ნაწარმოებები



ავტორი: ანა ჯავახიშვილი
ჟანრი: პროზა
16 ივნისი, 2018


შუქნიშნიდან შუქნიშნამდე



მე და ღმერთი შევთანხმდით, რომ ორი დღით ჩემთან გაჩერდებოდა.
ოთახის ხალიჩიან კუთხეში გავუწყვე საწოლი.
ფანჯრებზე ფარდები ჩამოვხსენი, ძველებურ მაგიდას  ტილო გადავაფარე და ჩაი მოვამზადე.
ჩუმად  ჩამოვსხედით.
ჩაიზე  ქლიავის მურაბა გამახსენდა, ქლიავის მურაბაზე  ღამე, თუშფალანგზე გადაწურული ქლიავების ღრუბლებით...
ჩვენს თავზე წამომდგარ ფანჯარას მძიმედ მოაწვა სიბნელე, სქელსივრცა და ერთიან ღამეში  ვერ გაარჩევდი ცა რომელ მხარეს იყო ზევით, ქვევით თუ ორივეგან.
-მეც ხომ ორივეგან ვარ. „იქ“ მე და „ის“ ვართ.  „აქ“  მე და  თქვენ  რომ იცნობთ ის „ის“.  მაშინ კი, ეკლესიაში, თექვსმეტი წლისა „არსად“ ვიყავი.  ისევე „არსად“, როგორც სჩვევიათ ხოლმე ხიფათის წინ ბრიყვად წარმოდგენილ ადამიანებს. ჯვრისწერის გვირგვინის დიდ ზომაზე რამდენი ვიცინე მაშინ. ღმერთო ჩემო, ჩემიანებთან ერთად გულიანად ვიცინოდი. რა მოსატანია აქ ეს ამბავი, მაგრამ ფიქრული ჩვევაა.
ისე, სიცილზე გამახსენდა, რამდენი იცინა მაშინ დედაჩემმა, ჩემს შვილს რომ ეთამაშებოდა და კალიასავით დახტოდა აქეთ-იქით. თურმე, ზუსტად იმ დროიდან აღარ ყოლია თავისი.
გადამეტებული სიცილი უგუნურობა გამოდის. არასდროს ხარ დარწმუნებული „შეგრჩება“თუ არა. ასეა ღმერთო?!
...ჩაი მოვსვი, გული დამწყდა სულ გაციებულა... გახსოვთ ღმერთო?! ასე უბრალოდ გაცივდა მაშინ სამყაროც. ასევე უბრალოდ გადაწყვიტა შვილის წლისთავზე მამაჩემმაც სიკვდილი.
თვითმკვლელობა ხომ უგუნურობაა, მაშასადამე გადამეტებული დარდიც უგუნურობაა, ისევე როგორც სიხარული?!
ბავშვობაში არასდროს დაუმალავს მამაჩემს, რომ ცუდად ვხატავდი, მართლა საშინელი ჩიტები გამომდიოდა. მზესუმზირები კი ლამაზი იყო, ხომ გახსოვთ? პირველად, ონკოლოგიურ საავადმყოფოში, დედას ძვლებზე გაკეთებული  ანალიზის სურათზე თვალწინ დამიდგა, როგორ დაეკენკათ ჩემი მზესუმზირები საშინელ ჩიტებს.
... მე სიცოცხლისმოყვარული გამოვდექი, გამძლე, როგორც ეს მაგიდა, ვერცერთმა სხვამ ვერ  გაუძლო მოუფრთილებლობას. ეს კი დგას ურჩად, ვითომც აქ არაფერიასავით.
...ზამთრობით, როდესაც ქლიავისმურაბა ღამეები იწყება, შიში მერევა, ვერ ვპოულობ იმ ერთსივრცობაში ცას. სხვა დროს კი თამამი ვარ, არაფერს ვეპუები, არც შეცდომებს. ვიცინი, ვკამათობ, ვბრაზობ, მომწონს, ვოცნებობ, მიყვარს. ოცნებების ცალკე ცხოვრება მაქვს, სრულიად აწყობილი და თანმიმდევრული, თავისი  ხიფათებით, ფათერაკებით, თავგადასავლებით. ოცნება არც კი ქვია ამ მდგომარეობას, რადგან რეალობისგან მხოლოდ იმით განსხვავდება, რომ ხელს ვერ კიდებ, თუმცა შეგრძნება, ემოცია, თანაგრძნობა, სიყვარული  არაფრით განსხვავებულია.
-ასე, მოციმციმე არითმიასავით, ირხევა ჩემი ფიზიკური და სულიერი მდგომარეობა, წინაგული-ჩემი რწმენა პრაქტიკულად უმოქმედოა და ხშირია  შედედებული ბოღმის გადასროლა და არტერიების - უხილავი გზების კიდევ უფრო დახშობა.

ღმერთმა გახედა ფანჯარას, მინაზე ცვარ-კაპილარებში მშვიდად იცლებოდა ღამე, მხოლოდ აქა-იქ კოლტებად იბლანტებოდა ქლიავისმურაბა ღრუბლები. ფართოვდებოდა კაპილარები და დაუღალავად ყლაპავდნენ ლუკმა-ლუკმა ჩემს შიშს.
ღმერთი მზისგან გახუნებულ ხორბლის მინდორს გავდა, მსუბუქს და თბილს, რომელიც იწყებოდა და არ მთავრდებოდა. მე, მთელი ღამე, ხმისამოუღებლად  წისქვილის ქვასავით ვტრიალებდი და  ხორბალ-ხორბალ ვფქვავდი მის თვალებს.
დაღლილი ჩანდა...
გულში მოწამლულივით მივლიდა და მიტრიალებდა  მწკლარტე ნაღველი.
...მოგვიანებით, ოთახის ხალიჩიან კუთხესთან მივედი,  საბანი შევუსწორე,  მაგიდას  ტილო გადავაძრე და ჩაისთვის სამოვარში წყალი გამოვცვალე.





კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები