ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “აპრილის ბლიცი“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების თემაში http://urakparaki.com/?m=13&Forum=37&Theme=1481&st=80

ავტორი: ბევრჯერ ჩამოსული
ჟანრი: პროზა
28 მაისი, 2018


პირველი პაემანი (ნაწყვეტი მოთხრობიდან "მარია, ანუ ნამდვილი სიყვარულის შეუძლებელი ისტორია")

ნიუ-ჰეივენში დილაადრიან ჩავედი, რვა საათი ხდებოდა. ამაზე ადრე, ნიუ-იორკის "გრანდ-სენტრალიდან" მატარებელი არ გამოდიოდა.  ნიუ-იორკიდან მატარებლით დაახლოებით ორსაათიანი მგზავრობის შემდეგ, ცოტათი დაღლილმა და მოლოდინით აღსავსემ დავადგი ფეხი ნიუ-ჰეივენის სადგურის პლატფორმას და მივხვდი, რომ მიუხედავად ამდენი დღის ლოდინისა და მოლოდინისა, არ ვიცოდი, რა მექნა, რა მეთქვა და როგორ შევხვედროდი მარიას.               
სასწრაფოდ გავძვერი სადგურის მიწისქვეშა გასასვლელში და ცენტრალურ დარბაზში დიდრონი ყვითელი ყვავილები ვიყიდე. გამოფენილ ყვავილებში ყველაზე ლამაზები ესენი იყო - ალბათ, ესეც ნერვების ბრალი იყო. რა დროს ყვავილების ყიდვა იყო, როცა არ ვიცოდი, რომელ საათზე უნდა შევხვედროდი მარიას. არ დაგვითქვამს. "არა უშავს, ფანჯრის რაფაზე დავდებ და მეც იქვე ვიტრიალებ, ამასობაში დროც გავა", - გავიფიქრე. ნერვიულობისგან ნავსი გავტეხე და სიგარეტი შევიძინე (მოწევას თავი ოცდაათი წლის ასაკში დავაღწიე). შემდეგ ავდექი, ყვავილები იღლიაში ამოვიჩარე და პირდაპირ მარიასთან დავრეკე. ადრე იყო, მაგრამ, ალბათ, ეღვიძებოდა, ბავშვი ხომ უნდა წაეყვანა სკოლაში, ადრიანად. მოკლედ, აღარ შემეძლო მეტის მოთმენა და დავრეკე:

-ალო, მარია თქვენ ხართ? - ჩავძახე ყურმილს რუსულად. გვერდით მდომმა მათხოვარმა ჩუმად შემავლო თვალი და  ჩემთვის ფულის თხოვნა გადაიფიქრა.
-ალო, ალლო... დიახ, მარია ვარ. А кто это ? - როგორც იქნა გავიგონე ჩემთვის სანატრელი ხმა.
- Это Дениел , დენ პატრიკი! გამარჯობა მარია, როგორ ხარ? მე უკვე ჩამოვედი ნიუ-ჰეივენში, საქმეები ადრე მოვრჩი და ვიფიქრე, გავუვლი-მეთქი, - უსინდისოდ ვიცრუე და ვერც კი წარმოვიდგინე, როგორ უნდა დამემთავრებინა საქმეები დილის 8 საათამდე. ასეთი სუსტი ტყუილი არც მითქვამს ოდესმე და არც სხვისგან მომისმენია. ყველაზე მუყაით შტატებშიც კი, ხალხი ოფისში 8-ზე ადრე არ მიდის... მე კი დილის 8 საათზე საქმეების დამთავრებაზე ველაპარაკებოდი ქალს, რომელიც მომწონდა და ყველას მერჩივნა...
     
ვიცოდი, რომ სრულ სისულელეს ვლაპარაკობდი, მაგრამ თავი უკვე ნახევრად დაკარგული მქონდა და ბევრი აღარ მომეკითხებოდა. მარია... მარია როგორც იქნა აქვე იყო, სულ რაღაც 2-3 მილში...
     
"არა უშავს, დენ, როგორც კი მას შეხვდები და გადაკოცნი, მაშინვე ყველაფერი ნორმაში ჩადგება და უსინდისო მატყუარიდან ისევ ჯენტლმენად გარდაიქმნები... ნუ ღელავ... დღეს შენ დიდი საჩუქარი გელის, ამიტომ მოიქეცი კაცივით, აღარ მოიტყუო, ის ამერიკელი არ არის, მას არ სჭირდება ეს ტყუილი ლაი-ლაი და მოჩვენებითი ზრდილობა... და, საერთოდ, შეეშვი ამ სერიალების გმირობას", - დამიცაცხანა ჩემმა შინაგანმა ხმამ, რომელიც ჩემი ამერიკული სინდისის დაუძინებელი მტერი გახლდათ და ხშირად მის ჯინაზე მაძლევდა სასარგებლო ან უსარგებლო რჩევებს.

- აააა, დენ, გამარჯობა! ეს თქვენ ხართ? ჩამოხვედით? ასე ადრე არ გელოდით, ჯერ არც ავმდგარვარ, სად ხართ? - მითხრა მხიარული ხმით (მე ასე მომეჩვენა) მარიამ და დაამატა, - ცოტა ხანს დამელოდეთ და მანქანით გამოგივლით. სად ხართ?

- ოოო, უკაცრავად მარია, ხომ იცით, ეს საქმეები სულ აგიჟებს ადამიანს (მე კი ვიცოდი, რაც მაგიჟებდა, მაგრამ ამას ტელეფონში ხომ არ ვეტყოდი?). ვერ გავთვალე თუ ასე ადრე დავამთავრებდი, - კუშტად ვაგრძელებდი ჩემს უსუსტეს ვერსიას "დენ პატრიკის მიერ სამუშაოების ადრე დამთავრების შესახებ". მაგრამ მარია ქალი იყო და მას სულ არ აინტერესებდა ჩემი ახსნა-განმარტებები. უბრალოდ, გაეხარდა, რომ მასთან ჩავედი:
- რას ამბობთ, დენ, რა მნიშვნელობა აქვს, რომელი საათია, ძალიან კარგი, რომ უკვე აქ ხართ, ძალიან გამეხარდა (იეს!)...ახლავე ავდგები, მოვწესრიგდები და გამოგივლით. ვთქვათ, 40-45 წუთში მზად ვიქნები. სად ხართ? - უკვე მეორედ მკითხა ჩემმა ოცნებამ.
- ახლა სადგურთან ვარ. ნუ შეწუხდებით, მე თვითონ მოვალ (სად მივდიოდი? მასთან სახლში? ოჰ, ეს ქვეცნობიერი)... - წავილუღლუღე და გავჩერდი.
- არა, არა, დენ, - სიცილით მითხრა მარიამ, - ჯობს, მე გამოვალ, რადგან მამაჩემი სახლშია და თანაც ცოტა ავად არის, სტუმრად ვერ გეპატიჟებით... არ იდარდოთ. მალე თქვენთან ვიქნები. ჩემი მანქანა ვერცხლისფერია. Пока Дениел ! - დამემშვიდობა მარია.

პირველმა შფოთვამ და ნერვიულობამ გამიარა. წნევამაც დამიწია და შაქარმაც ნორმისკენ დაიწყო ტაატით სვლა. პირი გამიშრა, იქვე მდგარი მაცივრიდან ჩემი საყვარელი კოკა-ლემონის ბოთლი ავიღე და სასწრაფოდ გამოვცალე. შემდეგ გარეთ გავედი და ხუთი წლის ნანატრი სიგარეტი მოვწიე. თავბრუ დამეხვა, მაგრამ იხტიბარი არ გავიტეხე და  კარგი მწეველივით, ერთი კარგადაც გადავაპურჭყე. ამის შემდეგ სადგურის ტუალეტში შევედი და პირი დავიბანე.
       
სარკიდან საკუთარი თავი მიცქერდა. 35-40 წლის საშუალოზე ოდნავ მაღალი, საშუალო სისრულის სიმპათიური ახალგაზრდა მამაკაცი, სუფთად გაპარსული ლოყებით, მუქი ლურჯი თვალებით ("ირლანდიელი მაცდურები", იტყოდა ხოლმე საწყალი დედაჩემი) და წაბლისფერი ტალღოვანი თმებით. ჯერ კიდევ არა მიშავდა, თუ არ ჩავთვლით ნერვიულობას და ოდნავ დაჭმუჭნულ, "ბლუმინგდეილში" ნაყიდ, ერმანგილდო ზენიას პიჯაკს, რომელსაც ჯერ კიდევ შერჩენოდა ძველი დიდების კვალი.
       
ტუალეტიდან დაწყნარებული გამოვედი და სადგურს მოვავლე თვალი. არა უშავდა რა. ახალი შენობა იყო, ძალიან სუფთა და კოხტა, "ინჯოი კოკა-კოლისა" და "უაით-კესლის" სასაუზმეებით (მაკ-დონალდსის მსგავსი ბიზნესია), უამრავი ტკბილეულითა და კიდევ უფრო მეტი ჟურნალებითა და წიგნებით. ნიუ-ჰეივენის მოსახლეობის დიდი ნაწილი ხომ წიგნების ჭიები იყვნენ - არ დაგავიწყდეთ, ჩვენ მისი აღმატებულება იელის უნივესიტეტის ქალაქში ვართ!
     
თუმცა ჩემი ისტორია იელთან არაფრით იყო დაკავშირებული. მარიას სანახავად ერთნაირი სიამოვნებით ჩავიდოდი როგორც სან-დიეგოში, ისე აფრიკულ ტიმბუქტუში. ნიუ-ჰეივენი ამ შკალის სადღაც  შუა ნაწილში მდებარეობდა. სადგურში ხალხის რაოდენობა ნელ-ნელა მატულობდა. ჩემი მუდმივად საქმიანი თანამემამულენი სამუშაოსწინა ფუსფუსში იყვნენ.
   
დავწყნარდი. ყავა დავლიე კაფეში და საათს დავხედე. წესით, ათ წუთში უნდა მენახა ჩემი სულამითი.
       
მარია მალე მოვიდა. ჯერ ვერ შევამჩნიე. აქეთ–იქით ვიყურებოდი და უცბად მომადგა ძველი დაფეხვილი "ჰონდა", რომელშიც მარიას ლამაზ თმებს მოვკარი თვალი. გული ჯერ გამიჩერდა, შემდეგ კი 200 დარტყმით წუთში გააგრძელა თავისი შრომა. ჩემი ოცნების აღსრულებამდე წამიღა იყო დარჩენილი.
– ჰეი, დენ! როგორ ხარ? – გამიღო მარიამ კარი და გამიღიმა თავისი ულამაზესი ღიმილით, – დაჯექი, რაღას უცდი! – მიმიპატიჟა მან თავის დანჯღრეულ მანქანაში.

მე სასწრაფოდ ჩავჯექი და თან თვალი შევავლე ჩემი სურვილებისა და ოცნებების ბოლოდროინდელ ჩემპიონს.
         
მარიას თხელი ნაცრისფერი სვიტერი ჩაეცვა ღია ფერის ჯინსებზე. ტანსაცმელი ლამაზად უსვამდა ხაზს მისი სხეულის მიმზიდველ ნაკვთებს. სავსე მკერდი საჭეზე ჰქონდა დასვენებული, ხოლო ცოტათი მსხვილი, მაგრამ ლამაზი ფორმის ფეხები ვიწრო ჯინსებში კიდევ უფრო ლამაზი და მიმზიდველი ჩანდა. თმები მძიმე ტალღებად ეფინა მხრებზე, სახე მსუბუქი მაკიაჟით დაემშვენებინა და ახლა თმებჩამოშლილი, თბილი ღიმილით,  ქვევიდან მათვალიერებდა.
– Ну как, Ден ? კიდევ მოგწონვარ? თუ იმ საღამოს მერე კიდევ უფრო დავბერდი? – მხიარულად მკითხა და ხელი ჩამომართვა. კვლავ მესიამოვნა მისი თბილი და მშრალი ხელის შეხება.
– მარია, ძალიან მიხარია, რომ გნახეთ. ძალიან დიდი ხანი ველოდი ამ შეხვედრას, – გახარებულმა ვუთხარი და თვალებში შევხედე.
– მეც გამეხარდა დენ! სულ სამი დღე გავიდა ჩვენი შეხვედრიდან... მეც გელოდით. არ მეგონა, თუ ასე ადრე ჩამოხვიდოდით, მაგრამ ჯობს ადრე, ვიდრე არასდროს... - გადაიკისკისა მარიამ, შემდეგ მზერა დამიბრუნა და შევატყე, რომ ოდნავ ჩემსკენ გადმოიხარა.

მე ვეღარ გავუძელი ცდუნებას და პირდაპირ ტუჩებში ვაკოცე. ამ კოცნაში ჩავაქსოვე მთელი ის მოლოდინი, სურვილი, ფორიაქის სამი დღე და მთელი სინაზე, რომელიც კი შეიძლება მამაკაცს გააჩნდეს სასურველი ქალისადმი.
       
მარიამ ცოტათი დაიმორცხვა, მაგრამ თავი არ გაუწევია. როდესაც შევხედე, შევამჩნიე, რომ გაწითლდა. "ზუსტად ისეთი ქალია, რომელსაც მთელი სიცოცხლე ვნატრობდი" – ვუთხარი საკუთარ თავს და მივხვდი, რომ ამჯერად ზუსტად მიზანში მოვარტყი. ასეთი სიმართლე დიდი ხანია აღარ მითქვამს ჩემი თავისათვის.
– მარია, ხომ არ ვიჩქარე? – ვკითხე გულწრფელად.
– არა, დენ. უბრალოდ, ძალიან ადრეა, ჯერ წესიერად არც კი გამიღვიძია, მეც ველოდი ამას, – თითი უნებურად ტუჩზე მიიდო.

ტანში ისეთმა ჟრუანტელმა დამიარა, რომ ძლივს შევიკავე თავი, რომ არ ავკანკალებულიყავი. ძალიან ბედნიერად ვგრძნობდი თავს. ადამიანს მართლაც მცირედი სჭირდება ბედნიერებისათვის...
– კარგი, ჩემო მარია, ახლა წავიდეთ და სადმე გემრიელად ვისაუზმოთ. არაფერი მიჭამია, შენ მოასწარი?
- ვერა... როგორც კი დამირეკე, იმწამსვე გამოვვარდი გარეთ, - ისე უშუალოდ მითხრა, თითქოს ასი წლის მეგობარს ელაპარაკებოდა.

მარიას ამ მიმნდობმა და კეთილგანწყობილმა დამოკიდებულებამ სრულიად განმაიარაღა.
– წავიდეთ, მე გუშინვე დავიჭირე თადარიგი, ვიცოდი, რომ ჩამოხვიდოდი და  ჩემი პატარა, ჩემს დასთან დავტოვე სტუმრად, – ქალი კი არა, საოცრება იყო. კომფორტული, ჭკვიანი, აზრიანი და თან წეს-რიგიანი (პრაქტიკულს რომ ეძახიან).
– ო-კეი, რომელი სამზარეულო მოგწონს? აქ რამდენიმე კარგი ადგილი ვიცი, თუმცა შენ აარჩიე, – შევთავაზე ღიმილით, ხელი ჩავჭიდე და ხელზე ვაკოცე.
– დენიელ, წამო ერთი კარგი მექსიკური რესტორანი ვიცი, სახელად "ლა კარრეტა", დილაობით ”სპეშლ-მენიუ” და "ჰეფი აუარ" აქვთ, ანუ გემრიელ რაღაცეებს იაფად მივირთმევთ, – ჩაილაპარაკა ბავშვურად მარიამ და თავისი ძველი "ჰონდა" დაქოქა.
– წავიდეთ, ჩემო კარგო და რაც გაგიხარდება, ის შევუკვეთოთ, – მე თავს ვეღარ ვაკონტროლებდი, სრულიად მივენდე შეგრძნებებსა და ემოციებს. ამ მომენტში ყველგან გავყვებოდი, ყველგან...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები