ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი „ლილე 2018“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში და ფორუმზე, კონკურსების თემაში

ავტორი: მუხრან აბაშიძე
ჟანრი: პოეზია
2 ივლისი, 2018


გეზნაზავი

ლექსის დაწერას წინ უძღოდა მცირე ისტორია: მოულოდნელად მეზობელი სოფლიდან სკოლის მეგობარი დამემგზავრა და მომიყვა, ბაკალავრიატი დავამთავრე და მაგისტრატურაზე საზღვარგარეთ ვსწავლობ, ამ დრომდე სულ თან ვმუშაობდი და სახლიდან ფული საერთოდ არ გამომირთმევიაო...

უსაზღვრო მთებს და მთა საზღვრებსაც კი გადალახავ,
როცა გეზია გზაზე შენი აზრი თუ ვიზა.
შენ შეგიძლია გქონდეს ძალაც, რომელიც არ გაქვს,
და ამ სურვილით მიაღწიო სასურველ მიზანს.

არ იცი, თუმცა კარგად იცი ფუტკრების ენაც;
დიდია, მაგრამ პატარაა ვარსკვლავი - შორი;
შენ შეიძლება დაიქანცო, როცა ისვენებ,
და დაისვენო - გარჯითა და მოყვარე შრომით.

აკი, ზღვასავით ივსებოდნენ ბარიერები,
და რწმენის წამით ამაგრებდი დრომოჭმულ ჯებირს.
თუ სირთულეებს ბავშვობიდან სცნობ, ეფერები,
სულ, სულ ადვილად, სიბერემდე ბავშვური რჩები

და ცხოვრებაში კენწეროა წუთი ყოველი...
და იბადები, თუნდაც მძიმე ბედი გეწეროს,
და მომავლიდან გარდმოვლენილ იმ აწმყოს ელი,
რომლის წარსულსაც ეფუძნება, სწორედ, კენწერო.

უსაზღვრო მთებს და მთა საზღვრებსაც კი გადალახავ,
როცა გეზია გზაზე შენი აზრი თუ ვიზა.
შენ შეგიძლია გქონდეს ძალაც, რომელიც არ გაქვს,
და ამ სურვილით მიაღწიო სასურველ მიზანს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები