ნაწარმოებები



ავტორი: გოლიაძე
ჟანრი: პროზა
9 ივლისი, 2018


ჩემი ცოლი დიდებული მხატვარი გახლდათ.

ჩემი ცოლი მხატვარი იყო. ერთმანეთი ძალიან უჩვეულო გარემოში გავიცანით. ის როგორც ყოველთვის სიგარეტს ეწეოდა აივანზე და ცალი ხელით ტილოზე ხატავდა. მე გვერდითა ბინის აივნიდან ვუყურებდი და ვაკვირდებოდი მის თითოეულ მოძრობას. ჰაეროვნად აქნევდა ხელს. მისი თითები გაჟღენთილი იყო ფანტაზიით. ლამაზი პატარა თეთრი თითები ჰქონდა. დიდი ემოციის პატრონი. ზოგჯერ ხარხარით აქნევდა ფუნჯს, ზოგჯერ კი თვალცრემლიანი. არ მესმოდა რას შეეძლო მისი ასე აღგზნება ან პირიქით, დადარდიანება. საოცარი ქალი იყო. ქალი კი არა, ქალღმერთი. ალკოჰოლიდან კალვადოსს ეტანებოდა, ფრანგული კალვადოსი, ნაღდი ხელოვანის ასაფანტაზიებელი ღვთიური სითხე. დიახ, ჩემი ცოლი მხატვარი გახლდათ, არც მეტი, არც ნაკლები.
    ახლა სამოცდასამი წლის ვარ, საცვლისამარა გამოვედი აივანზე და კომპიუტერი გამოვიტანე საჩხაკუნოდ. ეეჰ ჩემი ცოლი დიდებული მხატვარი გახლდათ. ერთი ერთში, როგორ მიყვარდა... არა ახლაც ძალიან მიყვარს. რადგან ჩემს გვერდით აღარაა ეს იმას არ ნიშნავს, რომ აღარ მიყვარს ან არ უნდა მიყვარდეს, ბევრ ცოცხალს მირჩევნია და ასე იქნება, რადგან მე ჩემი ცოლი გონებით შემიყვარდა და არა გულით. დიახ, დიახ, აი ასე მოხდა, პირველად ჩემს ცხოვრებაში. მანამდე ვნებამორეულ ქალებში ვიკლავდი ცხოველმყოფელურ ჟინს, კაცმა არ იცის სად მიღამდებოდა და სად მითენდებოდა. მიყვარდა კიდეც სანამ ანა გამოჩნდებოდა ჩემს ცხოვრებში, ოღონდ ისინი გულით მიყვარდნენ და არა გონებით. სულ ვეჭვიანობდი, შეყვარებული მყავდა, მაგრამ მაინც ვეჭვიანობდი მასზე. საერთოდ არ ვლაპარაკობდით, უბრალოდ გვერდითა ბინიდან ვაკვირდებოდი. ეგ იყო და ეგ. მაგრამ რაღაც აი ვარსკვალი რომ მოწყდება, ოცნებას ჩაუთქვამ და გჯერა რომ ოდესმე აგისრულდება, მეც სადღაც ეგრე მჯეროდა, რომ ანა ჩემი ცოლი გახდებოდა და ასეც მოხდა.
    გამოუსწორებელი ოპტიმისტი ვიყავი და ზუსტად ისეთი დავრჩი სიბერემდე. თქვენ რა გგონიათ, რადგან ასაკი მომემატა ეს იმას ნიშნავს, რომ სულ სხვა პიროვნება გავხდი? ბოდიში მოიხადეთ. უბრალოდ სხეული გამომეცვალა, ელემენტები დამიჯდა, თორემ თავს ისევ თოთხმეტი წლის ბავშვივით ვგრძნობ. გული არ ბერდებაო, რომ ამბობენ არ ყოფილა მართალი, გული გაცილებით ადრე ბერდება ვიდრე სხეულის რომელიმე უჯრედი. ეგ სულია საერთოდ რომ არ ანაღვლებს რამდენი ფურცელი ჩამოიხევა კალენდარზე, რაცარუნდა დრო გავიდეს, ისევ ისეთი ხარ რაც იყავი, შეიძლება ხალხს თავს აჩვენებდე თითქოს დაბრძენდი, თითქოს რადგან წლები მოგემატა და გამოცდილება მიიღე უკვე შეგიძლია რჩევა დარიგებების მიცემა ადამიანებისთვის, სრული სიყალბეა, პირიქით, მე თვითონაც ვამჩნევ, რომ ცოტა შევურიხინე. სიბერე მაინც თავისას შვება. ნეირონები ამომეხოცა, თავი დამიცარიელდა, მაგრამ არის რაღაც რაც არასდროს არ დამავიწყდება რაცარუნდა ამირიოს გონება სკლეროზმა. ჩემი ცოლი დიდებული მხატვარი იყო.
