ნაწარმოებები



ავტორი: ანა ჯავახიშვილი
ჟანრი: პოეზია
21 ივნისი, 2018


წარ-მოსახვა

როცა, წარმოსახვით ქარაფიდან
ტერფებს გავუსწორებ ქვიან  ხორკლებს,
როცა ლურჯ-წითელა ცის ნაცაარს
გულში შევუძვრები ვერ ვიცოცხლებ,
თუ არ დამინახავ ქარის იქით,
აქეთ როგორ გეძებ ნაზამთრიდან,
შუბლს თუ ამილოკავს სიმარტოვე,
ერთი ვეღარაფერს გადავიტან.
თუ არ დამინახავ ქარის იქით,
მუხლებზე მიფარებულ ხელებიდან
წამსკდება მიწიანი ყველა დარდი,
ჩემი მზის ხორბლების ბეღლებიდან
ვეღარ გამართობენ კალიები,
იქ ვეღარასდროს დავბრუნდები,
ვეღარც გახევებულ ხეებს მოვრთავ,
ჩემში გადაჩვეულ ალუბლებით.
...როცა წარმოსახვით ქარაფიდან,
ტერფებს გავუსწორებ ქვიან ხორკლებს,
როცა ლურჯ-წითელა ცის ნაცაარს
გულში ჩავუძვრები,
ვერ ვიცოცხლებ
თუ ვერ დამინახავ ქარის იქით,
თუ ვერ დამინახავ, ქარის იქით.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები