ნაწარმოებები


ლ ი ლ ე - 2018     * * *     მალე

ავტორი: ქეთი გაბინაშვილი
ჟანრი: პროზა
8 მაისი, 2018


ჩემი მეზობელი გოგიტა

  მე ხელოვანების ოჯახში გავიზარდე ანუ საგიჟეთში ვცხოვრობდი. ჩვენ ქარიან ამინდებში ფართოდ ვაღებდით კარს, რათა მარტოდ დარჩენილი ნაღალატევი ქარი ოთახში შემოგვეშვა და გაგვეთბო. ჩვენ სახლში შესვლამდე ვაკაკუნებდით და სახელურის ჩამოწევამდე 10 წუთი ვიდექით კართან, რათა ნივთებისათვის მიგვეცა საშუალება საკუთარ ადგილებს დაბრუნებოდნენ. ჩვენ ვესაუბრებოდით კედლებს, როგორც წარსულის უტყვ მემატიანეებს...
  წლები შემოდგომის ფოთლებივით მიმოიფანტა ნაწვიმარ ქუჩებში. ახლა მე უკვე აღარ მჯერა დროის მანქანის არსებობის და აღარ მესიზმრება ქალი პარალელური სამყაროდან, რომლიც წლების წინ წვიმის წვეთებს მოჰყვებოდა და მე მთელი ღამე დავდიოდი ქუჩებში თავდაღუნული, რათა ჩემი პლანეტიდან მოსული გოგონასთვის მიმეცა საშუალება კოცნის კვალი დაეტოვებინა ჩემს კისერზე.
სადაცაა 40-ს მივუახლოვდები. ბოლო წლებია პატარა, მშვიდი ქალაქის მზიან უბანში ვცხოვრობ, დაქორწინებული ვარ, როგორც ჩემი მეზობელი გოგიტა. შვილები მყავს, სამი. ჩემს მეზობელ გოგიტასაც ჰყავს შვილები.
  სამსახური მაქვს, ნორმალური ანაზღაურებით. ჩემი მეზბელი გოგიტაც მუშაობს, კაფელის ცეხში, ისიც კმაყოფილია, რომ დასაქმებულია.
ხანდახან საღამოობით ვუყურებ ფეხბურთს და მეგობრებთან ერთად ვსვამ ლუდს, ჩემი მეზობელი გოგიტაც მოდის პარასკევ საღამოს ნასვამი.
  ჩემსავით მეზობელ გოგიტასაც გაურბის თვალი ლამაზი ქალებისაკენ. ჩემი ცოლის მსგავსად, მეზობელი გოგიტას ცოლიც ეჭვიანობს. ჩემსავით გოგიტაც ხშირად უბრაზდება ბავშვებს.
  კვირაობით მეზობელი გოგიტა სოფელში მიდის მშობლებთან, უქმეებზე მეც დავდივარ ასაკშერეული დედის სანახავად.
დიალობით მე და მეზობელი გოგიტა ერთდროულად ვეწევით სიგარეტს აივანზე, საღამოობით კიბეზე ამოსვლისას ორივეს გვიხშირდება სუნთქვა, ასაკისა თუ მომატებული კილოგრამების გამო. მეზობელ გოგიტასაც უყვარს ჩაქაფული და ისიც უყურებს საინფორმაციო გამოშვებას ყოველ საღამოს.
  მოკლედ, არაფრით განვსხვავდებით მე და ჩემი მეზობელი გოგიტა, ერთი ესაა მე უკეთესი მაჯის საათი მიკეთია, მაგრამ ღამ-ღამობით ბინდი რომ შარავანდედივით დაადგება ჩვენს პატარა ქალაქს, ბავშვებს უკვე ღრმად სძინავთ და ჩემი ლამაზი მეუღლეც სიზმრების სამყაროს აფარებს თავს, ფეხაკრებით მეპარება სევდა და მკერდზე მაწვება ვნებიანი საყვარელივით. მერე კი განთიადამდე ვებრძვი საკუთარ თავს. და ვფიქრობ ქარზე, რომელიც ფეხმძიმე მეძავივით მივატოვე მუცელწამოზრდილი და სახეზე ჭორფლამოყრილი, ვფიქრობ ძველ საწერ მაგიდაზე, რომელიც, ალბათ, ჩვენს არყოფნაში საძინებლის შინდისფერ ფარდასთან ცეკვავს ტანგოს და ვფიქრობ, დაუწერელ ლექსებზე, გამხმარი პურის ლუკმასავით, რომ გამჩხერვია ყელში. და მაშინ, როცა მე ტკივილის დამარცხებას ვცდილობ, ჩემი მეზობელი გოგიტას ხმაურიანი სუნთქვა კედელში ძვრება და ჩემს სახლში გაბატონებულ სიმშვიდეს კაწრავს.
  არა და ჩვენ არაფრით განვსხვავდებით ერთმანეთისაგან, ერთი ესაა, მე უკეთესი მაჯის საათი მაქვს ანუ ჩვენი დრო სხვადასხვაგვარად გადის.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ბარბი ვულოცავთ დაბადების დღეს