ფორუმი


ურაკპარაკის ფორუმი >> პოეზია >> ჩემი საყვარელი ლექსი

1 2 3 ... 17 18 19 ... 44 45 46
ავტორი შეტყობინება

ნიკა ჩერქეზიშვილი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 13 იანვარი, 2009 19:11:30
ეს შენი საყვარელი ლექსია.. ვინსენტ?..

ხელოვანი_
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 13 იანვარი, 2009 20:00:19
ჩემი მაჯებიდან


რაღაც ხასიათზე დღეს ვარ ირონიულ,
ისევ მენატრება შენი სიახლოვე,
მინდა ეს ფოთლები მოვურ-მივურიო,
ბოლოს მაინც ვინმე ერთად შეაგროვებს.

უფრო ცივი არის ამწელს ნოემბერი,
კიდევ გაცივდება წლები მიყოლებით,
მინდა ახლა ისე თბილად მოგეფერო,
თითქოს მომავალ წელს აღარ გეყოლები.

თითქოს ბავშვი ვიყო,
ისე მეტირება,
იცი,
წუხელ ერთი ლექსი დაგიწერე,
არის უსარგებლო ყველა შეპირება,
მაგრამ ეს სიტყვები ჩემს თავს გაგიწევენ.

ახლა მგონი უკვე მივედ-მოვედები,
გახდა სისულელე -
ასი მილიარდი,
წამო,
შევიშალოთ,
როგორც პოეტები,
ვინც ამ ცხოვრებისგან ზურგით მიტრიალდნენ.

წამო,
თორემ ეს ცა ისე გაიბურა,
სხვა ცა აღარა ჩანს ჩვენი ფანჯრებიდან,
წამო,
გეხვეწები,
მინდა ძველებურად
სისხლი გადაგისხა ჩემი მაჯებიდან.





  ნიკა ჩერქეზიშვილი

ხელოვანი_
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 13 იანვარი, 2009 20:02:11
      მისი თითები


ისევ არეული დამაქვს ნაბიჯები,
შარვალს ცარიელი ჯიბე გამოჩრია,
ისე მომყვებიან ზურგში ნაბიჭვრები,
ვხვდები თუ დავეცი
ყელსაც გამომჭრიან.
მაგრამ არაფერი...
სხვა რამ მედარდება...
მაინც რანაირად ყოფნა დავიჩემე...
დღეში თითო დარდი მაინც მემატება,
ყელში ამოვიდა,
ჰოდა,
დავიჯერე,
რომ ამ ცხოვრებაში თუა გადარჩენა,
ჩემთვის
მხოლოდ მისი თბილი თითებია...
მხოლოდ მისმა თბილმა სუნთქვამ დამაჯერა,
ჩემი თვალები რომ ისევ ინთებიან.
ჰოდა,
მოდით,
ძმებო,
თავი დამანებეთ,
თქვენი წიაღსვლები თქვენთვის დამითმია,
მე კი...
მას მოვძებნი მთელი გამალებით,
სულში ახლა ისე სუნთქავს არითმია,
რომ დროს მგონი ყველა რამსი აერია,
ვეღარ დამეწევა უკან ბარე ორი...
ახლა ეს ცხოვრება ჩემი ჰაერია,
მხოლოდ ნაბიჯი მაქვს ისევ არეული.



ნიკა ჩერქეზიშვილი

ხელოვანი_
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 13 იანვარი, 2009 20:05:54
            ტერორისტები პოეზიაში ანუ "ლიმნიანი" ჩაი

ყავა უშაქრო
ან
ჩაი "ლიმნიანი",
"KENT"-ი ღერებით და
ბედსაც არ ვემდური,
დამყვა ხასიათი,
ისე ჯინიანი,
შენც კი არ მინდიხარ არაპოეტური.

წუხელ მთელი ღამე ქარი ხმაურობდა,
სისხლი გასდიოდათ ფანჯრებს მინებიდან,
ალბათ ორი ფეთქვა დარჩა ამ გულს,
ჰოდა,
თუნდაც ერთი იყოს,
მხოლოდ შენთვის მინდა.

მიჭირს ვუყურებდე დილას გათენებულს,
სანამ ვინატრებდე ისევ დაღამებას,
მოდი,
დაენახე წამებს გაჩერებულს,
მოდი,
გეხვეწები,
კოცნით დამღალე და

გამოვიჯახუნოთ კარი გამეტებით,
ოთახს შევატოვოთ ყოფნა ყოფითი და
ისე ჩამასუნთქე შეშლილს პლანეტები,
რომ ეს დედამიწა მოწყდეს ორბიტიდან.



  ნიკა ჩერქეზიშვილი

ხელოვანი_
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 13 იანვარი, 2009 20:07:05


      მე სხვა ქუჩაზე ვცხოვრობ

ხლართავს ინტრიგებს ხორო,
ფაფხურობს ბარე ორი,
მე სხვა ქუჩაზე ვცხოვრობ,
ჩემიდან გზაა შორი
ღმერთამდე,
ჰოდა,
ძმებო,
გვერდი უქციეთ ამ გზას,
რომ არ დაგემტვრეთ ფრთები,
რომ ყველაფერი რიგზე
იყოს
და
განა ბევრი,
ერთი თხოვნა მაქვს მხოლოდ:
სხვაგან ეძებეთ მტერი,
მე სხვა ქუჩაზე ვცხოვრობ.



ნიკა ჩერქეზიშვილი

რენუარი
რჩეული ავტორი
გამოქვეყნებულია: 13 იანვარი, 2009 20:10:16
ჰო, ნიკ- თანამედროვეებიდან ერთ-ერთი საყვარელი.

ლიკა საჯაია
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 15 იანვარი, 2009 00:43:04
დაიკიდე...

მოდი,
სიღრმეებში ჩამოყევი,
თოკებს, მე რომელიც ჩაგიკიდე.
თუ,
უინტერესოდ მოგეჩვენოს,
ცერად შემხედე და
დაიკიდე.
მოდი,
ჭაში უნდა ჩაგახედო,
შენთან
მომენატრა საუბრები.
მოდი,
კიდევ ერთხელ
ვითავხედოთ,
ფოთლებს ვუყნოსოთ და
გავუბეროთ.
მოდი,
ბალახებზე წამოწოლილს,
ზეცა
ნაბადივით
დამაფარე.
მოდი,
დამითვალე ცოდვები და
ტყვიად საყვედური
დამახალე,
მჭიდეგავსებული პისტოლეტით,
ტვინი
დამიცხრილე საცერივით...
უხეშ იუმორზე ამცერი და
სულში ჩამიყავი
საცეცები.
მაჯებზე მითვალე ნაწიბური,
ცოდვები
მამადლე
უსახური,
ოქროსი მომთხოვე
კოშკები და
სიცოცხლის ბოლომდე
მიმსახურე....
მხოლოდ ერთი ღამით
შეუღლება,
ნაკლად ჩაუთვალე
ჩემს ბუნებას,
ისევ გაიკვირვე,
რატომ მიყვარს,
სულელურ ფიქრებში
შებრუნება...
მოდი,
ამ ერთხელაც
ვილაღოთ და
მერე
საბოლოოდ გაგეცლები.
აბა, როდის იყო
მიხაროდა -
საბელად შებმული საცეცები.

ლუბა ელიაშვილი

ლიკა საჯაია
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 15 იანვარი, 2009 00:47:30
ადენომა

ყურის ბიბილოს და ყელის გასაყართან-
-დელიკატურ ძარღვთან-
შენი სუნთქვა დამრჩა...
ხოლო სიყვარულ-ვადაგასული შენი ორეული-
-მამრის ჰაბიტუსით,
მწიფე ჭერამივით
დაბლა დაენარცხა...

ჩემი დეპრესიაც არსად აღარა სჩანს...

მხოლოდ ინერცია ფსევდო-აღტაცების,
სადღაც პაროდია სალამბოს გატაცების
და ჰესსეს ზღაპრების...

თავდაცვის საუკეთესო ხერხია-
-ასტიგმატიზმი,
ჩემმა ჭკვიანმა თავმა მოიფიქრა-
-უბრალოდ, აღარ მინდა დავინახო
და ბუნდოვნად ვხედავ,
აღარც განვიცდი...

ექიმის დასკვნა კი,
და რატომ, არ ვიცი,
თითქოს ესღა მაკლდა:
"ყურის ბიბილოს და ყელის გასაყართან-
-დელიკატურ ძარღვთან-
ადენომა გაჩნდა."

ნუციკო დეკანოზიშვილი

კატინე
ჩვეულებრივი წევრი
გამოქვეყნებულია: 16 იანვარი, 2009 17:20:52
თან გამიყოლე სადაც წახვალ,უგზო შორეთშიც.
თან გამიყოლე,ჩამიყოლე თუნდაც მორევში.
მე შენთან ერთად ერთი მინდა,ერთნი რომ ვიყოთ,
უცებ ახეთქილ კვირტს მსურს გავდეს ჩვენი ამბორი,
ჩუმი სიოს დროს ფოთოლი რომ ეფერება თითქოს ხის ტოტებს
მე შენს ბაგეებს მოწიწებით მასე დავკოცნი.
გავედევნები ამოსუნთქვას!ჩრდილის ნარჩენსაც!
ოღონდ შენ-იყოს,შენი მერქვას.შენი გამყოლი.
ხმას არ გავიღებ!ხელი მომე გვერდით დაგიდგე,
წამსვე გავხდები,გიჟი ვარ და მაინც დამყოლი.
თან გამიყოლე თუ აგებნა ფიქრის გზა-კვალი,
საფიქრეთშიც კი წავალ ფიქრთა დასაბრუნებლად.
გამოვიქცევი,ისევ გვერდით ამოგიდგები,
ფიქრს დაგიბრუნებ
და დაგკოცნი გადაუღებლად.
გავაშიშვლებდი სულს-არეულს,ნანატრს,ნატირალს.
ჭორაობასაც გავუძლებდი,კითხვებს დამცინავს.
გიჟი მეძახონ,
მომწონს კიდეც-გადარეულიც,
უშენობას ხომ მირჩევნია ვიყო ეული.
ერთ გულს ვამღერებ მე ორივეს გულის გულებში,
თუ მოგინდება გამოგყვები ცისკენ,კუთხეში.
დაგანახებდი სულ სხვანაირ ფერად სამყაროს,
ოღონდ ის მინდა გულთან გყავდე,გულით მატარო.




კატინე
ჩვეულებრივი წევრი
გამოქვეყნებულია: 16 იანვარი, 2009 17:21:20
ჩემი ლექსია მაგრამ მიყვარს რა ვქნა.........

ბექა ფიცხელაური
ჩვეულებრივი წევრი
გამოქვეყნებულია: 16 იანვარი, 2009 17:47:25
საგზლად სიყვარული გამატანე,
აიმ მთვარის თავს გაფიცებ.
საგზლად მონატრება გამატანე,
აიმ შენ ვარსკვლავს გაფიცებ.
ჭირია ქალავ სიყვარული
და ეს ჭირი ჩემთვის გაიმეტე.
დარდია ქალავ მონატრება
და მიდი, დარდისთვისაც გამიმეტე.
გულო ოხერო, გულო ტიალო,
ნეტავი რამდენს გავუძლებთ ეგება?
ცხოვრებავ, კლდესავით ფრიალოვ.
ეს სული, ეხ ხორცი, ფეხებქვეშ გეგება.
მაგრამ გეგება კი? ეგაც საკითხია,
საგზლად სიჯიუტე თანამდევს.
მე ხომ მეძახიან წარმართ ფხიას;
მაგრამ სიყვარულიც თან დამდევს.
არა მჭირდება ქაჩალი გრძნობები,
რაღაც რომანტიზმს რომ ეძახიან.
გონებას მაწვება აწ ურჩი ცნობები,
_ ქალშავავ მთები გვეძახიან!
საგზლადაც შენ თავს წავიყოლებ!
სულაც არ მჭირდება სხვა რაღაც ჭირია.
შენც მთების სიყვარულში აგიყოლებ.
ეს თუ კი ჭირია? სხვა არც რა მჭირია!


იდუკა ჭინჭარაული

ბექა ფიცხელაური
ჩვეულებრივი წევრი
გამოქვეყნებულია: 16 იანვარი, 2009 17:59:45
არ იფიქროთ ლექსი დამელია
(ეს დღეები თუმცა ავად მყეფენ)
დრო იკითხავს: ნეტა რომელია
მიღმახევის პოეტების მეფე.
ჩამოასხით (ლურჯი სულის წვა ვარ)
ხელადაში ღვინო შემომრჩალა
მელოდება, სიმღერებით წავალ
დანიუხეს ჭალაურის ჭალა.
მარტოდმავალს გრიგალები მთათა
არდოტმყოფელს უჟმურთ ხმაზე მყეფენ
მზისგან ვისმენ მელოდიურ ხმათა
მიღმახევის პოეტების მეფე


მურღვა არდოტელი

კატინე
ჩვეულებრივი წევრი
გამოქვეყნებულია: 16 იანვარი, 2009 21:14:30
მე ვიცი ჩემი სიყვარული დიდი ქალაქის ქუჩებში დადის,განა სულ ერთი არ არის ჩემთვის თუ საით წავა ანდა საით გაეშურება?დარღვეულია დროის კავშირი და ახლა ჩემი სიყვარული არ არის იგი.დღეს შეიძლება საუბარი ყველამ გაუბას.მან დაივიწყა ყველაფერი და აღარ ახსოვს,ვინც მისთვის სული არ დაიშურა.ის ახლა მზერის დეპრესიაში დაეძებს თავის ორეულს და სერავს სივრცეს-ჩემს ერთგულებას.მისახავს იმედს და მაშინვე შლის უზრუნველად.და ისეა გამარჯვებული გამარჯვებაში არასოდეს მონაწილეობს.მე მისი სულის სიღრმეში ვცხოვრობ ,ვით ბედნიერი ნამსხვრევი გემის და მან არ იცის,რომ მისი განძი არის ცემი მიუსაფრობა.და უზარმაზარ მერიდიანზე,სადაც აპირებს ფრთების მოქნევას,მას ამსხვრევს ჩემი თავისუფლება.
მე ვიცი ჩემი სიყვარული დიდი ქალაქის ქუჩებში დადის.განა სულ ერთი არ არის ჩემთვის თუ საიტ წავა ანდა საით გაეშურება?დარღვეულია დროის კავშირი და ახლა ცემი სიყვარული არ არის იგი.დგეს შეიძლება საუბარი ყველამ გაუბას.მან დაივიწყა ყველაფერი და აღარ ახსოვს ვინც მისთვის სული არ დაიშურა და ვინც შორიდან გზას უნათებს რომ არ დაეცეს (მიშო... ვაფრენ ამ ლექსზე ფრნგული პოეზიიიიიის შედევრია)

გვანციოლა
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 27 იანვარი, 2009 16:11:51
თეთრი პერანგი

ის მიდის ჯვრისკენ ერთი პერანგით
-ჯვარს აცვი!-
ისმის ანჩხლი კიკინი
და მოსროლილი ვით ბუმერანგი
ბრუნდება ჩვენში ეკლის გვირგვინით.
ირევა ხალხი, როგორც ამინდი,
ცოტა მართალი, ბევრი ვერაგი,
მზე ჩადის, როგორც ძოწის ქლამინდი,
ის მიდის ჯვრისკენ ერთი პერანგით.
...ტყვიაგაუმტარ ფანჯრების სისქეს
უსაფრთხოება მიაქვს კეისის,
ჩვენ ხან ლექსუსით მივდივართ ჯვრისკენ,
ხან საკუთარი აირვეისით
და საფინანსო გაწეულ რისკებს
თან გაკოტრების ახლავს შიშები,
მივალთ..მივდივართ..მივიწევთ ჯვრისკენ,
ჩვენი საბანკო ანგარიშებით.
იერუსალიმს აღდგომა მოდის,
დელეგაციებს საუბარს ვისმენ,
-ბარგის წონაზე მოვიხდით ბოდიშს-
და ოქროს ჯვრებით მივდივართ ჯვრისკენ.

ის მიდის ჯვარზე თეთრი პერანგით.
                           
                                        დათო მაღრაძე

ნელიკო გოგუაძე
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 30 იანვარი, 2009 22:34:51
გოქსუ

სადაც ყვავილები მთავრდებიან
და შენი თითები იწყებიან,
შენი თითებიდან დაწყებული,
ჩემი დაკარგული მიწებია.
არ ღირს ობლობაზე ლაპარაკი,
სულით ობლობასაც ნუვინ ტირის,
საკუთარ ძარღვებში დავწანწალებ,
ერთი უცხოელი ტურისტივით,
თანაც დაკიდებულს, საცალფეხოს,
ფართოდ ვიღიმები გულისტკივილს.
უკან ურდოები მომყვებიან
და მიტოვებული მეფეები,
როცა ყველაფერი წესრიგშია,
როცა ყოჩივარდებს ეფერები.
სხვებით სხვა მგოსნებმა გაიხარონ,
ალბათ, ჩემს გვირგვინად ეს აკურთხეს:
მთელი უშენობის მფლობელი ვარ,
დიდი დანაკარგის მესაკუთრე.

რეზო გეთიაშვილი

 


გვანციოლა
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 31 იანვარი, 2009 14:43:23
აუ, ეს ლექსი მართლა მაგარია, რეზოს შემოქმედებიდან ამ ლექსს აღვნიშნავდი განსაკუთრებით

ნელიკო გოგუაძე
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 4 თებერვალი, 2009 22:44:34
სიყვარულის ახსნა
                                 
სათიბში მიჯნური მთვარე დაბანცალებს.
იციან _ იწვიან ვარსკვლავთა ნარგისნი.
მსურხარ და მაძალებ _ სულ ცოტა მაცალე _
სული თუ მოვითქვი _ სიყვარულს აგიხსნი.
გეტყვი, რა სახმილმა ეს გული დაფლითა
ან მთვარე რად ვიძმე _ ღამეთა პოეტი.
გეტყვი, რომ ცასავით შორეულ ზღაპრიდან
სულ შენთან მოვდივარ და ვეღარ მოვედი;
მერანს შევაცვითე ფერდებზე დეზები,
ვაწბილე ეშმა და ჭინკა და მაცილი,
ამდენი გეძებე _ რამდენი გეძებე!
და დაუძლეველი ვიპოვე მანძილი.
და თუმცა თითებში შენი თმის ლანდია,
თითები თვრებიან მთენთავი ბანგის სმით, _
ნარგისის თვალები ისე შორს ანთია,
ვით ღამის სათიბში ვარსკვლავთა ნარგისნი.
გეტყვი, რომ სიზმრები ქარებმა მირწიეს,
შლეგი იკაროსის ელდით ვარ ნასეტყვი...
და ასე სასურველს
და ასე მიწიერს,
უკვე აღარ ვიცი, გეტყვი თუ არ გეტყვი! _
რომ, თუნდაც მერანმა არსად გადამჩეხოს,
ბედი იქირქილებს, ბილწი და ბოროტი,
რადგან ეს ბილიკი, ასე საცალფეხო,
მკაცრად საცალფეხო იქნება ბოლომდის;
რომ მთვარე მარტოა და მწირის თმა-წვერით
სხვადასხვა სცენაზე ჩვენ ერთი როლი გვაქვს;
და უსასრულოა
და სისხლით ნაწერი
ჩემი ქრონიკული ტრფიალის ქრონიკა;
რომ შემომჩვევია სევდა გაბასრული,
კაეშნის მგეშავი, ავი და გულზვავი,
ჩემი მარტოსული პატარა წარსული
ზურგზე რომ ამკიდა ამხელა კუზივით;
ათასჯერ სიკვდილით თვალები დავიწვი,
სული აქილევსის ვეება ქუსლია...
და ალბათ, არ გეტყვი, რადგან თუ რამ ვიცი,
ვიცი, რომ სიყვარულს ასე არ უხსნიან!
და სწორედ ამიტომ შენი თმის თავთავებს
მდუმარედ მოვისთვლი დამთვრალი ბანგის სმით,
და სწორედ ამიტომ მთვარეს ვუთვალთვალებ,
და სწორედ ამიტომ
სიყვარულს არ გიხსნი.

ზაზა ბიბილაშვილი


გიო ზედვაკელი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 5 თებერვალი, 2009 19:33:05
ჰო, ჩემი საყვარელი ლექსი? რავი, ცოტა არ იყოს. უხერხულში ვარ,მით უმეტეს. როცა ამ კითხვას პოეზიის მოყვარულს უსვამენ.უფრო სწორი იქნებოდა - ,,ჩემი საყვარელი ლექსები"
და მერე ჩამოვთვლიდი: ,,სენტიმენტალური ტრიოლეტი"(ვ.გაფრინდაშვილი) ,,წერილი დედას"(პ.იაშვილი) ,,თოვლი"(გალაკტიონი)...აუ,არ უნდა დამეწყო რა...კაი წავედი
lali58
ჩვეულებრივი წევრი
გამოქვეყნებულია: 10 თებერვალი, 2009 22:54:27
საქართველოა თვითონ სიკეთე.....

განთიადს შევეგებებით იმედის სხივით ნაპკურნი,
არ შევუდრკებით მომავალს, ბოროტს არ დავემონებით,
ტუკი დაგვჩაგრავს ვინმე ჩვენ, ჯვარს მაღლა ავწევთ თამამად,
და სამებამდე ხმასაც მივაწვდენთ....დასაბამიდან ასე ყოფილა: კეთილს ებრძვიან ტალახს ესვრიან......
აქ სულ ბოროტი სულ ვერ იმარჯვებს რადგან საქართველოა თვითონ სიმართლე....
მადლი , მირონი ,ნათელი სვეტი და მის მიწაზე ამოსულთ, განა დაგვაკლებს რამეს მტრის გული?

ლალი ავსაჯანაშვილი

ბექა ახალაია
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 11 თებერვალი, 2009 02:10:08
მიმღერე შენი უკუღმართი იავნანა, შვების სიმღერა


მიმღერე შენი უკუღმართი იავნანა, შვების სიმღერა,
მათთვის, ვინც მხოლოდ დილისპირზე ბრუნდება სახლში
და ვიდრე ღამე მზის სხივებით არ აიმღვრევა -
ვერ შელევია მის წმინდა და სევდიან ნახშირს.
ვინც უკეთესი ვერაფერი ვერ შეძლო, ვიდრე
ღამის ხიდიდან ჯოჯოხეთში ვარდნაა; და ვინც
მზის პირველ სხივებს, როგორც ფილმის მოსაწყენ ტიტრებს,
ისე აჰყურებს. ვისაც სძულს და ვერა თმობს მაინც
თუნდაც ერთ წარსულს, უმაჯინჯესს. ჰოდა მიმღერე
შენი ხმამწარე იავნანა - მათთვის, ვინც ღმერთზე
მხოლოდ ის იცის, რომ ახლოა, და ვერ იყენებს
მისკენ მიმავალ ვერცერთ რწმენას, არადა ეძებს.
მიმღერე შენი იავნანა, მიმღერე შენი
კანონგარეშე იავნანა მათთვის, ვინც ახლა
ღამენათევი და ნათრევი მიიწევს ქშენით
ცივი სახლისაკენ; იმისაკენ, რასაც ჯერ სახლად
ნათლავს და სჯერა, რომ იქ მაინც დახვდება სითბო,
რომელიც თუნდაც მხოლოდ სხეულს ჭირდება ჯერაც;
სჯერა, რომ სიკვდილს და სიყვარულს რაც უფრო ითმენ,
მით უფრო მშვიდად დაიძინებ. რატომღაც სჯერა.
(იმღერე მისთვის, ვინც თავისი ნახა საფლავი
და თითქმის გული აუჩუყა წარწერამ ნიშში.
სახლებს ანგრევენ, ზღვებს აშრობენ, ტყეებს კაფავენ,
მან კი ვერაფრით მოიკვეთა სიკვდილის შიში.)
მიმღერე შენი იავნანა, შვების სიმღერა
მისთვის, ვინც ლიფტის წითელ ღილაკს დილითღა აჭერს
და მერე სამჯერ წარმოიდგენს, როგორ იღება
ლიფტის კარი დ ვიღაც როგორ დაახლის სამჯერ
სახეში ტყვიას. ვინც საკუთარ გასისხლულ სახეს
და აყმუვლებულ ჭირისუფალ ძაღლებსღა ფიქრობს,
როცა კანკალით დილისპირზე სახლის კარს აღებს
და გაუხდელად მიეგდება; და რათა იკლოს
ძილგამძლე ფიქრმა, ყვავილს ხატავს ბალიშზე თითით
ან წარმოიდგენს, რომ დალია აბი საძილე,
ან თავზე საბანს წაიფარებს, ან კიდევ ითვლის,
ან ცდილობს, თავი მოუყაროს ლექსის ნაწილებს
და გრძნობს, რომ სისხლი თვალებიდან აღარ იღვრება.
აღარც ცრემლები. მხოლოდ შიში, დაღლა და შიში.
მიმღერე შენი უკუღმართი იავნანა, შვების სიმღერა
მათთვის, ვინც მხოლოდ დილისპირზე ეფლობა ძილში.


                            ზვიად რატიანი
1 2 3 ... 17 18 19 ... 44 45 46

ურაკპარაკის ფორუმი >> პოეზია >> ჩემი საყვარელი ლექსი


ამჟამად ფორუმზე იმყოფება 0 სტუმარი და 0 წევრი