ნაწარმოებები



ავტორი: პაპუნა ფირცხალაიშვილი
ჟანრი: პოეზია
14 მაისი, 2018


სოფო სამხარაძეს

წვიმდეს და წვიმა ჩვენს სიყვარულს ისევ რეცხავდეს,
და ქვიშასავით ვირეოდეთ ქვიშაში, რჩება
ზღვის ზედაპირზე მედუზები, გამომიცხადე
რომ არ გიყვარვარ, რომ გიყვარვარ, რომ გინდა რჩევა

როგორ მოიქცე, რომ არ დარჩეს შენში ნამცეცი
ეჭვი რომელიც არ გასვენებს, რომელიც გბოჭავს,
იქნებ გინდივარ, გეზიზღები, იქნებ არც იცი,
იქნებ არც მიცნობ და უბრალოდ არ გინდა მოჭრა

ხე სიყვარულის, ზღვის ნაპირზე დავრგეთ, რომელიც
არც ტროპიკული ხილია და არც უტროპიკო,
ვზივარ თუ ვწევარ, თუ ვეწევი, თუ რა მომელის
ვფიქრობ და ამ დროს პლიაჟზე და შენს მხრებზე ვფიქრობ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები