ნაწარმოებები



ავტორი: ბავარელი
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
16 მაისი, 2018


  ჩამოტვირთვა

უკვდავების ბინადარი







ერთხელ გალაკტიონისთვის უკითხავთ:
    _ ბატონო გალაკტიონ, რამდენი საათი მუშაობთ დღე–ღამეში?
    პასუხი:
    _ ძილი მაინცდამაინც არ მიყვარს. სიცოცხლე რომ ისვენებს მე მაშინ ლექსზე ვვარჯიშობ, ზოგჯერ ეს ვარჯიში მთელ ღამეს მოიცავს. დიდი, ძალზე დიდი ენერგია იხარჯება ერთ პატარა ლექსზე. ბევრი უნდა ნახო და კიდევ უფრო მეტი უნდა    იკითხო, რომ არ ჩამორჩე ცხოვრებას და იდგე თანამედროვე აზროვნების დონეზე...
..... გალაკტიონი უხვად იძლევა ამის მაგალითს. იგი არასოდეს არ გამოდიოდა შემოქმედებითი ექსტაზიდან. დღისით სულ მოძრაობაში იყო, რაღაცას საქმიანობდა, ფაციფუცობდა... ღამით კი თავისივე ,,დემონებს'' ებრძოდა.
    ა. გაწერელია ასე ახასიათებს მისი ცხოვრების გზას:
    _ იჭირვეულა, იუცხოვა, იხმაურა. სძულდა. უყვარდა. ფათურობდა. მთვრალობდა. ფხიზოლბდა. ყელამდე აივსო მოწყენით. ყელამდე აივსო სიხარულით. ფართოდ გაუღო თავისი სული შთაბეჭდილებებს. იცოდა დუმილი. სცოდავდა. არ სცოდავდა. უცნაური იყო. ჭკუის კოლოფიც იყო. სიმღერად იცლებოდა....
    პოეტი იყო, ნამდვილი, ხალასი პოეტი და იმიტომ ლექსების წერის გარდა არაფერი ეხერხებოდა. ამბობდა კიდეც, რომ იგი ,, აზროვნებს ფიქრობს ლექსებით, ცხოვრობს და განიცდის ლექსებით". ისიც ხომ თქვა, ,,ძაფი ნერვი არ არის ჩემში არა პოეტისო.'' ასეც იყო. მაშინაც კი როცა უბრალო რამის გახსენება უნდოდა, ვთქვათ დურგლის აყვანა წყნეთში აგარაკის მშენებლობაზე ან მასალების შოვნა, ყველაფერს ლექსად წერდა უბის წიგნაკში: არ დამავიწყდესო, ხელოსნები უნდა დავიბაროო, მოველაპარაკოო, ესა და ეს უნდა გავაკეთებინოო და სხვა....
      მ. ასათიანი გვიამბობს: ერთხელ ქუთაისში ჯ. ჯორჯიკიას ბინაზე, სუფრასთან გალაკტიონი და გიორგი ქუჩიშვილი ლექსების კითხვაში  გასჯიბრებიან ერთმნეთს. ბოლოს გალაკტიონს უთქვამს:
  _ხომ ხედავთ რა კარგად კითხულობს ლექსებს, ამიტომ მიყვარს ჩემი გიორგი. გიორგი ხომ პროზასაც წერს, მე კი მოთხრობების წერა არ მეხერხება. ეს ოხერი ყველაფერი ერთად და ბოლქვა–ბოლქვად მადგება ყელზე. რასაც მოვიფიქრებ, უცებ ყველაფერი ლექსად უნდა ვთქვა, თორემ დავიხრჩობი ან გავგიჟდები...
  აქ ისევ რემბო მაგონდება, ,,ბავშვი შექსპირი", სკოლაში მათემატიკური ამოცანების პასუხებსაც რომ ლათინურად წერდა, კერძო წერილებსაც, რადგან მასსაც მხოლოდ ლექსის ფორმით შეეძლო ფიქრი, აზროვნება. სხვაც ბევრია აეთი პოეტი. ისინი თვალწარმტაცნი არიან თავიანთ სტიქიაში ფრენის დროს, ცაში ფრთებგაშლილნი და თავისუფალნი, როგორც თოლიები, მაგრამ როცა ბოდლერის ალბატროსივით ფრთებს დაკეცავენ და გემბანის ბაქანზე დასხდებიან, საცოდავად დაბაჯბაჯებენ მეზღვაურთა შორის.
    ამას იმიტომ ვამბობ, რომ ზოგჯერ ასე მგონია, გალაკტიონიც იმ ალბატროსს ჰგავდა, როცა პოეზიის ფრთებს კეცავდა და ჩვეულებრივ მოკვდავთა შორის დადიოდა თითქოს მიწაზე სიარული არ ეხერხებოდა და სულ მუდამ აფრენას ცდილობდა, მაღლა აწევას, სივრცეში განავარდებას და რაღაც ,,უცხო სიმსუბუქეში'' შესვლას. ეს, ალბათ ხალასი პოეტურობის ნიშანია. აკი მოგახსენეთ გალაკტიონი პოეტი იყო მხოლოდ პოეტი და სხვა არაფერი. მას არ შეეძლო პროზაიკოსიც ყოფილიყო და პუბლიცისტიც. უცდია მაგრამ შედეგი?_თითქმის არაფერი. იგი მარტო პოეზიაში გრძნობდა თავს ისე ლაღად, როგორც კალმახი მთის მდინარეში. გინახავთ, ალბათ, კალმახს მდინარე ჩანჩქერით დაბლა დინებაში რომ ჩაიყოლიებს და ზღვისკენ გაიტაცებს, იგი შეძრწუნებული შეტრიალდება და აღმა იკაფავს გზას. მერე ისევ ის ჩანჩქერი ხვდება და აქ იწყება თავგამეტებული ბრძოლა. კალმახი ცდილობს, როგორმე გადალახოს წინააღმდეგობა, მაგრამ ეს ძნელია, უფრო ხშირად კი შეუძლებელი, კალმახი კი მაინც იბრძვის და თანაც ისე აკრობატულ ნახტომებს აკეთებს, რომ ეს ბრძოლა დიდებული სანახაობაცაა....
        არ გეგონოთ თითქოს ყველა კალმახი ასე იქცევა, არა. ზოგი მდინარის დინებას მიჰყვება და მასთან ერთად შედის ზღვაში, აქ იზრდება, იბერება, ,,მასშტაბური ხდება" ე. ი. ორაგულად იქცევა, თუმცა....
    არა, მე იმის თქმა კი არ მინდა, თითქოს..... არავითარ შემთხვევაში, პირიქით, ორაგულიც კარგია, დიდებული, მაგრამ....
              ეჰ, ჩანჩქერებთან მებრძოლი კალმახი მაინც სულ სხვაა....

......გალაკტიონმაც ბევრი იბრძოლა... იბობოქრა... ცა და ქვეყანა შესძრა... აღმაც იცურა და დაღმაც... ვინ იცის, იქნებ დაიღალა კიდეც და სიკვდილსაც ამიტომ უხმო მანამ, ვიდრე ის მივიდოდა მასთან. უთქვამს კიდეც, უნდა მოვკვდე ვიდრე სიკვდილი მოვა ჩემთანო.
            სულ ასე ეცქარებოდა: გზად მიმავალს, საუბრისას, ლექსების კითხვისას....
              ისიც გაუმხელია, მე მოვკვდები როგორც პოეტს შეჰფერისო და... სიკვდილშიც აჩქარდა...
            ნათქვამია: მომავალი ის კი არ არის, რაც ჩენსკენ მოდის, არამედ ის, რისკენაც ჩვენ მივდივართ!...
              გალაკტიონიც გაეშურა თავისი მომავლისაკენ, თუმცა გაეშურა კი არა გაფრინდა...
          ვიღაც იგონებს:
      _საშინელი ქარიანი დღე იყო. გალაკტიონი ვერის ხიდზე გადიოდა, უქუდო, თმებაბურძგვნილი, აჩქარებული, გაღეღილი პალტოს კალთები ფრთებივით უფრიალებდა და იძახდა:
            _ფრთები! ფრთები! ფრთებია საჭირო!

მარტის იმ საბედისწერო დღეს, ალბათ, მასაც იკაროსივით მოუნდა ,,ქარიშხალთან ერთად გაფრენა''
    და გაფრინდა ,,იგი ფრთეთა ზედა ქართასა"...მაგრამ, ვაი რომ სწორედ იმ ქარის ფრთებმა უმტყუნეს და ეს ამოდენა კაცი ძირს დაენარცხა დედამიწას....
  ნეტავი რა ძალამ უბიძგა მაშინ? რა იყო ეს? წლობით დაგუბებული გრძნობის გადმოხეთქვა თუ წამიერი აფექტი?
  ეჰ, ამაზე არ ღირს ლაპარაკი, მაგრამ ავადმყოფი ვაგნერის უკანასკნელი ოცნება მახსენდება:
_ მინდა გამოვჯანმრთელდე, რომ თავი დავაღწიო ჩემი ცხოვრების ტანჯვას _ ხელოვნებას....
  ალბათ გალაკტიონიც ასე იტანჯებოდა, იმ დღეებში თურმე სულ აფორიაქებული დადიოდა...მერე საავადმყოფოში დააწვინეს, მაგრამ კატასტროფის ნიშნები მაინც არ ჩანდა. ასე ამბობენ, თორემ იქნებ ჩანდა კიდეც,მაგრამ ვერ ამჩნევდნენ, მის გულში რა დემონები წრიალებდნენ. ისევ იმ ვაგნერს უთქვამს ,,ხელოვნებამ შთანთქა ჩემში ადამიანიო." იქნებ გალაკტიონშიც...
თუმცა არც ამაზე ღირს ლაპარაკი. რა თქმა უნდა, ისიც იტანჯებოდა, მაგრამ არ ამჟღავნებდა. თავის ტანჯვას სხვის სიხაარულად აქცევდა.... არც არავინ ელოდა 1959 წლის მარტის იმ კატასტროფას.
      პოეტი ვახტანგ ჯავახაძე წერს:
                                            ოპერიდან გამოვიდა მარტო
                                              (ჯერ შორს იყო მარტი)
                                          იუბილარს ეცვა მუქი პალტო
                                              (ჯერ შორს იყო მარტი)
                                          რუსთაველზე იდგა მარტოდ მარტო
                                              (ჯერ შორს იყო მარტი)
                                            და სახლისკენ წაბარბაცდა მარტო
                                                (ჯერ შორს იყო მარტი)
                                            მხოლოდ ჩრდილი მიჰყვებოდა პატრონს
                                              (ჯერ შორს იყო მარტი)....

  მერე გამოირკვა, რომ ის საბედისწერო მარტი არც ისე შორს ყოფილა და....
                                                                        დადგა მარტიც,
                                                                        ამაღლებულს
                                                                      ჩაძინებულ არწივებთან_
                                                                      მთაწმინდისკენ
                                                                              ნახევარი
                                                                                  საქართველო
                                                                                            აცილებდა....

..... როცა გალაკტიონის ,,პირქუში კუბო" ზღვა ხალხის თავებს ზევით ,,შავი გედივით" მიცურავდა ნიკოლოზ ბარათაშვილის, ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლისა და ვაჟა ფშაველას მთაწმინდისაკენ, გზად მის მიერვე წინასწარ შეთხზული ავტორექვიემი მიაცილებდა:
                                                                              მიდიხარ...ისე მიგაქვს წვალება,
                                                                              თითქოს ზღვის კარად თივას თიბავდე,
                                                                                ვინა თქვა შენი გარდაცვალება?
                                                                                არა, სწორედ დღეს შენ დაიბადე.

                                                                              მიდიხარ... აღარ დაგემდურება
                                                                              არც მიწიერი, არც ზეციერი,
                                                                            ვინა თქვა შენი უბედურება?
                                                                            არა, სწორედ დღეს ხარ ბედნიერი.

                                                                              მიდიხარ.... ტკბილი გქონდეს მგზავრობა,
                                                                                სხვა ბინა მარად იყოს ზღაპარი
                                                                                ვინა თქვა შენი მიუსაფრობა?
                                                                                არა, შენ ჰპოვე თავშესაფარი.

                                                                                  მიდიხარ... შენს ბედს ბევრი ინატრებს
                                                                                  მშვენიერს, ბედი სხვა არსად არი,
                                                                                  შენ სივრცეებმა დაგაბინადრეს_
                                                                                  შენ უკვდავების ხარ ბინადარი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ნელიკო გოგუაძე ვულოცავთ დაბადების დღეს