    როგორც გითხარით ერთმანეთი ძალიან ჩვეულებრივად გავიცანით. გვერდითა ბინიდან ვაკვირდებოდი. ერთ დღეს ძალიან აღშფოთებული იყო, სულს ვერ იკავებდა სხეული, ლურჯი ხალათი ეცვა, ხელში სობრანიე ეჭირა და თავზე საზაფხულო გრძელი ქუდი წამოეფხატა გვერდულად. გამოვიდოდა აივანზე, რაღაცას წაჯღაბნიდა, ისევ შევიდოდა, გამოვიდოდა წაჯღაბნიდა ისევ შევიდოდა, თან  შიგადაშიგ სვამდა კიდეც. ბოლოჯერ როცა აივანზე გამოვიდა, ხელებგადაჯვარედინებული დადგა და თავის ნახატს უკნიდან უყურებდა. თავი დახარა, მერე ცაში აიხედა, რამდენიმე წამს ასე იყო, ბოლოს მომიტრიალდა და მეუბნება: "ჩემთან სექსი გინდა?" სიმართლე გითხრათ დიდად არ გამკვირვებია. ჯიბიდან სიგარეტი ამოვიღე და მოვუკიდე. თვალებში ვუყურებდი, ვაკვირდებოდი და მივხვდი, რომ რაღაც ძალიან აწუხებდა, შიგნიდან ღრღნიდა და სულს უნგრევდა. რაღაც რაც არ ჰგავდა უბრალო დღეს, ზღვის ჩხრიალს, მთის დუმილს, წვიმის ფერსა თუ მზის წველს სხივებს. გადაკრულში იყო, საკუთარ თავს არ ჰგავდა. მარჯვენა ხელით ჭიქა აიღო, შემდეგ თავზე დაიდგა და ძლივს მოახერხა წონასწორობის შენარჩუნება. ბოლოს როგორც იქნა ჭიქა გააჩერა და როგორც კი ეს მოახერხა, მაშინვე სიცილით გააქნია თავი იქეთ-აქეთ. თმები საპირისპიროდ მოძრაობდნენ, ლოყა ეჩხვლიტებოდა, წარბები უსიცოცხლო სხეულის ნაწილაკებს მოგაგოებდათ, მისი ტუჩები... საკითხავადაც არ ღირს. თავად იყო ერთი დიდი სურათი, სურათი რომელსაც ჩარჩოს ვერაფრით მოარგებდი.
    "ინტელექტუალური სექსი კი ბატონო და შენი სხეული მე ვნებას ვერ მომანიჭებს" - ვეუბნები. გაშეშებულივით იდგა ერთ ხანს. მისი თვალები თითქოს და მე მომშტერებოდა, თუმცა კი ვერ მხედავდა, იმ მომენტში საერთოდ ვერაფერს ვერ ხედავდა ღმერთმანი. გეფიცებით ვარსკვალევბით მოჭედილი ცა გეგონებოდათ ისეთი სანახავი იყო. გამოუსწორებელი შიზოფრენიკი. ეჰ როგორ მიყვარდა, ჩემი ცოლი, ჩემი ლამაზი ჭკუის პატრონი ანასტასია. ნახევარი ტუჩით გაიღიმა და მარცხენა ხელით მანიშნა გადმოდიო. სიგარეტი საფერფლეში ჩავატრიალე და ბინაში შევედი. ტანსაცმელი გამოვიცვალე, სუნამო შევიშხურე, მივწესრიგ-მოვწესრიგდი და სადარბაზოსკენ დავეშვი. დაახლოებით ათუ წუთი ყლიყვივით მაყურყუტა. არაფრით არ მაღირსა კარების გაღება. მერე როგორც იქნა გააღო, მაგრამ თვითონ არ ჩანდა. უცებ მისი შიშველი ფეხი კარის ზურგიდან გამოცურდა, ნელ-ნელა ამოძრავებდა, ალივლივებდა და ათამაშებდა. გამეცინა, აშკარად ცდილობდა ჩემს გამოწვევას. ნელი ნაბიჯებით ოთახში შევედი. თავი გალაკტიკაში მეგონა, სასწაული, ფანჯრის მინები, კედელი სიგარეტის ნამწვავებით თითქმის გაშავებული იყო, ჭერი ლურჯზე ყვითელი წინწკლებით, თითქოს შავმა ფერი შთანთქაო, იატაკი რუხი თხემლის ფიცრებით, ზედ ნასვრეტები შეინიშნებოდა, მასზე გრამ საღებავს ვერ შეამჩნევდით.  თქვენ გგონიათ რაკი მხატვარი იყო მისი სახლი პიკასოს, მიქელანჯელოს, დავინჩის, მოდილიანის ან თუნდაც ფიროსმანის ნახატებით იქნებოდა სავსე? კიდევ ერთხელ მოიხადეთ ბოდიში. ოთახში, არა მთლიან სახლშიც კი ერთადერთ სურათს წააწყდებოდით მხოლოდ და ისიც გალაკტიონის იყო. მარჯვენა ხელში შამპანურის ბოთლი ეჭირა, თავისი პაბედის წინ იდგა და ხარხარებდა, გეფიცებით კადრი იყო ერთი-ერთში. ბატონი გალაკტიონი თითქოს ვიღაცის გაწუმპვას აპირებდა შამპანურით. ისე ეჭირა ხელში გეგონებათ ბოთლიანად უნდა დაათხლიშოს თავზეო. არც მეტი არც ნაკლები, ჩემო მეგობრებო ის უბრალოდ სურათი გახლდათ. უბრალო, იაფასიანი ფოტოაპარატით გადაღებული, ჩარჩოც კი არ ჰქონდა. მაშინვე მიხვდი ანას თავში ჩვეულებრივი ტვინი არ იყო ჩადებული. ის შრომობდა, აზროვნებდა, ბრდღვინავდა უორთქლოდ, ხარხარებდა, ტიროდა, იღიმებოდა, იცრემლებოდა, და მაინც ყველაფერთან ერთად ის ხატავდა კიდეც. "არ გინდივარ" - მეკითხება "სულ არაა?" - და მკლავებში ხელებს მიფათურებს. "ხომ გითხარი ჩემში შენი სხეული უფრო ნაკლევ ვნებას იწვევს ვიდრე ის რასაც აკეთებ" - წარბები ზევით ჰქონდა აწკენტილი, ტანს ველურად არხევდა და მეთამაშებოდა, უნდოდა როგორმე ავეყოლიებინე თუმცა მე გულწრფელი ვიყავი. გულწრფელი ვიყავი იმაში რასაც ვეუბნებოდი, მთელი სხეულით, თმის ღერიდან ფეხის ფრჩხილამდე.
  "კარგი, თუ არც სექსი, მაშ არც ვნება, თუ არც ვნება... დაიკიდე" - მითხრა და კალვადოსით სავსე ბოთლი პირზე მიიყუდა. "გალაკტიონი" - ვეუბნები და კედელზე ჩამოკიდებული ნახატისკენ გავიშვირე თითი. "მოგწონს?" - მილულული თვალებით მაკვირდებოდა, შემდეგ ცალი ფეხი დივნის სახელურზე შემოდო, დატრიალდა და პირდაპირ მუხლებში ჩამიჯდა. "სულ არ გინდივარ?... საერთოდ?" -  გამეღიმა, ძალიან საყვარელი იყო.  მის ოქროსფერ თმებში თითები შევაცურე და უკან გადავუწიე. "მესაფლავეე... მესაფლავეე..." - ჩურჩულითა და ხრინწიანი ხმით ამბობდა თვალებდახუჭული... "შენ ამბობ რომ ქვეყანაზე ვინც კი კვდება" - და მე გავაგრძელე: "იმ წუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება..." -  შემდეგ ისევ მან დაიწყო: "ეხლა როცა ამ სტრიქონს ვწერ" და მე გავაგრძელე: "შენ ჯვარს იწერდი იმ ღამით მერი" - ღიმილით ამომხედა და მეუბენა: "პედარასტობებს არ ვართ, ისე ძააან სექსი ხარ ხო იცი?.." - შემდეგ ცოტა ჩაიჩოჩა და თავი ჩემს კალთაში ჩარგო. მე ისევ მის თმებში ვაბლაბუდებდი თითებს. მარცენა ფეხი მარჯვენაზე ჰქონდა გადადებული და აქანავებდა. მაშინ ალბათ 22-23 წლის ვიქნებოდით. აი იქიდან მოყოლებული კი არა, ჩემი ცოლი ბავშვობიდან დიდებული მხატვარი იყო.
    "ნატურა მჭირდება" - მეუბნება და ჩემს კალთაში ჩარგული თავი უკუღმა ამოატრიალა. "იცი რა არის ნატურა? ნატურაა როდესაც წინ გიზის ადამიანი და ისე ხატავ, "ზაფხული თებერვალში" გაქ ნანახი?" - დავუდასტურე თავის დაქნევით. არვიცი რა გაახსენდა, რამ დაარტყდა გონებაში. უცებ ფეხზე წამოვარდა და ტანსაცმლის გახდა დამიწო. "მიდი, მიდი გაიხადე, შენ უნდა იყო ნატურა" - მეუბნება და შარვალზე მექაჩება. მე ზევით ვეკიდები, ის კიდე გახდას მიპირებს. მოკლედ ვერაფერი მოვახერხე. მხოლოდ იმაზე დამჯერდა, რომ მთლად შიშველი არ გავეყვანე აივანზე. გაგიჟებას იყო მისული. აღარ იცოდა რა გაეკეთებინა, თმები ფუნჯის ტარით შეიკრა, ხელები აიკაპიწა, მოლბერტის წინ, პატარა, ხის სამფეხა სკამზე ფეხებგაშხვართული დაჯდა და ხატვა დაიწყო. მზე პირდაპირ თვალებში მაჭყიტებდა, ფეხები აივნის მოაჯირზე შემომაწყობინა, ხელში სიგარეტი დამაჭერინა, თავზე თავისი ქუდი ჩამომაფხატა და საქმეს შეუდგა. დაახლოებით ორი საათი ასე ვიყავი ზარმაცასავეთ ჩამოკიდებული, შიშველ-ტიტველი. აქეთ მზე არ მაძლევდა გასაქანს, იქეთ მეზობლების ლანძღვა გინება. მთელი კორპუსი მკვდარ-ცოცხალს გვიტრიალებდა, დიდად ყურადღებას მეც არ ვაქცევდი, რადგან ჩემთვის მთავარია ბედნიერი იყოს ის ადამიანი, ვისაც ჩემი ქცევით გავაბედნიერებ, ეგ იყო და ეგ. ჩვენს მერე წარღვნაც ყოფილა. გარეკილი გვქონდა ხო იცით...
    როგორც იქნა მორჩა ხატვას, კალვადოსი ბოლოჯერ მიიყუდა პირზე და სიგარეტი გააფუილა. მე ფეხების ჩამოწყობა დავიწყე თუმცა იუარა, "შეიძლება წუთი-წუთში დამარტყას თავში და რამე კონტურების ამბავში შევცვალო, ცოტა ხანი კიდე იყავი ეგრე და მერე ჩამოლაგდი" - მეუბნება მთელი სერიოზულობით, მეც დავუჯერე და ერთი ათი წუთი კიდევ მამყოფა ასე. სხეულის ერთი მესამედი გარუჯული მქონდა, თუმცა საერთოდ ვერ ვგრძნობდი წვას. ტანსაცმლის ჩაცმა დავიწყე, ანა კი აივნის კარებში იდგა, მარჯვენა ხელი ნახევრად ჰქონდა მოხრილი და თავს ზემოთ, აივნის კარებზე მიებჯინა, ტაკო საპირისპიროთ ჰქონდა გამობზეკილი, ენას ზედა კბილებზე ისვამდა აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ და ვნებამორეული ქალივით მიღიმოდა. მარა მე ხომ ვიცი არც მას უნდოდა სექსი და საერთოდ ჯერ მამაკაცთანაც კი არ იყო ნამყოფი. ჩემკენ წამოვიდა, მოდელივით მოაბიჯებდა და ხარივით სუნთქავდა გეფიცებით. ახლოს მოვიდა, საყელო გამისწორა და ყველაზე ვნებიან სხეულის ორგანოზე, ყურზე მაკოცა. სხვათაშორის, როდესაც ადამიანს ჰორმონები უღვივდება მას უეჭველად ან ყური დაუწყებს ქავილს ან პულსი უწევს. ამ ორის კონტროლი შეუძლებელია. "ღმერთო ჩემო" - ვფიქრობ "გიჟია, ნამდვილად ვერაა თავის ჭკუაზე, ეეე ამის გონება მომცა... მაგრამ არა, ასე ხომ არ შეიძლება, ის სხვა სიცოცხლეა, მე კიდე სულ სხვა, თავს ხომ არ მოვაჭრი? ამიტომ სხეულიანად უნდა მივითვისო, მაგრამ რანაირად? ასეთ გოგოს  მხოლოდ ქალაქში კიარა მსოფლიოში ვერ შევხვდები, მიდი... მიდი იაზროვნე... ეს ქალი შენი უნდა გახდეს!"
    თვალი არ მომიხუჭავს. მთელი ღამე გავათენე. სულ მასზე ვფიქრობდი, არვიცოდი რა გამეკეთებინა, აივანზე ვიჯექი, ვეწეოდი და ვსვამდი. არცერთხელ არ გამოსულა გარეთ და ეს მიღრღნიდა ნერვულ სისტემას, რომ არ ვიცოდი რას აკეთებდა. სულ რამდენიმე საათი გავჩერდი იმ დღეს, მერე რა, ეგ არაფერს ცვლის, კიდევ მინდოდა მასთან ერთად ყოფნა. მაგრამ საქმე იმაში არ იყო მე რა მინდოდა და რა არა. ყველაფერი ანას უნდა გადაეწყვიტა. საყელო მაკლდა, ან წელს ზევით შეთეთრება, ისე ნაღდი მონა ვიყავი, ერთი-ერთში. გასაგიჟებელია, მან ჩემი სხეული კიარა სული დაიმონა. აი ასე, ვზივარ ახლა აივანზე და ჩემი სული სხეულიდან გამოსულია, ოღონდ რაღაც დაბოლოება მაინც რჩება შიგნით, რომ სულ მთლად არ დამტოვოს. ვაგდივარ ათი პროცენტი სიცოცხლით, დანარჩენს კი მასთან უნდა, სული ეძებს, გამუდმებით და როგორც მშიერი ლეკვი ისე იწყებს წკავწკავს, როცა ვერ პოულობს. ტირის, ოცნებობს, მღერის, დახტის, ცეკვავს, ჩხუბობს, სძინავს, სტკივა, სწყურია, განიცდის, ეხუტება, ემშვიდობება, ბოდიშს იხდის, ესალმება, ენატრება, ესიზმრება, ეჭვიანობს, სძულს, ეზიზღება, უყვარს... სწორედ ამ ყველაფერს განიცდის სული უემოციოდ, რასაც ადამიანები ვერ ამჩნევენ.
    ორი დღე აივანზე არ გამოსულა. არც ხმა ისმოდა მისი სიცილის, არც არაფერი. ავდექი და კარებზე დავუკაკუნე. ყოველთვის ღია ჰქონდა, მაგრამ სახელური მაინც არ ჩამომიწევია. კიდე ერთხელ წავიღე მარცხენა ხელი დასაკაკუნებლად და ამ დროს სადარბაზოში ორი დიდი ცელოფნით სავსე, დატვირთული: ხილით, ბოსტნეულით, მწვანილით და ასე შემდეგ, ანა გამოჩნდა. არც კი შეჩერებულა, სულ არ მოუქცევია ყურადღება მოსალმებას ვინ ამობობს ისე მოვიდა ჩემთან. ერთი ცელოფანი გამომიწოდა დაიჭირეო, გამოვართვი, თვითონ გასაღები ამოიღო ჯიბიდან და საკეტი ორჯერ გადაატრიალა. უცნაური კიარა ქალღმერთი იყო დედამიწაზე ჩამოსული და მე ბედნიერ ვარსკვლავზე დაბადებული ვინმე ბიჭი, რომელსაც ძალიან გაუმართლა, რომ ქალღმერთმა იგივე კორპუსი აირჩია საცხოვრებლად, რომელშიც მე ვცხოვრობდი. აღარ დამელოდა, არც პარკი გამოურთმევია, ბინაში შევიდა და დაახლოებით შვიდი ნაბიჯის შემდეგ დამიძახა "შემოიტანე და მაგიდაზე დადგიო". არც მეტი არც ნაკლები, რაც ყველაზე მეტად არ მიყვარს საჭმელებში, ტოლმის მომზადება დაიწყო, თან მეც ვიღებდი მონაწილეობას მზადებაში. საზარელი იყო, ალბათ ძალიან გემრიელია მისთვის ვისაც უყვარს ტოლმა, მაგრამ მომკალი და ვერაფრით ვერ შევჭამ, გასინჯულიც კი არმაქ, შეიძლება, კიდე ერთხელ ვამბობ გემრიელია მეთქი მაგრამ ვერ ვენდობი. მალე მოამთავრა დიასახლისობა ჩემმა ესმერალდამ და დიდ თეფშზე, ათი ცალი ტოლმის ნაჭერი თუ გრაგნილი რავიცი რა ღვთისპირიდან გადავარდნილობა ჰქვია დამიდო. "არა, მოვკვდები ანა... ვერ შევჭამ" - ვეუბნები და ვგრძნობ რომ არაფერი გამივა. "აბა გააღე პირი და თქვი ჩემითხაირქაგრეხილი,შენსათხასარქაგრეხილსა,რასერჩოდარასებრძოდარასერქაგრეხილებოდა," - მეუბნება. "მოდი შენ გაიმეორე სამჯერ ჩქარა: "ჩიტი, ჩხიკვი, ციყვი" და გეფიცები ბოლომდე შევჭამ". მეორე ცდაზევე შეეშალა "ცხიკვი" თქვა ციყვის ნაცვლად და "ჰაჰაა" - მეთქი გამოგიჭირე. სპეციალურად გავაკეთეო მეუბნება, "შენ არ გითქვამს სწორად თუ იტყვიო, შენ მითხარი უბრალოდ თქვიო და მეც გავიმეორე". მშვიდად და აუღელვებლად მეუბნება. "კარგი ახლა პარონიმობა არ გვინდა..." "არ გინდა და ნუ გინდა მეუბნება, გასასვლელი იქეთ" - კვლავ ახერხებდა სიმშვიდის შენარჩუნებას, ღიმილიც კი ჰქონდა სახეზე. სხვა გზა არ დამიტოვა, ავდექი და ათი ცალი ტოლმა კიარ შევჭამე, ლამის გადავყლაპე. თვალებდახუჭული ვჭამდი და მგონი სამი ლიტრი წყალიც დავაყოლე ზედ, გულისამრევი იყო. ასე მეგონა, ახლა მომკლავს, ახლა დამახრჩობს მეთქი. თვალცრემლიანი და სახეალეწილი ვუყურებდი თაფლისფერლოყებიან ანას. როცა დავასრულე თეფშის ნიჟარაში გარეცხვა მომთხოვა. "ეს მეტისმეტია, არაფერსაც არ გავაკეთებს, შენ მე ვინ გგონივარ..." - ხმაც კი არ ამომიღია, რას არ იზამს კაცი სიყვარულის გამო კი არა, დაექცა დაბადება ვინც ეგ მოიგონა. გულში ვბუზღუნებდი და ფეირს ვუმატებდი სპანჯბობს. მერე რას ვხედავ, ქვაბში დარჩენილი ტოლმა სათითაოდ გადმოალაგა უფრო დიდ ლანგარზე და ქვაბი გამომიწოდა. რა მექნა ამოვრეცხე ის ოხერი ქვაბი და გავხეხე კიდეც. რას ვიფიქრებდი ეს დღე თუ დამიდგებოდა. ჩემი ძმაკაცები გამახსენდა, მერჩივნა მოვმკვდარიყავი რომელიმეს იქ რომ დავენახე. მერე ანამ ტოლმით სავსე ლანგარი აიღო "ცოტა ხანში მოვალო" - მითხრა და გარეთ წავიდა. დაახლოებით საათნახევრის შემდეგ, ხელცარიელი შემოვიდა ოთახში. "სად წაიღე" - ვეკითხები. "ტოლმა არც შენ არ გიყვარს ხომ?" - თუმცა უშედეგოთ, პასუხს არ მცემს . გეფიცებით პირდაპირი მნიშვნელობით მინდოდა ფანჯრიდან მომესროლა, თითქმის ვეღარ ვიტანდი. საშინელება იყო.
    მას შემდეგ დაახლოებით ერთი კვირა არ დავკონტაქტებულვართ. ის გამოდიოდა აივანზე დასახატავად, მე სიგარეტის მოსაწევად. მოლბერტის გვერდიდან ნახევარი სახით იცოდა გამოხედვა. როცა ჩემკენ გამოიხედავდა თვალს ვარიდებდი, ხოლო როცა მე შევხედავდი ის ამოეფარებოდა ხოლმე ტილოს. "ვირო რამ გეტაკა?" - მშვიდი მაგრამ მსუყე ხმით მეუბნება მოლბერტის უკნიდან. არც კი შემიხედავს მისთვის. წარბები შეჭმუხნული მქონდა და კბილებით ზეტა ტუჩს ვიტკვერდი. "OOO COME ON... ჩემი ბრატი არ ხარ? რას მიბზუებ ცხვირს?" - ისევ არ ვაქცევდი ყურადღებას. მერე მოლბერტის მარჯვენა მხრიდან გამოყო თავი, შემდეგ ისევ შეწია, გაშლილი ფეხები შეატყუპა "კაი ასე იყოსო" - თქვა და ოთახში შევიდა. იქიდან წყლით ნახევრად სავსე  ქილა გამოიტანა, მასში საღებავი გაურია და ჩემკენ შემოტრიალდა. წამოვხტი გასაქცევად მომზადებულმა მაგრამ უკვე გვიანი იყო. ფარშევანგის კუდივით ვიყავი, სულ მთლად ავცისარტყელდი. ის კიდე იცინოდა და მუხლზე მუშტს ირტყამდა. ვირის ყროყინს მაგონებდა მისი სიცილი გეფიცებით, მაგრამ არასოდეს მითქვამს ანასთვის ეს. ასე მეგონა იხრჩობა მეთქი. თავს ვერ იმაგრებდა, სიცილისგან ძალა გამოერთვა და ძირს დაეცა. წუპწუპით ჩამომდიოდა საღებავი სხეულიდან.
    მეორე დღეს ჩემთან მოვიპატიჟე. ვუთხარი "დღეს ჩვიდმეტი მარტია და აღვნიშნოთ" - მეთქი. "დიდებულია" -  დამთანხმდა, "ვგიჟდები ჩვიდმეტმარტობაზე". მალე შემოფარფატდა ჩემს ბინაში და მდივანზე მიწვა. თან მეპრიკაზებოდა: "სიგარეტი მომიტანე, რამე დასალევიც, ტელევიზორის პულტი იგერ დევს და გამომიწოდე", თან ყოველ წინადადებას "დავაი ბისტრას" აყოლებდა ზედ. კარგი მეც სიხარულით ვუსრულებდი ყველაფერს. ბოლოს შევთავზე "ჩემო ანა, ჩვიდმეტი მარტი რის ჩვიდმეტი მარტია, თუ ტორტით არ შევხვდებით მას" - მეთქი, "მერე იდექი მასე ყლიყვივით, ადექი და მოიტანე, შენ თუ გგონია მე გამოგიცხობ... ოოჰ ოოჰ ჭერში ბაბუა, ჭერში ბაბუა, ზევით აიხედე, ოოო არა რის ტორტი... კაი".  სიმართლე გითხრათ სულ არ გამჭირვებია დაყოლიება. პირველ რიგში ფქვილი მოიკითხა , ვუთხარი "კარადაშია, მეორე თაროზე" - მეთქი. არც ისე მაღალი იყო, ამიტომ სკამი მოიშველია, ზედ შემოდგა და როცა კარადის კარი გამოაღო, ზეთით, ბრინით, შაქრით, თაფლით, ფქვილით, წყლით, მოკლედ რაც მომყვა ხელებში, ყველაფრით წინასწარ შეზელილი სავსე ვედრო თავზე გადმოემხო. სამწუხაროდ, არც ისე თხელი მასა გამომივიდა ამიტომ ცოტა შეარეტიანა ანუკი. ყველაზე საშინელ დღეში თმები ჰქონდა. ხმა არ ამოუღია. ასე შლიაპასავით თავზეჩამოხურული ვედროთი წავიდა.  ვიფიქრე გავაცილებ მეთქი, კარებთან მისულმა "ორით-ერთი" - მითხრა და ტუჩებში მაკოცა. ბოლოს ზედ დააყოლა "რევანშისთვის მზად იყავიო".
    ახლა აივანზე ვზივარ როგორც გითხარით. ლურჯი ზღვის ხმა ყურებში რეკლამასავით მიქანქარებს და თან თოლიებს ვაკვირდები. ხანდახან იმაზეც კი ვფიქრობ, რომ ანას უფრო მეტად წერა შეეძლო ვიდრე ხატვა, ალბათ ისე როგორც მე შემიძლია ხატვა უფრო, ვიდრე წერა. მის ნახატებში ბევრ რამეს წაიკითხავდით, საკითხავი ისაა ვინმე თუ ხედავს ჩემს ნაწერში რამეს... ყველა ადამიანი ინდივიდია, ყველას განსხვავებული თავი აქვს მიწებებული მხრებზე, ზოგს მხოლოდ იმისთვის რომ წვიმაში სხეული არ დაუზიანდეს და წყალი არ ჩავიდეს შიგნით, უმეტესობა მართლაც რომ ასეა. ჩემი ანა კი სულ სხვა ტომიდან იყო. მისი გონება ათი ათასს მოკვდას სჯობდა. მისი აზროვნება, ფანტაზია, ღმერთო ჩემო, ეს დიდებული საჩუქარი იყო შენგან. ჩემი ანა, ჩემი საყვარელი ცოლი, ეეე რა ლამაზად იცოდა ხატვა...
    ზუსტად მეორე დღეს დავაგემოვნე დანაპირები. კვლავ აივანზე ვარ გამოსული, სიგარეტს ვეწევი და ველოდები ერთი რისი მაქნისია. თავო უბედურო, ვხედავ ვიღაც ბატიბუტივით კუნთებიანი ტიპი გამოვიდა ანას ოთახიდან, წელს ზემოთ შიშველი. კარგი კიდე თავი ხელში ავიყვანე და ყვავილის ქოთანი არ ვესროლე. უკან ანა გამოჰყვა, დაღლილი თვალებით და ნერწყვის ყლაპვით, თითქოს ვერც კი შემამჩნია. კარგად გამოსდიოდა მსახიობობა. ზედ გადააწვა იმ ტიპს და მთელი სხეულით შეეზილა. მოთმინება დავკარგე, ამის ყურება შეუძლებელი იყო. ფეხზე წამოვდექი, ხელები რკალათ აღვმართე, უკან გადავიხარე და უდღეურივით დავიწყე ღრიალი, კიდევ დავიღრიალე, კიდევ და კიდევ და კიდევ... თუმცა ანას არც კი ესმოდა ჩემი. თვალებმილულული ნებივრობდა მის მკლავებში. უეჭველი დაქირავებული ჰყავდა, თუმცა რატომ აკეთებდა ამას? მეც მაგარი მოზგი ვარ ხო იცი. ზედმეტად მაზალო სურათი იყო. გულისამრევი. ანა ვეღარ აკონტროლებდა სიტუაციას, იმ ტრანსგენდერმა მოლბერტს დაუწყო კიტინი და ამაზე ავარდა ერლი ანა. " ... მოგაჭრი თუ კიდე ერთხელ შეეხები" - უთხრა. შემდეგ ყველაფერი წყალში ჩაუცვივდა, ერთი სიტყვით სპექტაკლი ჩაუვარდა, მაესტრო მშვიდად უყურებდა ამ სანახაობას, თუმცა თავისი დაცემის ტრიუმფით, დიდად ვერ იყო კმაყოფილი. გაბრაზებული თვალებით მიყურებდა, როცა თავიდან მოიშორა ის ბიჭი. აივანზე იყო გამოსული, რაღაც ცისფერ სითხეს ძალიან მძიმედ სვამდა, არვიცოდი რა იყო, აქამდე არ შემენიშნა მის ხელებში. შემდეგ ნახევარი ეზოში გადააქცია და ჭიქაც ზედ მიაყოლა. ჰაერში ტრიალით მიდიოდა, ლურჯ წვეთებთან ერთად. მზის სხივების ფონზე ელვარებდა ჭიქის კედლები, უკან მკრთან რუხ ფერს ტოვებდა, მეტეორივით. ოღონდ მეტეორის შავი თეთრზეა. ოთხნახევარი ბრუნის შემდეგ ასფალტზე დაეცა, სადღაც ორი წამის შუალედი, მეტი არც იოცნებოთ. სწორედ ეს დრო დასჭირდა მოლბერტის წინ მოსაკალათებლად ფერების უზენაეს შემზავებელს და ბახ... ჭიქა გატყდა.
    გავველურდი, მხეცი უკან დაიხევდა ჩემს დანახვაზე. მთელი სახლი შემომელეწა ხელებში. არცერთი ნივთი აღარ ივარგებდა. ეს თამაშის ნაწილი იყო. ყოველი მსხვრევის ხმას ღრიალი უნდა მოჰყოლოდა, ამის შემდეგ ლოდინი, მოსმენა, როგორც კი გვერდითა ბინიდან იგივე განმეორდებოდა, შემდეგ კვლავ ჩემი ჯერი გახლდათ.  ასე სანამ ენერგიასთან ერთად, შინაგან სამყაროში ამოფრქვეული ვულკანი არ მიწყნარდებოდა. ჩქეფდა, საზარელი რამ იყო. წარმოიდგინეთ, მწვანე მინდორში გახვეული წაწვეტებული მთა, რომელსაც ჩატრიალებული ძაბრის ფორმა აქვს. ზედ უამრავი ყვავილია განფენილი: გერბერა, ყაყაჩო, გვირილა, ზამბახი, ყოჩივარდა, გიორგინა, იასამანი, ვარდი, ტიტა, კესანე, მიმოზა, კაკტუსი... ვულკანის მარჯვენა მხარეს ანკარა წყარო ჩამოდის, იქვეა მოსასვენებილი, ხისგან გაკეთებული სკამები თავისი მაგიდით, წარმოგიდგენიათ? მთელი ვულკანი მოქარგულია ბრუნო ტორფსის ფანტასტიკური სკულპტურებით. მაგრამ ეს არ არის ყველაფერი, მთავარი ვულკანის გულია. დახუჭეთ თვალები და წაიკითხეთ... ვულკანის გულიდან მზის სხივების მსგავსი ლურჯი ფერი იყო ამოზრდილი, პრიზმას მოგაგონებდათ, სწორედ იმ სხივებში ელვა ბობოქრობდა. ბაახ... ბაახ... ჭექა და ქუხილი, იასამნისფრად, ყვითლად, მწვანედ, ნარინჯისფრად, წითლად, ცისფრად და ლურჯად ოღონდ მიყოლებით, როგორც ზღაპარშია: "წისქვილი ნაზად ყვება, მეწისქვილის ცოლის ლამაზ ისტორიას", აი ზუსტად ასე. და ეს ყველაფერი არაა, ვულკანის თავზე ოქროსფერი ღრუბელი იყო, რომელიც სიგარეტისგან გაკეთებული რგოლის მსგავსად შიგნიდან ტრიალებდა. კიდევ უფრო ზემოთ, შეუდარებელი ტიტანური სიბილები, მიქელანჯელოს "სიქსტის კაპელა". ამ ყველაფერს კი... სიტყვებით ვერ აღგიწერთ... მარიამ ღვთისმშობლისადმი მიძღვნილი კათოლიკური ჰიმნი "ავე მარია" ამშვენებდა.

"Ave, Maria, gratia plena; Dominus tecum:
benedicta tu in mulieribus, et benedictus"

    "კარგი, იდიოტურად გამომივიდა... ეს ქულა შენ გეთვლება" - მითხრა და თავისი ხელით გაკეთებული დაფნის გვირგვინი აივნიდან გამომიქნია. ზუსტად სამი კვირის თავზე ქორწილი გადავიხადეთ. ჩემი და ანას ქორწილი იყო. თეთრი ფერის ჩოხა მეცვა, შავი აზიაცკებით, მარცნივ ფაფახი, წელზე ვერცხლის ხანჯალი... მას თეთრი, მოკლე თუმცა არცთუისე მოტკეცილი კაბა, ლურჯი ფერის ზოლებით, ჩოხის ელემენტები შეინიშნებოდა ზედ. ღმერთო ჩემო... თვალები ცრემლებით მევსება. ჩემო ანა, ჩემო საყვარელო ანა, რომ იცოდე როგორ მაკლიხარ... ყელში ჰაერი აღარ მეტევა, გაშლილ ბრძოლის ველზე ვაგდივარ შუბის ამარა, თუმცა ძალა აღარ შემწევს, რომ ვიბრძოლო, სახეში მტვერი მეყრება, მტვერს ვსუნთქვა და მტვრით მოსვრილ გულმკერდს ვიზელ. მტკივა, საშინლად მტკივა მარტოობა ჩემს სხეულში, ჩემო ანა, ჩემო საყვარელო ანა, ჰეე როგორ ლამაზად ხატავდი...
    მეცინება, რაღაც გამახსენდა. სიმართლე გითხრათ ხშირად ვერ ვეწყობოდით ერთმანეთს, ვკამათობდით კიდეც. ერთხელ გაბრაზებულ გულზე მითხრა "გაგეყრებიო", შემდეგ გადაასწორა "არა კიარ გაგეყრები, ხელმეორედ ვიქორწინებ შენზეო", "ოოო დიდებულო ანა" - ვუთხარი და მის წინ სარკაზმულად მოვიახარე ქედი. შემდეგ ზურგზე შემომახტა ქედმოხრილს და პირდაპირ თავით დავერჭვე იატაკზე, თუმცა გონება არ დამიკარავს, ეგეთები მხოლოდ ფილმებში ხდება. და დაიწყო სიმღერა, "მე მოვკალი ჩემი შეყვარებული... მე მოვკალი მისი ჭირიმე" თან ხტუნაობდა გესმიით? "გასწი მერანო შენ ჭენებას არ აქვს სამძღვარი..." - შერეკილი იყო ღმერთმანი, თუმცა მე ასეთი მიყვარდა. სიცილს ვერ ვიკავებდი, არა ვერც კი ვიცინოდი, რადგან ძალიან მაზალო მდგომარეობაში ამომაყოფინა თავი იმ ალქაჯმა. ბოლოს როგორც იქნა დავიხსენი მარწუხები და ამორძალი ჩემს მკლავებში მოვაქციე. ჩვენ შორის ჩხუბი ყოველთვის ასე მთავრდებოდა...
    გუშინ... დავმარხეთ. არც კი მჯერა. ასე მგონია ან აბაზანაშია შესული, ან საყიდლებზე გავიდა... სულ ველოდები როდის შემოაღებს კარს და მეტყვის: "ოოჰ მშვიდობა შენდა გლახაკო, რით გაგირთვია თავი?". აღარ შემიძლია უკვე უმისობა, ალბათ მეც ცოტა ხანი და გავალ შვებულებაში. აბა აქ რა დამრჩენია?  ვიცი, მჯერა რომ აი ახლა, ზის იმ ვულკანის ძირას, თავის მოლბერტთან ერთად. მთლად შიშველს ლურჯ ფერში შეზელილი ვარდისფერი ხალათი აცვია, ხალათის მარცხენა სახელური გადმოგდებული აქ ირიბად, ეწევა, სვამს და ხატავს: წითელს... ნარინჯისფერს... ყვითელს... მწვანეს... ცისფერს... ლურჯს... იისფერს. როგორც ზღაპარშია ზუსტად ისე ხატავს. ვულკანის თავზე ღრუბელი იხვევს და ელექტრონებს იზიდავს. ტორფსის ფიგურები გაცოცხლდნენ, ხელიხელჩაკიდებულები დახტუნაობენ, დაქანაობენ. მიქელანჯელომ თავის კაპელას ბოლოჯერ გადაუსვა ტილო და ანას ქუდის აწევით მიესალმა. ერთ მხარეს ვულკანია, მეორე მხარეს მიქელოანჯელო, ჩემი ანა კი "მთასა და მთას შორის" დგას, არა კიარ დგას, ხისგან გაკეთებულ სკამზე ზის და ვულკანიდან გადმოსული მდინარის ხმა ესმის. თევზებიც კი არის შიგნით გეფიცებით. ოოო ღმერთო ჩემო, კინაღამ დამავიწყდა, მაესტრო ხმას აუწიეთ... და ამ ყველაფერს დიდებული, შეუდარებელი, მარიამ ღვთისმშობლისადმი მიძღვნილი კათოლიკური ჰიმნი "ავე მარია" ამშვენებს.

    ჩემი ანა, ჩემი ლამაზი ჭკუის პატრონი, ყველაფერთან ერთად მგონი ხატავდა კიდეც.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები