ნაწარმოებები


ლ ი ლ ე - 2018     * * *     მალე

ავტორი: დერვიში
ჟანრი: პოეზია
15 აპრილი, 2018


ყვითელი ფოთლები

შენ თქვი: ისეთი ამინდია ახლა გიო, რომ,
ჩაი უნდა ვსვათ კონიაკით, მთელი დღე ვიწვეთ,
ერთმანეთს ხალებს ვუთვლიდეთ და ყოველი წვეთის
ხმასაც ვისმენდეთ წვიმის ფონზე, თუნდაც გიიომ
აპოლინერი წაგიკითხო, შენ ხომ ფრანგული
პოეზია და კოცნა გიყვარს, თანაც თანაბრად,
ყოველი სიტყვა, ჯადოსნური აბრა-კადაბრა,
ზოგჯერ უმიზნოდ წარმოთქმულიც და გაფლანგული,
დაორთქლილ ჰაერს გადმოყვება, როცა ბაგეთა
სხვა ფუნქციასაც გავიხსენებთ, გარდა ამბორის,
მთელი ოთახი სიგარეტის კვამლით გავბოლეთ,
შემოგვაღამდა, შეგვიბინდდა უცებ, რამეთუ,
რთულია ამ დროს ერთხელაც კი წამი გაჩერდეს,
სულ ერთი წამით, Carpe Diem, სულ ერთი წამით,
მაგრამ წინ არის უსაშველოდ მგზნებარე ღამე,
ხოლო ფირფიტამ ატრიალოს გია ყანჩელი.
შენ თქვი: ისეთი ამინდია ახლა გიო, რომ,
ჩაი უნდა ვსვათ კონიაკით, მთელი დღე ვიწვეთ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები