ნაწარმოებები



ავტორი: ან...
ჟანრი: პოეზია
5 ივლისი, 2018


იასამნისფერი კაბა

ჩემს აუხდენელ ოცნებებში, დავაშრიალებ იმ
იასამნისფერს კაბას, შენ რომ არასდროს გიყიდია..
და ვნერვიულობ ჩვენს ვერგაჩენილ შვილზე, არ გავაღვიძო.
ჩვენს ვერშემდგარ ოჯახს შენი სუნი აქვს:
მამაკაცური, მკაცრი, თბილი.
ათრთლებულ თითებს ვაყოლებ ფინჯანს,
აი, იმ ლამაზ ფინჯანს, ლამაზნახატიანს,
შენ რომ წესით უნდა გყვარებოდა.
და ვფიქრობ, რომ ყველაფერი ბედისწერაა.
ახლა რომ შენზე მეფიქრება და ამ უაზრო
სურვილებში მეკარგება ჩემი ვნებები,
ეგეც ბედია და შენ ამ ბედს თანგაყოლილი
ამბოხების მთავარი გმირი.
მე რომ შემეძლოს, მოგძებნოდა გითხრა:
„აი, მოვედი. ისღა დაგრჩა გულში ჩამიკრა.
აცახცახებულ მხრებზე მომეხვიო და არ გამიშვა“.
რომ შემეძლოს..
შენს შეხებამდე დარჩენილი ერთი წამია ჩემი ცხოვრება.
გიმზერ და ვიცი, როგორ ანგელოზს ერქმეოდა
შენი შვილი, შენი ნაყოფი.
და მე დედობის შეგრძნებისგან განებივრებულ
ჩემს თავს მივცემდი იმის უფლებას,
შენი ნაყიდი იასამნისფერი კაბის შრიალით
გამეღვიძებინა ჩვენი შვილი
და იმ ფინჯანსაც ათრთოლებულ ხელის თითებით
დავადნებოდი შენს მოსვლამდე, ვიდრე პაწია
სახლის კარს ჩუმად შემოაღებდი და შენს ნაბიჯებს
აყოლებულ ჩემი კანკალის შეგრძნების შემდეგ
ჩუმად იტყოდი :“აი, მოვედი“.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები