ნაწარმოებები


კარგ მწერალს და შესანიშნავ ადამიანს ირაკლი ლომოურს ესაჭიროება ჩვენი თანადგომა. თუ შეიძლება შეიხედეთ თემაში “ურაკპარაკის ფორუმი >> განცხადებები >> ირაკლი ლომოურის მეგობრები“     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1471     * * *     2018-06-19 14:45 >>> 8

ავტორი: თემურ მაკარაძე
ჟანრი: პოეზია
10 ივნისი, 2018


# # #

ვფიქრობ საიდან დავიწყო საკუთარი სულის განმარტება.
უფროსწორად იმისი, რაც მისგან შემორჩა.

უმისამართო ფიქრები მჭამენ.
შემომესივნენ,
როგორც მატლები
გახრწნილ გვამს და
ხორცის შეჭმამდე ძვლებს შეესივნენ...

იმაში მაინც გამიმართლა,
რომ სხეულიდან შერჩენილი სულის ამოგლეჯა მაინც მოვასწარი
და მოვაბნიე ახალგამოზამთრებულ დედამიწას.
ერთი სურვილი მრჩება მხოლოდ:
რომ ჩემი სული უდაბნოს მტვერივით უსიცოცხლო არ აღმოჩნდეს.

ეს ცხოვრებაა...
ყველაფერს უნდა ელოდო.
დიახ, ცხოვრებაა  და მას
ჩვენი ოცნებების შემმუსვრელი ჰქვია...
ძაღლიშვილს ვუწოდებთ ჩვენ ამ ცხოვრებას, მას შემდეგ რაც გულში გამოგვდო თავისი სასტიკი კბილები და სამუდამოდ შეიკრა პირშავი ყბა.
დიახ ვაძაღლიშვილებთ და ისიც იმ ავი ძაღლივით უფრო და უფრო  ავდება, რომელიც არც თვითონ ჭამს და არც სხვას აჭმევს.

რა უცნაურია
ხანდახან როგორ დამუნჯდები ადამიანი,
შეიძლება შიგნიდან ინგრევი,
მაგრამ ადგილიდან არ იძვრი.
თითქოს შეეგუე უიმედო მდგომარეობას,
ხანდახან კი აბობოქრებულ ზღვასავით მოადგება სხეულს გულში ჩაკლული სიტყვები და
კოკისპირულად წვიმდება,
როგორც ახლა
და ეს მომენტი მცირე წარღვნა უძლურ სხეულში.
მდინარეც გადმოსკდება ხოლმე თავისი კალაპოტიდან,
სადამდეც შეუძლია აბობოქრებს დაწყვეტილ ნერვებს,
მაგრამ ბოლოს მაინც საკუთარ თავს უბრუნდება,
როგორც ადამიანი.
და მეც ვდუმდები.
ვკვდები ნახევრად...

სიკვდილი ვახსენე...
ეს არც თვალების დროებით დახუჭვაა,
არც ხვალინდელი თვალის გახელის იმედი
და მითუმეტეს
ახალი სიცოცხლის თუ ცხოვრების დასაწყისი
(ერთი ფეხებია მაინც).
სიკვდილი ეს მოჭრილი ხის ნაფოტებად ქცევაა,
რომელსაც პირღია ცეცხლი ელოდება.
ან ქარით წელმოტეხილი სადმე ლურჯი ცის ფონზე ამოლპება.
ირონიაა...
თუმცა რა ცეცხლი,
მე ხომ ხე არ ვარ.
ადამიანი ვარ
და ჯოჯოხეთურად შავი მიწა მელოდება.
აქაც ირონიაა -
განა ეს თავად ის მიწა არაა გაზაფხულობით სიცოცხლით, რომ ავსებს ქვეყნიერებას?

რა ვქნა?..
ვერაფრით დავისწავლე ცხოვრება. მხოლოდ მისგან მოყენებული ჭრილობების გაღრმავებს ვახერხებ ოსტატურად.
ამ ჭრილობებმა საკუთარ სისხლში, რომ არ ამომახრჩოს ლექსებს შევეხიზნე.
აი ასე ავიღე კალამი და ვწერ:
დაუოკებელ ტკივილებზე,
სისხლსდამშრალ ვენებზე და
ხავსმოკიდებულ გულზე.
ხანდახან მზეც შემომანათებს ხოლმე, გვალვიან თვალებში.
სიცოცხლის ნიშანწყალი ჩაგიდგება
და ესეც იმისთვის, რომ ხვალ ორმაგად აგკუწოს ცხოვრებამ.
და ადამიანებმაც.
ვიმეორებ -
ადამიანებმაც.

ზემოთ ვახსენე ლექსებს შევეხიზნემეთქი.
მაგრამ გამოჩნდნენ ადამიანები,
და ზოგიერთი პოეტებიც მაღალი ეშელონებიდან, რომლებმაც თავმომწონედ (და მათივე თქმით ჩემდა სასიკეთოდ) მომიწოდეს წერა შენი საქმე არაა,
"სახლში წადიო ბიძია".
ჰოდა მეც ავიღე და ყველა ლექსი სანაგვე ყუთში მოვისროლე.
მერე  ისიც ვიფიქრე თვითონ ხომ არ ვარ საკუთარი ცხოვრების სანაგვემეთქი.
მერე ისეთი გრძნობა გამიჩნდა თითქოს საკუთარი სული ჩემივე ხელით მოვისროლე სანაგვეში.
ჰოდა მივედი,
სათითაოდ ამოვალაგე ყველა ფურცელი ყუთიდან და ნაკეცების სწორება დავიწყე ცრემლების ფონზე.
კიდევ ერთხელ ვამბობ:
ჩემი ლექსები ჩემივე გულიდან ამოხეთქილი ცრემლებია
და თვითონ ვწყვეტ დაეცეს უნდა თუ არა დედამიწაზე.

ერთი პატარა სასწაულის ხილვა მსურს,
მეტს არაფერს ვითხოვ.
პატარა იმედის ნაპერწკლის, რომ
შერყეული რწმენა ისევ განვიმტკივო:
იქნებ საკუთარი თვალით ვიხილო,
ან სხვისგან გავიგონო,
თუნდაც სიკვდილამდე ერთხელ მაინც მოხდეს, რომ:
დედა, რომელმაც შვილი სხვის კარზე დატოვა,
გულმა არ გაუძლო და უკან მობრუნდაო...
მითხარით ვინმემ,
გამაგონეთ,
თუნდაც მომატყუეთ,
ოღონდ მითხარით.

დასასრული ყველაფერს აქვს.
ჰოდა ვასრულებ
და გეუბნებით:
მე მაინც ვერაფერი გავიგე.
ჰოდა, ჩემი სულის განმარტებაც თქვენთვის მომინდია...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები