ნაწარმოებები


ნეფერტარის “ბედუინი“ 15 აგვისტოდან წიგნის მაღაზიებში გამოვა, მსურველებს შეგიძლიათ შეიძინოთ     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: ქეთი გაბინაშვილი
ჟანრი: პროზა
4 ივნისი, 2018


მუსტაფა

  -მუსტაფა! მუსტაფააა!
  ხმამ ისე შემოიარა კარი, თითქოს ფეხშიშველა, თმაგაწეწილი ქარი ყოფილიყოს. ყურთან მომიღიტინა სიტყვებმა. ბგერებს  ოთახში ხმაურით შემოჰყვა  მამაც:
-ადექი, ჩაიცვი! სალაპარაკო გვაქვს.
  საათს დავხედე. ჯერ 6 არ შესრულებულიყო. აქ, ირანში,  ცხოვრება მზის პირველ სხივთან ერთად იწყება, მაგრამ მაინც ვერ შევეჩვიე, სიზმრები თავისკენ მეწევიან. ზანტად წამოვდექი. აივანზე მიცდიდა მამა.
-აქ არა,- თქვა და კიბე ჩაიარა. უსიტყვოდ გავყევი, კვალში ჩავუდექი. გალავნის ნანგრევებთან შეჩერდა. წინ ხრიოკი, მზით დაქანცული მინდვრები ჩანდა. ჰორიზონტს გაჰყურებდა, ყავისფერი მინდვრის დასალიერს მზის პირველი სხივები ეცემოდა.
-დრო მოვიდა... 13-ის შესრულდა... აღარ უნდა გადავდოთ.
  მივხვდი. თმამაც იგრძნო მღელვარება. შიში კანში წურბელასავით შესრიალდა და დაუკითხვად მოკალათდა სხეულში. უსიტყვოდ შევყურებდი მამას ყავისფერ კისერზე გაჩენილ ხაზებს და ძლიერ, დაძარღვულ ყელს. სათქმელი ახსნას არ საჭიროებდა. შემობრუნდა, ქვიშისაგან დაწვრილებული თვალები მომანათა, ერთხანს ასე მიყურა, მერე მხარზე ხელი დამკრა და ზურგი მაქცია. მარტო დამტოვა საკუთარ ოცნებებთან.
-ოი, ალლაჰ!
  მინდორს მივანდე ზურგი. მიწის ნესტიანმა სხეულმა ტანზე ხელები მარწუხებივით შემომაჭდო და სიცივემ სასიამოვნოდ დამიარა ძარღვებში. ვიწექი და შევყურებდი ცას. ცა იყო არყისფერი და სულს სიმშვიდე მტვერივით ედებოდა.
-დრო მოვიდა, მამამ თქვა.  მისი სიტყვა კანონია. ვეღარ გადავდებთ. უნდა დავქორწინდე. აგერ უკვე 8 წელია ფატიმაზე ვარ დანიშნული. გაიზარდა, 13 წლისაა, უკვე დროაო, მამამ...  ყველაფერი კარგად იქნება, დრო მოიტანს სიყვარულს! და რომ არ... არა! ასე ფიქრი აკრძალულია! მე ვქორწინდები. ვქორწინდები...
......
  ყველაფერი  უჩემოდ გადაწყდა, კაცებმა ისაუბრეს, შეთანხმდნენ მზითვზე, ქორწილზე.... მე ნიშნის მიტანის დღე გამაგებინეს. ვღელავდი. მეშინოდა, ხმა არ გამბზარვოდა, ფეხი არ ამრეოდა. სურვილს ვეღარ ვიოკებდი, მისი ნახვა მწყუროდა. ბოლოს გამოჩნდა, ჩაი მოგვართვა. ჩადრიდან მხოლოდ შავი თვალები მოუჩანდა - დამფრთხალ შველს ჰგავდა. მუქი და ცარიელი მეჩვენა ეს თვალები. 8 წელი ველოდი ამ შემოხედვას, 8 წელი ღამ-ღამობით მესიზმრებოდა, როგორ შემომხედავად და სხეულში როგორ ჩამესობოდა მილიონი ეკალი. 8 წელი ველოდი, რომ ერთ დღესაც მისი ჩადრიდან ფეხაკრებით გამოიპარებოდა მზერა და ბებოს მოქსოვილი შალივით მომეხვეოდა მხრებზე.  არაფერი მიგრძვნია,  მხოლოდ შიში და საყვედური მომიტანა მისმა თვალებმა და ფეხებთან  მომიგდო სევდა, თითქოს აღელვებულ ზღვას დამსხვრებული ნიჟარები გამოერიყოს.  ალბათ, ასეცაა საჭირო! -დავაიმედე თავი.
  გადაწყდა, ერთ თვეში ვიქორწინებდით. ძილი თამაშისას კედელს ამოფარებული ბავშვივით დამემალა. ერთ ხანს ვეძებდი, ვერ მივაგენი და დავნებდი. ფიქრი მეზობლის ჭორიკანა ქალივით  შემოვიდა ოთახში და საწოლთან ჩამომიჯდა. როგორი იქნება  ფატიმა?- დამეკითხა და სველი ხელები ფქვილიან წინასაფარზე შეიმშრალა. ინტერესი ჭიასავით აფუსფუსდა მუცელში.  ნეტა როგორი თეძო აქვს? - ახლა მე დავეკითხა საკუთარ თავს. ამბობენ, ვიწროთეძოიანი გოგოები კარგად ვერ მშობიარობენ. მე ბევრი შვილი მინდა - მუგუზალივით თვალებიანი ვაჟები. კარგი მამა ჰყავს, მორჩილებას მიაჩვევდა. ქალის წესი ესაა!  ის იქნება კარგი ცოლი.... და, როცა ღია თვალებით შევყურებდი უსიზმრო ღამეს, წარმოვიდგინე, როგორ დამიცხობდა ტკბილეულს, როგორ მახარებდა ექიმი ვაჟის დაბადებას, როგორ დამახვედრებდა თბილ სადილსა და სუფთა თეთრეულს.... დამათენდა.
    ნაშუადღევს მეზობლის ბიჭი მესტუმრა. ალი ხანი გიხმობსო სასწრაფოდ. აჩქარებული ნაბიჯით შევაღე სიმარტოვისაგან პირთამდე ავსებული სახლი. ალი ხანმა სუსტი, დაღლილი ნაბიჯით გადმოჭრა ოთახი და ფანჯარას ჩამოეყრდნო. ის რამდენიმე წამი, რაც ბრაზიანი მზერით მზომავდა, ვფიქრობდი, სიბერე ფეხაკრებით მოჰპარვია ზურგიდან და კისერზე შემოუხვევია-მეთქი ხელი.
-რას აკეთებ? - ეს კითხვა იყო თუ საყვედური ვერ გავარჩიე და ამიტომ პასუხი დავახანე.
-ქორწინდება ბიჭი!- გამოსცრა კბილებში და ჩაიცინა.  დამცინოდა.
-რა არის ქორწინება?- ისე მესროლა სიტყვები, თითქოს კედელზე დაკიდებული სამიზნე ვყოფილიყავი და მე ვერ შევძელი ისრის  არიდება.
  ყურანიდან სურა ჩამოვარაკრაკე. ხმამაღლა, გულიდან გაიცინა.
  დუმილი გველივით გაწვა ჩვენს შორის და მე ისე შემზარა მისმა სიცივემ და ხორკლიანმა კანმა, ნაბიჯის გადადგმა ვერ შევძელი. სიჩუმე ტანგოს ცეკვავდა ტკივილით დაღლილ იატაკზე და მუსიკა რომ შეწყდა, ალი ხანმა მკითხა:
-გიყვარს?-ახლა უკვე ხავერდივით გადაჰკვროდა მის ხმას სირბილე და სითბო.
-მიყვარს, - ვთქვი და თვალები უხერხულობისაგან კუთხეში ატუზული ბავშვებივით მხრებჩამოყრილ კედლებს მოვავლე და მერე შიშჩამდგარი მზერა რომ ალის სახეს დავუბრუნე, მივხვდი,  განმარტებას ითხოვდა მისი სხეულის ყველა უჯრედი, მისი თმის ყველა ღერი. ახლა ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ქურდობაზე წამასწრეს, მინდოდა უფრო დამაჯერებელი ვყოფილიყავი და ალბათ ამიტომ დავამატე თავისმართლებასავით:
-სიყვარული თანაცხოვრებაში მოდის. ის კარგი ხის შტოა, მორჩილი მეუღლე იქნება, კარგ შვილებს გამიზრდის.
  სავარძელში ჩაეშვა. ბეჭები საზურგეს მიაყრდნო და ერთხანს ასე იყო გარინდებული. არ ვიცი, ფიქრობდა თუ ტკივილის დამარცხებას ცდილობდა. მომეჩვენა, რომ სხეული დარდით ჰქონდა სავსე, თითქოს სევდას  სუნთქვისთვის ფილტვებში ადგილი არ დაეტოვებინა.
-კარგი, მუსტაფა, ახლა დამტოვე, რაღაც ძალიან დავიღალე,- უხერხულობამ ხელი ჩამკიდა და არეული ნაბიჯით წამიყვანა კარისკენ,- საღამოს საჩუქარს გამოგიგზავნი,- კეფანში მოხვედრილი თოვლის გუნდასავით მომაწია სათქმელი,- დიდი არაფერი, უბრალოდ ეს ჩემი ბოლო გაკვეთილია.
  ვიცოდი, რომ რაღაც უნდა მეთქვა, მაგრამ სიტყვები გიშრის გაწყვეტილი მძივივით მიმოიბნა და მე მათ აკრეფას და შეკოწიწებას ვერ ვახერხებდი. ჰაერი უხერხულობამ დაამძიმა და ოთახში ჩემი ადგილი აღარ დარჩა. საკუთარი ფიქრები მზეზე გამოვიტანე და სახე მივუფიცხე ოქროსფერ სხივებს.
    მთელი დღე ზამბარასავით მქონდა სხეული დაჭიმული. ვერ გამეგო, ალისთან სტუმრობისას რა მოხდა, რას მიბრაზდებოდა, რას მსაყვედურობდა, რას მოითხოვდა ჩემგან.
  ალი ჩემი ყოფილი მასწავლებელია, თუმცა რას ვამბობ, ყოფილი მასწავლებლები ხომ არ არსებობენ. ალი ხანი ხელოვნებას გვასწავლიდა, გაგიკვრიდებათ და ქარგვას. ჩია კაცია, ვიწრო ბეჭები აქვს, წვრილი ძვლები, ყავისფერი, სიბერე შერეული კანი და თეთრი თმა. პატარა წამოსკუპული ულვაშებიდან ისე იჭყიტებიან თამბაქოსაგან გაყვითლებული კბილები, თითქოს ბუდიდან ახლადგამოჩეკილ ბარტყებს ამოეყოთ თავი. ალი ხანი ბრძენკაცია.
  10  წლის ვიქნებოდით, ალი რომ საკლასო ოთახში შემოვიდა, დიდი თეთრი ტილო შემოიტანა, ფაქიზად გაშალა იატაკზე და მერე ფეხმორთხმული მიუჯდა. გარეშემო შემოვუსხედით. შრომისაგან დახეთქილი კანი ქსოვილს ფხაჭნიდა, საქარგავი ნემსი მოუხერხებლად ეჭირა ხელში და უსწორმასწორო შავი ხაზები გამოჰყავდა, მერე ამ ხაზებს სიცოცხლე მისცაო თითქოს, მწვანე გული გაუკეთა.  რაღაც უცნობსა  და იდუმალს ქმნიდა. გადმოიხარა, თითქოს ჩვენს უკან სიბერისგან ბზარშერეული და დაყრუებული კედლები კი არა აყლაყუდა კაცები ყოფილიყვნენ და ჩვენს ყველა სიტყვას ზომავდნენ, ფერსა და ხორცს აძლევდნენ და მერე ამ სიტყვებისათვის ჩვენს დასჯას, ჩვენს განაგდგურებას აპირებდნენ. მის მოძრაობას ავყევით, ინტერესისაგან ბუდიდან ამოვარდნას მყოფი თვალები მივანათეთ ალი ხანის ულვაშებს და აჩქარებული გულით დაველოდეთ, გაოცებული ვუყურებდით, თუ შესძლებდა, თუ აქცევდა ფიქრს ბგერებად და მან თქვა: მთა...
  ალის არ უყვარდა ლაპარაკი, ალი ხანი იჯდა და ფიქრობდა. ჩვენც ვისხედით და ვფიქრობდით და ხანდახან როცა მუჭს ისე ნელა და დაძაბული გახსნიდა, თითქოს ბრძოლა გადაეხადოს, იატაკზე გაფენილი მთებისკენ გააპარებდა თითებს და ხელისგულს  გაზაფხულის წვიმების შემდეგ აბიბინებულ ბალახს შეახებდა, ჩვენც ჩუმად, ისე თითქოს ერთმანეთსაც ვუმალავდით, პატარა, გაშავებულ თითებს ქურდულად შევახებდით მთის ძირს და მაშინ ჩვენი ბავშვური გულითა და უსაზღვრო ფანტაზიით თითის ბალიშებზე ბალახები გვიღიტინებდნენ და ზოგიერთ ჩვენგანს, იქნება ეკალიც კი შერჭობოდა ხელში.
  ვისხედით  მტვრიან იატაკზე ფეხმორთხმული და უსწორმასწორო მთების ირგვლივ პატარა ფიგურები გამოგვყავდა, სოფლის გოგოს აწითლებული ლოყებივით მომრგვალებული, ქალწულივით ნაზი, ბრძოლის ველზე გაჭრილი მეომარივით თავზეხელაღებული....გამოგვყავდა პატარ-პატარა ნიშნები და მერე, ალი ხანი თითს რომ გაავლებდა ამ ნაქარგებს, თითქოს სამყაროს მთავარ საიდუმლოს გვიმხელდა ისე გვეუბნებოდა  - დედაის ენა. ამ სიტყვებს ჩვენ არ ვიმეორებდით, ვუფრთხოდით მის შეხების, მისი სიმძიმე გვაშინებდა, თითქოს ჩვენს წინ უშველებელი ბრილიანტი იდო და თუ ავწევდით, შესაძლოა, დაგვვარდნოდა და ნამსხვრევებად ქცეულიყო და თუ ასე მოხდებოდა, არ ვიცოდით, რას უნდა გაენათებინა ჩვენი ცხოვრება, რისი მეშვეობით გამოვსულიყავით სიბნელიდან.
  ერთ  დღეს  საკლასო ოთახში წიგნი დამრჩა და გზიდან მოვბრუნდი. ალი ხანი იატაკზე გაწოლილიწო და სახე თავის მწვანე მთებში ჩაერგო. ნაბიჯის ხმაზე ოდნავ წამოიწია. ალი ტიროდა. პირველად ვნახე კაცის ცრემლი, სხეულის ყველა უჯრედმა იგრძნო ღელვა.
  მოდი ჩემთანო, არ ვიცი მითხრა ალიმ თუ მე თავად მივხვდვი რომ ასე უნდა მოვქცეულიყავი. მუხლისთავებს დავეყრდენი და ლოყა მივადე ამწვანებულ ბალახს.
-გრძნობ?- მკითხა ჩურჩულით.
-ვგრძნობ!- ასევე ჩურჩულით გავეპასუხე.
-მი წა,- დამარცვლა ალიმ.
-მი წა,- გაიხმიანა ფიქრმა ჩემს სხეულშიც.
  ერთი წელი გვასწავლიდა ალი ხანი ხელოვნებას, შემდეგ წელს მისი გაკვეთილები ბიოლოგიამ ჩაანაცვლა. სკოლა დავამთავრე და რაც უფრო მეტად მითრევდა ცხოვრების მორევი, მით უფრო ვცარიელდებოდი და სულ უფრო ხშირად მესიზმრებოდა თეთრ ტილოზე ამოქარგული უსწორმასწორო მთები და დედაის ენა - პატარა ნარნარა ქალები და ხმალშემართული ვაჟები და გამთენიისას ეს სიზმრები მტკიოდა. ყველა ასეთი სიზმრის შემდეგ ალი ხანთან მივდიოდი.  ჩვენ ვისხედით პარმაღზე გამოფენილ კოჭლ სკამებზე და გავყურებდით ირანის მომქანცველ მზეს, გავყურებდით უსასრულო მინდვრებს, მხართეძოზე წამოწოლილ მიწას და ვფიქრობდით მთებზე. ჩვენ არ ვსაუბრობდით, უსიტყვოდ ვუკრავდი თავს და ვშორდებოდი და როცა სახლისკენ მივუყვებოდი ვნებით  ანთებული ქალის შეწითლებული მკერდივით ცხელ ქვიშას, მშურდა ალი ხანის, რადგან მეგონა რომ მისი მთები უფრო მაღალი იყო, მისი მთები უფრო ახლოს იყო ცასთან, მისი მთებიდან რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი ჩანდა, ზუსტად არ ვიცოდი რა, მაგრამ მეგონა, რომ ის ჩანდა, რისთვისაც ღირდა ცხოვრება...
  არც მახსოვს რაზე გვისაუბრია მე და ალი ხანს, მგონი არც არაფერზე და ამ სიჩუმეში ყველაფრის თქმა მოვასწარით. ალის არ უყვარდა რჩევების მიცემა, ალი არასდროს გავალებდა და ითხოვდა, ალი არასდროს ელოდებოდა და ახლა მისი ქცევა, მისი ჯავრი, კიდევ უფრო მეტკინა, კიდევ უფრო მეუცნაურა.
    იმ საღამოს არ მივახშმია. განვმარტოვდი. ვიჯექი სპარსულ ხალიჩაზე ფეხმორთხმული, თრიაქს ვაბოლებდი და მიზეზს - ალის სიტყვების აზრს ვეძებდი. იმის მიხვედრას ვცდილობდი, რაც არ თქვა, მაგრამ იგულისხმა.
    ბინდი იდგა ბიჭი რომ მოვიდა. საჩუქარი მომიტანა - პატარა, სიძველისაგან გაყვითლებული კონვერტი. მგონი დროა მთები ნახო, მწერდა ალი და ბილეთს მიგზავნიდა, საქართველოში მიშვებდა ჩემი  მასწავლებელი, ჩემი ალი ხანი.
  ღამე იყო ბნელი, თითქოს უხილავ ხელს ყველა ვარსკვლავი ერთად ჩაექრო. მტრის ჯარის წინააღმდეგ დარაზმული მეომრებივით მომადგნენ ფიქრები. ერთ მხარეს მამაჩემი იყო და კიდევ ფატიმა, ჩემი პატარა, სევდიანი საცოლე.  მეორე მხარეს მთები, ოღონდ ისეთი არა იატაკზე გაშლილ თეთრ ტილოზე რომ გამოგვყავდა ჯერ შავი კონტურები და მერე მისი მწვანე გული, ნამდვილი მთები, ცოცხალი ბალახით და შავი მძიმე მიწით. . .
...........
  ეს მცხეთაა - ფიქრებიდან გიდის ხმამ გამომიყვანა. ღამის ორი საათი იქნებოდა.
  მარტი იყო. წვიმდა. მტკვარზე სვეტიცხოვლის ლანდი ტორტმანებდა....
........
  მას შემდეგ 15 წელი გავიდა. მუსტაფა ფერეიდანში დარჩა, მე ნიკოლოზი ვარ. ქართველ გოგოზე, მარიამზე, დავქორწინდი. 2 შვილი მყავს, ორი ქათქათა გოგონა, ღია თაფლისფერი, კამკამა თვალებით. მარიამი ისეთი ჯიუტი ცოლია, ირანში მას სახალხოდ გაამათრახებდნენ, მე კი მისი ხასიათის მიუხედავად, მთელ სამყაროში  ყველაზე მეტად მიყვარს. ჩემს შვილებს: ნინოს და თამარს, ფერეიდანზე ხშირად ვუყვები, მაგრამ ფერეიდანი შორეული ზმანებაა მათთვის, ალბათ ვერასდროს ვანახვებ, ფატიმას ოჯახის სისხლი მმართებს, თუ ირანში ჩავალ, მომკლავენ.
  ალი ხანთან ქორწინებაზე ბევრჯერ მომიწია საუბარი. ხშირად ჩამოდის მცხეთაში. ამბობს, წინაპრების სისხლი მოსვენებას არ მაძლევს, ფესვები მეწევაო. უნდა სამუდამოდ აქ დარჩეს, მაგრამ არ შეუძლია: იქ, ირანის ცხელი მზის ქვეშ, ჯერ კიდევ ბევრი მუსტაფა იზრდება.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ლომი ვულოცავთ დაბადების დღეს