ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: თამარ ბუკია
ჟანრი: პროზა
30 იანვარი, 2009


თავი 4. თავისუფალი თემა ("გაცვლა")

დღეს თეონა ბოლო გამოცდას აბარებს!
მანქანაში რომ სხდებოდნენ, ნინუცამ ჰკითხა, "სულ არ გეშინიაო?"
ხმა არ ამოუღია თეონას... მხოლოდ თავი გაიქნია, - "არაო", და... იმ საოცარ ხილვაზე გააგრძელა ფიქრი.

უნივერსიტეტის შენობასთან მისვლამდე მამამ მანქანის სარკიდან შეხედა და დარწმუნდა, რომ თეონა აბსოლუტურად მშვიდად იჯდა!
- თეონა, რას აპირებ?
- რა უნდა დავაპირო? დავწერ!..
- რას დაწერ, ისევ თავისუფალ თემას?
- არა, რატომ?
- რა რატომ, თეონა? თავმჯდომარე – მზექალა შანიძეა! ეს იცი, რას ნიშნავს?
- არა...
- ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, თავისუფალ თემაში დაწერენ “2”-ს...
- რატომ, მამა?
- აუუუ, გამაგიჟებ, თეონა! არ უყვარს ამ ქალს თავისუფალი თემები! არ უყვარს!...
- როგორ, კარგად რომ დავწერო, მაინც “2”-ს დამიწერენ?
- ხო...
- მდააა, საინტერესოა!
- არ გამაბრაზო! დამპირდი, რომ პროგრამიდან დაწერ რომელიმე თემას...
- ხო, დავწერ...
- ეეეჰ, შენ ასე დამპირდი გამოსაშვებზეც, მაგრამ...
- მამა, რა უნდა მექნა? დირექტორი შემოვიდა და... “აბა, ბავშვებო, ვინ წერს პირველ თემას, ხელი აწიეთო”... მერე - “აბა, ვინ წერს მეორე თემასო?”...  ხელი ავიწიე და... “თეონა, მეორე თემას ვკითხულობო...”  “მეორეს ვწერ-მეთქი... “ და ისეთი თვალებით შემომხედა, ვიფიქრე, კაცის კვლას მაბრალებენ-მეთქი...
მერე თავისუფალი თემა იკითხა და... 100 ბავშვიდან არავინ წერდა თავისუფალს!
იმ ქალის განწირული თვალები მთელი სიცოცხლე არ დამასვენებდა... მხარში ჩამაფრინდა და “თეონა, ვინ წერს მესამე თემასო?”... რა მექნა? ავწიე ხელი!
რა გინდა, “5” ხომ მივიღე? კარგ თემაში როგორ დამიწერდნენ დაბალ ნიშანს?!
- თეონა, სულ ოდნავ მაინც თუ გიყვარვარ... ნუ დაწერ თავისუფალ თემას!

თეონამ აღარაფერი უპასუხა.
მამამ ხელი ჩაიქნია, - ეს მაინც თავის ნებაზე ივლისო...

* * *
უნივერსიტეტის ეზოში ხალხი ირეოდა.
თეონამ თავისი ნაცნობი გოგონა დაინახა, ლიკა, რომელთან ერთადაც აბარებდა გამოცდას გეოგრაფიაში.
- მოხვედი, თეონა? – ლიკამაც დაინახა თეონა და მიუახლოვდა.

გაბედავა... გელოვანი...

ერთად ამოიკითხეს გვარები.
ლიკამ და თეონამ ხელი ჩაჰკიდეს და ისე ავიდნენ კიბეზე.

ერთ დარბაზში მოხვდნენ... სულ რაღაც 4 მერხი ჰყოფდათ ერთმანეთისგან.

გამომცდელებმა დალუქული კონვერტი გახსნეს:
1. “ტარიელ გოლუა” (შინაარსი);
2. “განდეგილი” (გარჩევა);
3. “ჩემი დედა” (თავისუფალი).

დაფიქრდა თეონა.
პირველი თემა – თავიდანვე უარჰყო, არ უყვარდა ეს ნაწარმოები...
მესამე თემა – მამა გაახსენდა და მისი მუდარით სავსე თვალები!
დარჩა მეორე თემა: “განდეგილი”...

კაი, ბატონო, იყოს “განდეგილი”...

თეონამ შავად საწერი რვეული გადაშალა და სათაური დაწერა.
მხოლოდ სათაური!...
და უცებ ხელმა თავისით გადახაზა “განდეგილი” და ახალი სათაური მოხაზა:
“ჩემი დედა!”

“მე ძალიან კარგი დედა მყავს!”... დაწერა ეს და გაჩერდა.
გაჩერდა, რადგან გამომცდელმა დაიწყო ჩამოთვლა, რისი ჩაწერაც არ შეიძლებოდა თემაში:
1.  არ დაწეროთ დედის სახელი, გვარი, მამის სახელი, ასაკი, მისამართი...
2. დედის სამუშაო ადგილი, თანამდებობა...
3. დედის გარეგნული დახასიათება....
4. ისტორია, რომელიც დედათქვენს გადახდა და ამ ისტორიით ბევრნი იცნობენ...
5. დამახასიათებელი ნიშანი ან ფრაზა, რომელსაც ხშირად ამბობს...
და ბოლოს,
6. არ დაწეროთ რომელიმე ცნობილი მწერლის ნაწარმოები, მაგალითად გორკის “დედა”!

იფიქრა, ჩემს თავგადასავალს დავწერ და დედასთან დავაკავშირებო, მაგრამ ხელმა ისევ თავისით დაიწყო წერა!
არა, ხელი კი არ წერდა თავისით, თეონა წერდა, მაგრამ... წერდა ისე, რომ არც კი ფიქრობდა მომდევნო წინადადებაზე.
ერთი ამოსუნთქვით დაწერა 4 ფურცელი.

ზედამხედველმა რამდენჯერმე შეიხედა მაგიდის ქვეშ, - აბიტურიენტი საიდანმე ხომ არ იწერსო.
შემდეგ თემის სათაურს დახედა და... თავი გადაიქნია:
- ვხედავ, კარგად წერ... რატომ დაიღუპე თავი? იქნებ “3”  მაინც მიგეღოო... – ჩაილაპარაკა.

არ მიაქცია თეონამ ყურადღება ამ ნათქვამს და თემის გადათეთრება დაიწყო.
4 საათი ჰქონდათ დრო აბიტურიენტებს...
2,5 საათის შემდეგ თეონა თემას კითხულობდა, - “სადმე შეცდომა ხომ არ გამეპარაო”!
წამოდგომა დააპირა და...
- სად გეჩქარება? კიდევ ერთხელ კარგად გადახედე თემას, - უთხრა ზედამხედველმა.

კიდევ 20 წუთი იჯდა თეონა დარბაზში.

საქმე აღარაფერი ჰქონდა და ლიკას გახედა.
ლიკამაც გამოხედა.
- დაამთავრე? – ტუჩების მოძრაობით ჰკითხა ლიკამ.
თეონამ თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად და წამოდგა.
გვერდით რომ ჩაუარა, “მეც გამოვალ 20 წუთშიო”- ჩაიჩურჩულა ლიკამ და წერა განაგრძო.
ნაწერი სხვა ზედამხედველმა ჩაიბარა.
თავისუფალი თემა რომ დაინახა, ჩაწიკწიკებული ასოებით ნაწერი, თავი გადაიქნია და... “რატომ დაიღუპე თავიო”, - ჩუმად ჩაილაპარაკა, ხმამაღლა კი უთხრა, - “ხვალ დილის 10 საათზე გამოგიცხადებენ ნიშნებსო”...

უნივერსიტეტის კარიდან გამოსვლისთანავე დაინახა მისი გულშემატკივრები, - დედა, მამიდა და ნინუცა. თვალებით მამას დაუწყო ძებნა, - კიბეებთან იდგა მამა, ქაღალდივით გაფითრებული...

- მამა, აქ ვარ! გამოვედი, მააა! – დაიძახა თეონამ და კიბეზე ჩამოირბინა.
- რა დაწერე?
- თავისუფალი თემა, მამიკო... “ჩემი დედა”!...

მამამ გულში ჩაიხუტა თეონა და ჩაილაპარაკა: “ვიცი, რა ჯიუტიც მყავხარ! ჩემი გაჭედილი ხატისას მე ვინ რას მასწავლისო”... შემდეგ ხელი მოხვია და ხის ქვეშ მდგარი სკამისკენ წაიყვანა, სადაც დანარჩენები ელოდნენ თეონას გამოჩენას.

სახლში მისულს რამდენიმე მეგობარი დახვდა.
- რა დაწერე?
- თავისუფალი...
- აუუუუუ, თეონაააა, რატო დაიღუპე თავი?! თვისუფალი რამ დაგაწერინა?!
- რა იყო, პირი შეკარით ყველამ? რატომ ვარ დაღუპული? ჯერ ხომ არ გინახავთ ჩემი თემა?
- გოგო, მტრები კი არ ვართ შენი?! ჩემს მეზობელს მხოლოდ იმიტომ დაუწერეს “2”, რომ თავისუფალი დაწერა!

მეორე დილას სიკვდილივით არ უნდოდა თეონას ნიშნების გასაგებად წასვლა.
- თეონა, ათის ნახევარია... დაგვაგვიანდება!
- მე 11 საათი მითხრეს, - “დააბრეხა” თეონამ უაზრო ტყუილი და სუფთა ფურცლებზე ხატვა დაიწყო.
- თეონა, დროა!...
- მე არ მეჩქარება ჯერ... 11 საათიოოოოო.....

10.30-ზე თეონამ ნახატები გვერდზე გადადო და ფეხათრევით წავიდა კარისკენ.
- შენ მოგიკვდი, დედიკო... როგორ ესიკვდილება ახლა იქ მისვლა!...
- ესკვდილება და თავის თავს დააბრალოს! ვინ სთხოვა, თავისუფალი დაწერეო? – გიზოს გაბრაზება შეეპარა ხმაში...

უნივერსიტეტთან რომ მივიდნენ, ნიშნების გამოცხადება თითქმის მთავრდებოდა!
თუ პირველ გამოცდაზე მიკროფონში მხოლოდ დადებით შეფასებას აცხადებდნენ, ახლა ყველა ნიშანი ცხადდებოდა, “2”-ს ჩათვლით.
თეონას ჯგუფის ნიშნები – დიდი ხნის გამოცხადებული იყო.

ლიკას მოჰკრა თვალი.
იქით წავიდა.
- ლიკა, რა მიიღე?
- არ ვიცი, თეონა, დამაგვიანდა!
- მეც...

ამ დროს დიქტორმა გამოაცხადა, რომ დაგვიანებულ აბიტურიენტებს ნიშნის გაგება შეეძლოთ დღეს ცნობათა ბიუროში ან ხვალიდან - საპრეტენზიოში...
ლიკამ და თეონამ ერთად აირბინეს კიბეზე.
ცნობათა ბიუროსთან ხალხი ირეოდა.

- შემდეგი ვინ არის? – გაისმა დიქტორის ხმა.
- ჩვენ... გაბედავა და გელოვანი...
- გაბედავა – ფრიადი...
- გელოვანი – კარგი...

თეონას მუხლები ჩაეკეცა, მაგრამ არ წაქცეულა, - მამის ძლიერმა ხელებმა დაიჭირეს!
- ყოჩაღ, მამიკო, ყოჩაღ... შენც გილოცავ, გოგონა...
- მამა, ეს ლიკაა... ერთ ჯგუფში ვიყავით... გაგრიდან არის!
- წამოდით, დაბლა ჩავიდეთ... ისე, რატომ დაგიწერეს, ნეტა, "4"? ქალბატონო, თემების ნახვა თუ შეიძლება? - მიუბრუნდა გიზო დიქტორს.
- რა თქმა უნდა... ხვალ, საპრეტენზიოში...

მეორე დღეს, ისე, რომ თეონამ არაფერი იცოდა ამის შესახებ, მშობლებმა საპრეტენზიოს მიაკითხეს და თემის ნახვა ისურვეს.

"4 (კარგი)
მ. შანიძე"

არცერთი წითელი წერტილი... არცერთი შეცდომა!

- მაჩვენეთ?! - გამომცდელმა დახედა ნიშანს და... - თქვენ იცით, ეს რას ნიშნავს? თავად ქალბატონმა მზექალამ მოაწერა ხელი ნაშრომს... ეს "4" იგივე "10"-ა...
გილოცავთ!

თეონა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები