ნაწარმოებები


ლ ი ლ ე - 2018     * * *     მალე

ავტორი: ბაჩი
ჟანრი: პროზა
17 მაისი, 2018


ორმაგი ტყუილი

      სარკემ დაღლილი გამოხედვა აირეკლა. მერე ეს მზერა ნელა ჩაუყვა ორმოცდაორი წლის ნაკვალევს და სუფთად გაპარსულ ნიკაპზე, პატარა ნაჭრილობევთან გაჩერდა. ამ ციცქნა, უკვე გაფერმკრთლებულმა იარამ თექვსმეტი წლის წინ სამუდამოდ შეცვალა მისი ცხოვრება. შეიძლება დაამთავრა კიდეც, რადგან  თავიდან დაწყების სურვილი არ ჰქონდა.  ამისთვის ეს თექვსმეტი წელი  უნდა ამოეჭრა მეხსიერებიდან და იმ წერტილიდან გაეგრძელებინა, როცა შემთხვევით მოქნეულმა დანის წვერმა  სახის ფორმასთან ერთად ცხოვრებაც დაუმახინჯა. კაცმა სიგარეტს მოუკიდა და  ბოლქვებად ასულ, ცისფერ კვამლს გააყოლა თვალი. იცოდა, რომ ვერ გააქრობდა ამ დროს ვერსად, რადგან მის სხეულს შეესისხლხორცა. იმდენად, რომ ბოლოს, როცა უზარმაზარი ჭიშკარი მის უკან მიიკეტა, არაფერი უგრძვნია. ან რა უნდა ეგრძნო.  სრულიად უცხო სამყარო დახვდა იმ ჭიშკარს აქეთ. არც არავინ ელოდა. აქ არაფერი ჰქონდა, სრულიად არაფერი, რის გამოც შეიძლება ადამიანს თავიდან დაწყება მოუნდეს. მაგრამ ჰქონდა მიზანი. მიზანი კი  ეს იგივე სიცოცხლეა.
          კაცმა ნახევრად მოწეული სიგარეტი საფერფლეზე დააგდო, ქურთუკი მოიცვა და სახლიდან გავიდა. გვიანი შემოდგომის ძალადაკარგული მზე მსუბუქად ელამუნებოდა დედამიწას. ნამდვილი თბილისური საღამო იყო.  იგრძნო, მონატრებოდა ყვითელი ფოთლების შრიალი სიარულისას და განსაკუთრებული სურნელი, რომელიც არ შეცვლილიყო დროსთან ერთად. იქნებ მხოლოდ ეს დარჩა უცვლელი? საათს დახედა და ნაბიჯს აუჩქარა. რომანტიზმის დრო არ იყო ახლა. ჯიბეში  პისტოლეტი მოსინჯა და გული სიხარულით აევსო, როცა კიდევ ერთხელ იგრძო ხელში ერთგული მეგობარი. ესეც ერთადერთი, რაც დრომ არ შეცვალა...
        სასამართლოს შესასვლელთან ხალხმრავლობა იყო. თუმცა მათთვის ყურადღება არ მიუქცევია, ბიჭივით მსუბუქად აირბინა ხუთიოდე საფეხური და კართან მდგარ, მთლად წითურ დაცვის ბიჭს გამოელაპარაკა;
        - მოსამართლე დავით ცირეკიძე აქ არის თუ იცით?
        - აქ იყო, წეღან დავინახე. დაბარებული ხართ?
        - არა, სათხოვარი მაქვს რაღაც. დაველოდები აქვე.
        დაცვის ბიჭმა მხრები აიჩეჩა და მეტად აღარ დაინტერესებულა მისით. კაცი იქვე, საფეხურზე ჩამოჯდა და სიგარეტი ამოიღო. ახლა მოთმინებაღა დარჩენოდა. ამის გააზრებამ სიმშვიდე მოჰგვარა. არც საფიქრალი ჰქონდა რამე, არც საძებარი, არც გადასაწყვეტი. უბრალოდ იცოდა, პირველივე  დღიდან იცოდა, რომ ეს უნდა გაეკეთებინა.მისი დანიშნულებაც ამით ამოიწურებოდა ალბათ ამქვეყნად. გრილმა ნიავმა წამოუბერა და შეაჟრჟოლა. "იმედია ღამის გათენებას არ აპირებს აქ ", - გაიფიქრა და ფეხზე წამოდგა, რომ ცოტა გამთბარიყო მოძრაობაში. თითქმის მთლად ჩამობნელდა. ხალხიც აღარ ჩანდა, მხოლოდ შეგვიანებული თანამშრომლები გამოდიოდნენ შენობიდან კანტიკუნტად. უცებ, სანამ გონება აღიქვამდა, გულმა რეჩხი უყო. ის იყო!  რა დაავიწყებდა ამ სახეს! განვლილ წლებს უკვე შეთხელებული თმები გაეთეთრებინა, ადრე ამაყად წელგამართული,  თითქოს ეს თექვსმეტი წელი ამძიმებსო, მხრებში მოხრილიყო და მძიმედ მიაბიჯებდა. შეცვლილი, მაგრამ მაინც ის იყო, ვისაც უმადლოდა დაკარგულ წლებს და საბოლოოდ მთელ ცხოვრებას. უნდოდა თვალები დაენახა მისი, მაგრამ სიბნელეში ვერ შეძლო. "ამის დროც მოვაო" გაიფიქრა და აჩქარებით წამოეწია მოსამართლეს.
      - გამარჯობა ბატონო დავით!
        მოსამართლე ძალიან დაღლილი იყო. მთელი დღე ქაღალდებში თავჩარგულს ყველაზე ნაკლებად უცნობებთან საუბარი სჭრდებოდა ახლა. არც შეუხედავს, ისე უპასუხა სალამზე და მანქანასთნ მივიდა.
      .
      .  - არ გამიყოლებთ ბატონო დავით? თქვენსკენ მოვდივარ სწორედ.
        მოსამართლემ მხოლოდ ახლა მიაქცია ყურადღება უცნობს,  სიცივისაგან რომ აბუზულიყო. ცოტა შეყოყმანდა, მაგრამ იმდენად დაღლილად გრძნობდა თავს, ბევრი ფიქრის გარეშე ანიშნა დაჯექიო.
        - ჩვენთან მუშაობთ? - ჰკითხა მანქანა რომ დაძრა, - არ მახსოვხართ.
        - ასეც შეიძლება ითქვას, - ჩაიცინა კაცმა, - თექვსმეტი  წელი  არ მომიცვლია ფეხი  ყოველ შემთხვევაში.
        - ამდენი ხანი თუ ჩვენთან ხართ უნდა გიცნობდეთ. შეიძლება თქვენი გვარი გავიგო?
        - სიამოვნებით, თუმცა იმედი არ მაქვს, რომ გეხსომებათ გოჩა დადეშელი, ვისი მოსამართლეც იყავით დიდი ხნის წინ. ჩემნაირები  არ იკავებენ თქვენს მეხსიერებაში ადგილს, მხოლოდ მათ ცხოვრებას ცვლით და მერე ივიწყებთ, როგორც დახეულ წინდას.
        მოსამართლემ ახლა ყურადღებით შეხედა, ოღონდ წამით.
        - ჩვენი პროფესიაა, იმედია ამ მარტივი ჭეშმარიტების ახსნას არ მომთხოვთ ახლა. ან კიდევ იმის მტკიცებას, რომ დამნაშავემ პასუხი უნდა აგოს.
        - აი აქ ბოლომდე გეთნხმებით. დამნაშვემ პასუხი უნდა აგოს. მაგრამ მხოლოდ დამნაშავემ! და ჩვენ ორში  თქვენ ხართ ეს!
        - ვერაფერი გავიგე, ჩემგან რა გინდათ? არც გიცნობთ,  არასოდეს მინახიხართ!
        - ვერც წარმოიდგენ რა კარგად... ახლა გაჩუმდი და ისე იარე. არც ეცადო რამე სისულელის გაკეთება, ნებისმიერ შემთხვევაში მოვასწრებ, კეფა გაგიხვრიტო!
        - ის მაინც მითხარი, ჩემგან რა გინდა.  თუ ფული, სახლში ვერაფერს ნახავ.
        - შენი ფული არ მჭირდება. გოჩა დადეშელი რამეს გეუბნება? არა რა თქმა უნდა, - თვითონვე გასცა პასუხი, -  ჩემნაირები  არ იკავებენ თქვენს მეხსიერებაში ადგილს, მხოლოდ მათ ცხოვრებას ცვლით და მერე ივიწყებთ, როგორც დახეულ წინდას.
          მოსამართლემ  სარკეში შეავლო თვალი, ოღონდ წამით.
          - ჩვენი პროფესიაა, იმედია ამ მარტივი ჭეშმარიტების ახსნას არ მომთხოვ ახლა. ან კიდევ იმის მტკიცებას არ დამაწყებინებ, რომ დამნაშავემ პასუხი უნდა აგოს.
        - აი აქ ბოლომდე გეთნხმები. დამნაშვემ პასუხი უნდა აგოს. მაგრამ მხოლოდ დამნაშავემ! და ჩვენ ორში  შენ ხარ ეს!
          - იქნებ ცოტა უკეთ გამარკვიო?
          - მოდი მერე გავაგრძელოთ საუბარი,  სახლში უფრო მშვიდად ვიქნებით და ყველაფრის  დრო გვექნება...
              სახლამდე ხმა არცერთს აღარ ამოუღია. მხოლოდ მაშინ, როცა მანქანა გააჩერა კითხვის თვალით შეხედა დაუპატიჟებელ სტუმარს.
            - რა ვქნათ ახლა?
          - ახლა შინ შევალთ. იმედია გეყოფა გონიერება და ხმაურს არ ატეხ!
          - ამას აზრიც არ აქვს. როგორც უკვე იცი, მარტო ვცხოვრობ, - გაიღიმა პასუხად, - სრული თვისუფლება გაქვს სამოქმედოდ.
            ერთხანს უხმოდ ათვარიელებდნენ ერთმანეთს, თითქოს სათქმელს ეძებენო. მერე ისევ გოჩამ დაიწყო;
            - თექვსმეტი წელი ამ დღეს ველოდი. ამ დღისთვის ვუფრთხილდებოდი სიცოცხლეს, ვებღუჭებოდი რაღაც მირაჟებს, რომ აქამდე მომეღწია, შენთვის თვალებში ჩამეხედა და  იქნებ იმის პასუხიც მეპოვა, რატომ იქცევიან ასე ადამიანები. დარწმუნებული ვარ, ამქვეყნად შენზე უარესებიც არსებობენ, მაგრამ მე არ შემხვედრიან. შენ შეგეძლო ერთი პატარა ხელმოწერით ჩემი ცხოვრების გაქრობა და ეს გააკეთე. ახლა კი, როგორც თავადვე სამართლიანად შენიშნე, პასუხი უნდა აგოს დამნაშავემ. ძალიან მარტივია და არც ზედმეტი პათეტიკა გვინდა. შენ ძლაუფლება გქონდა, მე კი ეს პატარა სათამაშო მაქვს..
        - რაში მადანაშაულებ,  მკვლელისთვის თვისუფლება მეჩუქებინა?
        - არა, უნდა დასჯილიყო, მაგრამ მკვლელი სწორედ და არა მე, ვინც სულ შემთხვევით აღმოჩნდა იმ ადგილას და მხოლოდ გაშველებას ცდილობდა. ეს მშვენივრად იცოდით ბატონო მოსამართლევ! ყველაზე უარესი ის არის, რომ მკვლელის ვინაობაც იცოდით. მტკიცებას ნუ დამიწყებთ, რომ ვცდები. უკვე დიდი ხანია  დავაზუსტე ყველაფერი. მაგრამ რატომ მოვიხადე სასჯელი მე ვერ მეტყვით? იქნებ ამ დიდებული სახლის ან იმ მანქანის გამო, ნიავივით რომ მოგვაქროლებდა?..
        ის მოულოდნელად გაჩუმდა და სკამზე ჩამოჯდა. მოსამართლესაც ანიშნა დაჯექიო.
        - არ ვიცი ამ ყველაფერს რატომ ვლაპარაკობ და უბრალოდ შუბლს არ გაგიხვრეტ?  მონანიებას არ ველი შენგან მაინც, არც გამოვდგები მოძღვრის როლისთვის,
      -  ალბათ სიამოვნებას იხანგრძლივებ...  სასმელს ჩამოვასხამ, შეიძლება? შორ გზაზე გამგზავრებისთვის ცუდი საგზალი არ არის, - წამოდგა და ბართან მივიდა. შოტლანდიელმა კოლეგამ გამომიგზავნა, ნამდვილი ვისკია. დალევ? საქმეს გაგიადვილებს შენც, - თვალი ჩუკრა და ჭიქა გაუწოდა.
      გოჩამ უხმოდ გაიქნია თვი და ისევ მოსამართლემ განაგრძო:
      - შენ თექვსმეტი წელი ამ დღეს ელოდი, გეგმავდი, როგორ  აღმოჩნდებოდი ჩემთან მარტო, ასე იოლად, როგორც დღეს ან ცოტა უფრო რთულად, რას მეტყოდი ან რას იგრძნობდი, როცა ჩემს თვალებში სიკვდილის შიშს დაინახავდი. ოცნებობდი ამ დღის დადგომაზე ყოველ წუთს,  მაგრამ ერთი რამ ვერ გათვალე, - მან ცალყბად ჩაიცინა და ვისკი მოწრუპა, - მხოლოდ სამსახურს გამიწევდი ამით, ვერც წარმოიდგენ, როგორ სამსახურს. შეგიძლია ახლავე მესროლო, ან სპექტაკლი გააგრძელო და ამასთან ერთად  სიამოვნებაც, მაგრამ  სულ ერთია, მაინც წააგე. ჩემს თვალებში ძრწოლას ვერ დაინახავ, ვერც ტკივილს, რადგან აღარ მეშინია ამის! - ბოლო სიტყვები წამოიყვირა და იქვე ჩემოჯდა, -  შეუძლებელია უფრო დიდი ტკივილი მომაყენო, ვიდრე ჩემს გულშია უკვე!..
      გოჩა თვალებმოწკურული უსმენდა ამ სიტყვებს.
      - სერიალში გგონია თავი? - უთხრა ბოლოს, - თუ  ფიქრობ, გულს ამიჩუყებ?  კაცივით სიცოცხლე თუ ვერ შეძელი, სიკვდილი მაინც მოახერხე  ღირსეულად. უკვე ვნანობ, რომ მართლა ქუჩაში არ ჩაგაძაღლე, როგორც შენნაირ ლაჩარს შეეფერება.
      მოსამართლე ფეხზე წამოდგა და ანიშნა მოდიო.
      - ეს ლამაზი გოგონა ჩემი შვილია. -  ცისფერთვალება, მოცინარი ქალიშვილის სურათი აიღო და ახლოს მოსულს მიაწოდა. ყველაფერი იყო ჩემთვის, სიცოცხლე, იმედი, დღევანდელობა და მომავალი. მისით ვცხოვრობდი... -  ხელებში ჩამალა სახე წუთით, მერე შეძლო ისევ თავშეკავება, -  ორი თვის წინ კი უბრალოდ ადგა და გამიფრინდა. თან ისე... მოსამართლის ჩამუქებულ თვალებში სიმწრის ცრემლმა იელვა, - ავად არ იყო, არც ავარია მოსვლია, არც ვინმეს მოუკლავს. თავისი ნებით, რაღაც საწამლავით,  თვითონ რომ ბედნიერების  საწყისი ეგონა, ადგა და ერთ წამში გააკეთა ის, რაზეც შენ თექვსმეტი წელი ოცნებობდი!.. - მოსამართლემ ცრემლი მოიწმინდა, - მიდი დაამთავრე შენი საქმე, დავიღალე...
      სიჩუმე ჩამოვრდა. სამართლიანობის აღსასრულებლად მოსული მიხვდა, რომ ამას ვეღარ შეძლებდა. არ უნდა მოესმინა ამ კაცისთვის, მართლა სადმე, უსიტყვოდ უნდა ჩაეკლა, მაგრამ ცდუნებას ვერ სძლია და შეცდომაც დაუშვა. ახლა ვეღარ ესროდა. ის მაგიდასთან ჩამოჯდა და თავისი ვისკი, წეღან რომ უარი თქვა,  ბოლომდე გამოცალა.  ის იყო, უნდა ეთქვა კიდევ დამისხიო, რომ ზურგსუკან მბრძანებლურმა ხმამ გაიჟღერა;
        - იარაღი მაგიდაზე დადე და ნელა შემოტრიალდი!
        წუთით გაშეშდა, ვერ აღიქვა რა ხდებოდა. მხოლოდ  შემდეგ, როცა გააცნობიერა, რომ არჩევანი არ ჰქონდა, პისტოლეტს ხელი გაუშვა და მძიმედ წამოდგა.
    დანარჩენი არც გაუგია. ვერ იგრძნო, როგორ დაადეს ბორკილები.  დამცინავ, ზიზღით სავსე თვალებს ხედავდა მხოლოდ მოსამართლისას. აზრის მოკრებას ცდილობდა. ვერ გაეგო, რა მოხდა. ის ხომ სულ  თვალწინ ჰყავდა, ნაბიჯიც არ გადაუდგამს ოთახიდან, არაფერი გაუკეთებია, საიდან გაჩნდა პოლიცია აქ?  აზრის მოკრებას ცდილობდა, მაგრამ ვერ გაეგო, რა მოხდა.
      - ეს როგორ მოახერხე? - მხოლოდ ეს ჰკითხა
      - აქ, სურათებთან ეს ტელეფონი იდო, მარიამის. მხოლოდ პოლიციის ნომერი ავკრიფე, დანარჩენი თვითონ მოახერხეს...
        უცებ გოჩას გაეცინა, მერე უფრო გულიანად გადაიხარხარა.
        - რა გაცინებს? - გაოცებულ მოსამართლეს ეჭვი შეეპარა,  ელდამ ხომ არ გააგიჟაო, - სამხიარულოდ გაქვს საქმე?
      - გეტყვი, თვალი ჩაუკრა დაკავებულმა, - ჯერ ერთი დიდებული მსახიობი ხარ, ლამის ამატირე შვილზე მოყოლილი სევდიანი ამბით და მეორე კიდევ,  ვერც წარმოიდგენ როგორ მიხარია, რომ წეღან არ მოგკალი. ბევრი ცოდვა მაქვს, მაგრამ აუტანელი იქნებოდა, შენნაირი არარაობის სისხლით რომ დასვრილიყო ჩემი სინდისი.  - მის თვალებში ზიზღმა იელვა, მერე პოლიციელებს მიუტრიალდა;
    - არ მივდივართ? უკვე ძალიან დამძიმდა აქ ჰაერი, სუნთქვა ჭირს...

         

         

        .

   

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები