ნაწარმოებები


ლ ი ლ ე - 2018     * * *     მალე

ავტორი: ნი ნი
ჟანრი: პროზა
1 ივნისი, 2018


ძნელი არჩევანი

                                         

                         

                                                პირველი ნაწილი



      დილაადრიან წამოსული წვიმა საღამოსკენ ლანქერად იქცა. ჯერ ექვსიც არ იქნებოდა, მაგრამ თითქმის მთლად ჩამობნელდა. სიჩუმეს მხოლოდ წვიმის შხაპუნი და აქა-იქ ხმელი ტოტების გატკაცუნება არღვევდა. ყოველ სულიერს თავშესაფარი  მოენახა და ამ დელგმას გასცლოდა. არის ხოლმე დრო, როცა  ბუნების ერთი ნაწილი საკუთარ თავსაც კი ემალება.
      ქალმა ღუმელში შეშის მოზრდილი ნაჭრები შეაწყო და იქვე მდგარ, პატარა დივანზე მიწვა. სრულიად მარტო იყო, მაგრამ  მოწყენილობას არ გრძნობდა. ასე ცხოვრება თვითონ ირჩია და არც ნანობდა. ყველასგან და ყველაფრისგან მოწყვეტილი უცნაური სიმშვიდით ტკბებოდა,  ამაო მისწრაფებებისაგან გათავისუფლებამ რომ მოუტანა. თუ რამეს ნანობდა, ოცნებებსა და გაცრუებულ იმედებში გაფანტული ახალგაზრდობა იყო. აქ იპოვა საკუთრი თავი, შრომაში,  წიგნებსა და ზამთრის  საღამოობით აგიზგიზებული ცეცხლით ტკბობაში. აქ იყო მისთვის ყველაფერი, რაც სულს აცოცხლებს, - სიყვარული, სისუფთავე, რწმენა...  უკვირდა, რომ ადამიანები ქალაქის ხმაურში, სიცრუესა და მუდმივ დაძაბულობაში ცხოვრებას ამჯობინებდნენ. არ ესმოდა და აღარც ფიქრობდა ამაზე. მან თავისი სამოთხე იპოვა, ამქვეყიური სამოთხე.
        უეცრად ყველაფერი განათდა. ამას საშინელი გრუხუნი მოჰყვა. ქალი შეკრთა და პლედი წაიფარა. გარეთ უთუოდ დელგმა უნდა ყოფილიყო. მან კმაყოფილებით გაიხსენა, რომ შეშა ბლომად ჰქონდა დაჩეხილ-დალაგებული და ბუხარი არ ჩაუნელდებოდა.
        კიდევ ერთხელ დაიქუხა და თითქოს ამის გაგრძელებად ბრახუნის ხმა გაისმა. ქალმა სმენა დაძაბა და გარეთ გაიხედა. შეეცადა სიბნელეში რამე დაენახა, მაგრამ უკვე ისეთი თვალგაუვალი უკუნი მეფობდა, ეს ამაო მცდელობა აღმოჩნდა. იფიქრა ქარმა რაღაც გადმოაგდოო  და დამშვიდებას შეეცადა, მაგრამ იმავე წუთს განმეორებით გაისმა ბრახუნის ხმა. ეს არ ჰგავდა  შემთხვევით ქარის მიერ მოტეხილი ტოტის ან თუნდაც ეზოში  რამის დაცემის ხმას.  ბოთეც გაშმაგებული ყეფდა. ეჭვი არ იყო, ჭიშკართან ვიღაც იდგა და  დაჟინებით უხმობდა მასპინძელს. ქალმა იგრძნო, შიშისგან როგორ მიაწყდა გული მკერდს და  იქვე გაიყინა. ერთი პირობა იფიქრა არ გავხედავო, მაგრამ თავადაც იცოდა, რომ ასე არ მოიქცეოდა. საწვიმარი გადაიცვა,  ფანარი აიღო და ეზოში გავიდა. სახეში ისეთი თქეში ეცა, ლამის წააქცია სიფრიფანა ქალი. იქვე მიყუდებული მოზრდილი ჯოხსაც მისწვდა  და სირბილით გადაიარა ეზო.
      - ვინ ხართ? -  დაიძახა გაუბედავად, გულის სიღრმეში იმედოვნებდა, რომ პასუხს ვერ მიიღებდა, თუმცა, იმავე წუთს, ზედ მის ყურთან, ძლივს გასაგონი კვნესის ხმა მოისმა. კარი საჩქაროდ გააღო და ფანრის შუქზე დაინახა კაცი, ჭიშკარზე მიყუდებულიც კი გაჭირვებით რომ იკავებდა თავს წაქცევისაგან. სახეზე წვიმისა და სისხლის წვეთები ჩამოსდიოდა ღვარად.
      - დამეხმარეთ, - წაიჩურჩულა ძლივსგასაგონად, გთხოვთ...
      - ქალმა შეძრწუნებულმა შეათვარიელა უცნობი. ტანსაცმელი მთლად ტალახით ჰქონდა მოსვრილი, თუმცა, ადგილ-დგილ სისხლის ლაქებიც შენიშნა.
      - რა დაგემართათ, აქ რა გინდათ? - წამოიძახა, მაგრამ მიხვდა, ახლა ვერაფერს გაიგებდა და ხელი გაუწოდა.
        - წამოდით, სახლში შევიდეთ, იქ ამიხსნით ყველაფერს.
        კაცი მხარზე დაეყრდნო და შეეცადა რამდენიმე ნაბიჯი გადაედგა, მაგრამ თითქოს ჭიშკარს მიღმა დატოვაო უკანასკნელი ძალა, ადგილიდან ვერ მოიცვალა ფეხი.
        - გთხოვთ, ძალა დაატანეთ თავს, - ქალი მთელი ძალით იჭერდა, მაგრამ აშკარა იყო, ერთი თავით მაღალი მამაკაცის სახლში შეყვანას ვერ შეძლებდა ისიც რომ არ დახმარებოდა, - სულ ცოტა და ყველაფერი დამთვრდება, ყველაფერი კარგად იქნება...
          უცნობმა, როგორც ჩანს, კიდევ ერთხელ აჯობა თავს, რომ სახლამდე მისულიყო.  თუმცა, ზღურბლზე გადაბიჯებისთანავე უგონოდ დაეცა. ახლა მთავარი იყო  ღუმელთან ახლოს მიეყვანა როგორმე.  მხრებში ჩაავლო ხელი და იატაკზე გაათრია. უკან კი  ტალახის მოზრდილი კვალი დატოვა. მერე ქურთუკის ღილები გაუხსნა, რომ სველი ტანსაცმელი გაეხადა. ამ შეხებამ ტკივილი მიაყენა უცნობს, წამოიკვნესა და თვალები გაახილა.
        - დამშვიდდით, სველი ტანსაცელი აუცილებლად უნდა გაგხადოთ. ფრთხილად ვიქნები, მაგრამ ცოტა თქვენც დამეხმარეთ.
          ყველაფერი რომ გახადა, თავზარდაცემულმა მთლად სისხლჩქცევებით დაფარული სხეული დაინახა. რამოდენიმე ადგილას ჭრილობაც ჰქონდა, თუმცა ეს დაცემისაგან მიყენებულ იარებს უფრო ჰგავდა, ვიდრე დანით.
        - ღმერთო, რა არის ეს, - ჩაილაპარაკა და წამით სახეზე ხელები აიფარა, - საბრალო...
          მერე ბევრი აღარ უფიქრია, თასში თბილი წყალი ჩაასხა, ღრუბელი დაასველა და სახეზე ფრთხილად ჩამოუსვა. მთლად ახალგაზრდა იყო, ოცდახუთი წლის არც იქნებოდა. ყელში ცრემლი აწვებოდა. ასე ვის უნდა გაემეტებინა? ბოლოს მორჩა და ბიჭს გაუღიმა;
      - ახლა სუფთა ხარ, ერთიცმოიკრიბე ძალა, რომ საწოლთან მივიდეთ და სხვა აღარაფერი გევალება დასვენების გარდა.
      მან ხელი გაუწოდა ბიჭს და წამოდგომაში დაეხმარა. მხრამდეც ვერ სწვდებოდა. მასთან მთლად ახლოს მდგარ შიშველ მამაკაცს წამით შეავლო თვალი, მაგრამ ქვეცნობიერში გაელვებულ აზრს გონებამდე მიღწევის უფლება  არ მისცა. ახლა მის წინ უბრალოდ ადამიანი იყო, გაწამებული, ძალაგამოცლილი და როგორმე უნდა დახმარებოდა.
        - მგონი სიცხეც გაქვს, -  შუბლზე  ხელი დაადო  და ამოიოხრა, - მგონი კი არა, იწვი. წავალ, წამალს მოვნახავ რამეს...
        ქალი უცნაურად გრძნობდა თავს. თითქოს გადმოკარგულ, მთის სოფელში, სადაც ზაფხულობით თუ გამოჩნდებოდა ორიოდე მოაგარაკე, სიცოცხლე შემოიჭრა. ვიღაცაზე უნდა ეზრუნა და ამ საფიქრალმა მთლად დაიპყრო მისი არსება. მთელი ღამე თვალი არ მოუხუჭავს. სიცხიანს თავს დასტრიალაებდა, სველ ტილოებს უცვლიდა შუბლზე და გაოფლილ სხეულს უმშრალებდა. ზოგჯერ შეაციებდა ავადმყოფს და ახლა ათბუნებდა რაც შეეძლო. ხანდახან ბიჭი დედას ეძახდა და მის ნაცვლად ეპასუხებოდა. ზოგჯერ შეშინებული წამოხტებოდა და მშველელს უხმობდა. ამ დროს გულში იხუტებდა  და ცდილობდა  იდუმალი საფრთხისაგან დაზაფრული ბიჭი დაეცვა და დაემშვიდებინა. დილისკენ წამლებმა და ზრუნვამ თავისი ქნა და სიცხემ დაუწია. გადაღლილ ბიჭს უცებ ჩაეძინა. თავადაც ეძინებოდა და დივანზე მიწვა ღამენატეხი. იმედი ჰქონდა, რომ ბიჭის გაღვიძებამდე მოასწრებდა ადგომას.
        ძაღლის ყეფამ და ძახილმა გამოაფხიზლა ორიოდე საათის ჩაძინებული. თვალი რომ გაახილა, პირველად  წუხანდელ სტუმარს გადახედა. ბიჭი საწოლში წამომჯდარიყო და თვალებგაფართოებული იყურებოდა ფანჯარაში. - ისინი არიან, ძლივს წაიბუტბუტა გამშრალი ტუჩებით, მომკლავენ...
      - ვინ ისინი?
      - ვინც ამ დღეში ჩამაგდო. თუ მიპოვეს, ცოცხალს არ დამტოვებენ...
      - ბიჭის ხმა ყრუდ ისმოდა, თუმცა გამტკნარებული სახე უფრო ნათლად მეტყველებდა ყველაფერს.  ქალს ბევრი აღარ უფიქრია და სწრაფად წამოხტა.
        - შეძლებ ადგომას? - კითხვის თვალით გადახედა ბიჭს, უკეთესი იქნება ამ ოთახიდან გახვიდე.
        ბიჭმა თავი დაუქნია და უხმოდ წამოდგა.  ძაღლი ისევ თავგამოდებით ყეფდა. ძახილიც განმეორდა. ქალმა საწვიმარი მოიცვა და გარეთ გავიდა.
        უსიამოვნოდ ცრიდა ამ დილით.  თითქოს ძალა გამოლეოდა გუშინდელ თქეშს.ცივი ჟინჟღლი სახეს სერავდა და ქუდი წამოიფარა. კართან  თავიდან ფეხებამდე შავებში შემოსილი, ორმოციოდე წლის  ახმახი მოუსვენრად სცემდა ბოლთას.  ოდნავ მოშორებით ასევე შავი, თუმცა მთლად ტალახში ამოსვრილი ჯიპი იდგა. იქაც შენიშნა დაძაბულად მომზირალი ორი წყვილი თვალი.
        უცნობი თავაზიანად მიესალმა.  თუმცა, მისი ყრუ ბანი თითქოს მუქარით ჟღერდა. ქალს გააჟრჟოლა ამ კაცის თვალების დანახვაზე. ასეთი  თვალები არასოდეს იღიმიან.  გაყინული, უმოძრაო მზერით მიაჩერდა ქალს და ხელი სოფლის ბოლოს, მდინარისკენ გაიშვირა;
        - ახლობელი ბიჭები სანადიროდ წამოვიდნენ ორი დღეა. გუშინ დარეკეს და გვითხრეს მოვდივართო, მაგრამ არ გამოჩენილან. მშობლები გადარევას არიან, ვერც ტელეფონზე ვუკავშირდებით, ვიფიქრეთ, ამ საშინელ ამინდში სოფელში ამოსვლა ხომ არ ამჯობინეს გამოდარებამდე. აქ კი, როგორც ჩანს, თქვენს გარდა არავინ ცხოვრობს. ამიტომაც შეგაწუხეთ, თუ რამე იცით, იქნებ დაგვეხმაროთ...
        მისი ხმა ისევ თავაზიანი იყო, მაგრამ ქალს რატომღაც გული ეყინებოდა შიშისგან. "მომკლავენ" ყურში ედგა ეს სიტყვები და იცოდა, ამ კაცს ვერ ენდობოდა.
        - არავინ  მინახავს, - უბრალოდ უპასუხა, - მარტო ვცხოვრობ და შეძლებისდაგვარად თავს ვარიდებ ხალხს... მერე გამბედაობა მოიკრიბა და თვალებში შეხედა მოსულს, თუმცა მხოლოდ წამით. უფრო დიდხანს ამის გაკეთება შეუძლებლად ჩათვალა.
          უცნობმა უცნაურად შეხედა და ფიქრიანი მოავლო მზერა სოფელს.
          - აქ მარტო როგორ ჩერდებით?       
          - ქალმა მხრები აიჩეჩა, - მომწონს ასე...
          კაცი შეყოყმანდა, თითქოს რაღაცის თქმას აპირებდა, მაგრამ გადაიფიქრა და ესღა უთხრა ქალს;
            - ფრთხილად იყავით ყოველ შემთხვევაში...
            მერე შეტრიალდა და სიტყვის უთქმელად წავიდა.                                                                                 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ბარბი ვულოცავთ დაბადების დღეს