ნაწარმოებები



ავტორი: ნექტარი
ჟანრი: პროზა
29 მაისი, 2018


დ ე დ ა ს თ ა ნ გაყოფილი ს ე ვ დ ა

გაზაფხული. თბილისური აპრილი.
დილა კვირადღისა.
სწრაფად ვდგები და ვიცვამ ტანსაცმელს.  ისე რომ მგზავრობაში თავს კარგად ვგრძნობდე, ამინდის გათვალისწინებით.
წუხელ ვერ დავიძინე.
ფიქრებმა ისე შეუბრალებლად შემომიტიეს, ღამის სიბნელეს თვალები რომ ჰქონოდა ალბათ ცრემლი გათენებამდე არ შეაშრებოდა ჩემს შემხედვარეს.
რა გაეწყობა.
განწყობა ხასიათს იკეთებს, თვალებს აფართოვებს, წინ მიძღვება და ჩემს ნაბიჯებს უსწრებს ნელნელა.
მივდივარ სამარშრუტო ტაქსთან, ადგილს ვიკავებ და ფიქრებში ვიძირები.
თან გულს სიხარული ეფინება, რომ.........
აქ დანთებულ ჩირაღდნებს ვანელებ და თითქმის ვაქრობ გზადაგზა.

მ ო ლ ო დ ი ნ ი.
ვუტრიალებ ამ სიტყვას და მინუსებს ვეძებ მასში.
აი, თუნდაც, როცა, წინასწარ შეტყობინებას ღებულობ. იწყებ ლოდინს.
წუხხარ, ემზადები, ყოველწამს გზისკენ გაქვს თვალი, გულს ვეღარაფერს ვერ უდებ.
მოკლედ მოუსვენრობა მთლად გიპყრობს უპირობოდ.
ბოლოს დაღლილობაც გეუფლება და როგორც იქნება დგება მოსალოდნელი მომენტი სიხარულისაც.

მ ო უ ლ ო დ ნ ე ლ ო ბ ა.
ახლა მასში ვიწყებ პლიუსების დდძიებასა და დაკომპლექტებას.
ჩვეულებრივად უძღვები ყველა საქმეს, დადგენილი წესით ახორციელებ წინადღით დათქმულ გეგმას, აწესრიგებ ყველაფერს შეუფერხებლად, მიზანმიმართულად, მშვიდად, წყნარად, აუღელვებლად, თანმიმდევრულად.
მოიხედავ უცებ და იღება კარები და ძალიან საყვარელი და მონატრებული ადამიანი ხსნის კარებს და მომღიმარი სიყვარულით აჩქარებული გეხვევა და გეხუტება.
რა ბედნიერებაა შენი გამოჩენა ეუბნები და სიხარულს ვერ მალავ. ხმამაღლა შეხარი ახალმოსულს და კიდვ ეხუტები სიამოვნებით.

ახლა გადავდივარ  ფინალში და შედარებით, ვავლენ დღევანდელ გამარჯვებულს.

მ ო ლ  ო დ ი ნ ი  თუ  მ ო უ ლ ო დ ნ ე ლ ო ბ ა?

რაღა თქმა უნდა მოულოდნელი სიხარული სხვაა ჩემთვის, მოულოდნელი სიხარული. სხვა ეფექტი აქვს, სხვა.
დიახ, სწორედ ასე იქნება დღეს.
დავსძინე გონებაში,ავტომობილის სავარძელზე  წამოვიწიე და მოხერხებულად დავჯექი.
კი, ასეა, ასე. სულ რაღაცას ვიყოფთ ჩვენ ჩუმად ... გავაგრძელე ფიქრი...
მზე კავკასიონზე ფრთხილად და თბილად შემდგარი  მხიარულად შემომეგება, სხივები თბილად მომხვია, თვალებში ღრმად ჩამხედა და მხარზე ხელი რამდენჯერმე შემახო. შემაქო კიდეც, ნაბიჯი მომიწონა, მე მის მზერას ვეღარ გავუძელი და თვალები დავხუჭე.
გზა მოკლდებოდა და ზემოთზემოთ მიიწევდა თანდათან, მალე მთის მწვრვალს მოვევლე თავზე, ცივგომბორის მთამ ღირსეული შეხვედრა მომიწყო. საოცარი სანახაობა დამახვედრა, უქათქათესი სქელი ნისლი უცნაური სისრულით ჩაწოლილყო ორსამ ხევში და უცნაურადვე შემომყურებდა.
ასეთი ნისლი ჯერ არსად მენახა.
საოცარია, ღმამაღლა აღმომხდა ეს სიტყვა. ყველა მგზავრი მობრუნდა და შემომხედა გაოცებულმა.
მე არა აი იქ, იქ შეხედეთ მივუთითე მათ.
ყველამ იქით მიიხედა.  მძღოლიც გაჩერებულიყო. ყველამ აღიარა ეს საოცარი სანახაობა. მსგავსი არავის ჰქონდა ნანახიაქ მყოფ მგზავრთაგან. ამან კიდევ გამაკვირვა.
ესეც მოულოდნელი სიხარული დღემდე უნახავი საოცრებისა და უდიდესი განცდილი სიამოვნება.
თანდათან ქვევით დავეშვით 15 წუთში ბარში ჩამოვედით. ცოტაც და  მივალ მიხარია და ვწრიალებ მშიერი ბარტყივით.
ჩამოვედი ტრანსპორტიდან, გავიარე ცოტა მანძილი და ფრთხილად გავხსენი ალაყაფის კარები. ფეხაკრეფით მივედი ოთახთან და ფრთხილადვე შევხსენი ოთახის კარები.
მოვათვალიერე,
ამოვისუნთქე, ყური დავუგდე.
დ ე დ ა, ჩემო ტკბილო დ ე დ ა ა ა,  ფრთხილადვე ჩავიუბნე შეუსვლელად.
საწოლზე ჩასძინებოდა დაუფარებლად დედაჩემს, მარტოს. წამოიწია სწრაფად, წამოდგა, თვალები მოიფშვნიტა. ისე გაუხარდა ჩემი დანახვა ატირდა. გენაცვალოს დედა, არ გელოდი შვილო მითხრა და მაგრად ჩამეხუტა.  აღარ მიშვებდა,
მორიგეობით ვკოცნიდით ერთმანეთს და ვეხუტებოდით. მიუხედავად იმისა,  რომ ხშირად ვნახულობ დედას.
საჩუქრებს მიკრძალავს სულ მუდამ, მაგრამ ვატყობ რომ მაინც სიამოვნებს.
რად იკლებ შვილო ამდენს, სულ მუდამ ამას გეუბნები, შენ კიდევ არ მიჯერებ, არ არი საჭირო, მთავარია შენ მოხვიდე, მიმეორებს მერამდენედ.
მე კი, ვკოცნი განმეორებით უპასუხოდ და ვუღიმი.
ვერავინ წარმოიდგენს, როგორ იცვლება ჩემი მოხუცებული დედა ამ წამიდან. ხალისიანი და სიცოცხლით სავსე ხდება და ეს ორივეს გვაბედნიერებს.
კვირაზე მეტ ხანს ვჩერდები. დედა ბედნიერია ძალიან.
მერე კი, როცა წამოსვლა  ვთქვი შეიცვალა, დაპატარავდა, მოიღუშა, მოიწყინა, ნეტავ შემეძლოს ვფიქრობდი, რომ სულ შენთან ვიყო დედა და შენ გახარებულს გხედავდე, მაგრამ ეს რომ არ ხერხდება რა ვქნა.
წამოვედი.
შევატყობინე, რომ კარგად ვიმგზავრე. მოწყენილი და სევდიანი ხმით მიპასუხა, მიხვედი შვილო შენს სახლში. მივედი დედა, კარგად ვიმგზავრე ვუთხარი, ცოტა ვისაუბრეთ და დამემშვიდობა.
მეორე დღეს დავრეკე და ვესაუბრე.
დამშვიდობებისას მეუბნება დედა, აბა შვილო შენ იცი, მე კი  გ ე ლ ო დ ე ბ ი ო.
მე გამეცინა  და ვუთხარი:
დედა შენთანით გუშინ არ წამოვედიო?.
ეჰ შვილო, დედას სუ თავის გვერდში და თვალწინ  უნდა  თავის შვილები  რო  ჰყვანდენო, ისევ სევდიანად მპასუხობს.
ნეტაი ე ჩემ გულში ჩამოგახედა და მერე  გაგეცინაო.
მე თბილისში ვარ და ისევ ისეთი სევდა დამტრიალებს წამოსვლიდან, როგორც დედასთან გამგზავრების წინ მქონდა.
შორიშორს ვართ მე და დედა ფიზიკურად, მაგრამ სევდა სულ ერთად გვამყოფებს მაინც. დღეში ხან ორჯერ ვესაუბრები დედას , მაგრამ მას ფიზიკური სიახლოვე ანიჭებს უებრო სიამოვნებას, ხალისს და სიხარულს.
დიდხანს უნდა იცოცხლოს დედამ, რომ შვილებს აიმედებდეს და შვილებითაც ხარობდეს.
მე და  დედა, ერთად  ვართ  თუ არა ვართ ერთად, მაინც ვიყოფთ სევდას  ორივე თანაბრად  ხმით და თვალებით.
ბედნიერებაა დედის იმედი, მისი ყოლა, მისი სიახლოვე, მისი არსებობა, რომ უყურებ და გსიამოვნებს მისი ყველაფერი.
დედა ხომ ისეთია, რომელსაც  არაფრის წყენინება არ შეუძლია შვილისთვის არასოდეს, სულ შვილის სიამოვნებაზე ფიქრობს და შვილზე ზრუნავს.

დ ე დ ა. რა ტკბილი სიტყვაა დ ე დ ა, მე დედა მყავს კი, უდიდესი საოცრებაა. ხშირად ვეუბნები დედას და ვკოცნი ლოყაზე, შუბლზე.
ასეთ დროს ცრემლებს ვხედავ მის თვალებში მუდამ.
მერე კი ამბობს ნაღვლიანად, ალბათ ეგრეა შვილო, მე კი არაფერი ვიცი, დედა არ მახსონ და ეგ სიტყვაც არასოდეს მითქომ.
მონატრება შვილო. დედის მონატრებაც კი არ ვიცი შვილო რარიგია, გვიგრძელდება უხალისოდ ეს  საუბარი თითქმის  მუდამ.
მე კი, აქ მონატრებაზე არაფერი ვთქვი, არც არის იქნებ საჭირო. ის მხოლოდ დედასი იყოს , არაუშავს. თავად დედამ კი, დიდხანს, ძალიან დიდხანს უნდა იცოცხლოს ჯანმრთელმა და გახარებულმა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები