ნაწარმოებები


ლ ი ლ ე - 2018     * * *     მალე

ავტორი: გიორგი ყელბერაშვილი
ჟანრი: პროზა
3 ივნისი, 2018


ოცნებებისკენ სწრაფვა გაფრენას ჰგავს.

 
                                                                                                            ***

      თითქოს ისეთი ჩვეულებრივი დღე იყო, როგორც უწინ. მზე ოქროსფერი სხივებით საბნად ეკვროდა გაცრეცილ ღრუბლებს. დილის ცივი ნიავი პირდაპირ სხეულში იჭრებოდა და სულს ერთიანად აფორიაქებდა. ამაო და შეუძლებელი იყო რაიმე ცუდს გაეფუჭებინა ჩემი ახლანდელი განწყობა. მე ისევ ის არ ვიყავი. თავს განსაკუთრებულ ადამიანად ვგრძნობდი, განსაკუთრებულ დღეს. სახლიდან სწრაფად გასვლა და ახალ სიახლეებთან შეხვედრა მსურდა. წუთით ჩემს უფერულ ოთახს თვალი გადავავლე და იქაურობა დავტოვე. კიბეებზე ჩქარი ნაბიჯებით დავეშვი და ჩემს მეგობრებს შევუერთდი, რომლებიც დიდხანს მელოდნენნ. არაფერი არ გავდა ერთმანეთს. ეს რაღაც კარგად დავიწყებული ძველი იყო. ცოტა ხნით შევჩერდი. ღრმად ჩავისუნთქე და ფიქრებისგან განსათავისუფლებად თავი უაზროდ გავიქნიე. თითქოს ამ მოძრაობით რაიმეს შევცვლიდი. ისინი კი გაჩერების საშუალებას არ მაძლევდნენ. აღფრთოვანებული სახეებითა და დიდი მონდომებით ბურთს ერთმანეთში აგორავებდნენ და აღარ ჰქონდა მნიშვნელობა ვინ გოგო იყო და ვინ ბიჭი. დღეს ყველანი ფეხბურთელები ვიყავით, როგორც გუშინ კალათბურთელები ან კიდევ ამის წინ. ბავშვობანას კი არ ვთამაშობდით ეს ბავშვობა იყო, რომელსაც რეალობისგან ვერც კი განასხვავებდით. წარმოსახვის არც არაფერი ეტყობოდა. თამაში არც არასდროს მიჭირდა იმის მიუხედავად, რომ გოგო ვარ. მათთან შედარებით ცოტა დაბალიც, მაგრამ ბევრად მოხერხებული ვიდრე ისინი.
      მათ შორის იყო გოგაც. ჩემი საუკეთესო მეგობარი. რაც თავი მახსოვს, მახსოვს გოგაც. ის სხვებს არ ჰგავდა და ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ჩემი მეგობარია. სკოლის დროს მუდამ ჩემს სახლთან მიცდიდა. არ არსებობდა დღე ჩემს გარეშე. ერთ კლასში ვსწავლობდით და ერთ საერთო მერხთანაც ვისხედით. ენა მოსწრებული და ცელქი იყო, ხოლო საგნებში საკმაოდ ჩამორჩებოდა სხვებს. სწავლა ნამდვილად არ იყო მისი ძლიერი მხარე. საღამოობით სახლში მსტუმრობდა და აქეთ ვეხმარებოდი დავალებების გაკეთებაში. თქვენ წარმოიდგინეთ არც მაშინ ისვენებდა ერთ ადგილას. მშობლები ბოლოს და ბოლოს მიხვდნენ, რომ მისი უზღვავი ენერგია სპორტს უნდა მოხმარებოდა და სწორედ ამიტომ ფეხბურთზე შეიყვანეს. დასაწყისისთვის არც იქ გამოუჩენია თავი. უბანშიც ხშირად დაუცინიათ მოუხერხებელი თამაშის გამო. ერთხელ მახსოვს ძალიან ცუდათ დაეცა. მაშინ ერთადერთი მე ვიყავი ვინც წამოდგომაში დაეხმარა და სახლამდეც მიაცილა. ძალიან ნაწყენი და იმედგაცრუებული ჩანდა. როცა მივედით ჩემსკენ შემოტრიალდა და მშვიდად გამიღიმა. თვალები ცოტა აცრემლებული ჰქონდა. მხრებზე ხელები მოვკიდე და ძლიერად შევანჯღრიე. გამხნევებას ნამდვილად არ ჰგავდა, თუმცა სხვა ვერაფერი მოვიფიქრე. მეც გავუღიმე და ყურში ჩუმად ჩავჩურჩულე.
    -ოცნებებისკენ სწრაფვა გაფრენას ჰგავს, როდესაც მიწაზე მყარად დგომა არაფერში გჭირდება. -კიდევ ერთხელ ამომხედა და თბილად გადამეხვია. ეს იყო და ეს. ამის შედგომ ჩვენ განუყრელ მეგობრებად ვიქეცით, სამუდამოდ.
 
          ახლა კი ის იქ ვარ. თითქოს ისეთი ჩვეულებრივი დღე იყო, როგორც უწინ, მაგრამ არა. ეს ჩემი ბრალია. ეს მე მინდა, რომ ასე იყოს. ისევ ღრმად ჩავისუნთქე, ხოლო ამოსუნთქვისას საკუთარ უფერულ ოთახში გამომეღვიძა. არაფერი აღარ იყო ისე, როგორც უწინ. თავი შეძლებისდაგვარად მოვიწესრიგე და ჩვეულებისამებრ გარეთ გასვლა გადავწყვიტე. კარები მძიმედ გავაღე და ნაცნობი კიბეების წინ აღმოვჩნდი, სადაც მსურდა, მაგრამ არ შემეძლო ჩქარი ნაბიჯებით ჩარბენა. ჩვეულებრივზე ადრე გადამიწყვეტია გარეთ გასვლა. ალბათ ეს ჩემი სიზმრის ბრალია, რომელიც არასდროს მანებებს თავს. გაქრა ბავშვობაც და ის უზღვავი ენერგია რაც ყოველ ჩვენთაგანში იყო. მოულოდნელად ყველა და ყველაფერი გაქრა ერთი ადამიანის გარდა.
  -დავაგვიანე ხომ?-კიბეების თავში ჩამოჯდა გოგა, რომელიც ძლივსღა ითქვამდა სულს. ეტყობოდა, რომ ისევ ჩქარობდა ჩემსკენ.
  -არც ისე. -ვუთხარი მას.
ჩვეული სიმშვიდით წამოდგა და კიბეებზე სწრაფად ამოირბინა. უკნიდან მომიახლოვდა და თმა ფრთხილად გადამიწია:
  -გახსოვს რა მითხარი ერთ დროს?! ოცნებებისკენ სწრაფვა გაფრენას ჰგავს, როდესაც მიწაზე მყარად დგომა არაფერში გჭირდება. -შემდეგ კი ეტლს ხელი მოკიდა და ნელ-ნელა დავეშვით გასასვლელისკენ. დღე ასეთი იყო. ახლად შესისხლხორცებული ორი ბორბლითა და მეგობრით, რომელიც ყოველ დილით, ერთსა და იმავე დროს არის აქ, ჩემთან. მე... მე აღარ ვიყავი, ხოლო რაც ვიყავი ის გოგას დამსახურებაა. ჩემი წარმატებული და ნიჭიერი ფეხბურთელი გოგასი. შესაძლოა ერთად ვეღარ ვთამაშობთ და ვერც ბავშვური სიცელქით დავრბივართ ზევით-ქვევით კიბეებზე, როგორც უწინ, თუმცა ოცნებების ყველა ისწრაფვის. ხო და მეც ჩემი ოცნებებისკენ მივფრინავ, რადგან ოცნების ქონა ყველას შეუძლია. მათ შორის მეც, როდესაც დღე ასეთი განსაკუთრებულია.


                                                                                                                          დასასრული


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ბარბი ვულოცავთ დაბადების დღეს