ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი „ლილე 2018“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში და ფორუმზე, კონკურსების თემაში

ავტორი: ბაჩი
ჟანრი: პროზა
17 აპრილი, 2018


მრუდე ბილიკი

სოფელი დარდიანია ზამთარში. თოვლიც თუ არ შეეწია, ხომ მთლად ტანსაცმელშემოძარცვულ გლახაკს დაემსგავსება ხოლმე. ტალახიანი ორღობეები წყლის დასალევად გამოყვანილი საქონლის ნაკვალევით გადაჯეგილა, ბავშვების ყურისწამღები ჟრიამულის ნაცვლად უსაშველოდ გრძელი ღამეებით და  უსაქმობით გაბეზრებული მოხუცების დაღლილი დუდუნი არღვევს ორღობეების სიმყუდროვეს. აღარც პოლიტიკის ცხელ-ცხელი ამბები აცოცხლებს  გაცრეცილ, თითქოს ძილმორეულ სოფელს. უფერული დღეებისთვის ხარკის გადახდას უფრო გავს  დილის ახალ ამბებში მოსმენილი ინფორმაციის გაცვლა - განხილვა...
        მერე ეს მოხუცებიც ნელ-ნელა, აუჩქარებლად გაუყვებიან ორღობეებს, რომ შეციებული ძვლები შეითბონ და ახალი ამბები მოაგროვონ საღამოსთვის. თბილ კერასთან მოკალათებულნი ცოტას წათვლემენ კიდეც.  დროდადრო  ოჯახის წევრებს ეხმიანებიან, აქაოდა ჩვენც არ დაგავიწყდეთო...
        უფრო მოწყენილი, არა, სევდიანი ამბავიც არის მოხუცზე, რომელსაც აგუზგუზებული ღუმელი არ ხვდება სახლში შესვლისას.  სიცივეს არც კი გრძნობს, მაგრამ მაინც ყოველთვის ანთებს ცეცხლს. მერე დამძიმებული  მუხლებით დაფრატუნებს ოთახში და ცდილობს, წარსულის ნაშთები დღევანდელობად აქციოს, მაგრამ არ გამოსდის. ამ ოთახში მარტოობაა და უიმედობა. წიგნებით სავსე კარადებიც წარსულია, რადგან  მტვრის სქელი ფენით დაფარულა.  უკვე  დიდი ხანია  ლიბრგადაკრულ თვალებს აღარ შეუძლია ამ ჯადოსნურ საყაროში მოგზაურობა...
      დროდადრო ვინმე დაიძახებს  ჭიშკარს მიღმა;  - ძია სანდროოო! -
      ეს  მეტწილად გვერდით სახლში მცხოვრები თამარია. ცხელ კერძს შემოუტანს ან ახლად გამომცხვარ პურს. მოხუცს თამარის დანახვა უფრო უხარია. თუმცა ცხელი პურის სურნელიც სიამოვნებს. წარსულს გავს ეს სურნელი. თითქოს მისი პატარა ნაწილი შემოიჭრაო უფერულ ყოველდღიურობაში. მაშინვე გატეხს ხოლმე პურს და  შეიგრძნობს როგორ ავსებს  სიცოცხლით და სითბოთი  იქიდან ამოსული ცხელი ოხშვარი. თამარი  იმ ცხოვრების ნაწილია, თვითონაც რომ ჰქონდა ერთ დროს.  ხშირად ზის აივანზე მოხუცი და უყურებს მეზობელ ეზოში როგორ საქმიანობს  ის. დილაადრიან გაღვიძებული ფრინველის დაპურებით იწყებს, მერე ძროხას მოწველის და ნახირში გაუშვებს. შინ შემობრუნებული  ბავშვებს გააღვიძებს და სკოლაში წასასვლელად ამზადებს. მათ რომ გაისტუმრებს ახლა შინაურ საქმეებს მიუტრიალდება და მთელი დღე არ გააჩერებს ხელს. თვალს უხარია მისი ყურება და მოხუცი სანდროც ზოგჯერ საათობით ზის ამ აივანზე, მზეს ეფიცხება და ტკბება მოფუსფუსე  ქალის და მერე სკოლიდან დაბრუნებული ბავშვების ჟრიამულის ყურებით. საღამოთი კი, როცა ქმარსაც შინ დაიგულებს და საქონელს დააბინავებს, კარს დახურავს და თავის ცხოვრებას  სანდროს თვალთგან მოაფარებს.  ისიც მძიმედ წამოდგება, გაჭირვებით გაიშლება წელში, თავის დამძიმებულ ფეხებს და სხეულს ჩაიტანს პირველ სართულზე და  ისევ მოგონებებში ჩაიკარგება...
          იმ დილით მოულოდნელად გაეღვიძა სანდროს, თითქოს ვიღაცამ უბიძგაო. ცხრა ხდებოდა უკვე. დიდი ხანი იყო ამ დრომდე არ ძინებოდა და გაუკვირდა. ახლაც ძახილმა გააღვიძა თურმე. თამარი იყო. როგორც ჩანს კარგა ხანს ეხმიანებოდა და  რომ ვერ გააგონა, უკან გაბრუნებას აპირებდა. ფაცხა-ფუცხით წამოდგა და ტანისამოსი გადაიცვა. თან თავისთვის ბუზღუნებდა, ამ დრომდე რამ დამაძინაო.
      თამარს  კალათი ეჭირა ყინვისგან გაწითლებულ ხელში. თურმე რამდენიმე დღით ქალაქში მიდიოდნენ საახალწლოდ და დღესასწაულისთვის მომზადებული ნუგბარი შემოეტანა. თან წინასწარ უსურვა ბედნიერი წელი. გული მოეწურა მოხუცს, თითქოს საკუთრი ოჯახი მიდიოდა და მარტო ტოვებდა. მადლობა ძლივს გადაუხადა და კიდევ უფრო დამძიმებული ნაბიჯებით  შეტრიალდა გაყინულ ოთახში...
      მთელი დღე მიწოლილმა გაატარა. უბანშიც კი  არ გასულა. არც ჰქონდა იმედი, რომ ახლა ვინმე დახვდებოდა. ახალი წლის მოლოდინში ყველას თვისი მხიარული კერა ერჩივნა ალბათ. ერთი პირობა იფიქრა, ავდგები და დღევანდელ საღამოს ძველ მეგობართან გავატარებო, თუმცა თავადვე იცოდა, რომ ეს ამაო ფიქრი იყო. რამდენი წელი გავიდა უკვე, რაც მძინარე ხვდებოდა იმ ჯადოსნურ წუთებს,  მთელი ბავშვობა რომ  სულმოუთქელად ელოდა ხოლმე. ეს შეგრძნება ახლაც  ცოცხლობდა მასში. იდუმალების, ზეიმის, ამოუხსნელი საიდუმლოს მოლოდინის... მიხვდა, რომ ბავშვობა მაშინ დამთვრდა, როცა ახალი წელი უბრალოდ დღესასწაულად  იქცა. ან იქნებ ნამდვილი ცხოვრებაც მაშინ დასრულდა?
      დაბუჟებული გვერდი იცვალა. ამ მოძრაობამ მის მოქნილობადაკარგულ სხეულს ტკივილი მიაყენა. თითქოს ეწინააღმდეგებოდა მრავალი გარდასული დღით და წლით დამძიმებული სხეული. საოცარი, სიცოცხლით და იმედებით სავსე დღეებით, ან უბრალოდ ყოველდღიური საზრუნავით, როცა გგონია, რომ ჩვეულებრივი რამაა ეს ყველაფერი.  თურმე არსადაც არ გამქრალა ეს დრო. ყოველმა განვლილმა დღემ, საათმა თუ წუთმა მის სხეულში დაიდო ბინა და ამიტომაც დამძიმდა ასე. სამოცდათვრამეტ წელს ატარებდა მხრებით თავისი სიხარულით და მწუხარებით. აბა რაღა  უნდა ექნა ამ დაღლილ სხეულს? მალე იქნებოდა ის დღეც, როცა უარს იტყოდა ამხელა ტვირთის ტარებაზე.
      ჩაძინებოდა ამასობაში. აკანკალებულს გამოეღვიძა. ღუმელი მთლად ჩაფერფლილიყო და მის წინ მოფანტული ნაცარი  უსიამოვნოდ აგონებდა წეღანდელ ფიქრებს. საწოლიდან წამოდგა და შეშა შემოიტანა. აგუზგუზებულმა ღუმელმა ოთახში სითბო და სიმყუდროვე დაატრიალა.  მოშიებოდა. თამარის მოტანილი კალათა გაუხსნელად იდო კართან. ქათქათა ტილო გადახადა და პატარა კონტეინერებში ჩალაგებული საცივი, ყაურმა,მწვადი,ორი ხაჭაპური , თონეში გამომცხვარი პური და გოზინაყიც კი დაინახა. არაფერი დავიწყებოდა ქალს.  სანდროს ბებრული, ქუთუთოებჩამოშვებული თვალები აუწყლიანდა. ეს ვერ მოიშალა. რა ტკივილი აღარ უნახავს ცხოვრებაში, მაგრამ ცრემლი არ მოსდგომია. უბრალო სიკეთე კი ყველაფერს ალღობდა და ადუღებდა მასში. ეს თბილი, ხალისიანი ოჯახი მისი რომ ყოფილიყო... მათი ყურება, მათთან საუბარი, სიცილი, უბრალოდ ცხოვრება მათთან ერთად მეორე სიცოცხლეს მოუტანდა.  სულ სხვა იქნებოდა მისი ყოველდღიურობა... უცებ რაღაც აზრმა გაუელვა. არა, კი არ გაუელვა, მეხივით დაარტყა  თავში. იქნებ შესაძლებელია ეს ყველაფერი?  იქნებ მას შეუძლია ეს რეალობად აქციოს და  არცთუ ხანგრძლივი დრო, რაც მარადიულ მოგზაურობამდე აქვს  დარჩენილი ნაოცნებარს დაამსგავსოს? მოხუცმა აკანკალებული ხელი მოისვა თეთრ წვერზე და შეეცადა ბუნდოვნად გაელვებული სურათებისთვის კონკრეტული სახე მიეცა. "არა, არა, შეუძლებელია, ფანტაზიაა," -  საკუთრ თავს გაუჯავრდა და სადილის ნარჩენების მილაგებას შეუდგა. თუმცა, უნებურად აკვიატებული აზრი გასაქანს აღარ აძლევდა.  უფრო და უფრო მკვიდრად ჯდებოდა მის წარმოდგენაში და გრძნობდა, წამიერი ფანტაზია როგორ იძენდა რეალურ კონტურებს, როგორ ცოცხლდებოდა, იზრდებოდა და  ეპატრონებოდა მის აზრს და გონებას. ეს უკვე აღარ იყო უეცრი  ჩანასახი წარმოსახვისა.  მთის მწვერვალიდან დაგორებული, პატარა გუნდის მსგავსად ზვავად მოაწყდა  მთელს მის არსებას. და ბოლოს მიხვდა, ეს მისი გადარჩენა იყო. ისიც იცოდა, რომ ეგოიზმი და სისასტიკე იყო ამის გაკეთება, მაგრამ საბოლოოდ  ხომ  ყველაფრის გამოსწორება შეეძლო.
აღარც მარტო იქნებოდა...
      სოფელში არავის ეძინა ხალი წლის ღამეს და მალევე შენიშნეს ცეცხლის ალში გახვეული სახლი,  მაგრამ ის  უცნაურად მალე ჩაიწვა, ვერაფრის გადარჩენა ვერ შეძლეს. "უმისამართოდ ისვრიან ბავშვები ამ პეტარდებს," ბუზღუნებდნენ და უიმედოდ იჩეჩდნენ მხრებს.  სახანძრო მანქანა რომ მოვიდა , უკვე დამწვარი იყო ყველაფერი. იმათაც ოქმი შეადგინეს და წავიდნენ. ან რაღა დარჩენოდათ აქ?  გაფრთხილება დატოვეს მხოლოდ, ყურადღება მიექციათ, საით ისროდნენ შუშხუნებს.
      სევდიანი გათენდა ბედობა დღე. ნაადრევად დაბრუნდა თამარი ქმარ-შვილით და გამშრალი  შეჰყურებდა თავის ნაამაგარს. ვერაფერს უხერხებდა ნაკადულად მომდინარე ცრემლებს.
      - აღარაფერია... აღრაფერია... - მხოლოდ ამ სიტყვებს იმეორებდა ხმაჩამწყდარი. ბავშვები, თორმეტი წლის ტყუპები,  თვალებჩამქრალნი შეჰყურებდნენ თავიან უკვე ნასახლარს. აქ აღარ ესაქმებოდათ არაფერი. სადღაც, სხვაგან უნდა  დაწყებულიყო მათი ახალი ცხოვრება. ან იქნებ ისევ აქ, მაგრამ დიდი დრო დასჭირდებოდა ამას...
      სანდროს პატარა, წიგნებით  გატენილი ოთახი უჩვეულოდ ხალხმრავალი იყო ამ ბედობის დღეს. თუმცა ასეთი ხალხმრავლობისათვის  მეტისმეტად ჩუმი.
    - ნურაფერზე ინერვიულებთ, - ჩამწყდარი ხმით, ძალისძალად ამოთქვამდა თითქოს სიტყვებს მოხუცი, - ხომ იცით, მარტო ვარ ამხელა სახლში.  თქვენი იქნება  დღეიდან. ისე გააკეთებთ ყველაფერს, როგორც გენდომებათ, როგორც საკუთარ სახლში, ისე იცხოვრეთ...
        - ვიცი. სიკეთე გინდათ ჩვენთვის,  - თამარი აღარ ტიროდა, მხოლოდ ხმა ჰქონდა გაბზარული, - მადლობლები ვართ, მაგრამ აქ ვეღარ ვიცხოვრებთ. აქ არაფერია ჩვენი. თანაც... - აქ ისევ შეაწყვეტინა მოწოლილმა ცრემლმა სიტყვა, - ყოველდღე ჩვენს ნასახლარს რა მაყურებინებს. ალბათ სხვაგანაა ჩვენი ბედნიერება...
        მთელი საღამო არწმუნებდა სანდრო ცოლ-ქმარს მასთან  დარჩენილიყვნენ.  იმ დრომდე მაინც, სანამ სახლს აღადგენდნენ, მაგრამ ყველა მცდელობა უშედეგო დარჩა. უბრალოდ არ შეეძლოთ იგივე ადგილიდან დაეწყოთ ახალი ცხოვრება, სადაც გაუნადგურდათ პირველი...
        მეორე დილით ადრიანად მოემზადნენ. ან რა მომზადება უნდოდათ, ბარგიც კი არ ჰქონდათ ჩასალაგებელი.  სათითაოდ გადაეხვივნენ სანდროს. დიდხანს და სიყვარულით ემშვიდობებოდნენ. ბოლოს ჩასხდნენ მანქანაში და ორღობეში გაუჩინარდნენ. მოხუცი გაუნძრევლად იდგა იმავე ადგილზე. ალბათ  ერთი საათი, იქნებ ორი,  ან საუკუნე. ვერ გრძნობდა, რომ ცრემლები მოცოცავდა მის ჭაღარა წვერზე  და იქვე იყინებოდა.  ვერც იმას ამჩნევდა, რომ უქუდოდ იყო და  მოულოდნელად წამოსული თოვლი საბურველივით  ეფინებოდა. ტუჩებიც უთრთოდა ოდნავ, სულ ოდნავ. პირველად თავის ცხოვრებაში ტკივილი გარეთ  გამოსავალს ეძებდა. ბოლოს, დიდი ხნის შემდეგ, შეტრიალდა და მძიმე ნაბიჯებით გაუყვა სახლისაკენ მიმავალ ბილიკს. მხრებში მოხრილი, თავჩაქინდრული,  დამძიმებული ნაბიჯებით და  აკანკალებული მუხლებით, რომ დიდხანს, დიდხანს ჩაწოლილიყო თავის გაყინულ საწოლში და დაეძინა. იქნებ ეს საუკუნო ძილიც  კი ყოფილიყო მისდა საშველად...
   

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები