ნაწარმოებები



ავტორი: პაპუნა გიორგაძე
ჟანრი: პოეზია
16 აპრილი, 2018


გაქრობა

მე გავქრი.
უბრალოდ ავდექი და გავქრი.
ჩემი ვაკუუმი ჩემი თავითვე ჩავანაცვლე,
მე კი უხილავი სივრციდან ვუყურებდი
როგორ იწვა ჩემი თავი ჩემს კუთვნილ საწოლზე.
იგი არ იყო ჩემი მეორე მე,
და არც ჩემში ჩაბუდებული მხეცი.
იგი იყო მე.
ჭამდა იმას, რასაც ვჭამდი ხოლმე,
და მიდიოდა იქ, სადაც მივდიოდი ხოლმე,
და იცნობდა მათ, ვისაც ვიცნობდი მე,
და ყველა მათგანის ის საისუმლო იცოდა,
რაც მეც ვიცოდი.
ეძახდა დედას დედაჩემს,
ხსნიდა ფულს ჩემი საკრედიტო ბარათიდან,
ჰქონდა სექსი ჩემს პარტნიორთან
და წერდა ისე, როგორც მე ვწერდი.
(warriors vs bulls _2_______________________ 11.0)
ვუყურებდი მას უხილავი სივრციდან,
და ვფიქრობდი, რომ ეს ყველაფერი ნანახი მქონდა,
მიუხედავად იმისა, რომ ეს იყო აწმყო, და წამის
მეასედითაც კი არ ირღვეოდა დროის განზომილება.
ასე რომ საბოლოოდ გავანადგურე ჩემი თავი,
თითქოს თეთრ ფურცელზე, დაწერილი ვიყავი ფანქრით,
საშლელით წავიშალე თავი, მერე წაშლილი ფურცელიც დავწვი,
ჰაერში მიმოვფანტე, და მის მერე აღარაფერი მიგრძვნია.
არც ეს ლექსი დამიწერია,
ეს ლექსი, ჩემს ვაკუუმში არსებულმა ჩემმა თავმა დაწერა,
როგორც ჩანს ისიც გაქრა,
ჩემი ვაკუუმი თავისი თავით ჩაანაცვლა და გაქრა,
ისე რომ ვერც კი მიხვდა, თავადაც რომ ჩანაცვლებული იყო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ნელიკო გოგუაძე ვულოცავთ დაბადების დღეს