ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი „ლილე 2018“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში და ფორუმზე, კონკურსების თემაში

ავტორი: ლუტეცია
ჟანრი: პოეზია
7 ივლისი, 2018


ჰიჯაბიანო ქალო


შენზე ამბობენ, რომ ეს შენი არჩევანია,
რომ სინამდვილეში თავისუფალი ხარ...
ისინი ამბობენ, შენ ვერ მეტყვი -
პირი გაქვს დაფარული.

თქმაც რომ შეგეძლოს
და შენი ენაც რომ ვიცოდე,
შენი პირით შენ კი არა,
შენი კაცები მეტყოდნენ  -
მამა,
ძმა,
ქმარი,
ღმერთი... მათი ღმერთი... ღმერთ-კაცი.

არც შენ გესმის ჩემი ენა,
ვერც მე მოგიყვები
ჩემს უჰიჯაბო ტკივილებზე.

მოდი, შეთქმულება მოვაწყოთ,
მოდი, ნურავის ვეტყვით,
რომ თვალებით საუბარიც შეგვიძლია,
რომ შენ ჩემს თვალებში უჯებირო ზღვას ხედავ,
მე შენს თვალებში - ლაღი ბავშვობის ნარჩენებს...

ნურც იმას გავამხელთ, რომ ერთმანეთში აღმოვაჩინეთ
სავარაუდო საკუთარი თავები,
და თუ როგორები შეიძლებოდა ვყოფილიყავით -
შენ - სახე და თმაგამოჩენილი,
მე - ჰიჯაბით სუნთქვადახშული.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები