ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი „ლილე 2018“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში და ფორუმზე, კონკურსების თემაში

ავტორი: შონ შუგი
ჟანრი: პროზა
3 ივლისი, 2018


20 შეკელიანი მელოდია

ყველა მირბოდა და მეც წავედი. არა, არ გავქცეულვარ, არც მიფიქრია დამალვა და პრობლემების თავიდან არიდება. პირიქით, ვიფიქრე ეს ახალი ბრძოლა იყო, ახალი გამოწვევა. ბრძოლა, გიყვარდეს და, მართლაც გამოდგა.
  თავიდან იყო ყველაფერი საუცხოოდ, მერე ეს უცხოც, რომ ნაცნობი გახდა, აღარ მაკვირვებდა და აღმაფრთოვანებდა, ღიად დარჩენილ ფანჯარაში სევდა შემოძვრა და მკერდზე ტკიპასავით მომეწება. ვეღარ მოვიცილე. დავდიოდი ბინდშერეულ ქუჩებში და ვცდილობდი მესუნთქა, მაგრამ ჰაერი არ იყო საკმარისი და ფილტვები უჰაერობამ ისე აავსო, მისი გათავისუფლება, მისგან დაცლა გახდა საჭირო.
  დიდი ხანი აღარაფერი დამეწერა. იმ დილით კი უცხო მელოდიამ გამაღვიძა. ამყვა ეს მუსიკა და თავიდან ვერ მოვიშორე. ვერ გავითავისუფლე  სხეული. ჯიბეები მოვიჩხრიკა. 20 შეკელი აღმომაჩნდა. ნოტების რვეულის საყიდლად წავედი. მივდივარ თავჩაღუნული, მაგრად მომუჭული ხელებით, თითქოს ნოტები მაქვს მუჭში ჩამწყვდეული და მეშინია არ დამეფანტოს. ხმამ შემაჩერა, არ მახსოვს რა მკითხა, სრულიად უმნიშვნელო, იქნებ ქუჩა ან საათი. ისეთი ხმა ჰქონდა, სადღაც წამიღო თითქოს, შორს, სხვა სამყაროში...
  დაუფიქრებლად გავშალე მუჭი და საფულეში ეულად მყოფი 20 შეკელით ყავაზე დავპატიჟე. ზღვისპირას პატარა კაფეში დავსხედით. არასაზღვაო ამინდი იყო, არყისფერი ცა, ამღვრეული, გაბოროტებული ტალღები. სციოდა. შემეძლო მისი გათბობა, მაგრამ ხელები არ გავშალე და გულში არ ჩავიხუტე. წავიდა. არა კი არ წავიდა, დრომ წაიღო მისი სხეული. ჩვენ ზურგი არ გვიქცევია ერთმანეთისთვის. ასე ვიდექით და თვალებში შევყურებდით ერთმანეთს, დრო კი ჩვენ შორის მანძილს სულ უფრო ზრდიდა.
  მერე ერთ ადგილას ვეღარ გავჩერდი, დავდიოდი გზაარეული, ქალაქიდან - ქალაქში, ქვეყნიდან- ქვეყანაში, კონტინეტიდან- კონტინეტზე. ვწერდი, ვქმნიდი, ვყიდდი.... ჯილდოებს ვიღებდი. მაგრამ ცხოვრების მიმწუხრს ხსოვნას მხოლოდ ერთი შემორჩა, ის 20 შეკელიანი მელოდია, რომელის ჩაწერაც, რომლის მუსიკას ქცევაც ვერ მოვასწარი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები