ნაწარმოებები


ნეფერტარის “ბედუინი“ 15 აგვისტოდან წიგნის მაღაზიებში გამოვა, მსურველებს შეგიძლიათ შეიძინოთ     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: გიგო
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
5 ივნისი, 2018


ქალაქი

რა არის ქალაქი, სადაც ჩრდილების სადგომია ნაცვლად თავლისა თუ თავლაა საიდანაც ცხენები გარბიან თავისუფლებისთვის?

ქალაქი სადგომია - პიროვნებების. ის არ აკეთებს არჩევანს თუ ვინ, რომელ კუთხეში დააყენოს, არადა მასწავლებელიცაა; ზოგჯერ მკაცრი და ზოგჯერ კეთილი. მოქნეულ წკეპელს ყველა თავლაში მოჰკრავთ თვალს, მაგრამ ვერ იპოვნით ჩრდილებს - გარბიან.

ქალაქები ერთმანეთისგან განსხვავდებიან. მათ ხასიათი აქვთ: სუნთქავენ და ძილიც შეუძლიათ. როგორც სიცოცხლეს ვირუსი სჭამს და ავადდება, ქალაქიც ისევე მძიმედ ქშენს, როგორც ასთმიანი ავადმყოფი.

ჩემი ქალაქი, შენი ქალაქიდან შორსაა უფრო, მაგრამ მანძილი ამ შემთხვევაში მეტრებით არ იზომება, არამედ მტკაველით, რადგან მშობლიურია ორივე ჩემთვის. ეს მანძილი ორ ჩრდილს შორისაა და მათი სადგომი არც თავლა, არც სახლი და არც ფარეხია. მათი სადგომი დღე და ღამეა.

ქალაქზე ხშირად უთქვამთ: ცოცხალი სხეულიაო, ორგანიზმიაო... ალბათ ასეც არის, მაგრამ არაფეერს ამბობენ ორგანოებზე, რომლებიც მის მუშაობაში მონაწილეობენ და თუ დროდადრო დასნეულებულს არ უმკურნალე ისევე მოკვდება, როგორც ცოცხალი ორგანიზმი და ცივ, ნაცრისფერ სადგომებს შორის მოხეტიალე ჩრდილები შეგვრჩება მხოლოდ!

არის ქალაქი სადაც, მხოლოდ ანგელოზები ცხოვრობენ და ჩრდილებიც კი ნიღბებს არ იცვლიან? ასეთ ქალაქს ოცნების ქალაქს არქმევს მეამიტი და სჯერა, რომ ქალაქში სადაც ცხოვრობს ყველა სადგომი დამსხვრეულია.
არ ფიქრობს, რომ ცის ნაცვლად ერთი, დიდი, მრუდე სარკე ხურავს და იქ ყველა საკუთარ თავს დასცინის. ასეთი ცის შემყურე, ქალაქში არავინ ტირის, რადგან ყველას ჯამბაზის სახე აქვს...

ყველაზე საშიში, მდუმარე ქალაქია.
იქ ჩრდილების სადგომი არ აქვთ,
იქ ყველა ცხოველისთვის შეხვდებით სადგომს, მაგრამ მხოლოდ ერთით სარგებლობენ - მშიშრების სადგომს ეძახიან. გამაყრუებელი დუმილია ხმაურიან ქალაქში.

- რა ღირს ერთი სადგომი? - იკითხა შემოპარულმა ჩრდილმა.
- სამი უარყოფა. - უპასუხა მდუმარებაში მყოფმა.
- ასე იაფი?
- რატომ გაგიკვირდა?! აქ ეს ფასი მოქმედებს ყველგან.
- რატომ?
- იმიტომ რომ, ყველა სადგომი ერთმანეთს ჰგავს.
- სხვა ქალაქში წავალ.
- სხვა ქალაქამდე, ორმოცი დღე დაგჭირდება. გაძლებ მდუმარებაში?
- მე ხომ ჩრდილი ვარ, შენი!
- მაშინ, აქ დარჩენა მოგიწევს.
- მდუმარეთა ქალაქში? მირჩევნია შენი ქვის ჩრდილად ვიქცე.
მსგავსი დიალოგების ზარი რეკს ყველა ქალაქიდან.
სად არის ჩვენი ქალაქი, აქების გარეშე?

ქალაქს სუნიც აქვს. მაგალითად - თევზის, თუ ქალაქი ზღვისაა და მსგავსად თევზებისა ქალაქიც დუმს. აქვს გემოც - გასინჯვისას, რეცეპტორები გაუწყებენ სიტკბოსა და სიმწარეს. მხოლოდ კერძისგან განსხვავებით არჩევანის უფლება არ გაქვს და ბედთან კავშირშია, როგორც ადევნებული ჩრდილი.

აქ ვწყვეტ ჩრდილების ქალაქზე წერას და დუმილს ვირჩევ, რადგან მეც ხომ იმ საზოგადოების წევრი ვარ, რომელიც ცხოვრობს ქალაქში და მას ვუწოდებთ: საზმრების, ცოდვების, რელიგიების, ფერების, ბოროტების, კეთილების და სხვა სახელებს, რომლებსაც თქვენ აირჩევთ ან მოიფიქრებთ, ვიდრე ვდუმვარ.

მაგრამ მაინც ერთ ქალაქში ვცხოვრობთ, რომელსაც ჩრდილების ქალაქი ჰქვია და ყველა სადგომი ჭადრაკის ყუთშია!

გიგო რიონელი
7.05.2018 წელი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ლომი ვულოცავთ დაბადების დღეს