ნაწარმოებები


ნეფერტარის “ბედუინი“ 15 აგვისტოდან წიგნის მაღაზიებში გამოვა, მსურველებს შეგიძლიათ შეიძინოთ     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: ნინო გოგიჩაიშვილი
ჟანრი: პროზა
13 ივნისი, 2018


აგვისტოს შუადღე

        ზაფხულის ხვატი მტვერთან ერთად ავსებდა ფილტვებს და იქ იბუდებდა. სუნთქვა ჰაერივით იყო დამძიმებული. ბლანტ სივრცეს არტილერიის ჭურვების აფეთქების ხმაც კი ყრუდ, მძიმედ კვეთდა, მაგრამ ესეც ხმაურს კი არ იწვევდა ადამიანებისაგან დაცლილ სოფელში, თითქოს სიჩუმეს ხდიდა უფრო აუტანელს. მოხუცის დაღლილი მზერა შეეყინა ჩრდილოეთისკენ გაშლილ მინდვრებს. კვამლი ავსებდა ოქროსფერ ყანას და ნელა მოცოცავდა მისკენ. ამ კვამლისფერი იყო ცაც. უცნაური ნაცრისფერი  გადაკვროდა. ფერიც არ ეთქმოდა, გახუნებულიყო თითქოს მეტისმეტი სიცხისგან.
        რამდენიმე სამხედრო მანქანა გამოეყო  პურის ყანას უეცრად.  ფეხზე წამოდგა კაცი და ღობესთან მივიდა, რომ უკეთ დაენახა რა ხდებოდა.  მიხვდა,  ქართველები იყვნენ. "გამორბიან" გაივლო გულში და თავი დახარა. ცრემლი დაეცა მსხვილი, ლურჯი ძარღვებით დაქსელილ ხელზე.  სადღაც, მკერდის სიღრმეში აუტანელი ტკივილი იგრძნო. თითქოს გული მოეგლიჯა და  ბოლო იმედთან ერთად გაჰყვა ამ ცრემლის წვეთს. ეზოდან გავიდა და ისე უყურებდა მოახლოებულთ. ერთი მანქანა, ჯარისკაცებით რომ იყო სავსე. მის სახლთან გაჩერდა.
      - ბაბუ,  კიდევ აქ ხარ?  - გადმოსძახა მძღოლის გვერდით მჯდარმა შავტუხა  ჯარისკაცმა, - ოციოდე წუთში ან უფრო მალეც აქ იქნებიან რუსები. რას ელოდები, წამოდი,  წაგიყვანთ...
      მოხუცმა ინსტიქტურად გადადგა ნაბიჯი. ეზოს კარიც კი გაიხურა, მაგრამ იმავე წუთს რაღაც ძალამ იქვე გააჩერა.
      - სწრაფად, სწრაფად, დრო აღარ გვაქვს, - ახმაურდნენ ძარაზე მსხდომები, - მოგეხმარებით, ამოდი!
        ერთიც გახედა ჩრდილოეთით  მინდვრებს.  ახლა უკვე თამამად ნებივრობდნენ ცეცხლის ენები  ოქროსფერ თავთავებს შორის და ჯიუტად უახლოვდებოდნენ სოფელს. არც არავინ ჩანდა ამის შემჩერებელი... მძიმედ ახედა ჭაღარა წარბებს ქვემოდან  პირტიტველა, გადაღლილსა და გაწამებულ ბიჭებს  და თავი გააქნია;
      - არ მოვდივარ ბიჭებო. მადლობა, მაგრამ უჩემოდ წადით...
        მერე შეტრიალდა და მძიმე ნაბიჯებით გაუყვა შეჩვეულ ბილიკს სახლისკენ. ოთახში შესულმა ნათელღიმილიანი ქალის სურათი აიღო და ფრთხილად გადაუსვა ხელი.
      - ხომ დაგპირდი, არასოდეს დაგტოვებ მარტო.  ვერც ჩვენს ეზოში შემოვა ვინმე, სანამ ცოცხალი ვარ...  ისევ ადგილზე დადო ფოტო, ოთახიდან გავიდა, სახლს შემოუარა და დამძიმებული მუხლებით სარდაფის ნესტიანი კიბე ჩაიარა. ესიამოვნა სიგრილე და  მიწის სუნი,  ღვინისა და მოსავლის არომატთან შერეული, ყოველ შემოდგომაზე აქ რომ იდებდა ხოლმე ბინას.  ჩამრთველს მისწვდა და მისდა გასაკვირად შუქიც აინთო. ქვევრს ახადა. აღარც ახსოვდა როდინდელი იყო ეს ქვევრი. ძალიან პატარა იყო, ბაბუამ რომ ჩააგდო. იქნებ ესეც მხოლოდ გადმოცემით იცოდა და ეგონა, რომ მის ხსოვნაში ბინადრობდა?..  დიდი ხნის თავდახურული ქვევრიდან ამოსულმა შმორის სუნმა წამით შეაჩერა. მერე მუხლებზე დადგა, რომ შიგნით ჩაეხედა. ვერაფერი დაინახა. ხელებით დაეყრდნო მიწას და ქვევრის პირას გაწვა. როგორც იქნა მიაგნო, რასაც ეძებდა და შვებით ამოისუნთქა. წამოდგომას კიდევ მეტი ძალისხმევა დასჭირდა. ბებერი სახსრები ეწინააღმდეგებოდა ყოველგვარ მოძრაობას,  მაგრამ ამჯერად არც მიუქცევია  ამისთვის ყურადღება. სარდაფიდან გასულს ჩვეულების საწინააღმდეგოდ სინათლის ჩაქრობაც არ გახსენებია. ისევ სახლში შევიდა  და ზუსტად თვრამეტი წლის წინ  სისხლის ფასად ნაშოვნ, დამტვერილ  კალაშნიკოვს ტილო გადაუსვა.  დრო მოვიდა, როცა კვლავ დასჭირდებოდა. ისევ სურათს შეხედა და გაუღიმა.  ახლა მშვიდად შეეძლო დალოდებოდა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ლომი ვულოცავთ დაბადების დღეს