ნაწარმოებები



ავტორი: დარინა
ჟანრი: პოეზია
29 მაისი, 2018


უსათაურო

ნელი მუსიკა. კაპუჩინო. გვიანი ღამე
და თეფშზე ობლად დარჩენილი ციცქნა ნამცხვარი.
დიდი რომ ვიყო, აღარ გთხოვდი: ,,მითხარი რამე,''
მაგრამ, რა ვიცი...
თითქოს გაზრდაც ვერ მოვასწარი.
შფოთვის დღეები. გაზაფხული. ოფისი, საქმე
და მონიტორთან - მორჩენილი ყავა დილიდან.
აბა, რა ვიცი...
რაც მიყვარდა, თითქოს სულ დავთმე,
მაგრამ, თან ამ დროს ყველაფერი გამომივიდა.
წიგნების გროვა: სალამურა, პატარა პრინცი
და საყვედურით მომზირალი (სავსეა) თარო.
ნუ ელოდები, აღარ მოვა მერი პოპინსი,
გეტყვის: საჩემოდ აღარც ისე პატარა ხარო.
ძველი ლექსები. ბლოკნოტები. ჩამქრალი ცეცხლი.
ღიმილის მოგვრა აწ გარდასულ ვნებათა გამო.
დღეს კარგად იცი: ოცდაათი - ცოტაა ვერცხლი
და ამიტომაც თავად უნდა გამოიტანო
დასკვნები მწარე
და ცხელ გულზე ლექსები წერო
(ვინ წაიკითხავს, მნიშვნელობა სულაც არა აქვს).
შენ კარგად იცი: მწყურვალს ხშირად არ ხვდება ჩერო,
ბრბოც ქრისტეს ნაცვლად უყოყმანოდ ირჩევს ბარაბას.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები