ნაწარმოებები


ლ ი ლ ე - 2018     * * *     მალე

ავტორი: ნილიტა
ჟანრი: დრამატურგია
8 მაისი, 2018


დრამა პოეტურად

                                                                                       
                                                                                                                                                      ავტ. ლანა მანველი

ერთმოქმედებიანი დრამა

                                                                                                               

          მოქმედი პირნი:
                       
          ნინო – 36 წლის
          თენგო – თათას მამა, 40 წლამდე 
          თათა – 16 წლის მოსწავლე, ნინოს და თენგოს შვილი
          ნინო – 16 წლის ასაკში
          რატი – ნინოს ბავშვობის შეყვარებული, 16 წლის
          რატი – დიდობაში, ნინოს ასაკის.
         
       
         
             
I სურათი

(ისმის მსხვრევის ხმა და ნინოს ყვირილი: - გეყოფა!!! ერთხანს სიჩუმე ჩამოვარდება. სცენაზე შემოვარდება თენგო, ფეხდაფეხ ცოლი მოჰყვება).

ნინო. ისევ მიდიხარ?
თენგო. (ყვირის) უნდა წავიდე! სულს მიხუთავ! . .
ნინო. (ნერვიულად დადის აქეთ - იქით) რას გიშავებ? - მთელი დღე ვრეცხავ, სადილს ვამზადებ, სახლს ვალაგებ. ხელს რაში გიშლი, შენს ნებაზე ხარ! ყოველთვის ისე იქცეოდი, როგორც გინდოდა! მე სახლზე, ბავშვზე ვარ მიჯაჭვული, შენ კი სულ გარბიხარ, ჩვენგან გარბიხარ!
გახსოვს, მაშინაც როგორ მიგვატოვე, იმ გაჭირვებულ დროში? სული კბილით გვეჭირა! გაყრის დავაზე რაღას იტყვი? ფოსტალიონმა სასამართლოდან გამოგზავნილი უწყება, უბნის მაღაზიაში დატოვა და თვეების განმავლობაში კეფა მეწვოდა, ჭორიკანა მეზობლების ცნობისმოყვარე და ვითომ შესაცოდი მზერით! 
თენგო. ხომ დავბრუნდი, რა გინდოდა? - მაინც არ მომასვენე! სულ მეწუწუნები, რამეს გაკლებთ?
ნინო. არა გრცხვენია? ცხოვრება დამიმახინჯე! . . ვისთან მიდიხარ? (ცდილობს ხელი შეუშალოს წასვლაში).
თენგო. (ჩემოდანში ტანსაცმელს ყრის) იძულებულს მხდი, საკუთარი სახლიდან წავიდე! ერთი დღეც არ მახსოვს, სიმშვიდე და სითბო ყოფილიყოს ამ ჯოჯოხეთში! . .
ნინო. ჯოჯოხეთად შენ გადააქციე!
თენგო. აღარ შემიძლია შენი მარწუხების ატანა! მიიხედ – მოიხედე, დაქალებს ჰკითხე ქმრებს როგორ ექცევიან? თუმცა ახლა უკვე გვიანია! (კარს გაიჯახუნებს, ქალი კივის და კარს რაღაც მძიმე ნივთს ესვრის)
ნინო. წადი! წასასვლელი ბევრგან გაქვს! შეგიძლია იმ სუნამოს პატრონთან მიბრძანდე, წუხელ რომ აგაყროლა! გინდა, ალისფერ ტუჩის საცხიან ქალბატონთან ათენე ღამეები! ააა, ჩვენ ბოდიში, სასაჩუქრე პაკეტი დამავიწყდა, ,,შერატონმა’’ რომ დაგაჯილდოვა ხშირი სტუმრიანობის გამო! ყოჩაღ! გილოცავთ, ბ – ნო თენგიზ, მართლაცდა ნიჭიერი არამზადა ხართ! . . (ჩამუხლული ტირის, კარზე ზარი, ქალი წამოდგება, კარს აღებს. სახლში შემოსულ შვილს სახეს არიდებს)
თათა. (დედის დანახვაზე გოგონა ყურსასმენს მოიხსნის) რა ხდება, ისევ იჩხუბეთ?
ნინო. გაკვეთილები ადრე დაგიმთავრდა?
თათა. დედა! რა მოხდა, ისევ იჩხუბეთ?
ნინო. ეს რა ცხოვრება მაქვს! ზოგჯერ ისეთ რაღაცეებს ვაკეთებ საღად მოაზროვნე ადამიანი რომ არ ჩაიდენს. . . სიცოცხლე აღარ მინდა! 
ამდენი დარდით ლამისაა გული გამისკდეს, რომ ჰკითხო ვზივარ სახლში და თაფლს და კარაქს მივირთმევ! (თათა ისევ იკეთებს ყურსასმენს და თავის ოთახში გადის, ნინო თვალს გააყოლებს) ნეტა ვის აქვს ჩემი დარდი? ყველას თავისი ცხოვრება აქვს, საკუთარ შვილსაც კი! 





II სურათი

(თათა ოთახში შედის, ჩანთას იქვე მიაგდებს და საწოლზე დავარდება. დარბაზში, თინეიჯერული სიმღერებიდან რომელიმე ისმის. გოგონა უცბად წამოდგება, ყურსასმენს მობილურ ტელეფონიანად საწოლზე დააგდებს და სარკესთან მივა)

თათა. (დოინჯშემოყრილი) მაშ ასე თათა, მამა წავიდა! გეწყინა? – ისე რა. მივეჩვიე ამ ყველაფერს. ადრე, როდესაც პატარა ვიყავი, დედა და მამა თავს იკავებდნენ და მხოლოდ მაშინ ჩხუბობდნენ როცა მეძინა; ბოლო დროს უკვე აღარ მერიდებიან და თამამად ანთხევენ გულისნადებს ჩემი თანდასწრებით. (ჩაიცინებს) აი, მე კი არასოდეს არ გავთხოვდები! დიახ, არასოდეს! თვით, რომეო მონტეგიც რომ გამომეცხადოს! თუმცა, (ჩაიცინებს) რომეო ძალიან ძველმოდურია. არ მხიბლავს რომანტიკა - სანთლებით აბრიალებული გული, სერენადები და სიმშვიდე დაკარგული მეზობლების წუხილი.

(უეცრად ისმის ნინოს ყვირილი)

ნინო. ქალბატონო! ძალიან მაინტერესებს, როგორ უფრო მოგწონს სიგარეტის მოწევა - პომადიანიıთუ  უპომადო ტუჩებით?

(შემოდის ნინო)

ნინო. ამდენ დარდში როგორ არ გეცოდები! ვინ მიგაჩვია? სკოლაში ეწევით?
თათა. არ ვეწევი!
ნინო. ნუ მატყუებ!
თათა. (გაღიზიანებულად) ჰო, კარგი! ვეწევი! მერე რა?! იქნებ შენ არასოდეს მოგიწევია დაქალებში?
ნინო. ნუ მეუზრდელები!
თათა. დამანებე რაა თავი! (ყურსასმენებს იკეთებს) გადი, უნდა ვიცეკვო!
ნინო. ასე რატომ მექცევი, არ გრცხვენია?
თათა. შენ თვითონ როგორ მექცევი!
ნინო. როგორ გექცევი?
თათა. უფფ, კარგი რა? მარტო მინდა დავრჩე!

(თათა დედას კარისკენ უბიძგებს. ნინო საყვედურით სავსე სახეზე ხელისგულს აიფარებს და ისე შემობრუნდება. ოთახში, სკამზე ჩამოჯდება და გაირინდება.)


III სურათი

(თათა ეტყობა ხვდება, რომ დედას ძალიან ატკინა გული და თავისი ოთახიდან გამოდის)

თათა. დე, საჭმელი რა გვაქვს, მშია.
(ნინო არ პასუხობს)
დე, ბოდიში. . .
ნინო. თავი დამანებე. . .
თათა. ოო, კარგი რაა. . . (ლოყაზე კოცნის და ეხვევა)
ნინო. უხეშობ, გულს მტკენ. . .
თათა. დე, გინდა ფეისბუქი გაგიხსნა?
ნინო. მე მაგეების დრო არ მაქვს!
თათა. კლასელებს მოძებნი, კურსელებს, რა ვიცი, ცოტა გულს გადააყოლებ. . .
ნინო. დამცინი?
თათა. არა, რატომ? გაერთობი. მოდი რა?! 
(კომპიუტერთან მიდიან. თათა, დედას გვერდით მოისვამს)
ნინო. (უხერხულად) ამისთვის მცალია ახლა მე?!
თათა. მოგეწონება. ჯერ პროფილს გაგიხსნი. ყველაზე ლამაზ ფოტოებს აგიტვირთავ. გარეკანის ფოტოდ აი, ამას დაგიდებ – ყველანი ერთად ვართ და ბედნიერებს ვგავართ.
ნინო. თათა. . .
თათა. ჰო, დე. . . ვინმე არ აგეკიდოს, მშვენივრად გამოიყურები და იცოდნენ ქმარშვილიანი ქალი რომ ხარ!
ნინო. ქმარ - შვილიანი! . .
თათა. კარგი, ჰო, შვილიანი ხომ ხარ? თანაც დაიცადე, ისევ დაგიბრუნდება შენი ქმარი.
ნინო. თათა. . . (ღრმად ამოისუნთქებს) ძალიან დავიღალე, ცოტა ხანს მაინც ნუ დაბრუნდება, კარგი? რამდენი წელია ერთმანეთს გულს ვტკენთ. შეიძლება გამიზნულად არც ვაკეთებთ, მაგრამ ორივენი მივეჩვიეთ ამას და სხვანაირად უკვე აღარ გამოგვდის. თუ მართლა აღარ ვუნდივარ, ერთხელ და სამუდამოდ წავიდეს. მეც აღარ ვიქნებიıასე, ჰაერში გამოკიდებული!
თათა. შენი პირველი ფრენდი მე ვიქნები.
ნინო. ბატონო? აა, ჰო, მივხვდი.
თათა. აბა, ახლა მითხარი ვინ მოგიძებნო?
ნინო. ჰმმ, ვინ დაა. . .  მაია ნახე, რაზმაძე.
თათა. რამდენიმე მოიძებნა, შეხედე.
ნინო. არა, ეს არაა, არც ეს, ეს მთლად ბავშვია დე. . .  აბა, ანა კაციტაძე მოძებნე.
თათა. ვაა, შეხედე დე, ვიღაც თურქი მეგობრობას გთავაზობს.
ნინო. დამანახე. . .
თათა. კარგი ახლა, თურქები გვინდა ჩვენ?!
ნინო. (ხუმრობით) მოიცადე, იქნებ ორჰან ფამუქია ან სავაშ ბალდარი, მაჩვენე.
თათა. თარქანია დე! . . (იცინის) იგნორ!
ნინო. წავალ, დავალაგებ, ყირაზეა ყველაფერი.
თათა. მოიცადე, გასწავლო არ გინდა? აქ თამაშებია, გახსოვს პეტიტოს რომ ვთამაშობდი?
ნინო. თათა, მამაშენი მართლა რომ აღარ დაბრუნდეს, რა უნდა ვქნათ, რითი ვიცხოვროთ?
თათა. დაბრუნდება! თუ არა და, განქორწინდებით და ალიმენტს გადაგვიხდის.
ნინო. რა ალიმენტს? სრულწლოვანებამდე რაღა დაგრჩა?!
თათა. ოფფ! სულ არ მადარდებს მე ეგ ამბავი! წავედი!

(თათა ყურსასმენს იკეთებს, დარბაზში ისმის იგივე სიმღერა. სცენა ბნელდება).



IV სურათი

(სცენა ნათდება. ნინო კომპიუტერთან ზის და გაფაციცებით მისჩერებია ეკრანს)

ნინო. საყდრისი მაინც აუფეთქებიათ! . . საქართველოს, კიდევ ერთი სოფელი დაუკარგავს მავთულხლართებით! . . ქართული ანსამბლის გასტროლები მოსკოვში! . .
ვაიმეე, ალენ დელონი ჩამოდის თბილისში! პაატა ბურჭულაძის საიუბილეო საღამოს უნდა წარუძღვეს! ღმერთო ჩემო, წლების წინ ალბათ გავგიჟდებოდით გოგოები სიხარულისგან! თუმცა, მე ხომ საკუთარი ალენ დელონი მყავდა. . . (ჩაფიქრდება) – სად არის ნეტა? როგორ არის? (ფიქრებს ხელს აუქნევს) ეჰ! მე ჩემი სევდიანი ცხოვრებაც მეყოფა. დარდებში ვარ გაბმული თუ დაბმული?!

(ავანსცენისკენ წავა და იქვე ჩამოჯდება). 



V სურათი

(მუსიკა. სცენა ბნელდება. ნათდება ეკრანი. რატი დგას და ნინოს გამოჩენას ელოდება. ერთ ხელში ჩანთა, მეორეში კი ღვეზელები უჭირავს. გამოჩნდება 16 წლის ნინო, რატი სიხარულით ეგებება და ჩანთას ართმევს)

რატი. ისაუზმე?
ნინო. (მღერადი ხმით) აარა! 
(იქვე ჩამოსხდებიან და გემრიელად ილუკმებიან).
რატი. მოემზადე გამოცდისთვის?
ნინო. (ისევ მღერადად) დიახ!
რატი. რომელი ქვეყნის პოეზია აირჩიე?
ნინო. ,, სადაც არ წავიდე ცხოვრების გზებით და
              ცხოვრების მრუდებით,
              გჯეროდეს ისევ შენ დაგიბრუნდები,
              შენ დაგიბრუნდები.’’

რატი. რობერტ ბერნსი – შოტლანდიური პოეზია!
        ,, ჩემი სიყვარული წითელი ვარდია, -
          ტოტებზე აწვდილი,
          ჩემი სიყვარული სიმღერის ჰანგია, -
          ნაზი და ხმატკბილი. . .
          რაც უფრო კეკლუცობ, რაც უფრო ლამაზობ,
          ნაზად იმზირები, -
          უფრო ვიძირები მე შენს სიყვარულში,
          უფრო ვიძირები.
          მანამ მეყვარები ვიდრე დაცხრებიან
          დრო – ჟამის ქარები,
          ვიდრე ზღვა დაშრება,
          ვიდრე კლდე დადნება
          მანამ მეყვარები.
          სადაც არ წავიდე ცხოვრების გზებით და
          ცხოვრების მრუდებით,
          გჯეროდეს ისევ შენ დაგიბრუნდები,
          შენ დაგიბრუნდები.’’
           
ნინო. რატი. . .
რატი. მიყვარხარ!
ნინო. რატი. . .
რატი. ჰო, ნინო. . .
ნინო. გახსოვს ის ღამე? მაშინ, მარტომ ვუყურე ილუზიონს, მერე ვიდრე დავწვებოდი, გარეთ გავიხედე, სიხარულისგან გავოგნდი – ლამპიონების შუქზე ზღაპრულად თოვდა! ვერ მოვითმინე, აივანზე გავვარდი, ხელები ფაფუკ, უთეთრეს ფიფქებს შევაგებე, ქვევით რომ ჩამოვიხედე, გაოცებისგან კინაღამ გადმოვვარდი. (იღიმება) ჩემს კორპუსთან იდექი და ზემოთ იყურებოდი. დიდრონი ფანტელები ფრიალ – ფრიალით გვეფინებოდა ორივეს. . .  ფრთები ვინატრე შენთან გადმოსაფრენად.
რატი. იმ ღამეს მივხვდი, რომ ძალიან მიყვარდი!
ნინო. იმ ღამეს მივხვდი, რომ. . .
რატი. რას მიხვდი?
ნინო. იმას, რომ პირველმა თოვლმა, პირველი სიყვარული მომიტანა საჩუქრად!
რატი. ,, მანამ მეყვარები ვიდრე დაცხრებიან
              დრო – ჟამის ქარები,
              ვიდრე ზღვა დაშრება,
              ვიდრე კლდე დადნება
              მანამ მეყვარები. ’’

(მუსიკა. სცენა ბნელდება)



VI სურათი

(თათა ბრუნდება სკოლიდან, აცვია მაიკა, მარიხუანას აპლიკაციით)

თათა. დედა!

(სამზარეულოდან ისმის ნინოს ხმა)

ნინო. მოხვედი? ახლავე გასადილებ.
თათა. არ მშია, შაურმა ვჭამეთ.
ნინო. (სამზარეულოდან) რამდენჯერ გაგაფრთხილე – გარეთ არ ჭამო – მეთქი! იმედი მაქვს კოლა და ჩიპსებიც არ მიაყოლე!
თათა. ოფფ! ნუ დაიწყებ ხოლმე! საღამოს კლუბში უნდა წავიდეთ ბავშვები და არაფერი არ მაქვს ნორმალური, რომ ჩავიცვა! რაღა ახლა მოუნდა თენგოსაც გაგულავება?! გამოხარჯავს მთელ ფულს და ელოდე მერე, როდის რას გაღირსებს!
ნინო. (შემოდის) ეს რა გაცვია?
თათა. მაიკაა, რა იყო?
ნინო. ვისია?
თათა. ჩემი!
ნინო. რაღაც არ მახსოვს, ჩვენ გვეყიდა.
თათა. კარგი რაა, ნუ ცდილობ ყველაფერი იცოდე.
(ნინოს გაბრაზებულ მზერას შენიშნავს) ჰო, რა იყო! ნეტა განახა ჩემს მეგობრებს რეები აცვიათ!
ნინო. კარადა სავსე გაქვს ტანსაცმლით.

(თათა თავის ოთახში შევარდება და იქედან ტანსაცმლის გროვით გამოდის)

თათა. შეხედე ერთი ამ ძველმანებს, ზოგი მესამე წელია, რაც მაცვია, ამოვიდა ყელში!
ნინო. წყნარად, მეზობლებს ესმით!
თათა. სულ ფეხებზე მკიდია მეზობლები!
ნინო. (უყვირის) თათა!
თათა. (თათაც იგივე ხმაზე პასუხობს) რა!
ნინო. რა გაკლია? მობილური, კომპიუტერი, აიპედი, აიპოდი! ყველაფერი გაქვს, ზრდილობის გარდა! . .
თათა. დამანებე რა თავი! დავიღალე თქვენით! (თავის ოთახში შედის, კარს აჯახუნებს და მაღალ ხმაზე რთავს მუსიკას).

(სცენა ბნელდება)



VII სურათი

(ნინო სახლს ალაგებს. ინერტული მოძრაობებით წმენდს მტვერსö ხანდახან ოხრავს. კომპიუტერიდან ზარის ხმა ისმის, ნინო სასწრაფოდ მიდის მაგიდასთან და ელდანაკრავივით უკან იწევს. მუსიკის დასაწყისი).

რატის ხმა - როგორ ხარ, ჩემო. . . ერთადერთო?
(ნინო აღელდება, აქეთ – იქით მოჰყვება სიარულს, მერე სწრაფად მიუახლოვდება კომპიუტერს და პასუხობს)
ნინო. არ ვიცოდი ცოცხალი თუ იყავი. . . როგორ ხარ?
რატის ხმა. გეძებდი, ხან სად და ხან სად. . .  აქ აღმოგაჩინე.
ნინო. ახლა?
რატის ხმა. არა, კარგა ხანია, დარეკვას ვერ ვბედავდი.
ნინო. რატომ?
რატის ხმა. რატომ?!
ნინო. ჰო, რატომ?
რატის ხმა. სიცოცხლე! – ნუ მიწყენ ასე რომ მოგმართავ, მე ისევ იქ ვარ ჩარჩენილი, ბავშვობაში; შენ ისევ ჩემი სიცოცხლე ხარ.
ნინო. კარგი რა, გავიზარდეთ უკვე. რამდენი წელი გავიდა?! 
რატის ხმა – შენთვის გავიდა. . . მე კი ყოველდღე გაცილებ სკოლიდან სახლში, გზაში შენი მეზობლის სახლის გალავანთან ვჩერდებით და ისევ გაცინებ ათასი სისულელით. . .
ნინო. არ გინდა. . .
რატის ხმა – გახსოვს, მოტოებით რომ გასეირნებდით ბიჭები და შემთხვევით, დედაშენს შევხვდით გზაში?
ნინო. შიშისგან კინაღამ გადმოვვარდი.
რატის ხმა. (ღიმილით) წესიერად რომ არ მეჭიდებოდი, ეგ იმის ბრალია და არა შიშის.
ნინო. რას ამბობ, არ გახსოვს, სადარბაზოსთან რამდენ ხანს ვიდექით ბავშვები - სახლში ასვლას ვერ ვბედავდი?
რატის ხმა. ცოტა ხანში კი, გახარებული ჩამორბოდი ხელში ნაგვის ვედროთი.
ნინო. ჰო, რამდენი ვიცინეთ. ზარი ძლივს დავრეკე, ნერვიულობისგან სულ მაკანკალებდა. დედაჩემმა, როგორც კი კარი გააღო, მაშინვე ნაგავი მომაჩეჩა ხელში გადასაყრელად. ერთიანად მოვეშვი, კიბეზე ისე მოვფრინავდი, ვერც ვგრძნობდი.
რატის ხმა. საპატიო ყარაულში გადაგაგდებინეთ ნაგავი ბიჭებმა.
ნინო. ბიჭები სად არიან?
რატის ხმა. (სევდიანად) ზვიადი. . .  იმ არეულ წლებში რეკეტიორებმა მოკლეს რუსეთში. პატარა ბიზნესი ჰქონდა ძმასთან ერთად და ფულის გამო. . . მერაბი, ახმეტაში ცხოვრობს. ზაზასგან კი, კარგა ხანია არაფერი გამიგია.
ნინო. ძალიან მეწყინა. . . ჩუმი და კეთილი ბიჭი იყო, ზვიადი. . .  ერთხელ, მეორე სკოლელი ბიჭები მოვიდნენ ჩვენთან სკოლაში, თენგოს გამოეგზავნა. მაშინ შენ ფეხი გქონდა მოტეხილი და არ დადიოდი. დასვენებაზე ეზოში ვიყავი. უმცროსკლასელ ბავშვს გამოატანეს ბარათი. ზვიადმა დაინახა და გამომართვა. მალევე დაირეკა ზარი და კლასში ავედი. ბიჭებს კი, სასაფლაოზე უჩხუბიათ. დედაჩემიც დაიბარეს მაშინ. . .
ნათელში იყოს. . .  ძმასავით მიყვარდა. . .
რატის ხმა. ამინ! . . თუმცა, მაშინ შენ გითქვამს – არავინაც არ მიყვარს, ყველამ თავი დამანებოსო!
ნინო. დედაჩემის შემეშინდა.
რატის ხმა. ხომ გიყვარდი?
ნინო. (გაჩუმდება) . . .
რატის ხმა. ვეღარ მეტყვი ხომ? იცი, როგორ მიჭირს ფეისბუქზე შენი ფოტოების თვალიერება?
ნინო. რატომ?
რატის ხმა. იმიტომ, რომ პროფილზე ჩვენი ფოტო არ გიდევს. გახსოვს, თექვსმეტი წლის რომ გახდი, ზუზუმბოზე, ობელისკთან ავედით ბავშვები. იქ ყვავილები დაგიკრიფე და თმაში ჩაგაწანი. მერე ვალოდია ფოტოგრაფმა სურათი გადაგვიღო, ხელში ატაცებულს რომ გატრიალებდი, - აი, ის ფოტო.
ნინო. არ გინდა. . .
რატის ხმა. მინდა! ალბომებში ჩვენი ბავშვების სურათები უნდა გედოს! ახლა კი, თორმეტი სხვადასხვა ალბომი გაქვს ატვირთული და არსად არა ვართ მე და ჩვენი შვილები!
ნინო. რატი! რამდენი წელი გავიდა, რაც გავიზარდეთ?!
რატის ხმა. ეგ შენ გაიზარდე, დაქალდი, სხვას მისთხოვდი და ყველაფერი დაივიწყე. მე იქ დავრჩი, შენი უბნის მოსახვევში და გელოდები.
ნინო. ყველაფერს მე ნუ დამაბრალებ!
რატის ხმა. სამაჩაბლოში ვიბრძოდი, შენი გათხოვების ამბავი რომ ჩამოიტანეს ბიჭებმა.
ნინო. ჩემით არ გავყოლილვარ, ჩემმა მშობლებმა გამათხოვეს!
რატის ხმა. წამოსულიყავი!
ნინო. რა აზრი ჰქონდა. . .
რატის ხმა. უხ! მე მაგისი. . . შეძლებული და მდიდარი მამიკოს ბიჭის. . .
ნინო. მართლა არ გინდა. . .
რატის ხმა. იქ არ მოვკვდი, გამწარებული ვიბრძოდი. დაუცველ ადგილებში გადავდიოდი, მერე აფხაზეთი! მაინც არ ჩავძაღლდი! უკრაინაში წავეთრიე ყველაფრის დასავიწყებლად და კინაღამ გავჭედე.
ნინო. კარგი რა, ოცი წელი გავიდა მას შემდეგ, გესმის, ოცი გრძელი წელიწადი. დაივიწყე და ახალი ცხოვრება დაიწყე.
რატის ხმა. ცხოვრებამ გადამისწრო და მე კი, ისევ ველოდები, როდის ჩამოივლის ის პატარა, ლამაზი გოგო ჩვენს ქუჩაზე ჩანთით ხელში. რვის ნახევარზე ვდგები, რვაზე უკვე აივანზე ვარ, შორიდანვე მინდა დავინახო და ქუჩაში გავვარდე. დედაჩემი ეზოში მხვდება, ხელში ორ ღვეზელს მაჩეჩებს და ორაზროვნად მიღიმის; ალაყაფის კარს ვხსნი და გარეთ მივფრინავ; ერთი ხელით ჩანთას ვართმევ, მეორეთი ღვეზელს ვუწვდი: - ისაუზმე? ორი ლამაზი, შვლის ნუკრის თვალი მიცინის და მღერადად მპასუხობს -
ნინო. აარა. . .   
რატის ხმა. გემრიელად ვილუკმებით, გავრბივართ და ორივეს ალალად გვჯერა, ეს გზები, ყოველთვის ერთად გვატარებენ. . . შენ კი მეუბნები, - დაივიწყეო. . .










VIII სურათი


(კარზე ზარი. მუსიკის დასასრული. ნინო აფორიაქებული გამორთავს კომპიუტერს და კარს აღებს. თათა შემოდის)

თათა. არ გესმოდა დე,öსად იყავი?
ნინო. (ცდილობს ღელვა დაფაროს) სააბაზანოს ვასუფთავებდი, ადრე გამოგიშვეს? მოწესრიგდი, ახლავე მოვალ. (გადის. კარზე ისევ ზარი).

თათა. ვინ არის?
კარს მიღმა – მე ვარ თენგო, მამაშენი! კარი გააღე!
(თათა კართან მიდის, მერე უკან ბრუნდება)
თათა. ( მრავალმნიშვნელოვნად ) დედაა! თენგო დაბრუნდა!
(თენგო სახლში ისე შემოდის, თითქოს არაფერი მომხდარიყოს. ნინო დოინჯშემოყრილი დგას და თვალს ადევნებს მის მოძრაობებს. თენგო ჩანთიდან იღებს ტანსაცმელს, ახარისხებს და სულაც არ იმჩნევს ნინოს ცინიკურ გამომეტყველებას)
ნინო. ბ - ნო თენგიზ! ხომ არ ჯობდა, ცოტა ხანს კიდევ გაგეგრძელებინათ ,,გასტროლები?” რაღაც ძალიან მომეწონა თავისუფლად სუნთქვა!
თენგო. აქ ჩემი სახლია, როცა მინდა მოვალ, როცა მინდა წავალ.
ნინო. აა, არ ვიცოდი ანუ მეც შემიძლია ხომ აქეთ - იქით სიარული და მერე ,,მშობლიურ” სახლში დაბრუნება?!
თენგო. ამეებს მანქანაში ვდებ. (გასარეცხ ტანსაცმელს აჩვენებს)
ნინო. მანქანას თითი არ დააკარო, ფარდები უნდა გავრეცხო!
თენგო. რა ფარდები ტო, ახლახანს არ გარეცხე? ტანსაცმელი აღარ მაქვს სუფთა!
(თენგოს გასარეცხი სარეცხი გააქვს, ნინო ნერვიულად წმენდს იმ ადგილებს, სადაც თენგოს გასარეცხი სამოსი ეყარა. სცენა ბნელდება. სააბაზანოდან ისმის თენგოს ხმა)
- აქ რომ დავტოვე, ის საპარსი რა უყავით? . . 



      IX სურათი

(შემოდის თავწაკრული ნინო, ერთი ხელი თავზე უჭირავს, მეორეთი კი გამშრალი სარეცხის გროვა, რომელსაც საუთოვებელ მაგიდაზე დადებს. უთოს შტეფსელში რთავს. ისმის სკაიპის ზარის ხმა. ნინო სწრაფად იხსნის მოსახვევს შუბლიდან, თმას ისწორებს და პასუხობს)

რატის ხმა. როგორ ხარ ნინო?
ნინო. კარგად რატი.
რატის ხმა. მიხარია კარგად რომ ხარ.
ნინო. სულ კარგად არავინ არ არის. შენ როგორ ხარ?
რატის ხმა. მადლობა. ახლა გაიღვიძე?
ნინო. ერთი საათი იქნება.
რატის ხმა. მენატრები.
ნინო. ვირტუალურად?
რატის ხმა. ჩემებურად, შენ როგორც გინდა ისე მიიღე. თუ გინდა, ნუ მიიღებ.
ნინო. როგორია შენებური მონატრება?
რატის ხმა. უთბილესი, ისეთი გულს რომ ააჩქარებს.
ნინო. მაშინ, ვირტუალურად დარჩეს.
რატის ხმა. ასე გირჩევნია ნინო?
ნინო. სხვა გზას ვერ ვხედავ.
რატის ხმა. რა იცი, რა გველის.
ნინო. რატი. . .
რატის ხმა. ჩემი ნინო.
ნინო. ის დღე გახსოვს, თქვენს სკოლაში რომ გადმოვედი?
რატის ხმა. დედაშენთან ერთად შემოხვედი ეზოში. . . მახსოვს, რაღაც ბიძგი ვიგრძენი გულში. იმ წუთას მივხვდი, რომ შენ სხვებისგან განსხვავებული იყავი. მერაბი მყავდა მაშინ გვერდით. თვალს რომ ვეღარ გაცილებდი:
,,ეგ გოგო არსად არ წავა, ეტყობა ჩვენთან გადმოვიდაო. . .’’ – მითხრა.
  მერე თანდათან ახლოს გნახე, გაგიცანი. შენში მაშინვე ვიპოვნე ის ადამიანი, რომელიც უკვე მიყვარდა. გარეგნულად ხომ იყავი ძალიან ლამაზი და არაჩვეულებრივი, ნელ - ნელა ვცდილობდი გამეგო გული როგორი გქონდა. კი, გიყვარდა ჩემი გაბრაზება, მაგრამ მაშინვე უკვე შემეძლო შენგან ბევრი რამის ატანა. (გაიცინებს) ახლა იმათზე არ დავიწყებ ლაპარაკს, - ჩემგან ნაცემ შენს თაყვანისმცემლებზე. ეგ ყველაფერი, შენც კარგად გემახსოვრება.
ნაზ - ნუზად გამოხვიდოდი ხოლმე დასვენებაზე, ჩასაფრებული ვიყავი, რომ დამენახე. სულ შენი ცქერა, შენი ლამაზი სახის დანახვა მინდოდა. ხმას რომ ვიგებდი შენსას ვგიჟდებოდი. უსასრულოდ მინდოდა მესმინა. . . 

(კარზე ზარი. ნინო სკაიპს გამორთავს, თუმცა ჰგონია, რომ გამორთო, ეკრანი ბნელდება, რატის ყველაფერი ესმის. სასწრაფოდ წაიკრავს თავს და შენელებული ნაბიჯით მიდის გასაღებად)


X სურათი

(კარს აღებს, შემოდის თენგო)

თენგო. სად ხარ ამდენ ხანს?
ნინო. ხომ შეგიძლია გასაღები ატარო?
თენგო. მანქანაში მაქვს! ჯიბეს მიმძიმებს, ისედაც სულ სახლში არ ხარ?! თეთრი პერანგი გამირეცხე? ახლა მჭირდება, ერთ მნიშვნელოვან კლიენტს, მეცხრამეტე საუკუნის ხმალი უნდა ვუჩვენო.
ნინო. სხვა პერანგი არ გაქვს?
თენგო. ზუსტად ეგ მინდა! (შეათვალიერებს) – შენ რა, ისევ თავი გტკივა?
ნინო. კი, მტკივა! არ შეიძლება?
თენგო. შენ ხო, სულ რაღაცეები გტკივა, მიზეზები არ გელევა!
ნინო. ვიფიქრე შეწუხდებოდი.
თენგო. მოიცა რა? ჯერ რომელ საათზე წვები, ინტერნეტიდან თავი ვერ აგიღია. მერე შუადღემდე გძინავს, რამდენი ხანია წესიერად არ მისაუზმია.
ნინო. დილაუთენია როცა ვდგებოდი, ხომ რას ამბობ, დიდად ვფასობდი!
თენგო. მთელი დღე რას მიკეთებ?
ნინო. ძალიან ბევრ რამეს, მაგრამ ამას შენ ვერ დაინახავ. სხვათაშორის ძალიან დავიღალე დიასახლისობით, ჩემი ცხოვრება მინდა, პირადი. . .
თენგო. პერანგი! თეთრი პერანგი!
ნინო. (დასაუთოვებელი სარეცხიდან ნერვიულად გამოაძრობს თეთრ პერანგს და სწრაფად აუთოვებს) ნინო გარეცხე! ნინო გააუთოვე, ნინო დაალაგე! ნინო გაშალე! ნინო მოკვდი! . .
თენგო. ხო, კარგი, საკმარისია! მომეცი!
(ნინო გაუთოვებულ პერანგს სკამის საზურგეზე კიდებს, თენგოს ჰაერში რჩება გაწვდილი ხელი)
თენგო. რა უნდა გელაპარაკო? ამ ბოლო დროს ხომ საერთოდ აურიე, ტო. . .
ნინო. კი არ ავურიე, დავალაგე თენგო, დავალაგე. . .
თენგო. (ნინოს შეათვალიერებს) ნეტა სად გიპოვნე!
ნინო. შეგიძლია იქ დამტოვო, სადაც მიპოვნე!

  (თენგო სწრაფად იცვლის ტანსაცმელს, უნდა რომ მალე      გავიდეს სახლიდან. კარზე ზარი, ნინო აღებს, შემოდის თათა)   

თათა. (მშობლებს შეათვალიერებს) კარგად ხართ?
ორივე ერთად. შესანიშნავად! . . (თენგო თათას შუბლზე კოცნის და კარისკენ მიდის)
თათა. მა, საღამოს დონატებს მომიტან?
თენგო. დედაშენს გადაეცი, ინტერნეტს ნაკლები დრო დაუთმოს და ნამცხვარი გამოგიცხოს!
თათა. მა. . ?!
თენგო. ხო, კარგი, მოგიტან. . .  (მრავალმნიშვნელოვნად გადახედავს ნინოს) მ ო გ ი ტ ა ნ! (გადის).



XI სურათი

(თათა თავისი ოთახისკენ მიდის)

ნინო. თათა. . .
თათა. არ დამიწყო რა ახლა თენგოზე, თქვენი თავი არ მაქვს!
ნინო. თათა, ეგ რა ლაპარაკია?
თათა. ოფფ, კაი რა, არ გინდა! დაღლილი ვარ, უნდა დავიძინო.
ნინო. ჩემი შვილი არ ხარ? ცოტათი მაინც გამიგე.
თათა. შენი რჩეულის შვილი ვარ! (ყურსასმენებს იკეთებს ყურებზე და ოთახიდან გადის)
ნინო. თ ა თ ა! (ყვირის, მერე ტირის. კომპიუტერთან მიდის, ერთი შეხება და ეკრანი ნათდება)
რატის ხმა. ნინო. . .
ნინო. (გაოცებით) არ გამომირთავს? ყველაფერი მოისმინე?
რატის ხმა. მაპატიე გთხოვ. . . მე შენთან მეორედ - უფალმა მომიყვანა.
ნინო. გვიანია რატი.
რატის ხმა. ყველაფერი ჩვენს ხელშია, ნუ შეგეშინდება. მეც, ძალიან ბევრს ვფიქრობ ამაზე. მადლობა ღმერთს, რომ შენ მყავხარ, მე მაქვს ხვალის იმედი.
ნინო. რატი.
რატის ხმა. შენ ისეთი მარგალიტი ხარ, სულს მინათებ. უკვე ვეღარ გავაჩუმებ ჩემში ხმებს.
ნინო. ბეწვის ხიდია, რატი.
რატის ხმა. გავივლით, მე გადაგატარებ! შენ ჩემი ნინო ხარ, მხოლოდ ჩემი. სულ შენს ფოტოებს ვათვალიერებ.
ნინო. (ჩუმად, თუმცა რატი მაინც გაიგებს) შენმა ნინომ სხვა არჩია. . . (ხმამაღლა) მე კი, სულ ვცდილობ გულს თვალი ავარიდო.
რატის ხმა. ეგეც ჩემი ბრალია, მე შენ არაფერში არ გამტყუნებ. ხელი შეაშველე გულს, მეორედ ნუღარ გაიმეტებ.
ნინო. რატი. . .
რატის ხმა. ჰო, ჩემო . . .
ნინო.  . . . რომ დაგიჭირეს, დედაჩემი გაგიჟდა, შენი სახელის ხსენება ამიკრძალა. მამაჩემი ხომ საერთოდ, ზედაც არ მიყურებდა. მაშინ გამოჩნდნენ ზუსტად თენგოს მშობლებიც. . .  შენგან სულ ცუდი ისმოდა, იმ ჩხუბს, ციხეშიც დაამატე რაღაც დანაშაული და ჩემთვის უკვე ყველაფერი სულერთი გახდა!
რატის ხმა. ხომ გითხარი - ყველაფერი ჩემი ბრალია. შენ არ უნდა იყო ასე. ხელისგულზე სატარებელი ხარ - სათუთი, ძვირფასი. . .
ნინო. არ გინდა.
რატის ხმა. ციხიდანვე წავედი სამაჩაბლოში, პატიმრები გაგვაგზავნეს, თუმცა გარეთაც რომ ვყოფილიყავი, მაინც წავიდოდი, პირველი!
ნინო. ქორწილში შენი ქვრივივით ვიჯექი.
რატის ხმა. ნინო, წამოდი ჩემთან, ევროპაში. აქ ყველაფერი გექნება – სითბო, სიყვარული, ურთიერთგაგება. ჩემი ბიზნესი მაქვს. წარმატებული. არაფერს მოგაკლებ. თავიდან დავიწყოთ. . .
(ისმის თათას ხმა). დედა!
(ნინო კომპიუტერს რთავს და სწრაფად დგება).
თათა. ვის ელაპარაკები?
ნინო. (შეცბუნებული) არავის.
თათა. საჭმელი არ უნდა ვჭამოთ?
ნინო. წამოდი, გაგიმზადებ.

(სამზარეულოში გადიან. სცენა ბნელდება)





      XII სურათი
 
(სცენა ნათდება. მუსიკის დასაწყისი. ნინო ოთახის შუაგულში დგას. მერე ნელ – ნელა ჩამოუვლის ყველაფერს, ხელისგულებით ეხება ნივთებს, თითებით ეფერება. სურათების ალბომიდან რამდენიმე ფოტოს ამოიღებს, ჯერ ტუჩებით ეხება, გულზე იდებს; საიდანღაც დამალული სამგზავრო ჩანთა გამოაქვს და ფოტოებს შიგ ათავსებს. . .
კარზე ზარი. ნინო სასწრაფოდ მალავს სამგზავრო ჩანთას და კარს აღებს. შემოდის თენგო)

თენგო. მშია, რა გააკეთე?
ნინო. მაწვნის წვნიანი, კარტოფილიც შევწვი.
თენგო. არ მეყოფა, ძეხვიც შეწვი და სალათა დაჭერი.
(თენგო სავარძელში ჩაჯდება და მობილურს მოიმარჯვებს. ნინო უკმაყოფილო სახით გაემართება სამზარეულოსკენ, მაგრამ ქმრის სიტყვები შეაყოვნებს)
კაცი რომ შემოგხედავს, ყველაფერი ადგილზე გაქვს, კარგად გამოიყურები, ჰმმ. . . მაგრამ. . . წუხელ რომელ საათზე დაწექი?
ნინო. გთხოვ, ისევ ნუ დაიწყებ.
თენგო. ვიცი, რომ არ გიყვარვარ, მაგრამ ნუ დაგავიწყდება, რომ კაცი ვარ!
ნინო. მე კი ქალი.
თენგო. (ყვირის) ჰოდა, მოიქეცი ისე, როგორც ქალს შეეფერება!
ნინო. ნუ ყვირი!
თენგო. ნუ ყვირი კი არა! ერთხელ არ მახსოვს შენი ღიმილიანი სახე დამენახოს!
ნინო. როდის გამაღიმე? ყველანაირი გრძნობა ჩაკალი ჩემში. უხეშობით, უგულისყურობით, აქეთ – იქით სიარულით! საშუალება არ მომეცი, ჩემი ცხოვრებით მეცხოვრა, მემუშავა, საზოგადოებაში ადგილი მქონოდა. სულ მბლოკავდი, საკმარისი იყო რაღაც გამხარებოდა, კარგ ხასიათზე ვყოფილიყავი, რომ მაშინვე მშხამავდი, ეჭვიანობდი.
თენგო. (წამოვარდება) ერთი სადილი გთხოვე და ეგეც ყელში ამომადინე! არ მინდა არაფერი! მივდივარ!
ნინო. წადი! (თენგო კარს გაიჯახუნებს. ნინო ამოიოხრებს) წადი. . . წადი.

(კარზე ზარი და ბრახუნი. ნინო აღებს, ისმის თენგოს ყვირილი)

თენგო. პოლიციიდან დარეკეს - თათა და რამდენიმე მოზარდი, ბიო ნარკოტიკით მოწამლულან კლუბში!!!
ნინო. (ყვირის) ვაიმე, თ ა თ ა! . .   

    (სცენა ბნელდება. ისმის ხმაური, სასწრაფო მანქანების სირენების  ხმა. ჩოჩქოლი. კარებების ჯახუნი. ნინოს ტირილი. თენგოს ყვირილი. უცბად ერთნაირად წყნარდება ყველაფერი).



XIII სურათი

(სცენა ნათდება. ნინო და თენგო გვერდიგვერდ სხედან.)

თენგო. როდის შეეჩვია ნარკოტიკს?
ნინო. მე მხოლოდ სიგარეტი ვიცოდი.
თენგო. მაგარი მშობლები ვართ! ერთ ბავშვს ვერ მივხედეთ.
ნინო. ბოლო დროს ხმას აღარ მაღებინებდა, სულ გაღიზიანებული და დაძაბული დადიოდა. 
თენგო. ჩვენი ბრალია.
ნინო. მკაცრი დედა არასდროს ვყოფილვარ.
თენგო. ცუდი მშობლები ვართ!
ნინო. როდის გამექცა ხელიდან, ვერც კი მივხვდი.
თენგო. ამიერიდან ეცადე ახლოს იყო ბავშვთან და ინტერნეტს თავი დაანებო.
ნინო. ფსიქოლოგი დაგვჭირდება.
თენგო. აღარ უნდა დავუშვათ ასეთი რამ. რეაბილიტაციის ცენტრიდან რომ გამოვიყვანთ, ცოტა ხნით თელავში ჩაგიყვანთ ჩემებთან. მამაჩემს დაველაპარაკები, იქნებ მეორე სემესტრიდან იქ გავაგრძელებინოთ სწავლა. (წამოდგება) ახლა წავედი, პოლიციაში უნდა მივიდე.

(გადის. ნინო ადგილზე რჩება თავდახრილი. კარზე ზარი. ნინოს ჰგონია თენგო მობრუნდა. კარს ისე აღებს არც შეხედავს მომსვლელს. ოთახისკენ შებრუნებულს ზურგსუკან რატის ხმა მოესმება, რომელიც ღია კარშია გაჩერებული)

რატი. (გაუბედავად) ნინო. . .
(ნინო შედგება, მაგრამ არ ტრიალდება)
ნინო, მე ჩამოვედი. . .
ნინო. (აკანკალებული ხმით) რატი. . .
რატი. ჰო, ჩემო სიცოცხლე.
ნინო. რატომ მოხვედი!
რატი. ჩვენ ხომ შევთანხმდით?!
ნინო. (ტკივილიანად) შევთანხმდით! ახალი ცხოვრება უნდა დაგვეწყო, თბილი, სიყვარულით სავსე გულებით. . .
რატი. იმ ჰაერის სუნთქვა მინდა, შენ რომ სუნთქავ, ერთ ცას მინდა ვუყურებდეთ.
ნინო. (ყვირის) რატი, რას მერჩი?
რატი. შემომხედე. . . ნინო. . .
ნინო. რატი, წადი!
რატი. რატომ?
ნინო. მე კიდევ დარდის მომატება მინდოდა?
რატი. დარდს ნუ დამარქმევ. ამდენი წლის შემდეგ, იმიტომ არ გამოვჩენილვარ, დარდი მიწოდო.
ნინო. (უცბად შემობრუნდება, თითქოს ჩხუბს აპირებს, მაგრამ რატის დანახვაზე მისკენ გაიქცევა) რატი. . .
რატი. ჰო, ჩემო ერთადერთო. (ნინოს თავს მხარზე მიიკრავს)
ნინო. (ტირის, რატის ხელს ჰკრავს) წადი რატი, წადი. . . ჩვენმა მატარებელმა რა ხანია ჩაიარა.
რატი. ნინო, რას ამბობ, მე ხომ შენს წასაყვანად ჩამოვედი.
ნინო. ვერ წამოვალ რატი, ვეღარ წამოვალ. თათას ვჭირდები, ვერ მივატოვებ! დედა ვარ გესმის? მე ხომ დ ე დ ა ვარ!
რატი. თათაც წავიყვანოთ.
ნინო. (მწარედ ჩაიცინებს) თათა ნარკოლოგიურში წევს რატი, შვილი კინაღამ ხელებში ჩამაკვდა, გესმის?
რატი. (გამშრალი ხმით) რ ო გ ო რ  ვ ე რ  გ ი პ ა ტ რ ო ნ ე! . . დამაგვიანდა! . .
ნინო. არ გინდა, გთხოვ. . .
რატი. ძვირფასი ხარ ჩემთვის!
ნინო. რატი. . . ცხოვრება სულ სხვა რამ ყოფილა, ვერასოდეს მიხვდები, სად რა უფსკრულს გიმზადებს!
რატი. ნ ი ნ ო. . . 
ნინო. წადი, გთხოვ, დამივიწყე!
რატი. ნინო, მე შენს გარდა არავინ მყვარებია, არც შემიყვარდება.
ნინო. მე ვეღარასოდეს შევძლებ, ახალი ცხოვრების დაწყებას, რატი. . .
რატი. (ორივე ხელს ნინოს თავს, სახეს ისე მოატარებს, არ შეეხება) ჩემში ხარ ნინო, სამუდამოდ აქ დარჩები. (გულთან მიიტანს ორივე ხელს)

(ნინო იქვე ჩაიმუხლება, რატისკენ ზურგშექცევით. მუსიკის დასაწყისი. რატი დიდხანს უყურებს ნინოს, მერე შეტრიალდება და გადის.  ნინო ფანჯარასთან მიდის, გახედვას აპირებს, მაგრამ გადაიფიქრებს და ფარდებს მჭიდროდ ხურავს. სცენა ბნელდება).



XIV სურათი

(სცენა ნათდება. ნინო, თათას ოთახს ალაგებს, მის ნივთებს ეხება, სხვანაირი სევდით, სითბოთი. ტანსაცმლის ქვემოთ გადამალულ რვეულს პოულობს, ინტერესით გადაშლის. ტელეფონის ზარი)

ნინო. ბატონო!
თენგო. ნინო მე ვარ.
ნინო. თათა როგორაა, თენგო? 
თენგო. შენთან უნდა ლაპარაკი.
ნინო. (აღელდება) ალო?
თათა. დე. . .
ნინო. ჰო, დე. . .
თათა. მაპატიე დე. . .
ნინო. (ტირის) თათა, ჩემო თათა. . .
თათა. დე, ნუ ტირი, მიყვარხარ! . .
ნინო. მეც მიყვარხარ დედო! შენ ხომ ჩემი ერთადერთი სიცოცხლე, ჩემი პატარა პრინცესა ხარ! გახსოვს ბავშვობაში რომ გკითხავდი: დედიკოსი ვინ ხარ - მეთქი, რას მპასუხობდი?
თათა. დედას ძვირფასი გული!
ნინო. გულს ენდე თათა! სიმართლის და სიყვარულის გზას გაყევი.
თათა. დე. . .
ნინო. თათა, შენ მე არ მგავხარ, ძლიერი ხარ. ჩემს შეცდომებს ნუ გაიმეორებ.
თათა. დე, რომ გამოვალ, რაღაც უნდა გაჩვენო.
ნინო. ლექსები?
თათა. უკვე ნახე? მოგეწონა?
ნინო. (ხელში აატრიალებს რვეულს) უშენოდ არ წავიკითხავ.
თათა. გთხოვ, რომელიმე, ახლავე, შენი ხმით მინდა მოვისმინო.
ნინო. ერთად წავიკითხოთ, სახლში რომ დაბრუნდები.
თათა. დედა გთხოვ, ხომ ვიცი გიყვარს ლექსების კითხვა.

ნინო. კარგი. . . (იქვე ჩაიმუხლება. მუსიკის დასაწყისი. დაღლილი და სევდიანი ხმით) –

            უკვე უსასრულოდ გვიანია,
            ღამემ ვერ დააშთო იარები
            იცი, როგორ მტკივა უშენობა? –
            მაინც სულ სხვებისკენ ვიარები.
            ცისკარზე ღიმილით იღვიძებენ
            ჩემი გულისცემის ფრთხიალები. . .
            არადა, როგორი გვიანია
            ჩვენი სიყვარულის მზიანები. 

თათა. დე., ეგ ლექსი შენია. . . შენზე . . .

(ნინო ტირის. მუსიკა. სცენა მთლიანად ბნელდება).


   
                                                                                        ფ ა რ დ ა       

                                                                         
                                     

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ბარბი ვულოცავთ დაბადების დღეს