ნაწარმოებები



ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
3 ივლისი, 2018


კოცნა

ნინო დარბაისელი

კოცნა
- - -

ხავსის ხალიჩა დაბეჟილ ტერფებს მოესალბუნა,
ხმამ გამიტყუა სიმხურვალიდან გამოსწრებული
და მე ვიხილე
ვარსკვლავებით მოჭედილი ცა 
და მდინარე,
მდინარის პირას ჯდა იგი და არავინა ჰყვა
და გაისმოდა მისი სოლო უკიდეგანო სიმარტოვეში...

სხეული ჰქონდა ისეთი გრილი, 
ისეთი გრილი სხეული ჰქონდა,
რომ შეხებაზე
ქალის მუცელში ჩასიცხულ პეპლებს საბედისწერო თავგანწირვით აფრიალებდა.

გრილი სხეული ჰქონდა-მეთქი, იმას ვამბობდი,
ტუჩებიც - გრილი,
შუბლიც,
კისერიც,
მაგრამ ის ქალი მე არ ვიყავი,
ვისი კოცნითაც უცებ ტყავი გადასძვრებოდა და სამეფო მანტიამოსხმულს,
მაღალ ფეხებზე წამომართულს, 
მარადლაქუცა კარისკაცები წითელ ხალიჩას დაუგებდნენ
და მის წინაშე
ქალადქცეული ფერადგვირგვინა ყვავილები  თაყვანისცემით განერთხმეოდნენ.

არადა, იქნებ მართალიც იყო, რომ  სჯეროდი თავისი წამის და  თვალწარმტაცი გუბის პირად  მოწყენით  მჯდომი , ცისკენ მზირალი იმ ერთ, ერთადერთ, ჯადოსნურ კოცნას ელოდებოდა,
მე კი მიველ და მოვაცდინე.

რა ვქნა, ის ქალი მე არ ვიყავი,
და ჩემი კოცნა დედურად თუ დედობილურად  სიცხის გასინჯვას უფრო ჰგავდა.
ხმაშიც,  თვალებშიც ზრუნვა მედგა, შფოთს რომ ერევა და ყრმას აწყნარებს, ამამაცებს:
,ეს სეზონური ვირუსები - არაფერია!"
მერე დაიცდის,
ჩათვლემილს ჩუმად საბნის კუთხესაც შეუკეცავს
და ფეხაკრეფით,
გალიცლიცებულ ღამის ქოთანსაც თან გააყოლებს.

სხვა რაღა გითხრათ იმ სიყვარულის!

მთავარ მანუსკრიპტს ვერავინ შევცვლით,
ჰოდა, ვჯერდებით  ასე, ერთჯერად ადაპტაციებს.

ყველამ თქვენ-თქვენი გაიხსენეთ,
წარმოიდგინეთ, 
აღმაფრენებით,
აფრებით და
გაარაფრებით!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები