ნაწარმოებები


ლ ი ლ ე - 2018     * * *     მალე

ავტორი: ლიჩელი
ჟანრი: პროზა
15 მაისი, 2018


ფარული მოყურადის ბლეფი

ფარული მოყურადის ბლეფი

  ეს საეჭვო, ან, სულაც გამონაგონი ამბავი იმ ეპოქას განეკუთვნება,  როცა გვჯეროდა, რომ ბედნიერ ვარსკვლავზე ვიყავით გაჩენილები, რადგან ამ გადასარევ ქვეყანაში დავიბადეთ. როცა გვარწმუნებდნენ, რომ ჩვენი ცხოვრება დიადი გამარჯვებებით იყო აღსავსე, როცა პიონერული ყელსახვევი თავისი ალისფერი ელვარებით აცისკროვნებდა ჩვენ ბავშვობას.
  ალბათ, მეხუთე-მეექვსე კლასში ვიქნებოდით,  როცა გოგოები ხელახლა  აღმოვაჩინეთ. ამ სიტყვას მხოლოდ პირობითი მნიშვნელობით თუ გამოვიყენებთ რადგან  აღმოსაჩენი არაფერი სჭირდათ. მანამდე ჩვენც და მათაც ერთი ინტერესთა წრე გვაერთიანებდა- სახელმძღვანელოები, მშობლების თავგამოდება, მასწავლებლის წინაშე თავის გამოჩენა და ა.შ. ჩვენ შორის  განსხვავებას  ბევრს ვერაფერს ვამჩნევდით. მაგრამ როცა ჩვენ თანამერხელ გოგონებს მკერდზე, იქ, სადაც წითელი ყელსახვევის ბოლოები სცემდა, ორი, ოდნავშესამჩნევი ბორცვი ამოეზარდათ, რაღაც შეიცვალა. ახლა ფორმის კაბებზე უფრო ხშირად ამბობდნენ უარს, თმაზე ბაფთას წარამარა ისწორებდნენ და ჩვენდამი მზერაც ეშმაკურად გამომწვევი გაუხდათ, ჩვენი ურთიერთობა გაუცნობიერებელი დაპირისპირების  ღარში გადაეშვა. ნაწნავების მერხში მოყოლიება, (მაშინ ნაწნავებს ატარებდნენ გოგოები) წიგნების დამალვა, თამამი გამოთქმები ჩვეულებრივი რამ გახდა. თუმცა ამ დაპირისპირების მიუხედავად, მოწინააღმდეგის საჭიროების აღიარებაც გვიწევდა. თუნდაც იმიტომ, რომ მათი თავგამოდებული სწავლის შედეგით ჩვენც ვხეირობდით, დავალებებს და საკონტროლოს გვაწერინებდნენ, თუმცა დაყვედრებაც არ ავიწყდებოდათ. მიუხედავად ამისა, ან სულაც ამის გამო  ეს თანამშრომლობა დაახლოების ნაცვლად, დაპირისპირებას აძლიერებდა, რადგან მათზე დამოკიდებულება არ მოგვწონდა. ეგეც არ იყოს, ჩვენ დასაბეზღებლად მუდამ მზად იყვნენ (როგორც მაშინ გვეჩვენებოდა), ამასთან, ჩვენზე გულმოსული მასწავლებლები ქცევის მაგალითად ყოველთვის მათ გვისახავდნენ.  ამიტომაც მარტო მათ დაწიოკებას, რაც ყურადღების მიპყრობის ცდა უფრო იყო, არ ვჯერდებოდით და ვცდილობდით, რაიმეში გამოგვეჭირა.
  ერთხელაც, ბიჭების ჩვეულებრივ თავშეყრის დროს, კლასში თავისი იდეებით გამორჩეულმა გოჩამ, რომელსაც გადმოფლარტული ყურების გამო „ლოკატორას” ვეძახდით, გენიალური იდეა წამოაყენა:
  -მოდი მაგათი საიდუმლოებები ჩავიგდოთ ხელში და ამით სულ გამოჭერილი გვეყოლება. უარის თქმასაც ვერაფერზე გაგვიბედავენ.
  -მერედა, რა საიდუმლოებები აქვთ მაგათ?- ეს თენგო იყო, იგივე „ფაზი-დოყლო” (დღემდე არ ვიცი, რას ნიშნავს).
  -ე, შენ აზრზე არა ხარ! აბა რატომ ხდება, სულ რომ ჩურჩულებენ?
  ეგ ბიჭო, ჩვენზე ჭორაობენ. იმიტომაც ჩერდებიან ჩვენ დანახვაზე.- ეს მე ვიყავი.
  მერე არ უნდა ვიცოდეთ, რას ჭორაობენ?- თქვა ისევ ლოკატორამ.
  -მაგას ვინ გეტყვით, რას ბოდიალობთ!- ეს გიგა იყო, რომელსაც გრძელი კისრის გამო კისერას ვეძახდით.
  -მეტსაც იზამენ, თუ ჭკუით მოვიქცევით.- დაასკვნა ბრძნულად ლოკატორამ. მას საკმაო ავტორიტეტი ჰქონდა და კამათიც მალე შეწყდა.
გადავწყვიტეთ, ჯერ გოგოების ჩვეული თავშეყრის ადგილი დაგვედგინა და მერე ჩვენი კაცი ჩაგვესაფრებინა. ამ იდეამ ყველა აღგვაფრთოვანა. პირველი ამოცანა იოლი აღმოჩნდა. ჩვეულებრივ, გაკვეთილების შემდეგ, როცა ჩვენ გაქცევაზე ვიყავით, გოგოები კლასში რჩებოდნენ, ვითომდაც დავალებების შესასრულებლად, მაგრამ ეგენი რას გამოგვაპარებდნენ, სწორედ მაშინ ხლართავდნენ გეგმებს ჩვენ წინააღმდეგ. ეს ადგილი ყველაზე ხელსაყრელ ლოკაციად ჩავთვალეთ. თუ გაკვეთილების დროს რომელიმე ჩვენგანი მერხებში ან სხვაგან შეუმჩნევლად ჩაიმალებოდა, მიზანიც ადვილად მისაღწევი ჩანდა. ამოცანის აღსრულება ფაზი-დოყლოს მივანდეთ. ის ყველაზე ტანმორჩილი იყო ჩვენ შორის და ნებისმიერ ადგილას შეძვრენასაც ადვილად მოახერხებდა. ამ დავალებამ აშკარად სიამაყე შესძინა.
  იმ წელს დირექციამ კლასებში კარადები შემოიტანა. შიგ რუკებს, გლობუსებს, საერთოდ, არაყოველდღიურ ინვენტარს ვინახავდით. ამ კარადაში თავისუფლად შეიძლებოდა შეძრომა. რადგანაც მერხებს შორის დამალვა ნაკლებ საიმედო იყო, თენგოს ჩასაფრება იქ გადავწყვიტეთ.
  მეორე დღეს, მეექვსე გაკვეთილის შემდეგ მე და გოჩამ  იმ კარადასთან დავიწყეთ ჩალიჩი. თან ჩანთებს ვესვრით ერთმანეთს, აქაოდა ვთამაშობთო. კისერა გიგა კი მათი ყურადღების მისაქცევად, გოგოებს ჯართის შეგროვებაზე ებაზრება. (იყო ასეთი აქტუალური თემებიც მაშინ).  ამასობაში სურენა სახლიდან მოპარული ხელის პატარა ბურღით (პაპამისი დურგალი გახლდათ) კარის ქვემო ნაწილში ნახვრეტს აკეთებდა. ყველაფერი შესანიშნავად გამოვიდა და თენგოც შეუმჩნევლად შეძვრა სახუნდარში. ჩვენ კი სამალავისკენ გავემართეთ. გოგოებმა ვერაფერი შენიშნეს.
  ვსხედვართ ამაყად კისერა, ლოკატორა და მე ჩვენ სამალავში, სკოლის უკან, გაუქმებულ საქვაბეში და წინასწარ ვტკბებით გამარჯვებით. დრო იწელება. ლოდინი აუტანელი ხდება, ვნერვიულობთ. ფაზი-დოყლო არ ჩანს. ათას ვერსიას ვთხზავთ. ვაითუ, გოგონებმა მიაგნეს, გამოათრიეს და ჩვენი თენგულა გლობას (დირექტორს ასე ვეძახდით მრგვალი, მელოტი თავის გამო) კაბინეტში იწურება. აი, უჰაერობით გაიგუდა,და ახლა გვამი ასვენია იმ კარადაში ცარცებისა და დაფის საწმენდ ბალიშებს შორის.
  -გამორიცხული არ არის, ჩაეძინა კიდეც.- თქვა ბოლოს ლოკატორამ უფრო თავის დასამშვიდებლად. -მაგან ოღონდ თავი მიდოს სადმე და...
  -ხო არ აგვეკითხა?- იკითხა კისერამ.
  -რას ამბობ, ტო, ხო ჩაგვეშალა... საქმე!- (ოპერაცია ვერ გავიხსენე).
  ამ ვარაუდებში ვართ, რომ ჩვენი ფაზი-დოყლოც გამოჩნდა. მოიპარება წელში მოხრილი გაჩქარებით, თან ცალ ფეხს საეჭვოდ მოათრევს, მალიმალ იტყაპუნებს ბარძაყზე ხელს. ჩვენამდეც მოაღწია, მრავლისმეტყველი სახით დაჯდა მიწაზე და ახლა ფეხის ზელას მოჰყვა. დუმს, ჩვენს შეკითხვას ელოდება. ეტყობა, მნიშვნელოვანი რამ აქვს სათქმელი.
  -სადა ხარ, ბიჭო, ამდენ ხანს, რას აკეთებდი?- ვეღარ მოითმინა ლოკატორამმ.
  -თქვენ აქ ზიხართ, ძმაო! მე კი ლამის მთელი ხელფეხი დაბუჟებული მაქვს. როგორია სამი საათი გაუნძრევლად წოლა, ამის დედა ვატირე!

  -მერედა, ამდენ ხანს დარჩნენ კლასში?- განაგრძობს დაკითხვას ლოკატორა.
  - არა, რა დარჩნენ.
  -აბა რატომ არ წამოხვედი?- ვეკითხები, -თუ გაიჭედე, ტო!
  -არა, რა გავიჭედე, ისინი არ გამოდიოდნენ და რა მექნა?
 
-გოგოებზე ამბობ? აკი დიდხანს არ დარჩენილანო?
  -არა, რა გოგოები...- და ჩუმად უმატებს: „სხვები”...
  -მოყევი, რა თუ ყვები!- ფეთქდება კისერა-გიგა.
  მოკლედ, ჩვენი ტანჯული მოყურადის აბდაუბდა მონაყოლიდან შემდეგი ისტორია აღვადგინეთ: წევს ჩვენი ფაზი-დოყლო გულაღმა კარადაში, თავისი რთული მოვალეობის სრული შეგნებით, გაფაციცებულია. თავი მარჯვნივ, სამზერისკენ აქვს მიბრუნებული და მოწინააღმდეგეზე ინფორმაციას აგროვებს. მაგრამ შესაგროვებელი ბევრი არაფერია. თითქოს გოგოებმაც რაღაც იყნოსესო, სულ „ბუნებაში რა გვაქვს”, „ეს როგორ ამოვხსნა” და ამგვარ სისულელეებზე ლაპარაკობენ. ბოლოს დაიშალნენ კიდეც. ახლა ჩვენი თენგო იმაზე ფიქრობს, როგორ გააფორმოს გოგოების მონაყოლი, რა დაუმატოს და რა არა, გაწეული შრომა წყალში რომ არ ჩაეყაროს. ის იყო, უნდა გამოძვრეს კიდეც, რომ კლასის კარი იღება და ვიღაცის  მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ფრთხილი პაკი-პუკი არღვევს კლასში დაბუდებულ სიჩუმეს. ფეხები იქვე ჩერდებიან- კართან. ცქმუტავენ, ნერვიულობენ. ცოტა ხანში ამ ორ ფეხს კიდევ ორი მოჰყვება, მამაკაცურად მძიმე და საქმიანი. შემოსულები კარს ფრთხილად კეტავენ და უკან, ბოლო მერხებისკენ მიემართებიან. მოყურადე ვერ ხედავს, მისი ხედვის არიალი, სამზერით  რომაა შეზღუდული, ვიწროა და კლასის ბოლომდე ვერ ატანს. ახლადმოსულნი, სავარაუდოთ უკანა მერხზე სხდებიან და რატომღაც ჩურჩულით ლაპარაკობენ, თუმცა სხვა მათ გარდა იქ არავინაა. კარადის ძირზე გაშხლართულ ფაზი-დოყლოს ნახევარი არ ესმის.
  -ხელი გააჩერე, ეხლა ნუ დაიწყე შენებურად!- ეს აშკარად ქალის ხმაა. კლასის დამრიგებელი, ციალა გნოლიძე უნდა იყოს. ხმის მოწიკვინე ინტონაციას თავი რომ დავანებოთ, კლასის გასაღები სხვას ვის ექნებოდა.
  -კაი ეხლა, რა დაგემართა!- სკოლის ზავხოზის, მიშას ხმას ჰგავს. ამნაირი თამბაქოსმიერი ხრინწი ხმაში მხოლოდ მას აქვს. მამაკაცი მასწავლებელი ისედაც ცოტაა სკოლაში.
  -კაი რა, მეშინია, ვინმემ არ გაიგოს!- ქალის ხმაში სიკეკლუცე ისმის. თენგოს კი ასე შეშინებული დამრიგებელი ვერაფრით წარმოუდგენია.
  -მაშინ რატომ ბინაზე არ მომყვები?- მამაკაცის ხმაში საყვედური კრთება.
  -ძალიან კარგად იცი, რატომაც...- წიწმატობს ქალის ხმა.
  -ესე იგი, არ მენდობი
?
  -ეგ რა შუაშია. უბრალოდ, მცხვენია, ხო იცი.- თავს იფასებს ქალი. ეს ფრაზაც უცნაურად არხევს მოყურადის სმენას- ნუთუ ამასაც შეუძლია რცხვენოდეს.
  -ვისი, ჩემი? მორჩი რა ეხლა, არ გინდა!- მოთმინება ელევა კაცს
  პაუზა
  -შენ ხო კაცი ვერ შეგასმენს ვერაფერს,- აი ეს კი ჰგავს კლასში ნათქვამ ციალას სიტყვებს. -რა საძაგელი ხარ!- ხმა უფრო დამყოლი და ვნებიანი ხდება.
  -ეგრე რა, სიხარულო!- გამარჯვებას ზეიმობს კაცი.
  -ცოტა ფრთხილად, ნუ ჩამომაგლიჯე!..- აქ კი იბნევა თენგო, რის ჩამოგლეჯაზეა ლაპარაკი. წევს ასე გატრუნული ძუძუს გოჭივით, დაძაბულია, ელოდება, როგორ განვითარდება მოვლენები. თავდაპირველად ამ ამბავმა გაართო კიდეც. მაგრამ ამდენ ხანს ჩასაფრებას ნამდვილად არ ფიქრობდა. ჯერ ხერხემალი ეწვის, მერე ტკივილს დაბუჟება ცვლის, ახლა ხელფეხსაც ვერ გრძნობს. თავს აბრუნებს, ვერც იმათ ხმებს უსმენს. იქნებ უკვე გარდავიცვალე კიდეცო- ერთი ხანობა ესეც გაიფიქრა. ამ ფიქრმა გული აუჩუყა.
  დიალოგი შეწყდა და მოკლე შორისდებულებებში გადავიდა. მერე ესეც შეწყდა. ისევ გადაბრუნდა სამზერისკენ. ხედავს, კარადის წინ ოთხმა ფეხმა ჩაიარა, ამჯერად უფრო მშვიდმა  და მოდუნებულმა. ჯერ პაკუნა გადის, ცკვიტად, კეკლუცად. ცოტა ხანში- მეორეც, უფრო დინჯად, თავდაჯერებულად. ერთად გასვლას ერიდებიან. წავიდნენ ფეხები ლაღები და კმაყოფილები. ფაზიდოყლოს ფეხები კი დამძიმებული და უკმაყოფილოები დარჩნენ. არც ხელები აქვს უკეთეს მდგომარეობაში.  გულში მე და გოჩას გინებას გვითვლის. (ეს, რასაკვირველია, თვითონ არ უთქვამს, მე წარმოვიდგინე).
  დგას ახლა ჩვენი მოყურადე ჩვენ წინაშე და ისე შემოგვყურებს, როგორც ღვთაებასთან ნაზიარები შამანი უბადრუკ ბრბოს. პირველი, რასაც ამბის დასრულებისთანავე ვგრძნობ, შურია. ამ შტერ თენგოს როგორ გაუმართლა-მეთქი. ლოკატორა და კისერაც ისეთი თვალებით მისჩერებიან, დიდი ეჭვი მაქვს, ისინიც იგივეს გრძნობენ.
  იმ ამბის შემდეგ ბარე ნახევარმა საუკუნემ ჩაიარა წუთისოფლის ლიანდაგზე.
  ახლა, როცა სიყმაწვილის მღვრიე დაწდა, როცა ახალგაზრდული მგზნებარება სიბერის დუნე განსჯამ ჩააცხრო, როცა მეამიტურ წარმოდგენებს ყოველდღიურობის მკაცრი რეალობა ჩაენაცვლა, მეცინება. საკუთარი სქესის შეგრძნების პირველ გამოვლინებებს რომ ვიხსენებ, მეჩვენება, რომ იმ დღეს თენგომ მაგრა გაგვასულელა, რაც ჩვენმა ანთებულმა წარმოსახვამ დაუბრკოლებლად შეისრუტა. ჯერ ერთი- ციალა გნოლიძე და მიშა ცენტერაძე დასანახად ვერ იტანდნენ ერთმანეთს, მეორეც- სამი საათის განმავლობაში ეგ იმ დახუთულ კარადაში გამჩერებელი ნამდვილად არ იყო.

      2018, V

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ბარბი ვულოცავთ დაბადების დღეს