ნაწარმოებები



ავტორი: ბაჩი
ჟანრი: პროზა
27 აპრილი, 2018


ერთი ნაბიჯით

      არავინ იცის დღემდე, ისინი, უცნაურები არიან უფრო ნამდვილები თუ ჩვენ, ვინც ამაყად გადავყურებთ მათ უცნაურობას. სინამდვილეში არც არავინ სვამს ამ კითხვას. ისინი ფარას ჩამორჩენილი ცხვრებივით არიან,  უმეტესად დაიკარგებიან ხოლმე. თუმცა ესეცაა, დიდად არ ნაღვლობენ ამაზე. ან იქნებ ნაღვლობენ, მაგრამ არ იმჩნევენ.  აქაოდა უკეთესი საბალახო ვიპოვეთ და არც გვჭირდებითო.
      გამრეკელაანთ  გაბრიელი  იმთავითვე  საგონებელს უჩენდა ყველას. ფარას ჩამორჩენილი კი არა, გაჯიუტებული ბოტივით ხან ალთას იყო და ხან ბალთას. ქართულის მასწავლებელი დონ კიხოტს ეძახდა. ყველაზე ნაკითხი იყო სოფელში და უფრო უბრალო სახელს ვერ შეურჩევდა, სოფლელები კი თვე არ გავიდოდა ახალი მეტსახელი არ შეერქმიათ;  მეკურდღლია. არსენა, ლომგულა და ვინ მოთვლის კიდევ რა. სახელები იმის მიხედვით იცვლებოდა, რა ახალი საგმირო საქმე ჩაიდინა ამჯერად. ყველაზე მეტად ნადირობა სძულდა. როგორც კი გაიგებდა ვინმე სანადიროდ  ემზადებაო, თვითონ უწინ გაეშურებოდა და ისეთ ხმაურს და ზრიალ-წრიალს ატეხდა , ცხოველებს კი არა,  მონღოლთა ურდოებს დააფრთხობდა ახლო-მახლოს რომ გამოჩენილიყვნენ.
          რა ეშველება, ასეთი ხასიათით როგორ უნდა იცხოვროსო, ეს დარდი გაიყოლა იმქვეყნად დედამისმა. მამა კი არც მოსწრებია შვილის დაბადებას. ბუხრის თავზე დაკიდებული უზარმაზარი სურათიდან ადევნებდა თვალს, როგორ იზრდებოდა და ვაჟკაცდებოდა მისი პირმშო. ალბათ კმაყოფილიც უნდა ყოფილიყო, რადგან ბიჭი ალიკვალი მამა დადგა. საბრალო ქალს კისწორედ ეს აშინებდა. გაბრიელი  პატარაობიდანვე ყველაფერს, რაც თავისი რწმენით უსამართლობად მოეჩვენებოდა შუბლით ეჯახებოდა.    იმაზე არც ფიქრობდა, მოერეოდა თუ არა. ქალს გული ეწურებოდა შიშით, როცა მორიგი ჩხუბის შემდეგ ტანსაცმელშემოხეული და ცხვირგატეხილი შვილი მოადგებოდა ხოლმე. თან უმეტესად ეს სხვის გამო ხდებოდა.  აბა როგორ არ შინებოდა, აკი მამამისიც სხვისთვის მოქნეულ დანას შეეწირა...
      ყველაზე მეტად  დედის სიკვდილმა შეცვალა გაბრიელი. თითქოს გაოცება გაეყინა თვალებში. ვერ იჯერებდა, რომ ცხოვრებამ ასეთი უსამართლობა დაუშვა. საათობით იჯდა გაუნძრევლად დედის ცხედართან და და  გაყინულ ხელზე  ეფერებოდა. თითქოს ცდილობდა ცოტაოდენი სითბო და სიცოცხლე გადაეცა მისთვის.  მერე მიხვდა, ეს ის იყო, რასაც ვერ მოერეოდა. უბრალოდ ასეთი უნდა მიეღო დედა. ახლა იქ, მდინარის გაღმა, მწვნეში ჩაფლულ სიჩუმის ქალაქში უნდა სტუმრებოდა ხოლმე. სხვანაირად არ გამოვიდოდა. დედის რჩევების გარეშე როგორ გავიდოდა აბა ფონს....
      ის გაზაფხული  უჩვეულოდ  წვიმიანი იყო. დილიდან რომ დაიწყებდა, საღამომდე მოდიოდა და მოშხაპუნებდა. მთლად გაჟიჟინებული მიწა აღარ იღებდა ზედმეტ წყალს და სოფლის შუკები ნაკადულებად იქცა. გამოდარება აღარ ეშველაო, ბუზღუნებდნენ სოფელში საადრეოდ დათესილი ნივრის ამარა დარჩენილები. ამიტომაც, კვირის ბოლოს ღრუბლების ნაგლეჯიდან მზის სხივებმა მორიდებულად რომ გამოაჭიატეს, სოფელმა შვებით ამოისუნთქა.  თუმცა, ასეთი ლელეხის შემდეგ უცებ ვერ გაეფინებოდნენ  მინდვრებში, მაგრამ სამზადისს მაინც შეუდგნენ.  თოხ-ნიჩაბს პირი აულესეს,  წინა წელს საგულდაგულოდ შენახული თესლი გამოიტანეს და მოთმინებით დაელოდნენ, როდის მოიკრეფდა ძალას მზე.
    სოფელს მინდვრები მდინარის გაღმა ჰქონდა.  იქითობას კაცს ნახევარი საათი მაინც სჭირდებოდა გზაში, დაღლილსა და ნამუშევარს კი, აქეთობას რატომ ერთი საათიც არ მოუნდებოდა. თუმცა ამ გზას მაინც ხალისით გაივლიდნენ ხოლმე, რადგან სასაზღვრო სოფელში მცხოვრებნი მარტო სიარულს ერიდებოდნენ. ერთად შეკრებილთ კი  აბა რა მოაწყენდათ. სოფლის ამბებით დაწყებული საუბარი პოლიტიკაზე ცხარე კამათით გრძელდებოდა მუდამ და გზის ბოლოსაც, სანამ თავ-თავის ნაკვეთებში გადაუხვევდნენ კიდევ  არ დაესრულებინათ განსჯა-განხილვა.
        იმ დილით მზე გვარიანად ანათებდა. გაბრიელმა ადრიანად ჩაალაგა პატარა პარკში პური, ყველი და ბოთლით წყალი. მერე ცალკე  სანთელი და ასანთი, მშობლების საფლავზე ასანთებად, თოხს დაავლო ხელი და მეზობლებს შემოუძახა;
      -ძია გურაამ, აკაკიი, ზურაა!.. 
      არც არავის აუთრევია წელი. მონატრებოდათ  შრომა და ხალისით წამოეწიენ  უკვე გზას დამდგარ ბიჭს. უჩვეულოდ ჩუმი იყო იყო იმ დღეს გაბრიელი. სხვა დროს საუბრის სული და გული, ახლა განაპირას,  ფიქრებში ჩაძირული მიაბიჯებდა. სხვებიც არ ეხმიანებოდნენ. ასეა ხოლმე, დარდიანი ადამიანი უნებლიე კრძალვას იწვევს გარშემომყოფებში.  მათი საუბარიც  თითქოს უფრო მორიდებული და ხმადაბალი იყო. თუმცა, ბოლოს,როგორც ხდება ხოლმე,  ისე გაცხარდნენ  და ისე აუდუღდათ სამხრეთული ცხელი სისხლი, რომ  გაბრიელის წამოყვირება ვერც კი გაიგონეს . მხოლოდ მერე, როცა მისი შეშლილი სახეც დაინახეს, გააცნობიერეს, რომ რაღაც მათთვის  უფრო მნიშვნელოვანი ხდებოდა, ვიდრე დილის საინფორმაციოში მოსმენილი ამბები იყო. თვალი გააყოლეს ბიჭის ზარჩამდგარ თვალებს და მყისვე მათ თვალებშიც აირეკლა იგივე.
      სათესები ორად იყო გაყოფილი. ზუსტად შუაზე,  მავთულხლართები გაევლო ვიღაცის უჩინარ ხელს. ეს ისეთი ელდა იყო, რომელსაც სიტყვას ვერ მოუძებნი და არც თქმულა არაფერი. ექვსი წყვილი თვალი გამშრალი შეჰყურებდა შუაზე გაყოფილ მიწას, რომელზეც თესდნენ მათი მამები, პაპები და იმათი მამები უხსოვარი დროიდან.  ახლა კი, სულ უბრალოდ, ადგნენ და მავთულხლართით  გადაჭრეს შუაზე. ვერავინ შეძლო დუმილის დარღვევა, რაღაც უსაშველოდ მძიმე არ უშვებდა სიტყვებს ბაგეებს მიღმა. თითქოს ყოველი მათგანი დაბერდა უეცრად და მხრებში მოიხარა.
        - სასაფლაო, - გაისმა უეცრად, - იქითაა..
        ისევ გაბრიელი იყო. ის დაბნეული შეჰყურებდა თანასოფლელებს,  თითქოს პასუხს ეძებდა, მაგრამ მათი მზერა გაურბოდა, რადგან პასუხი არცერთში არ იყო. ბიჭის თვალებში დაბნეულობა შიშმა ჩაანაცვლა, უსაშველობის შიშმა, მაგრამ ამ გრძნობამ გულამდე ვერ მიაღწია. გული სათესების  ბოლოზე დარჩენილი, მწვანეში ჩფლული სასაფლაოსკენ ისწრაფვოდა, სადაც დედა ელოდა. იმას მაარტო ვერ დატოვებდა, ფიქრშიც კი არ შეეძლო ამის დაშვება.
        - მისმინეთ!- ახლა მის ხმაში დაბნეულობის ნატამალიც კი არ იყო, - ვიღაცამ გაავლო ეს მავთულხლართები, მაგრამ ჩვენ ხომ შეგვიძლია ავხსნათ? ადამიანის გაკეთებულია და ადამიანმა უნდა გამოასწოროს.
      - ასე ადვილი არ არის, - ამოიოხრა მათ შორის უხნესმა-გურამმა, - ვთქვათ ახლა ავხსენით, ხვალ ვეღარ გააკეთებენ? თანაც უფრო დიდს და შეიარაღებულ დაცვასაც დაუყენებენ. ავტომატებს გინდა დაუპირისპირდე?
      - არავის არ დავუპირისპირდებით.  უბრალოდ ჩვენს სახნავს მოვხნავთ და ჩვენს სათესს დავთესავთ. ჩვენი მიცვალებულების საფლავებს მოვინახულებთ და ამას ვერავინ აგვიკრძალავს, თუ თავად არ მივცემთ უფლებას. აქ ექვსნი ვართ. სოფელში კიდევ რამდენი მამაკაცია? ყველას ვერ დაგვხოცავენ. და თუნდაც დაგვხოცონ, ერთიანად იზამენ ამას თუ ნელ-ნელა რა სხვაობაა?  მაინც არ ვართ ამქვეყნად დამრჩენები!
      ბიჭს თვალები უბრწყინავდა ცრემლისგან, ხმაც უთრთოდა, მაგრამ გრძნობდა, მისი განწყობა როგორ გადაეცემოდა სხვებს და ეს უფრო ანთებდა.  ასეთი მომენტებია, როცა სიკვდილი ადვილი ხდება, როცა გრძნობ, რომ გმირობა უბრალო გულისთქმაა, რომელიც გეძახის და გაჩვენებს,  საით უნდა გადადგა ნაბიჯი. იქნებ ეს ნაბიჯი მსხვერპლისაც იყოს, მაგრამ  ერთხელ მაინც დგება დრო ცხოვრებაში, როცა მსხვერპლის გაღებას სიხარული მოაქვს და აღტაცება. ეს განწყობა დაეუფლა ექვსივე მათგანს. ახლა ვერაფერი შეაჩერებდათ.
        საღამომდე  ხალხით გაივსო მინდორი. მთელი სოფელი შეიკრიბა და გაათავისუფლა გასასვლელი. მოილაპარაკეს, მორიგეობა დაეწესებინათ და ეკონტროლებინათ გამუდმებით. პოლიციასაც  დაურეკეს. თუმცა,  უფრო მალე ჩრდილოეთის მხრიდან მომავალი ორი მანქანა გამოჩნდა, ჯარისკაცებით სავსე. ერთად მოგროვდა ყველა. ჰაერი დამძიმდა თითქოს მოლოდინის ამ რამდენიმე წუთში. მრავალი აბორგებული გულისცემა სიმშვიდის ნიღაბგადაკრული ელოდა დაუპატიჟებელ სტუმართ. არცთუ დიდხანს მოუწიათ ლოდინი. ორი ოფიცერი და ათიოდე ჯარისკაცი მათ წინაშე იყო უკვე და ზიზღით სავსე მზერას უცვლიდნენ ერთმანეთს.
        - ეს ვინ ჩიდინა? - დუმილი წითურმა მაიორმა დააღვია და  ჩასისიხლიანებული თვალები სათითოდ შემოატარა სოფლელებს, - სახელმწიფო საზღვრის დარღვევა თქვენ თამაში გგონიათ? - ახლა მას სახეც თვალებისფერი გაუხდა და უკვე  ერთიანად ღაჟღაჟებდა თმის ღერიდან დაწყებული საყელოზე გადმოკიდებული ღაბაბით დამთავრებული, - ხმას ამოიღებთ ლაჩრებო?
      - ჩვენ ყველამ ერთად  გავაკეთეთ ეს,  - გურამს ოდნავ გაბზარული ჰქონდა ხმა, მერე თავს ძალა დაატანა და უფრო მშვიდად განაგრძო, -  თქვენც ხომ იცით, რომ აქ არავითრი საზღვარი არ არის, ჩვენი ნაკვეთები და ჩვენი  მშობლების საფლავებია იქ, - გაიშვირა ხელი მაიორის მხარს ზემოთ, - ამ გზას ვერავინ გადაგვიკეტავს!
        - ამასაც ვნახავთ, თქვენ არ გესმით მეგობრული საუბარი და ისე მოვიქცევით, როგორც იმსახურებთ! ბიჭებო! - მიუბრუნდა ჯარისკაცებს, - ხუთ წუთში ეს ბრბო აქ არ დავინახო!
        - არ გვინდა უსიამოვნება,  - გურამს ხმა ისევ მშვიდი ჰქონდა, - ბევრნი ვართ და თქვენი ათი ჯარისკაცი აქედან ვერ გაგვყრის,  ადამიანურად  მოვილაპარაკოთ ჯობია.
      - ასე გგონიათ? მაგრამ ეს ავტომატები რისთვის გვინდა, როგორ ფიქრობთ?  ან იმას ვერ შევძლებთ სხვებიც გამოვიძახოთ?  გპირდებით, თუ საჭირო გახდა ვისვრით და თქვენ პირველი იქნებით, ვის გვამზეც გადავივლით!  - მაიორს ღაბაბიც კი უთრთოდა  ბრაზისგან, - მერე ხალხს გადახედა, -  გაფრთხილებთ, აქედან წადით, თორემ  ბევრს აღარ ვილაპარაკებთ!
        - ხალხი აჩოჩქოლდა,  წეღანდელი მუხტი  სადღაც გამქრალიყო. სამხედროებზე ბევრად მეტნი იყვნენ, მაგრამ უიარაღოები. რა უნდა გაეწყოთ ცარიელი ხელით? აშკარად ჩანდა მაიორი არ მოერიდებოდა ცეცხლის გახსნას.  - თავი დავანებოთ, ხვალ მოვიდეთ, მთავრობა არ გვიდგას გვერდით და ჩვენ რას გავაწყობთ? აქ რომ თავი შევაკლათ ესენი მაინც თავისას გააკეთებენ და რისთვისღა დავიხოცოთ?  - გაისმა აქეთ-იქიდან. გურამმა ხალხს გადახედა. მიხვდა,  აქ აღარავინ გაჩერდებოდა, ხელი ჩაიქნია და თავდახრილი შეტრიალდა. სხვებმაც მას მიბაძეს.
          - რა ხდება, რატომ მიდიხართ? - გაბრიელს რუსული არ ესმოდა და კიდევ ვერ მიმხვდარიყო  რა ხდებოდა, - ასე უცებ გასაქცევად შევიკრიბეთ აქ?
            - გვითხრა, რომ ისვრიან, თუ არ დავიშლებით,  დამიჯერე, იზამენ ამას, - გურამს უძალო ბრაზისგან გადათეთრებოდა სახე, - იქნებ ხელისუფლებამ იღონოს რამე, ჩვენ ვეღარაფერს ვიზამთ. წამოდი შვილო და ხვალ დავბრუნდეთ  უკან...
          გურამი ამ სიტყვებით შეტრიალდა და უკვე მიმავალ ხალხს უკან გაჰყვა. უცებ ჩოჩქოლი ატყდა. ძაღლიშვილო! - გაისმა მაიორის ყვირილი და ამას ავტომატის ჯერი მოჰყვა.  მობრუნებულებმა მუხლებზე ჩაკეცილი გაბრიელი დაინახეს, რომელსაც მკერდზე მიდებული ხელი თანდათან წითლად ეღებებოდა. გვერდით კი თავგატეხილი მაიორი იგინებოდა.
      - გაბრიელს ესროლეს, -  იყვირა გურამმა  და დაჭრილს მივარდა, - რა ქენი შვილო, რატომ გააკეთე ეს?! - მოხუცს დაღარულ, ჭაღარა წვერით დაფარულ ლოყებზე ცრემლი ღაპაღუპით მოსდიოდა, - ეს რატომ გააკეთე?!...
      დაჭრილი  გაჭირვებით სუნთქავდა, ახლა უკვე სისხლის გუბეში იწვა. მზერაზეც ბინდი გადაეკრა.
      - ასე არ შეიძლება, ...- ჩაიჩურჩულა ძლივსგასაგონად ,  - რაღაც უნდა გავაკეთოთ, ვიღაცამ უნდა გააკეთოს...
      - შეხედეთ, ეს საერთშორისო მისიის მანქანებია, - გაისმა უცებ ხალხში, -  პოლიციაც მოდის, მგონი სამთვრობო მანქანებიცააა, - გამოეპასუხა ახლა სხვა და იმედმოცემულები უფრო თამამად გაიშალნენ მხრებში.
      - გესმის შვილო? - მოხუცი ვერაფერს უხერხებდა ცრემლს და ყელში წაჭერილ უჩინარ ხელს, ნებას რომ არ აძლევდა თავისუფლად ამოეშვა ხმა, - ცოტა გაძელი, სულ ცოტა და  მოვა სასწრაფო. ხომ ხედავ, ესენიც მოვიდნენ. ყველაფერი კარგად იქნება, დამიჯერე შვილო...
      ისეთი მადლი იქნებოდა ახლა გულიანი ტირილი, მაგრამ  ტირილი არ იცოდა მოხუცმა. ამიტომაც მხოლოდ გული ეგლიჯებოდა ტკივილისაგან, როცა ხედავდა, როგორ ქრებოდა ღიმილი გაბრიელის თვალებში და და როგორ ნელნელა ეცლებოდა ძალა ხელს, მის ხელს რომ ჩასჭდებოდა.
    - ხომ გითხარი, გამოგვივათქო, ვიცოდი, -  გაიღიმა  თავისი ნათელი ფართო ღიმილით და მერე თვალები დახუჭა საბოლოოდ.       

             

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ნელიკო გოგუაძე ვულოცავთ დაბადების დღეს