ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი „ლილე 2018“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში და ფორუმზე, კონკურსების თემაში

ავტორი: ნუნუ ნონა
ჟანრი: საბავშვო
30 ივნისი, 2018


ცემა - ტყეპის შემდეგ


      ულვაშას მარცხი შეემთხვა, თანაც ერთი კი არა, რამდენიმე ერთად. მაგიდაზე ახტა, ღვინით სავსე ბროლის ფუჟერი გადააყირავა. ღვინო ხომ დაიღვარა, ფუჟერიც დაიმსხვრა, მისი ნამსხვრევები მთელ მაგიდაზე მიმოიფანტა.  ულვაშამ  სასწრაფოდ ისკუპა მაგიდიდან, სიჩქარისაგან მეტისმეტად ფართო ნახტომი გამოუვიდა, ტახტს გაცდა და ფანჯრის ფარდას დაებღაუჭა. ფარდაც ჩამოგლიჯა. ამის შემდეგ გაქცევა სცადა, მაგრამ ვერ მიართვეს. გაცეცხლებულმა დიასახლისმა კუდში დროზე სტაცა ხელი. იცოცხლე, მაშინ ულვაშას მოხვდა. ულვაშა ხმამაღლა კნავილს მოჰყვა, იგრიხებოდა, ყველანაირად ცდილობდა გაქცევას, ამაოდ ჩაუარა, სანამ გული არ მოიჯერა, ხელიდან არ გაუშვა დიასახლისმა. ნაცემ - ნატყეპი ულვაშა კუთხეში მიიკუნჭა.
      თანშეზრდილ მეგობარს, ყურშასაც გადაედო ულვაშას მღელვარება,  მართლაც გულთან  ახლოს მიიტანა მისი გასაჭირი. ირგვლივ უვლიდა დასჯის სცენას, იგრიხებოდა, წკმუტუნებდა, იმის ნიშნად - ულვაშა შეიბრალეო.  სხვა რა შეეძლო, რას შეკადრებდა სამართლიანად განრისხებულ დიასახლისს.
        მერე კი, როდესაც ულვაშას დასჯა აღსრულდა, ყურშამ მაშინვე მიაკითხა კუთხეში მიკუნჭულს, ძალიან მებრალებიო,  ნაცემ - ნატყეპი ადგილები გაულოკა. მერე მის გვერდით დაწვა თვითონაც და ცხვირი თათებში წარგო.
        - რომ იცოდე, როგორ მებრალები, - წკმუტუნით უთანაგრძნო ყურშამ მეგობარს.
        - დამაცადოს, მაგას არ შევარჩენ - წამოიღნავლა ულვაშამ, მის ხმას კნავილს ვეღარ დაარქმევდი, როცა გაბრაზებული იყო.
        - მაინც რას აპირებ? - დაინტერესდა ყურშა.
        - ღამით მივეპარები და თვალებს ამოვჩიჩქნი.
        - გაგიჟდი? ისეთი საყვარელი თვალები აქვს - დაიწკმუტუნა ყურშამ.
        - ცხვირსაც დავუკაწრავ..
        - ცხვირიც ძალიან საყვარელი აქვს . . .
        - ფეხებში გავებლანდები, დაეცემა და კისერს მოიტეხს - გაავებით ღნავის ულვაშა.
        - არც ეს ივარგებს. ვინღა მოგიხარშავს ფაფას? - შეახსენა ყურშამ. (უნდა აღინიშნოს, ულვაშას ძალიან უყვარდა ანა ბებოს მოხარშული რძიანი ფაფა).
        ცოტა ხნით სიჩუმე ჩამოვარდა, იფიქრებდი, ულვაშას ჩაეძინაო, თუმცა არა. თურმე ფიქრებში იყო გართული.
        - მე ვიცი, რასაც ვიზამ, - წამოიღნავლა ისევ, - თავს არ მოვაფერებინებ, ნებას არ მივცემ, ზურგზე ხელი გადამისვას. არც ვიკრუტუნებ - დაიღნავლა დაქადნებით.
        ამაზე ყურშა აღელდა, დაწოლილმა ვეღარ გაძლო. წამოხტა და ერთი - ორჯერ შემოურბინა ოთახს, მერე ულვაშას წინაშე შეჩერდა და გამომცდელად მიაჩერდა.
        - ხომ გახსოვს, რა სიტყვებს გეუბნება ანანო ბებო;  „ჩემო წნევის წამალო“, „ჩემი გულის მალამო“....
        - სულ თათებზე მკიდია...
        ყურშამ ერთი - ორი წრე კიდე დაარტყა ოთახში, მერე ისევ დაწვა ულვაშას გვერდით და ლოკვა დაუწყო. - სულ მალე ყველაფერი გაგივლის - წკმუტუნებდა ხმადაბლა.
        ულვაშას ხმა აღარ გაუღია. ჩანს, ნელ - ნელა მშვიდდებოდა.
        დადგა დრო, ვერც ყურშა აცდა დიასახლისის მრისხანებას;  სურნელოვანი კრემით სავსე თასს დაადო ცხვირი, რომელიც დიასახლისს ფანჯრის რაფაზე  შემოედგა  გასაგრილებლად. ოჰ, რა სუნი ასდიოდა კრემს, ყურშა ერთიანად გააბრუა მისმა სურნელმა. ცოტას გავსინჯავო, იფიქრა, ენა მოუსვა კრემს, გემოც არანაკლებ საამური ჰქონდა, ვიდრე სურნელი. ვეღარ იკავებდა თავს ყურშა, ერთ გალოკვას მეორე მოჰყვა, მეორეს მესამე... ვერ გაჩერდა, სანამ თასი ფსკერამდე არ მოაკრიალა.
      აი, მაშინ კი ყურშას მოხვდა კარგებისა. დიასახლისმა საყელურში ჩაავლო ხელი და გვერდები ერთიანად აუჭრელა. ერთი სიტყვით, ყურშას იმდენი ურტყეს, ნახევარსაც ვერ დაითვლიდა. თურმე ის კრემი საგანგებოდ გამომცხვარი ტორტისთვის იყო გამზადებული. დიასახლისი არ მოეშვა, სანამ ჯოხი ხელში არ შეატყდა. გაუძლო ყურშამ სასჯელს, მგონი ინანა კიდეც თავისი სულწასულობა, თუმცა არც იმდენად.
        სად იყო ამ დროს ულვაშა?  უთანაგრძნო თუ არა თავის თანშეზრდილ მეგობარს?  ირგვლივ ხომ არ უვლიდა დასჯის ადგილს ყურშას მსგავსად? არც კი იფიქროთ!  ულვაშას აზრადაც არ მოსვლია მსგავსი რამ,  ახლოსაც არ გაკარებია ყურშას დასჯის ადგილს,  ერთი მიაუც კი არ უთქვამს,  იწვა თავისთვის მყუდროდ  კუთხეში, თათები და კუდი შემოეკეცნა, თვალებიც მაგრად დაეხუჭა, აქაოდა, არაფერი მესმის, ვერაფერს ვხედავო. თავი ისე ეჭირა, თითქოს ბაიბურში არ იყო, თუ რა ხდებოდა ყურშას თავს.
      როგორც კი სასჯელი აღსრულდა, ნაცემ - ნატყეპმა ყურშამ მაშინვე ულვაშას მიაშურა წკმუტუნით, ნუგეშს და თანაგრძნობას ელოდა მისგან. ნახე, რა დღეში ვარო, - ამცნო. ამის პასუხად ულვაშამ (მართლაც ღირდა სანახავად) კიდევ უფრო მაგრად დახუჭა თვალები, აქაოდა,  არაფერი დამინახავს,  არც არაფერი  გამიგონიაო.
      - ვაი, ვაი, ყველაფერი მტკივა, - წკმუტუნებდა ყურშა.
      ულვაშას პასუხად ხმა არ გაუღია. თვალები კიდევ უფრო მაგრად დახუჭა.
      - კიდვ კარგი, ჯოხი გადატყდა, თორემ ძვალი აღარ შემრჩებოდა მთელი - გააგრძელა ყურშამ წკმუტუნი.
      ულვაშამ კვლავ დუმილი შეაგება პასუხად. რაც შეეხება თვალებს, უფრო მაგრად უკვე ვეღარ დახუჭავდა.
      - მთლად ჩემი ბრალიც არ იყო, ის კრემი მეტისმეტად გემრიელი გამოდგა - უფრო თავისთვის დაიწკმუტუნა ყურშამ, თანაგრძნობის იმედი აღრა ჰქონდა. 
        ულვაშა კვლავ დუმდა.   
        - თან სუნიც როგორი ჰქონდა . . .
        პასუხად კვლავ დუმილი.
        ბევრი იწკმუტუნა ყურშამ, მაგრამ სულ ამაოდ, თანაგრძნობას ვერ ეღირსა ულვაშასგან, ყური ოდნავადაც კი არ შეურხევია, თვალი ერთი წამითაც არ გაუხელია.  ბოლოს კი სულაც ადგა და მიატოვა მეგობარი, აქაოდა, შენი წკმუტუნი მომბეზრდაო.
        დიდად უცნაურად არ მოსჩვენებია ყურშას თანშეზრდილი მეგობრის საქციელი, ყოველ შემთხვევაში, გაკვირვება არაფრით გამოუხატავს. ერთხანს იწკმუტუნა თავისთვის,  დიასახლისიც გაიხსენა, არც ისაა მთლად დამნაშავე, მის ადგილას მეც გავბრაზდებოდიო, - თავის თავს გაუმხილა. მერე ადგა, სადღაც ბნელ კუთხეში მიეგდო  და  ნაცემ - ნატყეპი ადგილების ლოკვას მოჰყვა. ულვაშა კი სულ სხვაგან იწვა თავისთვის, თვალებდახუჭული.
      გაივლის  არც ისე დიდი ხანი, ჰა და ჰა, ნახევარი დღე . . .  ხალიჩით მოფენილ მყუდრო ოთახში კვლავ ერთად ითამაშებენ თანშეზრდილი მეგობრები, ყურშა და ულვაშა. არცერთს აღარ ემახსოვრება ეს მართლაცდა ჭკუის სასწავლი თავგადასავლები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები