მოვდიოდი სინათლისაკენ,
რათა მეხილა მზე.
ალბათ მიზიდავდა შორეული და უხილავი..
მოვედი ადრე.
და ახლა ისევ ვუახლოვდები სიბნელეს,
როგორც ზღვას, სადაც სამუდამოდ ჩაიძირება ჩემი სხეული.
ყოველ ღამე მოაქვს ფიქრი სიკვდილზე
და სიშორეზე.
და მეშინია...
ვფიქრობ: მოვა წამი, როცა არ ვიქნები ცოცხალი, მაინც მჯერა ჩემი უკვდავება.
მე პოეზიამ მაგრძნობინა, რომ სადღაც შორეს არსებობს უკვდავების ცისფერი მხარე,
სადაც დაფრინავს ჩემი მწუხარე სული.
ქარიშხლიანი ღამეა და მინდა ვიყო სხვაგან.
პოეზიამ იცის უეცარი სიხარული, რომელიც უდრის გაფრენას.
მე არ მინდოდა სიცოცხლე.
არც სიკვდილი.
მე რაღაც სხვა მსურდა.
ახლა ვფიქრობ და მწამს მესამე გზი არსებობა, როგორც იდუმალები.
მე ისევ ვგავარ მარადისობის გარინდულ საზღვართან და ველი ქრისტეს ლანდს,
რომელიც მიხსნის მე განსაცდელისგან.
და მე მჯერა სიცოცხლე სხეულის გარეშე.
მე მივმართავ მსოფლიოს შემდეგი სიტყვებით:
მე მინდა გაფრენა.
მე მინდა ყველგან ვიყო,როგორც ღმერთი.
ჩარჩენილი ვარ ბავშვივით ამ ციდვილ ქვეყანაში
და არ ვიცი როგორც ამოვიდე იმ ტალახიდან, რომელსაც ეწოდება მიწა.
არა სიცოცხლე,
არა სიკვდილი,
არამედ რაღაც სხვა.
ვამბობ: არ არიან სიტყვები გრძნობებისათვის.
გარეთ ისევ ქარიშხალია, წვიმის წვეთები ეცემიან მინას
და ისევ სიშორეზე ტირის როიალი..

ტერენტი გრანელი..




გვანციოლა
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 9 იანვარი, 2009 17:02:00
ჩემი საყვარელი ლექსიიი დათო მაღრაძის--"SALVE"
"ანგელოზო სამოთხიდა ასე შორს,
აწ საყვარელს წერილს ვუწერ შორია
ქვაზე კეფა, მაღლა ცაზე ქორია,
ერთი იყო ახლა ვხედავ ორია,
მადლი უფალს ქორსაც სატრფო ჰყოლია,
ფრთა შეახო და თან გაიყოლია,
ფრთა შემახე, ანგელოსო, ასე შორს,
ანგელოსო, სამოთხიდან ასე შორს.."

kanario
ჩვეულებრივი წევრი
გამოქვეყნებულია: 12 იანვარი, 2009 17:43:37
მიყვარხარ ძლიერ... ძლიერ...
რაც გადის დრო და ხანი,
მე უფრო მეტად მიყვარს
შენი პატარა ტანი...
შენი შავი თმის ბუჩქი,
ეგ თეთრი შუბლის სერი,
თვალები გიშრისფერი,
ლოყები ვარდისფერი,
შენი თითები მიყვარს,
ორი პატარა თათი,
ო, იცი, როგორ მიყვარს
ოდნავ შეხებაც მათი,
ო, იცი, როგორ მიყვარს
გამოუთქმელი ენით?-
შენი გრძნობების სიღრმე,
სულის სიმაღლე შენი...
მე დარდიც მიყვარს შენი,
შენი ღიმილიც ფართო,
მე ცრემლიც მიყვარს შენი,
შენი კისკისიც მართობს,
მე შუქი მიყვარს შენი,
რა არის მისი ფასი!
მე ჩრდილიც მიყვარს შენი,
მზის დაბნელების მსგავსი...
მიყვარხარ ძლიერ, ძლიერ...
მწვავს შენი ტრფობის ალი,
მიყვარხარ ძლიერ, ძლიერ...
მთელი გრძნობით და ძალით...
მთელი სამყარო ვრცელი
შენით არსებობს ჩემთვის,
რაზეც კი ვფიქრობ, ყველა
ფიქრს შენზე ფიქრი ერთვის..
ძილში ჩემთან ხარ სიზმრად,
ფიქრში ჩემთან ხარ დღისით,
გულის ძგერის ხმა მესმის-
შენი ხმა არის ისიც..
შენთვის მივწვდები მწვერვალს,
დიდების ყველა მნათობს,
დიდებას დავთმობ შენთვის,
შენთვის მწვერვალებს დავთმობ...
შენი ოცნებით ვხარობ,
შენს დარდს ვატარებ დარდად,
მე სხვა სურვილი არ მაქვს,
შენი სურვილის გარდა,
მსხვერპლი ყველაზე დიდი
მე მეჩვენება მცირედ,
რადგან შენ გსურდა იგი,
რადგან შენ შემოგწირე.
შენს მცირეოდენ წყენას,
სულ უმნიშვნელო წვრილმანს
სდევს ჩემი სევდა დიდი,
ჩემი ცრემლების წვიმა...
მიყვარხარ ძლიერ, ძლიერ,
მიყვარხარ ცხადად, მალვით,
როგორც არასდროს არვინ
არ ჰყვარებია არვის...



შანდორ პეტეფი

kanario
ჩვეულებრივი წევრი
გამოქვეყნებულია: 12 იანვარი, 2009 17:44:51
პატარა იყავ

პატარა იყავ და ამიტომაც,
თუ ვერ გამჩნევდი, მეპატიება,
რას ვიფიქრებდი, არ დამინდობდა
შენი ქალური შურისძიება.
და თუ გიყვარდი, როდია ჭორი,
ან ქარაგმულად თქმული იგავი,
მიუწვდომელი და შორზე შორი,
შენს თვალში დიდი ვინმე ვიყავი.
და როცა ეშხი შეგმატეს წლებმა,
როცა სიმწიფის წლები გაჩუქეს,
შენ დაგინახა სუყველამ ერთად_
თვალებმა, გულმა და სიჭაბუკემ.
და შეიცვალა ჩვენი როლები_
შენ გამირბოდი, მე_ გდევდი ბოლოს,
შენ წითლდებოდი და ათრთოლებით,
უხერხულ სალამს მაძლევდი მხოლოდ.
ერთი კი გზაზე აღარ გაგიშვი,
ლამაზ თვალებში ჩაგხედე დარდით,
ამხელა ბიჭი მე შენს თვალებში,
რა პატარა და უმწეო ვჩანდი!
მას შემდეგ, მუდამ გხვდებოდი მცინარს,
თითქოს მიმზერდი კიდეც ზემოდან,
გავიწყდებოდა სალამი ხშირად
და ძველებურად აღარ გრცხვენოდა.
ბოლოს გავიგე, როგორ დაგკარგე,
დაგკარგე, დამრჩი ნატვრა მარადი,
თვალებში როცა ჩაგხედე, კარგო,
შენს თვალში მაშინ დავპატარავდი!


შოთა ნიშნიანიძე


kanario
ჩვეულებრივი წევრი
გამოქვეყნებულია: 12 იანვარი, 2009 17:46:06
გზაში

სიხარულს გთხოვ, ― მწუხარებას მთავაზობ.
ნუთუ ასე დაგატყვევეს ფიქრებმა?
ცოტა კიდევ მოითმინე, ლამაზო,
და ნანატრი მთა-გორებიც იქნება!
ცოტა კიდევ, სალოცავო ხატებავ,
და ლაშქარი სვავების და ყორნების,
ვით ღრუბელი, ისე გაიფანტება
და თბილისის მიწას ვეამბორებით.
ხომ უყურებ, როგორც ხვადი ავაზა,
ორთქმავალი ისე უტევს უკუნეთს,
ცოტა კიდევ მოითმინე, ლამაზო,
და ვიხილავთ ირმებსა და ბულბულებს.
ცოტა კიდევ ― და იელვებს კრწანისი
და მეტეხის ეკლესიის თავანი,
სადაც წმინდა მაცხოვარის ხატის წინ
ფეხშიშველა ლოცულობდა თამარი.
სიხარულს გთხოვ, ― მწუხარებას მთავაზობ,
ნუთუ ასე დაგატყვევეს ფიქრებმა?
ცოტა კიდევ მოითმინე, ლამაზო,
და ნანატრი მთა-გორებიც იქნება!



ლადო ასთიანი

რენუარი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 12 იანვარი, 2009 22:09:34
დავკარგე ქოლგა
არც არასდროს მქონია ქოლგა
გულღმა ვწევარ სამყურების ნოტიო ჩრდილში
მაჯასთან ვენა გადამიჭრა ჭიამაიამ
დავკარგე თავი
არც არასდროს მქონია თავი
ან ყვავილების ქოთანი მქონდა
ან რკინის ქვაბი
სადაც ერთ დილით ყველა კაცი ერთად მოვხარშე
დავკარგე შვილი
არც არასდროს მყოლია შვილი
ვარ ხურმის ჩირი
სტვენით მივყვები
მიტოვებულს ზღვისგან ნაპირებს
გამოვიფიტე
ვარ ღამის უხმო ფირსაკრავზე
მთვარის ფირფიტა
და არამხოლოდ.


ღმერთო, მასწავლე იმაზე ფიქრი რასაც ვაკეთებ
იმ ბიჭთან ყოფნა რომელსაც ვხვდები
იმ კაბის ჩაცმა, რაც წინადღით დავიუთოე
როგორც მიხდება,
სწორედ ისე დავარცხნა თმების
ღმერთო,
მომარგე ცოტა უფრო უბრალო ფრთები

                      დიანა ანფიმიადი
1 2 3 ... 16 17 18 ... 44 45 46

ურაკპარაკის ფორუმი >> პოეზია >> ჩემი საყვარელი ლექსი


ამჟამად ფორუმზე იმყოფება 1 სტუმარი და 1 წევრი: მუხა