ნაწარმოებები


კარგ მწერალს და შესანიშნავ ადამიანს ირაკლი ლომოურს ესაჭიროება ჩვენი თანადგომა. თუ შეიძლება შეიხედეთ თემაში “ურაკპარაკის ფორუმი >> განცხადებები >> ირაკლი ლომოურის მეგობრები“     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1471     * * *     2018-06-19 14:45 >>> 8

ავტორი: ნი ნი
ჟანრი: პროზა
4 ივნისი, 2018


ძნელი არჩევანი

                                  II  ნაწილი


      დილის საქმეების შემდეგ ოთახში შესულმა ქალმა საწოლს გადახედა. ბავშვური უდარდელობით ეძინა ნიკას, თუმცა ოდნავ წამოზრდილი წვერი გამხდარ სახეს უცნაურ დაღლილობას სძენდა. უპეებზე სილურჯეები აღარ ეტყობოდა  უკვე. გაეღიმა. ახალგაზრდა ორგანიზმმა  სულ ორიოდე კვირაში  მოიკრიბა ძალა. ქურთუკი გაიხადა და იქვე, კედელზე ჩამოკიდებულ სარკეში არეკლილ გამოსახულებას თვალი შეავლო. ახლა შეამჩნია ფერმკრთალი სახე და ჩაშავებული უპეები. თმა კეფაზე ჰქონდა აწეული, როგორც ყოველთვის. სამაგრი მოიხსნა და შემოტრიალდა. ჭაღარა არ გამორეოდა ჯერ, მაგრამ გახუნებული მოეჩვენა ერთ დროს ხასხასა წაბლისფერი თმა. გაუცნობიერებლად აიღო სავარცხელი და ნელა ჩამოისვა. მერე უჯრა გამოწია და დიდი ხნის მიგდებული  პუდრი ამოიღო. უფრო მოეწონა სახის ფერი, თუმცა არ იყო საკმარისი.  ქუთუთოებზე ოდნავ ჩრდილიც რომ გადაისვა იგრძნო, რაღაც დაუბრუნდა, დიდი ხნის დავიწყებული. უცებ სარკეში თვალი შეასწრო ცნობისმოყვარე მზერას და სწრაფად შემოტრიალდა. მომღიმარი ბიჭი ინტერესით აკვირდებოდა ქალის სახეცვლილებას.
      - ძალიან ლმაზი ხარ დადუ...
      გულმა რეჩხი უყო ქალს. ძალიან, ძალიან დიდი ხნის წინ იყო ასე რომ  მიმართავდნენ.  აღარ ეგონა, რომ ოდესმე კიდევ წარმოთქვამდა ვინმე მის სახელს ასე თბილად...
      ისევ სარკეში ჩაიხედა. მოლოდინი დაინახა საკუთარ მზერაში. სულ ახალი ან დიდი ხნის დავიწყებული. თვალები დახუჭა, თითქოს ამ გრძნობას უნდოდა გაქცეოდა. თუმცა ეს განცდა უკვე ჩაუსახლდა, ამიტომაც, არ გაკვირვებია მხრებზე ფრთხილი შეხება. მერე ხელები ნელა ჩაცურდა და მკერდთან გაჩერდა. იგრძნო, როგორ დაუარა ცხელმა ტალღამ. თავი უკან გადასწია და მთელი სხეულით მიეყრდნო ბიჭს.  ხელები უფრო ჟინიანი გახდა და მკერდზე გააკეთეს წრე.
        - პატარა გოგოსავით გაქვს, - წასჩურჩულა და თავისკენ შემოაბრუნა. ტუჩები შეთქმულებივით მიუახლოვდნენ ერთმანეთს.  შეხებამდე იგრძნო ბიჭის სიმხურვალე და  ძვლებამდე ჩაატანა ამ ძალამ. იგრძნო, როგორ შეცურდა  თბილი ხელები ტანსაცმლის ქვეშ და ზურგზე გასრიალდა. მერე ერთბაშად გახადა მაისური და ლიფი და ოდნავ მოშორებით დადგა.
        - რა ლამაზი ხარ, - წაიბუტბუტა ძლივსგასაგონად. უცბად დაიხარა, ქალი ხელში აიტაცა და ლოგინზე დააწვინა.
        - მინდიხარ, ეჩურჩულებოდა ჟინიანად,- მთელი არსებით, თავიდან ბოლომდე, შენი სხეულის ყველა ნაწილით მინდიხარ...
        ქალს არ შეეძლო, არც უნდოდა რამე ეთქვა. მხოლოდ ერთ გრძნობას მოეცვა  - სურვილს, ვნებას თავშეუკავებელს, როგორც მდინარე, მოულოდნელი წვიმებისაგან ადიდებული ჯებირებს რომ მოაწყდება და გადმოხეთქს. მთელი არსებით უყვარდა ახლა და უნდიდა მისი ყოფილიყო.  თუნდაც ამ ერთხელ მხოლოდ, არ ჰქონდა მნიშვნელობა. წლობით ნაგროვები სითბო თვითონაც ვერ გრძნობდა, ისე იშლებოდა მასში ეს დღეები  და  აღარ შეეძლო საზღვარი დაედო და დაეოკებინა. ახალგაზრდული, ძლიერი სხეული  ეხვეოდა და უცნაური სიხარულით ავსებდა. მოგვიანებით მიხვდა, სიცოცხლის სიხარულით...
        მერე დიდხანს ედო  თბილ მკერდზე თავი  და ტკბებოდა ძლიერი, თანაბარი რიტმით  ექოსავით რომ ესმოდა იქვე, ახლოს. საუკუნე შეეძლო ასე დარჩენილიყო, მაგრამ იცოდა, ვერ გაგრძელდებოდა დიდხანს. გრძნობდა, რასაც გაიგებდა დღეს ან ხვალ, შეუძლებელს გახდიდა ამ სიმშვიდეს. ამიტომაც ეშინოდა მოსმენის. ამიტომაც დაივიწყა დიდხანს ის სათქმელი, რაც უთუოდ გააქრობდა ბედნიერებას, არსაიდან რომ გაჩნდა მის ცხოვრებაში. სულ უმიზეზოდ და დაუმსახურებლად. არაფერი გაუკეთებია იმისთვის და ეშინოდა, თავზარსაც კი სცემდა იმის წარმოდგენა, რომ ეს ისევე უცბად გაქრებოდა, როგორც გაჩნდა. გულის სიღრმეში დარწმუნებული იყო, რომ ასეც მოხდებოდა, მაგრამ ქვიშაში თავჩარგული  ერიდებოდა საფრთხეს, წელავდა დროს, სანამ შეიძლებოდა...
          მაგრამ ის დღეც დადგა, როცა ეს აღარ მოხერხდებოდა.  ერთ დილით, შეშის შეშის შემოსატანად გასული ნიკა გაფითრებული შემობრუნდა უკან. სკამზე მუხლმოკვეთილივით დაეცა და ხელებში ჩარგო თავი.
          - რა მოხდა? - დადუნა გააოგნა მისმა სასოწარკვეთილებამ, მაგრამ მაშინვე მიხვდა.
        - ისინი დაბრუნდნენ?
        ბიჭმა თავი დაუქნია
        - კიდევ მეძებენ. ალბათ ეჭვი აქვთ, რომ ცოცხალი ვარ. დავინახე ცარიელი სახლიდან გამოდიოდნენ. უნდა წავიდე დადუ აუცილებლად, შენც საფრთხეში ხარ, სანამ მე აქ ვარ.

        - განა შენი წასვლის მერე არ ვიქნები საფრთხეში?

        - შენ არაფერს გერჩიან, უმიზეზო მკვლელობა რაში სჭირდებათ? თან არც იციან აქ რომ ვარ.

        - არ დაუნახიხართ?

        ბიჭმა თავი გააქნია.

        - შეშის ფარდულიდან დავინახე ყველაფერი, ეზოში არ გავსულვარ.

        - ჰოდა თუ არ იციან,  ჯობია აქ დარჩე. დიდი სახლია და თავისუფლად შეგიძლია დაიმალო. რომ ვერ გიპოვიან დაგივიწყებენ საბოლოოდ და მერე მშვიდად მოიფიქრებ როგორ მოიქცე. თან აქედან წასვლა ადვილი არ არის. ფეხით გაგიჭრდება. მე თვითონ ჩაგიყვან, ცოტა რომ დამშვიდდება ყველაფერი. ოღონდ ახლა აუცილებლად უნდა მომიყვე რატომ გეძებენ. მერე უკეთ მეცოდინება, როგორ დაგეხმარო.

        ბიჭმა ამღვრეული თვალებით შეხედა. მათში  ჩასახლებულმა სასოწარკვეთამ გული მოუწურა ქალს. მოუნდა ჩახუტებოდა და კოცნით დაეფარა ეს თვალები, გაფითრებული სახე და დაევიწყებინა დარდი, მაგრამ  ადგილიდან  ვერ დაიძრა. მხოლოდ მისი მოუსვენარი ხელი მოიქცია ხელებში და მაგრად მოუჭირა, თითქოს ცდილობდა, ძალა გადაეცა ამ გზით.
        - ბიჭი მოვკალი,  - ძლივს ამოთქვა გამშრალი ტუჩებით, - მკვლელი ვარ! მაგ კაცის ძმის შვილი იყო, შენ რომ გელაპარაკა.
        თავზარდაცემული ქალი გონს ვერ მოსულიყო. უფრო მეტად ფულს უკავშრებდა ამ ამბებს.  მკვლელად არ უნდოდა ნიკას წარმოდგენა. "ფრთხილად იყავი" - გაახსენდა უცებ და გააჟრჟოლა. ვინ იყო ეს ბიჭი, ასე მოულოდნელად რომ გაჩნდა საიდანღაც და მისი დალაგებული ცხოვრება ააფორიაქა?
      - თუ გინდა, ახლავე წავალ, - ბიჭმა იგრძნო ქალის განწყობა, - ვიცი, რომ რაც არ უნდა გითხრა, მშვიდად ვეღარ იქნები. უკვე ბევრი გააკეთე ჩემთვის. იქნებ ოდესმე გადაგიხადო კიდეც...
      - არა, მოიცადე, - ეს სიტყვები უფრო სწრაფად მოსწყდა ბაგეებს, ვიდრე გააზრებას მოასწრებდა, - რატომ გააკეთე ეს?
      - რატომ არ არსებობს. მისი დედის ,მზერა დავინახე და მაშინვე გაქრა. ეს კითხვა მანამ არსებობდა, სანამ იმ ზარჩამდგარ თვალებს დავინახავდი, შველას რომ ეძებდა უიმედოდ. თუ ამბობ რატომ, ესე იგი გამართლებას ეძებ, რომელიც არ არსებობს! არ მინდა თავი ვიმართლო, რადგან მკვლელობა მკვლელობაა .მე აქ ვარ, ყოველ ღამით შენს თბილ სხეულს ვგრძნობ, ყოველ დილით თვალს ვახელ და ვხედავ იმას, რაც მიხარია, რაც მაბედნიერებს...  მერე, იმავე წამს მახსენდება, რომ არებობს რაღაც, რის გამოც არ მაქვს უფლება ასეთი მშვენიერი იყოს ყველაფერი. შეუძლებელია ერთი ხელით ააშენო რაღაც, როცა მეორეთი ანგრევ!.. როცა ვიხსენებ, - ბიჭმა წამით ხელებში ჩამალა სახე, მერე ქალს ცრემლით დასველებული მზერა მიაპყრო, თითქოს შველას ელისო მისგან, - როცა ისევ და ისევ ვხედავ, როგორ ებინდება თვალები და როგორ მიდის... ქრება ისე, თითქოს არასოდეს უცხოვრია, არასოდეს ყვარებია ან უოცნებია ბედნიერ მომავალზე... .  მე კი, - ყელში მოწოლილმა ბურთმა  ხმა გააწყვეტინა ნიკას, - გამბედაობაც არ მყოფნის, რომ პასუხი ვაგო. ხვდები, როგორი ლაჩრის გვერდით ცხოვრობ ეს  თვეები?
        - მაგრამ... არ უნდა დამალულიყავი... ასე თუ გაწუხებს ციხეში უნდა წასულიყავი, სადაც მკვლელის ადგილია.  შვებასაც იქ იგრძნობდი მხოლოდ...
      - არ დავმალულვარ, არც მიფიქრია. მათ არ უნდოდათ ეს. ციხეში ცოცხალი ვიქნებოდი მაინც, ოდესმე ამოიწურებოდა სასჯელის ვადა და იქნებ ახალი ცხოვრებაც დამეწყო. ამიტომაც წამომიყვანეს აქ და სასიკვდილოდ დამაგდეს, ძაღლივით დამაბეს ნაცემი ტყეში.  ორი ღამე იმ ხის ქვეშ გავატარე. მიკვირს, როგორ გადავრჩი ან მგლებმა არ შემჭამეს, მაგრამ  ალბათ სიცოცხლისათვის ბრძოლის სურვილმა მომცა იმის ძალა, რომ თავი  გამეთავისუფლებინა და აქ ამოვსულიყავი. მხოლოდ ერთ სახლში ჩანდა სინათლე და ეს სინათლე იყო ჩემთვის სხივი,  რომელმაც შემაძლებინა აქამდე მოსვლა, შენამდე...
        ისეთი გულწრფელი იყო ბიჭის ცრემლით ავსებული თვალები, მისი ტკივილი ისეთი აუტანელი, რომ ქალს სხვა რამეზე ფიქრი არ შეეძლო. ბავშვივით ჩაიხუტა და უმწეობის განცდამ აატირა...
        - ერთადერთი და უბრალო გამოსავალი გაქვს. შენც ხომ იცი...
        - ვიცი დადუ, მაგრამ  არ მინდა შენი დათმობა, არსად წასვლა არ მინდა, როგორ არ გესმის!.. - მთლად ბავშვს გავდა ახლა ნიკა, სასოწარკვეთილ ბავშვს. ისევ  ჩაეხუტა. იგრძნო, მკერდს ცრემლი უსველებდა. უხმოდ უსვამდა თავზე ხელს, დასამშვიდებლად არა, უფრო იმიტომ, რომ არ იცოდა, რა ეთქვა, როგორ აეხსნა, რომ არ შეეძლო ასე უბრალოდ დაეხუჭა თვალები და ბედნიერებით დამტკბარიყო .     
        - სხვა გზა არაა, სიმშვიდე ვერ გექნება ისე. დანაშაული თუ არ გამოისყიდე, შეგაწუხებს ყოველთვის და ვერც ცხოვრების გაგრძელებას შეძლებ. არიან ადამიანები, ვისთვისაც ადვილია ასე ცხოვრება, მაგრამ არ მინდა, რომ შენ მათ დაემსგავსო.
        - შენ? შენ გინდა უჩემობა? სულ არ გაგიჭiრდება?
        ქალი ჩაფიქრდა. მშვიდი, თითქმის იდეალური ცხოვრება ჰქონდა ამ  ბიჭის გამოჩენამდე,  ბინდიანი თვალებით რომ უმზერდა შუბლზე ჩამოყრილი თმის ქვემოდან.. მერე, უცებ, ერთი ხელის მოსმით, თავდაყირა დააყენა ყველაფერი. ქარიშხალი დაატრიალა ამ პატარა სახლში. სიყვარული, ვნება, ტკივილი და შიში,  ერთად შემოიტანა იმ წვიმიან ღამეს.  იცოდა, ძველებურად უკვე ვეღარასოდეს იცხოვრებდა.არ უნდოდა ქალს ამ ყველაფრის გაქრობა, მაგრამ ისიც არ იცოდა, როგორ შეენარჩუნებინა.
        -  მთელი ცხოვრება აქ ხომ ვერ დაიმალები?  სულ ერთია, მოგწყინდება ერთ დღეს და ინანებ, რომ სწორად არ მოიქეცი. შენი ცხოვრება მოგინდება, შენი ტოლი გოგო, ვისთანაც შვილები გეყოლება, ოჯახი  გექნება და უკვე გვიანი იქნება.
        ნიკას ცალყბად გაეცინა,
        - ერთი რამე გავიწყდება, ციხეში ვიქნები.
        გამოხვალ იქიდან. ალბათ თხუთმეტი ან ოცი წლის შემდეგ და თავიდან დაიწყებ ყველაფერს.
        უცებ ქალი მიხვდა, რომ თავიდან ბოლომდე სიყალბე იყო მისი სიტყვები. იმას ეუბნებოდა, რაც უნდა ეთქვა მის ტოლ ქალს. სინამდვილეში კი ძალიან, სიგიჟემდე უნდოდა , რომ არსად არ წასულიყო ეს ბიჭი, არასოდეს. დაევიწყებინა სამართლიანობაც, სინდიდის ქაჯნაც და მის მკლავებში გაეტარებინა წლები, მთელი ცხოვრება. რა აბსტრაქტული ხდება სამართლიანობა და ზოგჯერ სასტიკიც, როცა გულს ეხება, როცა იმ ადამიანს ეხება, ვისი წასვლასთან ერთადაც გაქრება  იმედი, ან უფრო სწორად, ცხოვრება.  საბოლოოდ, მხოლოდ დიდი ადამიანები დგებიან საკუთრ თავზე მაღლა, მას კი არ უნდოდა ეს. უბრალოდ ქალი იყო, ვისაც უყვარდა. ოღონდ გამბედაობა არ ეყო ამის სათქმელად.  ოცი წლით ახალგაზრდა რომ ყოფილიყო, აუცილებლად ეტყოდა, მაგრამ ახლა, ორმოცი წლისას ეშინოდა არასწორად მოქცევის. ბიჭს უყურებდა თვალებში და მისგან ელოდა გადაწყვეტილების მიღებას...
        მერე ყველაფერი თვალის დახამხამებაში მოხდა. თითქოს ჩამობნელდა უეცრად პატარა პატარა ოთახში. ძაღლის თვგანწირული ყეფა, შემოგლეჯილი კარის ხმა,  უშვერი გინება და ქალის კივილი ერთმანეთში აირია. და ბოლოს, ყველაფერი დაწყნარდა. ორიოდე წუთში სხვანაირი გახდა სამყარო. უკვე მეორედ, ამ იატაკზე, გონდაკარგული იწვა ბიჭი, მაგრამ ამჯერად სისხლის გუბეში და ქალი არაფრის გაკეთებას აღარ ცდილობდა. მხოლოდ ცრემლი, სადღაც უსასრულოდ დაგროვილი ცრემლი მოდიოდა და ეცემოდა ბიჭის სხეულს, ასე რომ უყვარდა წუხელ. ოდნავ შეირხა ბიჭი, თავისი დაბინდული თვალებით ახედა, თითქოს სიცოცხლის ძალას ეძებდა ქალში ან იქნებ მისი ხსოვნა უნდოდა წაეღო თან. უცებ შიშის ზარი გაუკრთა მზერაში, თანდათან რომ გაფერმკრთლდა და ნელა დახუჭა თვალები, სამუდამოდ...

      წვიმიანი იყო ის დილაც. ქალმა კიდევ ერთხელ გადახედა ვეება მთებს, სოფელს რომ გადმოჰყურებდნენ. პირქუშ მოეჩვენა ახლა ეს მთები და თვალი აარიდა. მერე უკანმოუხედავად ჩაჯდა მანქანაში და წავიდა, რომ აქ აღარასოდეს დაბრუნებულიყო...

   

   

 

 

     

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები