ნაწარმოებები


ნეფერტარის “ბედუინი“ 15 აგვისტოდან წიგნის მაღაზიებში გამოვა, მსურველებს შეგიძლიათ შეიძინოთ     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: ზვიადიი
ჟანრი: პოეზია
16 მაისი, 2018


წვიმა ყვარელში

ცა წვიმით რწყავდა ყვარლის ნაპირებს
შეხიზნებოდა ღრუბელს დურუჯი
და ალაზანის თავზეც დაკიდეს
ნაფლეთი ღრუბლის ღამეს უკუნით.
და ირწყვებოდა „კახეთის თვალი“
ახამხამებდა თვალს კუდიგორი
შავი კირივით მოკირწყლულ ღამით
ცა ტურასავით ღმუოდა შორით.
იკლაკნებოდა გველივით ბურსა
დიდდებოდა და ერთვოდა წვიმა
ედგა სამანად ღრუბელი ურცხვად
და გასაქცევი მდინარე იწვა.
დატყვევებული ჩანდა ხმელეთიც
წვიმა ზედაპირს ანოტივებდა
იქ მუკუზანიც შავად შეფერილს
ჰგავდა, სინათლე ჩანდა იმედად.
დელგმა უშენდა კახეთის მხარეს
ჭალებში ხოხბებს აფრთქიალებდა
და მთათაშუა ალაზნის ვაკე
ჩაძირულ თვალებს ძლივსღა ახელდა.
როცა წვიმებმა ცხრა მთა დალახვრეს
ცხრა ზღვა აიკლეს ღამე დგაფუნით
მზე აჭიხვინდა დილით საფარზე
და სხივი სტყორცნა ზღვამდე გაბმული.
კვლავ გამაისდა მზის აშხეფებით
ყვარლის ნაპირებს სხივებს ამცვრევდა
თითქოს მზემ დილით სულ დაწვა ხევი
და ცაზე გაწვა მიწის საცქერლად.
მაღლა ღრუბლებმა თავი ჩაქინდრეს
დაბლა ხევებსაც მიეცათ ლხენა
ცა წვიმით რწყავდა ყვარლის ნაპირებს
და სამანივით ღრუბელი ედგათ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები