ნაწარმოებები


კარგ მწერალს და შესანიშნავ ადამიანს ირაკლი ლომოურს ესაჭიროება ჩვენი თანადგომა. თუ შეიძლება შეიხედეთ თემაში “ურაკპარაკის ფორუმი >> განცხადებები >> ირაკლი ლომოურის მეგობრები“     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1471     * * *     2018-06-19 14:45 >>> 8

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
12 ივნისი, 2018


საქართველოში

ნინო დარბაისელი

საქართველოში
- - - - -

ისეთი ცაა, სხივს ღრუბელი გამოუძენძავს.
საქართველოში ქვა რომ ააგდო, მოხვდება მეძავს.-
ამბობს მეძავი,
ქუჩა-ქუჩა დაეძებს მუშტარს
და მთელი ყოფა მოღერებულად ჰქცევია მუშტად.

ცას მთა-გორები თითქოს სილით გადაულესავს.
- საქართველოში ქვა რომ ააგდო, მოხვდება მლექსავს-
ჯავრობს პოეტი, ეძალება ღვინოს და თრიაქს,
პოეტთა ყოფა დროს
თავდაღმა ნიაღვრად მიაქვს.

საცაა, ღამე დედამიწას ბნელით დაფარავს.
- საქართველოში ქვა რომ ააგდო, მოხვდება მპარავს-
დარდობს ქურდი და ქურდის ქურდი ქურდს ემტერება,
მათგან მოელის მთელს ქვეყანას გადამტვერება.

წამოყრის ღამე ძველ ტკივილებს, ჯერ მოუშუშარს.
- საქართველოში ქვა რომ ააგდო, მოხვდება მუშას.
ამბობს მუშა და უფულობა უცებ ახელებს,
ამაო შრომით მიმობეჟილს დახედავს ხელებს.

ცაზე იმხელა მთვარე გორავს,
დოლაბს ეტოლვის.
- საქართველოში ქვა რომ ააგდო,
მოხვდება ლტოლვილს.-
ამბობს ლტოლვილი, გაღუნულ ლურსმნებს შინ ეზიდება.
სამშობლოვ ჩემო, ზეცას ასწვდა შენი დიდება!

აცივდა, ცაში ანგელოზებმა უმატეს ხველას.
- საქართველოში ქვა რომ ააგდო, მოხვდება ყველას.-
ამბობს ყველა და ყველა ყველას მტრად ეკიდება.
ცხრავე ცას ასცდა, სამშობლოვ ჩემო, შენი დიდება!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები