ნაწარმოებები


კარგ მწერალს და შესანიშნავ ადამიანს ირაკლი ლომოურს ესაჭიროება ჩვენი თანადგომა. თუ შეიძლება შეიხედეთ თემაში “ურაკპარაკის ფორუმი >> განცხადებები >> ირაკლი ლომოურის მეგობრები“     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1471     * * *     2018-06-19 14:45 >>> 8

ავტორი: ხულორდავა96
ჟანრი: თარგმანი
3 ივნისი, 2018


ბაბა თაჰერი (X- XI სს) -სპარსელი სუფი პოეტი

* * *
სამაროვანთან ჩავიარე, მოსილმა თალხით,
ისმოდა კვნესა, ტრიალებდა ვაების ჩარხი...
და თავის ქალა შესჩიოდა მიწას გოდებით:
"წუთისოფელი ქერის ფშუტე მარცვლადაც არ ღირს".

* * *
შენი ბინაა ჩემი თვალი, თხოვნით გავწამდი,
რომ მის ფოსოში დაივანო, დატკბე ამ წამით,
ოღონდაც, ფრთხილად, ამ თვალებზე სეირნობისას
არ გაგეყაროს ფეხში ეკლად ჩემი წამწამი.

* * *
მას, ვისაც უყვარს, ვერ აუმღვრევს შიში გუნებას,
ვერა ბორკილმა ვერ შეცვალოს მისი ბუნება,
შეყვარებულის გული, ალბათ, მშიერ მგელსა ჰგავს,
რომელსაც მწყემსის შეძახილი არ ეყურება.



* * *
მე სხვა ოცნება არც მექნება, ვტირი თუ ვმღერი,
დაუდგეს სატრფოს ტიტასავით გაფურჩქვნის ჯერი,
ჩემი ნაღველი, ერთხელ მაინც, მთას თუ გავანდე,
არ იყვავილებს მის კალთაზე ბალახის ღერიც.

* * *
შემოკეკლუცდა გაზაფხული, მინდვრად მარები,
მერე მის მსგავსად გაიხურა ყრმობამ კარები,
ყრმათა საფლავზე ყელყელაობს ტიტა ურიცხვი,
და მის საჭვრეტად გამოსულან ტანკენარები.

*  *  *
ის ცეცხლოვანი ფრინველი ვარ, რომლის ნათება
ყველაფერს ნაცრავს, ფრთას რომ გზნება შეემატება,
თუკი კედელზე მიმახატავს მხატვარი ვინმე,
მთელ ამ სამყაროს გადაბუგავს ჩემი ხატება.

* * *
მთესავი ვინმე მინდვრად იდგა ცრემლდათხეული,
თესავდა ტიტას მარტოკაცი, ბრგე და ეული,
თან თესავდა და თან ვაებდა: „ვაგლახ, საწუთროვ!
ჯერ უნდა ვზარდო, მერე დავთმო ეს ხელეური“.

* * *
ვარდი შევნიშნე ეკლის ძირას, ობლად ნამყოფი,
ვკითხე: „როდისღა შეგეხები, მთვრალი ამ ყოფით?“
მითხრა „მებაღევ! მაპატიე, ნუკი დამძრახავ,
სიყვარულის ხემ გვიან იცის მოსხმა ნაყოფის“.

* * *
ერთად მეახლა სამი დარდი, გულის მდაღველი,
სიყარიბე და ტყვეობა და სატრფოს ნაღველი.
ჰე, მუსლიმებო! იმ პირველ ორს კიდევ რა უშავს,
სატრფოს დარდია ვარამთაგან ტოლუნახველი.

* * *
ღმერთო, მომხედე! მვედრებელნი შენა გხადიან,
უთვისტომოსთვის თვისტომი ხარ, შემწეც, ცხადია.
ყველა ერთს ამბობს, არა ჰყავსო თაჰერს არავინ,
ღმერთო, შენს გარდა,  მე სხვა სატრფო არ მაბადია.

* * *
არც რა იდუმალს შევუქმნივარ სიდინჯის ნდომით,
მე-გზაარეულს, არეული მერგუნა გონი,
ვინც კი, როდესმე, ბედდამწვარი ჩადეს მიწაში,
მათი თიხისგან გამომძერწა უფალმა, მგონი.
* * *
საღვინე ჯამი გამივარდა ხელიდან ღამით,
არ გატეხილა, სახტად დავრჩი მხედველი ამის,
ალბათ, მფარველმა გადმოხედა თორემ უმისოდ,
ძირს დაუგდებლად დამსხვრეულა ათასი ჯამი.


* * *
ვაგლახ! ვბერდები, ვეთხოვები მიწის ბინადრებს,
ძალი არ მერჩის, ბედის ბორბალს მაინც მივათრევ,
მეუბნებიან: „ბაბა თაჰერ! ტიტა მოწყვიტე“,
როგორ მოვწყვიტო? აღარა მაქვს თვალთა სინათლე.

სპარსულიდან თარგმნა
გიორგი ხულორდავამ


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები