ნაწარმოებები



ავტორი: გილო
ჟანრი: პოეზია
30 ივნისი, 2018


რჩევა

ნაჯერი ხსნარივით მოყირჭება ცოდნია ცხოვრებას,
თუ წარმოადგენ ერთგვარ ნაერთს ხასიათების,
გარკვეულ ზღვრამდე აიტანოს შენი ხსნადობა,
ან კრსიტალებად ფსკერს მიმჯდარი განმარტოება.
ასე მარტივად აიხსნება ყველა მოვლენა.
უჩინარ დღეებს ვერ იკავებ ხველებასავით,
აფარებ სახეს საკუთარ და ხანაც სხვის მაჯებს,
საცეცებივით განლაგებულ, თავზე - თითებით;
ცდილობ სამყარო ვერ შენიშნო და ასე იხსნა
ილუზიების გადაკვეთა - არსებობაზე,
რომლითაც თითქოს თავს აჯერებ შეუპოვრობას...
უმეტეს წილად არ გამოგდის და ილექები.
და ლუქავ სმენას, არ იტოვებ გასაქცევს მაშინ
როცა გიტევენ - შეზღუდვები, ჩვევები; გყოფნის
- შიშები მკვეთრი, ლექსებშივე ჩამხრჩვალი ხშირად
ალიაქოთი ფიქრების თუ იმგვარი შფოთი,
სიმშვიდის სახით მხოლოდ ქოშინს რომ გაიძულებს
და წარმოიდგენ ნეკნებს შორის გაყრილ სტაფილოს
გაუსაძლისი ყოფასავით ებღაუჭები,
-თუ აბსურდია ყველაფერი აბსურდი იყოს...
არ გადამალო სახის მღვრიე ზედაპირიდან
ის იმედები, ცინიკურად რომ გექერცლება,
სიცოცხლის შემდეგ იქნებ შეძლო აღმოცენებაც.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები