ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი „ლილე 2018“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში და ფორუმზე, კონკურსების თემაში

ავტორი: ნია-კო
ჟანრი: პოეზია
29 ივნისი, 2018


შემოდი

ვდგავარ და სევდას თვალებში ვუცქერ,
და ცრემლით სავსე მოვდივარ შენთან...
მეძებდი ვიცი, მეც დიდხანს გძებნე,
ჩვენ შორის ახლა შეჩერდა ღმერთი...
და ენოქივით გსასოობ შენ ერთს,
ვქრები და მაინც ხელახლა ვიწვი,
შენ დამიჯერე, მეც ისე გენდე,
ვით მამაჩემის გათოხნილ მიწას...
და მიწასავით გრილი ხელები
შემახე ისევ, უწამლე ტკივილს,
მოვალ და ისე მოგეფერები,
რომ დაიჯერო: წამებსაც ვითვლი...
ღამეებს ვამსხვრევ უსიზმრო ძილით,
სადაც შენ ხარ და მეტი არავინ,
შენი სიტყვიდან იმგვარად ვიშვი,
თითქოს უნეკნოდ დარჩა ადამი...
შენა ხარ მიწა... მეც მიწად ვრჩები,
ზეცა იქაა, სადაც ჩვენა ვართ...
ვინთებით, ვქრებით, ისევ ვინთებით
და მერე ჩუმად ვამბობთ:
მიყვარ... ხარ...
ჩვენ შორის ახლა შეჩერდა ღმერთი,
ვსასოობთ ისე, როგორც ენოქი...
მე ისე დიდხანს, იმგვარად გძებნე...
ღიაა კარი, ვამბობ:
შემოდი!!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები