ნაწარმოებები


ლ ი ლ ე - 2018     * * *     მალე

ავტორი: ჰერელი
ჟანრი: პოეზია
13 მაისი, 2018


უმისამართო


- - -
რა მარტივია სხვაზე წერო...
როგორი ძნელი, -
ჩაიხედო სარკეში
და საკუთარ თავს უთხრა:
მიყვარხარ! ან თუნდაც მძულხარ!

რა მარტივია ქარზე წერო
და შენ ოთახში იყო გამოკეტილი.

მე გადავწყვიტე,
გამოვიდე ჩემი მშვიდი შენობიდან,
ვიარო უმისამართოდ
და გიამბოთ
ბავშვობის ქარიან დღეებზე.

- - -
შემოდგომისას,
მერცხლები რომ გავაცილეთ,
მე და ჩემი ბავშვობა
შემოვრჩით სოფელს.

ასე იწყება წასვლა,
მაგრამ დარჩენილ სიცარიელეს, -
ვიღაცა გივსებს,
ან ქარი მაინც...

აგურის სახლის აივანზე
სარკე გვქონდა და ქარმა გატეხა...
მე დავიბრალე
და ჩავახედე ჩემი ბავშვობა
იმ ნამტვრევებში.

ბევრი ვიყავი,
ძალიან ბევრი!
ალბათ ამიტომ ვერ დავატიე
ჩემი ცხოვრება - მუჭა სოფელში...

სოფლის შემოდგომამ
ბოლო ფოთლებიც მიიწვინა გულზე, -
პაპა-ბებია...
მეც დავიჯერე,
რომ ყველა გზა - სოფლიდან მიდის...

- - -
წასვლას რა უნდა?!
დღეს ხეებიც კი იცვლიან ადგილს...
და ასე მოხვდა ჩემი ბავშვობა
ფართო პროსპექტზე.

გავდივარ გარეთ -
მოზომილია გზა სახაზავით,
ქუჩას ხაზავენ თეთრი ნახარშით
და შუქნიშანი თევზის ფხასავით,
გაჩხერილია ვიწრო ხახაში...

და ვდგავარ დღეების საცობში,
თან ყოველდღიურად ვუახლოვდები:
იმედგაცრუებას, ტკივილს, მოლოდინს...
და გვერდს ვუვლი:
ათას უბედურ შემთხვევას და ტრაგედიას...

მიუხედავად ამისა,
ჩემი თავი მაინც გამყავს გარეთ, -
ფართო ქუჩაზე სახეტიალოდ...
იმ მოლოდინით,
რომ მივალ მისამართამდე,
სადაც შევხვდები
ქალაქში გზააბნეულ ჩემივე თავს, -
საპირისპირო მხრიდან მომავალს...


2018 წ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ბარბი ვულოცავთ დაბადების დღეს