ნაწარმოებები


ლ ი ლ ე - 2018     * * *     მალე

ავტორი: ნათთია
ჟანრი: პროზა
11 მაისი, 2018


***

- არ უნდა შეიყვარო ეგენი თავდავიწყებით. მეხი უნდა დააყარო , მეხი! - კისკისებს და თან წითელ პომადას ისვამს ტუჩებზე.  თმა კარგა ხანია შეევერცხლა, გაუთხელდა, მაინც ნაწნავებს ატარებს, ორს , ძაფივით წვრილებს. ერთს მხარს უკან გადაიგდებს, მეორეს გამქრალ მკერდზე დაიტოვებს. სავსე მკერდი მქონდაო მაშინ , ღილი რომ ამეხსნებოდა , მკლავზე წითელ ჯვარს ვინღა უყურებდა, სულ აქ მაჩერდებოდნენ, ბოლოს ამოვიკემსეო . სკოლა რომ არ დაამთავრა  აბა ვინ მიაქცია მაშინ ყურადღება, სამივე ძმა და გულის სწორი რომ ფრონტზე წაიყვანეს, რამდენიმე დღეში , უმთვარო ღამე რომ იყო , გაიკეტა კარი და თვითონაც დიდ ომში წავიდა, ავტომატს მე ვინ მომცემს და დაჭრილებს მაინც ვუშველიო . მერე ავტომატიც დაიჭირა და რამდენჯერმე ყუმბარის ნამსხვრევიც მოხვდა ფეხში , მსუბუქად. მარტო იმას ფიქრობდა , გულის ჯიბეში  სურათები არ დამიზიანდესო, ამოიღებდა და სათითაოდ კოცნიდა ხოლმე , ხან ძმებს, ხან იმ ერთს და შეუცვლელს. ძმები ვერ დაბრუნდნენ , საფლავებიც ვერ ეღირსათ, სატრფოს ცალი ფეხი დაეკარგა და ეს კიდევ იმას ამბობდა, მარტო ყური რომ დარჩენილიყო , ჩემსას მოვიჭრიდი და მივიკერებდიო. იმასაც თავდავიწყებით უყვარდა, მაგრამ ნატაშებს და სვეტლანებს რა გამოლევდა, ესეც ზოგჯერ ეჭვიანობით აპარპალებული ჯერ ქოქოლას  მიაყრიდა , მერე ცხარე ცრემლით იტირებდა, ბოლოს გაიღიმებდა და სიყვარულით აუციმციმებდა თვალებს. მედლებით დახუნძლულები ჩამოვიდნენ. ყოველ წელს გააპრიალებდნენ და აღლუმებზე თავს იწონებდნენ. მერე წლებიც გავიდა და ყველაფერიც შეიცვალა. დაწვრილშვილდნენ , ჯერ თვითონ , მერე მათი შვილები. მერე ის ერთადერთიც გამოეცალა ხელიდან. მაინც აპრიალებს ყოველ წელს მედლებს , მაინც მიდის ყოველ  წელს  თავისნაირ ომ გამოვლილებთან , მხოლოდ მათ იციან , ერთმანეთისთვის რას ნიშნავდა ომის დასრულება, გზა ფრონტადამდე და შინისაკენ , რომელზეც თითქმის არასდროს ჰყვებიან ბოლომდე, თვალებს რომ ხუჭავენ ქუთუთოების უკან მალავენ მოგონებებს, რომ არ დაუცვივდეთ შემთხვევით და ვინმე არ დააფრთხონ.
- არ შეიყვარო-მეთქი , გოგო, ეგენი თავდავიწყებით, გესმის? - პომადას თავსაფარს აფარებს და ეშმაკური თვალებით მიყურებს. ვგრძნობ, ორივეს მუცელში პეპლები ფრინავენ, თავდავიწყებით.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები