ნაწარმოებები


კარგ მწერალს და შესანიშნავ ადამიანს ირაკლი ლომოურს ესაჭიროება ჩვენი თანადგომა. თუ შეიძლება შეიხედეთ თემაში “ურაკპარაკის ფორუმი >> განცხადებები >> ირაკლი ლომოურის მეგობრები“     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1471     * * *     2018-06-19 14:45 >>> 8

ავტორი: ნიიც
ჟანრი: პროზა
5 ივნისი, 2018


ზუზარე

      ის აღდგომა რატომღაც განსაკუთრებით დამამახსოვრდა, იქნებ იმიტომ რომ ,მთელი დღე გადაუღებლად წვიმდა და სახლიდან გასვლა ვერ მოვახერხე, ან იქნებ იმიტომ რომ მაშინ პირველად ვიგრძენი ადამიანად ყოფნის უდიდესი პასუხისმგებლობის არსი.
      სარკმლის შორეულ სიღრმეში ვიხედებოდი და წვიმის წვეთების დათვლით ვირთობდი თავს, როდესაც ოთახში მამა შემოვიდა, ხელში ორი წითელი კვერცხი ეჭირა.
-დავარტყათ ზუზარე!-  თქვა თუ ბრძანა ვერ გავიგე მისი კილოდან.
-დავარტყათ!- ჩამოვართვი ერთ-ერთი კვერცხი, რადგან ბავშვობის ასაკიდან გამოვდიოდი კვერცხის დაჭიდების ტრადიცია დიდად არ მხიბლავდა და ვერც მამაჩემის ტერმინს      „დავარტყათ ზუზარე!“არსს ვხვდებოდი, მაგრამ მამას ხათრი ვერ გაუტეხე.
      წითელი კვერცხები დავაჭიდეთ, ჩემი გატყდა.... მამას სახეზე ცრემლები მოადგა.
მე გამეღიმა.
- რა არის შეგეცოდა საბრალო კვერცხი?- ვუთხარი ხუმრობით, თუმცა შევატყვე, რომ იგი ჩემს ხუმრობას ვერ იგებდა ფიქრებით სულ სხვა სამყაროში იყო.
- რატომ ამბობ ყოველ აღდგომას ამ სიტყვებს?-თემის შეცვლა ვცადე- „ზუზარე „ რას ნიშნავს?
მამამ შემომხედა, ოდნავ ჩაეღიმა, თვალებში თითქოს ნაპერწკლები აენთო, ცრემლები აუკიაფდა.
- უკვე გაზრდილხარ ჩემო ბიჭო! ფიქრი დაგიწყია და ეგ კარგია- გადამისვა თავზე ხელი, მისი მზერა კი მე გამცდა და სადღაც შორეულ სიღრმეში  ჩაიკარგა.-ის ჩემთვის ყველაფერი იყო, ბავშვობის იდეალი იყო, დიდობის მაგალითი და მომავლის იმედი.
- ვინ მამა? დამაბნია მამის სიღრმისეულმა სიტყვებმა.
- ზუზარე!- მითხრა მძიმედ-ბიძაჩემი
- ......
- ჩემი მეხსიერება იმაზე ფიქრით იწყება რომ ზუზარეს დავმსგავსებოდი, მასავით მაღალი, მხარბეჭიანი და თუნდაც ღიპიანი გავზრდილიყავი, მასავით მყვარებოდა წიგნების კითხვა, ბევრი ღვინო დამელია რათა ყველა სუფრაზე თამადა  ვყოფილიყავი და მასავით ვყვარებოდი ხალხს.
- ბევრი ჭამე და ზუზარეს დაემსგავსები!- მეტყოდა ბებო და თეფშზე დარჩენილ უკანასკნელ ლუკმასაც  ტკბილად ვჭამდი, იმის იმედით რომ ბებოს დაპირება ამისრულდებოდა.
  დრო გადიოდა ის კი ისევ ჩემ იდეალად რჩებოდა....უკვე დიდი ბიჭი ვიყავი უნივერსიტეტში ჩავაბარე და საზღვარგარეთს მივაშურე, წასვლის წინ ზუზარეს ვესტუმრეთ მე და ჩემი მეგობრები რათა გზა დაელოცა ჩვენთვის.
ტრადიციული ქართული სუფრა გაიშალა ზუზარე თამადა იყო. თამადა რომლის ხელშიც სუფრა  კარგ სანახაობად იქცეოდა ხოლმე. მას შეეძლო ერთ ტონში დაეწყო და დაესრულებინა თამადობა,  სუფრა ზუზარეს თან ერთად ეს არ იყო ჩასხმა- ჩაყრის ადგილი პირიქით ეს ხელოვნება იყო, სადაც  ბევრ ახალს გაიგებდი და ისწავლიდი. შეიცნობდი ადათ-წესებს ,ისწავლიდი წინაპართა სიყვარულს და ისტორიის  პატივისცემას. გაიხსენებდი ან სულაც ახლა გაიგებდი საქართველოსთვის თავდადებული გმირების  ცხოვრებას და მოღვაწეობის ამბებს. სითბოთი და სიყვარულით დალოცავდი საყვარელ ადამიანებს და ესე სიყვარულით აღვსილი მიაშურებდი  სახლს.
  დაგვისვამდა ზუზარე და გვიხსნიდა სუფრის სწორად წარმართვის ხერხებს და ჩვენც ახალგაზრდები გულისყურით ვუსმენდით მას, რათა სიტყვა არ გამოგვრჩენოდა და ყველაფერი სწორად გაგვეთვალა.
- „სუფრა ეს წმინდა ადგილია, როდესაც იქ ჯდები გული სუფთა და სული წმინდა უნდა გქონდეს, ყოველგვარი წყენა უნდა დაივიწყო, შენს გვერდით მჯდომი თანამებრძოლად უნდა აღიქვა, რომელთან ერთადაც ბოლომდე უნდა გახვიდე....-გვიხსნიდა ახალგაზრდებს შემდეგ კი სუფრაზე სათქმელ სადღეგრძელოებს ჩამოგვითვლიდა- სუფრა ლხინისა და ჭირის არის. ამ ორს აბსოლუტურად განსხვავებული წარმართვა სჭირდება, სუფრაზე თამადა დირიჟორია და თუ იქ რაიმე არასასიამოვნო მოხდა ესე იგი მან დაუშვა შეცდომა, რაღაც ვერ აუხსნა, ვერ გააგებინა და ვერ მიიტანა გარშემომმყოფამდე.
    ათეული წელი გავიდა სანამ საზღვარგარეთიდან დავბრუნდი, თუმცა საკუთარ მიწას მოწყვეტილი ზუზარეს არასოდეს ვივიწყებდი და მის დარიგებებს    ხშირად  ვიხსენებდი.
    როდესაც დავბრუნდი ის უკვე ავად იყო, თუმცა ისევ ამაყად ეჭირა თავი, “ბებერი ხარის რქაც ხნავს“ ნათქვამია  და ზუზარეს სიტყვა ისევ ჭექდა და ქუხდა.....
  აღდგომა იყო როდესაც ვესტუმრე.
იმ წელს აღდგომა მამაჩემის დაბადების დღეს დაემთხვა და სანამ სასაფლაოზე გავიდოდი ზუზარესთან შევიარე.
- ბიძია როგორ არის?-ვკითხე ეზოში მოთამაშე მის ერთადერთ პატარა ქალიშვილს
- არ არის კარგად!.-მითხრა დანანებით- გკითხულობდა, ძალიან გაუხარდება შენი ნახვა.
კარი შევაღე, ის საწოლში იწვა.... ოდნავ მოტეხილი, წლებდატყობილი, სევდიანი თვალებით, თუმცა ისევ ამაყად მომზირალი.
-ზუზო ქრისტე აღსდგა!
-ჭეშმარიტად აღსდგა  ბიძია! -მითხრა ამაყად
-ზუზო როგორ ხარ?-ვკითხე
- არამიშავს!- მითხრა მშვიდად, არ მახსოვს მისგან სიტყვა „ცუდადვარ“ გამეგონა, ოდნავ წამოიწია- კვერცხი არ მოგიტანია? დავარტყათ!... -თითქოს საუბრის თემის შეცვლა სცადა და გაწყობილი სუფრისკენ გაიხედა, თვალით მანიშნა კვერცხი აიღეო.
- აღდგომის კვერცხებს შეჭიდება უხდება!-ჩაილაპარაკა თავისთვის.
-დავარტყათ ზუზარე!-ვუთხარი მე და კვერცხი გაუწოდე
- დამირტყი!-იყო მშვიდი პასუხი თუ ბრძანება
ჭახანი გაისმა, მისი გატყდა.
- შენია წაიღე!-გამომიწოდა კვერცხი- ტრადიციაა ასეთი ვინც გატეხავს მან უნდა წაიღოს.
    სიტყვის შეუბრუნებლად გამოვართვი კვერცხი და ჯიბეში ჩავიდე.
- ზუზარე ეხლა მამის საფლავზე გავალ და საღამოს აქ შევიკრიბებით. ხო გვითამადებ?- ვკითხე.
- საქმეს მიხედე წადი. მეც წამოვდგები!
    სასაფლაოს მივაშურე, რომელიც ზუზარეს ეზოს ბოლოდან იწყებოდა და როდესაც ხელში ჭიქა ავიღე, რათა იუბილარი მამისათვის იმქვეყნად მიმელოცა დაბადების დღე, საშინელმა კივილმა შეძრა მთელი სოფელი.......
  ზუზარე წამოდგა და მამაჩემთან დაბადების დღის მისალოცად წავიდა....
მისი სიცოცხლე ჩემთვის იდეალური იყო და სიკვდილიც იდეალური გახდა.
ჯიბიდან  გატეხილი კვერცხი ამოვიღე და დიდხანს დავცქეროდი ცრემლმორეული. რა იყო ეს?
რატომ დამირტყა კვერცხი?
  ის ჩვენი გვარის „უკანასკნელი მოჰიკანი“ იყო და სამუდამოდ დაგვტოვა, მისი კვერცხი გატყდა ჩემი კი ისევ მთელი იყო,  ესე იგი მისი ცხოვრების გზა მე უნდა გამეგრძელებინა, ზუზარემ ერთი გატეხილი კვერცხით მთელი წარსული და მომავალი მე გადმომაბარა....
  ჩემთვის მას შემდეგ იდეალური ადამიანები მიწაზე აღარ არსებობენ, ის ერთადერთი იყო და ისიც ცაშია....


ამ ამბის მოსმენის შემდეგ ისეთი აღელვებული ვიყავი რომ მინდოდა აივანზე გავსულიყავი და მეყვირა: „ზუზარე არასოდეს დაგივიწყებთ! გვარს ღირსეულად გავაგრძელებთ!“ მაგრამ მხოლოდ ის მოვახერხე რომ სამზარეულოდან ორი კვერცხი გამოვიტანე და მამაჩემს მივმართე:
- დავარტყათ ზუზარე?
- დავარტყათ- იყო აცრემლებული, მაგრამ ამაყი მამის პასუხი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები