ნაწარმოებები



ავტორი: გიორგი ყელბერაშვილი
ჟანრი: პროზა
10 ივლისი, 2018


სიყვარული ნათელ ფერებში ( ნაწილი XXII )

                                                                                                                        ***

  ახლა ქალაქის ყველაზე მაღალი კორპუსის ყველაზე ვიწრო კიდესთან ვდგავარ და ქარის მოტანილ ცივ ჰაერს ფილტვებში ღრმად ვუშვებ. მუშტში ძლიერად შეკრულ ქაღალდის ნაგლეჯებს ნელ-ნელა ვანთავისუფლებ  ჩემგან და გაქცევის საშუალებას ვაძლევ. ისინი მიფრინავენ იქ სადაც ვერავინ ვერასდროს იპოვის... უსასრულობის უსასრულობაში. მათზე ის ფრაზები იყო დატანილი რისი წაკითხვაც ნაადრევია იმ ადამიანებისთვის, რომელთაც არაფრის გაგონება არ სურთ. ყოველი ფრაზა მე ვიყავი. ყოველი წინადადება, აბზაცი თუ თავად ნაგლეჯი. ეს ყველაფერი მე ვიყავი, მაგრამ რა?! ფურცელი მკვდარია. ის ვერაფერს გეტყვის, თუმცა მასზედ თანმიმდევრობით მიწყობილი წინადადებები კარია შენსა და სხვა სამყაროს შორის. ეს ემოცია იყო, რომელიც საგულდაგულოდ დავაქუცმაცე და გავაქრე. ჩემზედ ბევრი არაფერი ეწერა და არც არაფერი შეიცვლება ამით. თუმცა, როდესაც მოვა დრო სიჩუმის. უსასრულობისკენ გაფრენის, რომელიც არავის სურდა ჩემს გარდა. მე ამაღლებული მხარეებიდან დავუწყებ ყურებას იმ ცხოვრებას, რამაც ადამიანად მაგრძნობინა თავი. მაშინ ყველაფერი სულ სხვაგვარად იქნება. ვიღაცას გული დაწყდება, ვიღაცას მოვენატრები, ვიღაც იტირებს კიდეც, თუმცა მათ წარმოსახვაში ყოველთვის დარჩება ბიჭი, დახეული ჯინსებითა და მარად თეთრი კედებით... და ეს იქნება წამი გაღიმების, წამი მოგონებების, რომელ მოგონებებშიც არავის მივცემდი უთუოდ იმის უფლებას, რათა მოეწყინა. 


                                                                                                                                  ***
                                                                                                                              _გოგა_ 
                                                                                                            ( სიცოცხლით სავსე ამბავი )

    გოგას ცხოვრება თუნდაც იმით არის გამორჩეული სხვებისგან, რომ თავისივე ბავშვური ოცნებებისთვის აქედანვე იბრძვის. უმამოდ გაიზარდა, თუმცა ვერც ვერავინ შეამჩნევდა მასში ამ დიდ ტრაგედიას. მამისგან მხოლოდ ხმა და მისი ძლიერი ხელები ახსოვს. სხვა დანარჩენი გადმოცემით იცის და იმ ფოტოებით, რომელიც მისი ოთახის კედლებს დღემდე ამშვენებს. ლოცვისას ჰგონია, რომ ღმერთს ესაუბრება, რომელიც მის წარმოსახვაში მაღლა ცის უკიდეგანო მხარეს ცხოვრობს, თუმცა გულის სიღრმეში ყოველი თხოვნით მამამისს მიმართავს. აღქმა იმისა, რომ მამამისი არ არის ღმერთი ჯერ არ შეუძლია, რადგან თუ ის ყველგანაა, როგორც ღმერთი მაშინ რა სხვაობაა მასსა და უზენაეს ძალას შორის?! ბავშვია და მისი ეს შეხედულებები საერთოდ არაა გასაკვირი. მშობელ დედას რთული და გრძელი გზის გავლა მოუწია მასთან ერთად. აღზარდო ბიჭი მამის გარეშე ძალიან რთულია და დიდ პასუხისმგებლობასაც მოითხოვს. გოგას მიმართ ყოველთვის მზრუნველი და ზედმეტად ყურადღებიანიცაა. არ შესცივდეს, არ მოშივდეს, ვინმემ არ აწყენინოს ან რამე არ ატკინოს. ყოველ წამს ერთი და იგივე ფიქრები. სკოლა სახლის მახლობლადაა, თუმცა არასდროს გაუშვია გოგა სკოლაში მარტო. გაკვეთილების შემდგომ კი მუდამ სკოლის კარებთან უცდიდა. გარეთ გამოსულს რიგიანად აათვალ-ჩაათვალიერებდა ხოლმე და ისე წაიყვანდა სახლში. მასწავლებლები ყოველთვის დიდ სიყვარულსა და პატივისცემას გამოხატავდნენ მის მიმართ. გოგაც აფასებდა შეძლებისდაგვარად მშობლის ამაგს, რაც გაკვეთილების მუდამ მოწესრიგებულად წარმოჩენაში გამოიხატებოდა. ვერც ვიტყვი, რომ ზარმაცი არ იყო, თუმცა დედის სიტყვა ყოველთვის იმარჯვებდა და ისიც მუდამ მომზადებული მიაბიჯებდა სკოლისაკენ. მამაზე შინ არასდროს საუბრობდა, მაგრამ საკლასო ოთახში ხშირად შენიშნავდით თუ როგორ იყო გართული ხატვით. ნებისმიერი რვეულის უკანა ფურცელზე ისეთ მამას ხატავდა, როგორიც წარმოედგინა. მამა სახლში, მამა დედასთან ერთად, მამა კლასის კრებაზე, მამა ფეხბურთის მატჩზე, მე, დედა და მამა. ეს მდგომარეობა არც დედამისს გამოპარვია, თუმცა არც არასდროს შეუმჩნევია, რომ იცოდა ამ ნახატების შესახებ. მასწავლებლებიც ყველანაირად ერიდებოდნენ მის დატუქსვას ამის გამო. თავის სამყაროში ხომ მაინც უნდა ეცხოვრა ერთ ბედნიერ და მთლიან ოჯახთან ერთად. არ იფიქროთ, რომ გულჩათხრობილი იყო. მასზე მხიარული და ცელქი ბავშვი ბევრი არც ეგულებოდათ სკოლაში. უფრო მეტიც... არა ერთხელ მისულა სულ მთლად ამოგანგლული სახლში იმის გამო, რომ მისი თანატოლი მეორე თანატოლს ჩაგრავდა. მეგობარი წამოუყენებია, ხოლო იმის არც კი შეშინებია, რომ მოწინააღმდეგე მასზედ ბევრად ღონივრად გამოიყურებოდა.
  ყოველთვის ასეა. იღვიძებ და ცხოვრობ ისე, როგორც სხვები, თუმცა ეს იქამდე გრძელდება სანამ საკუთარ თავთან მარტო არ დარჩები, მაშინ შენ ყველაზე მეოცნებე ადამიანი ხარ, რომელიც სამყაროში თავის დამკვიდრებას შეუპოვრად ცდილობს. გულის სიღრმეში კი ყოველთვის გეფიქრება იმაზე, რომ შენ განსხვავებული ხარ და საერთოდაც არ გსურს იცხოვრო ან იარსებო ისე, როგორც სხვები. უბრალოდ რაღაც გაშინებს და სწორედ ეს ძიება გეხმარება სამყაროს უკეთ შეცნობაში. სამყაროსი, რომელშიც იღვიძებ და ცხოვრობ ისე, როგორც სხვები. ყოველთვის ასეა.
    გოგას კი არადროს უცხოვრია ასე. ხანდახან მართლა მგონია, რომ ეს ყველაფერი ილუზიაა. ჩემი წარმოსახვის ნაწილი. ერთმანეთისგან ასე გამორჩეულმა და განსხვავებულმა ადამიანებმა, როგორ მოიყარეს თავი ჩემს ირგვლივ არც კი ვიცი. საკუთარი ნაწარმოებიც კი მაშინებს. პერსონაჟების ასეთი მსგავსება რეალურ ადამიანებთან წარმოუდგენლად მეჩვენება. ეს ისტორიაა, რომელიც იქამდე დავწერე სანამ მათ შევხვდებოდი. ახლა კი ოდნავ დაბნეული, ჩემს საწერ მაგიდასთან ვზივარ და ვფიქრობ თუ როგორ დავასრულო ისტორია, რომლის დასრულებაც არ მინდა. ნუთუ საკუთარი თავისაც მეშინია?! ხანგძლივი ფიქრის შემდგომ გადავწყვიტე დამეწერა ის რაც ყველას გააბედნიერებდა, რადგან მე ხომ სხვისი ბედნიერება მაბედნიერებს. მაშინ ყველაფერი ისე უნდა წარიმართოს, რომლის დასკვნითი ნაწილიც მათზე იქნება და არა ჩემზე. 
  ხატავდა და პარაშუტით გაფრენაზე ოცნებობდა. ფარულ მისწრაფებებზე არავისთან საუბრობდა. მხოლოდ მისი საყვარელი თამაშის დროს თუ გაიგებდა ვინმე ამ ყველაფრის შესახებ. ოცნებებზე მაშინაც კი არ უთქვამს უარი, როდესაც ექიმებმა დედამისს მოულოდნელი დასკვნა დაუდეს წინ. გოგას გულის მანკი აღმოაჩნდა. მიტრალური სარქვლის ნაკლოვანება რითაც იხსენებოდა მისი ბოლო დროინდელი გადაღლილობა და საერთო სისუსტე, რაც გულის უკმარისობით იყო გამოწვეული. ქალს უკვე ეგონა, რომ ღმერთმა სამუდამოდ დაივიწყე ის. ბავშვს თავზე ხელი ფრთხილად გადაუსვა და ექიმების შემდეგ მითითებებს ყურადღებით უსმენდა. გოგა სასწრაფოდ უნდა დაეწვინათ საავადმყოფოში რაზეც თავიდან ბავშვი მტკიცე უარზე იყო. რა თქმა უნდა ეს არც დედამისს სურდა, თუმცა ზუსტ პასუხებამდე სხვა გზა არ იყო. საუბრის შემდგომ გასასვლელი კარებისკენ დაიძრა, თუმცა კაბინეტიდან გასვლამდე მძიმედ ჩაისუნთქა, უკან მოტრიალდა და თავი უსიამოვნოდ გაიქნია. "ჯერ არა" - თითქოს თავისთვის ჩაილაპარაკა და გოგასთან ერთად დატოვა იქაურობა.



                                                                                                                          (გაგრძელება იქნება)
                                           


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები