ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: თამარ ბუკია
ჟანრი: პოეზია
5 მაისი, 2018


გვახსოვს წარსული...


                  "მიფრინავენ, მიფრინავენ წეროები შორს.
                    „აღარ დაბრუნდებიანო“, - ავრცელებენ ჭორს..."

სიცოცხლე გადის! წეროსავით მიფრინავს წელი!..
წელი წელს მისდევს, დაუნდობლად გვიმატებს ასაკს.
თვალის უპესთან ნაოჭს უკვე ვერაფერს შველი
და აღარ იცი, ეს სიბერეც რამდენ ხანს გასტანს.

გონი მუშაობს გამალებით, - იხსენებს წარსულს,
თუმც უარს ამბობს, გაიხსენოს, რა მოხდა გუშინ.
საოცარია, დეტალებიც კი როგორ ახსოვს!
ახსოვს, ზამთარში რომ აყვავდა ფრთათეთრა ნუში...

ველოსიპედის ოთხ თვალს, ახსოვს, ორი რომ მოხსნეს,
ხელიც გაუშვეს, - „აწი, უკვე, თავად ივლისო“.
ახსოვს, ზღვისპირას იდგა მამა,  მიწას რომ მოსწყდა
და ზღვის სიღრმეში შეიტყუა ცხელმა ივლისმა.

რა აღარ ახსოვს?! - ბაღის წლები, ძველი ანბანი,
მოწიწებით რომ „უსახსოვრა“ მეზობლის გოგომ...
რა მონდომებით შეისწავლა ყველა ნახატი
და მერე როგორ კითხულობდა, ცდილობდა როგორ!..

ახსოვს, თუ როგორ წაიყვანა სკოლაში მამამ
პირველ სექტემბერს, პირველ კლასში! რა დრო გასულა?!
არ ავიწყდება სტუდენტობის ნანატრი ხანა,
თუმც სტუდენტობაც მალე იქცა ლამაზ წარსულად!

ყველას იხსენებს! ისიც ახსოვს, ვინ, როდის, რა თქვა,
რამდენს უყვარდა! გაახსენდა დრო გარდასული.
დღე დღეს მისდევდა! ვერ ამჩნევდა, ბუნებით თამამს,
მის ნებაზე რომ ატარებდა სევდა წარსულის!

სიცოცხლე გადის! გაფრენილა ეს ერთი წელიც!..
წეროებივით მიფრინავენ,  გვმატებენ ასაკს!
თვალის უპესთან ნაოჭს უკვე ვერაფერს შველი
და  არც ის იცი, ეს სიბერე რამდენ ხანს გასტანს.

16.03.2018.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები