ნაწარმოებები


ნეფერტარის “ბედუინი“ 15 აგვისტოდან წიგნის მაღაზიებში გამოვა, მსურველებს შეგიძლიათ შეიძინოთ     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: ს1291998
ჟანრი: პროზა
9 მაისი, 2018


ბრისტოლელი ნაძირალა

დილით ადრე იღვიძებს, ცარიელი ქუჩები, უხალხობა, უმანქანობა, და მეზობლის ძაღლი. მამლის ყივილივით, გათენებისთანავე იწყებს ყეფას და ჩვენი გმირიც იძულებულია ძაღლის გაღვიძებისთანავე ორივე თვალი გახელილი ჰქონდეს.  თითქოს გაითავისა, აღარც საათს აკვირდება, იცის რომ სულ რაღაც რამდენიმე წუთია რაც მზე გამოჩნდა ცის კაბადონზე. მიდის, სადღაც.  მხოლოდ მან იცის გზაც და კვალიც.  როცა ბრუნდება ძაღლი აღარსად ჩანს, ალბათ თავის თანამოძმეებთან ერთად ქუჩა-ქუჩა დაეხეტება. ყოველ შემთხვევაში ასე ვფიქრობ მე და სავარაუდოდ ისიც.  ბრუნდება და მაშინვე დილის გადაცემას რთავს, თუმცა არ უყურებს. ყოველი დილა მის სახლში, ჰგავს რიტუალს, რომელიც თითქოს თვითონ არ აურჩევია. აიძულა რაღაც უხილავმა. მაგრამ ამ ყველაფერს მშვიდად ასრულებს. გადაცემის ჩართვის შემდეგ, აუცილებლად უნდა დალიოს ბროწეულის წვენი. ეს კი ნამდვილად ერთ-ერთი, ან ერთადერთი ნაწილია რიტუალისა, რომელიც მართლა მოსწონს. მისი სახე მაშინვე გადადის ახალ ფაზაში. წვენი თიშავს დილის გადაცემას, ანეიტრალებს ძაღლის ყეფით გამოწვეულ ძილის დაფრთხობას. ბროწეულის წვენის გამოცლისთანავე უბრუნდება საწყის ადგილს და ძილს აგრძელებს. არსად ეჩქარება, ჩვილივით მშვიდად ძინავს იქამდე, სანამ სადილის დრო არ მოვა. სადილი აღარ გავს რიტუალს, არავითარი განსაკუთრებული ელფერი არ დაკრავს. ჩვეულებრივი მოსაწყენი ცერემონიაა, რომლის მორჩენისთანავე საწერ მაგიდას სხარტად მიუჯდება და წერს. საღამომდე გაუჩერებლად წერს, სანამ ისე არ დაიღლება, რომ იქვე, სკამზე მიეძინება.
მერე კი ისევ, მამლის შემცვლელი ძაღლის ყეფა და დილის რიტუალი.
        მშვენიერია ეს ქალაქი დღის ამ დროს. უამრავი საინტერესო რამ შეიძლება აღმოაჩინო ჩვეულებრივმა ადამიანმა, თუმცა კაცი გრძელი, კრემისფერი პალტოთი და ძვირიანი ფეხსაცმლით მხოლოდ ერთი წერტილისაკენ იყურება. თითქოს მუდამ რაღაც ერთ, კონკრეტულზეა კონცენტრირებული. არასოდეს აცეცებს თვალებს. გაურკვეველი ადგილისკენ მიდის.  ნელი, აუჩქარებელი ნაბიჯებით მიიწევს, მაგრამ აშკარაა, მხოლოდ მისი ნაბიჯებია ნელი. თვალებს სადღაც მიეჩქარება. რაც უფრო უახლოვდება დანიშნულების ადგილს, უფრო ფართო ხდება მისი ღია თაფლისფერი თვალები.
წლების წინ რომ გენახათ, მხოლოდ ამით შეგაყვარებდათ თავს. თბილი და მოტკბო ელფერი დაჰკრავდა მის თვალებს. თუმცა ახლა იმდენად ჩვეულებრივად იქცა, იმდენად უბრალოდ, ნაკლებად იმსახურებს ადამიანთა ყურადღებას.
სტუმრები თითქმის არასოდეს ყავს. ერთი-ორჯერ შემოუარა მაღალმა, წარმოსადეგმა ქალმა. დიდი, ბრიალა თვალებითა და წითელი ტუჩსაცხით... ზოგს როგორ უხდება წითელი საცხი ტუჩზე, მაშინვე თავს დაგაკარგვინებს ადამიანს... რამდენჯერმე ახალგაზრდა ბიჭი ესტუმრა უცნაურ მწერალს. ბიჭი სრულიად განსხვავდებოდა წითელტუჩებიანი ქალისგან. თითქოს მასპინძელზე აუღელვებელიც კი იყო... ბოლო სტუმრობიდან დიდი ხანი აღარ გამოჩენილა.
    უცნაურმა მწერალმა ველოსიპედი იყიდა. ორი ნოემბერია... თითქმის ყოველდღე რაღაც საშუალო ზომის პარკით ბრუნდება სახლში, დღეს კი რატომღაც ველოსიპედით დაბრუნდა. თვალები ბავშვივით ანთებოდა ბედნიერებისგან. სწორედ ისეთი ნეტარი სახე ჰქონდა, ბროწეულის წვენის დალევის შემდეგ რომ მიიძინებს ხოლმე. უცნაურია, ველოსიპედმა როგორ აანთო მისი ჩამქრალი თვალები, ალბათ სიახლემ ჰმატა მცირედი სინათლე მათ. თუმცა კი, ეს კაცი ისედაც უცნაურია.
      იცის დილის სუფთა ჰაერის ფასი, ამ დროს არასოდეს ეწევა. მხოლოდ საღამოს, წერისას. ბევრს, ძალიან ბევრს. და ეს პროცესიც თავისებურად რიტუალს ჰგავს. თითქოს უცნაური არაფერია, მაგრამ მისი მოქმედებები არ გავს ჩვეულებრივს... ადამიანის ცხოვრების ყოველი დეტალი წინასწარ რომ იყოს დაწერილი, დარწმუნებული ვიქნებოდი, რომ ამ კაცს ჩაუვარდა ხელში. არა მხოლოდ თავისი, არამეს იმათიც, ვისიც მოისურვა.
ამ მშვიდი ადამიანის გარშემო სითბო და სიცივე ერთმანეთში ირევა. თითქოს ბუნების შემდგომ დგას. სუსტია მასზე, მაგრამ ძლიერი ადამიანებზე... ან იქნებ, უბრალოდ იმ ხალხზე მეტი გადახდენია თავს, ვინც ირგვლივ ტრიალებს?
    და საიდან ვიცი ამდენი წვრილმანი?
საუკუნეა ალბათ ვუთვალთვალებ, წლებია მასთან და ძაღლის ყეფასთან ერთად ვიღვიძებ. და დაბრუნებამდე ფანჯარასთან ვდგავარ. ჯერ ვერ გავბედე, რომ უკან გავყოლოდი, დანიშნულების ადგილი გამეგო, ან იქნებ უბრალოდ სეირნობს, ბრისტოლის ქუჩებით ტკბება.
    პეტერბურგიდან გადმოსული ეს ჩემი მეზობელი არ ვიცი სად დაიბადა, ან სად გაიზარდა, თუმცა ვიცი რას ჭამს სადილზე, რამდენ ღერ სიგარეტს ეწევა, და ღამით, მისი მშვიდი ძილი, ეს აუღელვებელი ბავშვური სახე იმაზე უკეთ მაქვს შესწავლილი, ვიდრე ჩემს კარადაში შაქრისა თუ ყავის არსებობა-არარსებობა. ესეც იმიტომ, რომ არაერთხელ მითვალთვალია მისი სახლის უკანა სარკმლიდან. თუმც სიგიჟეა ეს ყოველივე, მაგრამ როდესაც მეზობლის გაცნობისაკენ მიიწევს გული, ფეხებზე ბორკილები მედება და შეგრძნება მეუფლება, რომ სადღაც ახლოს, უცნაური კაცის მაღლა მდგომი ჯაჭვს ქაჩავს და სახით ვეცემი მიწაზე.
    არაერთხელ შემითხზავს გონებაში სხვადასხვა ამბავი, იმაზე ნაკლებ საინტერესოები, ვიდრე ეს მწერალია ჩემთვის, თუმცა ეს ამბები მუდამ სასიამოვნოდ დამივლის ხოლმე ტანში...  მიუხედავად ჩემი გაუთავებელი თვალთვალისა, უსაზღვრო ფანტაზიებისა, არ ვიცი მთავარი... რას წერს? რაზე წერს? ერთი სიტყვაც კი არასოდეს წამიკითხავს.




***
    ასე გრძელდება ყოველი დღე ბრისტოლის ამ პატარა კუთხეში. უმუშევარი, უცნაური მეზობელი ძვირიანი ფეხსაცმლით. აშკარად მაღალ საფეხურზე დგას მისი გემოვნება, თუმცა საკვირველია რით შეძლო ყიდვა.
  დაახლოებით 10 წლით დიდი იქნება მოთვალთვალეზე მწერალი... მწერალი, რომელიც თავისზე 10 ჯერ იდეალურად წარმოედგინა, მაგრამ რომელი იყო უარესი, ან უკეთესი რთულია გარკვევა... ერთი უბედური შვილი პროსტიტუციისა.  მეორე კი, ბედნიერი შვილი დამსახურებული ქიმიკოსისა. იმაზე პატიოსან ოჯახში აღზრდილი, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია. საშინლად დიდი შრომა ჩაუდია ქიმიკოს მამას უცნაურ მწერალზე. და მანაც გაამართლა მამის ღვაწლი მის გარდაცვალებამდე.
  ეს დიდი მიღწევები პეტერბურგში დასრულდა. მერე ეს ბუმბერაზი ქალაქი გახდა ნაცრისფერი. მე უფრო რუხს ვიტყოდი. რუხს მეტად მუქ და სევდიან ფერად წარმოვიდგენ ხოლმე. და ეს რუხი პეტერბურგი გადაიქცა იმაზე დიდ და უკიდეგანოდ, ვიდრე ისედაც არის... „ქალაქი-აურზაური“-ასეთი წიგნის წერაც კი დაიწყო, მაგრამ აურზაური არა ქალაქში, არამედ სწორედ მის თავში ტრიალებდა. მწერალს პიტერის  მიყრუებულ ადგილას მიჰყავდა ქალები, უამრავი მასზე გაგიჟებით შეყვარებული ქალი... და შემდგომში ისინი უკვალოდ ქრებოდნენ... არც ერთი ადამიანის სიკვდილი არ იყო დაწერილი ჩვენი მწერლის სახელის გასწვრივ, მაგრამ ქალები იმ დღის შემდეგ აღარსად ჩანდნენ... ალბათ დროთა განმავლობაში, ზოგიერთი მათგანი გამოჩნდებოდა სადმე დამალული, ან მოკლული საკუთარი ხელების მიერ.  ამ ქალების ნაწილს თვითმკვლელობა აერთიანებდა, ნაწილი კი სხვადასხვა ქვეყნის სარდაფებში იმალებოდა, თუმცა ასეთნიც ალბათ ძალიან ცოტა. ეს სარდაფებიც, მასში ნივთების განლაგება, ტყუპებივით ჰგავდა ერთმანეთს. თუმცა არც ერთ მათგანში არ შეუბიჯებია ფეხი უცნაურ მწერალს, არც ერთი ქალის წინ არ მდგარა როდესაც ისინი ყელზე თოკს იხვევდნენ, თბილ აბაზანაში, ნაზ მაჯებზე ცივ, ბასრ საგანს თავისივე სათუთი ხელებითა და მკაცრი გამომეტყველებით ისვამდნენ, ან თუნდაც შუა ღამით, სუსხიან ამინდში მაღალი სართულებიდან შემოდგომის ფოთლებივით ცვიოდნენ.
    მაგრამ ყველაფერი ეს ჩვენზე კარგად იცოდა მწერალმა, წინასწარ გათვალა თითქოს საბრალო ქალთა ბედი... მოთვალთვალესთვის ხომ საშინლად საინტერესო და ზედმეტად იდეალური გახლდათ ჩვენი ბრისტოლელი მეზობელი, ასე იყო ამ დაკარგული ქალბატონებისთვისაც. მაგრამ მწერლისთვის იდეალური გახლდათ სწორედ ის ამბავი, რომლის აღწერაც დიდი აურზაურის ქალაქში ჩასვლამდე გადაწყვიტა.
პეტერბურგი გაუსაძლისად მოსაწყენი გახდა და ამ ქალაქის წუმპედან ამოსვლა ბრისტოლში გადასვლით სცადა, თუმცა ამაოდ. წუმპე თან დაჰყვებოდა, ან უფრო სწორად დაჰქონდა დიდი ენთუზიაზმით... თავის თავს არასოდეს ადანაშაულებდა. ერთი საერთო კი ჰქონდათ ნამდვილად მას და მოთვალთვალეს, ორივე თვლიდა, რომ უცნაური მწერალი სადღაც, მოკვდავ ადამიანებსა და კოსმიურ ძალებს შორის იდგა. მათ ფეტიში ჰქონდათ ერთი ადამიანის მიმართ, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ გააიდეალებდა მწერალი მოთვალთვალეს. ღარიბი ოჯახის შვილს, ზოგჯერ რომ პროსტიტუციით ნაშოვნი ფულით ჭამდა 3 ლუკმა საჭმელს. თავის თავს აჯერებდა, რომ ამ საქმისგან ხელი აიღო, თუმცა ერთი-ორჯერ კი გაიფიქრა ერთელაც და მერე თუნდ მიწა გამისკდეს, იქეთ აღარ გავიხედავო..
ჩვენი უცნაური მწერალი კი წარმატებული მამის მემკვიდრეობას ანიავებდა. მაგრამ იშვიათი ნიჭით ნამდვილად იყო დაჯილდოვებული. რომ არა პეტერბურგში შემოჩენილი ახირება, ახლა ალბათ მოთვალთვალე ბუხრის წინ თბილად იჯდებოდა, თავისივე იდეალის წიგნით ხელში და ეს იქნებოდა საკმარისი მისი ბედნიერებისთვის. ასე ამოიცნობდა, აღარც უთვალთვალებდა. ძილიც მეტად მშვიდი გახდებოდა მისი და ვინ იცის, იქნებ კარზე დაკაკუნებაც აღარ გასჭირვებოდა. მათ სახლებს შორის ხომ ყველაზე მცირე „დიდი“ მანძილია.
უცნაურ მწერალსაც უყვარდა ბუხრის წინ ჯდომა და კითხვა. კიდევ ერთ ადგილას სიარული ანიჭებდა განსაკუთრებულ სიამოვნებას, რაც პეტერბურგში ნამდვილად აკლდა. იქ ვერ იპოვა მეორე სახლი. აქ კი, ერთ შემაღლებულ ადგილას,  სადღაც, ძველ ნანგრევებში საათობით გაუნძრევლად იჯდა. ამ დროს კი მოთვალთვაალე იატაკზე გაწოლილიყო და ჭერს აკვირდებოდა. გასაკვირი არაფერია, უამრავი საინტერესი ბზარი და ლაქა გაჩენილიყო დროთა განმავლობაში ამ სახლში. თუმცა თითქმის არაფერს ახსენებდა. დაზეპირებულიც კი ჰქონდა მათი განლაგება, ფორმები. ამ ბზარებს თავის თავს ამსგავსებდა, მაგრამ სხვა ვერავინ იტყოდა იგივეს.
მოთვალთვალე სიფრიფანა, ლამაზი გოგონა, გაზაფხულის იას მოგაგონებდათ. სწორედ რომ იას, ნაზს და მორცხვს, სრულიად უეკლოს, განსხვავებით მის მიერ გაფეტიშებული მწერლისა, რომელიც სავსე იყო ეკალბარდებით. ის, ამ სუსხიან ამინდში, თავის მეორე სახლში წასულიყო.
მეზობელი აგვიანებდა, ისე შესამჩნევად, არასოდეს რომ არ დაუგვიანია თითქოს. დრო გარბოდა და მისი სარკმლიდან ისევ სიბნელე გამოდიოდა... მოთმენასაც აქვს საზღვრებიო, გაიფიქრა გოგონამ და მეზობლის სახლისკენ გასწია. აკანკალებული ხელით ჩამოსწია სახელური, მაგრამ კარი არ გაიღო. ერთი კი გაიფიქრა ხომ არ შევამტვრიოო, მაგრამ ამხელა გამბედაობას ვერ მოიკრებდა... იქვე ჩამოჯდა და ატირდა. სასიკვდილოდ განწირულივით, გაუჩერებლად ზლუქუნებდა, როცა უეცრად ფეხის ხმა შემოესმა. უცნაური მწერალი სულ უფრო ახლოს იყო, იმაზე ახლოს, ვიდრე საკუთარ ნაზ ხელებში თავჩარგულ მოთვალთვალეს ეგონა. მეზობელი წინ ედგა და აკვირდებოდა მის წინ დაგდებულ „საგანს“. ერთი ახედვა მოასწრო გოგონამ, წამის მეასედში წამოხტა და ხმისამოუღებლად გაიქცა. ჩვენი მწერალი კი წარბშეუხრელად შევიდა თბილ სახლში.

***
როდესაც თვალებს ხუჭავ, ირგვლივ მაშინვე ბნელდება, მაგრამ ეს არ იყო ჩვეული დაბნელება. თითქოს უფრო მუქი სიბნელე ჩამოწვა ჩემს წინ. სიცივეს ვგრძნობდი, ფეხის ნაბიჯების ხმის მოახლოებასთან ერთად სიცივე უფრო მძაფრდებოდა. მერჩივნა იქვე გავყინულიყავი, მაგრამ იმაზე ძლიერი აღმოვჩნდი, ვიდრე წარმომედგინა. ძალიან მალე გავჩნდი სახლში. ვითომ არაფერი მომხდარა, ალბათ ჩემი მეორე მე კართან ზის და ტირის, მაგრამ აშკარაა ამას არ ვაკეთებ. სამზარეულოში ვდგავარ და ჩაის ვიდუღებ. შიშს არ ვიმჩნევ. რაღაცას ველი, წყლის ადუღების გარდა, კიდევ რაღაცას. ვიცი რომ არ გამოჩნდება, მშვიდად დაიძინებს, მაგრამ თვალთვალს თუ შევწყვეტ, იქნებ უკეთ ვიგრძნო თავი-თქო, საკუთარ თავს ვეუბნები და ჩაის ვისხამ. ცხელმა ჩაიმაც მიპასუხა მართალს ამბობო... ვაი რომ ამით ვერ დამიცხრო სურვილი მის მაგიდაზე დაყრილი ყოველი ფურცლის, ყოველი ასოს წაკითხვისა. ახლა კი იმას ვეკითხებოდი „ჩაის“-ეს კაცი უფრო მაინტერესებდა, თუ მისი ნაწერები? ცოლობა რომ ეთხოვა უცებ, ოღონდ იმ პირობით, ხელს თუ არ ვახლებდი იმ ფურცლებს, დავთანხმდებოდი?... ჩაი დუმდა, სახლიც დუმდა, და საათიც. სიჩუმეში რომ წიკწიკებს ხოლმე...
საათი საერთოდ არ მაქვს.
      ისევ დილა, ისევ ძაღლის ყეფა, მწერალი სახლიდან გამოვიდა და თავის გზას გაუდგა. მეც დავუბრუნდი ჩვეულ საქმეებს. კარგი ნამცხვარი ვიყიდე გუშინ და დღეს ვაპირებდი დაგემოვნებას ჩაისთან ერთად, როცა კარზე კაკუნი გაისმა. სხარტად მივედი კართან, თითქოს ხშირად მიკაკუნებდნენ, იქვე ჩაშრა ჭიქაში დასხმული ჩაი ჩემთან ერთად... კართან ის იდგა, და ჩემს აკანკალებული ხმით ნათქვამ გამარჯობას ღიმილით უპასუხა. მერე უცებ საუბარი განაგრძო, მე კი ისევ გამშრალი სახით ვუცქერდი. გუშინდელ დღეზე მკითხა, როგორ ხარო, მზრუნველი ადამიანის შთაბეჭდილების დატოვებას ცდილობდა, ან ასეთიც იყო. ენის ბორძიკით ვუპასუხე, რომ კარგად ვიყავი. მინდოდა დამემატებინა, არც კი ვიცი როგორ მოვხვდი თქვენს კართანთქო, თუმცა ჰქონდა კი აზრი? უცებ შეცბუნებული თვალები მომაპყრო, და პატიება მთხოვა, თურმე საუზმე შეგაწყვეტინეთო. გაბრუნდა და წასვლას აპირებდა, როცა აღმომხდა პირიდან სიტყვები-„დარჩით“... მხოლოდ თავი მოატრიალა და მეც მეტი თავდაჯერებით ვუთხარი: „ჩაიზე დამეწვიეთ, ერთად ვისაუზმოთ“... ცოტა ხანში პატარა მაგიდასთან ვისხედით. შიგადაშიგ ცდილობდა ჩემზე მცირედი გაეგო, თან ვსაუბრობდით. ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებდი რომ უცნაურ მწერალთან ვსაუბრობდი, მაგრამ ეს მართლაც იმაზე კარგი რამ იყო, რაც კი ოდესმე განმიცდია. და ჩემი ნება რომ იყოს, არავის დავუთმობდი მასთან საუბრის სიამოვნებას... ცოტა ხანში წავიდა.
და მერე დილის რიტუალი შეიცვალა, ნელ-ნელა მეც ვეგუებოდი ამ ცვლილებას. ის ყოველ დილით, ბროწეულის წვენის დალევის შემდეგ ჩემთან შემოივლიდა ხოლმე. ვისხედით ჩაის ჭიქებთან და ვსაუბრობდით გაუთავებლად, მე ძირითადად ვუსმენდი. შემეძლო დღე და ღამე მესმინა მისთვის. აი სწორედ ეს იყო ნამდვილი ჟრუანტელი, და არა ის, ჩემი ფანტაზიებით რომ ვქმნიდი ხოლმე. ეს ბევრად კარგი იყო ვიდრე ჩემი შეთხზული ამბები.
ვიცი ჩაიც მეთანხმებოდა. ის ნაწერებიც გადამავიწყდა, ნუთუ რა უნდა იყოს ამაზე საინტერესოთქო. ღია გავხდი მისთვის, ჩაიც კი იეჭვიანებდა იმდენად ღია. ის კი უფრო და უფრო ახლოს მოდიოდა. თითქოს თავისით გახდა ჩემი ნაწილი, ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე. და ჩვენი ურთიერთობის ხანგრძლივობაც იზრდებოდა. ჩემს დაბზარულ სახლშიც დაიძინებდა ხოლმე და მე უფრო ახლოდან დავცქეროდი მის ჩვილივით სახეს. ის აქრობდა ყველა ბზარსა და ლაქას, და აჩენდა ერთადერთ იმედს, რომელიც წლებია დაკარგული მქონდა. ვამაყობდი იმ დღით, რომ გავბედე და მისი სახლის კარის სახელური ჩამოვწიე, ვამაყობდი ჩემი თავით, რომ დარჩენა ვთხოვე და ვამაყობდი იმით ვინც ჩემს წინ სადილობდა. გარეთ არასოდეს გავდიოდით, თუმცა ეს არ იყო ჩემთვის პრიორიტეტი. არც არასოდეს მყვარებია გარეთ სიარული, ხალხმრავლობა. ამიტომ მერჩივნა თბილ სახლში მეყურებინა მისი ღია თაფლისფერი თვალებისათვის, თბილ სახლში ჩამეკიდა ხელი მის მშვენიერ ხელებზე, წერისგან რომ გაფუჭებოდა ერთი-ორი თითი. ახლოდან უფრო ბევრ რამეს ვხედავდი ამ თაფლისფერ თვალებში, ვიდრე იქამდე ფანჯრიდან დანახვისას შემეძლო. სწორედ ეს მიჩენდა საფიქრალს. აქ იმდენი უცხო რამ იყო, იმდენი საიდუმლო, მე კი არ მინდოდა ამის კვლევით გამეფუჭებინა ბედნიერი წუთები.  ზოგჯერ ყველაფერი უფრო უცნაური ხდებოდა, ეჭვიც მიჩნდებოდა, მაგრამ თავს ამის უფლებას არასოდეს მივცემდი. რჩებოდა ამოუცნობი დეტალები, რაც უფრო საინტერესოს ხდიდა ჩემს ძვირფას მწერალს...

   







გული ისე მიცემდა როგორც არასდროს, ორი დღის წინ დამიბარა, რომ დანიშნულ მისამართზე უნდა მივსულიყავი დღეს ღამით. არ ვიცოდი რა მელოდა წინ, ცოტა მეშინოდა კიდეც. საშიში არაფერი იყო, უბრალოდ მე გავხდი ბოლო დროს ასეთი. ორი დღე დაკარგული იყო. გავბედავ და ვიტყვი, რომ მენატრებოდა. ვბრაზდებოდი კიდეც მასზე, და წინასწარ ვგეგმავდი რომ დღეს ღამით აუცილებლად მოვთხოვდი ამაზე პასუხს. უყურადღებოდ დამტოვა? მოინდომოს და რაიმე სიურპრიზით გამაოცოს, თუ უნდა ვაპატიო... ვერაფერი გავაკეთე, მთელი დღე მის ფანჯარას ვუყურებდი... უცებ გონებაში საზარელმა აზრმა გამიელვა. არა! მე ამას არ გავაკეთებდი... მაგრამ ჩაი მეუბნებოდა, რომ სხვა შანსი აღარ მექნებოდა. ეს ხომ დანაშაული არ არის? ყველაფერს ისე დავტოვებ როგორც დამხვდება, მხოლოდ სულ ცოტა მეტს გავიგებ ჩემს ძვირფას მწერალზე.
  ახლა უფრო მეტად მიკანკალებდა ფეხები, ვიდრე მისი სახის ჩემს კართან დანახვისას. სახლთან მივედი, სახელური ჩამოვწიე  მაგრამ დაკეტილი დამხვდა ისევ. ვინაიდან ეს ნაბიჯი მეორედ გადავდგი უკან ვეღარ დავიხევდი, ამიტომ ფანჯრიდან გადაძრომა მომიწია. თან საკუთარ თავს ვეომებოდი ამ საკითხზე, ბოდიშს ვუხდიდი მწერალს. მაგიდას მივუახლოვდი და ცოტა ხანი სკამზე ჩამოვჯექი. ფურცლებს დავაშტერდი... კიდევ კარგი მალევე გამოვფხიზლდი, შევძახე თავს, რა დროს გათიშვაა, ცოტა წაიკითხე და სახლში დაბრუნდითქო. კითხვა დავიწყე...




***
კითხულობდა მოთვალთვალე წერილებს და თვალები სულ უფროდაუფრო უფართოვდებოდა, ცრემლები წვეთ-წვეთად ჩამოდიოდა ფურცლებზე. ცალი ხელით თავისი კაბის კათლას კუჭავდა, სიმწრისგან ხანდახან იღიმებოდა კიდეც. მერე უცებ კისერზე მოიჭერა ხელი გამეტებით. ხან მეორე ხელით განაგრძობდა კაბის კალთის ჭმუჭვნას. სახის მიმიკები თანდათან მეტი სიხშირით ეცვლებოდა. ეს იყო სახე ყველაზე უბედური ადამიანისა, რომელმაც წამიერი ბედნიერება იგრძნო და სწორედ ამ ბედნიერებისაგან იტანჯება. სახე იყო იმდენად ნატანჯი, თვით ფურცლებზე, კალმის დახმარების გარეშეც გადადიოდა.
ბოლომდე წაიკითხა რაც იქ იპოვა. ბოლო ფურცლები, ძალა გამოცლილი თვალებით გადაიკითხა. წამოდგა და იატაკზე დაჯდა. უეცრად იგრძნო განსაკუთრებული ძალა, ისევ ადგა და სხვა ფურცლების ძებნას შეუდგა, ზოგი უჯრებში იპოვა, ზოგი საწოლთან, ყველა მათგანს ზერელედ გადაავლო თვალი. წაკითხვა რაღაში სჭირდებოდა, ყველგან ერთი შინაარსი... ერთი ამბავი, სხვადასხვა ლამაზი დეტალით.
მოთვალთვალე იჯდა და ელოდებოდა მწერალთან შეხვედრის დროს. გაუნძრევლად, მშვიდი სახით... ვერ გადაეწყვიტა, რა ეკითხა, იმასაც ფიქრობდა იქნებ ეს ამბები შეთხზულიაო, მაგრამ როგორ შეიძლება შეთხზული იყოს, მაშინ საკუთარ თავს რატომ ამოვიცნობდი ყველა ქალშიო. მაგრამ მაინც გადაწყვეტილი ჰქონდა მისვლა, თვალებში უნდა ჩაეხედა ბრისტოლის ნაძირალასთვის. რომლის მიმართ სიყვარულის გრძნობა ურღვევდა სიმშვიდეს, სანამ დრო იწელებოდა.
დადგა დროც, არც ისე დიდი ხანი იჯდა იატაკზე მოთვალთვალე, თუმცა მისთვის საუკუნედ იქცა. სამზარეულოში შევიდა და ამ ოთახის ფანჯრიდან გადაძვრა გარეთ.
მშვიდი ნაბიჯებით მიუყვებოდა ქუჩებს. ირგვლივ არავინ იყო. შუა ღამე. მხოლოდ ფიქრები ხმაურობდნენ ზედმეტად. შესვლისთანავე იგრძნო ჩვეული სიცივე მოთვალთვალემ, მწერალი კი უღიმოდა. ღიმილი იმდენად აუტანელი იყო, რომ მაშინვე მიუახლოვდა და მიახალა, ყველაფერი ვიციო. ამ წინადადებაზე პასუხად კი მწერლის საზარელი ხარხარი მიიღო. მოთვალთვალემ მაშინვე ამოიღო იმ სამზარეულოდან წამოღებული დიდი, ბასრი დანა, ჯერ მის თაფლისფერ თვალებს შეხედა და უმალ ჩაარჭო გულში.
ერთმანეთში იერეოდა ზიზღი, სიყვარული, უბედურება, ბედნიერება, სისხლი...
მოთვალთვალემ დანა იქვე მიაგდო და აჩქარებული ნაბიჯებით დაბრუნდა უკან. ფიქრები აღარ ხმაურობდნენ, თითქოს ყველაფერი გაითიშა, მხოლოდ ფეხის ნაბიჯების ხმა ისმოდა, მაგრამ არც არავის ესმოდა ეს ნაბიჯები...

უკვე თენდებოდა, მწერალმა იქვე დაასრულა სიცოცხლე, მოთვალთვალე კი თავისი სახლის კართან იჯდა და განაჩენს ელოდა. მზეც გამოჩნდა, თუმცა ძაღლის ყეფის ხმა აღარ ესმოდა...
ყეფდა კი აქამდე საერთოდ?

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები