ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი „ლილე 2018“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში და ფორუმზე, კონკურსების თემაში

ავტორი: თემურ მაკარაძე
ჟანრი: პოეზია
7 ივლისი, 2018


ცოდვა რომელსაც სიყვარული ჰქვია სახელად


დაღამდა ისევ, გამიწვია გულმა დუელში,
ბრძოლა უწესოდ დამიგეგმა სადღაც მკერდიდან,
დაჭრილ ოცნებების თვითონ იქცა სასუფეველი
და ყოველ ღამე სანთლით ხელში ამიერიდან.

ვუდარაჯებ და ყველა სანთელს მკერდზე დავიდნობ,
რომ ამოვიწვა მონატრების ნიშანწყალები,
რომ ამ ვენებში სიყვარული ისევ ამინდობს,
რომ ტკივილები აყვავილდნენ წყლიან თვალებში.

მერე სულისკენ მიიწევენ, ისიც წყალდება
იწყება წვიმა, სულის წვიმა. ცა გაიხსნება
ერთხელაც, მაგრამ  ჩემს სურვილებს ვერც ქადაგება,
ვერც აღსარება ვერ უშველის და გავიხსენებ.

ისევ იმ რიცხვში, იმავე თვეს და წლების შემდეგ,
რომ დავიბადე ხელმეორედ მხოლოდ ორისთვის,
რომ ლურჯ თვალების უანგარო სიწმინდეს ვენდე
და ვერ გადავრჩი და ვიცოცხლე მხოლოდ ორი თვით.

მე შენ მიყვარხარ, გეფიცები, რომ შემიყვარდი...
როგორ შემცვალეს ამ სიტყვებმა საფუძვლიანად.
დაბადებიდან სიკვდილმდე სიცოცხლე განდე
და სულ ორ თვეში ჩაატიე (გრძნობებიანად).

რისი ბრალია გამეტებით, რომ შემიყვარდი?..
რისი ბრალია, რომ ვერაფრით, ვერ შემიყვარე?..
მჭირდები... ახლა ჩემს სხეულში ზამთარი ბარდნის,
შენ არ გჭირდები... არ ვაკლივარ... შენს ზღვისფერ თვალებს.

რა მოვუხერხო, ეს ტკივილი შიგნიდან მანგრევს?..
როგორ ამოვხსნა ჩამოშლილი ტაძრის გამოცდა?..
ჩემში რომ ჩატყდა გუბათები და ამ  ნანგრევებს,
შიგნით მოვყევი ღმერთთან მყოფი შენზე სალოცად.

დღეს მაწანწალა, იმ ძაღლივით აყეფდა სული,
არ დარჩენია... სხვა გზა არ აქვს... ნებდება მხოლოდ...
და მთვარის შუქზე ყელგამოჭრილ მგელივით ვყმუი,
და საკუთარი თავის გარდაცვალებას ვგლოვობ.

არ გაგიკვირდეს შენს სიყვარულს თუკი ვჯიუტობ...
ოჯახში ალაჰს ლოცულობენ დღევანდელ დღემდე.
არ გაგიკვირდეს სიჯიუტე თუნდაც იმიტომ,
რომ ყველა წესში ტაძარსა და ქრისტეს ვაღმერთებ.

თითქოს ართრიტი შეეყარა ამ ხელის მტევნებს
და ამ ლექსით გწერ სიყვარულის ბოლო გამხელას,
ფეხი დამადგი, როგორც დავითს და მომიმიტევე
ცოდვა, რომელსაც სიყვარული ჰქვია სახელად...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები